პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წერილი სანტას

ძვირფასო სანტა კლაუს, როგორ გიკითხო? ისე, რამდენი სახელი გაქვს, თუ დაგითვლია? „თოვლის პაპას“ მე „თოვლის ბაბუ“ მირჩევნია. თუმცა ისიც ვიცი, რომ წმინდა ნიკოლოზის ერთგვარ მემკვიდრედაც მიგიჩნევენ.

ჰო, სურვილი ბევრი მაქვს და ვიცი, საჩუქრებს აუცილებლად მომიტან. უბრალოდ ისაა საკითხავი, რამდენად მალე შეძლებ მათ ჩამორიგებას, შენ ხომ ჩემზე გაცილებით გულწრფელმა მოსურნეებმა, გაცილებით გაჭირვებულებმა მოგწერეს უკვე. გთხოვ, მე თუ არა, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მაინც მიუტანო საახალწლოდ ის გასაღები, რომელიც უამრავ კონფლიქტს მოაგვარებს, ომს, ძალადობასა და შიმშილს შეამცირებს; გონების განმწმენდი წამალი ტერორისტებს სათითაოდ დაურიგე, ისევე ჩუმად დაუდე სახლებში, როგორც თვითონ ამონტაჟებენ ხოლმე ბომბებს შენობებსა თუ მანქანებში. იმ ოქროთი სავსე ქისებივით შეუგდე, წმინდა ნიკოლოზმა რომ მიუტანა უჩუმრად მამის მიერ საროსკიპოდ განწირულ სამ ქალიშვილს მზითვად.

შავი ჭირის, ტუბერკულოზისა თუ ლეიკემიის წამალი ხომ გამოიგონეს?! იქნებ მეცნიერებს კიბოს, დიაბეტისა და აუტიზმის წამალიც აპოვნინო. იცი, ეს მილიონობით დედისათვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი იქნება!.. არ გეწყინოს, რჩევებს რომ გაძლევ, უბრალოდ ხალხის სურვილები მომაქვს შენამდე. ერთხელ ერთი დედის წერილს წავაწყდი სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც აუტიზმის მქონე ორი ვაჟი ჰყავს და გაზიარებულ დამაიმედებელ სამეცნიერო სტატიას მისი ისეთი ტექსტი ახლდა, არასდროს რომ არ დამავიწყდება: ის დღე, როდესაც მსოფლიო მედიცინა აუტიზმის დაძლევას შეძლებს, ვაცხადებ, რომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე იქნებაო! მეც შემიძლია იგივე ვთქვა საჯაროდ: ყველას ვაძლევ უფლებას, უცნობსა თუ ნაცნობს, დამირეკოს იმ დღეს ან ქუჩაში გამაჩეროს და გულითადად მომილოცოს, როგორც გამარჯვების დღე, როგორც დაბადების დღე. ბევრი, ამ წერილის წამკითხავი, იფიქრებს, ეს ბავშვები ხომ თავად საჩუქრები არიან, დედები რატომ წუწუნებენო?! გთხოვ, რადგან ისინი ბოლომდე ვერ მიხვდებიან ჩვენს წუხილს, მათაც შეუსრულე თავიანთი სურვილები და მათ შვილებსაც უკლებლივ ყველა საჩუქარი მიუტანე და გაახარე ისე, როგორც აი, იმ დღეს გავიხარებთ ჩვენ, ზემოთ რომ ვახსენე.

სანტა, კიდევ მაქვს ერთი სურვილი: მინდა, სკოლის დირექტორებმა ხელოვნური მანერები დაივიწყონ და ბუნებრივად ესაუბრონ ჟურნალისტებს. თავი მეფეებად და დედოფლებად კი არ იგრძნონ კაბინეტებში, არამედ რიგითი მოსწავლეების მხარდამჭერებად, დამხმარეებად სწავლის პროცესში. განა არ შეიძლება,  ყავა მიირთვან, როცა დაიღლებიან, მაგრამ, ტელეკამერის წინ, თანამშრომელი რომ დირექტორს ფინჯანს კაბინეტში მოწიწებით მიართმევს, რა ვქნა, თოვლის ბაბუ, არ მომწონს! სამწუხაროდ, არც ის მჯერა, რომ ასეთი დირექტორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ბულინგის დროს გამოექომაგება.

სანტა, გთხოვ, ნაძვის ხის ქვეშ ტკბილეულთან ერთად ყველას დაგვახვედრე თანადგომის, მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარი, რეალური მოქალაქეობრივი შეგრძნება და ბევრი, ბევრი სიხარული!

აქვე მივაწერ ჩემი შვილების სასურველი საჩუქრების სიასაც:

  1. სათამაშო ტრაქტორი,
  2. პატარა მანქანა,
  3. მანქანა, ოღონდ აუცილებლად წითელი ფერის.

დიდი მადლობა წინასწარ!

კეთილი მგზავრობა!

პატივისცემით,

მაიკო კუდავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი