პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასმელი წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (გაგრძელება)

წყალთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წარსულში მასზე არსებული მცირე სამომხმარებლო ფასით – ამის გამო მომხმარებელი ვერ აცნობიერებდა წყლის დაზოგვის აუცილებლობას. წყლის სიძვირე აიძულებს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, მეტად იზრუნონ მის დაზოგვაზე, ინვესტირება მოახდინონ წყლის მენეჯმენტის სისტემის გამართვაში. ამით წახალისდება წყლის მეორეული გამოყენება, შემცირდება მისი დანაკარგი.

პრობლემას წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისა და ღარიბი მოსახლეობის უუნარობაც, გადაიხადონ შესაბამისი ღირებულება, მაშინ როდესაც წყლის დეფიციტი მრავალი დაავადების და ხშირად სიკვდილიანობის მიზეზიც არის.

საყოფაცხოვრებო, საირიგაციო თუ ინდუსტრიული დანიშნულებით გამოსაყენებელი წყლის ღირებულება მრავალი ქვეყნისთვის არის არაერთაზროვანი.

მაგალითად, საირიგაციო სისტემების უმეტესობა არაეფექტურია. წყლის მხოლოდ 10-50% გამოიყენება დანიშნულებისამებრ, დანარჩენი ღია წყალსადენებიდან ორთქლდება ან იჟონება. თანამედროვე დახურული და წვეთოვანი სარწყავი სისტემები კი ეფექტურობას 95%-ით ამაღლებს, თუმცა ეს არცთუ იოლი განსახორციელებელია მსხვილი ინვესტიციების გარეშე.

საირიგაციო მეთოდების ეფექტურობა მოცემულია ცხრილში:

მორწყვის ტიპი ეფექტურობა
ზედაპირული – ამ მეთოდს მსოფლიო სარწყავი სისტემების 80%-ზე მეტი უკავია. მისი დამონტაჟება იაფია, არ მოითხოვს რთულ გათვლებს. საჭირო მუშახელი, რაც განვითარებად ქვეყნებში პრობლემას არ წარმოადგენს მისი სიიაფის გამო. წყლის დანაკარგი დიდია, იწვევს ეროზიასა და ნიადაგის დამლაშებას. 20-60%
აირწვეთოვანი – გამოიყენება სარწყავი სისტემების მხოლოდ 10-15%-ში. მისი დამონტაჟება ძვირია, ასევე მოითხოვს მნიშვნელოვან ენერგოდანახარჯს. 60-80%
წვეთოვანი – სარწყავი სისტემების მხოლოდ 1%-ია ასე მოწყობილი. მაღალია მათი დამონტაჟების ღირებულება, მონიტორინგის სისტემა გართულებულია, მოითხოვს სპეციალურად მომზადებულ კადრებს. 75-95%

უკანასკნელ წლებში საწარმოო სისტემები მეტად არიან ორიენტირებულნი წყლის დაზოგვაზე, თუმცა აქაც გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. 1 კგ ალუმინის საწარმოებლად 1500 ლიტრი წყალია საჭირო. ბევრ წყალს მოითხოვს ქაღალდის წარმოებაც. მრავალი ქვეყანა ცდილობს, დაზოგოს წყალი და წაახალისებს ამ მიმართულებით ახალ სამეცნიერო კვლევებს. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ გერმანიასა და იაპონიას. იაპონიაში წყლის 75% ინდუსტრიაში რამდენიმეჯერ გამოიყენება.

როგორც უკვე ითქვა, წყლის დეფიციტი უკვე მრავალი ქვეყნისთვის წარმოადგენს პრობლემას. 2025 წლისთვის წყალზე მოთხოვნა გაორმაგდება, რაც გულისხმობს, რომ თუ თადარიგი დროულად არ იქნა დაჭერილი, „მწყურვალ” ქვეყნებს კიდევ ბევრი შეემატება.

დიდი დანახარჯი აქვს ქალაქის საკანალიზაციო ინფრასტრუქტურას, თუმცა უკვე აქაც მიმდინარეობს ახალი საპილოტო პროექტები (სტოკჰოლმი), რაც ახდენს სეპარაციას სისტემაში და წყლის გამოყენების მინიმიზაციას.

განვითარებული ქვეყნები იძულებული არიან, წყალმოხმარების ახალ, ეფექტურ სისტემებზე გადავიდნენ. ეს ეხება ახალ ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებსაც, ვინაიდან მზარდ მოსახლეობას და, აქედან გამომდინარე – სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას მეტი და მეტი წყალი დასჭირდება.

წყლის დანახარჯი მხოლოდ პირდაპირი მოხმარებით არ იზომება. არსებობს ცნება „ვირტუალური წყალი”, რომლის შესახებაც უკვე უამრავი იწერება. ეს იმ წყლის ჯამური მოცულობაა, რომელიც გამოიყენება საკვების ან ნებისმიერი სხვა პროდუქციის საწარმოებლად. მაგალითად, 1 კგ ხორბლის მოსაყვანად 100 ლიტრი წყალია საჭირო. ხორბლის იმპორტი არიდულ ქვეყნებში ზოგავს ადგილობრივ დეფიციტურ წყალს.

ქვეყნები, რომლებმაც იციან ეს, ზოგავენ წყლის საკუთარ რესურსებს იმ პროდუქციის იმპორტის ხარჯზე, რომელიც ბევრ ვირტუალურ წყალს მოიცავს.

თუ სავაჭრო ბრუნვას ვირტუალურ წყალში გამოვსახავთ, ის 800 მლრდ მ3-ს გაუტოლდება, რაც 10 ნილოსის ეკვივალენტურია.

ვირტუალური წყლის ცხრილი წარმოდგენას შეგიქმნით ყველაზე „წყალტევად” პროდუქციაზე:

ghghgyyyttwwater

ვირტუალური წყლის გამო შექმნილი პრობლემა კენიაში

თუ კენიის ექსპორტის 65%-ს ყავა და ჩაი შეადგენს, ვირტუალური წყლის საერთო მოცულობის 45% ექსპორტირებული ყვავილების წილად მოდის. კენიაში წყლის დეფიციტი უფრო და უფრო მძაფრდება, მოსახლეობა, რომლის რაოდენობაც 50 მლნ-ია, 2050 წლისთვის გაორმაგდება, ეს კი ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის წყლის ხელმისაწვდომი რესურსი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით 316 მ3-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც საშუალოდ კიდევ 1000 მ3-ია საჭირო მინიმალური საარსებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სარწყავი სისტემები გაუმართავია და, ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა წვიმის წყალზე მეტად არის დამოკიდებულნი, თუმცა ნალექის ოდენობა აქ არ აღემატება 630 მმ-ს, ზოგიერთ რეგიონში კი 200 მმ-ს.

ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს პრობლემის სიმძაფრეს ყვავილების ექსპორტთან დაკავშირებით. ნიავაშა ტბაა კენიაში, რომლის სანაპიროზეც პრობლემები წარმოიშვა. ერთი მხრივ, ეს არის პესტიციდებით დაბინძურების პრობლემა. წყალს ინტენსიურად იყენებენ ფერმერები. მეორე მხრივ, აქ გაშენებულია ყვავილების პლანტაციები, რომელთა პროდუქციაც საექსპორტოდ გააქვთ. კენიის გარემოს დამცველები, არასამთავრობოები და წყლის სპეციალისტები აქ მოქმედ კერძო კომპანიებს ადანაშაულებენ წყლის უყაირათოდ ხარჯვაში და მის „მოპარვაში” მდინარე ნგიროს ჩამონადენიდან, რომელიც ტბას უერთება და ასაზრდოებს მას. მდინარე ნგირო სიდიდითა და ჩამონადენით მეორეა კენიაში, ის მომთაბარე ტომების მთავარი მასაზრდოებელია, თუმცა დიდია მისი საჭიროება ყვავილების მწარმოებელი ბიზნესისთვისაც. ყვავილები განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოს მაღაზიებისთვის.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოხმარებული წყლის 25% ყვავილების 12 კომპანიის მიერ არის ამოღებული და აუარესებს 100 000 მცირე ფერმერის ყოფას, შეუძლებელს ხდის მათ არსებობას.

ყვავილების კომპანიებს ყვავილების ექსპორტით ქვეყნიდან გააქვთ კენიისთვის დეფიციტური წყალი. ყვავილები 90%-ით წყლისგან შედგება. ამით ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ქვეყნიდან, კენიიდან, ვირტუალური წყალი ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ქვეყანაში გადის. ყვავილების მწარმოებლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის უმწვავესი კონფლიქტი წარმოიშვა. წყლის გადასახადს კი წვრილი ფერმერები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთნაირად იხდიან.

წყალთან ერთად მომთაბარეებისთვის მისაწვდომ რესურსებს გამოაკლდა შედარებით ნაყოფიერი მიწაც.

ნეგევის უდაბნოს ტრანსფორმაცია

ისრაელის ნახევარი ნეგევის უდაბნოს უკავია, რომელიც მეჩხერად არის დასახლებული. ის უდაბნოდაა მიჩნეული, რადგან წლის განმავლობაში აქ 200 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის. მისი მდინარეების კალაპოტი უმეტესად მშრალია. მიუხედავად ამისა, ეს უდაბნო უამრავ ტურისტს იზიდავს ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ლანდშაფტებით. ბოლო ხანს ლანდშაფტები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა, რადგან დაიწყო მათი ოაზისებად გარდაქმნა. აქ დღეს ახარებენ ვაზს და ისეთ მცენარეებს, რომლებიც ბუნებრივად არც უდაბნოსთვის და არც ნახევარუდაბნოსთვის არ არის ტიპური.

ლანდშაფტების ტრანსფორმაცია მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, მათ შორის – ნაყოფიერი ნიადაგების გადმოტანამ, წვიმების ხელოვნურად გამოწვევამ, ერთწლიანი მცენარეების მონაცვლეობამ, რათა არ მოხდეს ნიადაგიდან ერთი და იმავე მინერალების გამოლექვა, ასევე – წყლის დაზოგვამ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მზის ელექტროსადგურებზე – ისინი კი ისრაელში 300 მზიანი დღის გამო ძალზე გავრცელებულია – ჰელიობატარეების წმენდა ხდება არა წყლით, არამედ მშრალად, რობოტების მეშვეობით (Ketura Sun).

c
c

რობოტი ეკოპია მუშაობისას

წვეთოვანი ირიგაცია საშუალებას იძლევა, მცენარეებს ზედმეტი დანაკარგის გარეშე მიეწოდოს წყალი. ასევე პოპულარული ხდება ახალი მიღწევები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, „ჭკვიანი” ირიგაცია, რაც მცენარეებს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ, როდის დალევენ წყალს. უსადენო სენსორები ეწევიან მცენარეთა მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად იწყებენ მათ მორწყვას. წყლის ოდენობა მცენარის სახეობას შეესაბამება. ეს ხელს უშლის წყლის ჭარბ ხარჯვას. წყალზე დაზოგილ თანხებს კი ფერმების გაფართოებაში აბანდებენ, რაც უდაბნოს ეტაპობრივად გარდაქმნის ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო ადგილად.

C
C

თითოეული ასეთი პატარა მოწყობილობა 1000 აშშ დოლარი ღირს.

უკვე თვალუწვდენელ ტერიტორიაზე მოჰყავთ ვაზი, ატამი, ორქიდეები. ეს ერთგვარი ცოცხალი ლაბორატორიაა, რომელიც მოწმობს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და რომ სწორი დაგეგმვისა და მენეჯმენტის პირობებში შეუძლებელი არაფერია.

სწორედ თემის საფუძვლიანი შესწავლა იძლევა საშუალებას, დავაფიქროთ მოსწავლეები კაცობრიობის ამ მძაფრ პრობლემებზე. მათ შეუძლიათ, თავადაც არაერთი მაგალითი მოიძიონ სხვადასხვა ქვეყნიდან წყლის მენეჯმენტის შესახებ. უარყოფითი მაგალითები ააშკარავებს წყლისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას და ნათელყოფს მომავალში პრობლემების გამძაფრებას; იმავდროულად, დადებითი მაგალითები მოწმობს, რომ შესაძლებელია წყალზე ზრუნვა და მომავლის უსაფრთხოების გაზრდა. წყლის მდგრადი მოხმარება, მისდამი გონივრული დამოკიდებულება მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს, წყლის საკმაო რესურსი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება წყლით გამოწვეული კონფლიქტების რიცხვი, მრავალი ადამიანი დაიტანჯება წყლით ან მისი დეფიციტით გამოწვეული დაავადებებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი