შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რევაზ ხოფერია – დასაშვებია თუ არა რელიგიური სიმბოლოები სკოლაში?

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სკოლა ვალდებულია დაიცვას ნეიტრალურობა და არ დაუშვას დისკრიმინაცია.

საჯარო სკოლაში დაუშვებელია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციისთვის გამოყენება. ამასთან, კანონის თანახმად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს. ანუ საქართველოში რელიგიური სიმბოლოების სკოლაში განთავსება, ზოგადად, არ შეიძლება. თუმცა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა არ გვაქვს. ამიტომ საინტერესოა, რა სასამართლო პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში.

ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მსგავს საკითხზე მიღებულია 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. საქმე ეხება ლაუტსის (Lautsi) და სხვათა დავას იტალიის წინაღმდეგ. საქმის გარემოებები ასეთია:

მოსარჩელის ბავშვები იტალიის ერთ-ერთ საჯარო (სახელმწიფო) სკოლაში სწავლობდნენ. სკოლის ყველა აუდიტორიაში განთავსებული იყო ქრისტიანული სიმბოლოები, რაც მოსარჩელემ სეკულარიზმის პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნია. სკოლაში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბავშვების მშობელმა სკოლის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აუდიტორიებში ჯვარცმის განთავსება არ შეესაბამებოდა სეკულარიზმის პრინციპს და სთხოვა მათი ჩამოხსნა. სკოლის გადაწყვეტილებით, მშობლის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მშობელმა იტალიის ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა გასაჩივრება წარუმატებელი აღმოჩნდა. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ, მშობელმა მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. მისი აზრით, სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსება ეწინააღმდეგებოდა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას და არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლს, ასევე ამავე კონვენციის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც გარანტირებულია განათლების უფლება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მშობლის სარჩელი. სასამართლოს აზრით, სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსებით არ ირღვევა განათლების უფლება; ასევე არ ირღვევა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. სასამართლომ განმარტა, რომ საკლასო ოთახში რელიგიური სიმბოლოების განთავსების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს უფლებამოსილებაა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი ევროპულ სახელმწიფოებში არ არსებობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იწვევდეს რელიგიურ ინდოქტრინაციას. ის ფაქტი, რომ იტალიის საჯარო სკოლებში თვალშისაცემია სახელმწიფოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიის სიმბოლოები, თავისთავად არ გულისხმობს რელიგიურ ინდოქტრინაციას. ამიტომ, რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა იწვევდეს ასოცირებას ქრისტიანული რელიგიის იძულებით სწავლებასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისა, რომ სახელმწიფო ორგანოები არატოლერანტულად ექცეოდნენ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულებების მოსწავლეებს. ამასთანავე, მშობელს ჰქონდა უფლება, ბავშვები აღეზარდა საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკამათოა და დისკუსიის საგანია. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან ერთი რამ ცალსახა და ცხადია: სახელმწიფომ და სკოლამ არ უნდა დაუშვას რელიგიური ინდოქტრინაცია და ამ მიზნით საჯარო სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი