დიდხანს მეგონა, რომ კლასის მართვა (რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნდა სწავლებისას) მხოლოდ მოსწავლეთა ცუდი ქცევის მიზეზებსა და მათთან გამკლავების გზებს უკავშირდებოდა. თანდათან ნათელი გახდა, რომ ასე არ ყოფილა. რასაკვირველია, ქცევის კონტროლი კლასის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ბევრი სხვა რამეც გასათვალისწინებელია, მათ შორის – გარემო და რესურსები.
თუ გაკვეთილის დაგეგმვისას გარემოსა და რესურსებს სწორად გამოვიყენებთ, კლასის მართვის ის ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის კონტროლს უკავშირდება, საგრძნობლად გამარტივდება.
კლასის მართვის დროს მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ გაკვეთილი კარგად ჩაივლის. როდესაც გარემოს მართვაზე მიდგება საქმე, უმთავრესად სამ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო: ფიზიკურ რესურსებზე, კლასში მოსწავლეების განაწილებასა და თავად კლასზე.
- ფიზიკური რესურსების მართვა
ფიზიკური რესურსები გულისხმობს ნებისმიერ რამეს, რაც შეიძლება მოსწავლეებმა ან მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენონ: წიგნებს, რვეულებს, სურათებს, წებოს, მაკრატელს, ფანქრებს… გაკვეთილის დაგეგმვისას ყველა მასწავლებელი წინასწარ ფიქრობს იმაზე, რა და რამდენი დასჭირდება, რამდენად უსაფრთხოა ან რამდენად დაეხმარება ესა თუ ის რესურსი გაკვეთილის მიზნების მიღწევაში. მოსაფიქრებელია ისიც, როგორ იმუშავებენ მოსწავლეები ამ რესურსებზე – დამოუკიდებლად, წყვილებად თუ ჯგუფებად, როგორ და რა პრინციპით განაწილდება რესურსები და ა.შ. ყოველივე ამის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვის აუცილებელი პირობაა.
არ დაგავიწყდეთ: არასდროს დაარიგოთ რესურსები, სანამ ბავშვებს მათზე მუშაობის წესებს არ აუხსნით. მაგალითად, თუ მასწავლებელმა სამუშაო ფურცლები ინსტრუქციის გაცემამდე ან გაცემის პროცესში დაარიგა, ათიდან ცხრა ბავშვი ამ ფურცლებში დაიწყებს ყურებას და ინსტრუქციას აღარ მოისმენს. კლასიკური შეკითხვის: „მასწ, რა უნდა გავაკეთოთ?“ – მოსმენაც ყველასგან ცალ-ცალკე მოგიწევთ, სათითაოდ პასუხის გაცემაში კი დრო და ენერგია ფუჭად დაგეხარჯებათ.
- მოსწავლეების განაწილება
როდესაც გაკვეთილს ვგეგმავთ, ყოველთვის ის კლასი გვიდგას თვალწინ, რომლისთვისაც ვირჯებით: რამდენი ბავშვია კლასში, როგორ დგას მერხები, ვინ ვის გვერდით ზის, როგორი ურთიერთობა აქვთ ახლოს მჯდომ მოსწავლეებს – როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან, როგორ თანამშრომლობენ და ა.შ.
გაკვეთილის დაგეგმვისას ასეთი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია, რათა წინასწარ მოვიფიქროთ, ვინ სად გადავსვათ, ინტერაქციის რომელი მეთოდის გამოყენება ჯობია და ა.შ.
ზოგიერთი კლასი უფრო მეტხანს ახერხებს მასწავლებლის მოსმენისას კონცენტრაციის შენარჩუნებას (უმთავრესად – უფროსი კლასები). ასეთ დროს უმჯობესია, მოსწავლეები ოვალურად ისხდნენ, რათა ცენტრში მდგომ მასწავლებელს და დაფას/ეკრანს ყველა ერთნაირად ხედავდეს.
ზოგიერთი აქტივობა წყვილებად ან ჯგუფებად მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები, ვინ ვისთან დაჯდება და რისთვის, როდის გადაჯდება – აქტივობის დაწყებამდე თუ სულაც გაკვეთილის დაწყებამდე – და ა.შ. ამ დეტალების წინასწარ და ზედმიწევნით ცოდნა კლასის წარმატებით მართვის საწინდარია.
- საკლასო ოთახი
იმისთვის, რომ გაკვეთილმა კარგად ჩაიაროს, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო და ჩვენს აქტივობებს მორგებული საკლასო ოთახია საჭირო, მაგრამ რაკი ოთახი, როგორც წესი, ერთნაირია, მასწავლებლემა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივობების დაგეგმვისას მისი ზომა და სივრცე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ავითვისოთ.
უმცროს კლასებთან აქტივობები ხშირად სირბილს, ხტუნვას, ცეკვას ან სიმღერას გულისხმობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ დავგეგმოთ ყოველი მოძრაობა, რომ საფრთხე თავიდან ავირიდოთ. თუ აქტივობა ძალიან დიდ სარბენ სივრცეს მოითხოვს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი სივრცე ნამდვილად გვაქვს. ცხადია, სივრცის გათავისუფლება მერხების მიწევით შეიძლება, მაგრამ ვინ დაგვეხმარება მერხების მიწევაში? როდის გავაკეთებთ ამას – აქტივობის თუ გაკვეთილის დაწყებამდე? სწორედ ესენია ის საკითხები, რომლებიც საკლასო ოთახის მოწესრიგებას ეხება და კლასის მართვის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
თუ ყველა ამ კითხვას გაკვეთილის დაგეგმვისას დავუსვამთ საკუთარ თავს და პასუხებსაც ვიპოვით, გაკვეთილის მიმდინარეობისას გაცილებით ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რადგან კარგი გეგმა, უწინარესად, ჩვენთვისვეა შვებაა. მეორე მხრივ, როცა მოსწავლეთა ყოველი ნაბიჯი წინასწარ არის გათვლილი, მათ ნაკლები დრო რჩებათ ცელქობისთვის, რაც გარკვეულწილად ქცევის კონტროლშიც გვეხმარება. თუმცა ქცევაზე, მისი დარღვევის მიზეზებსა და ამ დარღვევებთან გამკლავების გზევბზე მომდევნო სტატიაში გიამბობთ.