ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
28 მაისი, ოთხშაბათი, 2025

9 მაისი

 ჩემი თაობა, რომელსაც ბავშვობამ ოთხმოცდაათიან წლებში მოუწია, საბჭოთა შხამით გაჯერებულ ატმოსფეროში გაზრდილი თაობაა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობდით და რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მენტალური გარემო სრულიად საბჭოური იყო (ცხადია, უფრო ნაკლებად, თუმცა ეს დღემდე ასეა), ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ყოველ ცხრა მაისს, სოფლის ცენტრში მდგარ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ფოტოებით დამშვენებულ მემორიალს ყვავილებით ვამკობდით მოსწავლეები (ამას დღესაც აკეთებენ), უბრალოდ, ყველგან და ყველაფერში ჩანდა, რომ უფროსები დიდი წითელი მონსტრის ამპუტირებულ ნაწილად მიიჩნევდნენ თავს ჯერ კიდევ. ჩემს რაიონში ახლაც დგას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში აღმართული, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, ობელისკი, და დღესაც რაიონის მთავარ არქიტექტურულ სიმბოლოდ ითვლება (ზედ დაკოსებული ვარსკვლავი ჩამოიხსნა მხოლოდ). მახსოვს, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსკენ დიდი ზარ-ზეიმით დაიდგა სტალინის ბიუსტი რაიონის ცენტრში. ასევე რაიონის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი და დიდი ქუჩა სტალინის სახელობისა იყო.

რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, ნაციზმზე გამარჯვების დღის გაიგივება საბჭოთა კავშირთან, მაგრამ, რაც არ უნდა ვეცადოთ გამიჯვნას, გაჭირდება ეს ამბავი. ერთმა ბოროტებამ (მთელი დასავლური სამყაროს ვიტალური თანადგომით და დახმარებით) დაამარცხა მეორე ბოროტება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თითოეული ქართველის ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა, რაც არ უნდა “სამამულო” ვეძახოთ, ეს საბჭოთა კავშირის ომი იყო, რომელიც, გმირობების გარდა, სამარცხვინო და სულმდაბლურ ელემენტებსაც უხვად შეიცავდა. ცხადია, არავინ ილაპარაკებდა მაშინ საბჭოთა ჯარისკაცების მიერ გაუპატიურებულ ოთხ მილიონზე მეტ გერმანელ ქალზე და სხვა “ვაჟკაცობებზე”…

ჩემის ფიქრით, მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საუკეთესო ფილმების სია ასეთია:

1. “მიფრინავენ წეროები” – რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი
2. “ივანის ბავშვობა” – რეჟ. ანდრეი ტარკოვსკი
3. “ჯარისკაცის მამა” – რეჟ. რეზო ჩხეიძე
4. “მოდი და ნახე” – რეჟ. ელემ კლიმოვი
5. “აღმასვლა” – რეჟ. ლარისა შეპიტკო

პირველი ოთხი შედევრის რეალისტურ-ნატურალისტური გეზის საპირწონედ მეხუთე – “აღმასვლა” – რელიგიური მისტიციზმით გაჯერებული შედევრია.

ამ ომის რეპრეზენტაცია და პროექცია, ცხადია, ლიტერატურაში მოხდა ყველაზე მძლავრად, თან, კინოსგან განსხვავებით (სად იყო კინოს გადასაღები ფული), ომის პარალელურადვე – უამრავი ლექსი და პროზა (რომანი/მოთხრობა) დაიწერა ჩვენში. ომის პარალელურად ომის პროზაული რეფლექსიის ხეირიან ნიმუშს – ქართულ ენაზე დაწერილს – ვერც ვიხსენებ, აი, პოეზიაში კი არაერთი ლირიკული შედევრი დაიწერა და, პოეზიის სუგესტიური ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი მათგანი უმალვე სიმღერადაც იქცა. მირზა გელოვანმა ომში დაწერა თავისი საუკეთესო ლირიკული შედევრები… შეულებელია, თუნდაც დღეს, გოგლა ლეონიძის “არ დაიდარდო, დედაო” ან ანა კალანდაძის “ვერ წაიღს, ვერა” ემოციის გარეშე წაიკითხო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“