ერთხელ პირველკლასელებს დავავალე, დაეთვალათ თაიგულში ლურჯი ყვავილების რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ ერთ ბავშვს ყველა ყვავილი დაეთვალა. მეგონა, ამოცანის პირობა ვერ გაიგო, მაგრამ ბიჭუნა შემედავა: მასწავლებელო, თაიგულში ხომ ყველა ყვავილი ლურჯიაო… მიხვდი, რომ უყურადღებობასთან კი არა, ფერების აღქმის თავისებურებასთან მქონდა საქმე.
1794 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ დალტონმა გამოაქვეყნა სტატია „ფერების აღქმის თავისებურების შესახებ“. ამ სტატიით მან მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ სამყაროს ფერებს ყველა ადამიანის თვალი ერთნაირად ვერ აღიქვამს. დღეს უკვე არსებობს სპეციალური სათვალე, რომელიც ფერის პრობლემური აღქმის მქონე ადამიანებს სამყაროს ნამდვილი ფერების დანახვაში ეხმარება.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? როდის ვითარდება დალტონიზმი? რა გავლენას ახდენს ის სწავლაზე? მოწმდება თუ არა ბავშვების მხედველობა ფერთა აღქმაზე და როგორ ვეხმარებით პედაგოგები ფერთა სიბრმავის მქონე მოსწავლეებს პრობლემის დაძლევაში?
მოვიძიე ინფორმაცია საქართველოში დალტონიზმის გავრცელებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი სტატისტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს. გადავამოწმე პირველკლასელთა სამედიცინო ფორმა 100 – არც იქ არსებული ჩანაწერი იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას ბავშვის მიერ ფერთა აღქმის შესახებ. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად კი დალტონიზმი მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს აქვს, ამასთან, მამაკაცებს – უფრო ხშირად, ვიდრე ქალებს.
როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან, რომელსაც ეს პრობლემა აქვს? და, საზოგადოდ, როგორ ამოვიცნოთ დალტონიზმი?
უკვე 32 წელია სკოლაში ვმუშაობ და დალტონიზმს მხოლოდ ერთხელ შევეჯახე. საინტერესოა, ღირს თუ არა ერთეულ შემთხვევებზე დაკვირვება? მიმაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს განათლების სისტემას აქვს პრეტენზია ინკლუზიურობაზე, ერთეული შემთხვევებისთვისაც უნდა მოიძებნოს ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში.
მოხდა ისე, რომ ერთ წელიწადს კაკლის მურაბისფერთვალება საყვარელი ბიჭუნა მომაბარეს. პირველი ნახატების შესრულებისას აღმოჩნდა, რომ მწვანე მისთვის ბალახისფერი იყო, ყვითელი – მზისფერი, ლურჯი – ცისფერი, წითელი – სისხლისფერი, შავი – მიწისფერი. მშობელთან გასაუბრებამდე მივხვდი, რომ ფერთა სახელების დამახსოვრებაზე ოჯახშიც ემუშავათ, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, კედელზე გაგვეკრა ფერადი ნიშნები: მზე, ბალახი, მიწა, ცა, ვაშლი, – რათა ბიჭუნას ფერების დასახელება ესწავლა, მაგრამ მთელი თვე გავიდა და შედეგი ვერ მივიღეთ.
ამასობაში ამოცანების ამოხსნაც დავიწყეთ და აი, სწორედ ორსტრიქონიანმა ფერადმა ამოცანამ დამანახა ბიჭუნას პრობლემა – ის ფერებს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა. იმ დღესვე გავესაუბრე მშობელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული შვილის აღზრდაში და შევთანხმდით, რომ პრობლემის დიაგნოსტიკისთვის ოფთალმოლოგს მიაკითხავდა. მანამდე კი მოვიძიე ლიტერატურა, რომელიც მსგავსი პრობლემის მოგვარების გამოცდილებას გამიზიარებდა.
ჰოდა, მე რომ დალტონიზმი წითლისა და მწვანის ერთმანეთისგან განსხვავების უუნარობა მეგონა მხოლოდ, ასე არ ყოფილა!
თურმე დალტონიზმი შეიძლება იყოს გენეტიკურიც და შეძენილიც. გენეტიკური დალტონიზმი შვილს მშობლებისგან გადაეცემა, ხოლო შეძენილი თვალის ბადურას ან მხედველობის ნერვის დაზიანების შედეგია. დალტონიზმის ცნება მხედველობის სამი სახის დარღვევას აერთიანებს: პროტანოპია – წითელი ფერის აღქმის უუნარობას, დეიტერანოპიას – მწვანე ფერის აღქმის უუნარობას და ტრიტანოპიას – ლურჯი ფერის აღქმის უუნარობაას. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ფერებს საერთოდ ვერ აღიქვამენ. სამივე ტიპის დალტონიზმის გამოვლენაში სახლის პირობებში დაგეხმარებათ იაპონელი ოფთალმოლოგის იშიჰარას ფერთა სიბრმავის ტესტი.
თუმცა მხოლოდ ამ ტესტის საფუძველზე დიაგნოზის დასმისგან, უმჯობესია, თავი შევიკავოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ექიმებს მივანდოთ. ნურც მშობლის ნებართვის გარეშე ჩაუტარებთ ტესტს მოსწავლეს.
ექიმთან ვიზიტის შემდეგ მოსწავლის დედამ მითხრა, რომ მის შვილს მთლად დალტონიზმი არ ჰქონია. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მე როგორც მასწავლებელმა გადავწყვიტე, ჩემებურად დავხმარებოდი. ჩემი დახმარება კი, აი, რით გამოიხატებოდა: დედას უნდა ეყიდა ფერადი კალმები და გარკვეული ხნის განმავლობაში ბავშვს ეწერა შერჩეული ფერის კალმით. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში – მწვანით, მომდევნო კვირის განმავლობაში – წითლით, მერე – შავით და ასე შემდეგ. ეს სავარჯიშო ფერების დამახსოვრებაშიც გვეხმარებოდა. ბიჭუნამ იცოდა, რომ ლურჯი კალმით წერდა. ორი კვირის შემდეგ მე ვაჩვენებდი კალმებს და ვეკითხებოდი: „რა ფერის კალმით ვწერდით – ლურჯით თუ წითლით?“ ასევე ვიქცეოდით მწვანეზე. ყვითელი ფერის კალამი უფრო მოუხერხებელია, ვინაიდან ჩვეულებრივი თვალისთვისაც კი ძნელი დასანახია და ძნელი საშოვნელიც.
ფერადი კალმებით წერამ შედეგი გამოიღო და ბავშვს ფერების ამოცნობა შეაძლებინა, თუმცა დროდადრო იყო შეცდომებიც.
ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა ადრეულ ასაკში უფრო ადვილად გვარდება, მაგრამ დალტონიზმი არ იკურნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგია. არსებობს საკორექციო იასამნისფერლინზებიანი სათვალეც, რომლის მეშვეობითაც დალტონიკი ერთმანეთისგან ასხვავებს წითელ და მწვანე ფერებს. ასეთმა ადამიანებმა პროფესიის არჩევისას და მართვის მოწმობის აღებაზე ფიქრისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ არჩევანზე ბევრის სიცოცხლეა დამოკიდებული – ფატალურ შედეგს შეიძლება გადაურჩნენ, თუ ეცოდინებათ, რომ დალტონიზმი აქვთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
იშიჰარას ტესტი ფერების სიბრმავეზე