ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

ეპისკოპოსი მარიან ედგარ ბადი, „How We Learn to be Brave: Decisive Moments in Life and Faith“

ნამდვილად ნახავდით ვიდეოს, რომელშიც ვაშინგტონის კათედრალში მჯდარ დონალდ ტრამპს, ინაუგურაციის დღეზე, ღვთისმსახური ქალი მოწყალების გამოჩენისკენ მოუწოდებს (ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=31ylIPemGlE). რასაც იგი ამ ქადაგებაში ამბობს, სრულად ემყარება წმინდა წერილს და შემთხვევითი არაა, რომ თავის თხოვნას ტრამპისადმი ბიბლიური ფრაზის პერიფრაზით ასრულებს: „ჩვენი უფალი მოგვიწოდებს, მოწყალე ვიყოთ უცხოთა მიმართ, რადგან ერთ დროს ჩვენც უცხონი ვიყავით ამ ქვეყანაში“ („გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში“. მეორე რჯული 10:19).

ეს მამაცი ქალი ვაშინგტონის ეპისკოპოსი მარიან ედგარ ბადია. იგი 2011 წლიდან ჩაუდგა სათავეში ვაშინგტონის ეპარქიას და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასეთი თამამი და მტკიცეა: 2020 წელს, როცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ამერიკა შეძრა, ტრამპმა წმ. იოანეს ეკლესიის ეზოდან სატელევიზიო ჩართვა მოაწყო. ეს დილით მოხდა, როცა პრესკონფერენცია, რომელზეც პრეზიდენტმა განაცხადა, საპროტესტოდ გამოსული ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ მოვერიდებიო, ახალი დამთავრებული იყო.

ტრამპს ბიბლია უკუღმა ეჭირა და ამბობდა: „ეს დიადი ქვეყანაა“ („This is a great country“).

როგორც ეპისკოპალური ეკლესიის მრევლმა, ისე სხვა ამერიკელებმაც იფიქრეს, რომ წმ. იოანეს ეკლესიის პოზიციაც ეს იყო, რაკი პრეზიდენტს ნება დართეს, ტაძრის წინ სიტყვით გამოსულიყო. ეპისკოპოსი მარიანი დაუყოვნებლივ გამოვიდა განცხადებით CNN-ზე:

„პირდაპირ ვიტყვი: პრეზიდენტმა გამოიყენა ბიბლია, იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის უწმინდესი ტექსტი, და ასევე, ჩემი ეპარქიის ერთ-ერთი ეკლესია უნებართვოდ, რათა იესოს სწავლების სრულად საპირისპირო მესიჯი გაევრცელებინა. ყველაფერი, რაც მან გააკეთა და თქვა, მხოლოდ გაამძაფრებს ძალადობას. ჩვენ გვჭირდება მმართველობა, რომელიც მორალისა და ეთიკის ნორმებს დაიცავს, მან კი ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საზოგადოება ორად გავეყავით“.

ბადის სიმტკიცით მაშინაც ბევრი აღფრთოვანდა. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი ერთი ინტერვიუთი არ დამთავრებულა – ეპისკოპოსი დაუზარებლად დადიოდა ეთერიდან ეთერში, რათა ამერიკელებისთვის დავიწყებული ქრისტიანული ჭეშმარიტებები შეეხსენებინა.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანს ნამდვილად ბევრი ექნება მოსაყოლი სიმამაცეზე. მართალიც იქნებით – ეპისკოპოსი მარიანი ავტორია შესანიშნავი წიგნისა „How We Learn To Be Brave“, რომელშიც როგორც პირად, ასევე სხვების გამოცდილებაზე გვიამბობს. მოსაწყენი სამოტივაციო წიგნი არ გეგონოთ – ეს უფრო სამეცნიერო-პოპულარული, ესეისტური ნაშრომია, გაჯერებული ფილოსოფიური, ისტორიული, სოციოლოგიური მაგალითებით, რომელთაც ეპისკოპოსი სახარების შუქზე გვაჩვენებს. წიგნში იგი იმ გადამწყვეტ მომენტებზე მსჯელობს, ერთი შეხედვით, სრულიად ყოფით მომენტებზე, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში რომ ყოფილა, რომლებიც ჩვენგან სიმამაცის გამოვლენას მოითხოვს. სიმამაცე კი თანდაყოლილი თვისება როდია – ეს არჩევანია. ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ, ვიყოთ მამაცები და ამ არჩევანისას ვსწავლობთ კიდეც სიმამაცეს. ასეთი მომენტები ეპისკოპოსმა შვიდ ნაწილად დააჯგუფა. შესაბამისად, წიგნიც შვიდი თავისაგან შედგება: „Deciding to Go“, „Deciding to Stay“, „Deciding to Start“, „Accepting What You Do Not Choose“, „Stepping up to the Plate“, „The Inevitable Letdown“,„The Hidden Virtue of Perseverance“ – „დარჩენა“, „წასვლა“, „ახალი საქმის დაწყება“, „მიღება იმისა, რაც არ აგირჩევია“, „პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რისთვისაც თავი ღირსად არ მიგაჩნია, მაგრამ იცი, რომ სხვა არავინ გააკეთებს“, „გარდაუვალი გაწბილება“, „სიმტკიცის ფარული ღირსება“.

წიგნს ვკითხულობთ და ბადის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებასაც ვეცნობით: სულ პირველად სიმამაცის გამოჩენა მაშინ დასჭირდა, როცა მამა დედინაცვალს გაშორდა. მამასთან გადასვლა გამორიცხული იყო (ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა), მაგრამ ასევე გამორიცხული იყო დედინაცვალთან დარჩენა. ამიტომ 17 წლის მარიანმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო – დედასთან ჩავიდა, რომელთანაც წლობით არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. ამის საპირისპიროდ, სწორედ დარჩენა იყო სიმამაცე, მოგვიანებით, როცა შვილები ჰყავდა, ოჯახზე უნდა ეზრუნა, გული კი ინტელექტუალური საქმიანობისკენ მიუწევდა. არნახული ძალისხმევა დასჭირდა, როგორმე გამკლავებოდა დროის ფლანგვისა და საკუთარი უსარგებლობის შეგრძნებას. მერე მოხდა ისე, რომ მისი დის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: დის ქმარს, ჯეკს, სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობამ რემისია შესაძლებელი გახადა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. ბადი გვიყვება, მისი დაც და ჯეკიც როგორი სიმამაცით შეხვდნენ იმას, რაც გარდაუვალი იყო – ბოლო დღეებში ჯეკი მხიარულად ამბობდა კიდეც, ისე ვკვდები, როგორც ეკლესია გვასწავლისო.

ამასობაში, ბადის სასულიერო გზაც გრძელდებოდა: გულწრფელად გვიამბობს თავის ოცნებებსა და მიზნებზე, გამხდარიყო ჯერ ეკლესიის წინამძღვარი, შემდეგ – ეპისკოპოსი და გულწრფელად გვიამბობს ამ გზაზე განცდილ მარცხებზეც. ვისაც სანუკვარი ოცნება გქონიათ, რომლისკენ სწრაფვაშიც წაბორძიკებულხართ, გეცოდინებათ, რა სიმწარეა მარცხი, რა სიმწარეა, როცა ის, რაც გულით გინდა, არაფრით გამოდის. ამას ემატებოდა ქრონიკული ტკივილიც, რომელზეც ეპისკოპოსი უფრო ფართო, ავადმყოფობისა და მასთან დამოკიდებულების, კონტექსტში მსჯელობს. იყო ბევრი შეცდომაც, ქადაგებისას, მრევლთან ურთიერთობისას დაშვებული, რომლებიც ბადიმ ძალიან მძიმედ განიცადა. შეცდომისა და მარცხის თემა ერთ-ერთი მთავარია წიგნში.

მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ეპისკოპოსი მხოლოდ თავის გამოცდილებაზე არ გვიყვება – ეს წიგნი ძვირფასი სახელმძღვანელოა ამერიკის ისტორიაში სიმამაცის მაგალითების საპოვნელადაც. აქ არიან: მარტინ ლუთერ კინგი და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი თეთრკანიანი სემინარიელები, აგრეთვე რუზველტი და მისი მეუღლე, ელეონორი, უჩვეულო ცოლ-ქმრობა, უფრო პარტნიორობა, რომ აკავშირებდათ, სამართლიანობისათვის მებრძოლი თარგუდ მარშალი და მისი თანამედროვე პოლი მორეი – ეს სრულიად არაჩვეულებრივი, მიზანდასახული და უშიშარი ქალი, რომლის არგუმენტაციაც შავკანიანთა უფლებების დასაცავად დღეს ამერიკის სამოქალაქო სამართლის ნაწილია.

ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ბოლო თავები: ლიდერობასა და სიმტკიცეზე. საქმე ისაა, რომ სასულიერო პირის ცხოვრება მხოლოდ ღვთისმსახურება არ არის, ეს, უწინარესად, ადამიანთა მსახურებაა, სამრევლოს მართვა, ეპარქიის მართვა. როგორც ეპისკოპოსი წერს, სიმტკიცე აუცილებელია, მაგრამ არ კმარა – არსებობს თეორიები, რომლებიც სოციოლოგიაში კარგადაა ჩამოყალიბებული და რომლებიც ლიდერმა (როგორც სასულიერომ, ასევე საერომ) უნდა შეისწავლოს და დანერგოს. მართვას, ყველა სხვა საქმის მსგავსად, სჭირდება სპეციფიკური ცოდნა. პირველი, რითაც ლიდერმა მართვის სწავლა უნდა დაიწყოს, თავისი ცხოვრების მოწესრიგებაა – მართვა სამი კომპონენტისგან შედგება: ხალხის ის ჯგუფი, რომელსაც უძღვები; შენი ოჯახი (დედა, მამა, და-ძმები); და შენი შეძენილი ოჯახი (მეუღლე, შვილები). რაც ერთ კომპონენტში ხდება, ზემოქმედებს დანარჩენებზეც. ამიტომ მინეაპოლისში ეკლესიის წინამძღვრად ახალდანიშნულმა მარიანმა გადაწყვიტა, ურთიერთობა შეენარჩუნებინა მამასა და დედინაცვალთან (თუმცა უფრო ადვილი იქნებოდა, ასე არ მოქცეულიყო), ასევე უკეთ გადაენაწილებინა მეუღლესთან ოჯახური მოვალეობები.

„How We Learn To Be Brave“ ნამდვილად შთამაგონებელი წიგნია და არამხოლოდ მორწმუნე ადამიანებისთვის გამიზნული. ამაში რომ დარწმუნდეთ, მეც იმ ფრაზით დავასრულებ ამ წერილს, რომლითაც წიგნი მთავრდება:

„May you and I dare to believe that we are where we are meant to be when the moment comes, doing the work that is ours to do, fully present to our lives. For it is in this work that we learn to be brave.“  („დაე თქვენც და მეც გვწამდეს, რომ როცა მოვა ამის დრო, სწორედ იქ ვიქნებით, სადაც უნდა ვიყოთ, გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია, სრულად ვიქნებით აქ და ახლა – ჩვენს ცხოვრებაში. რადგან სწორედ ამ შრომაში ვსწავლობთ სიმამაცეს“).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“