პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რას ნიშნავს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით

საქართველო ცნობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. საქართველოში ყველას, გარდა ადმინისტრაციული ორგანოსა, აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს გულისხმობს:

–           აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;

–           პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;

–           ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;

–           ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობის დაცვასა და საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღებას;

–           სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

–           ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;

–           ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;

–           ქველმოქმედების უფლებას;

–           მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;

–           თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.

საქართველოს კანონმდებლობით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ხოლო მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ახლა წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა:

გაზეთ „დახვეულ ქაღალდში” გამოქვეყნდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ბატონი კიკაცოს სალანძღავი სტატია. არადა, ბატონი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და ყოველთვის საჯაროდ აფიქსირებს თავის შეხედულებებს. სტატიაში კიკაცო მოხსენებულია უზნეო ადამიანად, გარყვნილ კაცად, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს არად აგდებს და ყველა წესს აბუჩად იგდებს. სტატიით აღშფოთებულმა კიკაცომ, მიმართა სასამართლოს. მისი აზრით, სტატია შეიცავს მის მიმართ ცილისწამებას. ამიტომ მან მოითხოვა გაზეთს დაკისრებოდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

როგორ ფიქრობთ, სასამართლო დააკმაყოფილებს კიკაცოს მოთხოვნას?

მსგავს საქმეზე  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბატონი კიკაცო ს სარჩელს სასამართლოში წარმატების პერსპექტივა არ ექნება.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. გამოხატვის თავისუფლება არის საზოგადოების განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზაციის მთავარი პირობა. ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იშვიათად შეიძლება აღმოჩნდეს აუცილებელი.

ასეთი აუცილებლობის ფარგლები კიდევ უფრო მცირდება, როდესაც საქმე ეხება პრესის თავისუფლებას, ვინაიდან პრესის თავისუფლებას ძალიან მაღალი ღირებულება აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში და მის შეზღუდვას განსაკუთრებული გამართლება სჭირდება. უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ამ პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება ასევე საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ცილისწამების განსაზღვრისთვის აუცილებელი პირობაა ფაქტისა და მოსაზრების (აზრის) გამიჯვნა, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და, ამდენად, შეფასებითი მსჯელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ცილისწამებად.

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც კერძო პირები საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, და პრესისა თუ მასმედიის სხვა საშუალებით მონაწილეობას იღებენ საკითხების საჯარო განხილვაში, მათ მეტი მოთმინება მოეთხოვებათ კრიტიკისადმი. ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დებატებში მონაწილეობის დროს კერძო პირის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ცილისწამებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი