სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

დამიძახე ორი კვირის შემდეგ

 

ასე მინდოდა დამერქმია ჩემი მოთხრობისათვის, რომელიც 2010 წელს დავწერე და „ცისკარში“ დაიბეჭდა. მერე ისე მოხდა, რომ საბოლოო სათაურად „მელქიორის ჯვარცმა“ გადავწყვიტე და მოთხრობების წიგნშიც („ყიფლიბანდი“) ასე შევიდა.

სიუჟეტი ასეთია: 90-იანი წლების სამეგრელოში, ექიმის მოსაყვანად სოფლიდან ქალაქში შუაღამისას გასულ შალვას გზაზე მოროდიორები დახვდებიან (ასეთი ბევრი იყო მაშინ, გასასვლელ-გამოსასვლელებში ჩასაფრებული შეიარაღებული ხალხი), ჯერ ვითომ მანქანას შეუმოწმებენ და შემდეგ მანქანის გასაღების წართმევას დაუპირებენ. შალვა გაუძალიანდება, არ დაანებებს და ცემაში შემოაკვდებათ.

მოგვიანებით, დიდი ხნის შემდეგ, ამ ამბავს სუფრაზე აზარტით და ცოტათი სიამაყითაც კი ჰყვება ერთ-ერთი მკვლელი. დეტალურად, აღგზნებული. უცებ ვიღაც წამოიწევა სუფრიდან, „ფეხზე დამიდექი, ნაბიჭვაროო“, დაუყვირებს და ვიდრე დაბნეული, შოკირებული ხალხი აზრზე მოსვლას მოასწრებდეს, დანა-ჩანგლით აჩეხავს.

ეს ამბავი ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა. კაცმა, რომელიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ძმის მკვლელს, მას შემთხვევით, სუფრასთან მიაგნო, უფრო სწორად, ის ტიპი თავისივე ენამ გაყიდა. სიუჟეტი დიდხანს მიტრიალებდა გონებაში, ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა შურისგების აქტის დაუსრულებელი ჯაჭვისთვის კიდევ ერთი რგოლი შემემატებინა. დავწერე, დავბეჭდე, წლები გავიდა, ეს ყოყმანი და გაორება არ მეშვებოდა, და ახლა ვრწმუნდები, რომ ღირდა.

იქ, სადაც კანონი და სამართალი უმწეოა, იქ, სადაც დაჩაგრული ადამიანის ხმა ვერ აღწევს, ტყვიამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

გვემწარა? ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია? მაშინ კეთილი ინებოს ცივილიზებულმა სამყარომ და თავისი „სამართლებრივი ბერკეტების“ გამოყენებით არ დაუშვას განუკითხაობა. არ დაუშვას, რომ თავის ქვეყანაში, თავის მიწაზე, ყველას დასანახად ცინიკურად კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს!

ხელისუფლების ცერემონიული და უცერემონიო შეფასებები, სასულიერო პირების მდუმარე მშვიდობიანი პროცესია, ემოციური და მგლოვიარე სტატუსები სოციალურ ქსელში – ეს ცხელ კვალზე იყო. რა ხდება ორი კვირის, ერთი თვის შემდეგ, როცა ტრაგედია ყოფითობაში გადაინაცვლებს?

წლების წინ, როცა კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს ვთხოვე მარტივად, ორი სიტყვით აეხსნა ბესიკ ხარანაულის ერთი ცნობილი ლექსი, მან მითხრა: „შუაღამისას, როცა მეღვიძება, პირველი, რასაც გავიფიქრებ, ყოველთვის ესაა – „სად არიან შვილები?“ მარტო ვარ, მაგრამ ვიცი, სადაც არიან ჩემი შვილები. ტელეფონს ავიღებ, დავურეკავ, დაველაპარაკები… მაგრამ იმათ რა ქნან, ვისაც შვილები ომში, საპატიმროებსა და სასაფლაოებზე დარჩა?!.“

„სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა“, – ამას თითქოს ღამენათევი, სასოწარკვეთილი კაცი ამბობს, ხელისუფალის კართან რომ ჩამომდგარა და თავისი შვილის (ძმის) ბედზე პასუხს ელოდება. ტკივილი აძლიერებს კიდეც და უმწეოსაც ხდის, ამიტომ „საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან“ უფრო დარდით აღტყინებული, დათრგუნული ადამიანის გულუბრყვილო მუქარაა, რომელსაც უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფალი ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს.

როგორც ადრე ყოფილა. ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ. არადა, თითქოს კარგად ვხვდებით, რომ იქ, სადაც ერთ მოქალაქეს ასე დაუნდობლად ხვრეტენ, დღეს იქნება თუ ხვალ ჩვენს თავზეც დაუშვებენ საკონტროლო გასროლას. არც არავინ დაგვიცავს, არც არავის მოეკითხება პასუხი, უფრო სწორად, ისე არ მოეკითხება, როგორც იმსახურებს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხმყოფელს გასცემდნენ პასუხს.

გავიხსენოთ: „მთელი ქისტეთის ამომგდე“ ზვიადაური სამაგალითოდ ისჯება – თემი (სახელმწიფო) გრძნობს და იღებს პასუხისმგებლობას იმ განაჩენზე, რასაც აღასრულებს კიდეც („თემს რაც სწადია, მას იზამს თავის თემობის წესითა“) და პირნათელია ღმერთისა და მიცვალებულის წინაშე („ნუ იტანჯები, დარლაო…“).

ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“ თემი არა მხოლოდ პიროვნებასთან დაპირისპირებული ინსტიტუტია (როგორც ბევრი წარმოაჩენს ცალმხრივად), არამედ მტრის კარგად შემცნობი („ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა, გადალესულსა ცოფითა“) და წარსული გამოცდილების მცოდნე ადამიანთა ერთობა, რომელიც ცივი გონებით, რაციონალურად განსჯის და საკადრისს მიუზღავს დამნაშავეს.

და რაც ყველაზე მთავარია: არც შერიგება შედგება იმ გარემოში, სადაც უკვე ოც წელზე მეტია ფეხმოუცვლელად დგას რუსეთის იმპერია და ყოველდღიურად აქეზებს უსამართლობასა და განუკითხაობას. არც მშვიდობა დამყარდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ არ გაასამართლა და ფეხი არ ამოუკვეთა იმ მიწიდან, რომელიც ძალადობითა და მედროვე პოლიტიკოსების მხარდაჭერით დაიპყრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი