სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყველა ბავშვი სუპერგმირია

ანდრო სისულელეებს იძახი! –  ისმის მამაკაცის ხმა.

ანდრო სისულელეებს იძახი. კენწეროში ვერ აფრინდები. ვერც ტვინში აფრინდები, ვერც ცაში აფრინდები, – ახლა გოგონა აჰყვა.

აი, ახლა ავფრინდები ძალიან მაღლა და ფეხებს მივარტყამ ცას, – პატარა ბიჭი ფეხებს გამეტებით იქნევს და საქანელაც უფრო მაღლა მიქრის.

სისულელეებს ამბობ ანდრო, სი-სუ-ლე-ლე-ებს. გოგონას მამა ისევ არ ცხრება.

ანდრო სისულელეებს ამბობ, სისულელეეებს, – ისევ მხიარული ხმით იმეორებს გოგონა მამის სიტყვებს.

არ არის სისულელე. არრრრაააა! – გაჰყვირის ბიჭი და ფეხებს უფრო მაგრად აქნევს.

საქანელა კი უფრო და უფრო მაღლა მიფრინავს და  ოთხი წლის ანდროსაც ჰგონია, რომ სიმაღლე შეიძლება დაიპყრო. სიტყვები, რომლებიც შეიძლება დაუჯერებლად  ჟღერდეს, შეიძლება ,,სისულელე” არ იყოს. მას საერთოდ არც უფიქრია, რომ რაღაცის მიღწევა  შეუძლებელია. მხიარული ქროლვა პატარა მეგობრებს შორის კონფლიქტით მთავრდება. უფროსები ზოგჯერ ძალიან უხეშად და დაუფიქრებლად ერევიან შვილების და მათი მეგობრების ურთიერთობებში, მათ საუბრებში და ასწავლიან რა შეიძლება იყოს სისულელე და რა არა; რა შეიძლება იყოს მიუღწეველი და რა მიღწევადი. ასწავლიან, როგორ შეიძლება გაიზომოს ოცნება და შესაძლებლობები. ზოგჯერ, პირიქითაც იქცევიან და გადაჭარბებულ მოლოდინებს უღვივებენ, მაგრამ ეს სხვა თემაა და ესეც არანაკლებ ზიანის მომტანი.

როდესაც საქმე ბავშვებთან გვაქვს, ძნელია ამ წონასწორობის დაცვა, მაგრამ თუ მოვინდომებთ ალბათ შესაძლებელი გახდება. დაკვირვებული მასწავლებელი კი ყოველთვის მოახერხებს ამ ოქროს შუალედის პოვნას.  მოახერხებს გააძლიეროს მათში პიროვნება და სტიმული მისცეს, რომ იფიქროს თავის შესაძლებლობებზე. ამ უნარების  სწორად გამოყენებაზე და იმასაც აუხსნის, რომ არ არსებობს საქმეები და ინტერესები, რომლებიც ჩვენი დროის ხარჯვად არ ღირდეს და რომ ეს მცდელობები არასდროსაა ფუჭი.

სინამდვილეში კი პატარების ნებისმიერი აქტივობა, ახალი გამოცდილებით  და ახალი თავგადასავლებითაა სავსე. რითაც ისინი  თავიანთ  პატარა სამყაროში ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და თავად ადგენენ წესებს. მთავარია, ჩვენ არ ჩავერიოთ ცუდად და ჩვენი დაუკვირვებელი რეპლიკებით ყველანაირი ინტერესი არ გავუქროთ. არ დავუკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, რომელიც ერთხელ თუ დაკარგა, შემდეგ შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს  საყრდენი წერტილის მონახვა და მთელი სიცოცხლე ეცადოს თავდაჯერებულობის მოპოვებას.

ამიტომ მათ უნიკალურ საქციელსა და სიტყვებს ასე უნდა შევხედოთ:

თუ გვეწინააღმდეგება – უნდა გვიხაროდეს, რადგან საკუთარი მოსაზრების დაცვა შეუძლია;

თუ ბევრს ლაპარაკობს  – არც ,,ენატლიკინა” არ არის, ამით საკუთარ თავს გამოხატავს;

თუ წარმოუდგენელ ამბებს ჰყვება- ნუ გეშინიათ, არარეალისტი მეოცნებე არ გაიზრდება, უბრალოდ მას  ასეთი  შეხედულებები აქვს სამყაროზე და კარგი ფანტაზია გასაქანს აძლევს, ყველაფერი ჩვენზე საინტერესოდ წარმოიდგინოს.

თუ მას ჰგონია, რომ  შეიძლება ისე მაღლა გაქროლდეს, ცას მიარტყას ფეხები – ეს მისი რწმენაა  და ჩვენგან მისი რწმენაც  პატივისცემას მოითხოვს, რაგინდ დაუჯერებლად ჟღერდეს მისი სიტყვები.

ისიც კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ცალმხრივი პატივისცემა  ყოველთვის მოსაწყენია და როდესაც მათ ვასწავლით უფროსების მიმართ პატივისცემის გამოვლენას, ჩვენც უნდა შევძლოთ მათი შეხედულებებისთვის თვალის გასწორება და მათი აზრების მშვიდად მოსმენა და მიღება. ჩვენ უნდა მივცეთ მას იმის მაგალითი, რომ ადამიანის მიმართ  არაკორექტული და დამამცირებელი შეფასებების გაკეთება უღირსი საქციელია და ის ამას აუცილებლად გაიმეორებს, თუკი ამ ყველაფერს წავახალისებთ.

ბავშვებთან ურთიერთობა,  გარდა იმისა, რომ  თვალსაწიერს გვიფართოებს  და ასევე  აღმოჩენებით გვავსებს,  უფროსებისთვის ძალიან სასარგებლოა. მოვლენებს ამ ახალი გამოცდილების პრიზმაში ვუჭვრეტთ და უფრო მგრძნობიარე და უფრო მიმტევებელი ვხდებით სამყაროს მიმართ, რომელიც არც ისეთი ფაქიზია ჩვენ მიმართ, რომ  მისი სიკეთის ბოლომდე ვირწმუნოთ და  ბოლომდე გულუბრყვილოდ ვენდოთ. ზუსტად, ამ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გვიქარწყლებენ ისინი  თავიანთი ურთიერთობით, ოღონდ მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ მათთან.

ეს  ურთიერთობა ხომ დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ – მშობელი, სკოლის  მასწავლებელი, ბაღის მასწავლებელი თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა აქვს ბავშვებთან. ჩვენ – უფროსები პასუხისმგებლები ვართ თითოეულ ჩვენს სიტყვაზე, ჩვენს ქცევაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს  ბავშვის ხასიათს, მის ქცევას  და საზოგადოებასთან მის მიმართებას.

ყველა ბავშვი თავისი ბუნებითა და შესაძლებლობებით უნიკალურია. ისინი ცოტა არ იყოს ჰგვანან თავიანთ საყვარელი კომიქსების სუპერგმირებს, რომლებიც თუ სწორ და კეთილშობილურ მიზანს დაისახავენ, ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდებიან მიზნის მისაღწევად. ჩვენი  მისიაც ალბათ ესაა, რომ ამ დიდ თავგადასავალში მოგზაურობისას კეთილი როლი შევასრულოთ და დავეხმაროთ მათ, ფინიშამდე გამარჯვებულები მივიდნენ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი