ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კიდევ ერთხელ ბავშვთა ფეხბურთზე

ნებისმიერ  ქომაგს სურს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობდეს, ჩვენი კლუბები კი სხვადასხვა ევროტურნირებზე წარმატებით გამოდიოდნენ.

უკვე რამდენი წელია, რაც ქართული ფეხბურთის მესვეურები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ. საქმე ისაა, როგორ ცდილობენ და რა გზებით. რა კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, იხარჯება თუ არა სწორად ფინანსები, როდის უნდა მიექცეს ყურადღება ინფრასტრუქტურას, როდის უნდა მოხდეს მწვრთნელთა გადამზადება და სხვა უამრავი საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ჩვენი ფეხბურთელებისგან. მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და ეს სპორტსმენების ბრალი ნაკლებად არის. საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა არ უჩიოდა კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ფეხბურთის დონემ დაღმასვლა დაიწყო და თავისთავად შედეგებიც ცუდი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების იქით არაფერი არ არსებობს. ალბათ ასეთი მუშაობით ახლანდელი შედეგიც მაქსიმუმია.

მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა დღესვე უნდა დავიწყოთ. ვიღაცას დაებადება კითხვა – წლების წინ, მართალია საბჭოეთის სახელით გამოვდიოდით, მაგრამ  თბილისის “დინამო“ წარმატებული კლუბი იყო და ქართული ფეხბურთიც მაღალ საფეხურზე იდგა.

რა თქმა უნდა, მაშინ ნაკლები პირობები იყო დღევანდელთან შედარებით, მაგრამ მაშინ უფრო დიდი იყო ფეხბურთისადმი სიყვარული, სხვანაირად ეკიდებოდნენ საქმეს სპორტსმენები. ცხოვრების განვითარებასთან ერთად ფეხბურთშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ, მარტო ჩვენთვის არ შეცვლილა ყველაფერი.

სახლის აშენება საძირკვლიდან იწყება და არა სახურავიდან. საჭიროა მიზეზები თავში ვეძებოთ, საძირკველი კი ბავშვთა ფეხბურთია, რომელიც საქართველოში უსუსურ მდგომარეობაშია. გარკვეული გამონათებები მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ ეს ვერ იმოქმედებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებასა და წინსვლაზე. ბავშვთა ფეხბურთში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია. ესენი ზეგანვითარებული ქვეყნებია, მაგრამ სამაგალითოდ სხვა ქვეყნების მოტანაც შეიძლება, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ავიღოთ, თურქეთის ფეხბურთის დონე ჩვენი ფეხბურთის დონეს ბევრად უსწრებს.

ეს იმის ფონზე, როდესაც ძველი „დინამო“ თურქეთის გუნდებს თითქმის ყოველთვის უგებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას დარჩა. დღეს რეალობა სხვაგვარია, მათმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან. თურქების მიდგომა განსაცვიფრებელია. ისინი არა დღევანდელი ნაკრებისთვის, არამედ 2026 წლისთვის ემზადებიან. უდიდესი ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს, მათ აღზრდას, განათლებას, ასევე ყველა ასაკობრივ ნაკრებს. ყველაფერი, კონტროლის ქვეშაა, შემდეგ კი ამ ყველაფრით ეროვნული ნაკრები მარაგდება.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ 400 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი სრულიად უფასოდ ემზადება და საერთოდ, თუ ბავშვი რამეს იხდის, მხოლოდ თავიდან, ისიც სულ მცირეს, როდესაც ბურთის გორაობას იწყებს. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, თუ ვინ არის მწვრთნელი, მისი კვალიფიციურობა გარკვეული უნდა იყოს, უნდა ხდებოდეს მწვრთნელების გადამზადება. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ჩვენზე წინ არიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჩვენზე ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ. უბრალოდ მათი მიდგომა პროფესიონალურია და მომავალზე გათვლილი პროექტები აქვთ. რატომ იკარგებიან ტალანტები ჩვენთან -იმიტომ, რომ არ გადიან იმ გზას, რაც ახალგაზრდამ უნდა გაიაროს, რათა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გადასახადია, რომელიც ბავშვთა ფეხბურთშია. საშუალოდ 50-100 ლარი – ეს ის თანხაა,  რომელიც მშობლებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ბავშვმა ფეხბურთზე იაროს. არ უნდა იყოს ამხელა გადასახადი, მით უმეტეს, დღევანდელი პირობების  გავითვალისწინებით.

მწვრთნელს ანაზღაურებას ფედერაცია უნდა უნიშნავდეს და ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, შეძლებენ თუ არა მისი მშობლები გადასახადის გადახდას; არ უნდა ჰქონდეს შიში იმის გამო, რომ გადაუხდელობის გამო ფეხბურთს ჩამოშორდება. აი აქედან უნდა დაიწყოს საქმის კეთება. საჭიროა სწორი და გამართული გეგმებისა და პროექტების შექმნა. უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სისტემა, რომელზეც ქართული ფეხბურთი იქნება აგებული. სწორად მუშაობის შედეგად ეროვნული ნაკრებისა და ქართული კლუბების თამაში აუცილებლად გაუმჯობესდება. ვინც მოითმენს, ის მოიგებს.

ბერლინის „ჰერტაში“, რომელიც გერმანულ კლუბებს შორის ერთ-ერთი სახელოვანია, ამ კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი მიდგომა აქვთ ბავშვების მიმართ, როდესაც მშობლებს 6-7 წლის ბავშვი ფეხბურთზე „ჰერტას“ აკადემიაში შეჰყავთ, 12 წლამდე ის სრულიად უფასოდ ვარჯიშობს. მერე უკვე თვითონ ბავშვზეა დამოკიდებული, რამდენად გამოავლენს საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს. თუ მან ეს ყველაფერი წარმატებით გაიარა, მას კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი ელის. ნამდვილად შესაშური ამბავია. როდესაც გამოჩნდება ბევრად მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა და მათ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგ კი ჩაირიცხებიან ქართულ კლუბებში, თვითონ გუნდებსაც გაუჩნდებათ ბევრად მეტი სპონსორი, რაც ფეხბურთის დონის ამაღლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შემდეგ ნიჭიერი ქართველის ყიდვა მოუნდება რომელიმე უცხოურ გრანდს. ამით კი ქართული კლუბი დამატებით სოლიდურ თანხას მიიღებს, როგორც ხდება ხოლმე საფეხბურთო სამყაროში. მაგრამ ჩვენ ფეხბურთელების გაყიდვით რამე არ უნდა მოგვაკლდეს, ამიტომ არის საჭირო გამართული სისტემა, რომელიც ახალს აღმოაჩენს, გავყიდით ერთ ტალანტს, ავიყვანთ მეორეს – შეიძლება ასე ითქვას.

დრო აღარ არის. დღეს ვიშრომოთ ხვალინდელი წარმატებისთვის, ის აუცილებლად მოვა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი