კვირა, აგვისტო 17, 2025
17 აგვისტო, კვირა, 2025

სამაგიდო თამაშების შექმნა – სწავლების საინტერესო და სახალისო გზა

0

 

სამაგიდო თამაშების შექმნის იდეა: როგორ არ გავუშვათ ალუდა „თემიდან“, და დავაბრუნოთ საფიხვნოს თავში,  რა აკლია ლუარსაბს?

თამაში ყველას გვიყვარს, დიდებსაც და პატარებსაც, თუ გულში ჩავიხედებით და საკუთარ თავებს გამოვტყდებით, მივხვდებით რომ თამაში მოგვნატრებია. თამაში ხომ იგივე კარნავალია, გარდასახვა, შენი რეალობის დროებითი დათმობა და იმ როლის მორგება, რომელიც გაინტერსებდა, მოგწონდა. თამაში – ექსპერიმენტებია, გაბედული ნაბიჯები, დაფარული სურვილების რეალიზაცია, ყოვედლღიურობის რუტინასთან კავშირის გაწყვეტა და რაღაც ახალ სამყაროში შებიჯება. კი, თამაში აზარტიც არის და საშიშიც, თუმცა ზომიერება რომ ყველაფერში სასარგებლოა, სიახლე სულაც არაა.

თამაში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გარდა იმისა რომ სწავლება, უფრო სახალისო ხდება, თამაში რეალური ცხოვრების იმიტაციაცაა, ამიტომ ასეთი აქტივობები უფრო მეტად გამოსადეგარი და პრაქტიკულია, ასეთ ცოდნას მარტივად რომ გამოიყენებ რეალურ ცხოვრებაში. თამაშის დროს ნაკლები სტრესია, მეტი ბედნიერება, დადებითი განწყობა კი შემეცნების მნიშვნელოვანი საწინდარია.

ვფიქრობ რომ, მცდარია მოსაზრება რომ თამაშით სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებშია ეფექტური, რაც ბავშვი  იზრდება გაკვეთილები უფრო აკადემიური, სტრესული, უფრო სერიოზული და რუტინული ხდება, შესაბამისად უფრო მოსაწყენიც, ერთ-ერთი ფაქტორი ესეცაა, როდესაც დაბალ კლასებში ბავშვებს სკოლა უყვართ, მაღალ კლასებში კი აღარ მოსწონთ, ეზარებთ და შეიძლება შეიძულონ კიდეც. ლექციური ტიპის გაკვეთილები, რთულ, გაუგებარ ტექსტებში ჩაკარგვა –  საინტერესო თემებსაც კი უინტერესოს ხდის, წვრილშრიფტიანი, თარიღებითა და რთული სიტყვებით გაძეძგილი სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა მოქმედებს მოტივაციაზე, ხალისზე და ბავშვების ბედნიერების, სიხარულის შკალა ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის, საბოლოოდ კი დაღლილები, მობეზრებულები, მოწყენილები ამთავრებენ სკოლას და კიდევ უფრო დიდ სირთულეების შეჭიდებას აპირებენ. მოდით, ისიც ვთქვათ რომ ჩვენმა ბავშვებმა არ იციან „სწავლა“, არ იციან როგორ ისწავლონ, არ იციან სტრატეგიები, მაგალითად როგორ დაეუფლონ მოკლე დროში უზარმაზარ ინფორმაციებს, არ იციან როგორ დაიმახსოვრონ ან როგორ გამოკვეთონ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. იშვიათად, რომ მათ ასწავლიდნენ როგორ ისწავლონ, როგორ დაახარისხონ ინფორმაცია, როგორ გაიაზრონ და რა ინსტრუმენტები დაეხმარებათ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ ბარათების, სანიშნეების, მონიშვნების გაკეთება, ვასწავლოთ ჩანიშნვებისა და ჩანაწერების გაკეთება, ვასწავლოთ სქემები და ხერხები. ვასწავლოთ როგორ ამოიცნონ მთავარი და როგორ სცადონ ამ მთავარის შემდეგ დამახსოვრება.

ახლა, ვცდი და შემოგთავაზებთ ლიტერატურულ სამაგიდო თამაშის ერთ ვერსიას, რომელიც რამდენიმე მიზანს მიგვაღწევინებს: სასწავლო პროცესი ხალისიანი გახდება, შემოქმედებითად ფიქრის დაიწყებენ ჩვენი მოსწავლეები, ასევე ტექსტის გაგება-გააზრება გამარტივდება და მნიშვნელოვან ინფორმაციას მარტივად, ხალისით დაიმახსოვრებენ.

პირველ რიგში შევარჩიოთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც  ბავშვები სამაგიდო თამაშს გააკეთებენ. ბავშვები დავყოთ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცეთ დასამუშავებელი საკითხები:  პერსონაჟები (უარყოფითი, დადებითი, მტერი, მოყვარე), გარემო (სადაც ხდება მოქმედება), პრობლემა (რა პრობლემაა გადასაჭრელი? შეიძლება რამდენიმე იყოს და ბავშვები თავად შეარჩევენ იმ კონკრეტულ პრობლემას, რომელსაც გამოიყენებენ სამაგიდო თამაშისთვის), დრო (ეპოქა).

ამის შემდეგ მოსწავლეები არჩევენ სამაგიდო თამაშების ფორმას, რომელი ფორმა მოუხდება დამუშავებულ ტექსტს? რომელი ფორმა მოგვცემს საშუალებას მივიღოთ იდეალური სამაგადო თამაში?

სამაგიდო თამაში, სხვადასხვანიარია, და თითოეულ მათგანს თავის თამაშის წესები და დიზაინია აქვს.

აბსტრაქტული, სტრატეგიული თამაში:

 

ამ თამაშებს თემა თითქმის არ აქვთ, მოთამაშეს მათი თამაშის დროს იღბალი არ ჭირდებათ, არამედ განსაკუთრებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები. ამ თამაშის მაგალითია ჭადრაკი.

ტერიტორიის კონტროლი – სამაგიდო თამაში.

ამ დროს მონაწილემ უნდა დაიკავოს სათამაშო დაფის რაც შეიძლება მეტი ნაწილი, ან რაც შეიძლება მეტი ფიგურა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტრატეგიული გათვლები.

 

საბრძოლო/ომის სამაგიდო თამაშები

აქ მოთამაშეს ბევრი წესები და მისია აქვს და ჩახლართული სცენარი. პერსონაჟები იცვლებიან უკეთესობისკენ, მოჰყვება: ბარათები, კონვერტები, სტიკერები.

 

არსებობს ეკონომიკური თამაშები, ქალაქის შენების თამაშები, საოჯახო თამაშები, საბავშვო თამაშები, ამბების თამაშები – რომელიც ტექსტებზეა დაფუძნებული, მოთამაშე ტექსტის სიუჟეტს ადევნებს თვალს და შესაბამისად ცვლის საკუთარ მოქმედებებს. სიტყვების აწყობის თამაშები და სხვა.

 

ხელნაკეთი თამაშები ძირითადად „მონოპოლის“ ტიპის, სტრატეგიული თამაშების ფორმატს მიყვება. ამ დროს საჭიროა დიდი მუქაოს ფuრცელი, ბარათები, კამათლები, კონვერტები, შესაძლოა ფიგურებიც. თუმცა ცხადია ტექსტზე მორგებული თამაში ამაბავზე დაფუძნებული უფრო იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდი ვცადოთ და ვიფიქროთ როგორ შეიძლება საკლასო ოთახში შევქმნათ სამაგდიო თამაში და სწავლება მეტად ხალისიანი და საინტერესო გავხადოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბავშვები თავდაპირველად იყოფიან ჯგუფებად და თითო საკითხს ამუშავებენ. ეს ყველაფერი უფრო ცხადი რომ იყოს, კონკრეტულ ტექსტს მივუსადაგოთ, მაგალითად ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს.  ბავშვების ერთი ჯგუფი პერსონაჟებს ამუშავებს, როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები იმ კონკრეტულ ეპოქაში? რა ეცვათ? ამის მიხედვით შემდეგ უკვე პერსონაჟების ფიგურებს შექმნინიან: ალუდა ქეთელაური — ხევსურეთის მკვიდრი;

მუცალი — ქისტი. ალუდას მოწინააღმდეგე; მინდია — ალუდას მეგობარი, რომელსაც ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად მოაქვს მუცალის მოჭრილი მარჯვენა; ბერდია — ხევისბერი; უშიშა — სოფლის მკვიდრი. ლელა — ალუდას ცოლი; ალუდას დედა. რამდენი პერსონაჟიცაა იმდენი მოთამაშეა, თითოეულ მოთამაშეს თამაშში თავის სვლა აქვს. თითოეულ პერსონაჟს – თავის მიზანი. ალუდას მიზანია – დარჩეს თემში ანუ თამაშშის დაფაზე, არ გავარდეს.  მინდია – ალუდას ეხმარება ამ მიზნის შესრულებაში ეხმარება, ბერდიას მიზანია ალუდა და მისი მეგობარი გააძევოს თემიდან (თამაშიდან), უშიშა – ბერდიას ეხმარება, ალუდას ცოლი და ალუდას დედაც ალუდას ეხმარებიან. მუცალი – ცდილობს არ მოკვდეს და გადარჩეს, რეალურად ბერდიას ეხმარება რომ ალუდამ ვერ შეასრულოს მისია – მოკლას მუცალი და არ მოჭრას მარჯვენა. მუცალის მარჯვენა ალუდას ორი სტრატეგია აქვს: ან მოაჭრას მარჯვენა და დარჩეს თემში ან არ მოაჭრას მარჯვენა, შეებრძოლოს ბერდიას და დარჩეს თემში, ეს მოთამაშეზეა დამოკიდებული როგორ გადაწყვეტს, თავად მუცალიც ძლიერი პერსონაჟია ყველანაირად უნდა ეცადოს რომ არ მოკლას ალუდამ.

მოსწავლეების სხვა ჯგუფი იმუშავებს თამაშის ბარათებზე. თითულ ბარათზე კითხვები იქნება ტექსტიდან, მოთამასე გასცემს კითხვას და წავა წინ. კითხვა უნდა იყოს ორაზროვანი, რთულად გამოსაცნობი. თავად პერსონაჟების ფიგურები შესაძლოა დამზადდეს თიხისგან, მუყაოსგან, ხისგან. თამშის დაფაზე დახატულია  გზები, რომლებზეც დადიან პერსონაჟები. დაფას მოსწავლეების ერთ-ერთი ჯგუფი ამზადებს, დაფაზე დატანებული უნდა იყოს თამაშის დასაწყისი ე.წ. “სტარტი” – ამ შემთხვევაში კი “საფიხვნო”, საფიხვნოს თავში იდგმება ალუდას ფიგურა, როგორც პოემაშია. დაფას დიზაინი უნდა იყოს პოემაში გადმოცემული გარემოს შესაბამისი, ხევსურული კოშკები, კლდეები, ვიწრო გზები – რომლებზეც პერსონაჟები იმოძრავებენ.

მაგალითად:

თამაშის წესები წინასწარ მკაცრადაა განსაზღვრული, თითოეულ პერსონაჟს თავის ისტორია მოყვება და ასევე განსაზღვრულია რამდენი უჯრა, ან ნაიჯი ან „ქვა“ შეუძლია გადაგან, მაგალიტად მუცალს: ორი, ალუდას, სამი, ბერდიას, ოთხი და ასე შემდეგ. თითოეული პერსონაჟის გზის გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად იცნობს მოთამაშე პოემას და რამდენად გამჭრიახეა. თამაშს იწყებს ალუდა, რადგან ის არის საფიხვნოს თავში მჯდარი. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ სტრატეგიაც, თითოეულ პერსონაჟს დაფაზე, თავის დასაწყისი წერტილი აქვს, ისე უნდა განლაგდენენ საბოლოოდ რომ ალუდას ყველა მომხრე დაფის ყველა წერტილში განლაგდნენ, დაიცვან საზღვრები და ალუდა არ გაუშვან დაფის, „თემის“ მიღმა, ხოლო მოწინააღმდეგეები პირიქით მოქმედებენ, უნდა გაანთავისუფლონ დაფის საზღვრები და ალუდა გააგდონ თამაშიდან, თუმცა ამ ყველაფერს ისევ და ისევ ბარათებზე მითითებული დავალებების შესრულა წყვეტს, შესაძლოა პროცესში კამათლების და სტიკერებიც გამოყენებაც, სასურველია თამაშის წესებს და იდეას თუ თავად ბავშვები მოიფიქრებენ.

გთავაზობთ კიდევ ერთ იდეას, ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ მიხედვით. სამაგიდო თამაშის პრინციპის მიხედვით მოთამაშემ უნდა მოიპოვოს ის, რაღაცები, რაც აკლია ლუარსაბს რომ სრულყოფილ ადამიანად იქცეს. მაგალითად, მოთამაშემ უნდა შეასრულოს გარკვეული დავალება და მიიღოს ლუარსაბისთვის ცოტა განათლება, ცოტა გონიერება, ემპათია,  ცოტა პატრიოტიზმი, მემკვიდრე,  მისი სახლისთვის ფანჯრები, ცხოვრების მიზანი და სხვა. შესაძლოა სათამაშო დაფა ლუარსებისა და მისი სახლის გამოსახულება იყოს და მიღებული „ჯილოდები“ სტიკერების სახით დავამაგროთ. დავალებები შესაძლოა ბარათების სახით გქვონდეს და კითხვები ნაწარმოებს ეხებოდეს, ან შეიძლება ლოგიკური ამოცანები ჩავსვათ, ან ზოგადი კითხვები და ასე შემდეგ.

საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ რომ მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერი ტექსტი გააცოცხლოს და გააცოცხელბინოს მოსწავლეებს, თანამედროვე მოზარდები ხომ მუდმივად ინტერაქციას და თავგადასავალს ითხოვენ, ჰოდა, ჩვენც მივყვეთ მათ ინტერესებს, სასწავლო პროცესი კი ამაღელვებელი, საინტერესო და დაუვიწყარი გამოგვივა.

 

 

რებეკა ფერმა „მზიანი ნაკადულიდან“ – აუცილებლად წასაკითხი წიგნი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის

0

ჩვენს ბავშვებს ძალიან სჭირდებათ რომ წიგნები წავუკითხოთ. აი, ასე მარტივად, ავდგეთ და უბრალოდ წავუკითხოთ. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო უნარ-ჩვევაა, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გამომუშავდეს, უნდა მივეჩვიოთ. აჩქარებული თანამედროვე ტემპი, სოციალური ქსელების თავბრუდამხვევი ‘სქროლვა“, არამხოლოდ ბავშვებს, ჩვენს ნებისყოფას და მოთმინებასაც ამსხვრევს, ძალიან მალე ვიბეზრებთ და კიდევ და კიდვე უფრო მოკლეს, უფრო აჩქარებულ და თავბრუდამხვევ შინაარს ვითხოვთ. ამ სისწრაფეში, ორმოტრიალში და ინფორმაციის ჩანჩქერებში გარბის დრო და დროს მიყვება ჩვენი სიმშვიდეც, გვიჭირს ნელი ტემპით მიმდინარე საუბრებისა და ამბების მოსმენა. უფროსები თავს ვატანთ ძალას და ვუსმინეთ (ჯერ კიდევ), თუმცა ბავშვებისთვის ეს ძალიან რთული პროცესი გახდა. ამიტომ, უჭირთ კლასიკური ლიტერატურის კითხვა, მათი გონება მომართულია რომ რაც შეიძლება მალე გაიგონ როგორ სრულდება ისტორია, უჭირთ წარმოსახვა, უჭირთ სიტყვებითა და ფრაზებით ტკბობა, უამრავი ქართული სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, საბოოლოდ ასეთი ლიტერატურის კითხვა მათთვის მტანჯველ პროცესად იქცევა, არადა კითხვა დამწყები მკითხველისთვის აუცილებლად სიამოვნება უნდა იყოს, ამასთან ერთად კი კარგი, მაღალმხატვრული ტექსტებს პატარა მკითხველი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს, მოკლედ დიდი დილემების წინაშე ვდგავართ დღეს ქართულის მასწავლებლები.

ჰოდა, გადავწყვიტე რომ ქართულის გაკვეთილების რამდენიმე საათი უბრალოდ ბავშვებისთვის ტექსტი, წიგნი წამეკითხა და ბავშვებს უბრალოდ მოესმინათ, თუმცა ამ პროცესმა საბოლოოდ პროექტის სახე მიიღო და ძალიან საინტერესო აქტივობებით დაგვირგვინდა.

წიგნის შერჩევისას ვითვალისწინებთ რომ არ უნდა იყოს მარტივი, “წყალივით” თხრობა, აჯობებს რომ მხატვრული ენითა და საინტერესო ლექსიკური ერთეულებით მდიდარი ტექსტი შევარჩიოთ.

ამ ბოლო დროს, გამომცემლობა “დიოგენე” ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო წიგნებით ანებივრებს პატარა მკითხველებს, რომლებიც დახვეწილი და შესანიშნავი ილუტსრაციებითაა გაფორმებული და რაც მთავარია მდიდარი, კარგი ქართულით გამოირჩევა. სწორედ “დიოგენეს” ბიბლიოთეკიდან შევარჩიე, სულ ახლახანს გამოცემული კეიტ დაგლას უიგენის “რებეკა ფერმა “მზიანი ნაკადულიდან”.

წიგნის კითხვა უზარმაზარი სიამოვნებაა მათთვის, ვისაც მოენატრა დახვეწილი და საინტერესო სიტყვებით მდიდარი წინადადებები, იუმორი და საოცარი თავგადასავლები.

ამბავი ათი წლის გოგონაზეა, რომელიც თანატოლებიდან გამორჩეულია –  ნიჭირებითა და ხასიათით, კეთილი და უტეხი რებეკა უცებ იგებს ადამიანების გულებს, თუმცა ძალიან გაუჭირდა მკაცრი დეიდის გულის მოგება, რადგან რებეკას ჩარჩოებში ჩასმა, იმ დროინდელი სტერეოტიპებით აღზრდა წარმოუდგენელია, რადგან ის სხვა გოგონებს არ გავს, მისი ემპათიის უნარი და ფიქრების სიღრმე თანამედროვე მკითხველის გაოცებასაც კი იწვევს, არამხოლოდ რებეკას დროინდელი საზოგადოების.

წიგნში მთელი სიცხადით წარმოდგება, მასწავლებლისთვის და მშობლებისთვის დღესაც აქტუალური და შეიძლება ითქვას, მტკივნეული საკითხიც, შესაძლებელია ვასწავლოთ ბავშვებს, როცა მათ მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვერ ვგრძნობთ? ან შესაძლებელია გავზარდოთ ბავშვი, თუ ის, ძალიან, უპირობოდ არ გვიყვარს? რა შეუძლია სიყვარულს?  ყველაზე მთავარი, რამ: გავუგოთ ადამიანებს, გავუგოთ ბავშვებს და მათი ქცევების მიზეზებს ჩავწვდეთ, ჩავიდეთ მათ გულებში, ხოლო როდესაც ეს მოხერხდება, ყველა პრობლემა და სირთულე გაფერმკრთალდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მე მგონია რომ, ეს წიგნი მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, არამხოლოდ წაიკითხონ, ძალიან ხშირად მიუბრუნდნენ კიდეც, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებს, სადაც რებეკასი და მისი მასწავლებლის ურთიერთობებია აღწერილი. ხოლო მასწავლებლებმა, მოსწავლეებს უნდა წაუკითხონ. აი მაგალითად, ყოველი გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე წუთი დაუთმონ.

ბავშვებს ვთხოვოთ რომ შექმნან “რებეკას ლექსიკონები” – სადაც წიგნიდან ლამაზ სიტყვებსა და გამოთქმებს ჩაინიშნავან, რომლებსაც შემდეგ სამუშაოდ გამოვიყენებთ, ამ ფრაზებზე და სიტყვებზე შექმნიან საკუთარ ტექსტებს, აქცევენ ილუსტრაციებად, მოიგონებენ ამბებს, გამოიყენებენ სათაურებად და ა.შ. ეს ყველაფერი კი მათ ლექსიკურ მარაგზე საოცრად იმოქმედებს..

წიგნში წავაწყდებით ცხოვრებისულ დილემებს, განსაკუთრებით ისეთ დილემებს, რომლების წინაშე მოზარდები ხშირად დგებიან. ამ საკითხებზე შესაძლოა მასწავლებელმა საინტერესო დისკუსიებიც დაგეგმოს.

წიგნის მკითხველები, აუცილებლად მიხვდებიან რა არის და სად არის ჭეშმარიტი ბედნიერება? დღევანდელ, სასტიკად მატერიალიზირებულ სამყაროში, ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება: ბედნიერება სულ არ გულისხმობს დიდ მატერიალურ დოვლათსა და ფინანსებს, ის იქ არის სადაც უბრალოდ, გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ. ეს შესაძლებელია ბრტყელ სიტყვებად ჩანდეს, თუმცა როდესაც რებეკას გაიცნობთ, მისი სულის სიღმეებში ჩაიჭყიტავთ და დააკვირდებით, გაყვებით ამ უცნაური გოგონას ფიქრების გორგალს, მიხვდებით რომ სულაც არა, ბედნიერება მართლაც რომ მოსიყვარულე და მზრუნველ გარემოშია. ასეთი გარემო შესაძლებელია კლასიც აღმოჩნდეს და ოჯახიც.

აი, მასწავლებელი უკითხვას ამ დიდებულ ტექსტს თავის მოსწავლეებს და თან ფრთხილ კომნეტარებსაც ურთავს, ძველ ამბავს აცოცხლებს და გადმოაქვს ახლა და აქ.

წიგნი სავსეა პოეტური ფრაზებით, ლექსებით – რომლებსაც რებეკა თხზავს, ის სულით და ხორცით პოეტია, მის მიერ დანახული სამყარო და მოვლენები – ლექსის სტრიქონებად იქცევა. რადგან ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უყვართ მიბაძვა, იქნებ და ამ საოცარი პერსონაჟის წამხედურობით, ლექსების წერაც დაიწყონ და დაფარული ნიჭებიც აღმოაჩინონ. და კიდევ ერთი იდეა, წიგნის კითხვისას, ბავშვები შექმნიან კიდევ ერთ რვეულს: “რებეკას პოეზია” – სადაც გასაქანს მისცემენ საკუთარ ფანტაზიასაც, თავადც გახდებიან პოეტები და მხატვრები. დახატულს ხომ აუცილებლად ილუსტრაციებით გააფორმებენ, ხატვა ყველა ბავშვს უყვარს (თითქმის ყველა ბავშვს).

წიგნის დასრულებისას შესაძლოა შემაჯამებელი ღონისძიებაც დაიგეგმოს, რომელიმე ეპიზოდი გააცოცხლონ და გაითამაშონ – ჩვენმა ბავშვებმა, ან წიგნის პროცესში შექმნილი რვეულები გაუზიარონ ერთმანეთს, ან მშობლებს, სტუმრებს. წაიკითონ საკუთარი ლექსები, მოთხრობები. მოკლედ, უამრავი იდეა გაცოცხლდება და შეისხმას ფრთებს, თუ კი რებეკას ახლოდან გაიცნობთ და გააცნობთ თქვენს მოსწავლეებს. საბოლოოდ, კი მართლაც გირჩევთ, რომ ამ განსხვავებულ, კეთილ და ნიჭირ გოგონას თქვენს კლასებში და თქვენი მოსწავლეების გულებში ბინა მიუჩინოთ.

 

 

 

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

0

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

ერთ დღეს მოსწავლეებს ლექსის დაწერა რომ დაავალოთ, მათგან აუცილებლად გაიგონებთ საყოველთაოდ გავრცელებულ შეგონებას, რომ ლექსის წერას სპეციფიკური უნარები სჭირდება, ყველას როდი შეუძლია „კარგად თქმა“, ანუ შემოქმედებითი წერა მხოლოდ „ზეგარდმო ნიჭით“ დაჯილდოებულთა ხვედრია.

მას შემდეგ, რაც სკოლაში ვასწავლი, ვცდილობ, წერის პროცესს თამაშის სახე მივცე და მიუწვდომელი ამ გზით მეტ-ნაკლებად მისაწვდომი გავხადო, რათა მოსწავლეებს ცოტათი მაინც შევუცვალო ზემოაღნიშნული შეხედულება და დავაჯერო, რომ სურვილის შემთხვევაში რიტმული ტექსტების შედგენა მათაც შეუძლიათ. ამ წერილში რამდენიმე ასეთ თამაშს და მათი მეშვეობით აგებულ ე.წ. ლექსის ფაზლებს წარმოგიდგენთ.

 

რითმობანა

როგორც ვიცით, ლექსს აქვს თავისებული რიტმი და რითმა, რომელიც მას პროზაული ტექსტისგან განასხვავებს. რითმა, სტრიქონებში მარცვლების შეთანხმებულ რაოდენობასთან ერთად, პოეტურ ტექსტებს კეთილხმოვანებას ანიჭებს. გარდა გრაფიკული ფორმისა, განსხვავებულია  ლექსის შინაარსიც. აქ მთავარი მწერლის ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეული ემოცია უფროა, ვიდრე თავად ეს მოვლენა. ემოციის სწორად გადმოცემას კი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ლექსის მუსიკა, რომელსაც რითმებით გაწყობილი რიტმული სტრიქონები ქმნიან.

ქართული რითმა საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ნაირსახეობები ერთმანეთისგან განირჩევა შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობისა (ერთ-, ორ-, სამ- და მეტმარცვლიანი) და ადგილმდებარეობის (პარალელური, ჯვარედინი, რკალური, გარე, შიდა და სხვ.), კეთილხმოვანებისა (ზუსტი/არაზუსტი, მდიდარი/ღარიბი, ღია/დახურული და ა.შ.) თუ შინაარსის (ომონიმური, ტავტოლოგიური, კალამბურული, ზმნური და სხვ.) მიხედვით.

რადგან წერილში დაწყებითი საფეხურისთვის შედგენილ „ლექსის ფაზლებს“ წარმოგიდგენთ, პოეტური ტექსტების აგებულების თავისებურებათა დეტალურ აღწერაზე აღარ შევჩერდები და რითმების აწყობის რამდენიმე მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ.

 

შეცვალე პირველი ასო-ბგერა

აღნიშნული მეთოდი I-II კლასებში მარტივი რითმების ასაგებად გამოგადგებათ. მაგალითისთვის, ავიღოთ სიტყვა „ხელი“ და მისი პირველი ასო შევცვალოთ სხვით (ც, ნ, ძ, წ, ვ, გვ, სა და ა.შ.). შედგენილი სიტყვები შეგვიძლია ტაეპების ბოლო სიტყვებად ჩამოვწეროთ (პარალელური რითმა) და შევავსოთ სასურველი შინაარსის ტექსტით. თავდაპირველად ვიყენებ ე.წ. სიტყვის ფაზლებს. სარითმო სიტყვებს მოსწავლეებს ვადგენინებ, სტრიქონების შესავსებად საჭირო სიტყვებს კი თავად ვთავაზობ (სასურველია, არეულად და მეტობით ჩამოვწეროთ რითმებთან მისასადაგებელი სიტყვები და ბავშვებმა თავად იპოვონ საჭირო ვარიანტები).

ვიწყებთ რითმებთან თითო სიტყვის მისადაგებით, მაგალითად:

მომეცი   ხელი,

გავიდა წელი,

აყვავდა ველი,

მე ისევ  გელი.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრიქონების შევსების მეთოდი: მოსწავლეებს ვაძლევთ ნაცნობ თემაზე შედგენილ, სასწავლო საფეხურის შესაბამისი სირთულის უცნობ ლექსს, რომელსაც აკლია სარითმო სიტყვები და ვთავაზობთ, ისინი თავად მიუსადაგონ. თავდაპირველად მოსწავლეებს ვაწვდით რითმების ჩამონათვალს რამდენიმე არასაჭირო სიტყვის ჩამატებით, რათა საჭირო სიტყვები იპოვონ და სწორად მიუსადაგონ ლექსის სტრიქონებს.

ასაკისა და გამოცდილების მატების შესაბამისად, შეგვიძლია, გავართულოთ დავალება და მოსწავლეებს სიტყვანაკლული სტრიქონების დამოუკიდებლად შევსება ვთხოვოთ. ბუნებრივია, ბავშვების მიერ შერჩეული რითმები ავტორისეულს იშვიათად ემთხვევა, თუმცა ლექსს შინაარსობრივად მიესადაგება, რაც ამ ერთგვარ ექსპერიმენტს მეტად სახალისოს და, რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის. საილუსტრაციოდ გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შევსებულ ვარიანტს:

ტყემ მოისხა ყვავილი,

აგერ მერცხალი გალობს,

ბაღში ვაზი გაზრდილი

მეტის ლხენითა ხარობს.

 

ახალი ლექსი ძველი რითმებით

შეგვიძლია, ეს თამაში V-VI კლასის მოსწავლეებს შევთავაზოთ. ამოვიწეროთ რომელიმე ლექსის რითმები და მოსწავლეებს მათი გამოყენებით ახალი რიტმული ტექსტის შეთხზვა ვთხოვოთ (უმჯობესია, მათთვის უცნობი ლექსის რითმები გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს განსხვავებული ვარიანტის შექმნა გაუადვილდეთ). მაგალითად ისევ ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულს“ გამოვიყენებ:

ტყეში ბევრია მწვანე ფოთოლი,

ტყეში ბუდეა, შიგ ბარტყი ჭყივის,

არ ჰყავს მშობელი, არის ობოლი

და ამიტომაც ხმამაღლა ტირის.

ზემოაღნიშნული აქტივობა საკმაოდ შრომატევად ლექსის ფაზლს წარმოადგენს. მას სჭირდება წინარე ცოდნა და გამოცდილება, ამასთან, თემის, სათქმელისა და ემოციის სწორად შერჩევა. თუ აღნიშნულ გარემოებებსაც თამაშის სახეს მივცემთ, მოსწავლეებს წერის პროცესს მნიშვნელოვნად გავუადვილებთ.

 

თემებისა და ემოციების ხურჯინი

ნაჭრის პატარა ტომსიკებში ვათავსებთ შერჩეული რითმებისთვის შესაფერის თემებსა და ემოციებს და მოსწავლეებს თითო ფურცლის ამოღებას ვთხოვთ. ამის შედეგად ისინი კონკრეტულ თემასა და ემოციაზე კონცენტრირდებიან და არჩევანზე დროს აღარ კარგავენ (დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დიდ ნაწილს უძნელდება კონკრეტული საყრდენების/მინიშნებების გარეშე დავალებისთვის თავის გართმევა).

 

ითამაშე ლექსებით

I-III კლასებში, მოტივაციის ასამაღლებლად, ნაცნობი თამაშების ან საბავშვო გათვლების („წეროები“, „ენკი-ბენკი, სიკლისა“ და სხვ.) ტექსტებს ხშირად ვცვლი მოსწავლეთა მიერ ნასწავლი თუ შედგენილი ლექსებით. ვთამაშობთ „წეროებს“ შეცვლილი ტექსტით ან ვირჩევთ სალექსო რიტმის შესაბამის მუსიკალურ რიტმს/მელოდიას და ჩვენ მიერ შეთხზულ ტექსტებს ვრეპავთ/ვმღერით.

ზემოაღნიშნულ აქტივობებს ხშირად ვიყენებ დაწყებით საფეხურზე. ამის შედეგად მოსწავლეებს პოეზიისადმი დამოკიდებულებაც (წერას რომ თავი დავანებოთ, ლექსების წაკითხვა-გაგებაც ეძნელებათ) ეცვლებათ და შემოქმედებითი წერის ტექნიკაც ეხვეწებათ. რაც შეეხება მეთოდების მრავალფეროვნებას, მათ სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი/საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს პოეზიასთან დამეგობრებას გაუადვილებს.

 

ეძღვნებათ დედებს, რომელთაც არ ახსოვთ საკუთარი დაბადების დღე

0

 

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო დედაჩემი და ეს წიგნიც მას მივუძღვნა. როგორც შთაგონებული, სათუთი და გულისხმიერი ნოე, უცნაური მემკვიდრეებით სავსე კიდობანს დიდი ოსტატობით მიაცურებდა ცხოვრების მშფოთვარე ზღვაში, ყოველთვის მზად იყო, მოსალოდნელ აჯანყებას დახვედროდა, მუდამ გარს ერტყა სახიფათო ფინანსური მეჩეჩები, ხშირად დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინამძღოლობას ეკიპაჟი მოიწონებდა, მაგრამ თუ ხომალდს რაიმე შეემთხვეოდა, სწამდა, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა. პირდაპირ სასწაულია, როგორ გაუძლო დედამ ამ მოგზაურობას, თანაც ისე, რომ არასდროს მისთვის გონიერებას არ უმტყუნია. როგორც ჩემი ძმა ლარი აღნიშნავს, დედა უნდა გვიმადლოდეს, რომ ასე გამოვაწრთეთო“.

ბრიტანელი ნატურალისტი მწერალი ჯერალდ დარელი თავის ნაწარმოებში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დედას განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს. თავად წიგნსაც დედას, მის თავგანწირვას უძღვნის.

„დედაჩემის ასაკი არ ვიცოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი დაბადების დღე არასოდეს აგონდებოდა“, – წიგნის დასაწყისშივე გვეუბნება ავტორი და უკვე ველით შეხვედრას ქალთან, რომელიც თავს უძღვნის ოჯახს, შვილებს, მათ საუკეთესო ინტერესებს და ისეა ჩაბმული თავგანწირულ ფერხულში, თავისი დაბადების დღეც კი დავიწყებია.

„ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. ჯერალდ დარელი აღწერს ბავშვობის წლებს, რომლებიც საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გაატარა დედასა და და-ძმებთან ერთად. წიგნში იუმორით არის მოთხრობილი იქაურ ადამიანებზე, მეგობრულ ბერძნებზე, რომლებიც ყველანაირად გვერდით უდგანან ინგლისელ ემიგრანტებს, კუნძულზე ცხოვრების გამოცდილებას უზიარებენ და ხვედრს უმსუბუქებენ.

„ასე გავყიდეთ სახლი და მერცხლების გუნდივით გავექეცით ინგლისის უჟმურ ზაფხულს“, – გვატყობინებს ავტორი და აღგვიწერს გზას, რომელიც ინგლისიდან საბერძნეთამდე გაიარეს.

ჯერიმ (ჯერალდმა) თან წაიღო ოთხი საბუნებისმეტყველო წიგნი, პეპლების ბადე, ძაღლი და მუხლუხებით სავსე მურაბის ქილა, რომელიც გრძელ, მოსაწყენ გზას გაუხალისებდა. ხომ უკვე ცხადია ჯერალდის გატაცება?

წინასიტყვაობაში მწერალი შენიშნავს, რომ ყველა ამბავი კუნძულსა და კუნძულელებზე სრული სიმართლეა – კორფუზე მათი ცხოვრება კომიკურ ოპერას ჰგავდა. ნაწარმოები სავსეა მხიარული ამბებით იმის შესახებ, რა ქაოსს იწვევდნენ ოჯახში ჯერალდის ცხოველები, მისი დაუცხრომელი ინტერესი ბუნების მიმართ და რა დიდი სიმშვიდითა და მოთმინებით უმკლავდებოდა დედა ოჯახის წევრების უცნაურ გატაცებებს.

დასამალი არ არის, რომ საბავშვო ლიტერატურის კითხვა ბავშვებზე არანაკლებ მიყვარს, მით უფრო ისეთი წიგნებისა, სადაც ლურჯ, კამკამა ზღვაში მდებარე ულამაზესი კუნძულის ამბებს გვიყვებიან. ამიტომ ინტერესით შევუდექი კითხვას და დედის მიმართ ავტორის უსაზღვრო მადლიერებამ წინასიტყვაობიდანვე მომაჯადოვა.

ვფიქრობ, მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გრძნობაა, რომელიც ნამდვილად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს, ჩვენს ცხოვრებას და აქვს საოცარი, გადამდები ეფექტი. განსაკუთრებით მიჩუყდება გული, როდესაც შვილები მადლიერებით იხსენებენ მშობლების თავგანწირვას, შრომას და მზრუნველობას მათი მომავლისთვის – ეს ნამდვილად დასაფასებელია, ამიტომ, როდესაც ნაწარმოების კითხვას შევუდექი, საოცარი განცდები გამიცოცხლდა – ბავშვობის, სილაღის, უპირობო სიყვარულის, მადლიერების და, რუტინით გაბეზრებული, ავტომატიზებული ყოფით დაღლილი, ახალი შეგრძნებებით ავივსე.

მისის დარელმა, ოთხი შვილის დედამ,  კორფუზე გადასახლებით შვილებს ცხოვრების რამდენიმე დაუვიწყარი წელი აჩუქა.

მარტოხელა ქვრივი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, შვილებთან ერთად უცნობ ქვეყანაში წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ეს არის ძლიერი, მომთმენი და კეთილი ქალი, რომელსაც ჰყავს ოთხი განსხვავებული ხასიათის შვილი და ოთხივესთან საოცარი მზრუნველობით, სითბოთი და ინდივიდუალური მიდგომით ახერხებს ურთიერთობას. დარელების დედა გვაოცებს იმ მხარდაჭერით, რომელსაც შვილების მიმართ გამოხატავს – აძლიერებს მათ დამოუკიდებლობას, არ ზღუდავს მათ ინტერესებს, მოთმინებით იტანს მათ ახირებებს, მხარს უჭერს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მისის დარელი ეწევა უდიდეს შრომას ოჯახისთვის, მაგრამ არ ბოროტდება, არ ღიზიანდება, სიმშვიდეს ინარჩუნებს. საბოლოოდ სწორედ მისი იშვიათი მოთმინების, იუმორის გრძნობის, გამბედაობისა და მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ნაბოლარა დარელი ბუნების საიდუმლოებათა შესწავლას მიჰყოფს ხელს, რაც მის მომავალ კარიერაზეც ახდენს გავლენას.

დედების შრომა ტიტანური შრომაა. დედებს უდიდესი ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიის გაღება უწევთ ოჯახისთვის და ხშირად ეს ისე აღიქმება, თითქოს ასეც უნდა იყოს. იშვიათად თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რა უჭირთ, რა ულხინთ, რისი გადალახვა უწევთ, როგორ ერევიან პრობლემებს დედები სუპერგმირის როლის მიღმა.

ეს პატარა წერილი სწორედ დედებს ეძღვნება, დედებს, რომლებსაც საკუთარი დაბადების დღეც კი ავიწყდებათ. მადლობა მათ უსასრულო ზრუნვისა და თავგანწირვისთვის!

  საბავშვო ლიტერატურა -თანასწორობის ჯადოსნური სივრცე  

0

                           

2 აპრილს  მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს და საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ წიგნებში აღწერილი სამყაროები სადღაც არსებობენ, ანდა ჩვენი სამყაროც რომელიღაც წიგნშია აღწერილი, სადღაც, რომელიღაც პლანეტაზე უნდა არსებობდეს საბავშვო მწერლებისა და წიგნების ქვეყანა…

იქ ალბათ ასტრიდ ლინდგრენი პეპისთან ერთად მაჭკატებით საუზმობს, ჰანს ქრისტიან ანდერსენი ასანთის გამყიდველ გოგონას ხელებს უთბობს და ცხელ შოკოლადს უმზადებს, ტომ სოიერი და მარკ ტვენი ერთად გეგმავენ ახალ, სახიფათო თავგადასავლებს, ეგზიუპერი და პატარა პრინცი იმ ერთადერთ ვარდს ბუგრებს აცლიან…

ამ ქვეყანაში აუცილებლად ნახავთ ხეობაში მდგარ  პატარა, სასაცილო სახლს, რომლის სამზარეულოშიც დედა მუმინი გემრიელ მურაბებს ხარშავს, სამზარეულოს მაგიდასთან კი ტუვე იანსონი ზის და ცხელ, ქაფქაფა ჩაის მიირთმევს… სხვა მუმინებიც აქ არიან, სნუსმუმრიკი, სნიფი, ჰემული და ზღაპრული ხეობის სხვა ბინადრები, იცინიან, ლაპარაკობენ, ახალ, სასაცილო, ზოგჯერ ნაღვლიან ამბებს ყვებიან…

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. ხან ჰეკლბერი ფინის მსგავსად თავისუფლებაზე ვოცნებობთ, ხან ტომ სოიერივით შეგვიყვარდება კლასელი, პატარა გოგონა, ხან ჩვენი ოცნების სალტკროკას ვპოულობთ, ხან ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური, ცეცხლისფერთმიანი გოგო გადმოდის, ხანაც პროპელერის ზუზუნი გვესმის სამზარეულოს ფანჯარასთან, ხან განძთა კუნძულზე ნაპოვნ ძვირფასეულობას გადავთვლით… აქ შესაძლოა გარდაცვლილი ძმის საძებრად გაეშუროთ ნანგიალაში-სამოთხეში ან ობოლი, მოწყენილი ბიჭი იყო და ჯადოსნურ ქვეყანაში მამა იპოვო…

აქ შეიძლება,  ზეცაში მყოფ დედას ახედო და დაამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს საყვარელი, პროპელერიანი მეგობრის ლოდინი…

განა არასდროს გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში მოხვედრაზე? იქნებ სარკის მიღმა საოცრებათა ქვეყანა ან დედამიწის გარშემო საოცარი მოგზაურობა დაგსიზმრებიათ?

თუ კი აუტიზმის მქონე ბავშვს ლიტერატურული პერსონაჟებიდან ვინმე ჰგავს, ეს ალბათ ეგზიუპერის პატარა პრინცია… გზა, საკუთარი, შინაგანი პლანეტიდან გარეთ, ადამიანებისკენ, სამყაროს შეცნობისა და შთაბეჭდილებებისკენ… სირთულით, იმედგაცრუებებითა და სიყვარულით სავსე გზა… შეიძლება ზოგან უდაბნო იყოს, ზოგან – ვარსკვლავებს თვლიდნენ, ზოგან – საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული ეგოისტი ხელმწიფეც შეხვდეს…. მაგრამ ყველაზე მთავარია, ერთი მელია-მეგობარი მაინც აღმოჩნდეს ამ გზაზე, მოუსმინოს, გაუგოს და შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სხვებს სულაც არ ჰგავდეს. მთავარია, მის გულში მუდამ ანთია სიყვარული – ეს ოთხეკლიანი, თავისნათქვამა და თავნება ვარდი.

სინამდვილეში სწორედ საბავშვო ლიტერატურაა ყველაზე ნათელი დარდის, ყველაზე ტკბილი ტკივილის სივრცე. ბავშვებს ხომ დიდი, ნამდვილი პრობლემები აქვთ, პეპი ობოლია, ანიკას და ტომს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამგები მშობლები ჰყავთ, კარლსონი – ალბათ უსახლკარო ბიჭია, უკონტექსტო, ყველასგან განსხვავებული, რომელიც იბრალებს, ბებია მყავსო, სინამდვილეში, არ ჰყავს, ორთქლის მანქანები მაქვსო, სინამდვილეში არ აქვს და სადაც გამოჩნდება, მისკენ თითს იშვერენ. ბიჭუნა მარტოა და თან ნაღვლიანი, არავის მისი არ სჯერა, ძმები ლომგულებიდან ერთს ძმა უკვდება, მიო ობოლია და მარტოსული, მაგრამ ამ დარდებთან ერთად როგორი სინათლით გატენილია ეს სამყარო, როგორი ოპტიმისტური, როგორი ბედნიერი, ისეთივე, როგორც სალტკროკა, რომელიც ალბათ ბავშვობის აღთქმული მიწაა, ბედნიერების კუნძული…

გახსოვთ, როგორ მთავრდება “ვინი პუჰი”? წერტილით კი არა, მარადიული აწმყოთი,  უნაღვლიანესი ფინალით, მრავალწერტილით:

“აქ, ამ მოჯადოებულ ადგილას, ამ გორაკზე შეფენილ ტყეში პატარა ბიჭი მაინც ყოველთვის ითამაშებს თავის დათუნიასთან ერთად”..

აი, ეს ჯადოსნური მრავალწერილია საბავშვო ლიტერატურის მთავარი მაგია.

თუ ბოლო დროს სამყაროს ყველა წესისა და კანონის ამოყირავებამ, სამშობლოსა თუ სამყაროში განვითარებული ამბების სისასტიკემ და გაუგებრობამ  საყრდენი გამოგაცალათ, დაგაბნიათ, იმედი დაგიკარგათ, იქნებ სცადოთ წონასწორობა თქვენი საყვარელი საბავშვო წიგნების სამყაროში იპოვოთ და იფიქროთ, თუ მაწანწალა რასმუსმა დაიბრუნა სახლი, იქნებ თქვენც დაიბრუნოთ, იქნებ ციცინათელების მწყემსი ბაიას გათავისუფლებაც შეიძლებოდეს, ამ საბავშვო ლიტერატურის ნესტან-დარეჯანის, იქნებ, იქნებ, იქნებ….

      ცის და მიწის მონაწური ცრემლი

0

 

– თერგო, რა გამღერებს,

რა გაქვს სასიმღერო?

ზოგჯერ რა გატირებს,

რა გაქვს სატირალი?

– იცი, რა მამღერებს?

ჩემი საქართველო!

იცი, რა მატირებს?

მისი სატკივარი!..

თენგო ავსაჯანიშვილი

 

ხევში, სტეფანწმინდაში, რამდენჯერმე მოვხვდი პოეზიის საღამოზე. თბილისიდან ჩასული პოეტები ადგილობრივ მკითხველს ხვდებოდნენ. მერე გულუხვად გვიმასპინძლდებოდნენ და შეხვედრის ლირიკული განწყობა სუფრაზეც გადაინაცვლებდა ხოლმე. მით უფრო მთაში, სადაც ყოველი მეორე ბუნებით პოეტია, ენის საიდუმლოსთან ყველაზე ახლოა და ისეთ სიტყვებს შემოგაშველებს, გული რომ აგიყვავდება. ერთხელ, ასეთ პოეტურ ნადიმზე, ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. სუფრის განაპირას იჯდა თავჩაღუნული, სახე კეთილი ღიმილით უბრწყინავდა და როცა რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ცოტა გათამამდა, წამოდგა და თავისი ლექსი წაიკითხა. თან მოგვიბოდიშა, ისე მომანდომეთ ლექსობა, გავბედეო. იმ სუფრაზე იმ საღამოს მისმა ლექსმა ხელქმნილი მარგალიტივით გაიბრწყინა და აბა, ვიღა მოასვენებდა – გვიკითხა და გვიკითხა თავისი ნაღდი სევდით და სიხარულით ნაბეჭვი ლექსები. ყელმოღერებით კითხულობდა, ცალ ცისფერ თვალს რაღაც წერტილს გაუშტერებდა ხოლმე, ცალი ნატკენი თვალით კი გულის უფსკრულების ექოს იკავებდა თითქოს, იდგა, როგორც თავისივე ხევის ერთი კლდე და ლექსებს მოთქვამდა.

ასე გავიცანი თენგო ავსაჯანიშვილი – ნამდვილი პოეტი.

ნამდვილს“ ესმა ონიანს დავესესხე, ვინც ყველა სხვა ეპითეტის ბრჭყვიალებას სწორედ ამ ერთ სიტყვას არჩევდა ხოლმე და გულისხმობდა თავდაპირველს, რითაც ფასდება შემოქმედება. თენგო ავსაჯანიშვილის პოეზიაც ამ თავდაპირველი შთაბეჭდილებით არის დამუხტული. შეიძლება ასეც ითქვას: ის თავიდან ბოლომდე პოეტია, დაუნაწევრებელი თავისი ცხოვრება-შემოქმედებით, მთლიანად მიძღვნილი ამ დიდ საიდუმლოს, ლინგვისტურ რიტუალს, შესაბამისად, ერთსა და იმავე დროს ჯილდოსა და სასჯელის მქონეც, ბედნიერიც და ტრაგიკულიც.

თენგო ავსაჯანიშვილი მოხევე პოეტია, ოღონდ ეს არ ნიშნავს ვიწრო კუთხურობას. ხევი მისთვის იგივეა, რაც გოდერძი ჩოხელისთვის – გუდამაყარი, ნოდარ დუმბაძისთვის – გურია, დავით კლდიაშვილისთვის – იმერეთი. ხევი თენგოს ასაფრენი ბილიკია, ის ტოპოსია, საიდანაც მისი თვალსაწიერი იშლება. მთელი ცხოვრება ხევში გაატარა, მისი შთაგონება თერგი და მთები იყვნენ, ალექსანდრე ყაზბეგის აჩრდილი და მყინვარწვერის ელვარება. მისთვის საქართველოც ხევიდან იწყებოდა და ამიტომ კიდევ უფრო ძვირფასი და საპასუხისმგებლო იყო ეს მხარე – როგორც პირადი განძი, წინაპრებისგან ნამემკვიდრევი („ჩემი თერგივით ღელვით ვიწყები, ჩემი თერგივით ღელვით ვმთავრდები…“).

დღეს სამშობლოზე ცოტასღა წერენ პოეტები. ტექნოგლობალურმა დრომ თითქოს დააკნინა კიდეც ეროვნულობის იმგვარი განცდა, რომელიც პოეტს ლირიკული ფიქრებით მუხტავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთი მათგანია ჭარბი, ლამის მკვდარი რწმენითა და პათოსით აყივლებული პატრიოტიზმის შეკავება, რომელმაც, ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, ბევრი სული და ტვინი დააზიანა და, მენტალურ კომპლექსებში ჩაკირული, დღემდე შემოგვრჩა. გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, სამშობლოს სიყვარული ხომ „ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება“; სამშობლო ჩუმად სათქმელი სიტყვაა და არა გაუთავებლად და გამაყრუებლად საჯაროდ სიყვარულ-სამტკიცებელი. თუმცა ამ უკიდურესობამ სხვა, საპირისპირო სტიგმა მოიყოლა და ბევრი შემოქმედი გააჩუმა, მკითხველთა ცნობიერება კი იმ აზრითაც გაჟღინთა, თითქოს სამშობლოზე ლექსები მხოლოდ სუფრისთვის იწერებოდეს და იქვე ითქმებოდეს.

არადა, ვინ იცის, იქნებ ლექსებსაც ელოდება საქართველო!.. იქნებ ესეც ის წმინდა ზვარაკია, რომელიც სამშობლოსა და ენის კვრივზე დაიდება და ამით რაღაც იდუმალი და ღვთაებრივი აღესრულება! ეს თენგო ავსაჯანიშვილმა კარგად იცოდა, მისთვის უცხო იყო „პოეტურ-თემატური ტრენდები“ და ეროვნულ-მენტალური კომპლექსები. საქართველოს ხმა ესმოდა და თავადაც პასუხობდა. მის პოეზიაში უდიდესი ადგილი სწორედ სამშობლოსთვის დაწერილ ლექსებს ეკავა. ეს მისი პირადი ლიტურგია იყო.

 

„თაფლის სანთელო,

საქართველო ღმერთს შეავედრე,

ღიაა კარი –

გულის კარი წმინდა სამების,

ჰა, დავალაგე

მის უწმინდეს საკურთხეველზე

ცრემლების მძივი,

თვალთა სხივი

ხმათა ხავერდი…“

 

ან

 

„სუ, გეყო, გაჩუმდი, ნუღარ სტირი,

შენს მტერს უხარია, გხედავს თვალსველს,

შენი ძველებური, დალოცვილი,

მრავალჟამიერი შემოსძახე“.

 

პოეტი უწინარესად ხმაა და თენგო ავსაჯანიშვილიც თვითმყოფადი, მკაფიო ხმა იყო, რომელსაც, თუმცაღა თავისთვის ჩუხჩუხებდა საქართველოს უკიდურეს საზღვართან, მდინარის ძალა ჰქონდა და არც არავისში აგერეოდა, ვერც წაუყრუებდი. ამ ხმას ძალას აძლევდა სიყვარული. სამშობლოთი დაწყებული, სატრფოთი და ბუნებით გაგრძელებული, მიღმიერითა და სიკვდილით დამთავრებული – თენგოსთვის ყველაფერი სიყვარულის წესებით არსებობდა, მას იკვლევდა და ეძიებდა, მასში ხეტიალობდა.

საოცარი სილაღეა მის სატრფიალო ლექსებში. სევდა, მარტოობა და „შორით წვა“ ცეცხლოვან ვნებათა ღელვას ენაცვლება, ხან იის სიმაღლიდან შეიგრძნობს სიყვარულს, ხან ლაჟვარდებში დანავარდობს.

 

„შენს თმებში ღამე დამრჩალა

და ვარსკვლავები – თვალებში,

ეგ შენი შუქი, ქალშავავ,

შემეშველება შავეთში…“

სიყვარულს ეტრფის და ოცნებობს:

 

„ნეტავი ისე გიყვარდე,

მზე როგორც ჰყვარობს მიწასა…“

 

სიყვარული მისი მუდმივი მდგომარეობაა. ჰოდა, ვის გაუგონია სიყვარული ტანჯვისა და სალმობის გარეშე? თენგოს პოეზიაშიც ბევრი ტკივილია. ცრემლიც ბევრია, ოღონდ არა გულის სიჩვილისა და უსასობის გამომხატველი, არამედ, უპირველესად, უზენაესი სულიერი ცეცხლის ჩინჩხალი, მწველი ნაღვერდალი, სულს რომ გასცვივდება ხოლმე, ვნების ქარაშოტში აბრიალებულს. „ვეფხისტყაოსნის“ რაინდის ცრემლი. ჩემს წარმოდგენაში, ჩამოჰგავდა კიდევ თენგო ავსაჯანიშვილი ვეფხვის ტყავში გახვეულ ტარიელს, მასავით სიყვარულის ველზე იყო გაჭრილი და სატრფოსთვის ხეტიალში უმაღლეს ჭეშმარიტებას ეძიებდა.

ამ გზამ თუ მიიყვანა თენგო თავიდანვე სიკვდილის საზღვართან, იმ ტრანსცენდენტულ ცოდნასა თუ ხილვასთან, დღეს რომ პოეტის წინასწარმეტყველებად შეგვიძლია აღვიქვათ და კიდევ ერთხელ გავიკვირვოთ: საიდან ჰქონდა ამ ახალგაზრდა კაცს სიკვდილისადმი ასეთი ლტოლვა ან საიდან იცოდა, რომ მისი დროც დათვლილი იყო ამ წუთისოფელში და, მიუხედავად ამისა, კი არ სძულდა, არამედ მართლა სატრფოსავით უყვარდა სიკვდილიც?!

ამირან არაბული „არყოფნის კარიბჭესთან მის შეთამამება-გაშინაურებას“ უწოდებს ამ საკრალურ ლტოლვას – „ყოველივე ეს ეგზომ არაპოზიორული, ნამდვილი და არსისმიერია მისთვის… სიცოცხლისშემდგომი არსებობის სახისა თუ ფორმის საკითხიც ისეთივე მწვავეა პოეტისათვის, როგორც ამწამიერი სუნთქვა, სურვილთა დიადობას მოკლებული არსებობა და სიმწრის მეტობით დაღლილი სიცოცხლე“ , – წერს ის თენგო ავსაჯანიშვილის კრებულის „აქ და იქ“ შესავალში.

მის პოეზიაში ბევრი ფიქრია სიკვდილზე. ცალი თვალით სულ მიღმიერი სამყაროსკენ იყურება: „დაბადებიდან სიკვდილს ვეკუთვნი, მასზე აკვნიდან ვარ დანიშნული, ჩვენ შევიჩვიეთ უკვე ერთურთი და სიკვდილია ჩემი მიჯნური…“

 

თენგო ავსაჯანიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ფიზიკური ტკივილებით ნატანჯი, მაგრამ სულიერად კიდევ უფრო განმტკიცებული გავიდა ამ სამყაროდან. იმ დღეებში ხშირად მეფიქრებოდა, რა სახით მივიდა მასთან სიკვდილი. ალბათ მაშინვე იცნო, რადგან დაბადებიდან მართლაც ძმასავით იახლა და გვერდიდან არ მოიშორა. ან იქნებ ქალის სახით ესტუმრა და უკანასკნელი წამები ენით უთქმელი ფერადებით გაულამაზა?..

ეს მისი ბოლო ლექსი იქნებოდა – სიკვდილთან შეყრა. ამ ლექსს ჩვენ ვეღარ წავიკითხავთ, თან წაიღო თენგო ავსაჯანიშვილმა როგორც საიდუმლო.

სამაგიეროდ, აქ სხვა ლექსები დატოვა, რის დაწერაც მოასწრო, რაც გულიდან გამოიგლიჯა ან გადმოიდინა. ეს ლექსები ყველას გულს ააღელვებს, ვისაც შეეხება.

და ყოველი შეხება ისევ ლექსად დაიბადება.

შესამოწმებელი შეკითხვები:CCQ

0

მეხუთე-მეექვსე კლასში რომ ვიყავი, ჩვენმა ისტორიის მასწავლებელმა გვთხოვა, რომ ყველას გვქონოდა დამატებითი ე.წ. ‘კითხვების რვეული’. ამ ‘კითხვების რვეულში’ ვაგროვებდით შეკითხვებს , რომლებიც თითოეულ გაკვეთილს ეხებოდა, რასაც ვსწავლობდით.  კითხვებს უმეტესად თავად მასწავლებელი გვაწვდიდა. მერე როდესაც გაკვეთილს მოვყვებოდით, მასწავლებელი ჩვენს რვეულს იღებდა და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ შეკითხვებს გვისვამდა. ისე გამოდიოდა, რომ განვლილი მასალა არასდროს გვავიწყდებოდა, რადგან ეს კითხვები გვქონდა. როდესაც დამამთავრებელ კლასში გადავედი და ისტორიის გამოცდისთვის მომზადება დავიწყე, მალევე აღმოვაჩინე, რომ ყველაზე უკეთ მეხუთე-მეექვსე კლასის მასალა მახსოვდა. ამის მიზეზი ახლა ცხადზე ცხადია.

ჩვენი ტვინები განუწყვეტლივ მუშაობს: იღებს ახალს და ახარისხებს ძველ ინფორმაციას, პარარელურად კი პასუხს აგებს სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფუნქციონირებაზე. გქონიათ მომენტი, როდესაც  რამის გახსენებას ცდილობთ და ვერ იხსენებთ, მერე კი ფიქრს თავს მიანებებთ და სხვა რამის კეთებას იწყებთ, უცებ რამდენიმე წუთის, საათის ან თუნდაც დღის მერე, სულ სხვა რაღაცის კეთებით გართულებას, მოულოდნელად გაგახსენდებათ ის, რასაც მაშინ იხსენებდით? ჰო, ესეც ჩვენი ტვინია, რომელსაც კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის მომენტიდან მუშაობა არ შეუწყვეტავს (ვინ იცის, არც მაშინ, როცა გვეძინა), დაუღლელად იქექებოდა დაუხარისხებელ არქივებში, რომ ის ეპოვა, რის გახსენებასაც ვცდილობდით. თანამედროვე ადამიანის ტვინი ისეა დაღლილი და გადავსებული, როგორც არასდროს აქამდე, ჰოდა რა გასაკვირია, რომ ზოგჯერ, როდესაც მოსწავლეებს რაღაცას ვუხსნით და გვგონია ყველაფერი უნდა გაიგონ და დაიმახსოვრონ, მათ საახებზე სიცარიელეს ვხედავთ? მათ გონებასაც სჭირდება დახმარება, რომ ახალი მიღებული ინფორმაცია სწორ ადგილას გადაისროლოს; სწორი შენახვა კი სწორად გამოყენების საწინდარია – ამის მარტივად საილუსტრაციოდ უბრალოდ არეულ-დარეული და დახარისხებული ფაილების წარმოდგენაც გამოდგება. ცხადია,  დოკუმენტს უფრო მალე ვაგნებთ, თუ ვიცით რომ ის ასო ‘ა’- ზე უნდა ვეძებოთ და ასო ‘ა’-ზეც მხოლოდ ‘ა’-თი დაწყებული დოკუმენტები გვაქვს.

მაშინ როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეების ტვინებს რომ ახალი ინფორმაცია სწორად გაიგონ და შეინახონ? ან როგორ უნდა დავრწმუნდეთ ჩვენ რომ შედეგს მივაღწიეთ?  პასუხი სწორად დასმულ შეკითხვებში იმალება.  სწორად დასმულ შეკითხვას შეუძლია დაეხმაროს გონებას, რომ ინფომრაცია ერთი ‘ფოლდერიდან’ მეორე ‘ფოლდერში გადაისროლოს, ბოლომდე აღიქვას და კარგად დაიმახსოვროს.

როდესაც შესამოწმებელ შეკითხვებს ვახსენებთ, ინსტრუქციების  და შინაარსის გაგების  შესამოწმებელ შეკითხვებზე გვაქვს საუბარი. მას შემდეგ რაც კომპანია ‘EF[1]’-ს შევუერთდი ცხადად ვხედავ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ  მასწავლებლები სწავლებისას აუცილებლად იყენებდნენ შესამოწმებელ შეკითხვებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავდაპირველ  ტრენინგებს გავდიოდი,  ამ საკითხს მთელი ერთი სესია ეთმობოდა, ახლა კი ნებისმიერი დასწრება-შემოწმებისას შესამოწმებელი შეკითხვების სწორად გამოყენება შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. ამასობაში მეც გავიზარდე, ახალ-ახალი რამეები ვისწავლე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ თურმე  უცხო ენის სწავლებისას შინაარსის გაგების შესამოწმებელი შეკითხვების დასმა აუცილებელზე აუცილებელია. განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც ახალ სიტყვებს ვხსნით, ტექსტზე ვმუშაობთ ან გრამატიკას ვასწავლით. შინაარსის გაგების შესამოწმებელი შეკითხვები გვეხმარება დავადგინოთ, სწორად აღიქვეს და გაიაზრეს თუ არა მოსწავლეებმა ახალი მასალა. პარარელურად სწორედ სწორმა შეკითხვის დასმამ შეიძლება შეავსოს მოსწავლის გონებაში ასაწყობი პაზლი, რადგან მომენტი, როდესაც ის ამ შეკითხვას პასუხს გასცემს, გონებაში პატარა ნათურის ანთებას ჰგავს, ბოლო ნაწილის პოვნას, ‘აი, თურმე რა!’-ს ამოძახილს.

CC[2] შეკითხვები

შინაარსის გაგების შესამოწმებელი შეკითხვები შეიძლება იყოს ღია ან დახურული. როდესაც შედარებით პატარა ასაკის ან უცხო ენის დამწყები დონის მოსწავლეებთან ვმუშაობთ, უმჯობესია დახურული კითხვის გამოყენება: ამ დროს მასწავლებელი ასრულებს შეკითხვას შეკითხვით ‘yes or no?’ ეს მოსწავლეებს უადვილებს პასუხი მარტივად გასცენ, თუმცა ამავდროულად მსგავსად დასმული შეკითხვა მარტივად ფორმულირებულიც უნდა იყოს. მაგალითად, თუკი ვასწავლით არსებით სახელებს ‘ბაყაყი’ და ‘იხვი’ და ამასთანავე ზმნებს ‘ფრენა’ და ‘ცურვა’, ცალსახაა რომ ამასთანავე ვასწავლით წინადადებას, რომ ‘ბაყაყას შეუძლია ცურვა’, ხოლო ‘იხვს შეუძლია ფრენა და ცურვა’. იმისთვის რომ გავიგოთ მოსწვავლეებმა ზუსტად გაიგეს თუ არა ‘ცურვის’ და ‘ფრენის’ მნიშვნელობა ვსვამთ შეკითხვას: ‘ბაყაყს შეუძლია ფრენა, კი თუ არა?’ პასუხის მიხედვით მარტივად მივხვდებით, უნდა განაგრძოთ თუ არა ახნა. იმისთვის, რომ უფრო სახალისო იყოს, შეგიძლიათ, ‘ბაყაყი’ ჩაანაცვლოთ მასწავლებლის სახელით, მაგ: ‘ქრისტინეს შეუძლია ფრენა, კი თუ არა?’ 🙂

თუმცა როდესაც მაღალ საფეხურზე, ან მოსწავლეების იმ კატეგორიასთან ვმუშაობთ, ვინც ინგლისური შედარებით მაღალ დონეზე იცის, უმჯობესია შეკითხვები ღიად დავსვათ, ისე რომ მოსწავლეებმა თავად გასცენ სრული პასუხი. ასეთ შემთხვევაში, შინაარსის შესამოწმებელი შეკითხვად ნებისმიერი კითხვა შეიძლება ჩაითვალოს, რომლებსაც მოსწავლეებს ვუსვამთ. მაგალითად თუ ისინი ტექსტს კითხულობენ და ჩვენ ვთხოვთ, ტექსტიდან სამი პერსონაჟის სახელი დაასახელონ, ეს შესამოწმებელი შეკითხვაა; როდესაც  წინადადებაში არესბითი სახელის დასახელებას ვთხოვთ, ეს შესამოწმებელი შეკითხვაა;

წარმოიდგინეთ, რომ ასწავლით სიტყვებს ‘hero’ და ‘villain’; მოსწავლეები ასახელებენ მათ სინონიმებს, დავუშვათ, ‘bad guy’-ს და ‘good guy’. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ რამდენიმე  დადებითი და ურყოფითი პერსონაჟი თავიანთი საყვარელი ფილმებიდან, დისკუსიის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს უბრუნებს შეკითხვას შემდეგი ფორმულირებით “so, is James Bond a bad guy or a good guy?’ ამ შეკითხვის მოსმენისას მოსწავლეების გონება სამუდამოდ აკავშირებს და იმახსოვრებს უარყოფითი გმირის განსაზღვრებას და პასუხობს, რომ ჯეიმს ბონდი დადებითი გმირია, მასწავლებელი კი საბოლოოდ იგებს, რომ მათ განსაზღვრება გაიგეს და მომდევნო ეტაპზე – აქტივობაზე გადადის, რომლის კარგად შესრულების საწინდარიც ასევე შეკითხვებია, ამჯერად ინსტრუქციის გაგების შესამოწმებელი შეკითხვები.

კარგად მოფიქრებულ და ფორმულირებულ შეკითხვას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ინფორმაცია, რომელიც გაკვეთილზე მიიღო, საფუძვლიანად გაიგოს და დაიმახსოვროს. ამიტომ აუცილებელია, რომ შეკითხვებიც ისე გვქონდეს წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი, როგორც გაკვეთილის ეტაპები და აქტივობები.

[1] EF – Education First

[2] CCQ – concept checking questions

„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“, ანუ როგორ გამოვიყენოთ ზღაპარი სასწავლო რესურსად

0

საუკუნეების განმავლობაში ზღაპრები კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. მსმენელს (და ახლა მკითხველს) ატყვევებდა ჯადოსნური სამყაროს მომხიბლავი ისტორიებით, გმირული თავგადასავლებითა და მარადიული ღირებულებებით. უძველესი ფორმებიდან დღემდე, ზეპირი გადმოცემებიდან წიგნებში, ფილმებსა და პიესებში სახეცვლამდე ზღაპრები ამდიდრებენ ადამიანის წარმოსახვას. იყო არა მხოლოდ გართობის, არამედ ცოდნისა და სიბრძნის გადაცემის საშუალება. შესაბამისად, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ზღაპრის გამოყენება ხელს უწყობს ერთდროულად სწავლებას, გართობასა და ღირებულებების გადაცემასაც.

ეს სტატია სწორედ ზღაპრების მნიშვნელობაზეა, მათ ისტორიულ მახასიათებლებზე, მათ როლზე განათლებაში, იმაზე, რომ ეს ტექსტები დღესაც, უწინდელივით, სწავლების მძლავრი ინსტრუმენტია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შეიძლება ზღაპრის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა სარგებელი მოაქვს მას მოსწავლეებისთვის.

რატომ ზღაპარი?

ზღაპარი ერთგვარი უნივერსალური ენაა, ყველა ასაკის ადამიანისთვის თანაბრად გასაგები. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული მისი გამოყენება სასწავლო რესურსად სხვადასხვა ასპექტში:

  1. ემოციური ჩართულობა – ზღაპრები იწვევენ ემოციებს, რაც ზრდის მოსწავლეების ინტერესსა და ყურადღებას.
  2. ღირებულებების გადაცემა – ხშირად ზღაპრები ერთგვარ „მორალურ გაკვეთილებს“ შეიცავს, და ეხმარება მოსწავლეებს ეთიკური ღირებულებების გააზრებაში.
  3. წარმოსახვის გააქტიურება – ზღაპრის სამყარო ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას.
  4. კომპლექსური ცნებების გამარტივება – ზღაპრები გვეხმარება რთული იდეების მარტივად წარმოდგენაში.

ზღაპრის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარის განსავითარებლად

ენისა და ლიტერატურის სწავლება

ზღაპრები იდეალური რესურსია ენობრივი უნარების განვითარებისთვის:

  • კითხვის უნარების განვითარება – ხელს უწყობს კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებას და გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბებას.
  • ლექსიკის გამდიდრება – ახალი სიტყვები და გამოთქმები ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს.
  • წერის უნარების განვითარება – ზღაპრების საფუძველზე შეიძლება მოსწავლეებმა შექმნან საკუთარი ნაწარმოებები, მოახდინონ ზღაპრების ადაპტირება ან გაგრძელება და სხვა.

მათემატიკა

ზღაპრები შეიძლება მათემატიკური კონცეფციების სწავლებისთვისაც გამოვიყენოთ:

  • რიცხვითი თანმიმდევრობები – მაგალითად, „სამი გოჭი“ გამოგვადგება დათვლისა და რაოდენობის კონცეფციების სწავლებისთვის.
  • გეომეტრიული ფიგურები – ზოგიერთი ზღაპარი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც გვეხმარება გეომეტრიული ფორმების გაცნობაში.
  • პრობლემის გადაჭრა – ზღაპრის გმირები ხშირად გადაჭრიან პრობლემებს, რაც კარგი მაგალითია ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის (ეს უნარი არცაა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დისციპლინასთან დაკავშირებული).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ზღაპრები შეიძლება დაგვეხმაროს ბუნების შესახებ ცოდნის გადაცემაშიც:

  • ბუნების შემეცნება – ზღაპრები ცხოველების შესახებ გვეხმარება ცხოველთა სამყაროს გაცნობაში.
  • ბუნებრივი მოვლენები – ზოგიერთი ზღაპარი ასახავს ბუნებრივ მოვლენებს, რაც შეიძლება მათი ახსნისთვის გამოვიყენოთ.
  • ეკოლოგიური ცნობიერება – თანამედროვე ზღაპრები ხშირად ეხება გარემოსდაცვით თემებს.

სოციალური უნარები

ზღაპრები ასევე გვეხმარება სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაში:

  • ემპათია – ზღაპრის პერსონაჟების განცდებთან თანაზიარობა ავითარებს ემპათიის უნარს (მაგალითად, თუნდაც, „კონკიას“ ზღაპრის სხვადასხვა ვერსია გამოგვადგება, სადაც ობოლი, თავად გასაჭირში მყოფი გოგონა, სხვებს ეხმარება, როგორც შეუძლია).
  • კონფლიქტების მოგვარება – ზღაპრებში არსებული კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები საინტერესო მაგალითებად გამოგვადგება ჩვენს მოსწავლეებთან („სამი გოჭი“, „ნაცარქექია“, „თერთმეტი გედი“, „თორმეტი ძმა“, „რაპუნცელი“ და სხვ.).
  • განსხვავებულობის პატივისცემა – მრავალფეროვანი ზღაპრები გვასწავლის განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების პატივისცემას („სინდბადი“ ან ნებისმიერი სხვა ტექსტი, რომლებიც გმირის მოგზაურობას, მის თავგადასავალს და თავს გადახდენილ ამბებში მიღებულ გამოცდილებას თავის და სხვათა სასარგებლოდ იყენებს).

პრაქტიკული მეთოდები ზღაპრის სწავლებისას

როლური თამაშები

ზღაპრის სცენების გათამაშება ეხმარება მოსწავლეებს:

  • უკეთ გაიაზრონ პერსონაჟების მოტივაცია
  • განივითარონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები
  • გამოხატონ ემოციები უსაფრთხო გარემოში.

შემოქმედებითი დავალებები

  • ზღაპრის გაგრძელება ან ალტერნატიული დასასრულის შექმნა
  • ზღაპრის პერსონაჟების დღიურის წერა
  • ზღაპრის ადაპტირება თანამედროვე კონტექსტში

დისკუსია და ანალიზი

  • ზღაპრის გმირების ქმედებების განხილვა.
  • მორალური დილემების ანალიზი.
  • ზღაპრის შედარება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან.

მნიშვნელოვანია, ზღაპრები შევარჩიოთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი დავუკავშიროთ ჩვენს სასწავლო მიზნებს,  ვეცადოთ, გავამდიდროთ სხვადასხვა ვიზუალური ელემენტით, წავახალისოთ კრიტიკული აზროვნება, და, რაც მთავარია, პატივი ვცეთ კულტურულ მრავალფეროვნებას, შევარჩიოთ სხვადასხვა კულტურის ზღაპრები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზღაპარი მრავალფუნქციური სასწავლო რესურსია, რომლის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის სწავლებისას და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან. ისინი არა მხოლოდ ხელს უწყობს აკადემიური უნარების განვითარებას, არამედ ეხმარება მოსწავლეებს ზოგადი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაში. ზღაპრის ინტეგრირება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას და ხდის მას უფრო საინტერესოს და სახალისოს მოსწავლეებისთვის.

პედაგოგების კრეატიულობასა და ინოვაციურ მიდგომებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ზღაპრებს სასწავლო პროცესში. ამ უძველესი ლიტერატურული ჟანრის თანამედროვე განათლებაში ინტეგრირებით, ჩვენ ვქმნით კავშირს წარსულსა და აწმყოს შორის, ვამდიდრებთ მოსწავლეთა გამოცდილებას და ვხდით სწავლას უფრო მნიშვნელოვანს, საინტერესოს და დასამახსოვრებელს.

მშობლები სამეურვეო საბჭოში

0

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის ცხოვრებაში მშობლების როლი მხოლოდ საკუთარი შვილების აკადემიური წინსვლის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. მშობლები სკოლის ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მათი აქტიური ჩართულობით, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებელია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ყველა ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობას.

 

მშობლების მონაწილეობა უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის გამჭვირვალეობას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სამეურვეო საბჭოს წევრობა მშობელს საშუალებას აძლევს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში – ამ ურთიერთობას კანონი არეგულირებს (ზოგადი განათლების შესახებ კანონი. მუხლი 12. იხ. ბმული https://mes.gov.ge/uploads/Licenzireba/kanoni%20zogadi%20ganatlebis%20shesaxeb.pdf)

 

კანონში აღწერილი ოფიციალური უფლებებისა და მოვალეობების გარდა, სამეურვეო საბჭოში მშობლის მონაწილეობა აუმჯობესებს ურთიერთობას მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან. საბჭოს კრებებში მონაწილეობით მშობლები უფრო ახლოს ეცნობიან სკოლის საჭიროებებსა და გამოწვევებს, უკეთ აფასებენ, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სასწავლო პროცესს. მეორე მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებს მუდმივი მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ შესაბამისი საფეხურის მშობლებთან, რაც სკოლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ინტერესების გათვალისწინებას უზრუნველყოფს. ეს ეხმარება სკოლას და მასწავლებლებს, უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რაც, საბოლოოდ, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და საერთო კეთილდღეობაზე.

 

იმისთვის, რომ სამეურვეო საბჭოს საქმიანობა მხოლოდ ფორმალური არ იყოს და რეალურად მოახდინოს ცვლილებები სკოლაში, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:

 

  • აქტიური ჩართულობა: სამეურვეო საბჭოს წევრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა შეხვედრაში და აქტიურად ჩაერთონ განხილვებში. მათი წვლილი და იდეები მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისთვის.

 

  • კომუნიკაცია: კარგ კომუნიკაციას გადამწყვეტი როლი აკისრია. წევრებმა უნდა შეძლონ, მკაფიოდ და ეფექტურად გააცნონ აუდიტორიას თავიანთი მოსაზრებები და წამოჭრან საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისე სხვა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

 

  • პასუხისმგებლობა: სამეურვეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ ყველა მოსწავლის კეთილდღეობაზე. მათი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ყველა მოსწავლის ინტერესს.

 

  • ინფორმირებულობა: სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა ეცადონ, მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი სკოლის აქტივობების, საქართველოს განათლების სისტემის გარშემო განხორციელებული ცვლილებებისა და მსოფლიოს მასშტაბით განათლების ტრენდების შესახებ. ასევე, მათი მოვალეობაა სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ სხვა მშობლების ინფორმირება.

 

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სკოლები, სადაც მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სამეურვეო საბჭოებში, უფრო მაღალი ხარისხის განათლებას აძლევენ მოსწავლეებს. ეს სკოლები გამოირჩევიან უკეთესი აკადემიური შედეგებით და უფრო პოზიტიური სასწავლო გარემოთი. მშობლების მონაწილეობა უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებასაც. მშობლები აკონტროლებენ სკოლის ბიუჯეტს, ნორმებსა და წესებს, რაც სკოლის ადმინისტრაციას აძლევს სტიმულს, პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე იყოს.

 

სამეურვეო საბჭომ ეფექტურად რომ იმუშაოს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

 

  1. მრავალფეროვანი შემადგენლობა: სასურველია, სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები ეკუთვნოდნენ სხვადასხვა სოციალურ ფენას, სხვადასხვა იყოს მათი ეთნიკური წარმომავლობა თუ რელიგიური კუთვნილება. მათ შორის უნდა იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენლებიც. ეს საბჭოს სხდომების დროს სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

 

  1. კარგი მმართველობის სტრუქტურა: საბჭოს უნდა ჰყავდეს ძლიერი და კომპეტენტური თავმჯდომარე, რომელიც კარგად წარმართავს სხდომებს და უზრუნველყოფს ნაყოფიერ მუშაობას. საბჭოს წევრებმა უნდა იცოდნენ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები. სასურველია, თითოეულ წევრს განსაზღვრული ამოცანები ჰქონდეს.

 

  1. გამჭვირვალობა: საბჭოს მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება და სხდომის პროტოკოლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა მშობლებისა და საზოგადოებისთვის.

 

  1. სტრატეგიული დაგეგმვა და შეფასება: საბჭომ უნდა განსაზღვროს სკოლის გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიული გეგმები მათ მისაღწევად. საკუთარი აქტივობებისა და მათი შედეგების პერიოდული შეფასება კი მომავალი საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. რაც მთავარია, თითოეული ადამიანის სურვილი და აქტიურობა აუცილებელი წინაპირობაა სკოლის განვითარებისთვის და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული გარემოს შესაქმნელად.

 

 

სტატია ეფუძნება დისტანციურ სასწავლო კურს მშობლები სამეურვეო საბჭოში, რომლის ავტორია კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი თათია ჯონსონი.

თვითმართადი სრული კურსი უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსი იხილეთ ბმულზე:

https://mshobeltaskola.ge/course/course/4/

არქტიკა – პოლარული „აბრეშუმის გზა“

0

არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილების ნამდვილი სამიზნეა. არქტიკაში დათბობა იწვევს საპასუხო ეფექტს მთელ მსოფლიოში.  ყინულის მნიშვნელობას გარკვეულწილად განსაზღვრავს ის, რომ ის აირეკლავს მზიდან მომავალ რადიაციას და ამით ხელს უწყობს დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ პოლუსზე. ყინულის დნობასთან ერთად იზრდება მზის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო და ოკეანე შთანთქავს, ეს კი დათბობის პროცესს აქ უფრო ინტენსიურს ხდის, ვიდრე პლანეტის ნებისმიერ სხვა ადგილას.

არქტიკის რეგიონში კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ზღვის დონის საგანგაშო მატებას, რასაც მოჰყვება სანაპიროების დატბორვა, ეროზია, შენობა-ნაგებობათა და ინფრასტრუქტურის დაზიანება. გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ეკოსისტემებს, დაბინძურდება სასმელი წყალი და გამოიწვევს ადამიანთა მასობრივ მიგრაციებს.

არქტიკის მრავალწლოვანი მყინვარების შემცირების შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა მილიარდობით ტონა ნახშირბადი და მეთანი, რაც სათბურის ეფექტის გაძლიერებას უწყობს ხელს და გლობალური დათბობის პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს.

რეგიონში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე. არქტიკის რეგიონი დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია და წარმოადგენს დიდი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესს. ეს გამოწვეულია მისი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების მნიშვნელოვან მარაგებს.

“ზემო-ჩრდილოეთში” ყინულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ტექნოლოგიური განვითარება ქმნის ამ რეგიონის მინერალური და ენერგო რესურსების მოპოვებისა და გამოყენებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ყინულის მასიური დნობა, ტრანს-არქტიკური გადაზიდვების ხაზების გახსნას გახდის შესაძლებელს, რაც საფუძვლიანად შეცვლის გლობალური ტრანსპორტირების არსებულ მოდელს. ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები, ამ რეგიონის ეკონომიკურად ათვისების წინაპირობაა და განვითარების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს, რაც უკვე აისახება რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია დაინტერესებით.

არქტიკის რეგიონი, გლობალური დათბობის შედეგად, რესურსებისა და გავლენის მოპოვების მიზნით თანდათან ახალი დაპირისპირების სივრცე ხდება. პოლარული ყინულის დნობამ ეს გეოგრაფიულად განცალკევებული რეგიონი გაცილებით ხელმისაწვდომი  გახადა.

ტემპერატურის მატება და ყინულის დნობა არქტიკის რეგიონში საზღვაო მარშრუტების გაფართოებას გამოიწვევს. პოლარული ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ არა მხოლოდ საზღვაო ხაზები, არამედ იქ არსებული ბუნებრივი რესურსები, თვალს ადევნებენ ამ გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ სივრცეს. რუსეთი და ჩინეთი რეგიონის ორი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა.

ამჟამად აზიასა და ევროპას შორის მთავარი გადაზიდვის მარშრუტი ჩინეთიდან როტერდამში გადის სუეცის არხის გავლით. ახალი მარშრუტი არქტიკის გავლით  დაზოგავს დროს საქონლის ტრანსპორტირებისთვის.

2018 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ბიურომ გამოაქვეყნა თეთრი წიგნი – „ჩინეთის არქტიკის პოლიტიკა“, რომელიც ჩინეთის არქტიკის გრძელვადიან სტრატეგიას განსაზღვრავს. აღნიშნული სტრატეგია, თავის მხრივ, „სარტყელის და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, „პოლარული აბრეშუმის გზის“ განვითარებას ითვალისწინებს. მიუხედავად არქტიკული წრიდან მოშორებული მდებარეობისა, პეკინმა თავი „არქტიკასთან მახლობელ“ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ჩინეთის მთავრობის აზრით, არქტიკაში ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენს პეკინის ინტერესებზე, თუმცა პეკინს კვლავ უჭირს არქტიკაში სამხედრო ბაზის შექმნა. ის ცდილობს  ორმხრივი მექანიზმები გამოიყენოს რეგიონში საკუთარი როლის ლეგიტიმაციისა და ეკონომიკური ბერკეტების მოსაპოვებლად. პოლარული აბრეშუმის გზა, ახალი საზღვაო გზებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, ჩინეთს გავლენის გაზრდის საშუალებას მისცემს.

არქტიკაში ოთხი ძირითადი საზღვაო მარშრუტია იდენტიფიცირებული:

  1. ჩრდილო-დასავლეთის მარშუტი (NWP);
  2. ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტი (NSR);
  3. ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტი (TSR);
  4. არქტიკული ხიდის მარშრუტი (ABR).

პოლარული აბრეშუმის გზა

ჩრდილოეთის საზღვაო მარშუტი აკავშირებს აზიისა და ევროპის ეკონომიკას და ძირითადად რუსეთის სანაპიროზე გადის.  პოლარული აბრეშუმის გზის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იქნება NSR-ზე, რადგან მას შეუძლია შეამციროს საქონლის გადაზიდვის დრო და ღირებულება ევროპასა და აზიას შორის 35 %-მდე. NWP აკავშირებს წყნარ ოკეანესა და ატლანტის ოკეანეებს კანადის არქიპელაგის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ყინული შემცირდა ბოლო წლებში,  ჯერ კიდევ არ არის მუდმივად ხელმისაწვდომი გზა გადაზიდვებისთვის, რადგან ზაფხულის თვეებშიც კი სჭიროა ყინულმჭრელები.

დანარჩენი ორი მარშრუტი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოიყენებოდეს, არის „არქტიკული ხიდის მარშრუტი“, რომელიც აკავშირებს ჩერჩილის პორტს კანადაში ნარვიკის პორტთან ნორვეგიაში და მურმანსკის პორტთან რუსეთში; ასევე „ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტი“, რომელიც დააკავშირებს ბერინგის სრუტეს ატლანტის ოკეანესთან მურმანსკის მახლობლად. Climate Change Post-ის თანახმად , კლიმატის ცვლილების მაღალი დონის სცენარის მიხედვით, ეს ორი მარშრუტი 2070-იანი წლებისთვის შეიძლება გაიხსნას გადაზიდვისთვის.

არქტიკული ზღვის ყინული სწრაფად თხელდება და, შედეგად, ტრანს-არქტიკული გადაზიდვებისთვის ახალი მარშრუტები ჩნდება. ეს ხელს შეუწყობს გადაზიდვების დერეფნებს, კერძოდ, აზიასა და ევროპას შორის. მოსალოდნელია, რომ ეს მარშრუტები სანაოსნო იქნება ზაფხულის სეზონზე, ხოლო ევროპულ და აზიურ პორტებს შორის შემცირებული მანძილი ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს სუეცის არხის მიმდინარე მარშრუტთან შედარებით. გარდა ამისა, არქტიკის რეგიონში განვითარდება რესურსების მოპოვების, საპორტო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის კომერციული საქმიანობა.

კლიმატის ცვლილების პირობებში ტრანს-არქტიკული გადაზიდვების ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც ეფუძნება უამრავ კლიმატის მოდელს და კლიმატის ცვლილების ოთხ სცენარს, აჩვენებს, რომ არქტიკული საზღვაო მარშრუტები გაიხსნება ამ საუკუნის განმავლობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ტრანს-არქტიკული გადაზიდვები შედარებით სარისკო იქნება დაახლოებით 2045 წლამდე, ყინულის სწრაფი წარმოქმნისა და ზღვის გაყინვის გამო ვიწრო ზედაპირულ სრუტეებში, მარშრუტებზე, რომლებიც პირველი გაიხსნება გადაზიდვისთვის. მაგრამ სხვა მარშრუტები არქტიკის გასწვრივ, სახელწოდებით ცენტრალური არქტიკული  და ტრანსპოლარული ზღვის მარშრუტები, ვიწრო სრუტეების გარეშე, თავის დროზე გაიხსნება, რაც შეამცირებს ტრანს-არქტიკულ გადაზიდვის რისკს. კლიმატის ცვლილების სცენარის მიხედვით, ეს მარშრუტები სავარაუდოდ ამოქმედდება 2070-იანი წლებისთვის.

გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გემების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს ემისიებისა და ნავთობის დაღვრის ალბათობის ზრდას. ეს კი ყინულის დნობას კიდევ უფრო გააძლიერებს არქტიკაში.

მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტის ყინულის კლება არ არის მხოლოდ გლობალური დათბობის სიმპტომი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალაც. არქტიკაში მყინვარების დნობისას გარემოში ნახშირბადის დიდი რაოდენობა და სრულიად სხვადასხვა ერების მიკრობები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები გამოიყოფა.

“ყინულის დაკარგვა პლანეტაზე დამატებით ბნელ ზედაპირს ქმნის, ბნელ ოკეანეს გამოაშკარავებს, რაც ჯაჭვური რეაქციის მძლავრ მექანიზმს ქმნის” – თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა მარკო ტედესკომ.

NASA-ს მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზღვის ყინულის დნობა და ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლოს უფრო დიდ არქტიკულ შტორმებს გამოიწვევს, რაც, თავისთავად, მეტ ყინულს გაადნობს, პროცესს შეუქცევადს აქცევს და კლიმატურ კატასტროფამდე მიიყვანს.

 

 

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://arctic-council.org/about/ ;

https://www.statista.com/chart/30201/major-maritime-routes-opening-up-in-the-arctic/

https://www.statista.com/chart/33824/military-bases-in-the-arctic-belonging-to-nato-and-russia/

https://www.statista.com/chart/30201/major-maritime-routes-opening-up-in-the-arctic/

https://forbes.ge/arqtika-ekologiuri-problemidan-geopolitikur-saphrthkhemde/

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...