შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ავტონომიური რეგიონები – კომპრომისის პოლიტიკა

ავტონომიური მმართველობის მოდელები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განსხვავებული ფორმით ვითარდება. ზოგიერთმა სახელმწიფომ ავტონომიის იდეა სრულად მიიღო და შესაბამისი სტატუსი ყველა შიდა რეგიონს მიანიჭა, ხოლო სხვებმა ავტონომია განსაზღვრეს მხოლოდ კონკრეტულ, ეთნიკურად ან გეოგრაფიულად გამორჩეული ტერიტორიებისთვის. ავტონომია ხშირად დაკავშირებულია თვითგამორკვევის სურვილთან, ისტორიულ მემკვიდრეობასთან, ან ცენტრალური მმართველობისგან დამოუკიდებლობისკენ მიმართულ სწრაფვასთან.

ეს ფაქტორები ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებში, კოლონიალიზმის მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს   სახელმწიფოების შიდა სტრუქტურასა და რეგიონული ავტონომიის პოლიტიკაზე. კოლონიალიზმის მემკვიდრეობა არა მხოლოდ ისტორიული ფონის ელემენტია, არამედ აქტიური ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე პოლიტიკურ სისტემებს, ეთნიკურ ურთიერთობებს და ტერიტორიული სტატუსების სამართლებრივ აღქმას.

ყოფილი იმპერიებიდან წარმოშობილი დიდი თანამედროვე ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, ავტონომიის მოდელს მრავალეთნიკური მოსახლეობის მართვისთვის იყენებენ. თუმცა, თვითგამორკვევის შესაძლებლობები რეგიონებს შორის განსხვავდება, რაც ხშირად დაძაბულობას იწვევს. მოსახლეობა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისეთ მმართველობას, რომელიც მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სამართალი აღიარებს თვითგამორკვევის უფლებას. ავტონომია, როგორც კომპრომისული გადაწყვეტა, ყოველთვის ვერ ამართლებს ადგილობრივი თემების მოლოდინებს.

პოსტკოლონიური ეპოქის შემდეგ, ბევრმა ყოფილმა კოლონიამ განსხვავებული განვითარების გზა გაიარა: ზოგმა დამოუკიდებლობას მიაღწია, სხვამ ავტონომია აირჩია, ხოლო მესამემ – სრული ინტეგრაცია კოლონიზატორ სახელმწიფოში. ეს მრავალფეროვანი მიმართულებები იმ გამოწვევებსასახავს , რომლებიც  კოლონიური მემკვიდრეობის დაძლევასთან და თანამედროვე მმართველობის მოდელების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული.

ეს პროცესები ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობენ სახელმწიფოები გაუმკლავდნენ კოლონიური მემკვიდრეობის გავლენას და ჩამოაყალიბონ მმართველობის ისეთი მოდელები, რომლებიც ეთნიკურ, კულტურულ და გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებს. გაეროს მიერ ტერიტორიის დეკოლონიზაციად აღიარებისა და არათვითმმართველი ტერიტორიების სიიდან ამოღებისათვის საკმარისია სამი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთის შესრულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მიდგომას წლების განმავლობაში თან ახლდა უთანხმოება. მაგალითად, საფრანგეთის ზღვისიქითა ორი ტერიტორია – ახალი კალედონია და ფრანგული პოლინეზია – კვლავ შეიტანეს გაეროს არათვითმმართველი ტერიტორიების სიაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დეკოლონიზაციის პროცესში სტატუსის გადახედვა და საერთაშორისო აღიარება კვლავ აქტუალურია.

დასავლეთ პაპუა (პროვინცია ინდონეზიაში) და აღდგომის კუნძულები (ჩილეში) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, თუ რატომ არ მოხვდნენ გაეროს არათვითმმართველი ტერიტორიების სიაში. ისინი ფიქრობენ, რომ ამ სიის კრიტერიუმები არასწორად იყო გამოყენებული. მათი პოზიცია ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ ისტორიული, ეთნიკური და პოლიტიკური თავისებურებების გათვალისწინებით, აღნიშნული ტერიტორიები შესაძლოა თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ შეტანილი გაეროს დეკოლონიზაციის პროცესის ფარგლებში. ჰავაის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 1959 წელს მან მიიღო შტატის სტატუსი და ოფიციალურად აღარ ითვლებოდა არათვითმმართველ ტერიტორიად, ადგილობრივი თვითგამორკვევის საკითხები კვლავ წარმოადგენს აქტიურ თემას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სრული ავტონომიაც კი ხშირად ვერ აკმაყოფილებს რეგიონების მოლოდინებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა წლების განმავლობაში ავტონომია აირჩია დამოუკიდებლობის ან სრული ინტეგრაციის ნაცვლად, ეს სტატუსი ყოველთვის არ პასუხობს მათ საჭიროებებს. როგორც კოლონიური, ისე სხვა ტიპის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფარგლებში, ავტონომია ხშირად წარმოადგენს კომპრომისს, რომელსაც ცენტრალური მთავრობები სთავაზობენ. თუმცა, ეს მიდგომა ყოველთვის ვერ აჩერებს გამოყოფისკენ მიმართულ სწრაფვას.

ამ პროცესების მაგალითები გვხვდება სხვადასხვა რეგიონში, სადაც ავტონომიის მინიჭება ან მისი გაფართოება ვერ აღმოჩნდა საკმარისი კონფლიქტების დარეგულირებისთვის. მაგალითად, კამერუნში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიანიჭა გარკვეული ავტონომიური უფლებები ინგლისურენოვან რეგიონებს, თუმცა ამ ნაბიჯმა ვერ შეაჩერა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. პაპუა-ახალი გვინეაში, ავტონომიური კუნძული ბუგენვილი კვლავ აქტიურად ისწრაფვის სრული სუვერენიტეტისკენ.

ავტონომიური რეგიონების სტატუსისა და მომავლის შესახებ კითხვები მრავალი წლის განმავლობაში ღია რჩება – მაგალითად, ერაყის ქურთისტანში და ტანზანიის ზანზიბარში.

ავტონომიის გარშემო არსებული ჩიხური მდგომარეობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დე-ფაქტო სახელმწიფოებში, როგორიცაა სომალის სომალილენდი, მოლდოვის დნესტრისპირეთი და საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

გამოყოფის საკითხზე საუბრისას აღსანიშნავია შოტლანდია, რომელიც, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მსგავსად, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის როგორც ოფიციალურად აღიარებული ქვეყანა, რომელსაც გადაცემული აქვს გარკვეული მმართველობითი უფლებამოსილებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები არ განეკუთვნებიან ტიპურ კოლონიურ შემთხვევებს, შოტლანდიაში მრავალი მოქალაქე კვლავ დამოუკიდებლობას ისწრაფვის.

ჩრდილოეთ ირლანდიის ავტონომია რეგულირდება „კარგი პარასკევის შეთანხმებით“, 1998 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი და ჩაუყარა საფუძველი მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის განვითარებას. ამ შეთანხმებამ ჩრდილოეთ ირლანდიას მიანიჭა განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიულ, ეთნიკურ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გაერთიანებული სამეფო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოიცავს ავტონომიის სამივე ტიპს. ამასთან, ქვეყანას აქვს მრავალი  დამოკიდებული ტერიტორია, რომელთა უმეტესობა კვლავაც არ ითვლება არათვითმმართველად – მათ მიერ მიღწეული ავტონომიის დონე შეზღუდულია.

ანალოგიური მდგომარეობა არსებობს შეერთებული შტატების ტერიტორიებზე, როგორიცაა გუამი, ამერიკული სამოა და აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, რომლებიც კვლავ ითვლებიან არა-თვითმმართველ ტერიტორიებად. პუერტო რიკოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ მოუხსნა არა-თვითმმართველი სტატუსი, დამოუკიდებლობისა და სრული ინტეგრაციის საკითხები კვლავ ღიად რჩება.

ავტონომია ხშირად მიიჩნევა კომპრომისად ცენტრალურ და რეგიონულ ძალებს შორის. თუმცა, მისი ფორმა, მოცულობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ისტორიული გამოცდილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინების მიხედვით. ავტონომიური სტატუსის მინიჭება არ წარმოადგენს პრობლემების საბოლოო გადაწყვეტას – პირიქით, ის ხშირად ხდება ახალი პოლიტიკური დაძაბულობის წყარო, რომელიც მოიცავს თვითგამორკვევის, ეროვნული იდენტობისა და საერთაშორისო სამართლის რთულ საკითხებს. ავტონომია რჩება დინამიურ პროცესად, რომელიც მუდმივად ექვემდებარება გადაწყვეტილებების მიღებასა და მისი განვითარების გზის ძებნას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.statista.com/chart/34171/countries-that-have-autonomous-regions/ ; https://www.statista.com/topics/3512/global-megatrends/ ; https://www.theguardian.com/world/2025/jan/10/no-one-will-stop-our-people-bougainville-president-defiant-in-push-for-independence

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“