ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

არ დაპანიკდე – ბატონი პანი გაკვეთილზე გვეწვია!

 

„პანიკაში ჩავვარდი“ – იდიომი, რომელიც გვაშინებს

 

მოზარდები ძალიან ხშირად ამბობენ: „კინაღამ პანიკა დამეწყო“, „ახლა პანიკაში ჩავვარდები“, „პანიკა მაქვს“, „დავპანიკდი“ და ასე შემდეგ. ჰოდა, ვინ არის ან რა არის პანიკა? რაიმე ორმოა, სადაც შეშინებული ან განერვიულებული ადამიანი ვარდება, თუ უძირო ჭაა? ჩემს მოსწავლეებს რომ ვკითხე, რას ფიქრობდნენ, რა იყო პანიკა, ზოგმა ავადმყოფობააო, ზოგმა ქვესკნელიაო, ზოგმა სხეულის კანკალიო. ვერავინ გამოიცნო, ვინ ბრძანდებოდა ეს ჩვენი იდუმალი პანიკა, რომელიც მაშინ მოდის, როცა ძალიან, ძალიან განერვიულებული ვართ. მოდის და გვაიძულებს, მთელი სხეულით გამოვხატოთ ჩვენი ემოციური მდგომარეობა, გვაიძულებს სუნთქვა შევიკავოთ – თითქოს ცხვირზე ან ყელზე გვიჭერდეს ხელს და გვახრჩობდეს, თან გვეთამაშება და თან შიშის საბურველში გვხვევს. აი, გთავაზობთ პატარა ტექსტს და ძალიან საინტერესო, სახალისო აქტივობებს, რომლებიც მშვენივრად გააცნობენ ბატონ პანის – ძველ ბერძნულ ღვთაებას, სწორედ მის სახელს უკავშირდება ეს არაჩვეულებრივი იდიომი.

„პანიკაში ჩავვარდი“, „პანიკურმა შიშმა შემომიტია“, „პანიკამ მომიცვა“… – ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს და მაშინვე განგაში, შიში, საფრთხე გაგახსენდებათ და შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებაც კი გაგიჩნდეთ. არადა, პანიკა, იგივე პანი ძველი ბერძნული ტყეებისა და ჭალების ღვთაებაა, არც ისე საშიში, მხიარულიც კი, მაგრამ თუ სიმყუდროვეს დაურღვევენ, ისეთ ყვირილს ატეხს, სიმყუდროვის დამრღვევს ნამდვილ პანიკურ შიშს მოგვრის და თავზარს დასცემს.

პანის მშობლებზე სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთის თანახმად მისი მშობლები, მთავარი ღმერთი ზევსი და ფერია კალისტო იყვნენ. პანი უცნაური გარეგნობით დაბადებულა. მთელი სხეული თმით ჰქონია დაფარული, ჰქონია ჩლიქები და კუდი. შეშინებულ დედას მიუტოვებია, ხოლო ჰერმესს, ღმერთების მაცნეს, უცნაური ჩვილი ოლიმპოზე ღმერთებთან წაუყვანია. ღმერთებს მოსწონებიათ და შესცოდებიათ პატარა ბანჯგვლიანი არსება, თავიანთთან დაუტოვებიათ და სახელიც შეურქმევიათ: პანი.

პანი მხიარულ და გართობის მოყვარულ, ტყეების ღმერთად იქცა. დაეხეტებოდა მთებსა და ჭალებში, ცეკვავდა ფერიებთან და ნიმფებთან ერთად, უკრავდა თავისივე გამოგონილ სალამურზე. ისეთ საზარელი ხმით შეეძლო ყვირილი, რომ შეიარაღებულ მეომრებსაც კი აშინებდა და გააქცევდა.

პანის წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონია, მარტოდ მყოფი, როცა არავინ აწუხებდა, შეეძლო კეთილი და მხიარული ყოფილიყო.

ჰოდა, კიდევ ერთი საოცარი რამ ამ თმიან, ჩლიქებიან, მხიარულ, ხან სალამურზე საამურად დამკვრელ, ხან საზარლად მყვირალ ღვთაებაზე: მისი ფლეიტის ხმა ციური სხეულების მოძრაობის შედეგად გამოცემულ კოსმოსის ხმად, ჰარმონიად მიაჩნდათ.

ამის მერე რომ გაიგებთ, გამონათქვამს – პანიკაში ჩავარდაო, დარწმუნებული ვარ თვალწინ ეს საოცარი პანი წარმოგიდგებათ და თქვენთვის პანიკა არც ისე შემზარავ სიტყვად იქცევა.

 

ლექსიკონი

განგაში – შფოთიანი ხმაური, მღელვარება, აურზაური.

ფლეიტა – მუსიკალური საკრავი.

ჰარმონია – მწყობრი შეთანხმება, შეთანხმება, შეხამება.

 

პირველი აქტივობა:

წარმოიდგინე ფერიებთან მოცეკვავე პანი, დახატე ილუსტრაცია. გაითვალისწინე, რომ პანი ტყეებისა და ჭალების ღმერთია.

 

მეორე აქტივობა:

 

აქციე ამბად პანის დაბადება, დაწერე პატარა მოთხრობა ჩვილ პანიზე. შეგიძლია, დაამატო პერსონაჟები და მოიფიქრო მოვლენები. განავრცე აღნიშნული ეპიზოდი, აუცილებლად გამოყავი: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. დაასათაურე, დაასურათე.

 

მესამე აქტივობა:

განგაში, ფლეიტა, ჰარმონია – ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინე სამი წინადადება. წინადადებაში აუცილებლად გამოიყენე: ზედსართავი, არსებითი სახელები და ზმნა.

 

მეოთხე აქტივობა:

გაიხსენე ტექსტი.

როდის ყვირის შემზარავად პანი?

ვინ წაიყვანა პატარა პანი ოლიმპოზე?

რა საკრავი გამოიგონა პანიმ?

რა მაგიურ უნარს ფლობდა ტყეებისა და ჭალების ღმერთი?

რის ხმად მიაჩნდათ პანის ფლეიტის ხმა?

მეხუთე აქტივობა:

მიუწერე პანის გარეგნული და შინაგანი თვისებები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“