კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

ერთხელ უწერაში

0

ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ვატარებ უწერაში, სოფელში, სადაც ჩემი მასწავლებლური თავგადასავალი დაიწყო. ივლისის შუადღის ხვატს 13-14 წლის 5 გოგო ჩვენი სახლის შუშაბანდში აფარებდა თავს. მოიმზადებდნენ ცივ ყავას, ფერად საწრუპებს ჭიქებში მოათავსებდნენ, მიუსხდებოდნენ მაგიდას, ჩარგავდნენ თავს მობილურ ტელეფონებში და გაირინდებოდნენ. სახეები ნელ-ნელა უემოციო უხდებოდათ და ერთმანეთთან არც კი საუბრობდნენ. მათ შემყურეს მასწავლებლური ძალების გამოხმობის სურვილი გამიჩნდა. ერთ ასეთ შუადღეს ვკითხე, დაესახელებინათ სამი საყვარელი დავალება ქართულის გაკვეთილებიდან. ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. საუბარმა ჩემს მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან ერთად დადგმულ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. სოფელში წამოღებული მაქვს ჩემი მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულები და სპექტაკლის შემდგომ შევსებული გამოხმაურების ბარათები. გამოვიტანე და დავათვალიერებინე. გოგოებმა სავარძელზე გადაინაცვლეს, საკუთარი ტელეფონები მიივიწყეს და ჩემი მობილური ტელეფონისკენ გადაიტანეს ყურადღება – მეშვიდეკლასელების სპექტაკლის (სახელად „ლიტერატურული მოტივები“) ჩანაწერს დიდი გულისხმიერებით უყურეს. ივლისის ცხელ შუადღეს ისხდნენ რაჭის ულამაზესი სოფლის სახლის შუშაბანდში ბავშვები ქუთაისიდან, რუსთავიდან, თბილისიდან და უყურებდნენ 59-ე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაცოცხლებულ ხოგაის მინდის, აბესალომსა და ეთერს, ჯარჯის, თავფარავნელ ჭაბუკს, ჩარლზ ჩაპლინს, ტომ სოიერს, ვაჟა ფშაველას ქუჩის, მთის წყაროს, ფესვებს… დროდადრო მე მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

შემდეგ მეშვიდეკლასელმა ქრისტიმ გვითხრა, რომ რუსთავში თეატრალურ გუნდში დადიოდა და მაჩვენა სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით დადგმული შემაჯამებელი წარმოდგენა. სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით თამაშობდნენ მოზარდები, ქრისტის თანაგუნდელები. 13 წლის გოგომ რჩევებიც გამიზიარა და საუბრის ბოლოს ბრწყინვალე იდეაც დამებადა – ჩვენც ხომ არ დაგვედგა სპექტაკლი-მეთქი, გავაჟღერე. გოგოები სიხარულით ამყვნენ. იქვე შევთანხმდით სცენარზე – რადგან ყველას ჰქონდა შესწავლილი სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, ამიტომ სცენარის ერთ-ერთი ნაწილი ის იქნებოდა, რამდენიმე ეტიუდის სცენარის დაწერა კი თეკლამ ითავა. ეტიუდის თემაც მარტივად შეარჩიეს – ჩაგვრა უკვე მოგვბეზრდაო და ნაადრევ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, მეორე ეტიუდის თემა კი მე შევთავაზე. როგორც წესი, ბავშვებში ხშირია არასასურველი გავლენები, გარიყვა და ჭორაობა, ამიტომ ეს თემაც მოიწონეს. აქვე მომაფიქრდა, რომ ჭორაობის შესახებ ეტიუდს მივაბამდით ფრაზეოლოგიზმებს ენაზე და პანტომიმით გავაცოცხლებდით. შემდეგ გამახსენდა, რომ მართა სიმღერაზე დადიოდა, სოფელში ჩამოტანილი ჰქონდა გიტარა და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის რომელიმე ნაწილში მართა იმღერებდა. საყვარელ საქმიანობაზე საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ელენე ხატავდა. სასწრაფოდ ჩამოტვირთა თავისი ნახატები და დაგვათვალიერებინა, კატო კი დაგვპირდა, რომ ქართული ცეკვაზე სიარულის რამდენიმეწლიან გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებდა სპექტაკლის დადგმისას.

სათაურიც მარტივად შევარჩიეთ – სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“ დავარქვით, ხოლო სპექტაკლის გამართვის ადგილზე რომ დავფიქრდით, მაშინვე უწერის საჯარო სკოლა გამახსენდა. წარმოიდგინეთ, რა საოცარია მოზარდებთან ურთიერთობა, ცივი ყავის ჭიქებიან მაგიდას მოწყვეტილ ბავშვებთან საუბრის წამოწყებამ უწერის სკოლის სააქტო დარბაზამდე და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნაილისთან, შეთანხმების აუცილებლობამდე მიმიყვანა.

ნაილი მასწავლებელი

არასდროს მომბეზრდება მადლიერების გამოხატვა უწერის სკოლის დირექტორისადმი. ნაილი მასწავლებელი 10 წლის წინ გავიცანი და ყველა ჩემი იდეის ზურგის ქარად იქცა. უწერის სკოლაში სწორედ მისი დახმარებითა და თანადგომით დავაარსე თანამედროვე მედიათეკის მსგავსი სივრცე, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ შეარქვეს. ამ ოთახში დღესაც თავისუფლების, წიგნების, ხის სურნელი ტრიალებს, რაც ნაილი მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დამსახურებაა. ნაილი მასწავლებელი, მაღალწნევიანი მეუღლისა და სოფლის საქმეების მიუხედავად, ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებოდა: ჩრდილების თეატრი, სპექტაკლები, ლიტერატურული კაფეები, ინტეგრირებული გაკვეთილები – მისი მუდმივი თანადგომითა და ხელშეწყობით ტარდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საზაფხულო თეატრალური წარმოდგენის იდეის გამხელას ჩვეული ხალისით შეხვდებოდა. ასეც მოხდა. ის კი არა, იმდენად გაუხარდა, რესურსცენტრში დირექტორების შეხვედრისას გააჟღერა, რომ უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლს ვდგამდი. ამგვარი განწყობა საქმის კეთებისას ფრთების გამომბმელია. შინაგანი ძალების გამოცოცხლებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობ საყვარელ ადამიანის მოლოდინის გამართლებასა და გახარებას.

რეპეტიციები

„ერთხელ უწერაში“ წარმოუდგენლად მცირე დროში დავდგით, რადგან გუნდის ერთ-ერთი წევრი, ქრისტი, სოფელს 28 ივლისს ტოვებდა. სხვა გზა არ გვქონდა, წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გაგვემართა. პარალელურად, საზაფხულო პროგრამის „წავუკითხოთ ერთმანეთს“ დილა-საღამოს ჯგუფებთან ვმუშაობდი და ოთხ შვილზე ვზრუნავდი. თეკლამ პირველი ეტიუდის სცენარი მალევე დაწერა და იმავე საღამოს ჩვენს ეზოში შეკრებილმა გოგოებმა მინი-სპექტაკლი დამოუკიდებლად დადგეს. როცა საყურებლად მიმიწვიეს, აღფრთოვანებული დავრჩი მათი გუნდურობითა და შემოქმედებითი უნარებით. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სპექტაკლზე მუშაობის პროცესი უსაზღვროდ სახალისო და საინტერესოა. ვუყურებდი როლში შეჭრილ ბავშვებს, რომლებიც დაბინდებისას ვეებერთელა კაკლის ხის ძირას მთელი არსებით თამაშობდნენ და ვფიქრობდი, როგორი ჯადოსნური პროფესია გვაქვს მასწავლებლებს. ჩვენ მხოლოდ სული უნდა შევუბეროთ მათ დაფარულ შესაძლებლობებს და მყისვე ვხედავთ შედეგს.

ნაადრევ ქორწინებაზე დადგმულ ეტიუდს „ვეფხისტყაოსანი“ მოჰყვა. დავაძინებდი ჩემი სამი თვის ბიჭს და გოგოებთან მივქროდი კაკალასთან, ე.წ, სოფლის „ბირჟაზე“. ჩავრთავდით მუსიკას, ხელში წიგნი გვეჭირა და როლებს ვანაწილებდით. „საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად“ – მუსიკის ფონზე მკაფიოდ და ნელა ამბობდნენ თითოეულ სიტყვას, მე ვიდეოს ვუღებდი და უეცრად აღვიქვი, რომ ჩვენს „სცენას“ ბუნებრივ განათებად ამშვენებდა სოფლის ორღობეში ჩამოწოლილი ნისლი, ევგენი ბაბუას ჭიშკართან აღმართული ლამპიონის ნათება და სიბნელე – ყველაფერი ისე იყო, როგორც თეატრში ხდება ხოლმე. სახლიდან გამოტანილ სკამზე იჯდა მართა-თინათინი და გარინდებული ისმენდა როსტევანის, სოგრატისა და ავთანდილის საუბარს. გარკვეული ფორმა რომ მიიღო ჩვენმა წარმოდგენამ, დაუტეველმა სიხარულმა მოგვიცვა და სიცილი აგვიტყდა. ერთმანეთს ვემშვიდობებოდით ღამის პირველ საათზე, ქრისტიმ რომ შემაჩერა: ლელა, შენ ხარ გაზრდილი ენიო, მითხრა და თვალები ცრემლებით ამევსო. მერე ჩამოვსხედით გრძელ სკამზე და ბევრი ვისაუბრეთ ენიზე, მარილაზე, მეთიუზე და წიგნის სხვა პერსონაჟებზე, რომლებიც ქრისტის გულში დიდი ადგილი დაეკავებინა. ენის მეორე ნაწილი სამშობიაროში მქონდა წაღებული და ჩემი მეოთხე შვილი რომ დაიბადა, კითხვა იქ დავასრულე, მესამე ნაწილიც იქვე დავიწყე. ახლა კი ჩემი სამი თვის ბიჭს მშვიდად ეძინა და 13 წლის ქრისტისთან ენის შესახებ ვსაუბრობდი.

სულ რამდენიმეჯერ შევიკრიბეთ. მეორე ეტიუდის სცენარიც დაწერა თეკლამ და გადავწყვიტეთ, სპექტაკლის წარმოდგენის დღესვე დაგვედგა. ვფიქრობ, სწორედ რეპეტიციების გონივრული წარმართვა არის უმნიშვნელოვანესი სპექტაკლის დადგმის პროცესში. რეპეტიციებისას შეიძლება, გეგონოს, არაფერი გამოდის, მაგრამ ამ ფიქრს არ უნდა აჰყვე, პირიქით, რეპეტიციების მაგიური ძალა ის არის, რომ ბავშვებიც დაარწმუნო, თუ როგორ შეიძლება მარტივად გადაჭრა დევის მოკვეთილი თავებივით გაცოცხლებული პრობლემები, რომ ერთმანეთის იდეებისადმი მიმღებლები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები. პროცესის ფასილიტატორებმა უაღრესად ფაქიზი დამოკიდებულება უნდა გამოვამჟღავნოთ, როცა ბედავენ და თამაშობენ. მუდმივ წახალისებასა და შექებას თავდაჯერებულობა მოაქვს და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებიც მათ ქცევაზეც აისახება.

სპექტაკლამდე

სპექტაკლის შესახებ აფიშები გოგოებმა წინა ღამით დაწერეს და გააკრეს „კაკალასთან“, სადაც მთელი სოფელი იყრის თავს. სოციალურ ქსელში სპექტაკლის შესახებ მხოლოდ 27 ივლისის დილას დავწერე, რადგან მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდით, რამდენად მივიყვანდით ბოლომდე ჩანაფიქრს.

წინასამზადისის ფუსფუსი არანაკლებ საინტერესო იყო – გვიან ღამემდე ჩვენი სახლის შუშაბანდში სინათლე ენთო. რადგან დილიდან სკოლაში ვაპირებდით ყოფნას, ბავშვებმა გადაინაწილეს თან წასაღები საჭმლის ნუსხა. თინათინის გვირგვინს ვჭრიდი და პარალელურად მაჭკატებს ვაცხობდი. დროის სიმცირის გამო რეკვიზიტები მწირი გვქონდა. როსტევანის სამეფო კარისთვის საჭირო მოსასხამებიც ძლივს ვიშოვეთ, ძირითადად, ძველი ფარდები და თხელი ფარდაგები, თინათინის სალაროსთვის კი ჩემი 5 წლის გოგოს კოლოფი წავიღეთ და საახალწლო „წვიმები“ წვრილად დავჭერით. საგულდაგულოდ შეარჩიეს თითოეული ეტიუდისთვის საჭირო ტანსაცმელიც. ქრისტის რამდენიმე დღით ადრე ციალა ბებომ აჩუქა რეტროს სტილის კუბოკრული კაბა, რომელიც სპექტაკლის სიმბოლოდ იქცა. 27 ივლისს, დილის 10 საათზე, თავი მოვუყარეთ საჭირო ნივთებს და ბავშვის ეტლითურთ სკოლისკენ გავწიეთ. მანქანაში საჭესთან თინათინის გვირგვინი დავაბრძანეთ და მაგიური განწყობა შექმნა იმის აღმოჩენამ, როგორ „მიგვიძღოდა“ თეთრი თაბახის ფურცლისგან გამოჭრილი გვირგვინი უწერის სკოლისკენ.

მაშ ასე, სპექტაკლამდე 9 საათი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში სკოლის დირექტორის, ნაილი მასწავლებლის, დახმარებით მოვაწესრიგეთ სააქტო დარბაზი, გავმართეთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, გავიარეთ რეპეტიცია და ვითამაშეთ ორი ეტიუდი. თან მყავდა ჩემი სამი თვის ბიჭი, რომელსაც დიდი ძალისხმევა და ყურადღება სჭირდებოდა. ცოტა ხნით გოგოების დატოვება მომიხდა და უკან დაბრუნებულს კიდევ ერთი ეტიუდის დადგმა მოესწროთ. შემდეგ ფრაზეოლოგიზმების დრო დადგა. იქვე გამოვიგონეთ პანტომიმის მოძრაობები და სულ 5 ფრაზეოლოგიზმი შევარჩიეთ. პინა ბაუშის მუსიკასთან ერთად ვცეკვავდით და დროდადრო ვიძახდით – ენა ზურგზე გადაიგდო, ენა წინ წაიგდო, ენამ უყივლა, ენას ილესავს, ენას კბილი დააჭირა. ვიდეოს კატო გვიღებდა. მისი შეძახილები გვამხნევებდა. ამ დროს მითხრა, ლელა, არ გინდა, შენც მიიღო მონაწილეობა ამ პანტომიმის ცეკვისასო. კატოს იდეა დანარჩენებმაც აიტაცეს. ცხოვრებაში არასდროს მიმიღია სპექტაკლში მონაწილეობა. უარის თქმა შემრცხვა, რადგან თავად ვუბიძგებდი სითამამისა და თავდაჯერებულობისკენ. ამიტომ დავთანხმდი და ეს დღე ამითაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის – მე, მასწავლებელმა, მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში და სცენაზე თამაში გავბედე. ახლა ზუსტად ვიცი, რას განიცდიან ბავშვები აუდიტორიის წინაშე თამაშისას და როგორი განსაკუთრებული ემოციები მოაქვს გუნდთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას. გვიან ღამით ჩემი ბავშვობის მეგობარმა ამერიკიდან მომწერა, შენს ცეკვას ვუყურე და ძალიან მომეწონაო. 10 წლის ასაკში მეგისთან ერთად მთელი ხმით გავკიოდი იმ დროის პოპულარულ სიმღერებს და ქეთის სახლში ცეკვას ვდგამდი. ახლა, 30 წლის შემდეგ, ისევ ბავშვობაში დავბრუნდი. მასწავლებლობის ერთ-ერთი უდიდესი სიხარული და საჩუქარი სწორედ ის არის, საკუთარ თავში ბავშვად ყოფნის მუდმივ შესაძლებლობას რომ გჩუქნის.

სპექტაკლის წარმოდგენის დრო ახლოვდებოდა. ნერსეს ხან ნაილი მასწავლებლის ოთახში ეძინა, ხან – ჯადოსნურ ოთახში. თანამედროვე მედიათეკის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში, რომელიც ექვსი წლის წინ დამიწერია. თითქმის 10 წელი გავიდა უწერის სკოლაში მუშაობის დაწყებიდან და დროში ასახულმა ცვლილებებმა სევდით ამავსო. სააქტო დარბაზის ფანჯარაზე ისევ ეხატა ჩვენი სპექტაკლის „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომის“ ამსახველი ნახატი. გაცრეცილი ფერებისა და წარწერის მიღმა ჩანდა სკოლის წითელი ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მოჰყავდა. გული მეწურებოდა იმის გახსენებისას, რამდენჯერ მიმგზავრია ონში, ჯინჭვისსა თუ ღებში უწერის სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად. ახლა კი მისი მძღოლი, ენერგიული, მხიარული ადამიანი, იაშა, ცოცხალი აღარ არის, უშუშოფანჯრებიანი წითელი ავტობუსი კი სკოლის კედლებთან დგას, თითქოს იმის სიმბოლოდ, რომ სიცოცხლე დაყოფილია დროის გარკვეულ მონაკვეთებად. სწორედ ასეთი ამბების გახსენებისას ამ სამყაროშივე ერთიანდება დრო და ყოფნა – არყოფნის სიმბოლოდ გვევლინება. წითელი ავტობუსი მაფიქრებს იმაზე, რომ სკოლა დროის სამივე ასპექტს – იყო, არის და იქნება – აერთიანებს.

ჯადოსნურ ოთახში ისევ ძველი სურნელი იდგა. შესვენებისას რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, სადაც ვყვები უწერის სკოლის მოსწავლეების მიერ გატანილი და დაბრუნებული წიგნების ამსახველ დღიურზე, ჩემთვის შვიდი წლის წინ მოწერილ მარიამის წერილზე, რომელიც სწორედ იმ დღეს შთაბეჭდილებების კოლოფში ვიპოვე, ნაილი მასწავლებლის გამორჩეულ თანადგომაზე.

სააქტო დარბაზში გოგოები მაკიაჟს იკეთებდნენ, ტანსაცმელს აწესრიგებდნენ და პირველი სტუმრების გამოჩენისთანავე ანერვიულდნენ.

სტუმრები

ვაიმე, მელიტონიც მოვიდაო, კულისებში შესძახა მართამ, მელიტონ ბიძიას ძმისშვილიშვილმა და შფოთვა მოემატა. მე რომ უწერის სკოლაში ვმუშაობდი, მელიტონ ბიძია სოფლის გამგებელი იყო და ჩვენი სპექტაკლებისა და ლიტერატურული კაფეების ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა და მოგვიტანდა სოფლის პატარა მაღაზიაში ნაყიდ ლიქიორსა და შოკოლადს. ახლაც მისი სახლის აივანზე ვზივარ და ამ სტატიას ვწერ. მელიტონ ბიძია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიას შორის, ვინც უწერიდან ყოველდღე დადიოდა ონში და ხშირად დამიბარებია ლიტერატურული კაფესთვის საჭირო პროდუქტი. მოყინულ გზაზე ამოივლიდა მისი მანქანა და მოჰქონდა ვანილი, ლიმონათი თუ ხელსახოცები. გული მადლიერებით მევსება იმის წარმოდგენისას, როგორი დიდი გულისხმიერებით ყიდულობდა ყველაფერს, რასაც ვთხოვდი.

ოჯახის წევრების გარდა, დანამდვილებით არ ვიცოდით, კიდევ ვინ გვესტუმრებოდა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მეუღლემ შემხვედრი ადამიანები მოიპატიჟა. სპექტაკლის დაწყებამდე გოგოებს ვუთხარი, მთელი გულით ხომ ველოდები ნაცნობებს და ყოველთვის მოდიან ის ადამიანებიც, ვისაც არ ველი-მეთქი. სპექტაკლი „ერთხელ უწერაშიც“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი. რამდენიმე წუთით ადრე კი სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობარი იაკო თავის სამ შვილთან და დედასთან ერთად შემოვიდა. ია ყველა ჩემი აქტივობის დიდი გულშემატკივარია, მაგალითად, წიგნის დღეებზე მე და ჩემი მეხუთეკლასელები მაფინებს რომ ვყიდდით საკლასო ოთახის ხელნაკეთი თაროების დასამზადებლად, იმ დღესაც გვესტუმრა ოჯახთან ერთად და სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკისთვის შეგროვებული თანხა გვიწილადა. იას გოგოებს სოციალურ ქსელში უნახავთ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია და როგორც კი გაუჟღერებიათ, ციური დეიდას, იას დედას, ჩაუსხამს მანქანაში შვილიშვილები და უწერაში წამოუყვანია. მალე პატარა დარბაზში ტევა აღარ იყო. ჩემი ხუთი გოგო აღელდა, ხელები აუკანკალდათ ნერვიულობისგან და სწორედ ამ დროს ოთახში ანი შემოცქრიალდა. ანი ერთ-ერთი მირამისელია, უწერის სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. კიდევ ერთხელ გადავინაცვლეთ მე და ანიმ ჩვენს დღესასწაულებში – იმ დღეებში, როცა პატარა ოთახში უწერის სკოლის ყველა მოსწავლეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარსადგენად თავი მოეყარა და სუნთქვა ჭირდა ან იმ დღეს, როცა გოდერძი ჩოხელის მოთხრობები გავაცოცხლეთ და მეათეკლასელი პაატა ფანჯარასთან ცხენით მოგვადგა. ანიმ გოგოებს უთხრა, მთავარია, პროცესით ისიამოვნოთ, ახლა გგონიათ, არაფერი გახსოვთ და როგორც კი სცენაზე პირველი წუთი ჩაივლის, მაშინვე გათავისუფლდებითო. ანიმ იტვირთა სპექტაკლისთვის ვიდეოს გადაღება და თავისი იქ ყოფნით სიმშვიდე მოჰქონდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, როგორი გადამდებია ერთობლივი ქმედება სპექტაკლისთვის, რადგან ქრისტის 8 წლის ძმა და თეკლას 5 წლის და თან გვახლდნენ. მათაც გაუჩნდათ მონაწილეობის მიღების სურვილი და მყისვე გამოუძებნეს როლები – კაკიმ და ლილემ კატოს და-ძმის როლი მოირგეს. მალ-მალე მომადგებოდა ლილე და ჩამჩურჩულებდა, ნაადრევ ქორწინებაში როდის უნდა ვითამაშოო.

მთელი დღე გაბმულად წვიმდა. 7 საათისთვის დარბაზში უკვე ჩამობნელდა. ერთადერთ განათებად გამოვიყენეთ შინიდან წაღებული ელექტროციმციმა, რომლის ფერადი ათინათი დარბაზის კედლებზე ირეკლებოდა და განსაკუთრებულ ელფერს სძენდა სცენას. ფერადი განათება თითქოს ამ სპექტაკლის სიმბოლოდაც იქცა – ჩვენ ჯერ საკუთარი თავი დავარწმუნეთ და შემდეგ კი იქ მყოფი ადამიანები იმაში, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობას გამოსტაცო ყველა სიკეთე და როგორ შეიძლება ააელვარო ადამიანები სიხარულით.

სპექტაკლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სტუმრად მოსულა კამილა, რომელიც უწერაში ისვენებდა და ერთ შუადღეს, სეირნობისას, ჩვენს სახლში გვესტუმრა. როგორც გავიგე საუბრისას, კამილა ფრანგული ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ბევრი ვისაუბრეთ მე და კამილამ. მოვუყევი, როგორ ვესტუმრე ეროვნული ბიბლიოთეკის ფრანგულ მედიათეკას და რომ იქ ნანახი გარემო გახდა უწერის სკოლის ჯადოსნური ოთახის დაარსების ინსპირაცია. სპექტაკლის დღეს, სკოლისკენ რომ მივდიოდით, კამილა შეგვხვდა და ბავშვებმა დაპატიჟეს. დილას კამილასგან წერილი მივიღე: „It was a pleasure for me to attend your performance. To see the performance itself, but also to see how big an impact it had on every single person in the audience, with stars shining in their eyes. They are lucky to have you! Congratulations!” (ამონარიდს წერილიდან კამილას ნებართვით ვურთავ სტატიას).

ელენემ, კატომ, ქრისტიმ, მართამ და თეკლამ შესანიშნავად გაართვეს თავი აუდიტორიის წინაშე თამაშს. ამ სტატიით მინდა საჯარო მადლობა შევუთვალო ჩემთვის უცნობ მასწავლებელს, რომელიც ქრისტის და მის მეგობრებს ქალაქ რუსთავში თეატრს აყვარებს და ასწავლის, რადგან სწორედ ქრისტი იყო ჩვენი სპექტაკლის მამოძრავებელი ელემენტი. 13 წლის გოგოს გულანთებულობა და ცოდნა ჩვენც გადმოგვედო და წაგვახალისა.

კამილამ მომწერა, თითოეული სტუმრის თვალებში ვარსკვლავები ენთოო და ერთ-ერთი მომენტი სპექტაკლიდან სამუდამოდ აირეკლა ჩემში, როგორც სინერგიის სიმბოლო – სპექტაკლის ბოლოს მართა გიტარაზე უკრავდა, მღეროდა სიმღერას „თეთრ კლავიშებს“ და ნელ-ნელა მთელი დარბაზი აჰყვა. ახლაც ამეტირა გახსენებისას, როგორი სინაზე, სიკეთე და მშვენიერება დალივლივებდა დარბაზში და სცენიდან წამოსული მუხტი დარბაზში მყოფთა განცდებს აელვარებდა. მღეროდა მართა და მღეროდა მთელი დარბაზი – იკუნას დედა, კატოს ბებია, ბავშვები და კიდევ სხვები. ვიდექი ხმის გამაძლიერებელთან, ვუყურებდი ამ ჯადოსნურ პროცესს და ვტკბებოდი იმის გააზრებისას, რომ მე და ჩემმა პატარა მეგობრებმა მცირე დროში ჩვენი სახლის შუშაბანდში დაბადებული იდეის გაცოცხლება და ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება შევძელით.

სპექტაკლის ბოლოს სრულად ჩამობნელდა, წვიმამ იმატა. ძლივს ვხედავდით ერთმანეთს. კატოს ბებიამ, ნანამ, ემოციური სიტყვები გვითხრა. მან გაიხსენა, რომ დარბაზში მყოფი რამდენიმე მათგანი – მელიტონი, ნანა (ლივლივა), ნათია (ფაცო)… – ნაილი მასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ და მათაც დაუდგამთ სპექტაკლი, რომელშიც გიორგი და პაატა სააკაძის როლებს თამაშობდნენ. ნანა თბილისში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და სპექტაკლის ერთად გამართვა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ ამითაც იყო გამორჩეული, რომ უწერის სკოლის ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე ბებიები და ბაბუები არიან, დროში ამოგზაურა.

მელიტონ ბიძიამ ჩვეულად გვიმასპინძლა და შამპანური მოგვართვა. აღარ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება. ბედნიერი, დამღლელი, დაუვიწყარი 9 საათის შემდეგ თავსხმა წვიმაში ბარგი-ბარხანიანად შინ დავბრუნდით და თან უზარმაზარი სიხარული გამოვიყოლეთ.

შეჯამება

ის, რასაც გულს ვუძღვნით, დროს ვუთმობთ, წარმოუდგენლად ვრცელდება დროსა და სივრცეში. იანვარში თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად სპექტაკლისთვის ორკვირიანმა შრომამ უწერაში ჩამოაღწია, ხუთ გოგოს ქმედებისკენ უბიძგა და მათი ერთი ზაფხული დაუვიწყარი გახადა. მე მჯერა ბავშვების კოსმოსური ენერგიისა და შესაძლებლობების, მათგან გამუდმებით ვსწავლობ. დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი „ერთხელ უწერაში“ კიდევ ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს და ჯადოსნური თავგადასავლების ჯაჭვს უამრავ რგოლს შემატებს.

გამოხმაურების ბარათები

ნებისმიერი აქტივობის შემდეგ დროს ყველაზე უკეთ გამოხმაურების (გასასვლელი ბილეთები) ბარათები ინახავს. ამჯერადაც ელენეს, კატოს, ქრისტის, მართას და თეკლას ვთხოვე შეევსოთ ბარათები, რომლის ქარგა ამგვარი იყო:

  1. სპექტაკლის მზადებისა და წარმოდგენის პროცესიდან გაიხსენე 10 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება.
  2. სპექტაკლის დღიდან მომიყევი ერთი ამბავი, რომელიც მე ვერ შევნიშნე.
  3. რატომ დაარქვით სპექტაკლს „ერთხელ უწერაში“?
  4. სპექტაკლის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?
  5. რა რჩევებს მომცემდი?
  6. შენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს სპექტაკლს მოზარდის ცხოვრებაში?
  7. რას გრძნობდი სპექტაკლს წარმოდგენისას?
  8. როგორი განცდა დაგეუფლა სპექტაკლის შემდეგ: რა გეწყინა? რა გიხაროდა?
  9. რას ეტყოდი შენს მეგობრებს?
  10. რას მეტყოდი მე?

ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს და სწორედ მათი უკუკავშირი ახალი ძალებით მავსებს. გიზიარებთ ამონარიდებს სპექტაკლში მონაწილე ხუთი გოგოს ბარათებიდან:

 

1.როგორ დაგვადგმევინა მართამ ცეკვა; როგორ მეხმარებოდა თეკლა კაბის გახდაში; ჭორაობასა და გარიყვაზე ყველამ ერთად რომ დავდგით სპექტაკლი; ლილე და კაკი გულებს რომ გვიჩვენებდნენ სიმღერის დროს; ელენე ტანსაცმლის ყოველი გამოცვლის დროს ლექსებს რომ იმეორებდა ძალიან სწრაფად; ანი რომ გვაწყნარებდა და გვამხნევებდა; ანის ვუთხარი, ჩემს ძმას რომ შევხედავ, გამეცინება-მეთქი და ანი კი ზუსტად ჩემი ძმის წინ დაჯდა; შესვენებისას სპორტდარბაზში ფრენბურთს რომ ვთამაშობდით; მართას თმას რომ ვუსწორებდი; ყველას რომ „მაკიაჟს“ ვუკეთებდი“, – კატო ცაგარელი, 13 წლის.

 

  1. „გარიყვა და ჭორაობიდან“ მომეწონა ყველა ერთად რომ ვმღეროდით. ალბათ, იმიტომ, რომ სასიამოვნოა შენს მეგობრებთან, ბიძაშვილებთან ერთად სიმღერა“, – მართა მეტრეველი, 14 წლის.

 

  1. „გასწავლის გუნდურობას, ერთიანობას, ფიქრს, მსჯელობას. ვითარდები. შენს თავს უკეთ გამოხატავ, როდესაც სცენაზე დგახარ და თამაშობ, თითქოს შენს სულს ათავისუფლებ და რწმუნდები, რომ რასაც მოინდომებ, შეძლებ. თვითშეფასება გიმაღლდება“, – თეკლა, 14 წლის.

 

  1. „უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ხალხს მოეწონა ის, რაც ჩვენ წარვუდგინეთ მათ“. – ელენე მინდიაშვილი, 15 წლის.

 

  1. „არ გაჩერდე! უფრო მეტი სპექტაკლი დადგი, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიყვანო ამ იდუმალ და ფერად სამყაროში!“, – ქრისტი კაკიაშვილი, 13 წლის.

 

როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლის შიშები

0

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ნებისმიერი მშობლისთვის საყურადღებო და საინტერესო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი მხიარულად ესაუბრებოდა თავის პატარა ბიჭუნას და ართობდა, რომ მისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო ავტობუსით მგზავრობა. უეცრად ქალბატონი შეშინებული წამოხტა ადგილიდან, ბავშვი ხელში აიტაცა და ფანჯრის მინაზე „გაკრულ“ მწერზე მიგვანიშნა – „ბზიკი, ბზიკი, აქ ვერ ვიჯდები, მირჩევნია ფეხზე ვიდგე“. ცოტა მოცილებით მჯდომი მამაკაცი წამოდგა და შეშინებულ, პანიკაში ჩავარდნილ ქალბატონს ადგილი დაუთმო. იმ იმედით, რომ თავს დააღწევდა მისთვის საშიშ მწერს და უსაფრთხოდ იქნებოდა. ქალი მამაკაცის შეთავაზებას დათანხმდა, დაჯდა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. იმის გამო, რომ მძღოლს კონდიციონერი ჰქონდა ჩართული, ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო. დახურულ სივრცეში მოხვედრილი მწერი კი აქეთ-იქით აწყდებოდა და გასასვლელს ეძებდა. უცებ ის იმ ადგილისკენ გაფრინდა, სადაც შეშინებული ქალბატონი იჯდა. მის დანახვაზე ქალი წამოხტა, შეშინებული და ატირებული ბავშვი ხელში აიტაცა და მძღოლს დაუყვირა, რომ ავტობუსი გაეჩერებინა. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მგზავრებს შორის, უეცრად ავტობუსი დაამუხრუჭა და კარი გააღო. შეშინებული ქალბატონი ატირებულ ბავშვთან ერთად სწრაფად ჩავიდა ავტობუსიდან. ვფიქრობ, ადვილი არ იქნებოდა მისთვის შეშინებული და ატირებული ბავშვის დამშვიდება. მომავალში კი აღნიშნული მწერის დანახვაზე, დიდი ალბათობით, ბავშვს ისეთივე რეაქციები ექნება, როგორიც ჰქონდა დედას, რომელიც ყველა ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი და ყველაზე საიმედო ადამიანია.

შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ჩვენი შიშების კონტროლი ნამდვილად არ არის ადვილი. ისინი იპყრობენ ჩვენს აზრებს, იმორჩილებენ ჩვენს ნებელობას, და მუდმივად რაღაც არასასიამოვნოსა და სახიფათოს მოლოდინში გვამყოფებენ. თანამედროვე საზოგადოებაში თავდაჯერებულ, მიზანდასახულ, მიზანსწრაფულ ადამიანად ითვლება ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ემორჩილება შიშებს და არ აძლევს მათ უფლებას მართონ მისი ქმედებები.

შიშთან გამკლავების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლების წინაშე, რომლებსაც სურთ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა. ბავშვის აღზრდის პროცესი დაკავშირებულია მუდმივ სტრესთან, შფოთვასთან და, რაც მთავარია, ყველა ჩვენი შიში დაუყოვნებლივ გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს, თანაც ისე, რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, ჩვენი შიშით როგორ გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ ბავშვის მყიფე ფსიქიკას.

ბავშვებში შიშის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და ამ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მშობლების გადაჭარბებული შფოთვა. ბუნებრივია, რომ ჩვენ, უფროსებსაც შეიძლება უამრავი რამის შიში გვქონდეს და ეს შიშები გადაეცემა ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვსაც. ვფიქრობ, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ შფოთიანი მშობლები ზრდიან შფოთიან ბავშვებს მრავალრიცხოვანი ფობიებითა და შიშებით. ამაში არაფერი უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ბავშვები აკოპირებენ უფროსების ქცევას და თუ დედას ეშინია ძაღლების, თავისუფლად შეიძლება, რომ ბავშვსაც იგივე შიში ჰქონდეს. მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვებზე. თუ ისინი იტანჯებიან მომატებული შფოთიანობით, დიდი ალბათობით, ნამდვილად ვერ გახდებიან ძლიერი საყრდენი შვილისთვის.

დიდწილად ოჯახი აყალიბებს ბავშვის წარმოდგენას სამყაროზე. ჩვენმა შიშმა და ძლიერმა ემოციურმა განცდებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე, ისინი ხომ მას პირდაპირ გადაეცემა, ბავშვი იღებს მშობლების გამოცდილებას.

 ხშირ შემთხვევაში, ბავშვს უჩენს შიშს და უკარგავს საკუთარი ძალების რწმენას მისკენ მიმართული, მშობლის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა:

  • „მეშინია ვინმემ არ გაგანაწყენოს, არ დაგჩაგროს“ – თუ ამ ფრაზას ხშირად გავიმეორებთ, ბავშვი ნამდვილად იგრძნობს საფრთხეს, თუმცა, დიდი ალბათობით, შეიძლება არც არაფერი მოხდეს. ბავშვები განიცდიან შიშს, როდესაც მშობლები მუდმივად საუბრობენ საშიშროებაზე, ან ხშირად ჰყვებიან საკუთარ ნეგატიურ, უარყოფით ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ზღვარი გაფრთხილებასა და საკუთარი განცდების თავსმოხვევას შორის ძალიან მცირეა. უსაფრთხოების წესებზე საუბარი, პირადი საზღვრების დაცვის სწავლება და სიფრთხილე უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა იმაში დარწმუნება, რომ სამყარო სასტიკია, ადამიანები კი ბოროტები არიან, ნამდვილად არ ღირს, რადგან ეს ბავშვში ბადებს შიშსა და უნდობლობას ადამიანების მიმართ.
  • „შენ ხომ ძალიან მორცხვი ხარ! მეგობრების პოვნა შენთვის რთული იქნება!“ – სიმორცხვე და უხერხულობა ხშირად სოციალური განწყობა-დამოკიდებულებების შედეგია. მართალია, არსებობენ ინტროვერტი ბავშვები, რომლებიც კომუნიკაბილურობით არ გამოირჩევიან, იშვიათად გამოხატავენ ურთიერთობის სურვილს უცხო გარემოში მოხვედრისას, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ მშობლების შიშისა და საყვედურების ქვეშ. ისინი არ იბადებიან მორცხვებად, ისინი ასეთები ხდებიან მშობლების მხრიდან შემდეგი ფრაზების მოსმენის შემდეგ: „შეწყვიტე სისულელეების კეთება!“; „ხმას დაუწიე, ხალხი გიყურებს!“; „შენ ისევ არასწორად გააკეთე ყველაფერი!“. მსგავსი ფრაზები შეიძლება გაუცნობიერებლად გამოიყენოს უფროსმა, მაგრამ ამ ფრაზების მიღმა დგას გარშემომყოფთა მხრიდან დაგმობის შიში, მათ თვალში კარგ მშობლად წარმოჩენის მცდელობა და შვილის „ნაკლოვანებების“ დამალვის განზრახვა. თუ ვიქნებით უფრო თავისუფალი, შემწყნარებელი ბავშვის სხვადასხვა მახასიათებლის, თვისების მიმართ, ის შეწყვეტს ყოველი გადადგმული ნაბიჯის კონტროლს და, დიდი ალბათობით, გაუბედაობაც გაივლის.
  • „მე ძალიან მოვიწყენ უშენოდ, ნერვიულობისგან უკვე ადგილს ვერ ვპოულობ“ – შვილის მონატრება ნორმალურია, მაგრამ მასთან განშორებაც ცხოვრების ნაწილია. თუ მშობელი მტკივნეულად განიცდის შვილთან დროებით განშორებას, ბავშვმა შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს, როცა ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე, წვეულებაზე მეგობრებთან და არა მშობლებთან ერთად წავა. მშობლების განცდები და სევდა თავის კვალს ტოვებს. როდესაც ისინი მშვიდად არიან, ბავშვსაც ნაკლები მიზეზი აქვს ნერვიულობისათვის. კარგი იქნება, თუ დავარწმუნებთ ბავშვს, რომ არაფერია საშიში, ნებისმიერი სირთულე მოგვარებადია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მშვიდად წავა თანატოლებთან ერთად და არც საფრთხის მოლოდინი ექნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ საუკეთესო აღზრდა ბავშვისთვის მაგალითის მიცემაა. შევეცადოთ თავად ვიყოთ მაგალითი მისთვის. რთულია დამოუკიდებელი, გაბედული, მამაცი ბავშვის აღზრდა, როცა მშობელს თავად აწუხებს შიშები, ეჭვები და უჭირს საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა. მშობლის სიმშვიდე, საკუთარი ქცევის, ემოციების გაანალიზების უნარი არის წინაპირობა იმისა, რომ ბავშვი წარმატებით გაუმკლავდება სირთულეებს.

 

 

 

 

მშობლიური ენის კვალზე

0

სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ ეფუძნება იაკობ გოგებაშვილისეულ მემკვიდრეობას და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; კონსულტანტი – ნინო რამიშვილი; მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე; თანაავტორი – ლელა მანგოშვილი; რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი სულაკაურის გამომცემლობა).

სწავლა-სწავლების პროცესი აგებულია ცოდნის კონსტრუირებაზე, პრინციპით – მარტივიდან რთულისაკენ და ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე.

სახელმძღვანელოს თემები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოთავაზებულ სავალდებულო თემებს:

  • ჩვენ და ბუნება; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა;
  • გართობა (ურთიერთობა თანატოლებთან და მათი სურვილები);
  • თამაში, სპორტი, გართობა;
  • ჩვენი სკოლა; სწავლის სიყვარული;
  • ფასეულობები (ოჯახი, ზრუნვა, თანაგანცდა, სიკეთე და ბოროტება);
  • ჩვენი სამშობლო;

სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ცვლილებები) და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დაკვეთას, მოსწავლეს შეუქმნას „ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო“.

 

წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციები, მოსასმენი და წასაკითხი ტექსტები ხელს უწყობს: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირმეტყველების, ფუნქციური სამეტყველო უნარების (აღწერა, თხრობა, შედარება, პირადი თვალსაზრისი დასაბუთება) განვითარებას.

 

შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სამშობლოს სიყვარულს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას. ყველა თემა დამუშავებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიანი სამიზნე ცნების მისაღწევი შუალედური მიზნების (შემოქმედებითი დავალებების) სარეკომენდაციო დეტალიზებული დანართები.

 

მოსწავლის წიგნში, რვეულსა და მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი მასალა სინქრონიზებული და ურთიერთდაკავშირებულია.

 

მასწავლებლის წიგნს თანდართული აქვს წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდომი პერიოდის სარეკომენდაციო კურიკულუმები და 24 შემოქმედებითი დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით რესურსი პასუხობს შეკითხვებს:

  • რა მიზნით ვასწავლი?
  • რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?
  • რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებ?
  • როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს?

 

წინასაანბანო პერიოდს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 10 – 12 კვირა ეთმობა, რადგან ამ პერიოდში ხდება მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, მათი მომზადება საანბანო პერიოდისთვის და ეს დრო ნამდვილად სწორად არის განსაზღვრული.

 

ნახატების დახმარებით გააქტიურებულია სიტყვა, შემდეგ – წინადადება და ბოლოს აღწერა. მოსწავლეებმა ნახატის მიხედვით შესაბამისი სიტყვა უნდა ამოიცნონ, „ნახატი-წინადადების“ მიხედვით წინადადება შეადგინონ, ბოლოს კი ამბად გადააქციონ და დაუბრუნდნენ ძირითად დიდ სურათს.

ფონოლოგიური უნარის განვითარებისთვის რვეულში შემოთავაზებულია მარცვლებისა და ბგერების სავარჯიშოები.

 

მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში მრავლად არის, როგორც ბადეში ჩასაწერი, ასევე „სახალისო სავარჯიშოები“. მოსწავლეებს მოსწონთ ნახატების გაფერადება, საგნებისა და ბგერების რაოდენობის შესაბამისი უჯრების ერთმანეთთან დაკავშირება.

საანბანო პერიოდში დაცულია იაკობ გოგებაშვილისეული ასოთა თანამიმდევრობა (მარტივიდან რთულისკენ).

შემოქმედებითი დავალებები მრავალფეროვანი და ძალზედ სახალისოა.

ილუსტრაციების მიხედვით ეპიზოდების თანამიმდევრობით დალაგება

დაბადების დღის პოსტერის შექმნა

  

 ჩემი სურათებიანი ლექსიკონი

 

 

 ანბანის შემდგომი პერიოდის ტექსტებს ახლავს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი გამოცდილებით ააგოს ცოდნა – თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რა არის სიკეთე, ბოროტება, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, დაუკავშიროს პირად გამოცდილებას. შეაფასოს პერსონაჟის ქმედება, როგორი იყო და როგორ შეიცვალა. შეძლოს ამბის სამნაწილიანი ფორმის გააზრება მოსწავლის რვეულში მოცემული არაჩვეულებრივი სქემებით.

ზამთრისა და ზაფხულის შედარება

აღსანიშნავია, რომ ანბანის შემდგომ პერიოდში, მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, შერჩეულია სახალისო, პრაქტიკული გრამატიკული სავარჯიშოები: ხმოვანი, თანხმოვანი, მარცვალი, სიტყვა და წინადადება, წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი.

 

სახელმძღვანელოს თანდართული აქვს თავისუფალ დროს წასაკითხი მასალა.

წიგნის ეს ნაწილი მშობელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, რადგან საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლეებს შეუძლიათ, წაიკითხონ გემოვნებით შერჩეული საყმაწვილო ნაწარმოებები.

 

„ურწმუნო თომა“ – კიდევ ერთი გამონათქვამი შორეული წარსულიდან

0

იდიომი აქტივობებით – ქართულის გაკვეთილებზე ენის სიღრმეების წვდომისთვის

გიზიარებთ კიდევ ერთი იდიომის „თავგადასავალს“, რომელიც დაგვეხმარება, ბავშვები დიდებული ქართული ენის სიღრმეებში ვამოგზაუროთ. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს რაიმე სახის ინფორმაციას ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია მშრალად მხოლოდ ინფორმაცია კი არ წავუკითხოთ ან წავაკითხოთ, არამედ დავამუშაოთ, მივაბათ მას სხვადასხვა სახის აქტივობები და სამუშაო ფურცლები, რაც შემდგომ დაგვეხმარება საკითხავის საფუძვლიანად გაგებაში, მეხსიერების კუნჭულებში მის სამუდამოდ მოთავსებაში.

მოზარდებს ყოველთვის აინტერესებთ წარსული, ისტორია, რელიგიური თუ მითოლოგიური ფრაზები და გამონათქვამები. ამიტომ მათი ინტერესის გაღვივება რთული სულ არ იქნება.

შეგვიძლია ცნობისმოყვარეობა გასაღვივებლად, უბრალოდ ჩავილაპარაკოთ: ეს ჩემი მეგობარი ამ ბოლო დროს ურწმუნო თომასავით იქცევა! ბავშვები აუცილებლად შეგვეკითხებიან, ვინ არის ურწმუნო თომა? რატომ არის ურწმუნო? რის არ სწამს? და ამ დროს ჩვენ ამბის მოყოლასაც დავიწყებთ:

შენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, რომლის დარწმუნებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და საბოლოოდ შეიძლება ეს ძალისხმევაც ფუჭი აღმოჩნდეს, ვერაფრით დაიჯეროს ის, რასაც შენი მთელი გულით უმტკიცებ. ასეთ ადამიანზე იტყვიან, ნამდვილი ურწმუნო თომააო.

ვინ იყო თომა და საიდან მოდის მისი „ურწმუნოება“? სინამდვილეში თომა, ძალიანაც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ის თავის მოძღვარს ყოველთვის თან ახლდა – როდესაც ის სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, ქადაგებდა და ისეთ სამყაროზე მოუთხრობდა, როგორზეც აქამდე არ სმენოდათ. თომას იესო ქრისტე არც მაშინ მიუტოვებია, საკუთარი ნებით ჯვარს რომ აცვეს. ჯვარცმიდან სამ დღეში კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტემ დატოვა აკლდამა, მკვდრეთით აღდგა. თომამ არ დაუჯერა სხვა მოწაფეებს, როდესაც მათ უთხრეს, რომ მოძღვარი ნახეს – უვნებელი და ცოცხალი. თომა მათ ეუბნებოდა: სანამ მის ჭრილობებს, საკუთარი ხელით არ შევეხები, ვერ ვირწმუნებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ, იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ შორის თომასაც. თომა შეეხო უფლის იარებს, ირწმუნა და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.

ლექსიკონი:

ფუჭი – აქ – უშედეგო, არაფრის მომტანი

აკლდამა – სამარხი, სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ძველად

მკვდრეთით აღდგა – თავი დააღწია სიკვდილს, გაცოცხლდა

იარა – ჭრილობა

დაუკვირდი ნიმუშს და შენც სცადე სიტყვების შექმნა.

რწმენა – ურწმუნო

გული –

ენა –

თავი –

ბედი –

თმა –

მთვარე –

წამალი –

მეზობელი –

მეგობარი –

შვილი –

როგორ გგონია, უ- თავსართის დამატებით სიტყვის მნიშვნელობა იცვლება? თუ – კი, როგორ?

მოვლენების ჯაჭვი

ამ ამბიდან ამოირჩიე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა და ჯაჭვის რგოლებში ჩაწერე – თითოეულ რგოლში ერთი მოვლენა. გაითვალისწინე, რომ მოვლენები თანმიმდევრული უნდა იყოს, ანუ ერთ მოვლენას მეორე მოჰყვებოდეს, მეორეს კი – მესამე.

ტექსტიდან აირჩიე სიტყვა, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს – შინაარსის ან გამოთქმის მიხედვით და შეავსე სქემა: 

 

დაუკვირდი წინადადებებს, გამოტოვებულ ადგილას ჩასვი შესაბამისი ფრაზები: ურწმუნო თომა, მათუსალას ხნისა, აბრაამის ტაბლა.

 

ჩემი ბაბუა ხშირად მიყვება ძველ ძალიან საინტერესო ამბებს, რომ ვკითხე რამდენი წლისაა, ჩაიღიმა და მიპასუხა: წლებს აღარ ვითვლი, —————— ვარ.

ნანამ საკუთარ დაბადების დღეზე ისეთი სუფრა გააწყო, ჩიტის რძეც კი არ აკლდა, სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ მასპინძელმა მათ ——————– დაახვედრა.

ძალიან რთულია ჩემს ძმასთან კამათი, მისი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია, არგუმენტები რომ გამომელევა ვეტყვი ხოლმე, რომ ნამდვილი ———————- .

 

ლაბირინთში უამრავი სიტყვაა. თუ გინდა, რომ გასასვლელი იპოვო, მაშინ მიჰყევი სიტყვების გზას ისე, რომ ტექსტის, „ურწმუნო თომას“ ერთ-ერთი წინადადება მიიღო. ეს წინადადება კი სამშვიდობოს გაგიყვანს.

ლაბირინთში შეგიძლიათ სხვა უამრავი სიტყვა ჩასვათ და ამ სიტყვებში ამოიცნონ „ურწმუნო თომას“ სიტყვები.

გაიხსენე ტექსტი და შეავსე კროსვორდი

შექმენი პატარა მოთხრობა ადამიანზე, რომელიც რთულია, დაარწმუნო.

  • გამოიყენე ფრაზეოლოგიზმი: „ურწმუნო თომა“.
  • გამოკვეთე შენი პერსონაჟის თვისებები, გარეგნული და შინაგანი მხარე.
  • მოთხრობას გაუკეთე შესავალი.
  • გამოიყენე დიალოგები (ორი ადამიანის მონაცვლეობით საუბარი)
  • შექმენი პრობლემა და შემდეგ გადაჭერი/მოაგვარე.
  • მოიფიქრე დასასრულის ორიგინალური ფორმა. გაიხსენე, როგორ სრულდება ზღაპრები და ლეგენდები, ან სხვა მოთხრობები. შეგიძლია დასასრული ტრაგიკული იყოს ან იუმორისტული.
  • შენს მოთხრობას მოუფიქრე სათაური.
  • შეეცადე, სასვენი ნიშნები სწორად გამოიყენო.
  • როდესაც წერას მორჩები, შექმენი შენი მოთხრობის ილუსტრაცია.

 

კულმინაცია

შეგიძლია, დაიხმარო „თხრობის მთა“.

 

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

0

მასწავლებლებს  ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც შევდივართ ახალ კლასში. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად განსაზღვრავს პირველი შთაბეჭდილება. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა.  გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც  ახლა იწყებენ მოზარდები.  საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად  წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ, გამოვიწვიოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში  დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ  პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს.  პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი,  ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ  ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად.  სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ ჩამოთვალონ  მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

რამდენი შეგრძნების ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის  ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს:  სინათლის, მექანიკური  და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი.  კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას,   ყნოსვას,  გემოვნებას,  სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას იღებს ადამიანის ტვინი. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს.  თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო  მელოდია,   მისთვის სრულიად გაუგებარია.  გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი ,,თარჯიმანი“ ჰყავს:     თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა…  ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას  ნერვულ იმპულსებად  გარდაქმნიან.  იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის,  შევიგრძნობთ  სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა  კოსმოსი, ცა, გარემო,  ფერი, სინათლე, სილამაზე…  მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის  ორგანოა.  გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ  თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული  სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ  შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

     როგორ ვხედავთ? – იმისთვის,  რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში  მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება.  ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება.  ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა ,,ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ,,ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის   IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს და ყველას აღმოჩენას, რომელმაც  საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად;  გეოგრაფები  ფიზიკის აღმოჩენებსა და  კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს,  ქანებს, ქარებს და ა.შ.  ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორიცაა პლანეტების მზის გარშემო  ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება,  ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა,  ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება.  ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემას და მათ აღქმას,  სუნთქვას, მხედველობას და ა.შ.  ხაზგასასმელია ფიზიკის და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.  

სასურველია,  მოსწავლეებს ვთხოვოთ დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები.   სავარაუდო ჩამონათვალში იქნება  ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია,  დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა.   მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად,  ფოთოლცვენა –  რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში  მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე,  აღმოცენებიდან  ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე.  მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ  ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს  ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში  ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია,  გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა,  რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატიურ მეცადინეობას და ძველ ცოდნაზე  ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული,  მაგნიტური,  ოპტიკური,  სითბური,  ატომური.  ადამიანი  სამყაროს  ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს  მეტად საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ  ეფექტური იქნება  საუბარი მიკრო და მაკრო სამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს.  მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები.  უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკრო სხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო და მაკრო სამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდება, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურით და მრავალფეროვნებით.  ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას  ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებით და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას.  თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო  ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე?  სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა?  რატომ  არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა  არის ვარსკვლავი?  როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა  რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა  კომფორტი, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა.  ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ  ყოფა-ცხოვრება და ზოგადად,  დავიკმაყოფილოთ  ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვების  და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს  უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის რომ  სწორედ ფიზიკის შესწავლაა აუცილებელი წინაპირობა. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის  მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე.  ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობის და  უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოახერხეს.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს  მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა  და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და  სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის  შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  •  ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების  სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები  განაპირობებენ  იმპულსის გადაცემას და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობას და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომელიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე  შეირჩევა შესატყვისი  ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობას და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალის და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო  დამუხრუჭების სისტემები  (ABS) იყენებენ  სენსორებს და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან  იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას გარდაქმნიან მექანიკურ ენერგიად.  ელექტრო სქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  •  ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა  განაპირობებენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობას.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებს და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს  მოზარდისთვის მარტივადმათთვის  გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, მატერია ეწოდება.  არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები  შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების  ყველა კომფორტი და  უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს ჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ  ცოდნა ადამიანმა  დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა  ცდის,  ექსპერიმენტის  ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. ,,მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება  ბევრად მეტად ფასობსვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად“. ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით.  მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით;  კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით.  მნიშვნელოვანია ავხსნათ,   ამა  თუ  იმ  ფიზიკური  მოვლენის  აღწერის  შემდეგ  რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების,  ერთეულების,  ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში  და შემდგომი გამოთვლების განსახორციელებლად. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებს და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ,  სჭირდება  მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას.  ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად  ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენა  ექსპერიმენტი  სიდიდე ერთეული ფორმულა.

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის  მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნების და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა  სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი  დავალებების და ამოცანების  შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ,  სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა.  შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ   კითხვების  პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა-  ქ.ტატიშვილი;  მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი,  მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/

 

 

 

 

 

 

აგვისტოს ბნელი – მთის ლოგინის ამბავი ანუ არჩილ ბადრიაშვილი

0

  თანამოსასმენი – The Necks – Blue Mountain

 

,,შენ ნახე, ბოლოს მარრთლაც ეგრეც იქნება’’

უილიამ ფოლკნერი – ,,აგვისტოს ნათელი’’

ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.  ის ბიჭი – არჩილ ბადრიაშვილი.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

რა ბედია, არ ვიცი. რატომ იწვენს მთა ლოგინში დიდ ხალხს. მის მოტრფიალე ხალხს. ეგებ ეგ დალის და მონადირეების ძველი მითის ამბავია და ახლანდელი კაცი ძნელად გაიგებს. ეგებ მათი სული რჩება იქ. მთას შეერევა. მთად იქცევა. რამდენია ასეთი მთასშერეული კაცი.

ვთქვათ – მიხეილ ხერგიანი, იტალიაში, სუალტოს კლდიდან დაშვებული დიდებული სვანი, ელისაბედ II -სგან ,,კლდის ვეფხვად’’ წოდებული, ამ საქმეში მსოფლიო რანგისა და გაქანების. თუ უცხოურ პრესას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ არჩილიც ამ სიმაღლის ალპინისტი იყო. ჩვენთან მასზე არავინ წერდა, რადგან ჩვენთან უყვართ ,,ჰაიპი’’ და ,,ინგეიჯმენტი’’. ეგ გახდა წმინდა. მთებთან ქორწინება კიდევ სხვა საქმეა.

სულ ბოლოს, ამ მეხამდე, არჩილი ჰიმალაის სტუმრობდა,  აუსვლელი მწვერვალი ნანდა შორი დალაშქრა და კიდევ – ჩანგუჩი. ესეც ძალზე რთული.

აქ, ჩვენთან, შხელდაზე, მეხმა ჩაიტანა.

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს.

 

 

 

„გულწრფელი“ ფერწერა

0

(ზოგ ქართველ მხატვარზე)

რა გამოარჩევს ნამდვილ მხატვარს? ეკითხებიან ლევან ხარანაულს. შემოქმედებითი გულწრფელობაო, ასეთია მისი პასუხი. ანუ ეს არის არა პოზა ან გამოგონილი სინამდვილე, არამედ გულიდან წამოსული, განცდილი სინამდვილე და თუ ამას ოსტატობაც ემატება, ჩვენ წინაშეა უკვე დიდი მხატვარი! ესაა მათი თვითმყოფადობაც, უშუალო სათქმელიცა და ეროვნულ გენეტიკაში ჩადებული, ღვთისგან უხვად დაფრქვეული ნიჭიერებაც…

ნიკალა ფიროსმანი „გოგონა საჰაერო ბუშტით“  – იყო ადამიანი. რთულად იცხოვრა, თუმცა წუთისოფლის სიმწარე სიტკბოშიც განაზავა. ბევრი თუ ცოტა განსაცდელი გამოიარა. ბევრმა მიატოვა, ბევრმა აღმოაჩინა, ბევრსაც უყვარდა ბოლომდე, როცა მაუსაფრობამ, სულიერმა თუ ხორციელმა სიცივემ, უსახსრობამ გატეხა. ასე წავიდა, განიბნა თავის მარტოობაში. სიკვდილში პატრონი ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე. წაიღეს და ჩაფლეს სადღაც, ვითომ ღვთისა თუ კაცის წინაშე ნამუსი მოიწმინდეს, როგორც იციან, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინეს.
…და დარჩა უკვე საფლავი მიტოვებული, უცნობი, კაცი კი ადამიანურიდან უკვე მისტიკურ, მიწის სიმარტოვეში გარდასახული – ისევ ღვთის ანაბარა, წითელბუშტიანი გოგონას დიდ და ნათელ სევდაში.
„იყო და არა იყო რა“ საწუთროში ახალი…
თუმცა იქნებ ღმერთი ადამიანის სახელიცაა, რომელსაც იგი ტოვებს დედამიწაზე?

მარტო ნიკალაზე არ ვწერდი.
ვის რა მოელის?…

დავით კაკაბაძე -„,იმერეთიდედაჩემი 1918 – ადამიანის გონის ეს ზედროული, სივრცითი (თითქოს, შესაქმის) გეომეტრია, წესრიგის სიყვარული და ჩუმი სევდა – ასეა სამშობლო გამოხატული ამ ნახატზე. მშობელივით, უძღებ შვილსაც ხელგაშლილი რომ გელოდება გულში ჩასაკრავად. რატომ ვართ მარადი უძღები შვილები?! ყველაზე მეტ ტკივილს ძალიან ახლობელს რომ ვაყენებთ და იმ გადაშლილ გულს მახვილისთვის რომ ვამზადებთ. მერე ფეხს წამოვკრავთ, ისიც, უცხო სატრფოსთვის მოპარვით ამორთმეული, „ფრთხილად, შვილოო“, რომ ამოიკვნესებს… და რა კარგს უნდა ველოდეთ ჩვენ, დედაშვილობის მადლის დამრღვევნი? ისევ დედა (სამშობლო) თუ შეავედრებს ჩვენს თავს ღმერთს…
იქნებ შეისმინოს? რომ ჩვენს გულებშიც დაბრუნდეს ის ნანატრი მშობლიური სიმყუდროვის განცდა სამყაროსადმი თუ ერთმანეთისადმი, რომელიც ავბედით დღეებში შექმნილ ამ ნახატზეა.
თორემ როდემდე?!…

ლადო გუდიაშვილი ფრესკის ღიმილი – ეს ღიმილი, რაღაცა უცნაური, ქართული სიდარბაისლით, ჯოკონდასას ჩამოუვარდება? ამაოების იმედგაცრუება, მრავალჟამიერი სევდაცაა მასში და მიღმიერის ტრფიალიც. თითქოს, გვეკითხება: ხომ არ დაგძალათ, როგორც მისი ზნე არის, წუთისოფელმაო? ეს სილამაზე, მართლაც, ფრესკულია, უკვე მიმქრალი, ძლივსღა შენარჩუნებული ყოფითობის ხიბლით. წმინდანიც ადამიანი იყო ერთ დროს, გვეუბნება ფილოსოფიური ნახატი და სწორედ ეს ურთულესი მეტამორფოზი, მიწიერის ზეციურში გარდამავლობისა, გაყრისა, იგრძნობა მასში. და ჩაგჩურჩულებს, მოგიწოდებს, გამუნათებს ისევ და ისევ ზოგადსაკაცობრიოს, რომ თუ ვერ შეძელი „…გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს“…

ელენე ახვლედიანის „კახეთი.ზამთარი“  – როცა გიჭირს, სულში სიცივეა და სიმარტოვე, გეუცხოება ყველაფერი, სახლში გინდება დაბრუნება – სადაც გელიან, ენატრები, გულში ჩაგიკრავენ. ასეთი „სახლი“ ჯერ სამშობლოა, მერე ოჯახი და ბოლოს, საკუთარი თავიც. ჩვენ გვაქვს მეტაფიზიკური სამშობლოც და წუთისოფელიც მისკენ სწრაფვისათვის გვეძლევა. ასეა, მოკლედ, ჩვენ სულ მივიჩქარით მატერიალური თუ არამატერიალური „შინისკენ“…
სწორედ ეს განცდაა ელენე ახვლედიანის ამ ნახატზე – როცა სახლში ხარ და გიხარია, სიმშვიდეა და კერიის ჰარმონია, ასე არქაული და მარად განახლებული: ყველა ცოცხალია, ირგვლივ სიყვარულია და ერთმანეთით სისავსე, როგორც ამ ზამთრის „სითბოში“…

ეს ნახატი ეროვნულიცაა და ზედროულიც…

დიმა ერისთავი „ინგა მილორავას პორტრეტი“ 2003  – როცა ინგასთან მივდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა ეს მშვენიერი პორტრეტი, როგორც მასპინძელზე უზადოდ „მოსაუბრე“, თავისი ჩუმი, იდუმალი, განუმეორებელი ხიბლითა და მხატვრისეული ხელწერით. ინგა ამბობდა, არ მგავს, მაგრამ მიყვარს და დიდ შინაგან მუხტს მაძლევსო. მე ვამბობ, რომ იშვიათია ასეთი ზუსტი გადმოცემა ადამიანის სულიერი სამყაროსი, მისი იდეალური „მესი“, სიფაქიზისა, რომელსაც ალბათ უცხო თვალს არც აჩვენებდა და მხოლოდ მაშინ იყო ასეთი, როცა თავთან მარტო რჩებოდა. სწორედ ესაა ჩემი ინგა და სწორედ ასეთი მიყვარს მე იგი – მელანქოლიური, სამყაროს დაკარგულ ჰარმონიაზე სევდის სიბრძნით, ტრაგიზმის ძალითა და მეოცნებე, ირეალური ოპტიმიზმით… ასეთს ვნახავ მე მას იმქვეყნად და, მგონია, სწორედ ასეთი მზერით მელოდება და დამხვდება…

თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) პეიზაჟი  – არაფერია უჩვეულო, თუ თოვლი იისფერია, ქვეყანა „დაბინდულ ქლიავის ფერი“, ხე – მეოცნებე, ადამიანივით… თუნდაც სინამდვილე მორუხო იყოს, როცა ეს პარალელური რეალობაც არსებობს, ვინმეს წარმოსახვაში, ლექსსა თუ ნახატში გაცოცხლებული, ჩვენს სულებს აქვთ ნეტარი კუნძული, რომელზეც გადასახლება შეუძლიათ. მავანნი ცდებიან და ზოგი ოცნების დრო არასდროს მიდის. სწორედ აუხდენელი ნატვრების ნაზი სიოს სიმსუბუქე გადაგალახვინებს წუთისოფლისა და მეტაფიზიკურის ზღვარს და შენც მიფრინავ, როგორც ამ ალისფერი ხის ფოთოლი, „შინისაკენ“, სადაც აღარაა შემოდგომა და ხასხასა, მარადიული გაზაფხულის ყვავილოვანი ველებია. იქ ცოტა სევდაცაა, როგორც ხსოვნა წუთისოფლისა, თითქოს, მინავლული ღველფი დედამიწიდან წამოყოლილი დიდებული შემოქმედებისა…

ესმა ონიანის „ბებიის ოთახში“  – ასე ჰქვია ესმა ონიანის ამ ნახატს. მასთან მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა ნახატი, როგორც მისი ყველა დანარჩენი ნამუშევარი.
ერთ მშვენიერ დღეს ვან გოგი დაიბადა ჩვენთა სულთა საოხად და ფიქრთა, შეგრძნებათა პარალელმა მისი „ღამის კაფე არლში“ გამახსენა, იმავე წითლის გრადაციით, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას და გგონია, პერმანენტულად რომ იჯდე ამ კაფეში და უყურო მის მარჯნისფერ კედლებს, შეიძლება გაგიჟდე, რადგან გონება უძლურია, როცა მას სთხოვ, ჩასწვდეს იმას, რაც მის საზღვრებს მიღმაა.
ესმა ონიანის უნივერსალიზმია ისიც, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, ზოგადად, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ი ს ი ც ხომ სიტყვაა?

ლევან ხარანაულის თანამედროვე არქაიკა (პორტრეტები)  – აქ ნაცელქარი და მყისიერად ჩაფიქრებული ბავშვების სევდაცაა; ავტოპორტრეტები, რომელთა სახე ექნებოდა იესოს, განკაცებულ ღმერთს და ისინი, თითქოს, დერვიშთა ინტუიციური სიბრძნის მფლობელნიც არიან; დედა, რომელიც სადღაც უხსოვარი დროიდან იმზირება, ისეთი ძველია და ისეთი ნორჩი, როგორც გაზაფხული; პაწაწა ფეხსაცმელები, ისეთივე „მოლაპარაკეები“, როგორც ვან გოგთან, მეტიც, ისინი რძისა და მიწის სურნელსაც დაატარებენ, ბავშვობისა და მოსალოდნელი დიდად გახდომის, წარმავალისა და უკვდავის სინთეზს, როგორც წუთისოფლისეულ მარად შერწყმას ფიზიკურისა და მეტაფიზიკურისა… ეს დიდი მხატვრობაა! არც მეტი, არც ნაკლები.

ამ ყოველივეს, უბრალოდ, კი არ უნდა უმზირო, არამედ მიეახლო, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომლის შექმნის დიდი ნიჭიც ღმერთმა რადგან გიწყალობა, გამოდის, საკუთარ უბეში ჰყავხარ ტანჯულიც და უბედურიც…

 

ქალაქების გარემოსდაცვითი პრობლემები და ჩვენი მომავალი ქალაქურ გარემოში

0

 (ნაწილი მეორე)

„ქალაქი, წარმოადგენს ადამიანის მიერ განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ მცდელობას სურვილისამებრ გადააკეთოს სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. მაგრამ თუ ქალაქი ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროა, ეს ის სამყაროც არის, რომელშიც მან უნდა იცხოვროს მომავალში. შესაბამისად, ადამიანმა თავის საქმიანობის ბუნებაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენის გარეშე, ქალაქის შექმნით საკუთარი თავის გადაკეთებაც დაიწყო“.

რობერტ პარკი, ამერიკელი ურბანისტი და სოციოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, „ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი (1864-1944)

და მაინც, რა არის ქალაქი? ეს კითხვა შეიძლება ბევრს ეუცნაუროს, რადგან ყველამ იცის“, რა არის ქალაქი, თუმცა როგორც ხედავთ, ყველამ იცის ძალიან სუსტად ჟღერს, როდესაც ქალაქის შინაარსში ჩავიხედავთ და მისი არსებული მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების განხლვას დავიწყებთ. მოაზროვნენი და მეცნიერები ათასეული წლებია, ცდილობენ, განმარტონ ქალაქის შინაარსი, თუმცა ქალაქის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს!

ცნობილი ქართველი მეცნიერი, არქიტექტორი და ურბანისტი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე თავის ცნობილ ლექციების კრებულში ქალაქის კონტურები (2015) საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპის იმ შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ უდავოდ უნივერსალურ მახასიათებლებს შორის, რომლებიც მიმდინარე ისტორიული ეპოქის ეპითეტად, მისი შინაარსისა თუ თავისებურების მოკლედ და სხარტად წარმოსაჩენად გამოიყენება, ხშირად ფიგურირებს ტერმინი „ურბანიზაცია“. ლათინური ძირის „Urb“ ან „Urbs“ საფუძველზე, რაც ქალაქს აღნიშნავს, წარმოქმნილი ტერმინების მთელი წყება – „ურბანიზაცია“, „ურბანული“, „ურბანიზმი“ და ა.შ. – ქალაქ(ებ)თან დაკავშირებულ მრავალფეროვან პროცესებს, მოვლენებს, ფორმებსა და მდგომარეობებს ასახავს და ახასიათებს. და მაინც, რატომ არის ურბანიზაცია და მისი მთავარი იდეა და შინაარსი – ქალაქი ასე მნიშვნელოვანი, ასე ყოვლისმომცველი ჩვენი ეპოქისა და საზოგადოებისათვის? ურბანიზაციის მასშტაბების შესახებ თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად მშრალი სტატისტიკურ-რაოდენობრივი მახასიათებლების მოხმობის შემთხვევაშიც კი, ქალაქების ზრდის მეტად შთამბეჭდავი სურათი წარმოგვიდგება: სულ ორიოდ ასწლეულის წინ, 1800 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ერთი საუკუნის შემდეგ, 1900 წლისთვის ეს რიცხვი უკვე 13%-ს აღემატებოდა, ხოლო 2000 წლისთვის 47%-ს გადააჭარბა. 21-ე საუკუნის გლობალური მნიშვნელობის ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის კი უთუოდ ისიცაა აღსანიშნავი, რომ 2008 წელს, პირველად კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიაში, მსოფლიო მოსახლეობის, რომელიც დღეისათვის 7 მილიარდს აღემატება, უმეტესობა ქალაქებში აღმოჩნდა თავმოყრილი. ამით ზღვარი დაედო სოფლად მცხოვრებთა რიცხობრივ უპირატესობას დედამიწაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი მანამდელი ისტორიის განმავლობაში”. (ვლ. ვარდოსანიძე, 2015)

ქალაქის შინაარსზე და ქალაქისა და ადამიანის ურთიერთობებზე საინტერსო აზრებს გვთავაზობს ცნობილი ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი და ურბანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოსო სალუქვაძე:

რა არის ქალაქი?… ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი და დამაჯერებელი პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ყველასთვის ცხადია, რომ ქალაქი ადამიანთა დასახლების ფორმაა, დედამიწაზე დღემდე არსებული მკვიდრი დასახლების ორი მთავარი ფორმიდან ერთ-ერთი და შესაბამისად, ის განსხვავდება თავისი ანტიპოდისგან – სოფლისგან. მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი დასაქმების სტრუქტურისა და სხვა მსგავსი პარამეტრების შესახებ არ არსებობს არც კრიტერიუმთა უნივერსალური სისტემა და არც რაოდენობრივი მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყანაში მოხდებოდა დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება. ჩვენს წარმოსახვაში, ქალაქი, ხალხმრავალი დასახლებაა. მისი ტერიტორია, სოფლებისგან განსხვავებით, უფრო კომპაქტურია, რადგან არ მოიცავს ვრცელ, სასოფლო-სამეურნეო მიწებს; შესაბამისად, ქალაქის მოსახლეობა არ არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მოქალაქეები მჭიდროდ სახლობენ და მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან. ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალსართულიანი სახლები მნიშვნელოვნად განსხვავდება საოფლო განაშენიანებისგან, ქალაქის მოედნები, გზები და ქუჩები კი ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურა, უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანია, ვიდრე სოფლისა”. (ი. სალუქვაძე, ჟურნალი “ჩემი სამყარო”,3, 2014)

ბოლოს, მეც დავამატებ, რომ ქალაქის შინაარსის, მისი განვითარების ლოგიკისა და დინამიკის გასაგებად, აუცილებელია კარგად გავიაზროთ და მკაფიოდ გამოვყოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის; დავინახოთ ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა ადამიანთა საზოგადოებამ, ადამიანის საქმიანობამ და ყოფამ სოფლიდან ქალაქში გადმოსვლის შემდეგ; გავაანალიზოთ საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების ის მთავარი მიმართულებები და ტენდენციები, რომლებიც გაჩნდნენ ადამიანთა უმრავლესობის ქალაქებში დასახლების შემდეგ. ქალაქი, ადამიანის განვითარების ისტორიასთან შედარებით, რომელიც ასეულობით ათას წელს მოიცავს, ძალიან ახალი ფენომენია და იგი, სულ რამდენიმე ათასი წლის წინ გაჩნდა ისტორიაში. ჩვენი ბიოლოგიური სახეობა, Homo sapiens, არ აღმოჩნდა და არც არის მზად იმისთვის, რომ კარგად და ღირსეულად იცხოვროს მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, რაც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ადამიანების, თანაცხოვრება ურბანულ გარემოში ისე, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთი, არ დავაზიანოთ საცხოვრებელი გარემო, სტიქიური მოვლენების დროს დავიცვათ ქალაქში ადამიანთა უსაფრთხოება. ასევე გადაუჭრელ ურბანულ პრობლემებად გადაიქცა და რჩება ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, წყალი და საქალაქო ნარჩენების საკითხები, ნარკოტიკების გავრცელება, კრიმინალი, მოსახლეობის ნაწილის სიღარიბე, უმუშევრობა და ტრანსპორტი გადატვირთულობა, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის პრობლემები, ქალაქის უკონტროლო ურბანული ზრდა (ე.წ. ურბანული ცოცვა) გარეუბნებისა და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებისკენ.

როგორც ვხედავთ, ქალაქი, მისი შესაძლებლობების მრავალფეროვნების, მიმზიდველობისა და სიმდიდრის მიუხედავად, სერიოზული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პრობლემების ნაკრებიც გახლავთ, რომლის ზრდა და განვითარება, უმეტესწილად, ჩვენ გარშემო არსებული ბუნებისა და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სისტემების ხარჯზე მიმდინარეობს.

რა ელის ქალაქებს მომავალში? რა ელის მომავალში ქალაქის მცხოვრებლებს? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც ახალი თაობის მეცნიერებსა და მკვლევრებს მოუწევთ; ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს, მეცნიერების მრავალი დარგიდან: არქიტექტურიდან, ეკონომიკიდან, გეოგრაფიიდან, ფილოსოფიიდან, ქალაქგეგმარებიდან, საინჟინრო-ტექნიკური სამეცნიერო დისციპლინებიდან, ბიოლოგიიდან და ჯანდაცვის დარგებიდან.

ასე თუ ისე ქალაქები განაგრძობენ მოსახლეობის მოზიდვას და საბოლოოდ, მათ გაქალაქელებას. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ურბანიზაციის პროცესის შესაფასებლად კი უნდა ითქვას, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, მხოლოდ ურბანიზაციის მაღალი დონე ვერ იქნება ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტი, მაგრამ პრაქტიკულად არცერთი ქვეყნის გამოცდილება არ იძლევა იმის მაგალითს, რომ ასეთი ზრდისა და კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ურბანიზმის გარეშე”, გვეუბნება პროფესორი, სოსო სალუქვაძე და კიდევ უფრო მეტ საფიქრალს სთავაზობს ქალაქებისა და ქალაქების ფენომენის მომავალ მკვლევრებს.  

(სტატიის დასასრული)

გულის ენა

0

Illustration: A music staff with books on it.

ამ წიგნის ყიდვისას ვფიქრობდი, რომ სხვისთვის გაყოფა არ მომიწევდა, სოფელში, ივლის-აგვისტოს გრილ საღამოებში მშვიდად წავიკითხავდი. არადა, დავიწყე თუ არა, მაშინვე მომინდა, უხილავი მსმენელის ყურამდე ყველაზე ლამაზი თუ ყველაზე საგულისხმო ფრაზები მიმეწვდინა, სადღაც გამეტყუებინა.

კრებულში კითხვები განგებაა გამოტოვებული. მხოლოდ პასუხებია, რომლებმაც შეწინააღმდეგებაც შეიძლება გაგაბედვინოს და სიხარულიც გაგრძნობინოს: თურმე სწორ ბილიკს გაჰყოლიხარ, გადახვევაც დროულად მოგიხერხებია.

„გაუზავებლად“. მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე. ავტორი – კახა თოლორდავა წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ ნამდვილ ავტორებად ამ წიგნის 31 რესპონდენტს მიიჩნევს, ჯო ზავინულიდან ჰერბი ჰენკოკამდე. მერე რა, თუ ხანდახან კითხვა მეტად მარტივად ამოსაცნობია, მუქი, განიერი ჩრდილით.

ჯო ზავინული: „მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი“; „ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა“.

რიჩარდ ბონა: „სამი წლის ვიყავი, როდესაც ის [ბაბუა] მიხვდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე, როდესაც მუსიკას მოვკრავდი ყურს. როცა ჩემ გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი. ამ დროს ჭამაც კი მავიწყდებოდა“; „ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ სანაგვეზე ნაპოვნ საქსოფონზე დავუკარი. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები“.

მარკუს მილერი: „ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი. დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი – ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდნენ, მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. […] საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს შესაძლებელია და მე ეს ვიცი-მეთქი“.

მუსიკის გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა. სამუსიკო სასწავლებლებში თუ მის მიღმა წესებს სწავლობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაარღვიონ.

მონტი ალექსანდერი: „მე მუსიკოსად მილტ ჯექსონმა, რეი ბრაუნმა და დიზი გილესპიმ მაქციეს. მათი მეშვეობით გავიზარდე, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. სწორად გამიგეთ, ქედს ვიხრი მუსიკალური სასწავლებლებისა და მათი ძალისხმევის წინაშე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მონტი ალექსანდერი მათ ხელში გაუვლელი მუსიკოსია“.

კურტ ელინგი: „ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის ასაკში. არტ ტეიტუმი, დიდი ჯაზ პიანისტი, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, ტეიტუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას უკრავდა და ეუბნებოდა: „აბა, მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი“.

მუსიკოსები რჩევებსაც უშურველად იძლევიან – თავისას თუ სხვისგან გაგონილს და დამახსოვრებულს.

კრის პოტერი: „ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება. შეიძლება შენი გაკეთებული არც არავის მოეწონოს, მაგრამ თუ შენ მოგწონს, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ გზას“.

კრისტიან სკოტი: „ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: „შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შენადვე გახდომას!“

მაიკ სტერნი: „ყველაფერთან ერთად, მუსიკა გულის ენაა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ენის შესწავლისას მუსიკას მის ყველა გამოვლინებაში სწავლობ, მაგრამ მთავარი არ უნდა დაივიწყო – გული! მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა, ხოლო ადამიანებს გულიდან გამომავალი ბილიკებით უნდა მიუახლოვდე“.

დასასრულს კი ჰერბი ჰენკოკის მომნუსხველი, გაკვეთილებზე ხშირად გასამეორებელი ახსნა: „ამერიკა ადგილობრივი ინდიელებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების ძვლებსა და სისხლზეა აშენებული. სწორედ მათ შექმნეს ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია, მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მონობაზე კი არ გესაუბრებათ, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე მძიმე სიტუაციას სასარგებლო გამოცდილებად აქცევს. ჯაზი გესაუბრება პრობლემის შემოქმედებით ენერგიად გარდასახვის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე“.

მთავარი აქ ითქვა. სხვას გულის ენით გამოხატავენ.

 

 

რომანი, როგორც მრავალხმიანობა – ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო…“

0

ძალიან დიდი ხანია, წიგნი აღარ წამიკითხავს ისე, როგორც უბრალო მკითხველს. ეს განა ცუდია – პირიქით, ბოლო დროს სულ სხვანაირ გემოს ვატან წიგნებს. თუმცა ხანდახან მაინც მენატრება ძველებური, სკოლის მოსწავლეობის დროინდელი კითხვა, ზაფხულის ზანტ დღეებში რომ ვიცოდი, როცა გარედან კალიების ზიზინი და ფოთლების მშვიდი შრიალის ხმა შემოდიოდა. თითქოს რამ უნდა დამავიწყოს, რამ უნდა ჩამინაცვლოს ასეთი კითხვა? ვერც ვერაფერმა. შეხსენება კი მაინც დამჭირდა. არის წიგნები, საგანგებოდ ასე წასაკითხად რომ დაწერილა. „ვა სოფელოც…“ – ეს არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე რომანი სწორედ ასეთი წიგნია.

მახსოვს, ხელებს ვიბანდი და ვფიქრობდი, ევასნაირმა ამაყმა ქალმა რანაირად მიიღო გასაზრდელად თავისი ქმრისა და ვიღაც მეძავის შვილი-მეთქი. და უცებ მივხვდი: მან ხომ არ იცოდა! სპიროდონამ განა ასე არ გადაწყვიტა, სახლთან დავტოვებ, ვითომ მოგვიგდესო? მაგრამ დატოვა კი? ეს რომ რომანში აღარ წერია?

და აქ პირველად ვიგრძენი, რა დიდი მწერალი უნდა იყო, პერსპექტივით ასე რომ ითამაშო. როგორ ვბრაზობდი ევაზე და ვიჭერდი სპირიდონის მხარეს! სანამ ის საშინელი სიმართლე არ შევიტყვე სპირიდონასა და გიორგიზე. ის სიმართლე შეიტყო ევამაც, მაგრამ ხედავთ? სხვა სიმართლეც ყოფილა, ევას შვილობილის შესახებ, რომელიც მე, მკითხველმა, ვიცი, მან კი, პერსონაჟმა – არა.

ცხადია ტექსტის განზრახვა, გვაჩვენოს საბჭოთა რეპრესიების საშინელება, არათუ გვაჩვენოს, გვაგრძნობინოს კიდეც. უამრავი ასპექტი შეიძლებოდა, გამოგვეყო – ამ მშვენიერ წიგნზე არათუ ასეთი მომცრო წერილი, გამოკვლევები შეიძლება, დაიწეროს. მაგრამ ჩემთვის საინტერესო ამჯერად სწორედ პერსპექტივის საკითხია. სწორედ პერსპექტივის წყალობითაა, რომ ჩეკისტს, რომელმაც მთავარი პერსონაჟის მამა დაიჭირა, მაინცდამაინც სიძულვილით ვეღარ ვუცქერთ – ჩვენი მთხრობლის ბინაში, ერთ ოთახში შეყუჟული მისი ოჯახი, ცოლი და ავადმყოფი, მუდამ სიკვდილზე მოფიქრალი პატარა ბიჭი, არაფრით ჰგვანან ჯალათებს. შინ დაბრუნებული კი თავად ისიც, „ფორმიანი“ კაციც, ჩვეულებრივი მამა და ქმარია.

და თვითონ მთხრობლის პერსპექტივა? ეს ხომ ბავშვის თვალებია, ბავშვის თვალით დანახული დასმენები, ბავშვის თვალით დანახული სიღარიბე და გაუტანლობა, ბავშვისა, რომელიც ბევრ რამეს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ყველაფერს ამჩნევს.

ან განა მაროს რისხვა სამართლიანი არაა? განა სწორია, რომ ერთი ადამიანის ნაშრომი მეორემ კარტის თამაშში ფლანგოს? მაროსა და სპირიდონას ღირებულებათა სისტემა ერთია, ევა უცხო ადამიანია მათთვის. ამიტომაც იჭერს მარო მამამთილის მხარეს, ამიტომაც უყვარდება იგი სპირიდონას პირველი შეხვედრისთანავე, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მისი რძალი გახდება – ამ ერთი სოფლელი გოგოს ქცევაში არის სწორედ ის პატივისცემა, ვერაფრით რომ ვერ ეღირსა უგულო ცოლისგან.

მაგრამ განა ევა დამნაშავეა? ერთი სიხარული ჰქონდა ცხოვრებაში – გიორგი და ისიც დაკარგა. სხვა აღარაფერი უნდა. ევა ის ქალი როდია, პატრიარქალური ნორმების მორჩილებაში რომ გალევს სიცოცხლეს, ბედს შეეგუება და ხელს ჩაიქნევს, რაც არის, არისო. ის არც კი ცდილობს სპირიდონასთან დაახლოებას, მის გაცნობასაც არ ცდილობს, არათუ შეყვარებას.

ბებია რუსუდანს კი მართლადა რა მკვდრის დამარხვა აუტყდა? სხვა დამმარხავი არავინაა? თან თუ მის რძალს არ უნდა, ესე იგი, მართლაც არ იყო კარგი ადამიანი და რაღა მოხუცი რუსუდანი უნდა გადაჰყვეს ზედ? კითხვას განვაგრძობთ და ირკვევა: ორი ახლობელი სული – აი, ვინ იყვნენ ევა და რუსუდანი ერთმანეთისთვის.

მაკა და არჩილი? კი ამბობს დასაწყისში ბებია რუსუდანი, საკოცნელი პირი არჩილმა საფურთხებლად გაიხადაო, მაგრამ, აბა, რომანის ბოლოს ნახეთ მაკასა და არჩილის დიალოგი, მაკა რომ მექორწილეების გამოსახსნელად მივა, მართლა ასეა? ჰგავს ეს ნატანჯი, სახეგაფითრებული, დაავადებული კაცი ჯალათს? დამნაშავეა? თუ სხვებივით ისიც მსხვერპლია, ოღონდ სხვაგვარი მსხვერპლობა ერგო?..

ეს და კიდევ ორი ამდენი ამბავი ერთ წიგნში როგორ უნდა ჩაატიო? როგორ უნდა გადააბა, როგორ უნდა აკინძო? თქვენი არ ვიცი, მე კი მოქმედების ამგვარი სივრცე ტექსტში და სტრუქტურის ორგანიზების ასეთი ხერხი სხვა არ მახსენდება: ზის ორი ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა, მკვდარს აპატიოსნებს, ღამეს უთევს და თან ერთმანეთს საშინელი, სისხლიანი დროის ამბებს უყვება. ამბავი ამბავს მოსდევს, რადგან ერთი მოქმედი პირის ბედი მეორისას ებმის. ღერძი კი რომელზეც ეს ამბები იკინძება, რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსანია“ – ჩვენი მთავარი წიგნი და ბებია რუსუდანის სულის საწვრთნელი ბნელ და ბოროტ დროებაში. ასე იქმნება ერთი მშვენიერი, მრავალხმიანი სიმფონია, რომელშიც ყველას, თითოეულს თავისი სიმართლე აქვს.

ასე რომ, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, ნუღა აყოვნებთ – სწორედ რომ საზაფხულო საკითხავია, მწარე და ტრაგიკული, მაგრამ თან ნამდვილად რუსთაველისეული სიკეთითა და სინათლით სავსე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...