კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

კლასის მართვა: მოსწავლეთა ქცევა

კლასის მართვა აისბერგია, სადაც მოსწავლეთა ქცევის მართვა და კონტროლი მხოლოდ მის წვერს შეადგენს. ამ ყველაფერზე დაწვრილებით ჯერ კიდევ წინა სტატიაში შევეცადე მესაუბრა. თუმცა ვინ თქვა, რომ აისბერგის წვერი ნაკლებ მნიშვნელოვანია? პირიქით, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანიც კია! მართალია,  მოსწავლეთა ქცევაზე მრავალმა სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მაგალითად არასწორად მომზადებულმა გარემომ ან რესურსებმა, თუმცა ზოგჯერ მათი არასასურველი ქცევის მიზეზი სულ სხვა – ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზებზეა დამოკიდებული, მაგალითად იმაზე, თუ რა ხდება მათთან სახლში, მოეწონათ თუ არა დილით საუზმე, რა უთხრათ დედამ სახლიდან გამოსვლისას, ან მიიღეს თუ არა საბოლოო პასუხი იმ  კითხვაზე, რომელიც მამას მესამედ დაუსვეს. ცხადია, ეს მიზეზები მასწავლებლების ბრალი სულაც არაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელს მასწავლებლობის გარდა სხვა უამრავი როლის – მათ შორის მშობლისა და მეგობრის როლის შეთავსებაც გვიწევს, აუცილებელია, რომ საქციელის მიღმა სავარაუდო პრობლემა დავინახოთ, რათა მართვა და, შესაბამისად, მათი დახმარება შევძლოთ.

როდესაც ქცევის მართვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არასწორი ან შეუფერებელი საქციელის აღკვეთას, თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა, ამოვიცნოთ პოტენციური მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება იქცეოდეს მოსწავლე ნეგატიურად.

მოსწავლეთა ცუდი ქცევის ყველაზე გავრცელებული ოთხი მიზეზი კატეგორიებადაც კი შეიძლება დავყოთ:

ყურადღების მოთხოვნა (Undo attention)
ამ შემთხვევაში, მოსწავლე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს. მაშინ იწყებს საუბარს, როცა მასწავლებელი საუბრობს, ან ცდილობს კლასის “ჯამბაზის” როლის მოირგოს, რათა ყველამ მას უყუროს და იცინოს. ხშირად ცდილობენ აქტივობების ჩაშლასაც, რომ თავად მოექცნენ ყურადღების ცენტრში. მათ გულში კი,აი, ეს ხდება: “თავს კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევენ, თუნდაც ნეგატიურს. გთხოვ, შემნიშნე და რამენაირად ჩამრთე.”

ძალაუფლებისთვის ბრძოლა (Misguided Power )
ამ დროს მოსწავლეები მასწავლებლებს მეტოქეებად სახავენ და მათთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთვებიან. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი მათ რაიმეს სთხოვს, ისინი ამას ვალდებულებად აღიქვამენ და უარს ამბობენ. ფიქრობენ: ვერ მაიძულებ! ვერ დამაძალებ!“. ასე ცდილობენ მოირგონ უფროსის როლი, რადგან ჰგონიათ რომ საკუთარი ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ამ დროს კი მათ გულში შემდეგი ფიქრებია – “უფლება მომეცი თავად ავირჩიო და ნება მომეცი დაგეხმარო, რომ თავი საჭიროდ ვიგრძნო.” 

ურისძიება (Revenge / Feeling hurt)
მოსწავლეები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ატკინეს  ან შეურაცხყოფა მიაყენეს ხშირად ცდილობენ, რომ სხვებსაც ავნონ . მაგალითად, თუ აქტივობის დროს ერთმა მოსწავლემ სცადა სიტყვის სწორად წარმოთქმა, მაგრამ შეცდა, მეორე მოსწავლემ კი მას დასცინა, შესაძლოა პირველმა მოსწავლემ ამის შემდეგ გაკვეთილის დანარჩენ ნაწილში უარი თქვას ჩართვაზე, უგულებელყოს ინსტრუქციები, იჩხუბოს სხვებთან –
მას ჰგონია, რომ აწი აღარავინ სცემს პატივს და სურს, სხვებმაც შეამჩნიონ, რომ ის განაწყენებულია. ასეთ დროს მოსწავლის გულში ასე ხდება: “აქ არ არის ჩემი ადგილი და ეს მე გულს მტკენს, ამიტომ სხვებსაც ვატკენ!”

მარცხის შიში (Assumed Inadequacy)
ამ ტიპის ქცევა შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ვერც კი შევნიშნოთ, რადგან წინა სამისგან განსხვავებით ჩრდილში ხდება. ამ დროს მოსწავლეები ცდილობენ გაკვეთილში ჩართვას ყველაფრის ფასად აარიდონ თავი, რადგან ფიქრობენ, რომ მაინც ვერ შეძლებენ და ყველა მათი მცდელობა  წარუმატებელი იქნება. ისინი უარს ამბობენ აქტივობებში ჩართვაზე, არასდროს იწევენ ხელს, არ სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ ცდილობენ, რადგან თუ არ სცადეს — არც შეეშლებათ, და თუ არ  შეეშლებათ, თავს უხერხულადაც არ იგრძნობენ. სინამდვილეში კი მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ამ დროს მათ გულებში ნამდვილი ქარცეცხლია, რომელიც ამბობს: “გთხოვ, ჩემზე ხელი არ ჩაიქნიო, მასწავლე როგორ გადავდგა მცირე ნაბიჯები და დამეხმარე, შევნიშნო ჩემი თუნდაც სულ მცირე პროგრესი. მითხარი, რომ მხედავ!”

ახლა, როცა ვიცით, თუ რომლებია ყველაზე გავრცელებული სახის ქცევები, იმაზეც შევძლებთ ვისაუბროთ, თუ  როგორ შეგვიძლია მათი მართვა.

ყურადღების მოთხოვნა (Undo Attention)

მოსწავლლის მიზანია შეეცადოს და მიიქციოს ყურადღება, თუნდაც ნეგატიური. შეეცადეთ, რომ სასარგებლო დავალებები მისცეთ, რათა ყურადღება სწორი გზით მიიღოს, მაგალითად, სთხოვეთ დაგეხმაროთ წიგნების შეგროვებაში ან დარიგებაში ან თუნდაც საშინაო დავალების შემოწმებაში. უთხარით, რომ თუ კონკრეტულ აქტივობას მალე დაასრულებს,ნებას დართავთ, გაკვეთილის  ბოლო 5 წუთი სახალისო ისტორიების მოყოლას დაუთმოს, რადგან მთელი კლასი მოუსმენს. აუცილებლად აგრძნობინე, რომ მისი ჩართულობა ფასდება და საჭიროა.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა (Misguided Power)

მოსწავლის მიზანია შეეცადოს და მოიპოვოს კონტროლი, რათა საკუთარი თავის მნიშვნელოვნება იგრძნოს. მიეცით მას არჩევანი და მოიქეცით ისე, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმაროთ. მაგალითად, ჰკითხეთ თუ რას ფიქრობს, როგორ შეიძლება კონკრეტული პრობლემის მოგვარება, ჰკითხეთ აირჩიოს ვისთან ერთად სურს იმუშაოს კონკრეტულ დავალებაზე. არავითარ შემთხვევაში  არ აჰყვეთ ძალაუფლების ბრძოლაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პატივისცემა – ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბრძოლად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ორივე მხარე თანაბრად ერთვება. მოუსმინე, გაუგე და დააფასე მისი აზრი, ასე გაცილებით მარტივი გახდება მისი დახმარება.

შურისძიება (Revenge / Feeling Hurt)

მოსწავლეს ეუფლება ტკივილი, ამიტომ მისი მიზანი ხდება, რომ სხვებსაც იგივე აგრძნობინოს. მასწავლებელმა არ უნდა უგულებელყოს მისი ტკივილი. ისე არ უნდა მოვიქცეთ, თითქოს აზვიადებს და ზედმეტი მოსდის. მან უნდა იგრძნოს, რომ მისი ემოციები ვალიდურია. აუცილებლად ჰკითხეთ, თუ რა მოხდა, რა ეწყინა, ვინ გააბრაზა. ჰკითხეთ, რაში ხედავს უსამართლობას. თანაუგრძნეთ, მიახვედრეთ, რომ მის ადგილას თქვენც იგივე გრძნობები დაგეუფლებოდათ. ასწავლეთ რომ ყველა ემოცია ბუნებრივია და რომ მათ გამო თავი დამნაშავედ არ უნდა ვიგრძნოთ, თუმცა საქციელს ემოციებითა და გრძნობებით ვერ გავამართლებთ, რადგან გრძნობებისგან განსხვავებით, საქციელის კონტროლი შესაძლებელი და აუცილებელია. დაუსვით კითხვები და აუცილებლად მოუსმინეთ. მოსწავლეები მანამ ვერ შეძლებენ შეცვალონ თავიანთი ქცევა ან მოიხადონ ბოდიში, სანამ არ იგრძნობენ, რომ ვიღაც ნამდვილად უსმენთ და მათ ტკივილს იზიარებს.

მარცხის შიში (Assumed Inadequacy)

როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთ დროს მოსწავლე თავს არიდებს ყველა სახის მცდელობას, რადგან ფიქრობს, რომ ვერ შეძლებს. აუცილებელია ვიყოთ მომთმენები და წავხალისოთ ყველა მათი ნაბიჯი. უთხარით, რომ მათ გვერდით ხართ, რომ შეცდომები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვსწავლობთ და ვიზრდებით, გაახსენეთ ის, რაც გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ცდაზე გაუჭირდა, ახლა კი მარტივი ეჩვენება. ასე თავდაჯერებულება ეტაპობრივად განუვითარდებათ. ჩვენი საქმეც ხომ სწორედ ესაა – შევქმნათ ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც ყველა მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, დაფასებული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“