შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და დემოგრაფიული გადასვლის მოდელი

მოსახლეობის ზრდის ისტორია

დედამიწაზე ადამიანის თაობათა მუდმივი ცვლა და განახლება ანუ მოსახლეობის აღწარმოება მიმდინარეობს. ბუნებრივი მატება გვიჩვენებს, რა მიმართებაა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაბალი ან უმნიშვნელო მატებისას იმაზე ოდნავ მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება – მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლება, ოდნავ იმატებს, ამიტომ თაობათა ასეთ აღწარმოებას მარტივს უწოდებენ.

თაობათა ცვლის მეორე სახეა გაფართოებული აღწარმოება. იგი ბუნებრივი მატების მაღალ მაჩვენებელს გულისხმობს. განსაკუთრებით მკვეთრი და სწრაფი მატება დაიწყო XX ს-ის მეორე ნახევრიდან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. ამ პროცესს ხატოვნად „დემოგრაფიული აფეთქება” უწოდეს.

არსებობს აღწარმოების მესამე ტიპიც – შეზღუდული. ამგვარი აღწარმოების დროს ნაკლები ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება – მოსახლეობის რაოდენობა იკლებს.

დემოგრაფიაზე საუბარი რიცხვების მოშველიების გარეშე შეუძლებელია. როგორი იყო წინათ სიკვდილიანობა ან შობადობა, ამის თაობაზე სწორედ სტატისტიკა გვიქმნის სწორ წარმოდგენას. ფაქტობრივად, ფუჭი სიტყვები იქნება, თუ ვიტყვით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალი იყო, ხოლო სიკვდილიანობა – მაღალი, რადგან „მაღალიც” და „დაბალიც” ფარდობითი ცნებებია და სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეთ. ამდენად, ჩვენს სიტყვებს სწორედ რაოდენობრივი მონაცემები სძენს კონკრეტულ კონტურებს. მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ სიკვდილიანობა და შობადობა ყოველ 1000 კაცზე 40-დან 50-მდე იყო, ანუ 40-50 პრომილე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20 წელი, გასაგები გახდება, რომ ამ პერიოდში მარტივ აღწარმოებასთან გვქონია საქმე.

თუ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გადმოვინაცვლებთ, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ზოგიერთ რეგიონში შობადობა კვლავ მაღალ, 35-40‰-იან ნიშნულზე იყო, ხოლო სიკვდილიანობა განახევრდა. ეს ტენდენცია ეხება როგორც ცენტრალური, სამხრეთი ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს, ასევე აზიასა და აფრიკის ნაწილსაც კი.
რატომ შემცირდა ასე მკვეთრად სიკვდილიანობა, ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, მაგრამ მთავარი მაინც საბაზისო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამკვიდრება და მედიცინის მიღწევებია. შეიძლება დავასახელოთ მათი უკეთესი ხელმისაწვდომობაც. იმუნიზაციამ მოიცვა მთელი მსოფლიო, ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვის პროგრამებმა. სწორედ ამ გზით შემცირდა მანამდე სასიკვდილო დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, კოლონიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, რამაც შეამცირა ძალადობა.

შეინიშნებოდა შობადობის შემცირების ტენდენციაც, თუმცა ეს ისევე სწრაფად არ მომხდარა, როგორც სიკვდილიანობის შემთხვევაში. რეგიონული განსხვავება აქ უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ეს შემცირება უფრო აშკარა იყო, ვიდრე სხვაგან. ამდენად, გასაგებია, რომ საქმე გვაქვს მოსახლეობის მკვეთრ მატებასთან, რომელიც დემოგრაფიული აფეთქების სახელითაა ცნობილი.
უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა, ზრდა უმნიშვნელო იყო, თუმცა მოგვიანებით საგრძნობლად დაჩქარდა, რამაც 50-იანი წლების შემდეგ სახიფათო კონტურები შეიძინა. ისევ რიცხვებს დავუბრუნდეთ: კაცობრიობის მთელი ისტორია აღმოჩნდა საჭირო, რომ მოსახლეობას 1800 წლისთვის მილიარდიანი ნიშნულისთვის მიეღწია, 1930 წელს კი დედამიწას უკვე 2 მილიარდი მკვიდრი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ 130-მა წელიწადმა იკმარა მოსახლეობის 100%-იანი ზრდისთვის. ამის შემდეგ ტემპი უფრო მეტად გაიზრადა და მხოლოდ 30 წელიწადში მოსახლეობას კიდევ მილიარდი შეემატა; შუალედის შემცირება გაგრძელდა და მომდევნო მატებას მხოლოდ 15 წელი დასჭირდა.
ამ საფეხურებრივ ზრდას კარგად აჩვენებს ქვემოთ მოცემული გრაფიკი:

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა
ამ გრაფიკიდან ჩანს, რომ მოსახლეობის მორიგი მილიარდიანი ნამატისთვის მხოლოდ 12-13 წელიწადია საჭირო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მსოფლიოს მეშვიდმილიარდე მოქალაქე 2012 წელს დაიბადა.

ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება, თუმცა სხვადასხვა პროექციის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობა სხვადასხვა ნიშნულზე სტაბილურდება. საუკეთესო გათვლებით, ეს 8,5 მლრდ იქნება, ხოლო ყველაზე რთული სცენარით – 12 მლრდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც გადამწყვეტია:

* ეკონომიკური პროგრესი მეტ რეგიონსა და ქვეყანას შეეხოს;
* გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა;
* გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება და მისი ხელმისაწვდომობა;
* გაიზარდოს განათლების მაჩვენებლები, განსაკუთრებით – ქალებისთვის;
* გაიზარდოს დასაქმება, განსაკუთრებით – ქალებისთვის;
* გაიზარდოს პირველი მშობიარობის ასაკი;
* ხელმისაწვდომი გახდეს ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფცია.

თუ კარგად დავუკვირდებით მონაცემებს, განვითარებადი ქვეყნები გადიან სწორედ იმ დემოგრაფიულ გზას, რაც ევროპამ წლების წინ გაიარა. თითქმის ასწლიანი განსხვავებით დაიწყო დემოგრაფიული გადასვლა განვითარებად ქვეყნებში. მისი ტემპი განსხვავებულია და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა განვითარებადი რეგიონების ხარჯზე მოხდება.
დემოგრაფიული გადასვლის მოდელი

შობადობა და სიკვდილიანობა არის ორი ფაქტორი, რომელთა ცვლილებებიც განსაზღვრავს დემოგრაფიული გადასვლის მოდელს. დღეისთვის 4 ძირითად ფაზას გამოყოფენ. საუბარია აგრეთვე მე-5 ფაზაზე, რომლის ცალკე გამოყოფის საჭიროება ქვეყნების განვითარების თავისებურებებმა დააყენა დღის წესრიგში.

სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს საკითხები უკვე დიდი ხანია ისწავლება სკოლაში, მაგრამ ამჯერად თითოეული ფაზის შესაბამის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც უფრო გასაგებსა და აღქმადს გახდის ამ მოდელის არსს.
I ფაზა

პირველი ფაზისთვის დამახასიათებელია მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა, რაც იწვევს დაბალ სიცოცხლის ხანგრძლივობას. სწორედ პირამიდის სიმაღლეა ამის მაჩვენებელი. ამ ფაზაში შობადობა მაღალი და სტაბილურია, თუმცა ეპიდემიების, დაავადებების, შიმშილობის, უბედური შემთხვევებისა და კონფლიქტების მასშტაბები მაღალ სიკვდილიანობას იწვევს. ეს მიზეზები ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება, ამდენად, ყოველ მომდევნო ასაკობრივ ჯგუფამდე წინა ასაკობრივი პოპულაციის მხოლოდ ნაწილი აღწევს, ამის გამო პირამიდებს აქვთ მკვეთრად გამოხატული საფეხურები. მოსახლეობის ზრდა ამ ფაზისთვის უმნიშვნელოა. თანამედროვე მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს აღნიშნულ ფაზაში, მხოლოდ ტრადიციული ტომები ჰიმალაის მთიანეთში, ირიან ჯაიას ხალხები ინდონეზიაში და სხვა ტომები ცენტრალურ აფრიკასა და ამაზონის ჯუნგლებში იმყოფებიან დემოგრაფიულად ჯერ კიდევ განვითარების ამ სტადიაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა იმდენად მაღალია, ოჯახები მეტ შვილს სწორედ სიკვდილის საკომპენსაციოდ აჩენენ. ბავშვები ოჯახის ძლიერების, დამხმარე ხელის სინონიმია. ისინი 5-6 წლიდან შრომობენ და 10-12 წლისთვის გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოიხმარენ.

II ფაზა
მეორე ფაზას ახასიათებს სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი კლება, რაც ვაქცინაციისა და სამედიცინო მიღწევების დამსახურებაა, თუმცა ქვეყანას თავად არ გააჩნია ამის რესურსი და აცრები და მსგავსი ელემენტარული

ღონისძიებები გარე დახმარებების ხარჯზე ტარდება. კულტურული და რელიგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვლავაც მაღალი რჩება შობადობა. მოსახლეობა ჯერ კიდევ ბევრ შვილს აჩენს, თუმცა ამის აუცილებლობა აღარ არსებობს, საჭირო აღარ არის ბავშვების გაჩენა სხვათა საკომპენსაციოდ, მაგრამ მაინც შვილები არიან მშობლების მშვიდი სიბერის გარანტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ კარგად განვითარებული საპენსიო სისტემა. ტრადიციულ საზოგადოებებში სწორედ ესაა დიდი ოჯახებისა და მრავალშვილიანობის მიზეზი. მკვეთრად იზრდება სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის. მაგალითად, თუ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 35‰-ა, ხოლო სიკვდილიანობა უკვე 20‰-მდე დაეცა, ბუნებრივი მატება 1,5% იქნება. ამ საფეხურზე არიან კენია, პარაგვაი, ავღანეთი, ნეპალი, ეთიოპია…

პირამიდისთვის კი დამახასიათებელია განიერი საფუძველი, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო თითოეულ ასაკობრივი ჯგუფიდან მეორემდე სულ უფრო ნაკლები აღწევს, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც იზრდება. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია ახალგაზრდების სიჭარბე და ხანდაზმულთა ნაკლებობა. ხშირად მოსახლეობის 50% 15 წლამდე ასაკისაა.
III ფაზა
ეს ფაზა სიკვდილიანობის უკვე შენელებული კლებისა და შობადობის მკვეთრი შემცირების ფონზე მიმდინარეობს. განსხვავებული სურათია ფაზის დასაწყისსა და და მის ბოლოში, რაც კარგად ჩანს მოსახლეობის ამ ორ პირამიდაზე. პირველი, რა თქმა უნდა, ფაზის დასაწყისს მიეკუთვნება, ხოლო მეორე – ბოლოს. შობადობის შემცირება შეიძლება იყოს დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგი ან, უფრო მეტად, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობებას მოჰყვებოდეს. იცვლება ადამიანთა წარმოდგენები ოჯახის სიძლიერეზე, აღარ არის საჭირო ათი შვილის გაჩენა იმისთვის, რომ სამი მაინც გადარჩეს. უფრო ადვილი ხდება ოჯახის დაგეგმვა, იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა კონტრაცეფციის შესაძლებლობებზე, განათლებაც მოსახლეობის უფრო და უფრო ფართო ფენებისთვის ხდება ხელმისაწვდომი, მათ შორის არიან გოგონებიც, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნითა და შესაძლებლობებით დასაქმდნენ და ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ, ეს კი ზრდის მათ მონაწილეობას ოჯახის დაგეგმვაში და ამცირებს შობადობას. ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება სიკვდილიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შერბილება, შესაბამისად, ვიღებთ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. იმავდროულად იცვლება ეკონომიკის სტრუქტურაც და სულ უფრო ვითარდება მესამეული სექტორი, რაც უფრო მეტად ზრდის მოთხოვნას ქალის შრომაზე.

პირამიდის მოხაზულობაც ამის კვალობაზე იცვლება. შევიწროებულია საფუძველი, რადგან სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. ამ ქვეყნებში უკვე დაბადებულები და ფერტილობის ასაკში შესულები ისინი არიან, ვინც გაფართოებული აღწარმოების დროს დაიბადნენ ამდენად, ინერციით ხდება მოსახლეობის ზრდა, თუმცა ცხოვრების წესი უკვე შეცვლილია. სწორედ 15-35 წლის ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებული კონტურია ამ პროცესების მაჩვენებელი. მესამე საფეხურზე არიან მალაიზია, ისრაელი, სინგაპური, ჩინეთი, ჩილე, ახალი ინდუსტრიის ქვეყნები…

IV ფაზა
მეოთხე ფაზა გამოირჩევა შობადობისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებით. ამის საპირისპიროდ, გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოსახლეობის ზრდა ამ ფაზაში მყოფი ქვეყნებისთვის არ არის დამახასიათებელი, ან მეტისმეტად უმნიშვნელოა, ზოგიერთ ქვეყანაში კი მოსახლეობის კლება შეინიშნება. ეს ფაზა დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ქვეყნებისა და აღმოსავლეთი ევროპისთვის. ამ ქვეყნებში კატასტროფულად იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრითი წილი ახალგაზრდა მოსახლეობის კლების ხარჯზე. ევროპაში 65 წელზე უხნესი მოსახლეობა 15%-ს აჭარბებს, რაც სულ უფრო მეტად აბერებს ქვეყანას. ეს ქვეყნები პოსტინდუსტრიული განვითარების ქვეყნებია, რომლებშიც მაღალია განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ორივე სქესისთვის და ქალები თითქმის თანაბრად არიან ჩართულნი ეკონომიკურ საქმიანობაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაზისთვის დამახასიათებელი პირამიდა მაღალია და თითქმის ერთი სიგანისა, ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ ხდება და პირამიდაზე საფეხურების არარსებობაც ამის ბრალია.
V ფაზა

ამ ფაზაში შობადობა კიდევ უფრო მცირდება, რაც საფუძვლის უფრო მეტად შევიწროებას გამოიწვევს. სიკვდილიანობა გაიზრდება არა დაავადებების მატების გამო, არამედ მოსახლეობის გადაბერების მიზეზით. იაპონია ქვეყანაა, რომელიც სწორედ მეხუთე ფაზაში მოიაზრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი