პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროექტი ამოკაწრულ, მაგრამ არდავიწყებულ  კაცზე

მაგიდაზე 1929 წელს გამოცემული დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ტომი დევს. შიდა გვერდზე წარწერაა: „გუძა ცხადაიას წიგნებიდან“, თავფურცელზე – სარედაქციო კოლეგიის წევრთა გვარები: ბუხარინი, კრჟიჟანოვსკი, კუიბიშევი, მოლოტოვი… ეს მოცემულობა უკვე ამოშლის  რეპრესიების მძიმე წლების ასოციაციებს… გახუნებულ, მუყაოიან სასკოლო ფოტოებზე მოსწავლეებს შორის ჩამდგარი კოსტუმიანი მამაკაცის ამოკაწრული სახე ასოციაციებს მტკიცებულებად ენაცვლება.  ამ  წიგნის პატრონი, დიანოზ (გუძა)  ცხადაია გულდაგულ ამოშლილი. მეორე ფოტოს მესაკუთრეს მეტი გაბედულება შერჩენია, ვერ გაუმეტებია „მტერი“-დირექტორი ამოსაკაწრად.

დუშეთის N1 საჯარო სკოლის კარგად მოწყობილ, თანამედროვედ აღჭურვილ ისტორიის კაბინეტში ვიმყოფებით. კაბინეტი ამოკაწრული, მაგრამ არდავიწყებული კაცის სახელს ატარებს. გვესაუბრება ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი ელენე (თინა) პატაშური. რამდენიმე თვის წინ ქალბატონ თინას  ღირსების ორდენი უკვე მეორედ გადასცეს.

– უკვე ორმოცდაათი წელია ამ სკოლაში ვარ და წარმოიდგინეთ, რამდენი მოსწავლე მყავდა. ასაკის მიუხედავად, ძალიან მიყვარს სიახლეები. წყაროებშიც სულ ვიქექები, ათასჯერ წაკითხულში რამე  ახალი და საინტერესო მინდა აღმოვაჩინო, რომ ბავშვებს მივუტანო. დღეს ინტერნეტით იმდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რომ მოსწავლის ინტერესის აღძვრაზე მასწავლებელმა სერიოზულად უნდა იფიქროს და იზრუნოს. ეს სპონტანურად არ მიიღწევა. ამდენი წლის არცთუ ურიგო გამოცდილება მაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან ვფიქრობ გაკვეთილის წარმართვაზე, იმაზე, რა სიახლე შევიტანო, როგორ დავაინტერესო თემით. სხვანაირად სწავლა ვერ იქნება სახალისო. ახლაც ასომთავრულზე სასაუბროდ გადავწყვიტე მიმებაძა ქართველი კალიგრაფებისთვის და „ანის“ მოხატვა დავიწყე, მგონი, გამომივიდა…

– მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობა პრობლემად როდის ექცევა მასწავლებელს?

– ამ პრობლემას სხვადასხვანაირი ფესვები შეიძლება ჰქონდეს. დღეს რით შეიძლება მართო კლასი ისე, რომ არც შეაშინო ვინმე და არც დაემუქრო? ბავშვს თანატოლივით უნდა მოექცე, უნდა იმეგობრო მასთან.  ხანდახან ვკამათობ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან იმაზე, რომ მშობელი და ბავშვი მასწავლებლის ხელქვეითები არ არიან. ასეთი მიდგომა დაუშვებელია. როცა რაღაც არ მოგვწონს, გავიხსენოთ, რომელი თაობის შვილები არიან დღევანდელი მოსწავლეები. მათი მშობლები ის გოგო-ბიჭები არიან სიბნელეში, შიმშილში, შიდა და გარე ომებში რომ გავატარებინეთ ბავშვობა და ყმაწვილობა. ლამის სული და გული გამოვაცალეთ. უკვალოდ არაფერი ჩაივლის და მასწავლებელს უნდა ახსოვდეს ყველაფერი, ახსოვდეს, ვინ საიდან მოდის. სწავლების პროცესში ყველაზე დიდ  რესურსს თავად ბავშვები წარმოადგენენ.  მეექვსე კლასში ქვის ხანის შრომის იარაღებზე ვესაუბრებოდი, ვაჩვენე მოდელები, ჯერ მარტო ქვას რომ იყენებდნენ იარაღად, მერე როგორ მიუმატეს ხის სახელური. მოსინჯეს, აატრიალ-ჩაატრიალეს. მეორე გაკვეთილზე ორმა მომიტანა თავიანთი ხელნაკეთი. ნახეთ, რა კარგად უშრომიათ და მართლაც ზუსტად გამოსვლიათ. აქ, თაროებზე რასაც ხედავთ, მათი ძალისხმევის შედეგია. ერთმა პაპა არ მოასვენა და ქალამანი ამოასხმევინა, მეორემ – ქისა მოქსოვა, მესამემ დოქი ჭიქურით მოიტანა… მე და ჩემი მოსწავლეები ერთად ვდგამთ გაკვეთილ-სპექტაკლებს, ერთად ვქმნით „დეკორაციებსა“ და „მიზანსცენებს“…

– ანუ მასწავლებელი მსახიობიც უნდა იყოს, გაკვეთილი კი – სპექტაკლი…

– რასაკვირველია. განა გაკვეთილი სცენაზე ყოფნა არ არის? ჩემი მაყურებლები და მსმენელები ბავშვები არიან. მერე რა, რომ კლასში ტაში არ ისმის, სამაგიეროდ მათი თვალები, გამომეტყველება მაგრძნობინებს, რომ როლი კარგად შევასრულე… დასვენებებზე ეს კარი ღიაა. მოდიან, მეკითხებიან, მეკამათებიან, ხანდახან შეიძლება განგებ სხვანაირად ვუთხრა რამე, რომ შემეწინააღმდეგონ, თავიანთი პოზიცია დაიცვან. რა არ მომხდარა ამ საკლასო ოთახში, მატყლის დაჩეჩვიდან დაწყებული, ყველის ამოყვანის, ძაფის შეღებვით დამთავრებული. ეს მოსწონთ, ასე ინტერესდებიან, ასე ვსწავლობთ ისტორიას  დღევანდელობასთან კავშირში. მოსწავლემ თავი მნიშვნელოვან პერსონად უნდა იგრძნოს, ასე არ მოწყდება გაკვეთილს, არ მობეზრდება. პროექტში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მოსწავლეების დიდი წვლილია. მეკითხებიან, ახალი პროექტი არ უნდა დავიწყოთო?

– გვიამბეთ პროექტზე, რომელსაც ეს წიგნი, ფოტოები უკავშირდება.

– ერთ დღეს სკოლაში მოგვაკითხა რამდენიმე უცნობმა. როგორც გაირკვა, ერთი მათგანი გახლდათ ნიკოლოზ ცხადაია, კომის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ უხტის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. მან შემოგვთავაზა გვემუშავა ახალ პროექტზე. მამამისის, 1937 წლის რეპრესიების დროს გადასახლებული გუძა ცხადაიას შესახებ მოგვეძიებინა  დუშეთში შემორჩენილი ინფორმაცია. სანაცვლოდ კი  ამ კაბინეტისა და კიდევ სკოლის გარკვეული ნაწილის კეთილმოწყობას დაგვპირდა. წინადადება საინტერესო, მაგრამ არცთუ იოლი იყო. კარგად ვიცნობ დუშეთსა და დუშელებს და ვიცოდი, გუძა ცხადაიას ნამოწაფარებს თითზე ჩამოსათვლელად თუ ვიპოვიდით. მაინც დავთანხმდი… ცდას წინ რა ედგა?

– რა იცოდით და რა შეიტყვეთ ამ პიროვნების შესახებ?

– დიანოზ, იგივე გუძა ცხადაია 1902 წელს ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში დაიბადა. მამამისს სტეფანე ცხადაიას, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1875 წელს მშობლიურ სოფელში, საკუთარ სახლში დაწყებითი სკოლა გაუხსნია, რომელსაც 1905 წლამდე უარსებია. სტეფანეს ექვსივე შვილმა მიიღო განათლება, მათ შორის, დიანოზმაც. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი  დაამთავრა და ჯერ ყაზბეგში, შემდეგ ჩვენს რაიონში გამოუშვეს სამუშაოდ. ცხადია,  პროექტში მოსწავლეები ჩავრთე. ავუხსენი საქმის ვითარება და დავიწყეთ იმ ადამიანების მოძიება და გამოკითხვა, რომლებსაც შეიძლებოდა რამე სცოდნოდათ გუძა ცხადაიას შესახებ. ვიღაც იტყვის, კომპიუტერმა და ამ სიახლეებმა სულ გადარია ბავშვებიო… როგორ გეკადრებათ? ისინი მონდომებით და სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს. როგორც გაირკვა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი1947 წელს ჯერ ყაზბეგის სკოლის დირექტორად დანიშნეს, 1930-1937 წლებში კი დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ამ სკოლას დუშეთში ახალშენის სკოლასაც ეძახდნენ. ის ობოლი და შორი სოფლებიდან ჩამოსული ბავშვების თავშესაფარიც იყო. სკოლა, რომლის დირექტორიც გუძა ცხადაია ყოფილა, აღარ არსებობს, იმ შენობას ახლა საცხოვრებლად იყენებენ. ამიტომ გადაწყდა მემორიალური დაფა აქ, ჩვენს სკოლაში გაკეთებულიყო. მოვიძიეთ ფოტოები, მასალები. დუშეთში სულ ოთხ ადამიანს მივაგენით, ვისაც გუძა ცხადაია ახსოვდა, როგორც განათლებული, სამართლიანი და პრინციპული პედაგოგი. ეს ფოტოები ჩვენთვის ზოგი სხვენიდან, ზოგი ძველი ნივთებიდან მოიძიეს. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გუძა ცხადაია დუშეთში აქაურ ქალზე, 19 წლის ქეთევან  მაჩაბელზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი. ამ პერიოდს დაემთხვა დაუნდობლობითა და სისასტიკით ცნობილი რეპრესიის წლები. გადასახლების მიზეზზე დაბეჯითებით ვერაფერი გვითხრეს. ამბობენ, ლენინის ბიუსტი მაგიდიდან გადაუვარდა და ვიღაცამ დაასმინაო… დაპატიმრებამდე ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში  გადასულა სამუშაოდ, ეტყობა თავი აარიდა აქაურობას. მაგრამ იქაც მოძებნეს და 10 წლით კომის რესპუბლიკაში, ტორფებისა და ჭაობების მხარეში, ნავთობმოპოვებაზე სამუშაოდ გადაასახლეს. სანამ იქიდან დაბრუნდა, მეუღლე და ერთი შვილი გარდაეცვალა. მეორე გოგონას დედის დეიდა ზრდიდა. როგორც ამბობენ, საზოგადოებას მისგან მაინც შორს ეჭირა თავი. „ხალხის მტრის“ იარლიყი მძიმე აღმოჩნდა, ოჯახიც განადგურებული დახვდა… გულგატეხილმა ისევ უკან დაბრუნება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, იქ 10 წელიწადში  მოასწრო მეგობრების გაჩენა. გადასახლებულები უფრო გაგებით ეკიდებოდნენ ერთმანეთს. იქ 1949 წელს გერმანელი ქალი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, ერთ-ერთია ნიკოლოზი, მეორე ვაჟი – ბორისი სოჭში ცხოვრობს. როცა ჩვენს კაბინეტს გუძა ცხადაიას სახელი დაერქვა, მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა ჯილდა ცხადაიამ, რომელსაც დღესაც არ მოუშლია კერა დუშეთში, „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის“ ეს ტომი გვაჩუქა: მამასგან სამახსოვროდ სულ ორი წიგნი დამრჩა და მინდა, ერთი აქ, ამ კაბინეტში გქონდეთო. საერთოდ ქალბატონმა ჯილდამ დიდი მხარდაჭერა გაგვიწია მასალების მოძიებაში. მოკვლეული მასალა თემატურ ჟურნალად ვაქციეთ, ყველაფერს იქ მოვუყარეთ თავი. პროექტის თანაავტორები გახლავართ მე, ჩვენი სკოლის დირექტორი ლალი ებიტაშვილი, ხოლო მონაწილე – მოსწავლეები საბა ნათელაშვილი და ნიკოლოზ კობიაშვილი.

ბატონმა ნიკოლოზმა, დაპირებისამებრ, გაგვირემონტა და მოგვიწყო ისტორიის კაბინეტი, რომელსაც გუძა ცხადაიას სახელი ეწოდა. გარემონტდა სკოლის დერეფანი და დირექტორის კაბინეტი. სკოლის გარეთა კედელზე დამონტაჟდა მემორიალური დაფა. შარშან ოქტომბერში კიდევ გვეწვია  ნიკოლოზ ცხადაია. მისგან ახალი წინადადებაც მივიღეთ: ის მზად არის წელიწადში სამი დუშელი ახალგაზრდა ვაჟის (ცხადია, ჩვენი რეკომენდაციით) იმ უნივერსიტეტში სწავლა უზრუნველყოს, რომლის რექტორიც თავად ბრძანდება.

– ქალბატონო თინა,  რამდენადაც ვიცით, თქვენ ერთადერთი მასწავლებელი ბრძანდებით, რომელმაც  ღირსების ორდენი მეორედ მიიღეთ…

–  ბევრი პედაგოგი იმსახურებს ასეთ ჯილდოებსაც და პატივისცემასაც. განათლების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. თავი არასდროს დამიზოგავს. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ  მასწავლებლობა ჩემთვის  ყველაფერია. ისტორია კი არ მასვენებს. გამოვიდა „ნარკვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიაზე“, მონაწილეობა მივიღე ამ წიგნის, ეგრეთ წოდებულ, ჯვარედინ ანალიზში. ახლაც ვმუშაობ დაღესტნელებისა და დუშელების ურთიერთობის ისტორიაზე. მთავარია, რომ ეს მასალები ეფექტურად გამოვიყენოთ მოსწავლეთა სწავლებაში. გუძა ცხადაიას ცხოვრების ისტორია წარმოადგენს საუკეთესო რესურსს, რომ მოსწავლეებს რეპრესიის თემა ბოლომდე შეაცნობინო, განყენებულად კი არ უამბო რამე, არამედ თავად მიაჩვიო კრიტიკულად აზროვნებას, მათ უნდა გაუჩინო კითხვები და მოაძებნინო პასუხები ამ კითხვებზე: რა ხდებოდა? როგორ შეაფასა ისტორიამ ეს ქმედებები? როგორ იქცეოდა საზოგადოება? რა ღირებულებებია უცვლელი და რა იცვლება? რა დასკვნები გამოგვაქვს ისტორიიდან და კიდევ მრავალი… მოსწავლეს კითხვები არ უნდა ასვენებდეს და სკოლა ამ კითხვებზე დისკუსიის ადგილად უნდა ეგულებოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი