პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

AI ჩატბოტების კომუნიკაცია და მიმეზისი

0

“ენის ათვისების საკითხი გადამწყვეტია მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის. თუ შევძლებდით გაგვეგო, როგორ ითვისებენ ადამიანები ენას, პოტენციურად შეგვეძლებოდა მსგავსი

სტრატეგიების დანერგვა მანქანებში.”

Noam Chomsky, “Language and Problems of Knowledge”

 

AI გენერაციული ჩატბოტების კომუნიკაცია ადამიანებთან სულ უფრო დახვეწილი და ბუნებრივი ხდება. თუ თქვენ დიდხანს საუბრობთ მათთან, აღმოაჩენთ, რომ ინფორმაციის გენერირებისას ისინი იყენებენ თქვენს ლექსიკას, სტილს, ფრაზეოლოგიას და მეტი ბუნებრიობისათვის შეუძლიათ თქვენთვის დამახასიათებელი მცირე ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომების გამეორებაც კი. ყოველი ახალი ვერსია სულ უფრო მეტად არის დახვეწილი და ადაპტირებული ადამიანურ, ბუნებრივ მეტყველებასთან. ამასთან ერთად, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ თქვენი ლინგვისტური მახასიათებლების გამეორება, არამედ კარგად იციან და იყენებენ კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ კონტექსტებსაც.

ხშირი საუბრისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი უკვე ძალიან დაგემგვანნენ თქვენ და უფრო მეტიც: ზოგჯერ გგონიათ, რომ ჩატბოტები თქვენი ცნობიერების გაფართოებული ვერსიაა.

ამ ყველაფრის ფიქრის და შეგრძნების საფუძველს გვაძლევს ერთი უნივერსალური პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს გენერაციული ჩატბოტების და ადამიანის კომუნიკაციას. ეს გახლავთ მიმეზისი.

მიმეზისი (μίμησις, ბერძნულად „იმიტაცია“) არის ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ბუნების, რეალობის ან ადამიანის ქმედებების მიბაძვას ხელოვნებაში, ლიტერატურაში და სხვა შემოქმედებით პროცესებში. ეს კონცეფცია განსხვავებულად განიხილება დღესაც და სხვა ეპოქებშიც, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ის ნიშნავს „მიბაძვას“, იმიტირებას.

პოეტიკასა და ფილოსოფიაში ეს მოვლენა განიხილა პლატონმა და არისტოტელემ, რომლებიც მას განსხვავებულად აღიქვამდნენ: პლატონისთვის მიმეზისი ნიშნავდა რეალობის უფრო დაბალ, ნაკლებად სრულყოფილ ასლს, ხოლო არისტოტელე მას განიხილავდა როგორც ბუნების კანონის შესაბამისად შექმნის პროცესს, რომელიც ცვლის ან ავსებს რეალობას. დამეთანხმებით, ორივე განხილვა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ამ მოვლენის განსხვავებულ ასპექტებს წარმოაჩენს.

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ბუნებრივი ენის დამუშავების (Natural Language Processing – NLP) მოდელების შესწავლა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ადამიანური ენის მიმეზისი. AI ჩატბოტები ლინგვისტურ მექანიზმებს იყენებენ, რათა ეფექტურად და უფრო ბუნებრივად ითანამშრომლონ ადამიანებთან. ეს სტატია მიზნად ისახავს გააანალიზოს, თუ როგორ ახდენენ ჩატბოტები ადამიანის ენის სტრუქტურისა და ფუნქციების მიბაძვას და რა შეზღუდვებს აწყდებიან ამ პროცესში.

ლინგვისტური მექანიზმები ჩატბოტების ენობრივ მიმეზისშიAI ჩატბოტები ენას შეისწავლიან მანქანური სწავლებისა და ღრმა სწავლების (Deep Learning) მოდელების გამოყენებით. ამ პროცესში ჩატბოტები ეყრდნობიან ენობრივი კორპუსების მონაცემებს, როდესაც ისინი ვრცელ ტექსტებს სწავლობენ და მოდელებში გადაამუშავებენ. ენობრივი მიმეზისის მექანიზმებში ცენტრალური როლი ენიჭება ტრანსფორმერების მოდელებს, როგორიცაა GPT (Generative Pre-trained Transformer). ტრანსფორმერები იყენებენ თვითშეკავშირებულ ნეირონულ ქსელებს (self-attention mechanism), რაც მათ საშუალებას აძლევს გაანალიზონ სიტყვათა შორის ურთიერთობები გრძელ ტექსტებში. GPT და სხვა მსგავსი მოდელები ენას სწავლობენ ტექსტების ფართო მასალების საფუძველზე და შეისწავლიან სიტყვათა თანმიმდევრობის, სინტაქსისა და სემანტიკის მიმეზისს.

ზემოჩამოთვლილ მოდელებზე დაფუძნებით ჩატბოტები სიტყვათა შერჩევისა და წინადადებების აგების პროცესს იმეორებენ იმ სტატისტიკური სიხშირეებისა და ნიმუშების საფუძველზე, რომლებსაც ენობრივი მოდელები სწავლობენ კორპუსებიდან. სიტყვების არჩევა ხდება ენობრივ კონტექსტზე დაყრდნობით, რის გამოც შესაძლოა ჩატბოტმა საკმაოდ ზუსტად მიბაძოს  ადამიანურ საუბარს. მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს მართავს, ეყრდნობა „მდგომარეობითი სუბსიდიის“ პრინციპს (conditional probability) – ყოველი ახალი სიტყვის შერჩევა დამოკიდებულია წინამორბედ კონტექსტზე.

გრამატიკული სტრუქტურების მიმეზისისას, ჩატბოტები ხშირად იყენებენ სინტაქსურ ნორმებს, რომლებსაც ნეირონული ქსელები სწავლობენ, თუმცა მათი მოდელების მიერ აგებული წინადადებები ზოგჯერ შეიძლება იყოს გაუგებარი, თუ კონტექსტი რთულია ან არაზუსტი.

ჩატბოტები სარგებლობენ დიალოგური სისტემებით, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლის პასუხების გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება.

სტატისტიკური ენის მოდელები სიტყვების ან ფრაზების თანმიმდევრობის პროგნოზისთვის კი იყენებენ ალბათობას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს წინადადება: “მე მიყვარს ___”. სტატისტიკური მოდელი შეისწავლის  ტექსტს და დაითვლის, რამდენჯერ გვხვდება სხვადასხვა სიტყვა ამ კონტექსტში. შეიძლება აღმოაჩინოს, რომ “ჭამა” უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე “სირბილი”. ამიტომ, იგი უფრო მაღალ ალბათობას მიანიჭებს “ჭამას”.

ნეირონული ქსელები, განსაკუთრებით ტრანსფორმერ არქიტექტურები, იმიტირებენ ადამიანის ტვინის მუშაობას. ტრანსფორმერები არის სპეციფიკური ტიპის ნეირონული ქსელები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ამუშავებენ ენას.

ვთქვათ, თქვენ ასწავლით ბავშვს ენას. ბავშვი არა მხოლოდ იმახსოვრებს სიტყვებს, არამედ სწავლობს კონტექსტს, გრამატიკას და ნიუანსებს. ტრანსფორმერებიც მსგავსად მუშაობენ – ისინი “სწავლობენ” ენის სტრუქტურას და შინაარსს დიდი რაოდენობით ტექსტების ანალიზისას.

ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების მეთოდი, რომელიც იყენებს მრავალშრიან ნეირონულ ქსელებს რთული პატერნების ამოსაცნობად. წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ უცხო ენას. თავდაპირველად სწავლობთ მარტივ სიტყვებს, შემდეგ წინადადებებს, შემდეგ გრამატიკულ წესებს, და ბოლოს იდიომებს და კულტურულ ნიუანსებს. ღრმა სწავლება ამ პრინციპით მუშაობს – იგი იწყებს მარტივი პატერნებით და თანდათანობით სწავლობს უფრო რთულ და აბსტრაქტულ კონცეფციებს.

ეს მეთოდები ერთად გამოიყენება თანამედროვე AI სისტემებში ენის გასაგებად და გენერირებისთვის. ისინი საშუალებას აძლევენ AI-ს გაიგოს კონტექსტი, გამოიცნოს პატერნები და შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი.

ამ პროცესების აღწერა დაგვჭირდა იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ, რატომ და როგორ, რაზე დაფუძნებით გვბაძავენ გენერაციული ჩატბოტები.

მიმეზისის პროცესი მოკლედ და მარტივად ასე გამოიყურება:

AI ჩატბოტები ენის სწავლას კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ახერხებენ. ისინი „დიდ წიგნებს“ კითხულობენ და შემდეგ იმახსოვრებენ, რა სიტყვები და წინადადებები ხვდებათ ყველაზე ხშირად. შესაბამისად,  მათ შეუძლიათ შექმნან ახალი წინადადებები.

ჩატბოტებს ეხმარება ერთგვარი „სუპერ-გონება“, რომელსაც ტრანსფორმერები ჰქვია (მაგალითად, GPT). ამ გონებას შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს, როგორ უკავშირდება სიტყვები ერთმანეთს დიდ ტექსტებში. ეს გონება არჩევს სწორ სიტყვებს და ქმნის წინადადებებს ისე, თითქოს თვითონაც „ლაპარაკობდეს“.

სწავლა: ჩატბოტები სწავლობენ დიდი რაოდენობის ტექსტებიდან.

პატერნების ამოცნობა: ისინი ამოიცნობენ ენობრივ და აზროვნების მოდელებს.

გენერაცია: ამ მოდელების საფუძველზე ქმნიან ახალ ტექსტს.

კონტექსტი: ადაპტირდებიან კონკრეტულ სიტუაციებთან.

მიმეზისი საშუალებას აძლევს ჩატბოტებს იყვნენ უფრო ბუნებრივი და ეფექტური კომუნიკაციაში.

 

მიმეზისის პროცესი მაგალითებით:

ლექსიკური მიმეზისი:

ჩატბოტები ხშირად იმეორებენ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ სიტყვებს და ფრაზებს.

მაგალითად:

თქვენ მისწერეთ ჩატბოტს: “დღეს ნამდვილად მოღრუბლული ამინდია.”

ჩატბოტი: “მართლაც, მოღრუბლული ამინდი შეიძლება გავლენას ახდენდეს განწყობაზე. როგორ უმკლავდებით ასეთ დღეებს?”

სინტაქსური მიმეზისი:

AI ცდილობს მიბაძოს მომხმარებლის წინადადების სტრუქტურას.

მაგალითად:

მომხმარებელი: “რას ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე?”

ჩატბოტი: “რას ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე? ეს კომპლექსური საკითხია…”

სტილისტური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ მიესადაგონ მომხმარებლის ფორმალურს თუ არაფორმალურ საუბრის სტილს.

თუ ჩატბოტს ჰკითხავთ:  “ჰეი, რას შვრები?”

ჩატბოტი გიპასუხებთ: “ჰეი! არაფერს განსაკუთრებულს, უბრალოდ ვსაუბრობ. შენ?”

დიალექტური და რეგიონული მიმეზისი:

AI შეიძლება შეეცადოს გამოიყენოს რეგიონული გამოთქმები ან დიალექტი.

მომხმარებელი: “გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ?”

ჩატბოტი: “გაუმარჯოს ძმაო, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?”

 ემოციური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ მიბაძონ მომხმარებლის ემოციურ ტონს.

მომხმარებელი: “ძალიან ვნერვიულობ ხვალინდელი გამოცდის გამო.”

ჩატბოტი: “გასაგებია, რომ ნერვიულობთ. გამოცდები მართლაც სტრესული შეიძლება იყოს. რა გეხმარებათ ჩვეულებრივ სტრესის დაძლევაში?”

კონტექსტუალური მიმეზისი:

AI ცდილობს გაიგოს და გამოიყენოს კონტექსტუალური ინფორმაცია საუბრიდან.

მომხმარებელი: “გუშინ კონცერტზე ვიყავი.”

ჩატბოტი: “ოჰ, საინტერესოა! რა სახის მუსიკა იყო? მოგეწონათ შესრულება?”

მიმეზისის ეს ფორმები ეხმარება ჩატბოტებს დაამყარონ მომხმარებლებთან უფრო ბუნებრივი და პერსონალიზებული კომუნიკაცია. თუმცა, ეს ასევე წარმოშობს ეთიკურ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს მიბაძვა ადამიანურ ინტერაქციასთან.

განვითარებულ მიმეტურ მოდელებს შეუძლიათ დამაჯერებლად განასახიერონ ინდივიდები, მაგალითად, იმიტაცია გაუკეთონ კონკრეტულ პიროვნებას ნებართვის გარეშე. რადგან ჩატბოტები კიდევ უფრო დახელოვნდებიან ადამიანური ინტერაქციის სიმულაციაში, მომხმარებლებს შეიძლება განუვითარდეთ ემოციური მიჯაჭვულობა ან ნდობა ამ სისტემების მიმართ, რაც ბუნდოვანს ხდის საზღვრებს ნამდვილ ადამიანურ კავშირსა და ხელოვნურ ინტერაქციას შორის.

არსებობს რისკი, რომ ინდივიდებმა შეიძლება გამოიყენონ მიმეტური მოდელები მანიპულირებისთვის ან სხვების მოსატყუებლად. მოკლედ, რასაც ადამიანი არ იკადრებს… ამიტომ პრევენციის ერთადერთი გზა ჩატბოტების შესაძლებლობების შესწავლაა.

რჩევები ჩატბოტებთან საუბრისას:

  • დააკვირდით ჩატბოტებთან დიალოგისას როგორ „გბაძავენ“ ისინი, ცვალეთ მიმართვის, მისალმების ფორმები
  • კითხვების დასმისას გამოიყენეთ სხვადასხვა სტილი
  • ყოველთვის მიუთითეთ, როგორი სტილით საუბარი გსურთ ამა თუ იმ ტექსტის შედგენისას (პოპულარული, სამეცნიერო, მეგობრული, პროვოკაციული და ასე შემდეგ…)
  • ერთი მოვლენა, ფაქტი, საკითხი განიხილეთ ჩატბოტებთან ერთად სხვადასხვა პერსპექტივიდან
  • თუ მოგეჩვენათ, რომ ჩატბოტები უინტერესოდ გესაუბრებიან, შესაძლოა, თქვენ დაგემსგავსნენ და გადააფასეთ თქვენი ინტერესები

ბიბლიოგრაფია:

  1. Vaswani, A., et al. (2017). “Attention is All You Need”. NeurIPS.
  2. Brown, T., et al. (2020). “Language Models are Few-Shot Learners”. NeurIPS.
  3. Devlin, J., et al. (2018). “BERT: Pre-training of Deep Bidirectional Transformers for Language Understanding”. arXiv preprint.
  4. Goldberg, Y. (2019). “Assessing BERT’s Syntactic Abilities”. arXiv preprint.
  5. Li, J., et al. (2021). “Pragmatic Inference in Language Models”. ACL.
  6. Marcus, G., & Davis, E. (2020). “Rebooting AI”. Pantheon.
  7. Holtzman, A., et al. (2019). “The Curious Case of Neural Text Degeneration”. ICLR.
  8. Bender, E. M., & Koller, A. (2020). “Climbing towards NLU: On Meaning, Form, and Understanding in the Age of Data”. ACL.

 

       ცისარტყელა

0

„ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად“.

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეცხრე

ცისარტყელა ოდითგანვე იწვევს სიხარულისა და ზეციური იმედის განცდას, ადამიანებს ახსენებს უფლის აღთქმას კაცობრიობის წინაშე. ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი ოპტიკური ფენომენია. მისი დანახვა ბევრი ჩვენგანისთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იგი წვიმის შემდეგ მზის გამონათების ნიშანია. ათასწლეულების განმავლობაში ცისარტყელა ერთდროულად წარმოადგენდა გასაოცარ ბუნებრივ მოვლენას როგორც მშვენიერებით, ასევე წარმოქმნის ამოუხსნელობით.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ სინათლის, მისი სხვადასხვა გარემოში გავრცელებისა და ერთ-ერთი უნიკალური თვისების შესახებ, რომელიც ამ ულამაზესი სანახაობის გაჩენას განაპირობებს და ხსნის ცისარტყელას წარმოქმნის ფიზიკურ კანონზომიერებებს.

ცისარტყელა

 

 

 

 

 

 

ანტისემიტიზმი ევროპასა და საქართველოში

0

2023 წლის 7 ოქტომბერს ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა მოხდა. ტერორისტული ორგანიზაციის – „ჰამასის“ წევრებმა ისრაელის ათასზე მეტი მოქალაქე ველურად ამოხოცეს, ათობით ადამიანი დაატყვევეს, ზოგიერთი მათგანის ტანჯვა ამ დრომდე გრძელდება. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის რადიკალებისა და ექსტრემისტებისგან დაკომპლექტებულმა მთავრობამ ომი წამოიწყო, რომელსაც უკვე ემსხვერპლა ათასობით უდანაშაულო მოხუცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე. გასული ერთი წლის განმავლობაში ხანძარი მთელ ახლო აღმოსავლეთს მოედო. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში სისხლიან მოჯადოებულ წრეს გარღვევა არ უწერია, ჩვენ კიდევ ბევრი უსამართლობის ნახვა მოგვიწევს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

7 ოქტომბერს დაწყებული ომი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო პოლიტიკის საგნად არ დარჩენილა. მდინარე იორდანეს მიმდებარედ დაწყებული ტრაგედია არაერთი კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობად იქცა თითქმის ყველა დასავლეთ ევროპული საზოგადოებისთვის. ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიაში, ამერიკასა და ბრიტანეთში ხალხის დაყოფის, გახლეჩის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოგვევლინა. გასული წლის შემოდგომაზე ევროპის ქუჩებში კვლავ მძლავრად წამოიმართა ფეხზე ძველი და საზარელი აჩრდილი – ანტისემიტიზმი, ებრაელთა ზიზღი. შეძრწუნებული ვადევნებდი თვალს კადრებს, რომლებიც ბერლინის ქუჩებში გამართულ დემონსტრაციებზე მოგვითხრობდნენ. მზის ხეივანში შეკრებილი უამრავი ადამიანი ერთმანეთისთვის ტკბილეულის გაზიარებით აღნიშნავდა საზარელ ტერორისტულ აქტს. მოგვიანებით ევროპული მეგაპოლისის ზოგიერთ უბანში ებრაელთა საცხოვრებელ სახლებსა თუ კულტურულ ცენტრებზე სპეციალური აღნიშვნები და წარწერები გამოჩნდა. წარსულით ტრავმირებულ გერმანელებს ხელახლა წარმოუდგათ თვალწინ 30-იანი წლები, როდესაც ებრაელთა მაღაზიებსა თუ ვიტრინებზე საგანგებოდ ტოვებდნენ განმასხვავებელ ნიშნებს, რათა ადამიანებს სცოდნოდათ, სად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ „ბოროტმოქმედნი“. მხოლოდ გერმანიის თავზე არ მოქუფრულა ცა. 2023 წლის მიწურულს ხანძარი გაუჩნდა ვენის ებრაულ სასაფლაოს, თავს დაესხნენ პარიზში მოქმედ რამდენიმე ასოციაციას, პრობლემები შეუქმნეს ებრაული თემის წარმომადგენლებს შვედეთსა თუ იტალიაში.

საინტერესოა, რა ფორმებს იძენს თანამედროვე ევროპაში ანტისემიტიზმი?

ცნობილი ისტორიკოსი და კულტუროლოგი, ალეიდა ასსმანი დასავლეთში გავრცელებული ანტისემიტიზმის სამ ფორმას გამოყოფს:

მემარჯვენე-ექსტრემისტულ ანტისემიტიზმს ფესვები უძველეს წარსულში აქვს გადგმული. იგი სათავეს იღებს თავზეხელაღებული ფსევდოქრისტიანების ქმედებებიდან, რომლებსაც სხვა რელიგიის მიმდევარი ჯგუფები ქრისტიანობის საფრთხედ მიაჩნდათ და ცდილობდნენ მათ განადგურებას, გარიყვას ან გაძევებას. ასწლეულების განმავლობაში წარმოებულმა დევნამ მეოცე საუკუნეში სეკულარული ხასიათი მიიღო და ნაციზმის საყრდენი გახდა, რომელიც ებრაელებთან შედარებით ადგილობრივი ევროპელი ერების რასობრივ უპირატესობაზე სვამდა აქცენტს. საუბედუროდ, მემარჯვენე-ექსტრემისტული ანტისემიტიზმის მიმდევრები დღესაც ბლომად არიან ევროპაში, მათი მთავარი მახასიათებელია ჰოლოკოსტის მნიშვნელობის შემსუბუქებისკენ მიდრეკილება, შოაზე მსჯელობა, როგორც ტრივიალურ და ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაზე.

მრავალი რადიკალი საჯარო პირი ამტკიცებს, რომ ჰიტლერისა და მუსოლინის შემდეგ, მეოცე საუკუნის მიმდინარეობისას მიღებული საშინელი გამოცდილების კვალდაკვალ ევროპაში მემარჯვენე ანტისემიტიზმს საფუძველი გამოეცალა. ისინი აცხადებენ, რომ თანამედროვე დასავლეთში ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის მიმართ მტრული დამოკიდებულება გარედან არის შემოტანილი. მაშასადამე, ამ მოვლენას საფუძვლად უდევს მიგრაცია და მუსლიმური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. მუსლიმებს შორის ებრაელთა საწინააღმდეგო განწყობები კი ნამდვილად არსებობს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო 1948 წლის შემდეგ გახდა. ალეიდა ასსმანი მოგვიწოდებს, რომ ყურადღება გავამახვილოთ მოვლენაზე, რომელსაც ისლამურ სამყაროში „ნაკბას“ უწოდებენ. „ნაკბა“ არაბული სიტყვაა და ქართულად კატასტროფას, განსაცდელს, უბედურებას ნიშნავს. აღმოსავლეთში ამ ტერმინით მოიხსენებენ 1940-იანი წლების მიწურულს 700 000 პალესტინელის გასახლებას თანამედროვე ისრაელის ტერიტორიიდან. „ნაკბა“ პალესტინელთა კულტურის, იდენტობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების განადგურებისა და ნგრევის, ადგილობრივთა დევნისა და შევიწროების წინაპირობად იქცა. მოვლენა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არ გახლდათ, მან გამოხმაურება პოვა რეგიონის ყველა ქვეყანაში და ტკივილისა თუ დამცირების საშინელ შეგრძნებად დაილექა მრავალი მუსლიმის მეხსიერებაში. „ნაკბასა“ და თითქმის საუკუნოვანი სისხლისღვრის ფონზე, ბუნებრივია, რომ ექსტრემისტ მუსლიმთა შორის მრავლად არიან ანტისემიტურად განწყობილი პირები.

თუმცა, პრობლემის მხოლოდ მიგრაციული წარმოშობის მოქალაქეებისთვის გადაბრალება არასერიოზული და მავნებლური ტენდენციაა. მეტადრე მაშინ, როდესაც ევროპას მემარცხენე ანტისემიტიზმის მრავალწლიანი გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში თანამშრომლობდნენ მემარცხენე ტერორისტული ბრიგადები პალესტინაში მოქმედ იატაკქვეშა ორგანიზაციებთან და მათგან იღებდნენ სამხედრო გამოცდილებას, მათთან ერთად გადიოდნენ წვრთნებს. თანამედროვე მემარცხენე ანტისემიტები იარაღით არ იბრძვიან, მათ კლასობრივი და კრიტიკული თეორიები უპყრიათ ხელთ, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას, ვინაიდან აღნიშნული პოლიტიკური სისტემა კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის წყალობით ჩამოყალიბდა, ამჟამად კი რასისტული ბუნება აქვს და ჩაგრავს, ანადგურებს ღარიბ პალესტინელებს.

დღეს ებრაელთა სიძულვილის სამივე ფორმა მთელი სისავსით ცდილობს ევროპის დედაქალაქებში ამოხეთქას და ხშირად სახელს უტეხს პატიოსან პროტესტს, რომელიც მილიონზე მეტი პალესტინელის სიცოცხლის გადარჩენას ესწრაფვის.

რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენს ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. პირიქით, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე დისკუსიის დროს უაღრესად სამართლიან, ღირსეულ პოზიციაზე დგას. ერთი მხრივ, მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს გაუქმების მოთხოვნით გამოვიდოდა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე პასუხისმგებლობას ყველა ებრაელს ერთდროულად დააკისრებდა. მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც „ჰამასი“ დემონურ ძალად არ მიაჩნია. მეორე მხრივ კი, ყოველდღიურად ვაწყდები გულად ახალგაზრდებს, რომლებიც თამამად აპროტესტებენ ისრაელის ექსტრემისტული, რელიგიურ-ნაციონალისტური და რადიკალური ძალების მიერ დატრიალებულ ტრაგედიას. შეუძლებელია პროტესტის გარეშე, გულგრილად აკვირდებოდე ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ ერთად შეკრიბა ყველა ის მონაცემი, რომელიც ღაზას ჯოჯოხეთს აღწერს: ბოლო ერთ წელიწადში იქ 42 ათასამდე ადამიანი დაიღუპა (მათი უმრავლესობა მოხუცები, ბავშვები და ქალები არიან), 100 ათასამდე ადგილობრივი დაშავდა, მილიონზე მეტ მოქალაქეს დაენგრა სახლ-კარი, მილიონ-ნახევარზე მეტი პირი შიმშილობს, ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას, ცხოვრობს დევნილობასა და შიშში.

მგონი დროა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიის გარდა, ანტისემიტიზმზეც დავიწყოთ საუბარი. რაც მთავარია, მეგობრობის გამოცდილებამ, კაცობრიობის ისტორიისთვის შოას უალტერნატივო მნიშვნელობის გაცნობიერებამ უპირობო სოლიდარობის გრძნობა არ უნდა დაგვიკარგოს ღაზის დაუცველი, წამებისთვის განწირული მოსახლეობის მიმართ.

ლობსტერი

0

ამას წინათ წერილში ვწერდი, გადატვირთული წლის შემდეგ, ბარგი შევკარი და დასასვენებლად წავედი-მეთქი. გასაჩერებლად ერთი მყუდრო და პატარა თურქული ზღვისპირა ქალაქი ავირჩიე. სასტუმროს თავისივე ბაღი და სანაპირო ჰქონდა, სადაც ასეთივე მყუდრო ბილიკით ჩაირბენდი. რომ გითხრათ, ზღვისპირას წოლისა და გარუჯვის მოტრფიალე ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. არც ცურვა ვიცი, უბრალოდ ნაპირთან წყალში დავტყაპუნობ და ვერთობი. ესეც მალევე მწყინდება და აი, სწორედ ასეთ დროს მიყვარს ხოლმე ქალაქში სეირნობა და თვალიერება.

 

თურქული ქალაქები, მე თუ მკითხავთ ერთმანეთს წააგავს, ერთი კონცეფციით არის აშენებული. თუმცა, რაღაცნაირად კოპწია და ძალიან მწვანეა. ერთ-ერთი რესტორნის წინ უზარმაზარი აკვარიუმი იყო მოწყობილი და შიგნით ათასი ვინმე დაცურავდა. სილამაზისთვის კი არ იყო. არააა…

ვინც დაცურავდა, შეუკვეთდი და მოგიმზადებდნენ. მე რომ მკითხო, ბარბაროსობაა, თუმცა თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, ასე რომ, განვაგრძოთ.

ერთი დიდი ლობსტერი იჯდა შიგ. უკანა გზაზე გამოვლისას, უკვე აღარ იყო. ჰმ… როგორც ჩანს, ვინმე ფულიანმა „შესანსლა“…

არადა,

400 წლის წინ ახლად აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტის ერთი კოლონიის გუბერნატორმა დიდი უკმაყოფილებით გამოაცხადა, რომ ახალ სამუშაო ადგილზე გადასულს, იქ, ანუ კოლონიაში ერთადერთი საკვები – ლობსტერი – დახვდა. ასეთი სიღარიბის ხილვით გუბერნატორი შოკში ჩავარდა. დღეს ლობსტერი დელიკატესია და სტუმრებს მდიდრულ სუფრებზე მასპინძლობენ. მათ ხომ ზღვისგან მოშორებულ ქალაქებში საოცარი ფასები აქვთ და ზღვისპირა ქალაქებიც არ გამოირჩევიან სიიაფით.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო და დედამიწის სხვადასხვა ადგილას ამ გიგანტურ კიბოსნაირებს სხვადასხვა თვალით უყურებდნენ.

მაგალითად, კარლ ვერნერის ამ ნატურმორტზე ლობსტერია გამოსახული და ასეთი უამრავი ნახატია შექმნილი, რადგან ლობსტერი ევროპაში სიმდიდრისა და ფუფუნების ნიშანი გახლდათ. თუმცა, იმავე დროს ამერიკაში მოსახლეობა ლობსტერს მიწის გასანოყიერებლად იყენებდა. ლობსტერით კვებავდნენ მონებსაც, რომლებიც დროდადრო ამის გამო ბუნტს აწყობდნენ.

ზოგადად, ლობსტერებით ადამიანები უხსოვარი დროიდან იკვებებიან. არქეოლოგებს მეთევზეთა ძველ სოფლებში გათხრების დროს აღმოჩენილი აქვთ მათი ჯავშნები. ლობსტერების ადრეული აღწერა ჩვ. ერამდე მე-15 საუკუნის ეგვიპტიდან მოდის. ასევე, ძველ რომშიც ლობსტერებს საკვებად იყენებდნენ. პომპეის ნანგრევებში შემორჩენილ მოზაიკაში სწორედ ლობსტერია გამოსახული. რეცეპტები ლობსტერით, შესულია ადრეული გამოცემის კულინარულ წიგნებშიც. ლობსტერი ინგლისური სიტყვიდან მოდის, რაც თავის მხრივ, ლათინური lacusta-დან იღებს სათავეს. ეს სიტყვა, გარდა ამ ჩვენი ლობსტერისა, კიდევ დიდ კალიასაც აღნიშნავს.

1300 წელს გამოქვეყნებული რეცეპტების ფრანგულ წიგნში ვკითხულობთ, რომ მათ ღვინოსა და წყალში ამზადებდნენ და გემოს გასაძლიერებლად ძმარს უმატებდნენ. 1393 წელს ასევე საფრანგეთში გამოქვეყნებულ „საოჯახო საქმეების“ წიგნში ლობსტერების მოსამზადებლად მთელი ხუთი რეცეპტი იყო შესული. ასეთ წიგნებში მხოლოდ რთული საზეიმო კერძების მომზადების ინსტრუქციები შეჰქონდათ, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ლობსტერი იმ დროის საფრანგეთში ყოველდღიურობას სულაც არ წარმოადგენდა. ეს არ ეხებოდა ზღვისპირა ქალაქებსა და სოფლებში არსებულ მოსახლეობას. მათთვის ზღვის ყველა ძღვენი იაფი და ყოველდღიური საკვები გახლდათ.

კათოლიკურმა ეკლესიამ ლობსტერები თევზეულთან გაათანაბრა და მათი მარხვის პერიოდში ჭამის ნებართვაც გასცა. ამან ლობსტერების პოპულაცია შეამცირა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე-17 საუკუნეში ზღვის პროდუქტების ტრანსპორტირების შედარებით გაუმჯობესებულ მეთოდებს მიაგნეს, დაჭერილი ლობსტერების რაოდენობა უკვე ძალიან შემცირებული იყო და ქვეყნის შიდა ნაწილებში გადატანისთვის არ ჰყოფნიდათ. შესაბამისად ნელ-ნელა ლობსტერმა სიმდიდრის და ფუფუნების სტატუსი შეიძინა.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ამერიკაში გადასული ევროპელთა გაოცება, როდესაც იქ უამრავი ლობსტერი და მათ მიმართ საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება იხილეს. ამავე დროს აქ ისინი ცილის ერთ-ერთ იაფ და იოლად ხელმისაწვდომ წყაროდ რჩებოდა.

 

ევროპაში ლობსტერის სიძვირე კი ძირითადად ტრანსპორტირების სირთულეებთან იყო დაკავშირებული. რა აღარ მოიფიქრეს, გემების ტრიუმებში შექმნეს აკვარიუმის მსგავსი სივრცეები, სადაც ცოცხალ ლობსტერებს ათავსებდნენ. პატარა ხვრელებიდან წყალი მუდმივად ცირკულირებდა. ამიტომ ახლო მანძილზე ისინი ცოცხლად გადაჰყავდათ, შორ მანძილზე ეს მეთოდი უკვე ვეღარ ამართლებდა, რადგან შიდა და შიგ მტკნარი წყლის ადგილების გავლა ხდებოდა საჭირო, ლობსტერები კი ვერ უძლებდნენ და კვდებოდნენ. ამ და კიდევ სხვა დეტალების გამო ევროპაში ხომ უსაშველო ფასი დაედო მათ და ამერიკაშიც ნელ-ნელა გაძვირდა.

საქმეს ისევ ფრანგებმა უშველეს და მე-19 საუკუნეში თუნუქის ქილებში კონსერვების ჩადების ტექნოლოგია შეიმუშავეს. ეს გამოგონება ფრანგ მზარეულს, ნიკოლა აპერს ეკუთვნის. ჰოდა, ლობსტერები, რომელთა ცოცხლად და საღად გადაყვანა ევროპაში ასე რთული იყო და ჯერ კიდევ ბინადრობდნენ ამერიკის სანაპიროებთან, დაკონსერვების პირველი კანდიდატები გახდნენ. და რა მოხდა იცით? ამ კონსერვებს უცბად იტაცებდნენ ევროპაში, ამერიკაში კი არ ცნობდნენ და კატების საკვებად იყენებდნენ. კონსერვაციის აყვავებამ ლობსტერების პოპულაციას დაარტყა და უკვე ამერიკის სანაპიროებთანაც კი სულ უფრო ძნელი ხდებოდა მათი დაჭერა.

მეცხრამეტე საუკუნეში ქიმია ძალიან სწრაფად განვითარდა. სწორედ ამ დროს ხდება ძირითადი ქიმიური თეორიების სრულყოფა და შესაბამისად, მოფიქრებულ იქნა დაკონსერვების ქიმიური მეთოდები. იმ დროისთვის ძირითადი აქცენტი ნატრიუმის ქლორიდზე, იგივე სუფრის მარილზე კეთდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვებისთვის უფრო ქვამარილს იყენებდნენ. ასევე, ამავე საფრანგეთში გამოყენებული იყო ვაშლის ძმარიც. ეს უკანასკნელი მჟავა გარემოს შესაქმნელად სჭირდებოდათ, რათა ბაქტერიები ვერ გამრავლებულიყვნენ. მოგვიანებით, ის ლიმონმჟავათი ჩაანაცვლეს (დღეს სხვა მჟავებსაც იყენებენ). კიდევ უფრო მოგვიანებით ბაქტერიებთან ბრძოლის დამატებითი მეთოდი – პასტერიზაცია შემოვიდა საქმეში.

თანამედროვე კონსერვებთან მიმართებით საქმე უფრო რთულადაა. ამატებენ სხვადასხვა კონსერვანტს და გამოყენების ვადაც უსაშველოდაა გაზრდილი. ერთ-ერთი ნატრიუმის ბენზოატია. გამოიყენება დამუშავებული საკვები პროდუქტების და სასმელების ხანგრძლივი დროით შენახვისთვის. უსუნო კრისტალური ნივთიერებაა, რომელსაც ნატრიუმის ტუტისა და ბენზოის მჟავასგან იღებენ. კიდევ ერთი გავრცელებული კონსერვანტი ნატრიუმის ნიტრატი გახლავთ. ასევე, ზეთოვან კონსერვებში კალიუმის სორბიტი და უამრავი სხვა ნივთიერებაც შეიძლება იყოს. სორბიტი ტკბილ კონსერვებშიცაა, ჯემებში, მურაბებში. ზოგიერთი თანამედროვე კონსერვები, რომლებიც თუნუქის ქილებშია, ბისფენოლსაც შეიცავს, რომელიც კონსერვის ვადის გასვლის შემდეგ ან არასწორი შენახვისას, შეიძლება საკვებშიც გადავიდეს. ამიტომ, მე პირადად, თუ კონსერვს ვყიდულობ, უფრო მინის ქილას ვანიჭებ უპირატესობას.

დღეისათვის დამკვიდრებულია წესი, რომ საბრალო ლობსტერი ცოცხლად უნდა მოიხარშოს, რადგან ძალიან გაყინულიც კი მალევე ფუჭდება. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ნებისმიერი ზღვის ბინადრის მსგავსად, ლობსტერებიც უამრავ მარილიან წყალს შეიცავს. წყალს მათი ჯავშნის ქვეშ ბაქტერიებიც მიჰყვება, მაგრამ წყლის მარილიანობის გამო ვერ მოქმედებენ. როგორც კი ლობსტერი კვდება, სწორედ ეს ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და ლპობის პროდუქტების – ინდოლისა და სკატოლის სინთეზს. ასეთმა დადებულ-შენახულმა ლობსტერმა შეიძლება ინტოქსიკაციაც გამოიწვიოს. ამიტომ, შემუშავებული ტექნოლოგიის თანახმად, შეიძლება მისი გაყინვა ან კონსერვაცია. თუმცა, ცოცხლად მოხარშული ლობსტერის გემოს ვერაფერი შეედრებაო. არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც მათ კანონი იცავს და მათი ქვაბში ცოცხლად გადაძახებას კრძალავს, თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთის ამ პატარა ქალაქში ეს წესები არ მოქმედებდა. ამიტომაც, იჯდა საბრალო აკვარიუმში და ელოდა, როდის აირჩევდნენ, რომ შეეჭამათ.

პირადად მე, ლობსტერი სამჯერ გავსინჯე. პირველი გასინჯვისას არ მომეწონა, მეორედ და მესამედ, უბრალოდ შესაძლებლობა მივეცი მომწონებოდა, მაგრამ იმ პირველ შთაბეჭდილებაზე დავრჩი. ჩემთვის კარგ თევზს არაფერი ჯობს და თუ მაინც კიბოსნაირი უნდა მივირთვა, მაშინ კიბორჩხალა იყოს.

ადამიანების ასეთი სწრაფვა ლობსტერებისადმი კი ალბათ იმით აიხსნება, რომ იოლად ხელმისაწვდომი პროდუქტი არ არის. ჰოდა, მარტივი ფსიქოლოგიაა, რაც რთულად მოსაპოვებელია, მით უფრო ძვირფასია.

სავარაუდოდ, ლობსტერის საქმეც ასეა.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მეხუთე ნომერი გამოიცა!

0

როდესაც მოსწავლეებს ღირებულებებზე ვესაუბრებით, თავისუფლებაზე საუბრისას ვუხსნით, რა არის თავისუფლება, სად იწყება და მთავრდება მისი საზღვრები და  ყოველდღიურობაში, როგორ და რაში შეიძლება დაინახო ან გამოხატო თავისუფლება.

ღირსებაზე საუბრისას, ადამიანური ღირსების მაგალითები მოგვყავს, მისი მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრებით და ვცდილობთ, ვასწავლოთ მისი   დაცვა და  ყოველდღიურ ურთიერთობებში მისი აუცილებლობა დავანახოთ.

ჩვენ ვცდილობთ, დავაფიქროთ ისინი,  თუ რას ნიშნავს თავისუფლება, როგორ ვლინდება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ყოველდღიურობაში.

მასწავლებლები ვეხმარებით  მოსწავლეებს,  ღირებულებებზე კრიტიკულად იფიქრონ,  შეაფასონ და დაფიქრდნენ  განსხვავებულ ხედვებზე. ვეხმარებით მათ  იმის გააზრებაში, რომ როგორც საკუთარი მოსაზრებების დაცვაა მნიშვნელოვანი, ამავდროულად, სხვების შეხედულებების პატივისცემით მიღება და გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.

საგაკვეთილო პროცესშიც და არაფორმალური განათლების დროსაც, ვახალისებთ მათ დასვან ღია კითხვები,  გააანალიზონ და აგვიხსნან, რატომ ფიქრობენ ასე.  ვაფიქრებთ და ვუბიძგებთ ძიებისკენ − კიდევ რა ალტერნატიული მიდგომები შეიძლება  არსებობდეს აღნიშნული საკითხისადმი? კითხვები აჩენს სააზროვნო სივრცეს მოსწავლეებისთვის, დაფიქრდნენ არა მხოლოდ პასუხზე, არამედ ლოგიკაზე, რომელიც პასუხს განაპირობებს.

დისკუსიები და დებატები ეფექტური გზაა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.

ხშირად, მოსწავლეები მოკლედ და მშრალად გვპასუხობენ.  ამიტომ მნიშვნელოვანია, დავსვათ  დამატებითი კითხვები, რომლებიც მათ იდეების, საკითხის თუ პრობლემის უფრო ღრმა გააზრებას „აიძულებს“.

მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სხვადასხვა აზრის და შეხედულების გამოხატვა თავისუფლად და უსაფრთხოდაა შესაძლებელი, სადაც ურთიერთპატივისცემა წახალისებული და მხარდაჭერილია.

შესაძლოა,  მკითხველმა იფიქროს, რატომ მეორდება  რედაქტორი  და კიდევ ერთხელ რატომ გვესაუბრება  ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობ საკითხზე, ეს ხომ ისედაც ვიცით.

ამ ყველაფრის შეხსენება  კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მთავარ სათქმელამდე მისასვლელი მჭირდებოდა.

ხშირად, მოსწავლეებისთვის მასწავლებელი  მისაბაძი მაგალითია, ამიტომაა მნიშვნელოვანი, ჩვენ  თავადაც, ჩვენი საქციელით დავანახოთ მათ  ამ ღირებულებების მნიშვნელობა. თუ მასწავლებელი ურთიერთპატივისცემას, ღირსებასა და დამოუკიდებლობას საკუთარ ქცევაში გამოხატავს, მოსწავლეებიც უფრო ადვილად შეითვისებენ ამ ღირებულებებს.

ამის დეფიციტი რომ არ შემემჩნია,  ამაოდ  არ გავირჯებოდი.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მანანა ბოჭრიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, ნესტან მიქაძე, ლიზი ლაშქარავა, დალი ნემსაძე,   მაია ფირჩხაძე,  ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, ირენა მახარაძე, მაია მენაბდე, თემურ სუყაშვილი,  ქრისტინე სურგულაძე,  ინა იმედაშვილი, ლელა კოტორაშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, დათია ბადალაშვილი,  დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი ”მასწავლებელი” #5

ფოტოგრაფია – ბინდბუნდის ხელოვნება   

0

ფოტოგრაფიის ბუნებაზე მანამდეც დავფიქრებულვარ, მაგრამ სიუზენ ზონტაგის ესეების წაკითხვის შემდეგ მეტი სიფრთხილით ვარჩევ გადასაღებ ობიექტს და ჩემს საქმიანობასაც მეტი ირონიით ვუყურებ. არა, ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვარ. უბრალოდ, ხანდახან მეც მიჩნდება სურვილი, სინამდვილის პაწაწინა ნაწილი მოვიხელთო, „დროის თხელი ანათალების“ დაგროვებით თავი უფრო მშვიდად ვიგრძნო: დავიწყებასთან ბრძოლა შესაძლებელია, ნანახს, განცდილს ასე უფრო მარტივად გავაცოცხლებ.

სიუზენ ზონტაგი ამ ესეებს გასული საუკუნის 70-იან წლებში წერდა, ფოტოგრაფიასა და ფოტოგრაფებს მრავალი მხრიდან აკვირდებოდა და აფასებდა. მისი მოსაზრებების დიდი ნაწილი შემაშფოთებლად ზუსტია, წინასწარმეტყველური. „სამყაროს მისხალ-მისხალ შეკოწიწებით“, „სინამდვილის ნამცეცების შეგროვებით“ ახლა ყველა თითქმის ერთნაირად შეპყრობილია და ის აგრესიაც მნიშვნელოვნად გაზრდილია, რომელიც გარდაუვლად ახლავს ამგვარი გამოსახულებების შექმნას. „ფოტოსურათის გადაღებაში არის რაღაც მტაცებლური, – წერს ავტორი. – ვინმესთვის ფოტოს გადაღება მასზე ერთგვარი ძალადობის გამოვლინებაა, რადგან მას ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარი თავი არასდროს აღუქვამს, რაღაც ისეთს ვიგებთ მის შესახებ, რაც თვითონ არასდროს სცოდნია“.  კიდევ უფრო საყურადღებო, სახიფათოც კი, მითვისების, დასაკუთრების ვნებაა: გაქვს და მეტი გინდა, გაქვს და მაინც ნატრობ, კიდევ ერთხელ მისწვდე, თითებში მოიქციო.

რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ფოტოკამერას უფრო მეტის მიჩქმალვა ახასიათებს, ვიდრე გამომზეურება“. სიუზენ ზონტაგი იმასაც კი აცხადებს, ადამიანი ვერასდროს ვერაფერს იგებს ფოტოსურათიდანო. სინამდვილის მოხელთების მცდელობები დიდწილად განწირულია, ქარის უსასოოდ დევნაა. სურათების დამთვალიერებელს ეს უნდა ახსოვდეს და ილუზიების ბადეშიც ნებაყოფლობით, უპირატესად თავშექცევის მიზნით უნდა ეხვეოდეს.

„სიურრეალიზმი ფოტოგრაფიული საქმიანობის გულისგულშივე დევს, – ვკითხულობთ ერთ ესეში, – იმთავითვე იგულისხმება, როცა იქმნება დუბლირებული სამყარო, ასე ვთქვათ, მეორე საფეხურის სინამდვილე, შედარებით დავიწროებული, თან უფრო მეტად დრამატული, ვიდრე ამას ადამიანის შეუიარაღებელი თვალი აღიქვამს“. ამ მოცემულობის მიუხედავად, ცხადია, ფოტოგრაფთა ამოცანები განსხვავდება ეპოქიდან ეპოქამდე. თუ კარტიე-ბრესონი სამყაროს სტრუქტურის პოვნას ელტვოდა და ფორმით ტკბობას უდიდეს სიამოვნებად სახავდა, დღევანდელი ფოტოგრაფების ჩანაფიქრი ხშირ შემთხვევაში უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, რაც, ბუნებრივია, მათი მცდელობების ნაყოფზეც აისახება. თუ ერთ დროს სწამდათ, რომ ფოტოსურათი „რაც მეტს გეუბნება, მით ნაკლები იცი“, ახლა მანუგეშებელი სიმარტივე მოგვწონს: რაც არ გადაგვიღია, არც ყოფილა.

და მაინც, რა არის ფოტოგრაფია? შეიძლება თუ არა ხელოვნების ნიმუშები ვუწოდოთ „სინამდვილის გამომწყვდევის“ თუნდაც ყველაზე შთამბეჭდავ, ყველაზე წარმატებულ მცდელობებს? სინამდვილეს ხომ, როგორც ამ ესეების ავტორი გვარწმუნებს, „შეკუმშვისკენ, გამოცარიელებისკენ, გაქრობისკენ, დასხლტომისკენ მიდრეკილება ახასიათებს“. ეს ის არის, რასაც ვერაფრით დაისაკუთრებ. სიუზენ ზონტაგი ახსენებს ფოტოგრაფიული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელ სუბიექტურობას, „სიცრუის უნარსა და ესთეტიკური სიამოვნების მონიჭების ძალას“, თუმცა ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფოტოგრაფია რაღაც სხვაა და არა ხელოვნების დარგი, ტრადიციული გაგებით. არადა, ჰენრი რობინსონს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უთქვამს: ფოტოგრაფია ნამდვილად ხელოვნებაა, რაკი შეუძლია იცრუოსო.

სიუზენ ზონტაგი სხვა ესეში თავადვე უწოდებს ფოტოგრაფიას ელეგიურ ხელოვნებას, ბინდბუნდისას. ასეა – არის და არც არის. რაც ჩანს, მუდამ რაღაც სხვად ჩანს.

 

 

 

ისტორიული აზროვნების ტენდეციები და მეთოდოლოგიური მიდგომები ისტორიის სწავლებაში

0

ისტორიის სასკოლო კურსი  მრავლფეროვანი საისტორიო წყაროების გამოყენებაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიის სწავლების დროს. ეფექტური სწავლებისთვის,  მნიშნელოვანია ისტორიის მეთოდოლოგიური საკითხების წინ წამოწევაც, რასაც მასწავლებელმა ცალკე დრო უნდა დაუთმოს. რას მივაქციოთ ამ დროს ძირითადი ყურადღება, რაზე გავაკეთოთ აქცენტები? როგორია ამ წყაროთა კონტექსი, მათი „ენა“, როგორი იყო ისტორიის წერის მეთოდები ძველ საბერძნეთში დარომში, როგორი იყო  ისტორიის შესწავლის მეთოდები შუა საუკუნეებში, ან ისტორიის შესწავლის მეთოდები აღორძინების ეპოქაში? აღნიშნული მეთოდლოგიური მიდგომების გათვალისწინება ხელს უწყობს მასწავლებელს საგნობრივი მიზნების მიღწევაში.

ისტორიოგრაფია ძველბერძნული სიტყვაა და გულისხმობს ყველაფერ იმას, რაც ისტორიის შესახებ იწერებოდა. ისტორიოგრაფია შეისწავლის არა ისტორიის განვითარების პროცესს, არამედ ისტორიული აზრის განვითარებას. ისტორიული ნაწარმოებები იმ მიზნით იქმნებოდა, რომ შთამომავლობისთვის წარსული შეენახა. სხვადასხვა პერიოდის ისტორიული აზროვნება ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

პირველი პრიმიტიული ისტორიების შექმნა ადამიანმა პალეოლითის ხანაში დაიწყო. ეს იყო ზეპირად შემონახული ამბები, სადაც პირველყოფილი ტომების წევრთა თავგადასავლები იყო მოთხრობილი. პირველი   წარმოდგენები   ისტორიის   მეთოდოლოგიის   შესახებ   ჩნდება   ძველ   ბერძნებში.   ეს   ბუნებრივია,  რადგან  მათი  პრინციპი  იყო  –   „ვაზროვნებ,   ესე   იგი ვარსებობ“ (Cogito ergo sum) (რ.  დეკარტი).  მითოლოგია  თანდათან  ადგილს  უთმობს  ისტორიულ  თხრობას.  აღმოსავლური  კულტურის  საფუძველზე  ბერძნებმა  დაიწყეს  სინამდვილის  მეცნიერულად  ახს-ნა. თანამედროვე მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ანტიკურ სამყაროში ჰეროდოტედან (დაახლ. ძვ.წ. აღ-ით 485-42) მოყოლებული ისტორია განიხილება,  როგორც  წარსულის  რაციონალური  კონსტრუქცია.

რა   არის   ისტორიული   კვლევის   ობიექტი?   როგორია   კვლევის   მეთოდები, ანუ როგორ პასუხობენ ისტორიკოსები კითხვებს – სად? როდის?  რა?  რატომ?

ჰეროდოტესთვის  ისტორია  იყო  მსოფლიო  კულტურის  კვლევა.  მისი  დამსახურებაა  ისტორიაში  მიზეზშედეგობრიობის  პრობლემის  არა  მხოლოდ  პრაქტიკაში  გამოყენება,  არამედ  მისი  მეცნიერულად  გადაწყვეტის  ერთ-ერთი  პირველი  ცდა  (მაგ.,  ბერძენ-სპარსელთა  ომების   რეალური   მიზეზების   ძიება).   მან   პირველმა   შემოიტანაგეოგრაფიულ-კლიმატური  გარემოს  მიმოხილვა,  როგორც  ისტორი-ული  ფაქტებისა  და  მოვლენების  ახსნის  აუცილებელი  პირობა.  მან  პირველმა  შექმნა  თხრობითი  ისტორიული  ნაწარმოების  ფორმა  და  სტილი.  მან  საფუძველი  ჩაუყარა  ისტორიული  კვლევა-ძიების  „კრი-ტიკულ  მეთოდს“.

ჰეროდოტეს   უმცროსმა   თანამედროვემ,   თუკიდიდემ   (დაახლ.   ძვ.წ.აღ-ით  465/60/55-400/395)  ჰეროდოტეს  შემდეგ  კიდევ  უფრო  გააღრმავა  ისტორიული  კვლევის  კრიტიკული  ხერხები.  იგი  განსაკუთრებით  შეეცადა  ისტორიკოსის  წინაშე  მდგარი  კითხვისთვის  –  რატომ?  პასუხი  გაეცა.  აეხსნა  ისტორიული  ფაქტებისა  და  მოვლე-ნების  გამომწვევი  მიზეზები  და  შედეგები,  თუმცა  აღნიშნულ  კითხვაზე  პასუხის  გაცემამ  იმდენად  გაიტაცა,  რომ  ფაქტებისა  და  მოვ-ლენების  ზუსტად  დადგენის  აუცილებლობა  შედარებით  მიავიწყდა.  თუკიდიდესთვის   ისტორია   პოლიტიკოსთა   მოღვაწეობაა.   ალბათ,   ამიტომაც  მასზე  წერენ,  „თუ  ჰეროდოტე  ისტორიის  მამაა,  თუკი-დიდე  უდავოდ  ფსიქოლოგიური  ისტორიის  მამად  უნდა  მივიჩნიოთ“.

ქსენოფონტემ (დაახლ.  ძვ.წ.  435  და  431  წ.  შორის  –  355/354)  თავის  კვლევებში  დიდი  ადგილი  დაუთმო  სოციალურ-ეკონომიკურ  და  სამეურნეო  ცხოვრების  საკითხებს,  სახელმწიფო  ფინანსებს,  დი-დაქტიკას.  მისი  თხზულებათა  მნიშვნელობა  დიდია.  იგი  წერდა  მარ-ტივად,  ნათლად,  ლამაზად. პლუტარქემ  (დაახ.  46/50-125/127)  ბერძნულ  ისტორიოგრაფი-აში  შემოიტანა  და  განავითარა  ბიოგრაფიული  ჟანრი.  მას  ისტორია  ზნე-ჩვეულებათა გამოსწორების საშუალებად მიაჩნდა. იგი არ არის დიდი  ისტორიკოსი.  პლუტარქე  ყურადღებას  აქცევდა  არა  ისტორიულ  ფაქტებს,  არამედ  თავისი  გმირის  მორალურ  სახეს.  ისტორია  მისთვის,  უწინარეს  ყოვლისა,  მორალური  სრულყოფისათვის  წარსულის  სახელოვან  საქმეთა  ჭვრეტაში  ჩაღრმავებაა.ძირითადად,   ბერძენი   ისტორიკოსისთვის   ისტორიულ   წყაროს   თვითმხილველის   ნაამბობი   წარმოადგენს,   ისტორიის   მეთოდს   –   თვითმხილველთა   გამოვლენა,   ხოლო   მკვლევრის   ხელოვნება   გულისხმობს  მრავალფეროვანი  კითხვების  დასმით,  თვითმხილველს  დაეხმაროს  ობიექტური  სურათის  აღდგენაში.

რომის  იმპერიის  შექმნამ  შეცვალა  ისტორიის  შესწავლისადმი  მოთხოვნილება.   ისტორია   უფრო   მასშტაბური   და   სიღრმისეული   გახდა.   ამიერიდან   იწერებოდა   არა   ცალკეული   ქალაქ-სახელმწი-ფოების   ან   ხალხების   ისტორიები,   არამედ   მთელი   იმპერიისა   და   მასში  შემავალი  ხალხების  საერთო  ისტორია.  თუ  ბერძნებისთვის  სახელმწიფო   წარმოადგენდა   მატერიალურ   ფუნდამენტს   მაღალი   სულიერი  კულტურის  შესაქმნელად  და  სწორედ  ეს  კულტურა  იყო  მათთვის   სიცოცხლის   უმაღლესი   მიზანი,   რომაელთათვის   რომის   ისტორიის   მთელი   პროცესი   იყო   სახელმწიფოებრივი   სიძლიერის   მიღწევა,  ხალხების  დაპყრობა  და  საზღვრების  გაფართოება.  რო-მაელმა   ისტორიკოსებმა   თანამედროვეობის   აღწერასთან   ერთად   დაიწყეს წარსულის გადმოცემაც. ბერძენი პოლიბიოსი (ძვ.წ. აღ-ით 200/201- დაახლ. 120) ისტორიკოსის მოვალეობად თვლიდა, მოვლე-ნების არა მხოლოდ აღწერას, არამედ ახსნას. პირველად სწორედ მის შრომებში ჩაისახა მსოფლიო ისტორიის ცნება. იგი აქცენტს აკეთებ-და სამხედრო და პოლიტიკურ ისტორიაზე, დიდ როლს ანიჭებდა ბედისწერას, თუმცა მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ცოდნა მიაჩნდა.მსოფლიო სახელი მოიპოვა რომაელი ისტორიკოსის კორნელიუს ტაციტუსის (დაახლ. 58-117 წწ. შემდეგ) „ისტორიამ“ და „ანალებმა“. მისი,  როგორც  ისტორიკოსის  ყველაზე  ძლიერი  მხარეა  ფსიქოლო-გიური  ხედვა  და  საკითხისადმი  კრიტიკული  მიდგომა.  ტაციტუსის  შესწავლის ძირითადი საგანი იმპერატორთა და პოლიტიკოსთა მოღ-ვაწეობა  იყო.  მან  იმპერატორთა  ბრწყინვალე  დახასიათება  მოგვცა. ტაციტუსის შეფასებით იმპერატორთა მოღვაწეობა პროგრესულია, რადგან ისინი იმპერიის დიდებას განამტკიცებენ. მაგრამ, ამავე დროს,  იგი  მათ  სისხლიან  ტირანებსაც  უწოდებდა,  რადგან  მიაჩნდა,  რომ  ისინი  ეყრდნობიან  დაუნდობელ  სამხედრო  ძალას,  დამბეზღებ-ლებს,  მოღალატე  მოხელეებს  და  ღუპავენ  ქვეყნის  საუკეთესო  შვი-ლებს.თავისი  თხზულებების  წერის  დროს  ტაციტუსი  იყენებდა  მრავალი  სახეობის  წყაროს:  სხდომის  ოქმებს,  მემუარებს,  მოგონებებს,  წინამორბედ   და   თანამედროვე   ისტორიკოსთა   თხზულებებს.   იგი   დიდი მონდომებით კრებდა მასალას იმაზე, რაზეც წერას აპირებდა.

წყაროთა გამოყენების მრავალფეროვნებითა და მასალის შეკრებით იგი ნოვატორი იყო. ამასთანავე ტაციტუსი კრიტიკულად უდგებოდა მოპოვებულ  წყაროებს;  ერთი  წყაროს  ცნობას  მეორესთან  აჯერებდა,  ადარებდა  და  კრიტიკის  საფუძველზე  არჩევდა  უფრო  მისაღებ  მასალებს.  ხშირად  იგი  მის  ხელთ  არსებულ  წყაროებს  ამოკლებ-და.  აღსანიშნავია,  რომ  ტაციტუსი  მოთხრობილის  მნიშვნელოვანი  ნაწილის  მომსწრეა.ტაციტუსისთვის,  როგორც  მკვლევრისთვის  დამახასიათებელია  ისტორიული   პროცესების   დიალექტიკური   გაგება.   მას   ეკუთვნის   ცნობილი სიტყვები `მრისხანებისა და მიკერძოების გარეშე~ (შინე ირა ეტ  შტუდიო).  ამ  სიტყვებით  მან  ისტორიული  პროცესების  მკვლევრებს  შეახსენა  –  თქვენი  უპირველესი  მოვალეობა  ჭეშმარიტების  დადგენაა.

აღნიშნულმა ფორმულამ შემდგომი განვითარება სპინოზას გამონათქვამში პოვა – „მხოლოდ გაგებით და არა სიცილით, ტირილით, სიძულვილით“, რომელიც მთელი ისტორიული მეცნიერების დევიზი გახდა.

ბერძნულ-რომაული  ისტორიოგრაფიის  ძირითადი  პრინციპია  ჰუმანიზმი.  მისი  თხრობის  მთავარი  საგანი  ადამიანთა  ისტორიაა,  ადამიანის  ქმედების,  მიზნის,  მარცხისა  და  წარმატების  ისტორია.  ისტორიის   მსვლელობაში   ღმერთები   მხოლოდ   მაშინ   ჩნდებიან,   როდესაც  ადამიანს  საკუთარი  სურვილისა  და  მიზნის  მისაღწევად  დახმარება  სჭირდება.  ღმერთებს  არ  გააჩნიათ  კაცობრიობის  ის-ტორიის  განვითარების  საკუთარი  გეგმა,  ისინი  მხოლოდ  ადამიანის  გეგმების  წარმატებასა  თუ  წარუმატებლობაში  იღებენ  მონაწილეო-ბას.  სწორედ  ამიტომ  ნებისმიერი  ისტორიული  მოვლენა  ადამიანთა  ნება-სურვილის  პირდაპირ  შედეგად  განიხილება.  ამ  ეპოქის  ისტო-რიკოსებისთვის  მთავარია  –  ადამიანის  არჩევანის  თავისუფლების  იდეა.

ადრე შუა საუკუნეებში დადგა საკითხი შეექმნათ ისტორიის ფილოსოფია,  განმსჭვალული  ღვთისმეტყველური  სულით.  ისტორიის  შესწავლა მთლიანად დამოკიდებული გახდა ფილოსოფიის საკვანძო საკითხზე – შემეცნების თეორიაზე. შუა საუკუნეებში გაბატონდა სამყაროს  შექმნისა  და  საზოგადოების  ჩამოყალიბების  თეოლოგიურ-იდეალისტური  გააზრება,  რომლისთვისაც  დამახასიათებელია  ის-ტორიული  პროცესების  მისტიკური,  სიმბოლური  და  ალეგორიული  განმარტება.  ისტორიის  მთელ  განვითარებას  პროვიდენციალიზმის  საფუძველზე  ხსნიდნენ.

პროვიდენციალიზმი  არის  ობიექტურ-იდეალისტური  ისტორიის  ფილოსოფიის  ფორმა,  რომლის  თანახმადაც  ისტორიას  განსაზღვრავს ღვთის ნება. ხოლო ღვთის ნების განხორციელება ადამიანის მეშვეობით  ხდება.  იგი  ყველა  თეისტური  (იუდაიზმი,  ქრისტიანობა,  ისლამი)  რელიგიის  არსებითი  ნიშანია. ქრისტიანული  პროვიდენციალიზმი  ეკლესიასთან  ერთად  წარმოიშვა.  მისი  ზეგავლენით,  IV-V  საუკუნეებიდან  მოყოლებული,  ისტორიის  ახლებური  გაგება  ჩამოყალიბდა,  რომლის  მიხედვით  ისტორიული  პროცესი  განიხილება,  როგორც  ღვთიური  ნების  და  არა  ადამიანური  მიზნების  შედეგი.  თუმცა  ღვთიური  ნება  ხორცშესხმას  პოულობს  ადამიანთა  ქმედებებში.  ღმერთი  მხოლოდ  ამ  ქმედებების  განსაზღვრითა  და  ადამიანთა  სურვილების  ცვალებადობით  შემოიფარგლება.რას ნიშნავს ეს? ყოველმა ადამიანმა იცის – თუ რა სურს და როგორ  უნდა  მიაღწიოს  მიზანს,  ოღონდ  მის  სურვილს  განსაზღვრავს  ღმერთი. ერთი მხრივ, ისტორიის შემოქმედი არის ადამიანი, რადგან ისტორიას ქმნის ადამიანთა ნება, მეორე მხრივ, ისტორის ერთადერ-თი  შემოქმედი  ღმერთია,  რადგან  ადამიანთა  ქმედება,  სურვილები,  მიზნები,  მისწრაფებანი  და  მიღებული  შედეგები  წინასწარაა  ღმერ-თის  მიერ  ნაკარნახები.  ერთი  მხრივ,  ღმერთი  ზრუნავს  ადამიანთა  კეთილდღეობაზე  და  ღვთიური  მიზანი  სწორედ  ამ  კეთილდღეობის  შექმნაა,  მეორე  მხრივ,  ღმერთს  საკუთარი  მიზნების  განხორციელებისთვის  სჭირდება  ადამიანი.  საკითხისადმი  ამ  ახალი  მიდგომით  აღიარებულ  იქნა  ადამიანის  როლი  ისტორიის  განვითარებაში.  სწორედ  ესაა  თანამედროვე  ისტორიის,  როგორც  მეცნიერების  ქვაკუთხედი.ქრისტიანისთვის  ღვთის  წინაშე  ყველა  ერთია;  მისთვის  არ  არ-სებობს  რჩეული  ერი,  სხვაზე  უფრო  მნიშვნელოვანი  ბედის  მქონე  საზოგადოება. ქრისტიანს სჭირდება სამყაროს ისტორია მთლიანად, მსოფლიო   ისტორია,   რომლის   ძირითადი   თემა   –   ადამიანისთვის ღვთის  განგების  აღსრულებაა.

შუა  საუკუნეების  ისტორიკოსებს  ამ  ობიექტური, ანუ ღვთიური გეგმის ახსნა-განმარტება ევალებოდათ. პროვიდენციალიზმის  იდეები  ყველაზე  საფუძვლიანად  ნეტარი ავგუსტინეს (354-430)  შემოქმედებაში  აისახა.  ისტორიული  პროცესების  მისეულმა  გააზრებამ  საფუძველი  დაუდო  შუა  საუკუნეების  მთელ ქრისტიანულ-საეკლესიო ისტორიოგრაფიას. მისი შეხედულე-ბების  წარმოჩენა  მნიშვნელოვანია  არა  მხოლოდ  შუა  საუკუნეების  ისტორიული    მსოფლმხედველობის    გასაგებად,    არამედ    მთლი-ანად  მთელი  ისტორიოგრაფიის  განვითარების  დახასიათებისთვის  დღემდე,   რადგან   თვით   XIX-XX   საუკუნეების   ისტორიოგრაფიაში,   მრავალი  ისტორიკოსის  ნააზრევში,  მუდმივად  ვაწყდებით  ავგუს-ტინეს  იდეებისა  და  კონფესიური  მსოფლმხედველობის  სერიოზულ  გავლენას.

ნეტარი  ავგუსტინეს  კვლევის  საგანი  იყო  პიროვნების  რაობა,  სამყაროსა  და  ღმერთის  მიმართება,  დრო  და  თავისუფლება.  მისთ-ვის ისტორიის შინაარსია მოძრაობა და განვითარება დროში, რადგან სამყარო ღმერთმა დროსთან ერთად შექმნა. ამდენად, მისთვის დრო და  მარადიულობა  განსხვავებული  ცნებებია.  ავგუსტინესთვის  გონება  მაშინ  იღებს  ჭეშმარიტ  მიმართულებას,  თუ  იგი  რწმენის  განმტკიცებას  ემსახურება.  მისთვის  სამყარო  ღმერთის  მიერ  არარაო-ბისგან  არის  შექმნილი,  ამიტომაც  ცოდვებით  არის  დამძიმებული.  შესაბამისად,  კაცობრიობის  ისტორია  ბოროტისა  და  კეთილის  დაპირისპირებაა.  მარადიული  მხოლოდ  განკითხვის  შემდეგ  დგება.ნეტარი   ავგუსტინე   არის   პირველი   ისტორიკოსი,   რომელმაც   ბიბლიური   ისტორიოგრაფიის   მოდელით,   ისტორიულ   პროცესთა   გლობალური  თეორია  შექმნა.  მან  ისტორიას  დააკისრა  მხსნელის,  ცოდვათა   მონანიების,   დამრიგებლის   მისია,   ქაოსურ   სამყაროში   განგების  საშუალებით  წესრიგის,  კანონისა  და  საბოლოო  მიზნის  გააზრება.მის  ნააზრევში  დიდი  ადგილი  უკავია  სახელმწიფოსა  და  ეკლესიის ურთიერთობას, ისტორიაში მათი როლისა და მნიშვნელო-ბის  განსაზღვრას. რადგან შუა საუკუნეების ისტორიკოსთა მიზანი იყო აეხსნათ და წარმოეჩინათ  ღვთიური  გეგმა,  რომელიც  დროში  ვითარდებოდა  და  მისი  განხორციელებისთვის  საჭირო  იყო  გარკვეული  ეტაპების  გავ- წარმოიშვა  ისტორიის  ეპოქებად  დაყოფის  კონცეფცია.  ყოველი  ეპოქა  რომელიმე  მნიშვნელოვანი  მოვლენით  იწყებოდა.  მსოფლიო  ისტორიის  პერიოდიზაცია  ოთხი  მონარქიის  –  ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის,  ალექსანდრე  მაკედონელისა  და  რომის  იმპერიის  ეპოქებად  დაიყო.  ისტორიის  ეპოქებად  დაყოფის  მცდელობა  მომ-წიფებული  ისტორიული  აზროვნების  მაჩვენებელია.  ამ  აზროვნების  მიზანია  არა  მხოლოდ  ფაქტების  დადგენა,  არამედ  განმარტებაც.შუასაუკუნოვანი ისტორიოგრაფია ფეოდალური საზოგადოების, მეფეთა  და  დიდ  სახელმწიფო  მოღვაწეთა  ისტორიას  მოგვითხრობს.  ამ პერიოდის ისტორიკოსები საერო და საეკლესიო ფეოდალურ წრეს ეკუთვნიან.  შესაბამისად  ისინი  გაბატონებული  კლასის  ინტერესებს  გამოხატავენ.   მათი   შრომები   საზოგადოების   მაღალი   წრის,   მისი   განათლებული  და  გაბატონებული  ნაწილისთვის  იყო  გამიზნული.  მათი  თხრობის  ძირითადი  საგანი  მეფეთა  და  გამოჩენილ  ადამიანთა  ცხოვრებაა. ამდენად, ისტორიკოსთა ინტერესის სფეროს მშრომელი ხალხი  არ  წარმოადგენს.

შუა    საუკუნეების    ქრონოგრაფებისთვის    დამახასიათებელია    გადაჭარბებული   რიცხვების   დასახელება   (მაგ.,   ომში   მონაწილე-თა  რაოდენობა),  რადგან  თხრობის  დროს  ავტორი  ფაქტების  სიზუსტეზე    მეტად    მკითხველზე    შთაბეჭდილების    მოხდენისთვის    ზრუნავს.  სწორედ  ამ  თვისებაში  კარგად  ჩანს,  როგორც  ბიბლიური  ჰიპერბოლიზებული  სტილის,  ასევე  რომაული  რიტორიკის  გავლენა.  მატიანეებში ხშირია ბიბლიური სიუჟეტების გამოყენება, წონისა და სიგრძის ერთეულების ბიბლიიდან ან ანტიკური მწერლობიდან გადმოღება.  საერთოდ,  შუასაუკუნოვან  კულტურაზე  გარკვეულ  გავლენას  ახდენდა  ანტიკურობა,  ხოლო  ქრონოგრაფთაერთი  ნაწილ-ისათვის  რომაელი  ისტორიკოსი  –  ტიტუს  ლივიუსი  მიბაძვის  საგანს  წარმოადგენდა.

მკვლევრებმა  აღმოაჩინეს,  რომ  ქრონოგრაფები  ხშირად  ერთსა  და იმავე შეცდომას უშვებენ. მაგალითად, კლასიკურ ავტორთა გადმოწერის  დროს  ტექსტში  ურთავენ  გამოთქმას:  „წმინდა  წერილი“,  „ღმერთების“  მაგივრად  წერენ  „ღმერთს“  და  სხვ.  შუა  საუკუნეების  მემატიანეები  უხვად  იყენებენ  ბიბლიურ  ტერმინებს,  სიტყვებს,  ეპითეტებს  და  ა.შ.,  ხაზგასმით  უნდა  ითქვას,  რომ  შუასაუკუნოვან  ისტორიოგრაფიაზე  უდიდესი  გავლენა  აქვს  „წმინდა  წერილს“,  რომელიც  მის  სააზროვნო  სისტემაში  დოგმად  ითვლება.  ქრონოგრაფებისთვის  დამახასიათებელია  ისტორიული  ფანტაზიაც.

ისმის   კითხვა   –   რამდენად   ზუსტია   მათ   მიერ   გადმოცემული   ფაქტები?  ქრონოგრაფთა  მიზანი  არ  იყო  ფაქტების  სიზუსტე.  მთავარია  ისინი  განემარტათ  რელიგიურ  ან  პოლიტიკურ  ჭრილში.  კრიტიკა  მათთან  ძალიან  მცირე  ადგილს  იკავებდა.  ამ  თვალსაზრისით  მათთვის  დამახასიათებელია  საერთო  ნიშანი,  რომელსაც  გერმანელი  ისტორიკოსები  „ერთი  წყაროს  პრინციპს“  ეძახიან.  ისინი  ერთი  კონკრეტული მოვლენის შესახებ მათ ხელთ არსებული წყაროებიდან ძირითადს  იღებენ,  მასზე  დაყრდნობით  იწყებენ  თხრობას.  სხვა  წყაროების  ერთმანეთთან  შეჯერება  კრიტიკული  მეთოდით  არ  ხდება.  დანარჩენი წყაროებიდან მხოლოდ იმათ იყენებენ, რომლებიც ძირითად  წყაროში  მოცემული  ფაქტების  გასამყარებლად  გამოადგებათ.

მიუხედავად  აღნიშნული  ფაქტისა,  ქრონოგრაფებს  მაინც  ჰქონდათ  ისტორიული  წყაროს  კრიტიკის  ელემენტები.  ისინი  ზოგჯერ  მიუთითებდნენ   ამა   თუ   იმ   წყაროს   ნაკლებ   სანდოობას,   მკითხველს  აძლევდნენ  საშუალებას,  აერჩია  მოვლენის  აღწერის  ესა  თუ  ის  ვარიანტი.  წყაროს  კრიტიკის  ამგვარი  ელემენტების  საჭიროება  გაჩნდა  შუა  საუკუნეების  ევროპაში  მრავალრიცხოვანი  ნატყუარი  საბუთების   არსებობის   გამო.   მართალია,   მატიანეებში   იყო   ქრო-ნოლოგიის აღნუსხვის ტრადიცია, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებშიც კი თარიღებს  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  არ  ანიჭებდნენ,  მრავალი  მაგალითია,  როდესაც  შუა  საუკუნეების  მატიანეები  თარიღების  სიმწირით  გამოირჩევა.

შუა   საუკუნეების   ეპოქაში   ისტორია   არ   წარმოადგენდა   მეცნიერებას.  იგი,  როგორც  ფილოსოფია  და  სხვა  საბუნებისმეტყველო  დარგები,   ღვთისმეტყველების   სამსახურში   იდგა.   იმდროინდელი   მსოფლმხედველობიდან   გამომდინარე,   ისტორია   განიხილებოდა,   როგორც   მეორეხარისხოვანი   მოვლენა.   მაგრამ   გასათვალისწინებელია  ერთი  –  შუა  საუკუნეებმა  კაცობრიობას  აჩუქა  ქრონიკები,  ისტორიული   მოვლენების   ქრონოლოგიური   აღნუსხვის   პირველი   გამოცდილება  და  მატიანეს  ტიპის  კრებულები.

შუა  საუკუნეების  ქართულმა  ისტორიულმა  აზროვნებამ  შექმნა  უმნიშვნელოვანესი  ძეგლი  „ქართლის  ცხოვრების“  მატიანეთა  კრებული, სადაც საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე გადმოცემულია ერთიანი, მთლიანი, მწყობრად გამართული  ისტორიის  სახით. “ქართლის  ცხოვრების“  ეს  ძველი  ციკლი  წარმოადგენს  საქართველოს   ისტორიის   უმთავრეს   წყაროს,   შესაბამისად,   ქართულ   ისტორიოგრაფიაში  და  არა  მხოლოდ  ქართულში,  მის  შესახებ  კვლევას  ხანგრძლივი  ისტორია  აქვს,  რომელიც  მუდმივი  პროცესია  და  დღემდე  გრძელდება.  ამდენად,  ისტორიოგრაფიაში  მრავალი  თვალ-საზრისი არსებობს მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების მოცულობის, დასათაურებისა თუ ავტორების ვინაობის შესახებ.

ყველაზე სრულყოფილ  გამოცემად  დღემდე  ითვლება  ს.  ყაუხჩიშვილის  მიერ  გამოცემული  „ქართლის  ცხოვრება“  (არსებობს  სხვადასხვა  გამოცემა),  ხოლო  ს.  ყაუხჩიშვილს  ძეგლი  გამოცემული  აქვს  ივ.  ჯავახიშვილის  მიერ  შემუშავებული  სტრუქტურის  მიხედვით.  ამდენად,  ქვემოთ  თხზულებათა  დასათაურებას  და  თითოეული  თხზულების  ქრონოლოგიურ  ჩარჩოს  წარმოვადგენთ  ივ.  ჯავახიშვილის  ვერსიის  თანახმად.

  1. ლეონტი  მროველი,  „ცხოვრება  ქართველთა  მეფეთა“;
  2. ლეონტი  მროველი,  „ნინოს  მიერ  ქართლის  მოქცევა“.
  3. ჯუანშერი,  „ცხოვრება  ვახტანგ  გორგასლისა“.
  4. ლეონტი  მროველი,  „მეფე  ქართლისა  არჩილი“.
  5. „მატიანე  ქართლისა“.“ცხოვრება  მეფეთ-მეფისა  დავითისი“.
  6. ლაშა-გიორგის  დროინდელი  მატიანე  (ცხოვრება  დემეტრე  მეფისა,  ცხოვრება  გიორგი  მეფისა,  ცხოვრება  დიდისა  მეფეთმეფისა  თამარისი,  ცხოვრება  გიორგი  მეფისა,  თამარის  ძისა).
  7. სუმბატ   დავითის-ძე,   „ცხოვრება   და   უწყება   ბაგრატონიანთა“
  8.  „ისტორიანი  და  აზმანი  შარავანდედთანი“.
  1. ბასილი ეზოსმოძღუარი, „ცხოვრება  მეფეთ-მეფისა  თამარისი“.
  2. ჟამთააღმწერელი, „მონღოლთა ბატონობის ასლოვანი მატიანე“

როგორც  ნ.  ბერძენიშვილი  აღნიშნავდა  – „ქართლის  ცხოვრება“    ქართველი    ფეოდალური    საზოგადოების    აღიარებული    სახელმძღვანელო  წიგნია,  რომლითაც  საქართველოს  თავგადასავალი  შეისწავლებოდა.  საქართველოს  ისტორიის  ერთიანი  წიგნის  შექმ-ნა  ქართული  ფეოდალური  ისტორიული  აზროვნებისათვის  თავის  მობმას  და  ამდენადვე  ქართული  ისტორიოგრაფიის  განვითარების  მნიშვნელოვან  ეტაპს  წარმოადგენს…  იდეურ-პოლიტიკურად  ფეო-დალური საქართველოს ცივილიზაცია სამ სვეტს ემყარებოდა – სახარება,  „ვეფხისტყაოსანი“  და  „ქართლი  ცხოვრება“.  გამარჯვებული  ფეოდალური  ურთიერთობის  სამი  `წმინდა  წიგნია~.  სახარებას  იმდენი  წილი  ედო  ქართული  ფეოდალური  კულტურის  განმტკიცების  საქმეში,  რომ  „ქართველი“  ქრისტიანობის  სინონიმად  იქცა.  არანაკლები მნიშვნელობისა იყო ფეოდალური საქართველოს კულტურული ხანის  გამოკვეთის  საქმეში  „ვეფხისტაყაოსანი“,  ფეოდალური  საქართველოს  ეს  ჰიმნი,  ქართველი  ფეოდალური  ზნეობის  ეს  კოდექსი,  „ქართლის  ცხოვრება“  კი  ფეოდალური  საქართველოს  მეცნიერულ-ისტორიულ დაფუძნებას ემსახურებოდა (ქართლის წარმოშობა, ზრდა-განვითარება,  საქართველოს  ეროვნული  დადგინება,  აყვავება);  XIV   საუკუნის   მიწურულს   ევროპული   აზროვნების   მიზანი   გახდა  ისტორიული  კვლევების  შეცვლა.  დიდი  თეოლოგიური  და  ფილოსოფიური  სისტემები,  რომლებიც  იძლეოდნენ  საფუძველს  ისტორიული  განვითარების  წინასწარ  განსაზღვრული  ღვთიური  გეგმის   არსებობის   შესახებ,   თანდათანობით   კარგავს   ნდობას.   სანაცვლოდ  იზრდება  ჰუმანისტური  შეხედულებები  ისტორიაზე,  რომელიც  ეყრდნობა  ანტიკურ  ჰუმანიზმს,  ანტიკური  კულტურის  მემკვიდრეობას  –  მის  ფილოსოფიას,  მეცნიერებას,  ხელოვნებას.  ჰუმანისტები   ანტიკურობაში   ხედავდნენ   მარადიულ   ფასეულობებს  და  სურდათ  ამ  მემკვიდრეობის  აღორძინება.  ამიტომ  ეწოდა  მათ  ეპოქას  „რენესანსი“.  ევროპული  რენესანსის  სამშობლოდ  ითვლება  იტალია.  აქედან  იწყება  კაცობრიობის  ისტორიაში  ახალი  ხანა,  ბურჟუაზიული  აზროვნებისა  და  მსოფლმხედველობის  ჩამ-ოყალიბება.თავისი   შინაარსით   ჰუმანიზმის   მსოფლმხედველობა   ფეოდალურ-ეკლესიური  სისტემის  შეხედულებათა  გამოწვევას  წარმოადგენს.  იგი  მტრულადაა  განწყობილი  სამყაროს  თეოლოგიურად  ახსნისადმი. თუმცა, ისტორიკოს-ჰუმანისტებმა ისე უარყვეს ისტორიის განვითარებაში ღვთიური ნების მნიშვნელობა, რომ აშკარა პოლემიკაში  საეკლესიო  მსოფლმხედველობის  წარმომადგენლებთან  არ  შესულან.  ნაწილობრივ,  ეს  ხდებოდა  იმის  გამო,  რომ  მათი  ისტორიული  თხზულებები  ჯერ  კიდევ  შორს  იდგა  ჭეშმარიტი  მეცნიერებისაგან,  ნაწილობრივ  კი  იმიტომ,  რომ  ამ  პერიოდში  არ  არსებობდა  ბაზა,  რომლის  საფუძველზეც  მოხდებოდა  მკვეთრი  დაპირისპირება  მეცნიერებასა  და  რელიგიურ  მსოფლმხედველობას  შორის,  ის  ბაზა,  რომელსაც  ქმნიან  ზუსტი  მეცნიერებები.შუასაუკუნოვან  დოგმებს  ჰუმანისტებმა  დაუპირისპირეს  ბუნებისა  და  საზოგადოებრივი  მოვლენების  ახსნის  საერო  განმარტება.  მათ  წინ   წამოსწიეს   ადამიანი-შემოქმედი,   რომელსაც   გააჩნია   სამყაროს   შემეცნებისა  და  შეცვლის  უნარი. ჰუმანისტური   ისტორიოგრაფიის   ძირითადი   ღირსებაა   ისტორიული  აზრის  სეკულარიზაცია,  ანუ  მისი  გათავისუფლება  თეოლოგიისაგან.  ჰუმანისტები  უარს  ამბობენ  რა  პროვიდენციალიზმის  პოზიციიდან  ისტორიული  მოვლენების  განმარტებაზე,  იწყებენ  ამ  მოვლენათა ბუნებრივი მიზეზების ძიებას. ცდილობენ ამოიცნონ ისტორიული  განვითარების  კანონები.  საზოგადოების  განვითარების  ახსნა  ხდება  არა  ზებუნებრივი  ძალების  მოქმედებით,  არამედ  გამოჩენილ  ადამიანთა  მოღვაწეობით,  რომელთა  საქმიანობაც  გავლენას  ახდენს  საზოგადოებრივ  ცხოვრებაზე.  ისტორიისადმი  ამგვარმა  მიდგომამ  წარმოშვა  ახალი  შეხედულებები  საზოგადოებასა  და  მის  განვითარებაზე,  სახელმწიფოსა  და  სამართალზე,  რელიგიაზე.  ამან  განაპირობა  ჰუმანისტური  ისტორიოგრაფიის  შექმნა.  მისი  გამოჩენილი  წარმომადგენლები  (ნ.  მაკიაველი  –  იტალია,  ჟ.  ბოდენი  –  საფრანგეთი)   ცდილობდნენ   ისტორიის   შინაგანი   კანონზომიერებების   გამომზეურებას.  ისინი  ისტორიული  პროცესის  მამოძრავებელ  ძალას  პოლიტიკურ  და  სოციალურ  ბრძოლაში  ხედავდნენ.

მართალია,  ჰუმანისტები  ებრძოდნენ  შუასაუკუნოვან  დოგმებს,  მთლიანად    უარყვეს    შუასაუკუნოვანი    სასწაულები,    ხმარებიდან    ამოიღეს  ქრონოგრაფების  მიერ  შემოღებული  ტერმინები,  მაგრამ  თავად  ვერ  ასცდნენ  ანტიკურობისადმი  მიმბაძველობას,  რომელიც  ზოგჯერ   უარყოფით   გავლენას   ახდენდა   მათზე.   რადგან   ჰუმანისტებისთვის ძველი დროის ისტორიკოსები შეუვალ ავტორიტეტებს   წარმოადგენდნენ.    ამიტომ    მათ    მიერ    ყველაზე    დაუჯერებელ    მონათხრობსაც  კი  კრიტიკის  გარეშე  იღებდნენ.

ჰუმანისტებმა   უარყვეს   რა   ისტორიის   განვითარების   თეო-ლოგიური  კონცეფცია,  მოგვცეს  ისტორიის  ახალი  პერიოდიზაცია:  ძველი,  შუა  და  „ახალი“  (კრიტერიუმებად  აიღეს  სულიერი  კულტურის სხვაობა), რომელმაც მოგვიანებით ისტორიოგრაფიაში ფართოდ  დაიმკვიდრა  ადგილი. ჰუმანისტ-ისტორიკოსებისთვის  დამახასიათებელია  ცალკეული  სახელმწიფოებისა  და  ხალხების  ისტორიისადმი  ინტერესი.  ამასთან  დაკავშირებით    მკვეთრად    იცვლება    ისტორიული    თხზულებების    ხასიათი.  შუასაუკუნოვანი  ქრონიკები,  ჩვეულებრივ,  აერთიანებენ  რეგიონის,  ქვეყნის,  ქალაქის  ისტორიას  მსოფლიო  ისტორიის  კონ-ტექსტში. ახლა უპირატესობა ენიჭება ცალკეული ქვეყნებისა და ქა-ლაქ-რესპუბლიკების  (იტალია)  ისტორიას.  ისტორიისადმი  ამგვარი  დამოკიდებულება  დაკავშირებულია  იმპერატორთა  ძალაუფლების  დაცემასა  და  ეროვნული  სახელმწიფოების  ზრდასთან.  ეს  პროცესი  XIV-XVI  საუკუნეების  ევროპაში  მკვეთრად  შეიმჩნევა.  შედეგად  ისტორია ადგილობრივ ხასიათს იღებს და შუა საუკუნეებისთვის დამ-ახასიათებელი  „მსოფლიო  ისტორიისადმი“ ლტოლვა  ნელდება.

ჰუმანისტი ისტორიკოსების  ინტერესთა  სფეროს  წარმოადგენ-და  პოლიტიკური  და  ომების  ისტორია.  მათ  მხედველობის  არედან  გამორჩათ  ხალხთა  ისტორია,  უპირატესობა  გამოჩენილ  ადამიანთა  ნებისყოფასა  და  მისწრაფებებს  მიანიჭეს.

ჰუმანისტებს    სურდათ    რა    ისტორია    გაეთავისუფლებინათ    საღვთისმეტყველო ლეგენდებისაგან, დიდ ყურადღებას უთმობდნენ შუასაუკუნოვანი ქრონიკების კრიტიკას. აქედან გამომდინარე, მათთვის  დამახასიათებელია  ისტორიული  კრიტიციზმის  ელემენტები.

როგორი  პრიმიტიული,  უხეში  და  მიამიტურიც  არ  უნდა  იყოს  ეს  კრიტიკა,  იგი  მაინც  მნიშვნელოვანი  ნაბიჯია  ისტორიის  მეცნიერულად  კვლევის  გზაზე.

ჰუმანისტი-ისტორიკოსები  მნიშვნელოვნად  აფართოებდნენ  წყაროთა  წრეს,  დაუღალავად  იძიებდნენ  ანტიკურ  და  შუასაუკუნო-ვან  ხელნაწერებსა  და  სხვა  სიძველეებს.  ბევრი  მათგანი  საკუთარ  დანაზოგს  ახალი  ხელნაწერების  მოპოვებაში  ხარჯავდა.  ისინი  არა მხოლოდ აგროვებდნენ მასალებს, არამედ ცდილობდნენ მათ სისტემატიზაციასა  და  დამუშავებას.

რენესანსის ეპოქაში  (XIV  ს.  ბოლო  –  XVI ს.)  ისტორია,  მართალია, განთავისუფლდა შუასაუკუნოვანი აზროვნების შეცდომებისაგან,  მაგრამ  ჯერ  კიდევ  არ  იყო  მოძებნილი  ისტორიის  შესწავლის  კონკრეტული   საგანი.   ისტორიას   ჰქონდა   გარკვეული   პროგრამა– წარსულის  აღორძინება,  მაგრამ  არ  ფლობდა  მეთოდებს,  პრინციპებს,  რომლითაც  იხელმძღვანელებდა  და  განახორციელებდა  ამ  პროგრამას, რაც უკვე მომდევნო ეპოქაში წარმატებით განხორციელდა.

– ნიკოლო  მაკიაველი  (1469-1527)  –  ისტორიკოსი,  პოლიტიკური  მოაზროვნე,  სახელმწიფო   მოღვაწე.   იტალიაში   „ პოლიტიკური   სკოლის“   ფუძემდებელი,   რომელმაც    ჰუმანისტურ    ისტორიოგრაფიაში    ყველაზე    დიდ    წარმატებას    მიაღწია.    ამ    სკოლამ    ისტორიის    შესწავლაში    გამოიყენა    განზოგადოების    მეთოდი. შეეცადა ისტორიის შინაგანი კანონზომიერებების აღმოჩენას. ნ. მაკი-აველი  იყო  მოაზროვნე,  რომელმაც  სახელმწიფოს  განვითარების  მიზეზები  თავად სახელმწიფოშივე აღმოაჩინა.

– ჟან-ბოდენი  (1530-1596)  –  პოლიტიკური  მოაზროვნე,  იურისტი,  ცნობილი  თეორეტიკოსი    ისტორიისა    და    პოლიტიკის    დარგში,    გვიანი    ჰუმანიზმის    თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც მიისწრაფოდა აღმოეჩინა „ადამიანის ქმედების  ზოგადი  პრინციპები“;  მან  წამოაყენა  თავისი  დროისთვის  სრულიად  ახალი იდეა, რომლის მიხედვით ისტორია არის განსაკუთრებული მეცნიერება. იგი    საშუალებას    გვაძლევს    დავადგინოთ    კანონზომიერებანი,    რომელთა    მეშვეობითაც  შეგვიძლია  განვმარტოთ  წარსული  და  აწმყო,  განვსჭვრიტოთ  მომავალი.

– დღეს,  ჩვენს  მეცნიერებაში,  აკად.  შ.  ნუცუბიძის  აღმოსავლეთის  რენესანსის  თეორიის    საფუძველზე,    ლაპარაკობენ    არა    მხოლოდ    ქართულ    რენესანსზე, რომელიც XII ს. დასასრულს დაიწყო, არამედ, ზოგადად, აღმოსავლურ რენესანსზე; მაგრამ რენესანსის  კლასიკური  ნიმუში  დასავლეთ  ევროპის  ქვეყნებმა,  კერძოდ,  იტალიამ   მოგვცა.   აქ   აღორძინების   ეპოქის   კულტურამ   განვითარების   ყველა   საფეხური  გაიარა.  შედეგად  მივიღეთ  ბურჟუაზიული  ეპოქის  ფილოსოფია,  რადგან  XVI-XVII   სს.   მსოფლიო   მეცნიერების   რევოლუციის   წყაროდ   იქცა   ევროპული   და   არა   აღმოსავლური   რენესანსი,   ხოლო   ჩვენ   გვაინტერესებს   რა,   ზოგადად,   ისტორიოგრაფიის    განვითარების    ეტაპები,    ამიტომ    განვიხილეთ    ევროპული    ჰუმანისტური ისტორიოგრაფიისთვის დამახასიათებელი ნიშნები).

– ენციკლოპედისტები  –  XVII  ს.  წინარევოლუციური  საფრანგეთის  ბურჟუაზიის  იდეოლოგები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ `ენციკლოპედიის ან მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონის~ – გამოცემის ირგვლივ, `ენციკლოპედისტების~  –  სათავეში  იდგა  დიდი  განმანათლებელი  დ.  დიდრო.  ისინი  მოითოხვდნენ    ვაჭრობის,    მანუფაქტურის,    სოფლის    მეურნეონის    თავისუფალ    განვითარებას;   ეწეოდნენ   კაპიტალ-ფერმერული   სისტემის   პროპაგანდას;   ხელს   უწყობდნენ ტექნიკის, ხელოსნობის, მეცნიერების განვითარებას. დიდ ყურადღებას უთმობდნენ განათლებასა და აღზრდის საკითხებს –  XX ს-ის ქართველი ისტორიკოსი ი.ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ისტორიკოს დიდი ზნეობრივი პასუხისმგებლობა აკისრია და მან ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. მან საზოგადოებას თავისი ჰიპოთეზა არ უნდა მოახვიოს თავს, თუმცა მას არ ეთანხმებოდნენ ,,ანალები”. მარკ ბლოკის და ლურიენ ფევრი ფიქრობდნენ, რომ ისტორიკოსს ყურადღება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა გადაეტანა. მათი მიზანი იყო ისტორიის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანი გამხდარიყო თავისი პრობლებებით. ,,ანალების” შემქმნელებმა და მათმა შთამომავლობამ ისეთი პრობლემატიკის შესწავლა დაიწყეს, რომელიც მანამდე უცხო იყო ისტორიული მეცნიერებისთვის.

 

ძირითადი ლიტერატურა:  1. მ. კალანდაძე. ისტორიის კვლევის მეთოდების ევოლუცია. – ნოდარ შენგელიას 75- წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 2008. გვ. 156- 169; 2.მ. კალანდაძე, გრანდიოზული გადატრიალება ისტორიულ მეცნიერებაში. – საისტორიო ძიებანი, VIII-IX. თბ., 2006. გვ. 359-375;

 

 

როგორც დაფაზე ცარცის ნაკვალევი

0

ბევრისთვის მირჩევია სილვია პლათის წაკითხვა – როგორც ლექსების, ისე მისი ერთადერთი რომანის, თავზარდამცემი გულწრფელობით დასამახსოვრებელი „ზარხუფის“. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ბოლო წიგნი უფრო ახალგაზრდების, მთავარი გმირის ასაკს მიახლოებულების საკითხავად წარმომედგინა – გზის დასაწყისში რომ დგანან, სურვილებისა და შესაძლებლობის სიმრავლისგან თავბრუ რომ ეხვევათ, გაორების, დაბნეულობის, ზოგჯერ კი ყველასგან, ყველაფრისგან გაუცხოების განცდები მოსვენებას რომ არ აძლევთ. მერე რა, თუ ნელ-ნელა მძიმდება იმ გოგოს მდგომარეობა, რომლის თვალებით გამოხედვაც მკითხველს არ უნდა გაუძნელდეს.

ესთერ გრინვუდს, რომელსაც სამყარო თავზე ენგრევა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰაერიც, ნანგრევებიდან ამოძრომის ძალაც საპოვნელი აქვს. „გაყუჩებული და ცარიელი ვიყავი, როგორც ტორნადოს თვალი, აურზაურით გარშემორტყმული, წინ ბრმად, მძიმედ რომ მიიწევს“, – ვკითხულობთ დასაწყისშივე. არადა, ისეთი გოგოა, წესით, ყველაფერი მარტივად რომ უნდა გამოუვიდეს, აუხდენელის ახდენა რომ უნდა მოახერხოს. მაგრამ დგება წუთები, როცა სიბნელეში ვეღარაფერს არჩევს, როცა სასოწარკვეთილს ასეთი სიტყვები დასცდება: „თავს მიწაში ამოთხრილ ორმოდ ვგრძნობდი“.

ექიმები ერთმანეთს ენაცვლებიან, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს სცდიან, მათ შორის ასე საზარელ შოკურ თერაპიასაც. შეშინებული, საყრდენგამოცლილი ესთერი, ერთი მხრივ, ბევრად უფრო გამახვილებული თვალით ხედავს ყველაფერს, მეორე მხრივ კი, მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენს – ვიღას უნდა ენდოს, რაღას უნდა ენდოს უცაბედად სახეცვლილ, სახიფათოდ ამოყირავებულ ამ სამყაროში? „სიტყვებს დაეჭვებით ვარჩევდი, როგორც მრგვალ, ზღვით მოპირკეთებულ კენჭებს, რომლებმაც შეიძლება უცაბედად ბრჭყალი გამოყონ და რაღაც სხვად იქცნენ“, – ამბობს ავტორის ერთგვარი ალტერ-ეგო, რომლის მეტყველებაც პოეტისაა, რომლის მეტაფორებიც თვალის მომჭრელად ბრწყინავს.

ბავშვობის ტრავმაც უდავოდ სახსენებელია – მაშინ უნდა გაჩენილიყო პირველი ბზარები – წვრილი, ზოგჯერ შეუმჩნეველიც – სილვია პლათისა თუ ესთერ გრინვუდის ფსიქიკაში. თუმცა ისტორიის ასე დანახვა ბევრ კითხვას დატოვებს პასუხგაუცემლად. უფრო საყურადღებოდ ის მეჩვენება, როგორ აგნებს სიბნელეში ხელის ცეცებით მოსიარულე იმ გამომსახველობით ფორმებს, რომლებითაც მისი მდგომარეობა შესანიშნავად აღიწერება; როგორ ხდება ენა ერთადერთი საიმედო საყრდენი. „გავიფიქრე, რომ სამყაროში უმშვენიერესი რამ ჩრდილია, ჩრდილის მილიონობით მოძრავი სილუეტი და ლაბირინთი. ჩრდილი – კარადის უჯრებში და სათავსოებში და ყუთებში და ჩრდილი სახლების და ხეების და ქვების ქვეშ და ჩრდილი ადამიანების თვალების და ღიმილის უკან, და ჩრდილი, კილომეტრებად და კილომეტრებად გადაწოლილი, დედამიწის ღამეში მოხვედრილ მთელ ნახევარსფეროზე“, – ამ სიტყვების მთქმელი ყველაზე მთავარს ხედავს, მკაფიოდ ხედავს.

სხვათა შორის, ესთერი ერთ-ერთ ექიმს ეუბნება, მინდა, პოეტი ვიყოო. მისი აუტანელი ტკივილის წყარო ისიც არის, რომ ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ რა გზას დაადგეს, საზოგადოების მიერ შემოთავაზებული როლებიდან რომელი აირჩიოს, მაშინ, როცა მათივე უშინაარსობას, გამომფიტველ ბუნებას კარგად ამჩნევს. გზაგასყარზე დაყოვნება კი უფრო და უფრო სახიფათო ხდება. „უცებ სიბნელემ წამშალა, როგორც ცარცის ნაკვალევი იშლება დაფაზე“, – ასე იხსენებს შოკური თერაპიის დასაწყისს, ამ წამის მოხელთებას, სიტყვებში გამომწყვდევასაც ახერხებს.

რა თქმა უნდა, სილვია პლათის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში ბევრი რამ არის სახეშეცვლილი, სულაც გამოგონილი, მაგრამ კითხვისას სულ უფრო მიმყარდებოდა რწმენა, რომ ამბების მოყოლით მათგან სამუდამოდ გათავისუფლებას ცდილობდა, რომ წარმოსახვითი ზარხუფის ახდა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მხოლოდ მთავარ გმირს კი არა, მასაც უნდოდა და საამისო გზად წერა დაესახა.

 

 

  სერბული დღიური

0

მოგზაურობა, როგორც შემეცნება. 2

„ყოველ მდინარეს თითქოს საკუთარი ხელწერა აქვს: მდინარეები წერენ ცალკეულ ასოს და ტოვებენ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ჩიტები ხედავენ, დიდ სიმაღლეზე აფრენილები.“  – წერს მილორად პავიჩი რომანში „ქარის შიგნითა მხარე“. მდინარეები სერბეთის სისხლძარღვებია. მათში სერბული სული და სისხლი ჩქეფს, ამიტომ ვერც შეამჩნევთ ზღვის არქონას მდინარეებით უხვ ქვეყანას.

ბელგრადი – სერბეთის დედაქალაქი, ორი დიდი მდინარის – სავასა და დუნაის ნაპირებზეა გადაჭიმული. ეს მდინარეები ამ ქალაქში ერთმანეთს კვეთს და მათი გადაკვეთის ადგილს კოცნას ეძახიან. თუკი ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტ, ბელგრადელები ამ ადგილისკენაც მიგითითებენ.

ბელგრადი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ძვ.წ.აღ-ით მე-3 საუკუნეში, კელტებმა დააარსეს. ისევ მილორად პავიჩს მოვიხმობ, მით უფრო, რომ მასზე უკეთესად ვერავინ აღწერს ამ ქალაქის თავისებურებას – „ვისაც ციხესიმაგრის დაუფლება უნდა, იმას ჯერ საკუთარი სულის დაუფლება მოუწევს. საკუთარი სულის წიაღ მივყავართ გზასაც ბელგრადისკენ – დედამიწის ზურგზე უძველესი ქალაქისკენ, რომელსაც სხვა ქალაქებზე ხშირად ანგრევდნენ და აოხრებდნენ“ („ბელგრადის ბიოგრაფია“). მარტო ამ მცირეტანიან წიგნში აღწერილი ამბები და უსასტიკეს ბრძოლათა ისტორიები დაგახვევთ თავბრუს, ხოლო თუკი წაკითხულს ნანახსაც შეუერთებთ, ბელგრადი დღემდე მოღწეული, ჭაღარა ტიტანივით წარმოგიდგებათ და მისი სიძველით და სიდიადით ნამდვილად მოინუსხებით.

მე და ნინოს მთელი დღე გვქონდა ბელგრადში სახეტიალოდ. ამინდშიც გაგვიმართლა – ოქტომბრისთვის უჩვეულოდ ცხელოდა კიდეც. ადრიანი დილა იყო, ჯერ სასტუმროს წინ სოკოსავით ამოზრდილ სკვერში შევიარეთ და პირველივე ძეგლი, რომელიც შეგვხვდა,  თესალონიკელი ძმების, კირილესა და მეთოდეს სკულპტურა აღმოჩნდა. ეს ამბავი დილის საჩუქარ-სიმბოლოდ მივიღეთ – მე-9 საუკუნეში მოღვაწე ამ ბერებს ხომ უდიდესი წვლილი მიუძღვით სლავური ანბანის შექმნაში.

ძველი ქალაქისკენ სავალ გზაზე რამდენიმე ტაძარი შეგვხვდა. წმინდა მარკოზის ტაძარში ჩვენი პატრიარქის ნაჩუქარი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც ვიხილეთ. სასოებით უფრთხილდებიან სერბები და სულაც, ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. შთამბეჭდავი და სუნთქვისშემკვრელია მათი ტაძრების მოოქროვილი მოზაიკა, ფრესკებით მოჭედილი უზარმაზარი კედლები და ღვინისფრად შეფერილი ფასადები, მრგვალი, ოქროცურვილი გუმბათები და ნაკადულებივით ლავგარდანები.

ერთმანეთის გვერდიგვერდაა უნივერსიტეტები და ეკლესიები, ცენტრალური ქუჩის ჩაყოლებაზეა პარლამენტის შენობა, სასტუმროები, ვრცელი ბაღები. კალემეგდანის ციხე ქალაქის გულშია, საიდანაც ძველი და ახალი ქალაქის პანორამა იშლება. ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია – ისტორიის ანაბეჭდებით სავსე.  მასში ოსმალეთის იმპერიის ტყვეობაში ყოფნისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკები იფურცლება. სავასა და დუნაის კოცნაც ყველაზე მკაფიოდ ამ ადგილიდან ჩანს. ძალიანაც რომ გეჩქარებოდეს, ეს ხედი უნებურად გაგაჩერებს, ცოტა ხნით ჩამოგსვამს, გაგრინდავს და ბელგრადის მზით სავსე სივრცეებზე თვალს გაგაშტერებინებს.

ბელგრადი, ანუ თეთრი ქალაქი – როცა მზე ანათებს, მდინარეებში ჩაწობილი სივრცე თეთრად აელვარდება ხოლმე და ამიტომაც შეარქვეს თავის დროზე ბელგრადიო, გვითხრა ერთმა მასპინძელმა. დიდხანს ვისხედით მე და ნინო ფილფანი ამ ზღაპრულ ადგილას, ჩუმად, ჩვენ-ჩვენ საფიქრალს ვფიქრობდით და მერე კი რაღაც უსიტყვო შეთანხმებით, ერთად გავუყევით გზას ახალი ადგილების აღმოსაჩენად…

ბელგრადშიც ურბანული ქაოსია – ახალი მშენებლობების ბუმი, დეველოპერული ექსპანსია, რაც ქალაქის დიდ ნაწილს იერ-სახეს უცვლის, თუმცა არის ადგილები, სადამდეც ეს ხმაური და მძვინვარება  ნაკლებად, ან სულაც არ აღწევს, სადაც დიდი სიჩუმე და სიმშვიდე დგას და ერთი ასეთი ადგილი, უპირველესად, ბელგრადის საკათედრო ტაძარი და მისი ეზოა – წმინდა საბას ეკლესია – უდიდესი ტაძარი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. წმინდა საბა მე-12-13 საუკუნეების სერბეთის არქიეპისკოპოსი და ეროვნული გმირია, მისი სახელობის ტაძარი კი იმ ადგილას ააგეს, სადაც მე-16 საუკუნეში, სინან-ფაშამ წმინდა მოწამის ნეშთი დაწვა.

სერბები სანთლებს ტაძრის გარე ეკვდერში, საგანგებოდ მოწყობილ (კენჭებითა და წყლით  სავსე) სასანთლეებში ანთებენ. თვითონ ტაძარში სანთლის დანთება არ შეიძლება. ალბათ, ხატებისა და ფრესკების დასაცავად. საკათედრო ტაძრის მთავარი ფრესკა – მაცხოვრის უზარმაზარი მოზაიკა კი სამუდამოდ ჩამრჩება თვალებში და გულში და ეს ის ხატება იქნება, რომელიც ხშირად ამახედებს ცისკენ, რათა ისევ წავაწყდე მზერით რაღაც ასეთ მშვენიერს, მშობლიურს, თითქოს დიდი ხნის უნახავი მამა დაგყურებდეს და გიღიმოდეს გულისწამსვლელად თბილი ღიმილით, ან თითქოს ყველაზე ძვირფასი მეგობარი გეპოვოს და ვეღარასდროს მოწყდე მას…

სერბეთში ჩვენი ყოფნის ბოლო დღე პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართული შეხვედრით მთავრდება. პანჩევოც პატარა ქალაქია, ბელგრადიდან ოციოდე კილომეტრში, მაგრამ მრჩაევცისგან განსხვავებით (სადაც უფრო სერბეთის სოფლების ეთნოგრაფიას შევეხეთ),  ეს ქალაქი სრულიად სხვა სტილისა და შინაარსისაა. ავსტრო-უნგრული არქიტექტურა ისტორიის სამ პერიოდს აერთიანებს – მე-19 საუკუნემდე, მე-19-20 და დღევანდელი. ეს კოპწია, ორსართულიანი ქალაქი სავსეა თეატრებით, მუზეუმებით, ცხოვრობს მჩქეფარე სახელოვნებო ცხოვრებით. მას მეთევზეების ქალაქსაც უწოდებენ, მდინარის პირასაა გაშენებული და მეთევზეებისთვის ნამდვილი მექაა. ახლა არ იკითხავთ, ამ მდინარეს რა ჰქვია? ტამიში! სუნთქვა შემეკრა, როცა ხიდზე გადასვლისას აბრას მოვკარი თვალი, დიდი ასოებით რომ ეწერა – ტ ა მ ი შ ი. მაშინვე ვუთხარი ჩვენს მასპინძლებს, ჩვენ აფხაზეთში გვაქვს სოფელი ტამიში-მეთქი. მერე ბევრი ვილაპარაკეთ – მე აფხაზეთზე და მათ თავიანთ კოსოვოზე. გორდანა ვლაიჩს დიდ ლურჯ და ულამაზეს თვალებში ცრემლები ედგა, ჩვენც ვტიროდით, აფხაზეთი ჩვენი ღია ჭრილობაა და ახლაც სისხლი გვდის გულიდან-მეთქი. რა დამავიწყებს ამ შეხვედრებს, ამ საუბრებს, ერთმანეთის ტკივილების გაზიარებას, ქვეყნებიც ხომ ადამიანებივით ხვდებიან ერთმანეთს და მარადისობა არ ეყოფა ამ შეხვედრების მშვენიერებას, ენაში, კულტურაში, სულიერებაში გამოხატულს…

პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართულ საღამოზე ოთხი პოეტი, სამი სერბი და ერთიც ქართველი, ვკითხულობდით ჩვენს ლექსებს, მერე ერთმანეთის ლექსების თარგმანებს. საღამოს პანჩევოს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. საგანგებოდ მათთვის, გორდანა საქართველოს შესახებ ბევრს ყვებოდა. უამბო იმაზე, თუ როგორ გავს ორი ქვეყნის ისტორია ერთმანეთს გამუდმებული ტკივილებით და ომებით, უამბო საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შესახებ, ჩვენი კულტურის შესახებ. სულ გვაინტერესებს, ორი სახელი რატომ გქვიათო – გრუზია თუ ჯორჯიაო. ვუპასუხეთ, რომ საერთოდაც, საქართველო გვქვია და ვეცადეთ, მათაც წარმოეთქვათ, მაგრამ ცოტა გაუჭირდათ, ამიტომ მარტივად  – „ჯორჯიით“ გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მით უფრო, როცა განვუმარტეთ კიდეც – ჩვენ, ქართველები, გეორგიანები, ანუ მიწათმოქმედნი ვართ, ჩვენთვის მიწას საკრალური ძალა აქვს და განსაკუთრებულად ვართ მასთან დაკავშირებულნი, ამიტომ, რა თქმა უნდა – ჯორჯია-მეთქი. სიამოვნებით აიტაცეს და ბოლოს უკვე ასეც მოგვიხსენიებდნენ – სტუმრები არა გრუზიიდან, არამედ ჯორჯიიდან.

ჩემი პატარა საქართველო კი ამ წარმოუთქმელი, ვერგატეხილი ბგერების მიღმა გველოდა. სერბეთმა კიდევ უფრო მაგრძნობინა მისი გულის ანდამატობა, მისი ხელთუქმნელი წიაღის ძალა – ამდენი პრობლემის, წინააღმდეგობის, ტკივილისა და შფოთის მიუხედავად მაინც მკაფიო და ნაღდი, როგორც ოკეანის ზვირთებქვეშ მიმალული მარგალიტი, ენაში დაფარული და ენაში გაცხადებული…

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

0

სივრცული აზროვნება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ის საფუძველს უყრის მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს სამყაროს შესახებ უფრო ღრმა გააზრებას. სწორედ ამიტომ, სივრცული აზროვნების განვითარება დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია სივრცული აზროვნების განვითარება პირველკლასელებში, შემოქმედებითი დავალებების დახმარებით. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ დავალებაზე “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ განავითარონ სივრცითი წარმოდგენები, არამედ გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი.

თემატური ბლოკი: გეომეტრია და სივრცის აღქმა

თემა: ორიენტირება

  • წინ, უკან, ზევით, ქვევით, შორის, მაღალი, დაბალი;
  • ობიექტების ურთიერთგანლაგება; რეალურ ვითარებაში ურთიერთგანლაგების აღწერა

მათემატიკის სტანდარტის შედეგები

მათ.დაწ.(I).4 ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორები : 

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა-

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სივრცეში საგნების მდებარეობის და მიმართულების აღწერა;
  • სიბრტყეზე და სივრცეში  ობიექტების ურთიერთმდებარეობის  განსაზღვრა/გარკვევა;

შემოქმედებითი დავალება:

მიზანი: ბავშვებმა ისწავლონ სივრცითი მიმართებების აღწერა, განავითარონ წარმოსახვა და სხვადასხვა საშუალებით გამოხატონ თავიანთი იდეები.

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

მასალები: (შესაძლოა დასჭირდეთ) ფანქარი, ფლომასტერები, ქაღალდი, საღებავები, პლასტილინი, ლენტები, ყუთები, ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი მასალები.

ინსტრუქცია: (ბავშვებისათვის!)

1.     ჩემი ჯადოსნური ოთახი: წარმოიდგინე, რომ შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს საინტერესო.

  1. დახატე, ააწყვე ან მოყევი

შენი ჯადოსნური ოთახი შეგიძლია წარმოაჩინო სხვადასხვა გზით:

    • ნახატი: დახატე შენი ოთახი ისე, როგორც წარმოგიდგენია. დაამატე დეტალები, ფერები და ჯადოსნური ელემენტები.
    • მოდელი: გამოიყენე პლასტილინი, ყუთები ან სხვა მასალები, რომ ააწყო შენი ოთახის მოდელი. შეგიძლია გამოიყენო ლენტები, ძაფები ან სხვა მასალები, რომ დააკავშირო სხვადასხვა ობიექტები.
    • მოთხრობა: მოუყევი შენს მეგობრებს შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ. აღწერე რა არის შენს ოთახში, რა ხდება და რას გრძნობ.
  1. სიტყვებით აღწერა: როცა შენს ოთახს წარმოაჩენ, გამოიყენე შემდეგი სიტყვები:
    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?
  2. ჯადოსნური შეხება: დაამატე შენს ოთახს ცოტა ჯადოსნობა! შეგიძლია დაახატო ფრთები საწოლს, რომ ის ჰაერში აფრინდეს, ან მაგიდაზე დადო ჯადოსნური წიგნი, რომელიც ყველა შენს კითხვას უპასუხებს ან სურვილებს აგისრულებს.

დამატებითი იდეები:

  • შეგიძლია მოიფიქრო შენი ოთახისთვის ჯადოსნური სახელი.
  • დახატე პატარა არსებები, რომლებიც შენს ოთახში ცხოვრობენ.
  • მოიფიქრო ისტორია შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ.

დავალება არჩევითია, მოსწავლემ სამი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი. ან ნახატით წარმოაჩინოს, ან ააწყოს ან მოგვითხროს. მნიშვნელოვანია რომ დავალების არჩევაში თავად ბევშვმა მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ მასწავლებელი მოსწავლეებს უკუთხავს დავალების პირობას, დეტალურად არჩევს ინსტრუქციას, როგორ უნდა გააკეთონ ბავშვებმა დავალება, ახალისებს დამოუკუდებელ გადაწყვეტილებებს, შემოქმედობითობას, აძლევს თავისუფლებას. აქვე ახსენებს რომ მნიშვნელოვანია როცა ნამუშევრს წარმოაჩენს, აღწერისას გამოიყენოს შემდეგი სიტყვები :

    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?

ამ დავალებით მოსწავლეები სწავლობენ/ უვითარდებათ

  • სივრცითი მიმართებების აღწერას.
  • წარმოსახვას და შემოქმედებით აზროვნებას.
  • სხვადასხვა საშუალებით  თავიანთი იდეების გამოხატვას.

დავალებას ახლავს შეფასების რუბრიკა, რომელზე დაყრდნობით მივეცი მოსწავლეებს უკუკავშირი

შეფასების რუბრიკა: “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”

კრიტერიუმი საუკეთესო კარგი საშუალო საშუალოზე დაბალი
სივრცითი მიმართებების გამოყენება ზუსტად იყენებს სიტყვებს: “ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, “მაღალი”, “დაბალი” სივრცითი მიმართებების აღსაწერად. უმეტესწილად სწორად იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ზოგჯერ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. არ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად.
შემოქმედებითი გამოხატვა იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას და აერთიანებს მათ ჰარმონიულად. იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას, მაგრამ შეიძლება ყველა მათგანი ერთმანეთთან იყოს ნაკლებად დაკავშირებული. ძირითადად იყენებს ერთ შემოქმედებით საშუალებას. ნაკლებად იყენებს შემოქმედებით საშუალებებს.
წარმოსახვის გამოვლინება წარმოადგენს ძალიან ორიგინალურ და დეტალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ორიგინალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ ის ნაკლებად დეტალურია. ჯადოსნური სამყარო ნაკლებად ორიგინალურია.
სიტყვიერი აღწერა- პრეზენტაცია ნათლად და დამაჯერებლად წარმოადგენს თავის იდეას, იყენებს შესაბამის ლექსიკას წარმოადგენს თავის იდეას, მაგრამ შეიძლება ნაკლებად ნათელი იყოს. ზოგჯერ უჭირს იდეის წარმოდგენა. ვერ ახერხებს იდეის წარმოდგენას.

რუბრიკის საფუძველზე შემუშავებული განმავითარებელი კომენტარები ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს და მათთვის მიზნობრივი დახმარების გაწევას. განმავითარებელი შეფასება არის დიალოგის პროცესი. მეხმარება მოსწავლესთან ერთად განვიხილო მისი მიღწევები და დავისახოთ მომავალი მიზნები.

უკუკავშირის მიცემის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ განმავითარებელი შეფასების ზოგად ფორმულირებას

  • დადებითი ასპექტების აღნიშვნა: ყოველთვის დაიწყეთ დადებითი შეფასებით, რათა მოსწავლემ იგრძნოს მხარდაჭერა და მოტივაცია.
  • კონკრეტული მაგალითები: მიეცით მოსწავლეს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა გააკეთა კარგად და რაში შეიძლება გაუმჯობესდეს.
  • შემდგომი განვითარების მიმართულებები: მიუთითეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება გააუმჯობესოს შედეგები.
  • პოზიტიური ფორმულირება: გამოიყენეთ პოზიტიური ფორმულირებები, რომლებიც მოსწავლეს წაახალისებს.

 

გთავაზობთ განმავითარებელი კომენტარის ნიმუშებს:

მაღალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • მშვენიერია! შენი ჯადოსნური ოთახი ძალიან დეტალურად და ორიგინალურადაა წარმოდგენილი. სივრცითი მიმართებების აღწერა ძალიან ზუსტია. შეგიძლია შენი ოთახის ისტორიაც მოყვე, რა ხდება მასში.

საშუალოზე მაღალი მზაობს მოსწავლისთვის:

  • შენი ჯადოსნური ოთახი საინტერესოა! სივრცითი მიმართებების აღწერაში უმეტესად სიტყვები სწორად გამოიყენე. შეეცადე, შენი ოთახი კიდევ უფრო დეტალურად აღწერო და ყველა სიტყვა გამოიყენო (“ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, მაღალი, დაბალი“ ).სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ~

საშუალოზე მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! შეეცადე, შენი ოთახი უფრო დეტალურად დახატო ან ააწყო. გამოიყენე სხვადასხვა ფერები და ფორმები. როცა აღწერ შენს ოთახს, ნუ დაგავიწყდება გამოიყენო სიტყვები, რომლებიც გვიჩვენებს, სად მდებარეობს ნივთები (მაგალითად, “ზემოთ”, “ქვემოთ”).

დაბალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ნახატი ძალიან ლამაზია! შეეცადე დაამატო შენს ოთახში რამდენიმე ჯადოსნური ნივთი და აღწერო, თუ რას აკეთებენ ისინი. როცა აღწერ შენს ოთახს, დამეხმარე გავიგო, სად დგას შენი საწოლი, მაგიდა და სხვა ნივთები.

შემოქმედებითი დავალება, როგორიცაა “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი წარმოსახვა და სივრცული აზროვნება. ასეთი დავალებები არა მხოლოდ მხიარული და საინტერესოა, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების და შემოქმედებითობის განვითარებას.

განმავითარებელი შეფასება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. იგი ბავშვს აძლევს უკუკავშირს, ეხმარება მას გააანალიზოს თავისი მიღწევები და დაინახოს, რაში შეიძლება გაუმჯობესდეს. ამგვარი შეფასება არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ აღნიშნავს მოსწავლის პროგრესს და აძლევს მას მოტივაციას, გააგრძელოს სწავლა და განვითარება.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი დავალებები და განმავითარებელი შეფასება ერთობლივად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, ავითარებენ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს და მზადდებიან მომავალი გამოწვევებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...