პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თანასწორობა თანამდროვე ლიტერატურაში

მსოფლიო ბესტსელერის – „ფრანით მორბენალის“ ავტორის ბოლო რომანებს შიშითა და დიდი ინტერესით გავეცანი. მაინტერესებდა, ხალიდ ჰოსეინი, ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რომლის პირველივე რომანი დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა, რა სიახლეს შემოგვთავაზებდა, თან წარმატებული დებიუტის შემდეგ იმედიც არ მინდოდა გამცრუებოდა. ორი ბიჭის მეგობრობის სულისშემძვრელი ამბავი, ავღანური ფონი პირველ რომანში ხშირად მკითხველსა და ჟურნალისტებს უბიძგებდა, რომ მწერლის ბიოგრაფიასთან გაევლოთ პარალელი. ის კი ხუმრობდა: შემდეგ რომანში ქალებზე ვწერ და მიხარია, რომ აღარავის გაუჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი გამოგონილია და თავს მე არ გადამხდაო.

ხალიდ ჰოსეინი სამივე რომანში დრამატულად აღწერს სცენებს, ოსტატურად ხატავს პერსონაჟებს, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებიც არიან.

რომანში „მთებმა მთებს უთხრეს“ (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი) შშმ პირები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება. ვფიქრობ, ეს სულაც არაა შემთხვევითი. მწერალი მათ წარმოგვიდგენს საკუთარი ვნებებით, ინტერესებითა და ბედით. ისინი საზოგადოების მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი წევრები არიან და სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობენ.

13282174_1345121178848113_1145997920_n

ხალხმა თვალები ჭყიტა და ოხვრა დაგვადევნა, როცა მიხვეულმოხვეულ საცალფეხო გზაზე ჩავიქროლეთ. ზოგი შეჩერდა და მოგვაშტერდა, ზოგმა თითი გამოიშვირა. ვცდილობდი, მათკენ არ გამეხედა. თვალის კუთხით მხოლოდ ერთმანეთში არეულ ფერმკრთალ სახეებსა და დაღებული პირების ერთ დიდ ლაქას ვხედავდი. ბავშვები სკოლის ეზოში გაიფანტნენ, გზა დაგვითმეს. ჩემს ყურს გოგონების კივილის ხმა მისწვდა. გაქანებული ბურთი კეგლის ფიგურებს შორის რომ შეგორდება, დედა ისე შეგრიალდა ეზოში. თან თალიას მიათრევდა. ეზოს კუთხეში გრძელი სკამი იდგა. დედა გზას იქით იკვლევდა. სკამზე ავიდა, თალიაც აიყვანა და სასტვენს სამჯერ ჩაბერა. ყველამ ხმა გაკმინდა.

ეს თალია გიანაკოსია! – დაიყვირა დედამ, – დღეიდან… – შეჩერდა, – ვინც ახლა ტირის, პირი მოკეტოს, სანამ მართლა ტირილის მიზეზი მიმიცია… დღეიდან თალია ჩვენი სკოლის მოსწავლეა. მოველი, რომ წესიერად და ღირსეულად მოექცევით. თუ ჩემს ყურამდე მოაღწევს, რომ რომელიმე დასცინის, იცოდეთ, ვინც არ უნდა იყოს, მწარედ ინანებს. და იცით, რომ ასე იქნება! ამასთან დაკავშირებით მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

სკამიდან ჩამოვიდა. თალიას ხელი ჩასჭიდა და საკლასო ოთახისკენ გაემართა. იმ დღის შემდეგ თალიას ნიღაბი არც სახლში უტარებია და არც კარში.

ეს საბერძნეთია. როგორც ჩანს, მწერალი მიიჩნევს, რომ იქ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა კვლავაც აქტუალურია. განსხვავებული ადამიანის ნახვის სურვილით შეპყრობილი ხალხის რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდება, რომ ერთი პერიოდი ამ პერსონაჟის ყოველდღიური ცხოვრებაც გაჭირდება. ოჯახის წევრებს სახლთან თავმოყრილი ცნობისმოყვარე ქალაქელების მოგერიებაც მოუწევთ.

რომანის მიხედვით, საზოგადოების ცნობიერება ყველაზე მაღალი ამერიკაში ჩანს. შშმ პირებს იქ განსაკუთრებული პატივით ხვდებიან და გარემოსაც მათი ინტერესების გათვალისწინებით ცვლიან:

„ჰექტორი მეზღვაური იყო. სამხრეთ ავღანეთში მსახურობდა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების დროს მძიმე დაზიანება მიიღო. როცა, ბოლოს და ბოლოს, შინ დაბრუნდა, მის შესაგებებლად მთელი კვარტალი გარეთ გამოვიდა. მშობლებმა წინა ეზოს კედელზე წარწერა გააკრეს: კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება! იქაურობა ბუშტებითა და უამრავი ყვავილით მორთეს. როცა ჰექტორის მშობლების მანქანა სახლს მოუახლოვდა, ხალხმა ტაში დასცხო. რამდენიმე მეზობელმა ღვეზელი გამოაცხო. ვიღაცები ჰექტორს მადლობას უხდიდნენ:ღმერთმა დაგლოცოს! აბა, გამაგრდი! ჰექტორის მამა, ცეზარი, რამდენიმე დღეში ჩვენთან მოვიდა და ჩვენთანაც ზუსტად ისეთივე გზა მოვაწყვეთ ინვალიდის ეტლის სამოძრაოდ, როგორიც თავის სახლში ჰქონდა.

განსხვავებული ვითარებაა ამ მხრივ ავღანეთში, სადაც საღარიბეში მცხოვრები ხეიბარი გოგონას ერთადერთი სიხარული ოპიუმის მოწევაა მასზე მზრუნველ ტყუპისცალ დასთან ერთად. ეტლი, რა თქმა უნდა, არ აქვს, რის გამოც გადაადგილება რთულია და მისი ხელში აყვანა უწევთ. ახალგაზრდა ქალის ყოფა ამქვეყნად იმდენად მძიმე და დამთრგუნველია, საბოლოოდ სიკვდილს ირჩევს, რათა მომვლელი „გაათავისუფლოს“ პასუხისმგებლობისგან და გზა გაუხსნას პირადი ბედნიერებისკენ.

მეორე პერსონაჟ მამაკაცს ავღანეთიდან, ქაბულიდან, რომელიც შეძლებული ოჯახიდანაა, მომვლელი აიძულებს ეტლში ჩაჯდომას და გასეირნებას:

„შემოსასვლელიდან ინვალიდის ეტლი შემოვაგორე. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვარწმუნებდი, რომ შეგვეძინა, მაგრამ ვერ ვითანხმებდი. ეს სავარძელი ჩემი ინიციატივით ვიყიდე. დაინახა თუ არა, თავი გააქნია.

– მეზობლების გამო? – ვკითხე მე. – ასე გაღელვებთ მეზობლების აზრი?

ზევით ამიყვანეო, მითხრა.

– სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ მეზობლები, – ვთქვი მე. – კარგი ამინდია და ახლა ჩვენ სასეირნოდ მივდივართ! და თუ არ წავალთ, თუ ამ სახლიდან არ გავაღწევთ, ნამდვილად ჭკუიდან გადავალ და რას მოგცემთ, სულეიმან, ჩემი გაგიჟება? ნუღარ ტირით, რა არის ეს, მოხუცი ქალივით იქცევით!..

ავწიე და ეტლში ჩავსვი. ხან ტიროდა, ხან იცინოდა. თავს აქნევდა და „არა, არაო!“ – იმეორებდა. შალი გადავაფარე და კარისკენ გავაგორე.“

რომანში „მთებმა მთებს უთხრეს“ შეზღუდული შესაძლებლობის ყველა პირი განსაკუთრებული ნიჭით, გარეგნობითა და ხასიათით გამოირჩევა. ერთი მათგანი მწერალი დადგება, მეორე – ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. მომხიბლავი, მამაცი, გულითადი, მხიარული, მეგობრული… – ეს ეპითეტთა მცირე რაოდენობაა, მათ შესახებ რომ შეიძლება ითქვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მდგომარეობის გამო არც ერთი არ ბოროტდება. პირიქით, ადამიანების მიმართ მადლიერებას საქმით გამოხატავენ და ქველმოქმედება ახასიათებთ.

განსაკუთრებული დამსახურება მათ ჩამოყალიბებაში მზრუნველებს, მომვლელებს მიუძღვით. ზოგი ოჯახის წევრია, ზოგი – დაქირავებული, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც რეაბილიტაციის პროცესის საწყის ეტაპზე ხელს უმართავს, რაც დიდ ბიძგს აძლევს შშმ პერსონაჟებს, რომ მომავალში წარმატებებს მიაღწიონ.

და მაინც, რატომ გადაწყვიტა ხალიდ ჰოსეინიმ, 2013 წელს დაწერილ წიგნს ამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პერსონაჟი რომ ჰყოლოდა? პასუხი, ვფიქრობ, ერთ-ერთი პერსონაჟის, პლასტიკური ქირურგის, სიტყვებში უნდა ვეძებოთ:

„მინდა, რომ: თალიასნაირების ხვედრი სხვებისას გავუთანაბრო, სკალპელის ყოველი მოძრაობით შემთხვევითი უსამართლობა გამოვასწორო, მსოფლიო წესრიგს შევეწინააღმდეგო, რომელსაც სამარცხვინოდ მივიჩნევ, და რომლის დროსაც შეიძლება ძაღლის ნაკბენმა გოგონას მომავალი წაართვას, გარიყოს, დაცინვის საგნად აქციოს.“

ხატოვნად რომ ვთქვათ, ჰოსეინი „კალმის ყოველი მოძრაობით“ ცდილობს ყველა პერსონაჟის „გათანაბრებას“ და ვფიქრობ, მშვენივრადაც ახერხებს. მართლაც, რომანის მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის გაჭირდება „მეორეხარისხოვანის“ გამოყოფა, რადგან აქ თითქმის ყველა „მთავარი“ მოქმედი პირია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი