პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

სასწავლო წლის შეჯამება

0

დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს განსხვავებული მიდგომით ვაჯამებთ განვლილ პერიოდს, თავს ვუყრით შექმნილ რესურსებს, მოსწავლეთა მიღწევებს, საკუთარ შეცდომებს, ვფიქრობთ მათი გამოსწორების გზებზე და ა.შ.

რაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, ასეთი რთული და კრიზისული სასწავლო წელი არ მქონია. ამ წერილზე მუშაობაც კი ძალიან მიჭირს. ვეძებ სიტყვებს, რათა წინადადებები ავაწყო და მკითხველამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციაზე, განცდებზე… შეუძლებელია, უყურებდე დამდგარ რეალობას და არ გეუფლებოდეს გაურკვევლობის, შიშისა თუ ბუნდოვანების განცდა.

კანონი დაირღვა და…

ადამიანების (მათ შორის – განათლების სფეროში დასაქმებულთა) ნაწილი დაკავებულებს დამნაშავეებად, კანონის დამრღვევებად მოიხსენიებს და მათთვის თავისუფლების აღკვეთას ამართლებს.

მიხეილ ჯავახიშვილმა დაარღვია კანონი. მან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის 58.8 და 58.11 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები „ჩაიდინა“.  ის დახვრიტეს. სანდრო ახმეტელმაც, კლასიკური გაგებით, დანაშაული ჩაიდინა. მას „ტროიკამ“ „დაუმტკიცა ბრალი“.

დღეს რეპრესირებულ ადამიანებზე ვამბობთ, რომ ისინი სისტემის, უსამართლობის, ჩაგვრის, რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ. მაშასადამე, ვაღიარებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა, ძალაუფლების მპყრობელმა წმინდა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით დასაჯოს მოქალაქე, მაგრამ ისე, რომ მას არ ჰქონდეს დანაშაული. შესაძლოა, მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ხვდებოდა პოლონეთის ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ ამით ის კონტრრევოლუციურ საქმიანობას არ ეწეოდა…

„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

კითხვა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება“ ყველაზე უკეთ შეესაბამება დღევანდელ ქართულ რეალობას. ჩვენ, ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებმა, ყველაზე ხშირად უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები იმ პლატფორმიდან, საიდან საუბარი თუ აზრების გავრცელებაც ჯერ კიდევ შეგვიძლია.  მე ხშირად ვეკითხები გარშემო მყოფებს: „ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? ასეთი საზოგადოების მშენებლობისთვის ვიხარჯებით? ეს არის ის ბედნიერი ქვეყანა, სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მოსწავლეებმა, მთელმა საზოგადოებამ? ეს არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვს მინიმალურ დაკვირვებას, დაფიქრებას, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სამართლის ცოდნას.

უსასრულო წყვდიადში სინათლე განათლებას შემოაქვს. სწორედ განათლებას შეუძლია, გაარღვიოს მოჯადოებული წრე, აგვიხილოს თვალი, მოგვცეს შესაძლებლობები ინდივიდებსა თუ ქვეყანას. განათლებისადმი მიძღვნილ წერილში ილია ამბობს: „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“.

იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ანუ ავანთოთ სანთელი წყვდიადში, უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, მოვლენებს მიუკერძოებლად შევხედოთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავძლიოთ შიში.

 რა არის შიში?

ჩვენ გვაქვს გამონათქვამი „შიში ოხერია“.

მაგალითად, მიდიხართ ქუჩაში, ხედავთ თავახდილ ჭას ან დაზიანებულ გზას, გინდათ, ფოტო გადაუღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთოთ, მონიშნოთ შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასე აცნობოთ პრობლემის შესახებ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, რადგან გეშინიათ, რომ ინტრიგანობას დაგდებენ ბრალად.

გავიხსენოთ ედმუნდ ბრეიკის სიტყვები: „კარგი ადამიანების უმოქმედობა საკმარისია ბოროტების გასამარჯვებლად“.

მაგალითად, ხართ მასწავლებელი და არ მოგწონთ სასწავლო პროგრამა ან სახელფასო პოლიტიკა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთ. რატომ? გეშინიათ, ვინმემ ცუდად არ გაიგოს თქვენი უკმაყოფილება და არასასურველი იარლიყი არ მოგაწებოთ.

ან მშობელი ხართ და არ მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში არსებული სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ, რადგან შესაძლოა, თქვენი შვილი აითვალწუნონ, გარიყონ, საჯაროდ გაკიცხონ.

შიში მუდმივად მუშაობს.

შიშის გამო ვერ ვბედავთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ კოლეგა მასწავლებელს, რომელსაც 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შიშია ისიც, რომ ასეთ წერილებს კითხულობთ, გულის სიღრმეში ეთანხმებით ავტორს, მაგრამ ვერ აზიარებთ…

ვოლტერს უთქვამს: „ვინც შენს აზროვნებას აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ქმედებებსო“, – და მართალიც ყოფილა. ის, ვინც შიში ჩაგვინერგა, თამამად აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს.  „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“, – ამბობს რუზველტი.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ჩემი დანიელი მეგობრები ბოლო ხანს გამუდმებით მკითხულობენ და ემოციურ მხარდაჭერას მიცხადებენ. ის, რაც აქ ხდება, მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ. რატომ? იქ ადამიანი, პიროვნება უმაღლესი ფასეულობაა. დანია საქართველოზე პატარა ქვეყანაა საქართველოზე ნაკლები პოტენციალით, მაგრამ განათლებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლო, სამაგალითო სახელმწიფოდ ქცეულიყო. დანიაში ვერასოდეს გაიგონებთ ასეთ ფრაზებს:

– სამსახური რომ დავკარგო, რა მეშველება?

– უმუშევარია და რა ქნას, წამალი როგორ იყიდოს?

– ექიმთან როგორ წავიდეს, საჭმელზეც არ ჰყოფნის ფული.

– 24 საათი მუშაობს და მაინც უჭირს.

– სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს.

– პენსია წამლებზე არ ჰყოფნის, საჭმელი რით იყიდოს?

– მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო…

აი, ამ პრობლემებზე და ბევრ სხვაზეც ფიქრობს სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და კანონი – მართლა უზენაესი.

დღეს მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას უდგას ეგზისტენციალური საფრთხე – საფრთხე საკუთარი სახის დაკარგვისა, ღირებულებებზე უარის თქმისა, ემპათიის უნარისგან სრულიად გაძარცვისა. ჩვენი უმოქმედობით უფრო და უფრო ვშორდებით შოთას, ილიას, ვაჟას… ვშორდებით იმ გმირებსა და მათ სულისკვეთებას, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, მეგობრობისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის…

სტატიას ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დავასრულებ: „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოვლინდება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია“.

„ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“

0

კითხვის გაწაფულობაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

 

გაკვეთილის მიზანი: გაგება-გააზრების სტრატეგიებით ტექსტის წაკითხვა და კითხვის გაწაფულობაში ვარჯიში (მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, მის გააზრებას და გაწაფულად წაკითხვას)

წინარე ცოდნა: მოსწავლეები კითხულობენ მათი ასაკისა და ცოდნის შესაბამის სასწავლო ტექსტებს, შეუძლიათ მათი გააზრება და გამომუშავებული აქვთ ასეთი ტექსტების გაწაფულად წაკითხვის უნარები.

სასწავლო პერიოდი: მესამე-მეოთხე კლასი, 2 გაკვეთილი (90 წუთი)

გამოსაყენებელი რესურსი: ტექსტი „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“,  ტექსტის ილუსტრაციები, სამუშაო ფურცლები.

გაკვეთილის ქარგა:

  1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
  2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით
  3. სიტყვებზე დაკვირვება
  4. დამოუკიდებელი კითხვა, კითხვებზე პასუხი
  5. გაწაფული წაკითხვის აქტივობა
  6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაციის აღძვრა, საჭირო ლექსიკის წინასწარ დამუშავება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა და წასაკითხი ტექსტის ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გაცნობა ბავშვებს ტექსტის აღქმაში დაეხმარება.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წასაკითხი ტექსტის „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“ ერთ-ერთ საკვანძო ილუსტრაციას და ეკითხება, რას ხედავენ მასზე.

ბავშვები ასახელებენ ყველა საგანს: ხე, ქუდი, ბიჭი, გოგო, ფოთლები…

შემდეგი ინტერაქცია შესაძლოა წარიმართოს შემდეგნაირად:

– რას აკეთებენ ბავშვები?

– ხეს უყურებენ?

– რატომ უყურებენ ხეს?

– იმიტომ, რომ ხეზე ქუდია.

– როგორ ფიქრობთ, ვისი ქუდია ხეზე?

– პირველი ბავშვის… მეორე ბავშვის?

– როგორ ხასიათზე არიან ბავშვები? უხარიათ? არ უხარიათ?

– როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ ტექსტში? რაზე იქნება ეს ამბავი?

აქტივობა 2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით

აქტივობის მიზანი: ტექსტის გაწაფულად წაკითხვის მოდელირება და მის გააზრებაში დახმარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: მასწავლებლის მიერ სამოდელო წაკითხვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ წაკითხვის საუკეთესო მაგალითს. ამასთან ერთად, მასწავლებელი ეხმარება მათ ტექსტის სათანადოდ გააზრებაში.

მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით, ხმამაღლა, ზომიერი სიჩქარით, სწორად, ინტონაციით, პაუზების დროს განმარტავს და აზუსტებს ზოგიერთ სიტყვას, სვამს კითხვებს ტექსტის უკეთ გაგების მიზნით და ეხმარება მოსწავლეებს პასუხების გაცემაში.

ტექსტის კითხვის დროს პაუზების შერჩევა დამოკიდებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე.

აქტივობა 3. სიტყვებზე დაკვირვება

აქტივობის მიზანი: სიტყვების მნიშვნელობაზე დაკვირვება და მათი დამახსოვრება

ვრცლად

ქვის კედლის სიმღერა — ჰელენ კელერის გახსენება

0

2018 წლიდან მოყოლებული, ივნისის ბოლო კვირას საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული იმართებოდა, ძალისხმევას არ ვიშურებდი ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და მკვლევრის ჰელენ ადამს კელერის (1880-1965) ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და იმის შესახსენებლად, რომ სმენისა და მხედველობის ერთდროული უქონლობის შემთხვევაშიც კი ადამიანი ადამიანად რჩება და შესწევს საკუთარი შესაძლებლობების გაფურჩქვნისა თუ წარმოჩენის უნარი.

ჰელენ კელერმა 2 წლამდე სრულიად დაკარგა სმენაც და მხედველობაც, მაგრამ მშობლებისა და თავდადებული პედაგოგის ენ სალივანის დახმარებით მან სრულყოფილი განათლება მიიღო და ბევრისთვის იქცა შუქურად, გზის მაჩვენებლად, მაგალითად.

„ჩემი ცხოვრების ისტორია“, „სამი დღე ხედვისთვის“, „შუქი ჩემს წყვდიადში“, „ოპტიმიზმი“, „სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ“, „მასწავლებელი – ანა სალივანი, მეისი“, „ღია კარი“, „სიბნელის მიღმა“, „ოპტიმიზმთან ერთად“, „შუამდინარე – ჩემი შემდგომი ცხოვრება“, „ქვის კედლის სიმღერა“, – ეს ჰელენ კელერის წიგნების არასრული ჩამონათვალია.

მისი ცხოვრება ახალი მითი და რეალობაა, რომელიც შთაგვაგონებს, რომ გზა მდუმარე წყვდიადშიც არსებობს, სამყაროს შეცნობის სურვილი და ცოდნისკენ სწრაფვა კი მას ანათებს.

ბევრგან არის ხაზგასმული ჰელენ კელერის მოღვაწეობის კონტექსტი. ის წერდა მაშინ, როცა ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრული ხმის უფლება, როცა შეზღუდვების მქონე ადამიანები ხშირად უჩინრად ცხოვრობდნენ. მისი შემოქმედება, ამდენად, უფრო მეტ მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს და ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე დაჩრდილული სხეულიდანაც კი შეიძლება გამოკრთეს სინათლის სხივი.

ჰელენმა სწორედ ეს დაამტკიცა: ესა თუ ის ფიზიკური მდგომარეობა ჩვენს არსებობას უნიკალურად აქცევს, თუ შევძელით, ჩვენი შინაგანი სამყაროს, გონებისა და სულის სიღრმეებიდან მომდინარე ხმა სამყაროსთვის გასაგები გავხადოთ და სხვების მეგზურად ვაქციოთ.

ვიდრე მისი „ქვის კედლის სიმღერის“ შესახებ ვიტყოდე რამეს, ვცადოთ, თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ, რას მოუყვებოდა ქვის კედელი ჰელენის ხელებს, რომლებიც იყო მისი თვალიც, ყურიც და სამყაროს გასაღებიც.

ჩემს ელექტრონულ მეგობარს ვკითხე, ამ ტექსტზე რას მეტყვი-მეთქი და ისიც არ დამზარდა: „ქვის კედლის სიმღერა“ (The Song of the Stone Wall) ჰელენ კელერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღრმა პოეტური პროზააო. ვერ დავეთანხმები. „I sing the song of the stone wall / …I, the wall, have seen them all“ – ამგვარი ტექსტი როგორ არ არის პოეზია?! პოეზია პიროვნებისა, რომელსაც არ ესმის, არც რხევების დანახვა შეუძლია, მაგრამ სიტყვა-ფრაზების ამგვარი მუსიკალურობისთვის მიუღწევია?! ჟღერს მიძღვნაც, რომელიც ლექსს აქვს წამძღვარებული. მის თარგმანს უცვლელად მოვიყვანთ. ჰელენი წერს:

როდესაც „ქვის კედლის სიმღერის“ წერა დავიწყე, დოქტორი ედვარდ ევერეტ ჰეილი (Dr. Edward Everett Hale) ჯერ კიდევ იყო ჩვენ შორის და ვაპირებდი, მისთვის მიმეძღვნა ეს ლექსი, თუკი გამოცემის ღირსად ჩაითვლებოდა. ვთვლიდი, რომ მოეწონებოდა, რამდენადაც უყვარდა ძველი კედლები და მათდამი ტრადიციებიც. როდესაც ვცდილობ იმ ადამიანების წარმოდგენას, რომლებმაც კედლები ოდესღაც ააშენეს, თვალწინ მეხატება დოქტორი ჰეილი, როგორც ახალი ინგლისის დამფუძნებელთა გმირობის ცოცხალი განსახიერება.  იგი გახლდათ დიადი ამერიკელი, ჭეშმარიტი პურიტანელი – ღრმა რწმენისა და მაღალი მორალური პრინციპების ადამიანი. მისი ბაგეებით ღაღადებდა წინაპრების გულმოდგინება და გული უძგერდა მათეული გამბედაობით. განა მათვე არ დაუტოვეს ჩირაღდანივით მოგიზგიზე რწმენა, მოუღლელად შრომის პათოსი და თანასწორობის იდეალი?

მაგრამ, იმავდროულად, მისი ნათელი სული არ ატარებდა პურიტანულ სიმკაცრესა და სევდას. საკუთარი სულის ფანჯრები სიხარულევანი რწმენის მზისთვის გაეღო. მისი რწმენა და გულთბილი იუმორი სხვებს ახარებდა და გონიერებას აღუძრავდა, ძველი ამბებით მათ გონებას ახალი აზრების მისაღებად ამზადებდა, ხოლო იგავებით უხსნიდა გულებს სითბოსა და თანაგრძნობისთვის. ყველას უყვარდა იგი, რადგან თავადაც უყვარდა ყველა. ყველამ უწყოდა: მისი გული მათი ბედნიერებისთვის ილტვოდა და დიდი ადამიანურობით ყველას ტკივილს იზიარებდა. მასში სუსტნი მეგობარს პოულობდნენ, დაუცველნი კი – მფარველს. მშვიდობის მქადაგებელი იყო, მაგრამ მტკიცედ და გულწრფელად იბრძოდა სამართლიანობის სახელით. მისი დიდებულება აღძრავდა არა მხოლოდ აღტაცებას, არამედ სიმშვიდესა და სიახლოვის გრძნობას – ღმერთთანაც და ერთმანეთთანაც.

თავისი წინაპრების მსგავსად, იგიც ოცნებობდა თავისუფალი ქვეყნის შექმნაზე – ქვეყნისა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის სიყვარულსა და ადამიანთა ძმობაზე. ქვეყანისა, რომელშიც თითოეული ადამიანი მიაღწევს საკუთარ ბედნიერებას და ისწავლის ცხოვრების უმთავრეს ხელოვნებას – თვითდამკვიდრებას და მოყვასის დახმარებას.

ასეთ ფიქრებში იბადებოდა და იძენდა ფორმას ჩემი ლექსი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიმაჩნია, რომ იგი მას მივუძღვნა. ამ გზით გამოვხატავ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც მასთან მაკავშირებს მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ თავის პატარა ბიძაშვილად მომიხსენია.

რენთემი, მასაჩუსეტსი,

იანვარი, 1910“

ჩემთვის ჰელენი მუდმივი ბრძოლის, თავისუფლების, შეუპოვრობის, განათლებისკენ სწრაფვის სიმბოლოა და შეხსენებაც იმისა, რომ თითოეულ ამ ღირებულებას ფასი და ძალა არასდროს დაეკარგება, ისინი ყოველთვის გვაპოვნინებენ გზას და დაგვანახებენ სინათლეს, რაოდენ ბნელშიც არ უნდა გვიხდებოდეს არსებობა, გაგვაგონებენ სიმართლის ხმას, რომელიც ყველა სხვა ხმაზე უფრო ძლიერი და მარადიულია და ვერც ვერასოდეს ჩაახშობს ვერარა ძალა. ისინი მდუმარედაც აჟღერდებიან და გააცოცხლებენ ისტორიებს, როგორც ქვის კედლები – სმენა- და მხედველობაწართმეული ადამიანების ხელებში.

 

 ,,ქვის კედლის სიმღერა” –https://ia802302.us.archive.org/7/items/songofstonewall00kellrich/songofstonewall00kellrich.pdf

,,ფისო ფეფე” – საანბანო პერიოდის გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

0

საანბანო პერიოდის გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

გაკვეთილის მიზანი: ფ ასო-ბგერის შესწავლა (ცნობა და დაწერა, მთლიანი სიტყვების ცნობა, ლექსიკური მარაგის (ძაფი, ფაფა, სუფრა…) გამდიდრება, გაწაფული კითხვის უნარის გავარჯიშება

მოსწავლეები შეძლებენ ახალი ასო-ბგერის ამოცნობასა და დაწერას, ამ ასოს შემცველი სიტყვების დეკოდირებასა და ცნობას, ახალი ლექსიკური ერთეულების ამოცნობას, მცირე ტექსტის წაკითხვას.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები ცნობენ ქართული ანბანის ასოთა გარკვეულ რაოდენობას და შეუძლიათ მათი გამოყენებით შედგენილი სიტყვებისა და წინადადებების დეკოდირება; შეუძლიათ ხშირად შემხვედრი სიტყვების ცნობა (დეკოდირების გარეშე წაკითხვა); გამომუშავებული აქვთ გაწაფული კითხვის საწყისი უნარები.

სასწავლო პერიოდი: სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეხუთე-მეექვსე თვე

გამოსაყენებელი რესურსი: პოსტერი „სოფო და ფეფო“, ტექსტი „ფისო ფეფო“, სიტყვის ბარათები, სამუშაო ფურცლები

გაკვეთილის ქარგა:

  1. წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება
  2. საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)
  3. სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები
  4. წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა
  5. წიგნის სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა
  6. ტექსტში ასო „ფ“-ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება
  7. ფ ასოს წერაში გავარჯიშება
  8. სიტყვის ბარათებით ვარჯიში
  9. დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა
  10. პოსტერის „ფეფოს სუფრა“ დამზადება და პრეზენტაცია
  11. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის თემას, საკვანძო სიტყვებს.

აქტივობის საჭროების დასაბუთება: ილუსტრაციაზე დაკვირვება აღძრავს მოტივაციასა და ინტერესს, აადვილებს საჭირო ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ილუსტრაციას (დანართი 1) და წარმართავს ინტერაქციის მოდელირებას. სვამს შეკითხვას, უპასუხებს და ხელს ადებს დასახელებულ საგანს.

– ეს ვინ არის? ეს არის გოგო. რა ჰქვია ამ გოგოს? სოფო. ვინ არის ეს? ეს არის სოფო. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ეს არის სოფო.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა იმეორებენ წინადადებას. ამის შემდეგ ინტერაქცია წარიმართება კატაზე:

– ეს რა არის? ეს არის ფისო…

– კატა, მასწავლებელო!..

– დიახ, ეს არის კატა… კატა=ფისო… ეს არის ფისო… რა ჰქვია ამ ფისოს? ფისოს ჰქვია ფეფე. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ფისოს ჰქვია ფეფე… გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე.

– გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე.

მასწავლებელი ხელს ადებს საგანს (თავდაპირველად – გოგოსა და ფისოს ილუსტრაციას, შემდეგ – სხვა საგნებსაც), ხმამაღლა ასახელებს და სთხოვს მოსწავლეებს, ხმამაღლა გაიმეორონ მასთან ერთად. შემდეგ შეცდომით ასახელებს საგანს, მოსწავლეებმა კი უნდა ამოიცნონ შეცდომა და საგანი სწორად დაასახელონ.

ამ მიდგომით დასახელდება და გავარჯიშდება შემდეგი საგნების აღმნიშვნელი სიტყვები: სოფო, ფისო ფეფე, ფუმფულა კუდი, შარფი, ცისფერი ძაფი, ყავისფერი ძაფი, ვარდისფერი ძაფი.

აქტივობა 2. საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმახსოვრებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.

აქტივობის საჭროების დასაბუთება: ნაცნობი სიტყვები აადვილებს დეკოდირების პროცესს და ხელს უწყობს მთლიანი სიტყვების ცნობას.

მასწავლებელი მიმართავს სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომას და იძლევა შემდეგი სახის მითითებებს:

– თუ ეს არის სოფო, ადექით ფეხზე (თან ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ხელით ანიშნებს მოსწავლეებს, რომ ადგნენ)… თუ ეს არის ფისო, დასხედით (ხელს ადებს ფისოს ილუსტრაციას და თან ხელით ანიშნებს დასხდომას).

ამავე სტრატეგიას მასწავლებელი იმეორებს შეცდომით, ანუ ინსტრუქციის მიცემისას ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ასახელებს ფისოს. ამ დროს, რასაკვირველია, მოსწავლეებმა არ უნდა შეასრულონ ინსტრუქცია.

ამის შემდეგ მასწავლებელი ამატებს სიტყვებს: შარფი, ფუმფულა კუდი, და იმავე პრინციპით ავარჯიშებს ბავშვებს, ოღონდ უკვე ამ სიტყვების გამოყენებით. ბოლოს კიდევ დაამატებს სიტყვებს. შესაბამისად, სრული ფიზიკური რეაქციის აქტივობამ შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:

– თუ ეს არის გოგო, ბიჭები ადექით ფეხზე… თუ ეს არის ფისო, გოგონები ადექით ფეხზე… თუ ამ ფისოს ჰქვია ფეფე, ასწიეთ ხელები… თუ ეს არის ვარდისფერი ძაფი, დაუკარით ტაში…

ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც რთავს. მოსწავლეთა შერჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ინფორმაციას მიიღებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის (მოსწავლეთა ინტერაქციაზე დაკვირვება) გამოყენებით:

– თუ ეს არის ფეფე, ნარინე, მოდი ჩემთან!.. თუ ეს არის ფუმფულა კუდი, ჰუსეინ, ადექი ფეხზე…

სასარგებლოა ამ პროცესში მოსწავლეების კიდევ უფრო გააქტიურება. მასწავლებელი შეარჩევს მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლის როლს შეასრულებს: ხელს დაადებს საგანს, დაასახელებს და სხვა მოსწავლეები გაიმეორებენ; მერე შეცდომით დაასახელებს საგანს და მოსწავლეებმა უნდა გაუსწორონ. მოსწავლეთა შერჩევა დაეყრდნობა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა მოსწავლეს აქვს ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მასწავლებელმა არც სხვები უნდა გააწბილოს, მორცხვი მოსწავლეები კი მეტი წახალისებით უნდა გაააქტიუროს.

მეთოდიკური წიაღსვლა: ამ მიდგომით, გამოყენებული ფრაზების შინაარსი მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ მოქმედებებით: ადექით ფეხზე, გამოდი დაფასთან, დაუკარით ტაში, ასწიეთ ხელები. ვინაიდან სრული ფიზიკური რეაქციის მეთოდის გამოყენებიმასწავლებლები მუშაობენ როგორც საანბანო, ისე წინასაანბანო პერიოდშიც, ეს ფრაზები მოსწავლეებს უკვე კარგად ექნებათ დასწავლილი და მოქმედების ჩვენების გარეშეც ამოიცნობენ დასწავლილ ფრაზებს. აქ ძალიან სასარგებლოა ახალი ფრაზით გამდიდრებაც, მაგალითად, ვაჩვენოთ და გავაკეთებინოთ: თავზე დაიდეთ ხელი, დააბაკუნეთ ფეხი… მოსწავლეთა მოტივირების მიზნით შესაძლოა, მასწავლებელმა გაამრავალფეროვნოს აქტივობა, მაგალითად, ფურცლებით დაფაროს პოსტერზე მახსოვრებული საგნები და ისე ამოცნობინოს ბავშვებს.

 

აქტივობა 3. სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოახერხებენ ზეპირ სიტყვებში ბგერა „ფ“-ს ზუსტ იდენტიფიცირებას.

აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გამოკვეთონ ზეპირ სიტყვაში კონკრეტული ბგერა (ამ შემთხვევაში – „ფ“), რათა ის ადვილად დაუკავშირონ მის ვიზუალურ გამოსახულებას – ასოს.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ ადებს ხელს საგნებს და ასახელებს სიტყვებს, ჯერ – მითლიანად, შემდეგ – დამარცვლით. მოსწავლეები იმეორებენ დამარცვლილ სიტყვებს.

– სოფო, სო-ფო; ფეფე, ფე-ფე; შარფი, შარ-ფი; ძაფი, ძა-ფი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა…

შემდეგ კიდევ დამარცვლის სიტყვებს, თან ითვლის მარცვლებს:

– სოფო, სო-ფო, 2 მარცვალი; ფეფე, ფე-ფე, 2 მარცვალი; შარფი, შარ-ფი, 2 მარცვალი; ძაფი, ძა-ფი, 2 მარცვალი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა, 3 მარცვალი.

მარცვლების თვლის დროს მასწავლებელი ხელის თითებსაც იყენებს.

ამის შემდეგ მასწავლებელი ბგერა-ბგერა ამბობს თითოეულ სიტყვას, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, წარმოთქვან მთლიანი სიტყვა და მიუთითონ ილუსტრაციაზე. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც გაიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან.

ამ უნარის განსამტკიცებლადაც მასწავლებელი უფრო მეტად ააქტიურებს მოსწავლეებს – გაიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან/პოსტერთან და ახლა მოსწავლე დაასახელებს ბგერა-ბგერა სიტყვებს, ხოლო თანაკლასელები გაიმეორებენ.

ამის შემდეგ მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, ამოიცნონ ბგერა ფ-ს ადგილი თითოეულ სიტყვაში:

– ფისო, ფი-სო, ფ-ი-ს-ო… რომელი ბგერაა აქ „ფ“?

– პირველი…

– ძაფი, ძა-ფი, ძ-ა-ფ-ი… აქ რომელია „ფ“?

– მესამე…

ბგერებით მანიპულაციების დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ბგერათა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი ილუსტრირებული ბარათებიც (დანართი 2).

მეთოდიკური წიაღსვლა: ფონოლოგიური კომპეტენციის (ამ შემთხვევაში – ბგერებად დაშლა) გამომუშავებასთან ერთად, აქცენტი მუდმივად უნდა დაისმოდეს ბგერების სწორად აღქმასა და წარმოთქმაზე ანუ ფონეტიკურ კომპეტენციაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის მიერ თითოეული სიტყვის ხაზგასმით და სწორად წარმოთქმას და „საჭირბოროტო“ ბგერებზე ყურადღების გამახვილებას. მით უმეტეს, ამ გაკვეთილზე სამიზნე ბგერა სწორედ ასეთი სირთულის ბგერაა.

აქტივობა 4. წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა

აქტივობის მიზანი: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები გაააქტიურებენ ლექსიკურ ერთეულებს, მოემზადებიან ტექსტის წაკითხვა-გააზრებისთვის.

აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ. ამისთვის კი ილუსტრაციების გამოყენება ძალიან სასარგებლოა. გარდა ამისა, ეს აქტივობა იწვევს მოსწავლეთა მოტივირებასა და ინტერესს წასაკითხი ტექსტის მიმართ. ამასთან, მოსწავლეები, ფაქტობრივად, ზეპირად გაივარჯიშებენ წინადადებებს, რომლებსაც შემდეგ წაიკითხავენ.

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ათვალიერებს წიგნის ილუსტრაციებს (თუ წიგნები არ აქვთ, უნდა გამოიყენონ მე-3 დანართის ამობეჭდილი ვერსია) და მოკლედ აღწერს მათ. აღწერა წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში – მოსწავლეები უპასუხებენ ილუსტრაციების მიხედვით დასმულ მასწავლებლის კითხვებს. ამ დროს მოსწავლეები, ფაქტობრივად, იმავე წინადადებებს ამბობენ, რომლებსაც ამის შემდეგ ერთობლივად წაიკითხავენ.

 

აქტივობა 5. წიგნის (ტექსტის) სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ ტექსტს.

აქტივობის საჭიროება: ტექსტის წაკითხვა ამ გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამისთვის სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა ყველაზე მძლავრი დამხმარე საშუალებაა.

მასწავლებელი ხელის გაყოლებით ხმამაღლა კითხულობს დაფაზე გაკრულ ტექსტს (უნდა დამზადდეს მე-3 დანართის მიხედვით). მოსწავლეები აკვირდებიან და ყურადღებით უსმენენ.

ამის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს ტექსტის ერთობლივი წაკითხვის ვარიაციებს:

  • მასწავლებელი ხმამაღლა და ხელის გაყოლებით კითხულობს თითოეულ წინადადებას, ხოლო მოსწავლეები იმეორებენ;
  • მასწავლებელი და მოსწავლეები ხმამაღლა ერთად კითხულობენ ტექსტს, რომელსაც მასწავლებელი ხელს აყოლებს.
  • მასწავლებლები და მოსწავლეთა ნაწილი (ბიჭები, გოგოები, შარვლიანები, შავთვალები…) ერთად კითხულობენ ტექსტს, რომელსაც მასწავლებელი ხელს აყოლებს;
  • მასწავლებელი ხელს აყოლებს ტექსტს, მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ერთად.

აქტივობა 6. ტექსტში ასო -ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმახსოვრებენ ასო „ფ“-ს.

აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დასწავლა ამ გაკვეთილების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამასთან, ასოების შემოხაზვა-გახაზვა მოსწავლეებს წერისთვისაც ამზადებს.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ უთითებს დიდ ქაღალდზე ან დაფაზე დაწერილ ტექსტზე და თითოეულ სიტყვაზე, რომელშიც არის „ფ“. შემდეგ ერთ „ფ“-ს გაუსვამს ხაზს და მოსწავლეებს სთხოვს, იპოვონ შემდეგი „ფ“. ამისთვის ის მოსწავლეებს დაფასთან გაიძახებს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირებით (სააფთიაქო ქსელში გავრცელებული ყელში ჩასახედად გამოსაყენებელი ქაღალდშემოკრული თხელი ხის ფირფიტები), რომლებზეც წერია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი. ამ ჩხირებს მასწავლებელი უყენებს მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევისთვის, რათა ყველა მოსწავლე მოლოდინის რეჟიმში იყოს ამა თუ იმ აქტივობისას).

გახაზვის შემდეგ შეიძლება შევთავაზოთ ამავე ასოების შემოხაზვაც, გაფერადებაც. ეს დამოკიდებული იქნება კლასში მოსწავლეთა რაოდენობასა და მათ საჭიროებებზე.

აქტივობა 7. ფ ასოს წერაში გავარჯიშება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები სწორად დაწერენ ახალ ასოს.

აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დაწერა გაკვეთილის (გაკვეთილების) ერთ-ერთი მიზანია. ამასთან, წერა ხელს უწყობს კითხვასაც (რაც უფრო დააკვირდება ადამიანი ასოს წერის პროცესში, მით უკეთ ამოიცნობს მას კითხვისას) და პირიქით.

მასწავლებელი ახალი ასოს დაწერის სხვადასხვა აქტივობას მიმართავს:

  • დაფაზე დაწერს დიდ ასო „ფ“-ს შემოაყოლებს თითს იმ მიმართულებით, როგორც იწერება ასო (ამ დროს მასწავლებელმა შეიძლება ხმამაღლა გაახმიანოს თავისი ქმედება: ვიწყებთ აქედა, მოვამრგვალებთ, შემდეგ კიდევ მოვამრგვალებთ და ბოლოს კიდევ მოვამრგვალებთ);
  • დაფაზე გაკრულ დიდ „ფ“-ზე მოსწავლეები შემოატარებენ თითს სათანადო მიმართულებით. მასწავლებელმა ამ დროსაც შეიძლება გამოიყენოს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირები ან ის მოსწავლეები მიიწვიოს დაფასთან, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ;
  • მოსწავლეებისკენ ზურგით მდგარი ხელაწეული მასწავლებელი ჰაერში მოხაზავს „ფ“-ს, ხოლო მოსწავლეები გაიმეორებენ;
  • მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 4), რომელზეც აფერადებენ ასოს, ამოწერენ რამდენიმე „ფ“-ს, სიტყვას… ილუსტრაციების მიხედვით ჩაწერენ საჭირო სიტყვას.

 

აქტივობა 8. სიტყვის ბარათებით ვარჯიში

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ/ამოიცნობენ საკვანძო სიტყვებს.

აქტივობის საჭიროება: მთლიანი სიტყვების ცნობა ეხმარება მოსწავლეს ტექსტის წაკითხვაში, შექმნაში.

მასწავლებელი მოსწავლეებს ავარჯიშებს სიტყვების (დანართი 5) ამოკითხვაში. ამ მიზნით იგი:

  • აჩვენებს ბავშვებს სიტყვის ბარათებს, კითხულობს ხმამაღლა სწორად, ბავშვები იმეორებენ წაკითხულ სიტყვას;
  • აჩვენებს სიტყვის ბარათს და ხმამაღლა ამბობს ამ სიტყვის პირველ მარცვალს, მოსწავლეები კი ასრულებენ სიტყვას;
  • შეცდომით კითხულობს ნაჩვენებ ბარათს, მოსწავლეებმა კი სწორად უნდა წაიკითხონ;
  • აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, ბარათები მიაკრან შესაბამის ილუსტრაციას.

აქტივობა 9. დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაჭრილ წინადადებებს გააერთიანებენ ტექსტად.

აქტივობის საჭიროება: წინადადებების/სიტყვების აწყობა მოსწავლეებს ეხმარება, ერთი მხრივ, ტექსტის შედგენაში, მეორე მხრივ კი ამ ტექსტის ამოკითხვაში. ეს აქტივობა ერთგვარად ვარჯიშია კითხვაშიც და წერაშიც.

მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლების (დანართი 6) გამოყენებით, რომლებზეც უნდა დააკრან ამოჭრილი სიტყვები და შეადგინონ მცირე ტექსტი მოდელის მიხედვით.

აქტივობა 10. პოსტერის ფეფოს სუფრადამზადება და ნამუშევრების პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დავალების შესრულებისას გამოიყენებენ ახალნასწავლ ასოს წერისა და კითხვის კონტექსტში.

აქტივობის საჭიროება: ათვისებული უნარის (ახალი ასოს ცნობა და დაწერა) დავალების შესასრულებლად პრაქტიკული გამოყენება უზრუნველყოფს ამ უნარის სიცოცხლისუნარიანობას.

მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 7) წყვილებში ან მცირე ჯგუფებში. მათი მიზანია, „გაშალონ“ ფისო ფეფოს სუფრა. ამისთვის სახელები უნდა დააწერონ სამუშაო ფურცელზე შეთავაზებულ საგნებს, ამოჭრან და „სუფრაზე“ დააწებონ.

მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს და აძლევს პოზიტიურ უკუკავშირს (ყოჩაღ! ძალიან კარგი ნამუშევარია! მიხარია თქვენი სიყოჩაღე! – და სხვ.)

მოსწავლეები წარმოადგენენ უკვე შევსებულ სამუშაო ფურცლებს. ასახელებენ, რა დააწყვეს (რძე, ფაფა) და რა არა (ძაფი, დაფა) ფისო ფეფოს „სუფრაზე“.

აქტივობა 11. გაკვეთილების შეჯამება

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს (დღეს ჩვენ ვისწავლეთ ახალი ასო „ფ“, ამისთვის წავიკითხეთ, აი, ეს ტექსტი, მოვძებნეთ მასში ახალი ასო, ვივარჯიშეთ სიტყვების ცნობაში, დავწერეთ ახალი ასო, ავაწყვეთ წინადადებები და „გავაწყვეთ“ ფისო ფეფოს „სუფრა“), შეფასების ფურცლის მიხედვით (დანართი 8) აძლევს საერთო უკუკავშირს მოსწავლეებს, მადლობას უხდის და ემშვიდობება მათ.

 

დანართი 1. გამხსნელი ილუსტრაცია

წიგნის ონლაინბმული: http://kargiskola.ge/anbani/fiso%20fefo.pdf

 

დანართი 2. ბგერათა რაოდენობის მიხედვით დასაჭრელი სიტყვის ბარათები:

ს-ო-ფ-ო,  ფ-ე-ფ-ო,  ძ-ა-ფ-ი,  შ-ა-რ-ფ-ი

 

დანართი 3. ტექსტი ,,ფისო ფეფო”

ფისო ფეფო

სოფო ფერად შარფს ქსოვს.

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
ფისოს ფუმფულა კუდი აქვს.
ფისოს ჰქვია ფეფო.

— ფეფო, აქ ძაფებია!..

სოფო ფისოს ეფერება:
— ჩემი ფუმფულა ფისო!..

სოფო ოთახიდან გადის.
ფეფო ძაფებით თამაშობს.

სოფო ფისოს რძეს უსხამს.

სოფო ფეფოს ეფერება:
— ჩემი ფუმფულა ფისო ხარ!..

 

დანართი 4. -ს პოსტერი

 

დანართი 5. სიტყვის ბარათები

სოფო
ფეფო
ძაფი
შარფი
ფუმფულა
სუფრა
ფაფა

 

დანართი 6. სამუშაო ფურცელი ტექსტის/სიტყვების ასაწყობად

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – -.
– – – – – – – – – – – – – -.

 

სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
ფისოს ფუმფულა კუდი აქვს.
ფისოს ჰქვია ფეფო.

 

სოფო ფეფოს ეფერება:
– – – – – – – – – – – – – – – – – – – !..

 

სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები

სოფო ფეფოს ეფერება:
– ჩემი ფუმფულა ფისო ხარ!..

 

 ს ო ფ ო _ _ _ _ _ _ _ _

 _ _ _ _  _ _ _ _ _ _ _

 

ასოებად დასაჭრელი სიტყვები

ს ო ფ ო ფ ი ს ო ფ ე ფ ო

ძ ა ფ ი ფ უ მ ფ უ ლ ა

 

 

დანართი 7. სამუშაო ფურცელი ფეფოს სუფრა

ჩაწერე: რძე, ძაფი, ფაფა, დაფა. ამოჭერი ორი და დააწებე ფეფოს სუფრაზე.

დანართი 8. შეფასების ფურცელი

 

მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსი“ – ამბავი ხელახლა დაბადებისა

0

თანამედროვე მუზეუმი რომ მხოლოდ საცავი არ არის და შემეცნების, გააზრების, კომუნიკაციის, ინტერპრეტაციის, დიალოგის სივრცეცაა, უკვე ყველამ ვიცით. თანამედროვე მუზეუმის კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კომუნიკაციას გულისხმობს, დროთა კავშირის აღდგენისა და ექსპონატის მნიშვნელობის ჩვენებას და ხელახალ გააზრებას.

მუზეუმი, რომელმაც ბოლო ხანს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როტერდამის მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსია“. იქ ივნისის დასაწყისში მოვხვდი და ამ არეულ, საშიშ, დაულაგებელ დროში კიდევ ერთხელ გავიაზრე ყველა სირთულე, რომელიც მიგრაციას მოჰყვება.

როტერდამის მიგრაციების მუზეუმს, რომელსაც მრავლისმეტყველი სახელი-მეტაფორა, „ფენიქსი“, ჰქვია, არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და თანამედროვე, მარადცვალებად გარემოში კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ადამიანების ბედზე. ადამიანთა ცხოვრება, მათი ბედი აქ მთავარი ექსპონატია.

მუზეუმი მდებარეობს ძველ საწყობში, რომელიც უნიკალური კონცეფციის წყალობით თანამედროვე საგამოფენო სივრცედ იქცა. სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს სარკისებრი ხვეული კიბე შეადგენს. მიგრაციის გზა წრფივი არ არის, ის ხვეულია, მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას გულისხმობს.

როტერდამი მიგრაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და არის დღემდე. სწორედ ამ საპორტო ქალაქიდან გადიოდნენ გემები ამერიკისკენ და თან ახალი ბედისა და ცხოვრების მაძიებელი ადამიანები მიჰყავდათ.

მუზეუმში თავმოყრილია მიგრანტთა პირადი ისტორიები, არქივები, აუდიო- და ვიდეომასალა, კულტურული არტეფაქტები. მუზეუმი არ ეყრდნობა მხოლოდ ისტორიულ თარიღებს – აქ წარმოდგენილია რეალური ადამიანების რეალური გამოცდილებები. ექსპოზიციებში შეხვდებით სხვადასხვა თაობის მიგრანტების ინტერვიუებს, ინტერაქციულ ინსტალაციებს, რომლებიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, „გამოსცადოს“ მიგრანტის გზა, ნამდვილ არტეფაქტებს, რომლებიც მიგრანტებმა თან წამოიღეს როგორც მოგონებების მატარებელი ნივთები.

პირველ სართულზე მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარბაზია – ჩემოდნებისგან ნაგებ ლაბირინთებში დადიხარ, ჩემოდნების მფლობელების სახელებსა და წარმოშობას ეცნობი, ხოლო აუდიოგიდით კონკრეტული ადამიანების ისტორიების მოსმენა შეგიძლია. ასე გავიგე, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები ჰოლანდიიდან ამერიკაში, ჰონდურასიდან ჰოლანდიაში, როგორ იცურეს ნავით, როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ გაექცნენ ფაშიზმის საშინელებას თუ სხვა დიქტატურულ რეჟიმებს, როგორ გადარჩნენ, როგორ გარდაიცვალნენ და მერე გაცოცხლდნენ, ფერფლიდან ხელახლა დაიბადნენ ფენიქსებივით.

ფოტოექსპოზიცია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ხედავ გამგზავრებებსა და შეხვედრებს, გაქცევებს, გადარჩენებს, მაშველ რგოლს თუ თოფს, რომელიც მესაზღვრემ დაგიმიზნა.

ყველა გზა სხვადასხვანაირია. ზოგი უდაბნოებზე გადის, ზოგი – ცეცხლწაკიდებულ ქალაქებზე, ზოგი – ჭაობებსა თუ ზღვებზე. ცნობილი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრები მიგრაციის ყველაზე დიდ ტკივილს განგაცდევინებთ და, ამასთან ერთად, გაგაძლიერებთ ადამიანის თვითგადარჩენის საოცარი უნარით, რომელიც ომებისა და უსამართლობების ფონზე ადამიანთა გადარჩენის მთავარი საშუალებაა.

მეორე სართულის ექსპოზიცია მთლიანად მეტაფორაა – საპასპორტო კონტროლი, რომელიც ევროპის მოქალაქეებმა და დანარჩენებმა ცალ-ცალკე უნდა გაიარონ, ეკლის უზარმაზარი გვირგვინი, ამ ტანჯვის მარადიული სიმბოლო, ეკალბარდი თუ წვეტიანი ჭიშკარი, გალია თუ ჩანთებით დახუნძლული მანქანა, ავტობუსი თუ ადამიანი-ბარგი, ადამიანი, რომელიც იმ ბარგისგან შედგება, რომელსაც ეზიდება.

რა თქმა უნდა, მიგრაციის გზაზე იდენტობის შენარჩუნება და ახალ სივრცესთან ადაპტირებაც უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ექსპოზიციაში ეთნიკური სამოსი თუ ეთნიკური ხელოვნების ნიმუში მრავლად არის წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ომს ვერავინ აუვლის გვერდს, ომს, რომელიც გადასახლების მთავარი მიზეზია. სპეციალური ინსტალაცია ეძღვნება რუსეთის აგრესიას უკრაინაში, აალებულ სახლებს, დაღუპულ ადამიანებს…

ეს მუზეუმი თან მოგყვება, თითქოს შენც უზარმაზარი ექსპოზიციის ნაწილი ხარ. აეროპორტშიც, სადაც ნიდერლანდელი მესაზღვრე საგულდაგულოდ ამოწმებს, რაიმე უცნაური საკვები ხომ არ მიგაქვს; მაშინაც, როცა  ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდები უნიკალურ კულტურულ სივრცეში – Verhalenhuis Belvédère-ში, რომელიც ოდესღაც მიგრანტთა სასტუმრო იყო, დღეს კი ინტერკულტურული კომუნიკაციის ცენტრია. ეს არის უნიკალური კულტურული ინსტიტუცია როტერდამში, რომელიც მდებარეობს კათენდრეხტის უბანში – ერთ-ერთ იმ ადგილას, სადაც პირველი მიგრანტები ჩამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისიდან. ტრადიციული მუზეუმებისგან განსხვავებით, ის უფრო საზოგადოებრივი და ნარატიული სივრცეა, სადაც ადამიანები – ადგილობრივები და მიგრანტები – თავიანთ ისტორიებს და კულტურას გვიზიარებენ, აგროვებენ ზეპირ ისტორიებს, მართავენ კულტურულ და კულინარიულ საღამოებს, ერთმანეთს უნაწილებენ საკვებს, გამოცდილებასა და მოგონებებს.

მიგრაციის მუზეუმში, როტერდამის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართულ ლექსებს კითხულობ უკრაინელ პოეტთან ერთად, რომელსაც შინ, ომის ქარცეცხლში გახვეულ კიევში, 14 წლის შვილი ეგულება.

და სამყაროც თითქოს ერთი დიდი მიგრაციის მუზეუმი „ფენიქსია“, სადაც ან დაიღუპები, ან ფერფლისგან აღდგები და გადარჩები.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი მეორე

0

კლასის მშობლებისგან მხარდამჭერი გუნდის შექმნა

სერიის პირველ სტატიაში კლასის დამრიგებლისა და მოსწავლეთა მშობლების შინაარსიანი ურთიერთობის ძირითადი ასპექტები განვიხილეთ, მეორეში კი მშობლების ერთობისგან გუნდის შეკვრისთვის საჭირო საკითხები  მიმოვიხილოთ.

მშობლების კარგად გაცნობას და მათგან გუნდის შექმნას დამრიგებლის დრო და ენერგია სჭირდება. შემთხვევითი პრინციპით გაერთიანებული სხვადასხვა ასაკის, შეხედულებების, შეძლების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის მქონე ზრდასრულთა ერთ გუნდად გაერთიანება ადვილი არ არის, მაგრამ მათი ერთიანობით უზარმაზარი სარგებლის მიღება შეიძლება როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლისა და სრულიად სკოლისთვის.

ურთიერთობის დასაწყისში დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც უნდა გაიცნოს. თითოეულს თავისი თვისებები ექნება, ზოგი – აქტიური, ზოგი კი პასიური ადამიანი აღმოჩნდება. ზოგი შეიძლება თამამი იყოს, ზოგი – გაუბედავი. ამ სითამამეს თუ გაუბედაობას თავისი მიზეზები ექნება. იქნებიან მშობლები, რომლებიც ლიდერობას მოინდომებენ. იქნებიან „იდეების გენერატორი“ მშობლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დიასახლისები. დიდია ალბათობა, კლასში ემიგრანტი მშობელიც იყოს, შესაბამისად, დამრიგებელს მოსწავლის ბებიასთან ან სხვა ახლო ნათესავთანაც მოუხდება ურთიერთობა (თითოეულ ჯგუფთან ურთიერთობის შესახებ იხილეთ მასალები: პრივილეგიების მაძიებელ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=42629; პასიურ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=39228; აქტიურ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=39134 )

ეს მრავალფეროვნება, ერთი მხრივ სირთულეებს წარმოშობს, მეორე მხრივ კი შესაძლებლობებს. კლასის მშობლები ერთი დიდი ჯგუფია, რომლისგან გუნდის შექმნაც დიდწილად დამრიგებლის პროფესიულ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.

პირველი და უმთავრესი, რაზეც პედაგოგი და მშობლები უნდა შეთანხმდნენ, საერთო ფასეულობებია: ზრუნვა ბავშვებსა და ერთმანეთზე, თავისუფალი აზროვნება და ერთმანეთის გათვალისწინება. ამ სამი მთავარი ღირებულების გარშემო გაერთიანება ჰარმონიული თანამშრომლობის საწინდარია.

ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდში, კლასის მშობლებსაც სხვადასხვა როლი შეიძლება ჰქონდეთ. როლების ხელოვნურად დაკისრება შედეგს არ გამოიღებს. მნიშვნელოვანია, თავად მშობლებმა გამოთქვან აზრი, ვის რა ძლიერი მხარე აქვს და რა შეუძლია სხვადასხვა სახის აქტივობის დროს. ერთს შესაძლოა ორგანიზება გამოსდიოდეს, მეორეს – მომზადება, კერვა, ცხობა, მესამეს ბევრი ნაცნობი ჰყავდეს და საინტერესო ადამიანების მოწვევა შეეძლოს და ა.შ. დამრიგებლის ამოცანა მშობლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და შემდეგ ისეთი აქტივობების დაგეგმვაა, რომელთა განხორციელებაც მოცემული რესურსებით შეიძლება და რომლებიც ბავშვებს სჭირდებათ და აინტერესებთ.

თითოეული მშობელი კლასის ნაწილად უნდა გრძნობდეს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხედავდნენ საერთო საქმეში ერთმანეთის შეტანილ წვლილს. თითოეულის გარჯა ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს. ეს მშობლებს მეტ სტიმულს მისცემს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ არა მხოლოდ თავიანთი შვილების კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი კლასის სასარგებლოდ.

გუნდის ლიდერობა დამრიგებელმა უნდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას, რომ რომელიმე მშობელმა სხვებზე უპირატესობა მოიპოვოს. მასწავლებლის ხელშეწყობით ყველამ ისე უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მეტიც, სხვა მშობლის გარჯასაც ისევე აფასებდნენ, როგორც თავიანთი ძალისხმევა ეამაყებათ. ამის მისაღწევად კი დამრიგებელს არასოდეს უნდა დაავიწყდეს მშობლების შექება და წახალისება მათი მოხალისეობრივი შრომისთვის. მასწავლებელი მშობლებისთვის ავტორიტეტია. ის, თუ როგორი რეაქცია ექნება დამრიგებელს, დიდწილად განსაზღვრავს მშობლების სამომავლო ქცევას.

მშობლების გუნდს დამრიგებლისგან  პერიოდული ინსტრუქტაჟიც დასჭირდება. იმის გააზრება, ვინ აერთიანებთ, რა ეტაპები გაიარეს ერთად, რა გამოუვიდათ და რა – არა,  მნიშვნელოვანია. გუნდურობა ერთმანეთის მოტივირებას, მხარში დგომას, მხარდაჭერას გულისხმობს. დამრიგებლის მონდომებით და მშობლების ერთსულოვნებით ბავშვების კეთილდღეობისთვის ზრუნვა სასიამოვნო და შედეგიანია.

მესამე სტატიაში განვიხილავთ პრობლემას, როდესაც კლასში დესტრუქციული მშობელია.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი პირველი

0

მოსწავლეთა მშობლებს უდიდესი გავლენა აქვთ სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაზე. ხშირად ბავშვები ოჯახის წევრთა ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს თავისდა უნებურად დაისწავლიან და შემდეგ სკოლის გარემოშიც ნაცნობი სქემებით მოქმედებენ. სკოლა არასოდეს არის თავისუფალი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და მიმდინარე მოვლენების გავლენისგან. მეტიც, სკოლაში მცირე მასშტაბით მეორდება ის, რაც სკოლის კედლებს გარეთ ხდება.

კლასის დამრიგებელი ის ადამიანია, ვისგანაც ოჯახი და სახელმწიფო ელიან, რომ დაეხმარება მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. თუმცა ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. საჭიროა დამრიგებლისა და ოჯახის მჭიდრო თანაშრომლობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს, თანასწორობას, ღიაობას, ურთიერთპატივისცემასა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება.

მოსწავლეთა მშობლები საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცხოვრების წესის, რელიგიური შეხედულებების, შემოსავლის, მსოფლმხედველობის, დასაქმების სფეროს, სოციალური სტატუსისა და სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით. თითოეულ კლასში დაახლოებით 20-25 მშობელი იყრის თავს. საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მშობლების როგორი ჯგუფი შეიკვრება ამა თუ იმ კლასში.

მშობლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ან შეუშალონ დამრიგებელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არსებობს თეორიული და პრაქტიკული ასპექტების მთელი რიგი, რომლის გამოყენებითაც დამრიგებელი ეფექტიანად იმუშავებს კლასის მშობლებთან. გაწეული ძალისხმევა მას თავისი მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

სტატიების ეს ციკლი დამრიგებლების დასახმარებლად შეიქმნა. თითოეულ ნაწილში სადამრიგებლო კლასის მშობლებთან თანამშრომლობის განსხვავებული ასპექტები იქნება მიმოხილული.

 

1. დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა

დამრიგებლის ამოცანა მშობლების ერთ გუნდად შეკვრა და ფასილიტაცია უნდა გახდეს. ერთმანეთის მოსმენა, აზრის გაზიარება, ერთობლივი მსჯელობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საერთო მიზანსა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება დამრიგებლის საქმეა. ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისიდან კომუნიკაციის გამართვით მიიღწევა.

დამრიგებლისა და კლასის მოსწავლეთა მშობლების პირველი კრება საერთო მიზანსა და წესებზე შეთანხმებას უნდა დაეთმოს. მასწავლებელმა მშობლებს უნდა გააცნოს:

  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • სკოლისა და დამრიგებლობის არსი;
  • სკოლაში მოქმედი წესები, რომლებსაც იცავს ყველა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის სხვა თანამშრომლების შესახებ (ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი, სპეც. მასწავლებელი, ასისტენტი და სხვ.);
  • დამრიგებელმა მშობლებს სკოლის შესახებ ადეკვატური მოლოდინები უნდა შეუქმნას, რადგან სკოლა საზოგადოების ანარეკლია. ყველაფერი, რაც გარემოში ხდება, სკოლაზეც აისახება. შესაბამისად, შესაძლოა არც სკოლაში იყოს იდეალური მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებაზეც ერთად უნდა იზრუნონ.
  • დამრიგებელმა უნდა გააცნოს მშობლებს თანამშრომლობის გეგმა ან ჩაატაროს გამოკითხვა კომუნიკაციის სასურველი ფორმების შესახებ;
  • გაუზიაროს, რას და როგორი გზებით ელის მშობლებისგან;
  • პირველი კრების ბოლოს სასურველია, დამრიგებელმა მშობლებს სთხოვოს კითხვარის შევსება, რომლის მეშვეობითაც ისინი ბავშვის შესახებ საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ პედაგოგს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს უკეთ გააცნობს მოსწავლეს და ინდივიდუალური მიდგომის შემუშავებას გაუადვილებს.

ასეთი შინაარსის კრება მშობლებსა და დამრიგებელს საერთო მიზნის დასახვასა და ურთიერთობის წესებზე შეთანხმებაში დაეხმარება.

 

ყოველი მომდევნო მშობელთა კრების შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ დამრიგებელმა კარგი ფასილიტაცია გასწიოს:

  • ყველა მშობელს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
  • დამრიგებელმა დააწესოს რეგლამენტი;
  • კრებაზე მშობლების დაპირისპირების შემთხვევაში დამრიგებელი იყოს ნეიტრალური, არ შეუწყოს ხელი კონფლიქტის გაღრმავებას;
  • დამრიგებელმა არასოდეს ჩაატაროს მშობელთა კრება, თუ ადგილი აქვს ჯგუფის მიერ ინდივიდთან დაპირისპირებას;
  • დასასრულ, დამრიგებელმა შეაჯამოს დისკუსიის შედეგები. თუ კრება ისეთ საკითხზეა, რომელზეც, შესაძლოა, რომელიმე მშობელს აზრის ღიად გამოთქმა მორიდებოდა, სასურველია, მასწავლებელს მზად ჰქონდეს ანონიმური კითხვარი, რომელსაც კრების დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ;
  • ხოლო სულ ბოლოს კრების მოკლე შინაარსი იმ მშობლებს გაუგზავნოს, ვინც ადგილზე მისვლა ვერ შეძლო.

დამრიგებლისა და მშობლების დაახლოებას მშობელთა კრებაზე მეტად ხელს უწყობს არაფორმალური შეხვედრები. ისინი შეიძლება შედგეს, როგორც სკოლაში, ისე ღია სივრცეში ან სახლის პირობებში. არაფორმალური შეხვედრა აქტუალური საკითხის ირგვლივ ეწყობა. მაგალითად, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ერთნაირად საინტერესოა აღზრდისა და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები. ასეთ შეხვედრებზე ნაკლები წესი მოქმედებს, მშობლებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს, ხოლო მარცხი გადაიაზრონ და გააანალიზონ. ასეთ შეხვედრებს უხდება ყავა, ჩაი, მცირე სასუსნავი. შესაძლოა, განსახილველ საკითხზე ფილმის ჩვენება და მისი განხილვაც მოეწყოს. არაფორმალური ხასიათის შეხვედრები მშობლებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და ბავშვების მიმართ დადებითად განაწყობს, რაც კლასში ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

სასურველია, დამრიგებელს წესად ჰქონდეს, რომ თვეში ერთხელ მაინც მშობელს ელ. ფოსტით ან სატელეფონი გზავნილით შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. მასწავლებლის დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით საკმარისია, ამ მესიჯში მხოლოდ საგნების დასახელება და ბავშვის ქულები ეწეროს. ამას, დიდი ალბათობით, მშობლების მხრივ მარტივი უკუკავშირი მოჰყვება. მართალია, ელ. ჟურნალის საშუალებით მშობლებს შვილის შეფასებისთვის თვალის დევნება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი მოკლე მესიჯით მშობლებთან რუტინული კონტაქტი მოსწავლის ოჯახსა და სკოლას შორის გადებული კიდევ ერთი პატარა ხიდია.

ეს მარტივი აქტივობები დამრიგებელს მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. უფრო ვრცლად იმის შესახებ, როგორ შეიძლება კლასის მშობლებისგან მეგობრული გუნდის შეკვრა, იხილეთ სტატიის მეორე ნაწილში.

მათემატიკა ქუჩაში, საგზაო ნიშნების თვლა

0

ჩვენი პატარა მოქალაქეები – პირველკლასელები, ყოველდღიურად დგანან ახალი გამოწვევების წინაშე, მათ შორის, ქალაქის თუ სოფლის ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილების აუცილებლობის წინაშე. სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხობს შემოთავაზებული აქტივობები, რომელთა მიზანია, მოსწავლეებს არა მხოლოდ საგზაო ნიშნების ცოდნა შესძინოს, არამედ ჩაუნერგოს პირადი უსაფრთხოების დაცვის ფუნდამენტური პასუხისმგებლობა. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის არსებობს და მათი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

გიზიარებთ პირველ კლასში ჩატარებულ მათემატიკის გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები, რიცხვებისა და თვლის გამოყენებით, ეცნობიან საგზაო ნიშნებს, აანალიზებენ მათ მნიშვნელობას და სწავლობენ, როგორ იმოქმედონ უსაფრთხოდ გზებზე.

ასაკობრივი ჯგუფი: I კლასი

თემა: რიცხვები 10-ის ფარგლებში

საკითხთა კლასტერი:

    • თვლა 10-ის ფარგლებში;
    • რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა;
    • ობიექტების (ამ შემთხვევაში, ნიშნების) რაოდენობის განსაზღვრა;
    • რიცხვებს შორის დამოკიდებულებების ამოცნობა (მაგალითად, მეტი, ნაკლები, ტოლი);
    • ჯამური რაოდენობის პოვნა (თვლით).

სამიზნე ცნებები

  • მათემატიკური მოდელი: ციფრი, რიცხვი
  • კანონზომიერება: თვლა, შესაბამისობა
  • ლოგიკა: მსჯელობა

ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები:

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • რეალურ ცხოვრებაში საგნების, ობიექტების რაოდენობის წარმოდგენა შესაბამისი რიცხვით, მათ შორის სიმბოლოს გამოყენებით; რიცხვებს, რიცხვით სახელებსა და რაოდენობებს შორის შესაბამისობის გარკვევა (მათ. მოდ. ლოგ.);
  • საგნების სიმრავლეში (გროვაში) რაოდენობათა შედარება და შეფასება (მათ. მოდ. ლოგ.)
  • რიცხვითი ტოლობისა და უტოლობის ჩაწერა შესაბამისი სიმბოლოების გამოყენებით. (მათ.მოდ., ლოგ.);
  • 10-ის ფარგლებში თვლა (კანონზ. ლოგ.);
  • რიცხვის და ციფრის ცნებათა განსხვავება; შედარების დროს რიცხვების მეტ-ნაკლებობის დასაბუთება (მათ. მოდ. ლოგ.).

გაკვეთილის მსვლელობა

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ თვლას, რიცხვების ჩაწერასა და წაკითხვას, რიცხვებს შორის დამოკიდებულებების ამოცნობასა და გამოყენებას; ჯამური რაოდენობის პოვნას 10-ის ფარგლებში; საგზაო მოძრაობის ელემენტარული წესების მნიშვნელობის გაგებას; რამდენიმე ძირითადი საგზაო ნიშნის ამოცნობას; ცნობიერების ამაღლებას საგზაო წესებისა და უსაფრთხოების შესახებ; დისკუსიის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების ელემენტარული უნარების განვითარებას.

საჭირო მასალა:

  • მხოლოდ 3-4 ძირითადი საგზაო ნიშნის გამარტივებული გამოსახულება;
  • დიდი ზომის თაბახის ფურცელი რომელზეც დახატულია ძალიან გამარტივებული გზა (მხოლოდ სწორი მონაკვეთი, ზებრას გადასასვლელით და ერთი ან ორი სახლით, სკოლით… );
  • მარკერები ან ფერადი ფანქრები, წებო;
  • საგზაო ნიშნების პატარა სტიკერები/ბარათები;
  • თითოეული ჯგუფისათვის სამუშაო ფურცელი, რომელზეც დახატული იქნება ნიშნები და თავისუფალი ადგილი რიცხვის ჩასაწერად.

აქტივობა 1: შესავალი – რისთვის გვჭირდება წესები? (10 წთ.)

  • გაკვეთილი დავიწყე დისკუსიით, სადისკუსიო კითხვები იყო:
  • რატომ არის საკლასო წესების დაცვა მნიშვნელოვანი როგორც საერთო საკლასო, ასევე ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობისა და თამაშის დროს?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ქუჩაში?
  • რა გვეხმარება გზაზე უსაფრთხოებაში? (ახსენეთ საგზაო ნიშნები)
  • ნიშნების ამოცნობა და დანიშნულება:

მოსწავლეებს ვაჩვენე წინასწარ შერჩეული 5 საგზაო ნიშანი (თითო-თითო ცალი) და ავუხსენი მათი დანიშნულება.

“ფრთხილად, ბავშვები!”

 

“ქვეითთა გადასასვლელი”

 

“ავტობუსის გაჩერება”

 

„შუქნიშანი“

 

„ველოსიპედის აკრძალვა“

 

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ არსებობს განსხვავებული ტიპის ნიშნები და თითოეულ მათგანზე დეტალურად ვიმსჯელეთ:

  • გამაფრთხილებელი ნიშნები: მაგალითად, ნიშანი ფრთხილად, ბავშვები! იძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ის სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ან სათამაშო მოედნებთან დგას, რაც მძღოლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
  • საინფორმაციო ნიშნები: მაგალითად, ქვეითთა გადასასვლელი არის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილი საავტომობილო გზაზე, სადაც მათ უსაფრთხოდ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა და მძღოლებიც ვალდებული არიან, გზა დაუთმონ მათ. ნიშანი ავტობუსის გაჩერება კი ფეხით მოსიარულეებს აცნობებს, რომ მოცემულ ადგილას არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, სადაც მათ უსაფრთხოდ შეუძლიათ დაელოდონ ავტობუსს.
  • მარეგულირებელი ნიშნები: შუქნიშნის ფერებზე მსჯელობისას გაირკვა, რომ წითელი ფერი გაჩერებას, ყვითელი მომზადებას, ხოლო მწვანე გადასვლას ნიშნავს. ეს ყველა ფეხით მოსიარულესა თუ მძღოლს ეხმარება მოძრაობის მოწესრიგებაში და ავარიების თავიდან აცილებაში.
  • ამკრძალავი ნიშნები: მაგალითად, ველოსიპედის აკრძალვის ნიშნის განხილვისას, ბავშვები მიხვდნენ, რომ ის უსაფრთხოებას ემსახურება ვიწრო ბილიკებზე, სადაც ველოსიპედმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეებს. მათ ისიც გააცნობიერეს, რომ ზოგიერთი ნიშანი აკრძალვასაც აწესებს.

ბოლოს, მოსწავლეებს ვკითხე – სულ რამდენ ნიშანს გავეცანით დღეს?

აქტივობა 2: საგზაო ნიშნების დათვლა (5 წთ.)

მათემატიკური კავშირი: აქტიურად ხდება თვლა და რიცხვების წაკითხვა-ჩაწერა, შედარება

  • წინასწარ გავამზადე რამდენიმე ნიშნის გამოსახულება (მაგალითად, 3 ცალი „ბავშვები“, 2 ცალი „საცალფეხო გადასასვლელი“, 1 ცალი „შუქნიშანი“)
  • კლასს ვაჩვენე ერთი კონკრეტული ნიშანი (მაგალითად, „ბავშვები“) და ვთხოვე მოსწავლეებს, დაეთვალათ, რამდენი ასეთი ნიშანი იყო დაფაზე გამოკრული.
  • ყველა მოსწავლემ ერთად დაითვალა ხმამაღლა, შემდეგ კი დაფაზე სათანადო არეში ნიშნის გასწვრივ ჩაწერეს მისი შესაბამისი რაოდენობა (მაგ., „ფრთხილად ბავშვები – 3″).
  • ეს პროცესი გავიმეორე თითოეული შერჩეული ნიშნისთვის.
  • ბოლოს მოსწავლეებმა შეადარეს, რომელი ნიშანი იყო ყველაზე მეტი და რომელი – ნაკლები.

აქტივობა 3: „ჩემი უსაფრთხო ქუჩა“: ნიშნების განლაგება და დათვლა. (შემოქმედებითი დავალება) (15 წთ.)

(ჯგუფური მუშაობა)

მათემატიკური კავშირი: აქტივობა უშუალოდ უკავშირდება თვლას, რიცხვების ჩაწერა-წაკითხვას და ჯამური რაოდენობის პოვნას.

  • თითოეულ ჯგუფს დავურიგე სამუშაო ფურცელი, რომელზეც გამარტივებული გზის ნახატია. ასევე, მივეცი რამდენიმე წინასწარ ამოჭრილი საგზაო ნიშანი (არც ისე ბევრი, მაგალითად, 6-7 ნიშანი, ზემოთ განხილული ნიშნებიდან).
  • მოსწავლეების ამოცანა იყო: დაეწებებინათ ეს ნიშნები მათ „ქუჩაზე“ ისე, როგორც, მათი აზრით, საჭირო იყო.
  • მას შემდეგ, რაც დააწებებდნენ, მათ ევალებოდათ, დაეთვალათ თითოეული სახის ნიშანი თავიანთ ნამუშევარზე და ჩაეწერათ შესაბამისი რიცხვი სამუშაო ფურცელზე.
    • რამდენი საცალფეხო გადასასვლელი გაქვს შენს ქუჩაზე? ჩაწერე რიცხვი მის გვერდით.
    • რამდენი შუქნიშანია შენს ქუჩაზე? ჩაწერე რიცხვი მის გვერდით.
    • რამდენი ნიშანია სულ შენს ქუჩაზე? ჩაწერე.
  • ბოლოს ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციები.

აქტივობა 4: დასკვნა და რეფლექსია (5 წთ.)

  • მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ გაკვეთილს:
    • რა ვისწავლეთ დღეს საგზაო ნიშნებზე?
    • რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ცოდნა? (პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოება).
    • დღეს ჩვენ ვითვლიდით ნიშნებს, რატომ არის მნიშვნელოვანი თვლა? (რომ ვიცოდეთ, რამდენი რამ გვაქვს, რამდენი წესი უნდა დავიცვათ).

ბავშვებს ძალიან მოეწონათ აქტივობები, რაც მათი მაღალი ჩართულობითა და შემოქმედებითი დავალების პროდუქტებიდან აშკარად გამოიკვეთა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საგზაო ნიშნები დაეხმარება მათ უსაფრთხოდ გადაადგილებაში და მათი ცოდნა ყველა ადამიანს სჭირდება.

საშინაო დავალება (მშობლებთან ჩართულობა):

დავალების ინსტრუქცია: „ხვალ, როცა სკოლიდან სახლში წახვალთ ან სადმე გაისეირნებთ, მოძებნეთ თქვენს ქუჩაზე ის ნიშნები, რომლებიც დღეს ვისწავლეთ. დაითვალეთ ისინი! მოუყევით თქვენს მშობლებს, რას ნიშნავს ეს ნიშნები და როგორ გვეხმარება ისინი უსაფრთხოებაში. ნახეთ, რამდენად ბევრს დაითვლით!“.

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მათი სწორი გადაწყვეტილებები საგზაო ნიშნების ცოდნისა და წესების დაცვის კუთხით დიდ გავლენას ახდენს საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე. ეს გაკვეთილი შესანიშნავი დასაწყისია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც მათემატიკური უნარები ორგანულად ერწყმის ცხოვრებისეულ, პრაქტიკულ გამოცდილებას.

ზოგჯერ საკლასო ოთახს არ ჰქონდეს 4 კედელი…

0

 

საინტერესო რამაა შეგრძნებათა ორგანოების გააქტიურება, გამოყენება და საკუთარი სხეულის „ლაბორატორიად“ წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს სამყაროზე დაკვირვების საწარმოებელი „ინსტრუმენტები“ და შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია საგულისხმო რაღაცების შენიშვნა, შემჩნევა, აღბეჭდვა, შემდეგ კი ამ „მონაცემების დამუშავება“, ანალიზი, გაზიარება.

დავაკვირდეთ: ერთსა და იმავე ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ყოველდღიურობაში, ნაჩვევ, გაბეზრებულ ყოფაში შეგრძნებათა ორგანოები გვიდუნდება, გვიბლაგვდება.

გაკვეთილების წლიური გეგმა გაწერილია კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად, ჩამოსაყალიბებლად. მიზნებიც, ამოცანებიცა და მიღწევის გზებიც ასევე წინასწარაა გაწერილი. ეს, რასაკვირველია, საჭიროა, აუცილებელიც. მაგრამ, ამასთან, აუცილებლად არის  რუტინულიც. შესაძლოა, იყოს მოსაწყენიც.

გაკვეთილებზე ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ეს პროგრამები განუსაზღვრელ მომავალში გვპირდებიან. ასე არაა? მაგალითად, ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე – „რა არის სკოლის ფუნქცია?“ – გახლავთ: მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება…

მაგრამ მოზარდობისას ცხოვრება არც შეყოვნების რეჟიმშია და არც სადმე გვაქვს გადადებული. ჩვენ ამ ცხოვრებას „ვცხოვრობთ“, ვითავისებთ, ვეუფლებით უნარებს, ვიმუშავებთ ჩვევებს და აქ და ახლა, აწმყოშიც გვჭირდება სამარჯვები, რომლებსაც გამოვიყენებთ ყველაზე ბობოქარი  პერიოდისას. მოზარდობა სწორედ ასეთია.

ალტერნატიული (არასრული) პასუხი კითხვაზე – რა არის სკოლის ფუნქცია?“ – ასეთი მაქვს:

საკუთარი თავის შეცნობა, სამყაროს მიმართ ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, დასწავლისა და სწავლა-სწავლების ტექნიკების გაცნობა-გათავისება, სხვებთან ურთიერთობისას საკუთარი შესაძლებლობების შემჩნევა, გამოვლენა, გაუმჯობესება, კაცობრიობის საინტერესო ნააზრევის, ნაფიქრის, ნაკეთების გაცნობა, შესწავლა, მსჯელობა ამაზე, სხვების ნააზრევის მოსმენა, თვალსაწიერის გაფართოება, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარ და საზოგადოებრივ (ჯერ საკუთარ, მერე საზოგადოებრივ) სიჯანსაღეზე, კეთილდღეობაზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება საკუთარი თავის წინაშე, შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზების ძიება, პოვნა, კვლავ ძიება…

ცხოვრება დაუგეგმავი, მოულოდნელი სიტუაციების წყებაცაა. ყველაფერს ვერ დავგეგმავთ. ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ. სასკოლო ცხოვრებაში მოულოდნელობები კი თითქმის არ გვხვდება. ყოველ შემთხვევაში, პედაგოგიურად მნიშვნელოვანი მოულოდნელობები, რომლებსაც აღმზრდელობითად გამოვიყენებთ. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დააკვირდნენ თავს სხვადასხვა სიტუაციაში.

სასკოლო პრაქტიკა ამ მხრივ შეუცვლელია. ვალდორფის სკოლას, მაგალითად, კურიკულუმით აქვს განსაზღვრული ეკოლოგიური, თეატრალური, სოციალური, სასოფლო-მიწათმოქმედებითი, სალაშქრო პრაქტიკები. მოსწავლეები სხვადასხვა კლასში სულ მცირე, ერთი კვირით მაინც სტუმრობენ ხოლმე სოციალურ ინსტიტუტებს, დგამენ სპექტაკლებს, გადიან სოფლად და მუშაობენ მიწაზე, გეგმავენ ლაშქრობებს ღამისთევით. მოსწავლე კლასში და მოსწავლე კლასის გარეთ, სხვა სივრცეში – ორი სხვადასხვა ვინმეა. იმდენის აღმოჩენა შეგვიძლია თითოეულში, იმდენ თვისებას მალავენ ოთხ კედელს შორის მოქცეულები, მერხებსა და სკამებზე მიჩუმებულები…

მაისის ერთ მშვენიერ დღეს სკოლასთან ახლოს, სკვერში გადავწყვიტე მოსწავლეების გაყვანა. წინასწარ გავაცანი წესები. ასევე დავალებების ჩამონათვალი. მოცემული დავალებებიდან მათ უნდა შეერჩიათ ერთ-ერთი და გაკვეთილის მთელი დრო უნდა დაეთმოთ ამ კონკრეტული შემოქმედებითი დავალებისთვის. დამოუკიდებლად, მარტო უნდა გადაეწყვიტათ, რა ფორმით, როგორ ჩამაბარებდნენ დავალებას (ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში ჩემთვის მეილების გამოგზავნა პროცესის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ დავალებებს ასე ვიბარებ…).

ისეთი საინტერესო და შთამაგონებელი, ორიგინალური, მრავალფეროვანი ნამუშევრები მივიღე, ერთი სიამოვნება იყო მათი „შემოწმება“. რაიმე მოდულის ან თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისგანაც ვითხოვ ხოლმე უკუკავშირს, შეფასებას. ამ კონკრეტულ დავალებაზე უკლებლივ ყველასგან მივიღე დადებითი გამოხმაურება. მივიღე გულდასმით, პასუხისმგებლობის გრძნობით შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, ფოტო- და ვიდეოფორმატშიც.

გიზიარებთ შემოქმედებითი აქტივობების ჩამონათვალს და სახალისო შემეცნებით თავგადასავალს გისურვებთ:

 

  1. ხარ რეპორტიორი. უნდა მოამზადო 1-წუთიანი რეპორტაჟი – „შემთხვევა სკვერში“. ვინ იქნება გმირი? მიუსაფარი ძაღლი? ფოთოლი? კაცი ყურსასმენებით? საბავშვო ატრაქციონის სავალალო მდგომარეობა? ნაგვის ურნა?
  2. მოძებნე: ქვა, ტოტი, ფოთოლი, ადამიანი ყურსასმენებით, ფესვი, ოთხკუთხედი ფორმის ობიექტი, რაიმე იისფერი. აღბეჭდე! დაურთე ტექსტი (ტექსტის ნაწილში თავისუფალი ხარ. მოიფიქრე რაც გინდა).
  3. მოძებნე უსულო საგანი და გაასულიერე. ვინაა? როგორია? აღჭურვე თვისებებით, „გააკეთებინე“ რაიმე, აამოქმედე. დააკვირდი. მოგვიყევი.
  4. ინტერვიუ ხესთან – შეარჩიე ხე. წარმოიდგინე, რომ ინტერვიუ გაქვს ჩასაწერი. მოიფიქრე სამი კითხვა და დაუსვი. ივარაუდე – რა პასუხები შეიძლება გაგცეს ხემ? დაწერე ან ჩაწერე.
  5. მონაკვეთი – საბავშვო ატრაქციონებიდან ოთხკუთხედ ობიექტამდე – ჩაწერე და აღწერე ხმები, რომლებიც მოგესმა. გამოიყენე საგნები – აახმაურე (დაატრიალე ატრაქციონი, იქ სასრიალო და საქანელაცაა – გამოიყენე სივრცე ხმების საწარმოებლად და ასევე დაუგდე ყური გარემოს ბუნებრივ ხმებს).
  6. მიკროსკოპი – იქეცი მიკროსკოპად. აირჩიე ერთი მცირე მონაკვეთი – ბზარი ასფალტზე, ორმო, ერთი ციცქნა ობიექტი, აღწერე დეტალურად.
  7. ამოუცნობი ნელი ობიექტი – უნდა იქცე ამოუცნობ ობიექტად სხვა პლანეტიდან. შენ ხარ ყველაზე ნელი არსება დედამიწაზე. პარკის შუაგულში დაიწყე შენელებული მოძრაობა და 2 წუთის განმავლობაში არ გამოხვიდე ამ როლიდან. შეგრძნებები და დაკვირვებები აღწერე.
  8. ფოტომისია: 1 სასაცილო, 1 მშვენიერი, 1 საინტერესო რამ აღბეჭდე შენს ობიექტივში.
  9. მოძებნე რაიმე მიგდებული ობიექტი. მოიფიქრე მისი წარსული – საიდან აღმოჩნდა აქ. სად იყო გუშინ. როგორ აღმოჩნდა აქ. გააპიროვნე.
  10. აირჩიე ერთი სკამი. აქციე ის მონარქის სავარძლად, დროის მანქანად, მახედ ან პორტალად. მოიფიქრე ამბავი და დაწერე.

პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება

0

აქტივობები პროფორიენტაციის გაკვეთილისთვის

 „ჩვენს უნარებზე უფრო ბევრად მნიშვნელოვანი ჩვენი გადაწყვეტილებებია …,

ისინი აჩვენებენ, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში“.

ჯოან როულინგი

თანამედროვე სამყაროში ადამიანის პირად და სოციალურ კეთილდღეობას უმეტესწილად განსაზღვრავს პროფესიული არჩევანი. საკუთარი კარიერული მომავლის წარმატებულად დასაგეგმად, ახალგაზრდები საჭიროებენ რჩევებსა და თანადგომას. ჩვენს ეპოქაში შრომითი ბაზარი სწრაფად იცვლება, ტექნოლოგიების დაჩქარებული განვითარება აჩენს ახალ პროფესიებს. შესაბამისად, აუცილებელია, მოსწავლეებმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყონ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერება. პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ კარიერული წარმატების წინაპირობა, ეს არის გზა თვითშემეცნებისკენ. პროფორიენტაციის გაკვეთილები ეხმარება მოზარდს, მიიღოს გადაწყვეტილებები მეტად გააზრებულად და მიზანმიმართულად.

სკოლაში გონივრულად დაგეგმილი პროფორიენტაციის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ეხმარება ახალგაზრდას პროფესიის სწორად არჩევაში. ეს პროცესი მოითხოვს მრავალფეროვან მიდგომებს, დაკვირვებას, თანამშრომლობას და მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებას; მოზარდის მისწრაფებებსა და პირად საჭიროებებზე საუბრებს. საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული შესატყვისი ღონისძიებები დაეხმარება მოზარდს საკუთარი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში და მომავლის წარმატებულად დაგეგმვაში.

შეიძლება ვიყოთ პროფესიონალები და ამასთანავე ბედნიერები? ანუ, ერთდროულად ავაწყოთ წარმატებული კარიერა და სრულფასოვანი პირადი ცხოვრება? სწორედ ამ კითხვის პასუხი გახლავთ პიროვნული წარმატების გასაღები.

ჩვენს ეპოქაში ადამიანის მთავარი საზრუნავი გახდა პროფესიული თვითრეალიზაცია. შესაბამისად, პირადი ცხოვრება ხანდახან ჩრდილში რჩება. ზოგჯერ კარიერისთვის უარს ვამბობთ ადამიანურ ურთიერთობებზე, ან პირიქით, პირად ურთიერთობებში ჩართულობით თავს ვზღუდავთ პროფესიულ განვითარებაში. საქმე გვაქვს არა უბრალოდ არჩევანთან, არამედ – ბალანსის ძიებასთან.

წინამდებარე სტატიაში შევეცდები, დაგაფიქროთ, რამდენად რეალურია ამ ბალანსის მიღწევა, რა როლს თამაშობს საზოგადოება და კულტურული ჩარჩოები ჩვენს გადაწყვეტილებებზე. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – როგორ მოვახერხოთ, რომ ვიყოთ წარმატებული პროფესიონალები და ამასთანავე ბედნიერები, ანუ ერთდროულად შევძლოთ კარიერული წინსვლა და პირადი ცხოვრების ჰარმონია.

პროფესიული ზრდა, სწავლა, მუდმივი განვითარება და შრომა – ეს ყველაფერი, რაც კარიერულ წარმატებას ქმნის, მოითხოვს დროს, ენერგიას და მენტალურ ჩართულობას. ხშირად ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხედავენ წარმატებას როგორც მიზანს, რომელსაც „ყველაფრის ფასად“ უნდა მიაღწიონ. კარიერის გზაზე ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ოჯახის, მასწავლებლების, საზოგადოების წინაშეც.

სწავლების საფეხურიდან დასაქმებაზე გადასვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ამისთვის საჭიროა საკუთარი მიღწევების შეჯამება და გადაფასება, ინტერესებში გარკვევა და სურვილების თანმიმდევრული ფორმულირება. საკუთარი მომავლის წარმატებულად დასაგეგმად, აუცილებელია ყველა ვარიანტის გაცნობა, საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და სწორი არჩევანის გაკეთება. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ამას დამოუკიდებლად, ხანდახან საკმაოდ სპონტანურად და უპრობლემოდ აკეთებს. თუმცა, ზოგჯერ, აღწერილი პროცესის უმტკივნეულოდ და წარმატებით გასავლელად შესაბამისი მხარდაჭერაა საჭირო. ამ მხარდაჭერაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტია პიროვნულ სურვილებთან და პირად ცხოვრებასთან კარიერული წინსვლისთვის საჭირო პროცესებში წონასწორობის დაცვა.

წარმატება იშვიათად მოდის არტივად. ის მოითხოვს დიდ დროს, რაც თავისთავად გულისხმობს ნაკლებ ურთიერთობას მეგობრებთან, ხანმოკლე შეხვედრებს ახლობლებთან, გადადებულ დღესასწაულებს, ხანდახან კი დაკარგულ ურთიერთობებს. ამ დროს ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა კარიერული წინსვლა პირადულის გვერდზე გადადების სანაცვლო? არის თუ არა შესაძლებელი, ამ ფასის გადახდა ისე, რომ ადამიანის პირადი სივრცე არ დაინგრეს.

პროფესიის დაუფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, სრულად გამოიყენოს თავისი უნარები და ნიჭი, მიაღწიოს კარიერულ წარმატებას და მიიღოს სიამოვნება საქმიანობისგან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

პირადი ცხოვრება კი ინდივიდის პირადი და ოჯახური ურთიერთობების ხელშეუხებლობის უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების ფიზიკური და მორალური უფლებების დაცვას, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ბედნიერების საფუძველია. პირადი ცხოვრება და ურთიერთობები, ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული – სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ადამიანის შინაგან წონასწორობას. ხშირად, სწორედ ეს კავშირებია შთაგონების წყარო, რომლებიც პროფესიულ გზაზეც გვეხმარება, მაგრამ პირადი ცხოვრება სიფრთხილეს და მუდმივ მზრუნველობას მოითხოვსსწორედ იგივე სჭირდება პროფესიულ ზრდასაც.

ზოგჯერ ადამიანებს აშინებთ, რომ პირადი ცხოვრება შეაფერხებს მათი პროფესიული მიზნების განხორციელებას. სხვებისთვის კი პირადი ურთიერთობა იქცევა იმ საყრდენად, რომლის გარეშეც ისინი საკუთარ პროფესიაშიც ვერ განვითარდებიან. ეს განსხვავებული მიდგომები ცხადყოფს, რომ პროფესიული წარმატება და პირადი ბედნიერება არ უნდა განვიხილოთ როგორც ურთიერთგამომრიცხავი მიზნები. პირიქით, ისინი შეიძლება ერთმანეთის განმტკიცებისა და ჰარმონიული თანაარსებობის საფუძვლად იქცეს.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ პროფესიულ მოთხოვნებს ისე, რომ პირადი ცხოვრება არ დავაზარალოთ? ბალანსის ძიების უნივერსალური ფორმულა, რომელიც ამას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს გზა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში.

  • მნიშვნელოვანია პრიორიტეტების გააზრება და პერიოდული გადახედვა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პრიორიტეტები იცვლება. თუ კარიერის დასაწყისში პროფესიულ განვითარებას სჭირდება მეტი ენერგია, ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა დავთმოთ პირადი ურთიერთობები. პირიქით, პირადი კომფორტული ყოფა გვეხმარება თავი შევინარჩუნოთ და წარმატება მივაღწიოთ კარიერულ საქმიანობაშიც;
  • უნდა მოვახერხოთ დროის მართვა და პირადი სივრცის დაცვა. პირადი საქმიანობისთვის საჭირო დრო არ არის უსარგებლო, ის ჩვენი გონების და ემოციური სისტემის გადატვირთვის საშუალებაა. დროის გონივრულად გადანაწილება ორივე მხარეს აძლიერებს. მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში მივცეთ საკუთარ თავს „არას“ თქმის უფლება;
  • აუცილებელია მხარდაჭერის სისტემის შექმნა. დიდი რესურსია, თუკი გვერდით გვყავს ოჯახის წევრი, მეგობარი, ახლობელი, ვისაც ესმის და გვიცხადებს მორალურ და რეალურ დახმარებას. ასეთივე მხარდაჭერა სჭირდება პირად ურთიერთობებსაც – თუკი პროფესიაში ვართ ჩაფლული, არ უნდა დაგვავიწყდეს ემოციური თანადგომა მათთვის, ვინც გვერდით გვყავს;
  • უმთავრესია პირადულსა და პროფესიას შორის ბალანსის დაცვა. პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება, ორივე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ორივეს სჭირდება მზრუნველობა, დრო და გულწრფელი ჩართულობა. პრობლემები იქ ჩნდება, სადაც ვივიწყებთ რომელიმე მათგანზე ზრუნვას.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევა პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ყოველთვის არ არის შესაძლებელი, შეგნებული მცდელობა ამ ბალანსის მიღწევისკენ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს. პროფესია მხოლოდ კარიერული წინსვლის საშუალება არ არისის ჩვენი თვითგამოხატვის, თვითშეფასების და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნის გზაა. პირადი ცხოვრებაც არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ემოციური გამოცდილებების წყაროდ; ის წარმოადგენს ჩვენს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და საერთო კეთილდღეობას. ამ ორი სფეროს დაბალანსება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ერთად ქმნიან ჩვენს სრულფასოვან ცხოვრებას და უზრუნველყოფენ სულიერ წონასწორობას. ორივე წარმოადგენს ადამიანის სრულყოფილების, განვითარებისა და სულიერი წონასწორობის მნიშვნელოვან კომპონენტებს.

გთავაზობთ აქტივობებს თემაზე – პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, თვითშემეცნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მსგავსი გაკვეთილები სამომავლოდ განაპირობებს მოზარდში პროფესიული გზის არჩევის, წარმატების მიღწევის და პირად ცხოვრებაზე გავლენის დინამიკის „წესების“ დაუფლებას. მნიშვნელოვანია, რამდენიმე თეზისი, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება მსგავსი შინაარსის გაკვეთილის გეგმის შედგენაში:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა; რა დადებითი შედეგები მოაქვს მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ურთიერთობებისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის.
  • რა რისკებს შეიცავს გადაჭარბებული ჩართულობა სამსახურში ან, პირიქით, მხოლოდ პირად ცხოვრებაზე კონცენტრირება კარიერული განვითარების ხარჯზე; როგორ აისახება ეს სტრესზე, გადაღლილობაზე, ურთიერთობების გაფუჭებაზე.
  •  რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ადამიანებს, რომ უკეთესად დააბალანსონ კარიერა და პირადი ცხოვრება. მაგ:
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • სამსახურიდან „გათიშვის“ უნარი და თავისუფალი დროის მნიშვნელობა;
  • ჰობისა და ინტერესებისთვის დროის გამონახვა;
  • მხარდამჭერი სოციალური წრის არსებობა;
  • საკუთარ თავზე ზრუნვა (ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ძილი);
  • სამუშაო საათების რეგულირება და მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებლობის ფარგლებში).
  • როგორ უწყობს ან უშლის ხელს არსებული სამსახურებრივი გარემო და დამსაქმებელი თანამშრომლებისთვის ბალანსის შენარჩუნებას; რა პოლიტიკა და ინიციატივები არსებობს ამ მიმართულებით.
  • როგორ მოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები (მაგალითად, მუდმივი ხელმისაწვდომობა ელექტრონულ ფოსტაზე, სოციალურ ქსელებზე) ბალანსზე და როგორ შეიძლება მათი გონივრულად გამოყენება.
  • „იდეალური“ ბალანსი ყველასთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ღირებულებებსა და ცხოვრების ეტაპზე.

 

გაკვეთილის სავარაუდო აქტივობები:

აქტივობა პროფესიის არჩევის ფაქტორები

 მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას პროფესიის არჩევაზე (ინტერესები, უნარები, ოჯახური გარემო, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.), შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე – „შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ვიყოთ წარმატებული პროფესიონალი და ბედნიერი ადამიანი?“.

აქტივობაწერილი მომავალ

მოსწავლეები მისწერენ წერილს საკუთარ თავს, სადაც აღწერენ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება 10-15 წლის შემდეგ. ისაუბრებენ, რა პროფესია აქვთ, სად და როგორ ცხოვრობენ, არიან თუ არა კმაყოფილი განვლილი გზით, რამდენად ახერხებენ ბალანსის დაცვას პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის და ა.შ.

აქტივობა როლური თამაში

თეატრალიზებულად წარმოადგენენ გარკვეული პროფესიის ადამიანების ცხოვრების ეპიზოდებს – ექიმის, იურისტის, დიპლომატის, არქიტექტორის, მხატვრის, მასწავლებლის, ფიზიკოსის, მფრინავის და ა.შ., რომლებიც ცდილობენ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ვალდებულებებს შორის ოქროს შუალედის პოვნას.

აქტივობაბალანსის დიაგრამა

მოსწავლეები ქმნიან დიაგრამას, სადაც ასახავენ კვირის განმავლობაში პროფესიულ და პირად საქმიანობებზე დახარჯულ დროს.

აქტივობაინტერვიუ ან მინიისტორიები

მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს დიდებისგან მათ პროფესიაზე: რა გზა გაიარეს, ახერხებენ თუ არა სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის დაცვას, როგორია მათი ყოველდღიურობა; მოიძიებენ რეალური ადამიანების ისტორიას – ვინც პირადი ცხოვრების ხარჯზე მიაღწია/ვერ მიაღწია, ან მოახერხა სასურველი წონასწორობის დაცვა.

აქტივობა – მომავლის CV

მოსწავლეები შექმნიან საკუთარ CV-ის 10 წლის შემდეგ. სად ცხოვრობენ, როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვთ, რა განათლება მიიღეს, სად არიან დასაქმებული და ა.შ.

აქტივობაპროფესიების და ცხოვრების სტილის სქემა

მოსწავლეები ქმნიან პროფესიების სქემას, სადაც აჩვენებენ, როგორია კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანის დღიური გრაფიკი;

აქტივობაღირებულებების პირამიდა

 რა უნდა დათმო, რათა რაღაც მნიშვნელოვანი მოიპოვო?

 მოსწავლეები ქმნიან პირად ღირებულებათა პირამიდას: ოჯახის, პროფესიის, მეგობრების, თავისუფალი დროის, ჯანმრთელობის, მოგზაურობის და სხვა ასპექტების გადანაწილებით.

აქტივობაროლური თამაში:

 ჩემი ცხოვრების 24 საათი

  •  ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, მოსწავლეები ადგენენ დღის წესრიგს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანისთვის და არკვევენ, რამდენად რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის.
  • საკუთარი ფანტაზიით მოიფიქრებენ შესაძლო კურიოზულ შემთხვევებს.
  • იმსჯელებენ, რამდენად რეალურია ეს განრიგი და ასეთი ყოფა, რას შეცვლიდნენ.

გაკვეთილი „პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება“ დაეხმარება მოსწავლეებს გააცნობიერონ, როგორ შეიძლება პროფესიული არჩევანი და პირადი ცხოვრების დაგეგმვა იყოს თანხვედრაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით წარმატებული მომავლის შექმნა. პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრების ჰარმონიზაცია არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა მიზანმიმართული შრომითა და თვითშეცნობით შესაძლებელია მათი დაბალანსება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იპოვოს საკუთარი გზა, რომელიც მისცემს საშუალებას, იყოს პროფესიულად წარმატებული და ამავდროულად, შეინარჩუნოს პირადი ბედნიერება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...