პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

როგორ ვასწავლოთ სკანდინავიის ქვეყნები

სკანდინავიის ქვეყნები, მოსწავლეებში, დიდ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზია ქვეყნების საუკეთესო რეიტინგები, წარმატებები ეკონომიკაში, განათლებასა თუ სხვა მიმართულებით.  ხუთივე ქვეყანა, მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა ბედნიერების ინდექსში მოწინავე ადგილებს არ თმობენ. გამოირჩევიან სოციალური დაცვის მაღალი გარანტიებით.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოზარდები ხშირად სვამენ კითხვას – რაშია მათი (სკანდინავიის ქვეყნების) ქვეყნის წარმატების საიდუმლო? რა განაპირობებს მას: საერთო წარსული? გეოგრაფიული მდებარეობა? კულტურული მახასიათებლები? საქმისადმი დამოკიდებულება? თუ სხვა.

სწორედ ამ და სხვა კითხვებზე პასუხების ძიებას დავუთმეთ გეოგრაფიაში პროექტი აღმოვაჩინოთ სკანდინავია.

პროექტის დასაწყისში გამოვყავით ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელზეც გუნდები მუშაობის პროცესში გაამახვილებდნენ ყურადღებას. ესენი იყო:

  • ქვეყნის ისტორია, წარსული და ზოგადი ინფორმაცია;
  • ქვეყნის პოლიტიკური და ტერიტორიული მოწყობა;
  • განათლების სისტემა და მისი თავისებურებები;
  • ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის რეიტინგი საერთაშორისო ინდექსებში (მშპ, ჰუმანური განვითარების, პრესის თავისუფლების, ბედნიერების…);
  • ქვეყნის კულტურული მახასიათებლები და ტრადიციები.

კლასი დაიყო ხუთ ჯგუფად. თითო გუნდს შემთხვევითობის პრინციპით შეხვდა ერთი ქვეყანა. სამუშაოდ განისაზღვრა ორი კვირა, შუალედური შეხვედრის ჩათვლით. სამუშაოს პირობაში პრეზენტაციის მომზადებასთან ერთად, გავითვალისწინეთ ვიდეოსა და სტატიის მომზადება გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალით.

ჯგუფის წევრებმა დაიწყეს ქვეყნების სიღრმისეული შესწავლა. მუშაობის პროცესში შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ვიკინგები და მათი გავლენა  სკანდინავიის თანამედროვე ქვეყნებზე, ჩრდილოეთ პოლუსი, სახელმწიფოს მართვა-გამგეობა და ტერიტორიული მოწყობა,  მონარქია და მათი ძალაუფლება, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ცნობილი სკანდინავიური კომპანიები, სპორტი, კულტურა და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემების თავისებურებებმა გამოიწვია. პრეზენტაციებისა და რეფლექსიის დროს, მოსწავლეებმა დასვეს არაერთი კრიტიკული კითხვა, შეადარეს და ისაუბრეს იმ ძირეულ განსხვავებებზე, რომლებიც აქვთ სკანდინავიის ქვეყნებს ქართულთან მიმართებით.

განათლების სისტემის შემდეგ, ინტერესი ეკონომიკურმა პარამეტრებმა გამოიწვია. საშუალო ხელფასი, პენსია, სოციალური დაცვის გარანტიები აღფრთოვანების საგანი გახდა.

პრეზენტაციების შემდეგ გადავედით რეფლექსიის ეტაპზე, სადაც მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ცოდნა, გამოცდილება და უნარები შეიძინეს სამუშაო პროცესში.  რეფლექსიის ეტაპზე უპასუხეს ხუთ კითხვასა და შეასრულეს აქტივობა „სამი კუთხე“.

რეფლექსიის კითხვები

  • რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ამ ქვეყნის შესახებ?
  • როგორი ტიპის ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად და რატომ?
  • რა კავშირებს ხედავთ თქვენს მიერ შესწავლილ ქვეყანასა და საქართველოს შორის?
  • რა მსგავსებები და განსხვავებები შენიშნეთ სკანდინავიის რეგიონისა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის?
  • რა არის ის მთავარი ფაქტორი/ფაქტორები, რამაც განაპირობა ამ ქვეყნის (რომელზეც იმუშავეთ) წარმატება?

„სამი კუთხე“

  1. რა ვისწავლეთ? – ჩამოწერეთ ფაქტები, რომლებიც ისწავლეთ ან დაგამახსოვრდათ;
  2. გაგვიკვირდა… – ჩამოწერეთ თქვენი აღმოჩენები;
  3. კითხვები გვაქვს – დასვით პასუხგაუცემელი კითხვები.

ასეთი კომპლექსური მიდგომა ხელს უწყობს ქვეყნების/რეგიონის 360 გრადუსით შესწავლას, ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის მოძიების, დახარისხება-თავმოყრის უნარების განვითარებაში, უვითარდება კრიტიკული, შემოქმედებითი და სინთეზური აზროვნება, ისიგრძეგანებენ, თავიანთი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას სახელმწიფოსთან მიმართებით.

მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები:

ისლანდია

ნორვეგია

დანია

შვედეთი

ფინეთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“