კვირა, სექტემბერი 14, 2025
14 სექტემბერი, კვირა, 2025

პირველი სურათის აღწერა – სერიიდან ,,სწავლის ძირი”

0

რა დასამალია და, ყველაზე გაუგებარ და უაზრო საქმიანობად სურათის აღწერა მიმაჩნდა, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი. კიდევ კარგი, ბევრი არ იყო ასეთი დავალებები და დიდად არც ვბეზრდებოდი… საინტერესოა, რა იწვევდა ჩემს ასეთ ფრუსტრაციას? ალბათ, არ მესმოდა ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ეს დავალება უნდა შემესრულებინა და მეც მექანიკურად მივყვებოდი, ვიმეორებდი მასწავლებლისეულ წინადადებებს.

წინამდებარე წერილში, რომელიც ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მეექვსე წერილია, სწორედ სურათების აღწერაზე ვისაუბრებთ ქვემოთ წარმოდგენილი გეგმის მიხევდით.

  • რა სურათები გვხვდება პირველი კლასის სახელმძღვანელოებში და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ ისინი?
  • როგორ აღვწეროთ სურათები?
  • როგორ შევარჩიოთ, შევადგინოთ სურათები, რათა ისინი დავაკავშიროთ ფონეტიკურ და ფონოლოგიურ კომპეტენციას?
  • სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

ვრცლად 

 

ქართული პოეტური გამოცდილება და ფშუტე ამბიციურობა

0

ადამიანის თვითგამოხატვის ფორმებს შორის პოეზია საუკეთესო საშუალებაა ინტერნალური ამბოხისთვის და პროტესტისთვის, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს, ამ დროს ჩნდება ერთგვარი უმოტივაციო პროტესტი არსებული წესრიგისადმი და, ამ შემთხვევაში, ლიტერატურული წესრიგისადმი. რაღაც ამდაგვარი მეც მჭირდა ახალგაზრდულ ასაკში და მაშინდელ ლექსებშიც პროეცირდა ეს ყოველივე, თუმცა ეს, სხვებივით, არასოდეს გადამსვლია ოიკოფობიაში და ჩვენი დიდი ლიტერატურული წარსულის ლანძღვა-გინებაში.

ამ თითქმის ოცი წლის მანძილზე, რაც ლიტერატურულ პროცესებში (როგორც წესი, დისტანციის დაცვით) ჩართული ვარ, უამრავი ამბოხებული ახალგაზრდა პოეტი მინახავს, რომლებსაც ძალიან რადიკალური მიზანი – ქართული პოეტური ესთეტიკის და წესრიგის დეკონსტრუქცია ჰქონდათ დასახული. მრავალწლიანი, წინასწარვე განწირული, კოლიზიების მერე ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დაანება წერას თავი და კაცმა არ იცის, ახლა სადაა, ზოგიერთი კი დანებდა და მიჰყვა ლიტერატურულ დინებას.

ღრმა არქაულ საწყისებში ფესვგადგმულ ჩვენს ფოლკლორულ პოეზიას რომ თავი დავანებოთ, ქართველი მეცნიერების საფუძვლიანი მტკიცებით, ქართული საერო პოეზია წინარექრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს, ქრისტიანობამდე ჩვენში უკვე არსებობდა საერო პოეზია და მკაცრად ჩამოყალიბებული ვერსიფიკაციულ-მეტრული სისტემა (თუმცა ქრისტიანობის შემოღებასთან ერთად, რომელიც ყველაფერი წარმართულის მოსპობას გულისხმობდა, ეს პოეზია განადგურდა). ამისი დასტურია, მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან მოყოლებული, თარგმნილ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ჩართული საერო ლექსითი ციტატები, რომლებშიც, სასულიერო პოეზიისგან განსხვავებით, მეტრი მყარად არის ორგანიზებული, ანუ უკვე არსებობდა სალექსო სისტემა და ამ ციტატების სახით ამ სისტემის ცალკეული ერთეულების რეციდივებთან გვაქვს საქმე. იმის თქმა მინდა, რომ მინიმუმ ოცსაუკუნოვანი ქართული საერო პოეზიის – ამხელა მონსტრის, რომელიც ასეულობით მეტრულ ერთეულს და რიტმული მოდულაციის ფართო პოტენციალს შეიცავს – დეკონსტრუქცია როცა გაქვს განზრახული, ეს გრანდიოზული პოეტური გამოცდილება ათვისებული და დაძლეული უნდა გქონდეს, რომ რამე ახალი შექმნა. როცა მხოლოდ ორი ყბადაღებული ფორმა – უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული რიტმით (რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს) დაწერილი ვერლიბრი და, უარეს შემთხვევაში, სრულიად ურიტმოდ დაწერილი ვერლიბრი – გაქვს მომარჯვებული, ცხადია, კომიკურად უთანასწორო ამ დაპირისპირების შედეგი წინასწარვეა განსაზღვრული.

ყველა ავანგარდული თუ მოავანგარდულო პოეტური თაობა არსებული პოეტური წესრიგის დეკონსტრუქციის აგრესიული იდეით მოდის, თუმცა ღრმა თეორიული ცოდნის გარეშე ეს ამბავი წარმოუდგენელია. მაგალითად, ოციანი წლების ქართული ავანგარდული გამოცდილება ფონეტიკურ და გრაფიკულ ძიებებს ვერ გასცდა, ეს გამოცდილება თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ იგი თავის დროშივე კონსერვირდა და ინკუბაციის უნარი ნაკლებად აღმოაჩნდა, ამას, ცხადია, ოცწლიანმა კომუნისტურმა წნეხმაც შეუწყო ხელი, რომელიც ყოველგვარ ფორმობრივ ძიებას კაპიტალისტური დასავლეთის კულტურულ დივერსიად განიხულავდა და კრძალავდა, თუმცა ეს უამისოდაც ასე იქნებოდა, რადგან არ გახლდათ ქართული ლექსის შინაგანი, თვისობრივი გადახალისება, როგორიც გააკეთა გალაქტიონმა – მიუბრუნდა რა ვერსიფიკაციულად უკიდურესად საინტერესო და, ფაქტობრივად, აუთვისებელი ქართული კლასიცისტური პოეზიის გამოცდილებას და, ამ გამოცდილების რეცეფცია-რეგენერაციით და საკუთარი ახალი საზომების შემოტანით, რეალურად შეძლო ესთეტიკურ ჩიხში შესული ქართული პოეტური წესრიგის დეკონსტრუირება.

პ. ს. დღესაც მრავლად შეხვდებით ფშუტე პოეტურ ამბიციურობას, რომლის უკან არანაირი თეორიული ცოდნა და შესაძლებლობები არ დგას, და უმწეობით გაავებულ ამ ამბიციურობას ერთადერთი გზა დარჩენია – დიდი ქართული პოეტური გამოცდილების (თვით – რუსთაველისა და გურამიშვილისაც კი) “დაკნინება”, თუმცა ეს უსუსური მცდელობანი, ცხადია, თვითონ ფშუტე ამბიციურობასვე აყენებს კომიკურ მდგომარეობაში. სწორედ ამან დამაწერინა ეს ბლოგი.

ზვიად გამსახურდია

0

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. იგი იმ ისტორიულ პერსონათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შესახებ აზრი სიცოცხლეშივე ორად იყოფა – ან ფანატიზმამდე უყვართ, ან უმძაფრესი სიძულვილით სძულთ. მისადმი ფანატიკური სიყვარული დღემდე არავითარ რევიზიას არ დაქვემდებარებია, ხოლო, სიძულვილს რაც შეეხება, ალბათ, ისევ სძულთ, სამაგიეროდ ამ სიძულვილს საჯაროდ უკვე იშვიათად გამოხატავენ და თუ გამოხატავენ – მსუბუქად და კორექტულად, რადგან, როგორც მართალ და ბედის უკუღმართობით ლაფში ამოსვრილ ისტორიულ პერსონებთან მიმართებაში ხდება ხოლმე, დრო მასზე მუშაობს: გარდაუვალია აბსოლუტური ეროვნული კონსენსუსის მიღწევა გამსახურდიას დამსახურებასთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ბავშვობაში, სამეგრელოში, ზვიადის მოძულე მე არავინ შემხვედრია (ალბათ, იყვნენ, თუმცა მე არ მინახავს), მაგრამ, როცა თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრი შემხვდა, ორიათასიანი წლების დასაწყისი გახლდათ და ყოფილი მხედრიონელ-პუტჩისტები და მათი ჭკუარეზისტენტული ადეპტები ჯერ კიდევ ყინჩად გრძნობდნენ თავს. მათ რიტორიკაში ყოველთვის დომინირებდა ჩვენს, კვაზი-ღირებულებებზე დაშენებულ, რეალობაში გაყიდვადი დისკურსი, რომელიც გამსახურდიას კაცურ-მასკულინურ მხარეზე შეტევაში მდგომარეობდა, ხშირად იმეორებდნენ, რომ ის იყო “ქალაჩუნა”, “ქალოია”, “ცოლის ჭკუაზე მოსიარულე” და ა. შ. , ერთი სიტყვით, მისი პერსონის დისკრედიტაციისთვის “სუკის” მიერ შემუშავებულ და გავრცელებულ სისაძაგლეებს შორის ეს ხაზი აშკარად დაწინაურებული გახლდათ (აქვე ვიტყვი, რომ დღემდე ვიტალურია “სუკის” შემოგდებული კიდევ ერთი მითი – თითქოს კოსტავა გამსახურდიამ მოკლა), ამ ნარატივს ხშირად იმეორებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგე ე. წ. კულტურული ელიტის წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირ ამბობდა, ზოგთან კი ირიბად ისხამდა ხორცს ეს ყოველივე: საკუთარი მხატვრული ნაწარმოებების პროტაგონისტების აზროვნება-მეტყველებაში პროეცირდებოდა ხსენებული ნარატივი. არადა, რეალურად, გამსახურდიას ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, შეუძლებელია ქალაჩუნა ყოფილიყო კაცი, რომელიც, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, სამკვდრო-სასიცოცხლო კოლიზიაში იყო შესული საბჭოეთის მონსტრთან და სისხლის გამშრობი დისიდენტი გახლდათ მაშინ, როცა სხვები ან სოროებში ისხდნენ, ან საკუთარ სამზარეულოებში ჩურჩულით ლანძღავდნენ სისტემას. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ზოგიერთ ასპექტზე შეიძლება, კონტროვერსიული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ მის პერსონასთან დაკავშირებით – არამც და არამც!

ზვიად გამსახურდია მრავალმხრივი, უკიდურესად ერუდირებული კაცი იყო: პოეტი, მეიგავე, მთარგმნელი, კრიტიკოს-ესეისტი, მეცნიერ-მკვლევარი… ამ ჰიპოსტასების უნიტარულობა ქმნის მისი პერსონის გრანდიოზულობას, ამიტომ არ ვიცი, მისი მრავალმხრივობის პარციალური განხილვა რამდენად იქნება სწორი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამსახურდიას პოეტური მემკვიდრეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, განსხვავებით მისი სამეცნიერო, ესეისტური და მთარგმნელობითი მემკვიდრეობისგან. ამ ქრონოსული დისტანციიდან ქართულ მთარგმნელობით სივრცეში, რომლის ინტერესთა არეალი ლინგვისტურ-გეოგრაფიულად მკვეთრად იყო შემოსაზღვრული, ამერიკელი პოეტების თარგმნა აბსოლუტური გარღვევა გახლდათ. ამ თარგმანებში ბევრი ტექნიკური წუნია, სამაგიეროდ ეს თარგმანები ცოცხალია, ისინი სუნთქავენ (რისი მიღწევაც ასე ძნელია მთარგმნელობით ხელობაში), სწორედ ამიტომაა დღემდე კითხვადი. ამ თარგმანებმა საფუძველი მოუმზადა ოთხმოცდაათიანი წლების ქართულ პოეტურ ავანგარდს. ეს თარგმანები რიტმული თვალსაზრისითაც არის საინტერესო – ზოგადად ჩვენს მთარგმნელობით კონიუნქტურაში (რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება) მიღებული წესის თანახმად, ორიგინალში ნებისმიერი რიტმული მოდულაციით კონსტრუირებული ვერლიბრი ითარგმნება ერთადერთი ყბადაღებული რიტმული სქემით, რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს. გამსახურდია კი ზოგიერთ თარგმანში ამ სქემის რევიზიას და თავისუფალი ლექსის საინტერესო რიტმულ ორგანიზებას გვთავაზობს… თარგმანებთან ერთად, მრავალმხრივად საინტერესოა მისი წერილები ამერიკელ (და – არა მარტო) პოეტებზე, ეს წერილები დღესაც დიდი ინტერესით იკითხება და წარმოვიდგინოთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მაშინდელ ჰერმეტულ ლიტერატურულ გარემოში.

*

ჩემი გამოქვეყნებული რომანის (“გველები მაზუთის გუბეებში”) პირველი ნაწილი არის კაცზე, რომელიც გამსახურდიას გულმხურვალე მხარდამჭერია, მისი დამხობის შემდეგ კი სოფლის მოსაცდელში შესახლდება, იწყებს შიმშილობას და ასე, ათწლეულების განმავლობაში გრძელდება მისი ეს ტრაგი-კომიკური დევიაცია. უკითხავთ, თუ ჰყავს ამ პერსონაჟს პროტოტიპი. პასუხი ცალსახაა: არა! ესაა კრებითი სახე გამსახურდიას მხარდამჭერი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც გამსახურდია დღემდე ცოცხალი ჰგონიათ, მისი მოკვდავობის იდეის მიღება, უბრალოდ, მათ ძალებს აღემატება… და ამხელა ფანატიკური სიყვარულის ფონზე სრულიად გამაოგნებელია გამსახურდიას მხარდამჭერების ნაწილის ტრფიალი რუსეთისადმი, თან ზვიადის სახელს იფიცებენ და თან რუსეთი უყვართ. ეტრფიან სახელმწიფოს, რომელმაც მათი საყვარელი პოლიტიკური ლიდერი უკეთეს შემთხვევაში დაამხო, უარეს შემთხვევაში კი მოკლა. ამ ერთი მაგალითითაც თვალსაჩინოა, რომ ზღვარგადასული ფანატიზმი ადამიანს, უბრალოდ, აზროვნების უნარს აკარგვინებს.

პ. ს. ბავშვობაში, სოფელში, გაგანია “მხედრიონელობის” დროს, ტანსაცმლის კარადის ყველაზე მიუვალ ადგილას ერთი ჟურნალი (სახელს ვერ ვიხსენებ) ჰქონდათ შენახული ჩემს მშობლებს, ჟურნალის მთელ ყდაზე ზვიად გამსახურდიას ფერადი პორტრეტი იყო გამოტანილი, ხოლო, ასე საგულდაგულოდ იმიტომ გახლდათ შენახული, რომ “მხედრიონელები” თუ შემოიჭრებოდნენ და სახლს გადააქოთებდნენ, არ ენახათ, რადგან ნახვის შემთხვევაში უპრობლემოდ შეეძლოთ, ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც მიეხვრიტათ იქვე, სახლის კედელზე (უფრო მსუბუქი რაღაცების გამოც მიუხვრეტიათ ხალხი).

აპრილური ამბებიდან #1

0

სასტიკი ქარია მცხეთაში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუიან და ღამეც თითქმის უმთვარეო გამოდგა. ძაღლები სახლში შეყუჟულან. მათ – არა, მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, როცა მარტო ვარ და შიში მახსენდება. არადა, ეგ თითქმის აღარ არის ეგრე და განა რომ არ არის, ეგ ცუდია – არა, პირიქით. მაგრამ ის მაინც სხვა საქმეა. შიშის გახსენება. მახსენდება – თორემ ისეთ ქროლვებს დამაჯახა ცხოვრებამ, ქარიშხლის კი არა, ლამის ადამიანების ვეღარ მეშინია.

დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:

“გარეთ ცივა, ქრის ქარი

მთვარე ვახშმობს მუხებში,

დახშულია ჭიშკარი,

ადევს კლიტე უხეში.

დედაბერი მიმჯდარა,

ბუხრის ახლოს კუთხეში.

თვალში ცრემლი დამშრალა,

მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”

მე არ ვიცი სანდრო შანშიაშვილის ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მტკივა. ვირყევი და მსიამოვნებს. ახლაც ეგ ამბავია. ცხადად მივხვდი, რომ ერთღამიანი და ქარიანი მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ორი-სამი წელი გავხედნი და სხვა მივცემ აღვირს. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით ვეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:

“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”

და ყველაფერი კარგადაა“.

….

ლანა ღოღობერიძემ დამირეკა, ჩემი წიგნის და ფილმის წარდგენაა და გელოდებიო. საჯარო შეკრებებს დიდი ხანია ვერიდები, თუ ჩემი საქმის აუცილებელი ნაწილი არ არის, მაგრამ როცა ლანა გეპატიჟება – უნდა მიხვიდე. თანაც ისე დამირეკა ან უფრო უკეთ – ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს 21 წლის იყო და რომელიმეს პირველად წარადგენდა. 95 – ის გახლავთ. ეს ციფრი მოსარიდებელი კი არა, პირიქით – ხმამაღლა სათქმელია. რადგან რამდენადაც დიდია, იმდენად უმნიშვნელო, როცა ლანა ღოღობერიძეა მისი ამწევი, როცა მზექალა შანიძეა მისი დამტევი და კიდევ რამდენიმე, რომელიც საუკუნის სიახლოვეს იტრიალებს მალე. ასაკს კი არ მალავენ, ასაკი ემალებათ. ეს არის თანამედროვედ ყოფნის ნიშანი. დროის გაუქმება. ქართველობის ნიშანი კი ის არის, რომ ამხელა მანძილს სიმშვიდის დაუნჯებით კი არ გადიხარ, როგორც რომელიმე იოგი, არამედ – დიდი ღელვით. დაუცხრომელი მღელვარებაა ჩვენებური რეცეპტი უკვადავად ყოფნის, საკუთარი თავის ყოველწუთიური წვრთნა და სიცოცხლის აღვირის ასე დაუფლება. შესანიშნავი ფილმი იყო. წიგნი – მგონი კიდევ უფრო. მიხარია, რომ იქ ერთი თავი ჩემს ლექსებსაც ეძღვნება. და ბევრი თავი – პოეზიას. სანამ პოეზიას ლანას დარი ადვოკატი ჰყავს – სიკვდილი არ უწერია. არც პოეზიას. არც – ლანას.

ერთი აქტივობა და რესურსი ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე და სხვა  ბავშვებისათვის

0

ტიპური თუ ატიპური, ენობრივი განვითარების დარღვევის, აუტიზმისა და სხვა მდგომარეობების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ საჭიროა მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები. კარგი იქნება ამ რესურსებისა და აქტივობების სასწავლო პროცესთან   მისადაგება. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, აქტივობების დროს რესურსები ბავშვებს მიეწოდებოდეთ თამაშით, მულტისენსორული მეთოდებთ, სხვადასხვა სენსორული არხის გააქტიურებით.

ქვემოთ წარმოვადგენ ჩემ მიერ მომზადებულ ქართულენოვან ბარათებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში შეიძლება არაერთგვაროვნად იქნეს გამოყენებული. ბარათები შეიქმნა აქტივობისთვის: „გამოიცან, რა ვარ“. აქტივობაში 2 ბარათი მაინც უნდა იყოს გამოყენებული თავიანთი პასუხებითურთ.

შეკითხვაში მოყვანილი ცნებების გააზრების შემდეგ ბავშვმა თავად უნდა ამოარჩიოს მართებულპასუხიანი ბარათის ფურცელი. პასუხის გამოცნობის შემდეგ სასურველია, მასწავლებელმა სხეულის ენით განასახიერებინოს, მერე კი იქვე აჩვენოს გამოცნობილი საგანი და მოსწავლეს მასზე ხელიც შეავლებინოს, შეაგრძნობინოს მასალა, სუნი, ზომა და სხვ., ნელა და გარკვევით, რამდენიმე ბავშვთან მუშაობის შემთხვევაში – ორკესტრულადაც, ინტონაციის ცვლილებით გაამეორებინოს სიტყვა-ცნება. აღნიშნული აქტივობა ბავშვებს შეხების, მხედველობის, სმენის, ვესტიბულარულ და სხვა არხებს[1] უაქტიურებს და საგნებისა და მათი აღმნიშვნელი სახელების აღქმა-დამახსოვრ

 

 

 სურ.1

სურ. 2

სურ. 3

სურ. 4

სურ.5

სურ. 6.

 

იმედი გვაქვს, მოწოდებული სასწავლო რესურსი გაახალისებს და გაააქტიურებს საგაკვეთილო პროცესს.

 

 

 

[1]https://mastsavlebeli.ge/?p=14891

ენობრივი განვითარების დარღვევა

0

სასაწავლო დაწესებულებებში თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თვალში საცემია სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვების ენობრივი ქცევა, რომელიც მე, სპეციალისტს, ამა თუ იმ ენობრივ მდგომარეობაზე მიმანიშნებს. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ენობრივი განვითარების დარღვევა (Developmental Language Disorder, DLD, ეგდ), რომლის სიხშირე აუტიზმისას შვიდჯერ აღემატება, თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 14 ბავშვიდან ერთს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასში ერთი ან ორი ასეთი მოსწავლეა. ეგდ-ს უხილავ მდგომარეობასაც უწოდებენ – უმეტესად ვერავინ ამჩნევს, რომ ბავშვს ენის გაგება ან აზრის გამოხატვა უჭირს და პრობლემა უყურადღებოდ რჩება.

ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ) 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 10-13%-თან გვხვდება. ის ზოგჯერ თან ახლავს სხვა დარღვევას, ზოგჯერ დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობს. იზოლირებული დარღვევის წილი ენობრივ დარღვევათა საერთო სტრუქტურაში 7-8%-ია და არ უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ რომელიმე მიზეზს ან მდგომარეობას (მაგალითად, აუტიზმს, დაუნის სინდრომს).

ადამიანის განვითარების მეცნიერების, ნეიროგანვითარების დარღვევებისა და სპეციალური განათლების პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ოსფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი თამარ კალანდაძე ამბობს, რომ ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და სკანდინავიის ქვეყნებში შედარებით მაღალია ეგდ-ის ცნობადობაც და მის შესახებ ცოდნის დონეც. საქართველოში ამ ცოდნის ხარისხი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. უმთავრესად ამიტომ არის, რომ ქართველი მშობლების უმეტესობა, ნორვეგიელებისგან განსხვავებით, ეგდ-ს პრობლემად არ მიიჩნევს ან არ აღიარებს. თამარი ვარაუდობს, რომ ეს საზოგადოებაში არსებული სტიგმის ბრალია. გარდა ამისა, საქართველოში არ გვაქვს შეფასების ადეკვატური ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი აფერხებს როგორც ეგდ-ის იდენტიფიცირებას, ისე მის შესახებ ცოდნის ამაღლებასაც. უმეტესად სწორედ სხვა მდგომარეობებისგან დამოუკიდებელი ეგდ რჩება შეუმჩნეველი და ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები სათანადო დახმარებას ვერ იღებენ.

მოუწესრიგებელია ტერმინოლოგიაც. არც ისე დიდი ხნის წინ ენობრივი განვითარების დარღვევა ინგლისურ ენაზე 130 სხვადასხვა ტერმინით აღიწერებოდა. ყველაზე ხშირად მას ენობრივი განვითარების სპეციფიკურ დარღვევას (Spesific Language Impairment) უწოდებდნენ. ტერმინზე შეუთანხმებლობა ხელს უშლიდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე პრაქტიკასაც. თამარ კალანდაძის თქმით, დღესდღეობით ინგლისურ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებში მიღწეულია კონსენსუსი, ამ მდგომარეობას ეწოდოს Developmental Language Disorder (DLD), რაც ენობრივი განვითარების დარღვევად ითარგმნება, თუმცა ქართული ტერმინის თაობაზე ფორმალური შეთანხმება არ არსებობს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ სამუშაოა.

 

ენა და მეტყველება

ენის მკვლევართაგან თითქმის ყველა თანხმდება, რომ ენა ინდივიდუალურ და სოციალურ სფეროებს მოიცავს და ის  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია; რომ ენა არის მრავალფეროვან და მრავალსახოვან აუცილებელ პირობითობათა ერთობლიობა, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს ფიზიკურ, ფიზიოლოგიურსა და ფსიქიკურ სფეროებში.

ფრანგმა ფიზიოლოგმა, ქირურგმა და ანთროპოლოგმა პოლ ბროკამ (Paul Broca)[1] 1861 წელს აღმოაჩინა, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელიც მეტყველების უნარს განაგებს, ლოკალიზებულია მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის წილში. მან პირველმა აღწერა ეს არე და დაასკვნა, რომ თავის ტვინის ეს უბანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტყველების არტიკულაციაში. დღეს ტვინის ამ მიდამოს ბროკას არეს უწოდებენ. მის დაზიანებას შეუძლია, გამოიწვიოს ენის პროდუქციის დარღვევა, რაც ნაწილობრივ ენის გაგების სირთულეს განაპირობებს.

ცნობილია, რომ ბროკას არე მოიცავს ყველაფერს, რაც მეტყველებას განეკუთვნება, წერის ჩათვლით. ლოკალიზაციის ცენტრებთან ასეთი მდგენების (კონსტატაციების) კავშირი აფაზიის სხვადასხვა ფორმასთან ერთად აჩვენებს, რომ: 1. ზეპირი მეტყველების სხვადასხვა ხასიათის დარღვევა მჭიდროდ უკავშირდება წერილობით მეტყველებას. 2. აფაზიისა თუ აგრაფიის ნებისმიერ შემთხვევაში, ცნობიერებაში სამეტყველო ქმედების მოწესრიგებული ნიშნების გამოწვევის უნარი უფრო ირღვევა, ვიდრე ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისა და გამოსახვის უნარი.

ენათმეცნიერები ამიტომაც ფიქრობენ, რომ, გარდა სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობისა, არსებობს უფრო ზოგადი უნარი, რომელიც განაგებს ნიშნებს; რომელიც უმთავრესად, ენობრივ უნარს წარმოადგენს; რომ სწორედ ენა განაპირობებს მეტყველების ერთიანობას, რომ ენა არის კომპლექსური სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული (ბგერათა სისტემა, სიტყვათა მარაგი ანუ ლექსიკა, სიტყვათა კავშირი წინადადებაში, წინადადების წყობა) და ფუნქციური (ენის გამოყენება და გაგება სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში) ასპექტებისგან. ენა გვესმის და ენას ვიყენებთ როგორც ზეპირი (მოსმენა და საუბარი) და წერილობითი (კითხვა და წერა), ისე კომუნიკაციურ სიმბოლოთა (მაგალითად, ქართული ჟესტური ენა) სისტემის ფორმით. ზეპირი და წერილობითი ენა შედგება რეცეპტული (მოსმენა და კითხვა) და ექსპრესიული (მეტყველება და წერა) კომპონენტებისგან. ენის ათვისება გულისხმობს ამ კომპლექსური სისტემის დაუფლებას, დასწავლას.

ენისა და მეტყველების გამიჯვნა აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გააზრებისას, როგორიცაა ენობრივი განვითარების დარღვევა. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ან ენის ათვისება, ან მეტყველება, ან ორივე ერთად. ენა გულისხმობს სიტყვათა მარაგის ფლობას და გრამატიკის წესების ცოდნას, მეტყველება – სიტყვების წარმოთქმას, არტიკულირებას (სამეტყველო ბგერების სწორად გამოცემას პირის, ტუჩებისა და ენის გამოყენებით), ხმის ტემბრს, მეტყველების რიტმს. თუმცა შეიძლება სიტყვის ჟესტური ენით გადმოცემაც. თამარ კალანდაძის თქმით, ენა არის მენტალური ფენომენი, ხოლო მეტყველებამისი გამოხატვის ერთერთი ფორმა.

ენისა და მეტყველების გამიჯვნასთან დაკავშირებით ლინგვისტიკაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. განვითარების დარღვევების გასაგებად, მათ საკვლევად და კლინიკური საქმიანობისთვის ენისა და მეტყველების მსგავსი გაგება და მათი გამიჯვნა კვლევასა და პრაქტიკას შესაძლებელს ხდის.

 

ენის განვითარების დარღვევა

მიჩნეულია, რომ ენის განვითარების დარღვევა ნეიროგანვითარების მდგომარეობა ან ნეირომრავალფეროვნების ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც აუტიზმი, დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ეგდ-ის მქონე ადამიანის ტვინი ეგდ-ის არმქონე ბავშვის ტვინისგან განსხვავებულად ვითარდება. ის სხვანაირად გადაამუშავებს ინფორმაციას. ენის განვითარების დარღვევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ამ დარღვევის მქონე ადამიანს, შესაძლოა, გამოკვეთილად უჭირდეს ენის გაგება (რეცეპტული სირთულეები), გადმოცემა (ექსპრესიული სირთულეები) ან ორივე ერთად; შესაძლოა, ჰქონდეს არტიკულაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეგდ არის სპექტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური განსხვავებების დიაპაზონი ძალიან ფართოა. მისი პირველი ნიშანი დაგვიანებული მეტყველებაა. ეგდ-ს მქონე ბავშვების თითქმის 100%-ს მეტყველების დაგვიანება აღენიშნება. დაგვიანებული მეტყველება შესაძლოა ეგდ-ს ნიშანი იყოს, თუმცა დაგვიანებული მეტყველების მქონე ბავშვების მხოლოდ 25%-ს აქვს ეგდ. მაშასადამე, დაგვიანებული მეტყველება ყოველთვის ეგდ-ს არ ნიშნავს.

ენის განვითარების დარღვევა გვხვდება:

  • დისლექსიის მქონე პირებთან –

საყურადღებოა, რომ თუ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრს, მაგალითად, დისლექსია აქვს, მეტი შანსია, ენობრივი განვითარების სირთულე თვითონ ბავშვსაც ჰქონდეს;

  • ნორმალური არტიკულაციის შემთხვევაშიც –

ხშირად აზრად არავის მოსდის, რომ შესაძლოა, ბავშვს ენის გაგება ან აზრის გადმოცემა უჭირდეს;

  • ქცევის დარღვევის მქონე პირებთან;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე პირებთან;
  • კითხვის დეფიციტის მქონე პირებთან –

რამდენადაც ენის განვითარების დარღვევა გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზეც. ხშირია შემთხვევა, რომ თუ ბავშვს კითხვა უჭირს, დისლექსიის დიაგნოზს უსვამენ, რომელიც ეგდ-ზე მეტად არის ცნობილი;

  • ბავშვებთან, რომლებსაც არ უჭირთ სიტყვების ამოკითხვა –

ეგდს მქონე ბავშვთა დაახლოებით ნახევარს არ უჭირს სიტყვების ამოკითხვა და ხშირად სწორედ ეს ბავშვები რჩებიან შეუმჩნეველნი;

  • გრამატიკულად გაუმართავი, მარტივი წყობის წინადადებებით მოსაუბრე პირებთან;
  • ენის სოციალურ კონტექსტებში გამოყენების სირთულის მქონე პირებთან –

ამ დარღვევის მქონე ბავშვებს ხშირად არ ესმით ხუმრობა, ირონია, იუმორი, ბუნებრივია, აწყდებიან კომუნიკაციის პრობლემებს, ხშირად სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობენ, მეგობრებიც იშვიათად ჰყავთ. ეგდ-ის მქონე ბავშვი ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი;

  • მუშა მეხსიერების პრობლემების მქონე პირებთან –

ბავშვმა, შესაძლოა, ნათქვამის შინაარსი გაიგოს, მაგრამ მალევე დაავიწყდეს, მასწავლებელს კი ეგონოს, რომ არ უსმენს ან არ ითვალისწინებს მის ნათქვამს. ამის გამო ეგდ-ის მქონე ბავშვებს ადვილად აწებებენ ზარმაცებისა და უყურადღებოების იარლიყს;

  • მათემატიკის სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებთან.

ამიტომ, როცა მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა დაფიქრდეს, ენის განვითარების პრობლემასთან ხომ არ აქვს საქმე.

ეგდ-ის მქონე ადამიანები ხშირად ნიღბავენ სირთულეებს, მაგალითად, არ იმჩნევენ, რომ ნათქვამი ვერ გაიგეს, გაურბიან სიტუაციებს, რომლებშიც ენის გამოყენებაა საჭირო, საურთიერთობოდ ირჩევენ უმცროსი ასაკის ბავშვებს ან ზრდასრულებს, საუბრის შესაწყვეტად იმიზეზებენ დაღლილობას ან სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეს. ასაკით რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, ენობრივი სირთულეები ეგდ-ზე მიანიშნებდეს. თუ 4 წლის ბავშვს ასეთი სირთულეები აქვს, დიდი შანსია, ის სკოლაში შესვლის დროსაც ჰქონდეს. თუ 5 წლის ასაკშიც მსგავსი სურათია, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენობრივი განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

ენის განვითარების დარღვევა არის სწავლის უნარის დაქვეითების რისკფაქტორი (მაგალითად, უარყოფით გავლენას ახდენს მათემატიკურ და წერა-კითხვის უნარებზე), ამცირებს დასაქმების შანსს ზრდასრულ ასაკში და ასოცირდება სოციალურ, ემოციურ და ქცევის პრობლემებთან; უშუალოდ უკავშირდება მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს. საერთაშორისო კვლევების მინაცემებით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ, ასევე -სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვედრილ მოზარდთა მნიშვნელოვან ნაწილს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. აქედან გამომდინარე, ეგდ-ის უყურადღებოდ დატოვებას ძალზე უარყოფითი შედეგები მოაქვს როგორც თავად ეგდ-ის მქონე პირისა და მისი ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისთვისაც. ადეკვატური დახმარების პირობებში ეგდ-ის მქონე პირების ცხოვრების ხარისხი მაღალია.

ენის განვითარების დარღვევა არ ქრება, ის მთელი სიცოცხლე მიჰყვება ადამიანს, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად მისი გამოვლინება იცვლება. პროგნოზი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ადეკვატურ დახმარებას იღებს ადამიანი.

ხშირად დასმულ კითხვას, იწვევს თუ არა ორენოვნება ეგდს, თამარ კალანდაძე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად პასუხობს, თუმცა ეგდ შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთ-, ისე ორენოვან ბავშვსაც. მსგავს შემთხვევებში დარღვევა ეხება ყველა იმ ენას, რომელსაც ბავშვი იყენებს.

ეგდ-ის მქონე პირს სჭირდება კომპეტენტური მხარდაჭერა და დახმარება საბავშვო ბაღში, სკოლაში, მერე კი უკვე დამსაქმებლის მხრიდან. მხარდაჭერის მეთოდები ინდივიდუალურია და ირჩევა იმის მიხედვით, ენის რა ასპექტში აქვს პრობლემა ადამიანს.

ერთი რამ, რაც ალბათ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება, არის ემოციების გამომხატველ სიტყვებზე მუშაობა, რადგან ეგდ-ის მქონე ბავშვებს ხშირად სწორედ ასეთი სიტყვების დასწავლა უჭირთ. ეს მათ ემოციების რეგულირებასა და ამით გამოწვეული სხვა (მაგალითად, მენტალური) პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია დარღვევის დონეც და ისიც, რა ასაკში დაისმება დიაგნოზი – ადრეული ჩარევა, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ მუშაობის დაწყება არასოდეს არის გვიან. მთავარია სათანადო დახმარების გაწევა და ამ მდგომარეობის მქონე პირების საგანმანათლებლო თუ სხვა პროცესებში სრულფასოვნად ჩართვა.

[1] https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Broca

ორენოვანი რესურსი აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისათვის

0

შესაძლოა, აქვე, ახლოს, ჩვენი აზერბაიჯანელი მეზობლის, მეგობრის ან კოლეგის შვილებს საგაკვეთილო პროცესში სპეციალური მიდგომა სჭირდებოდეთ, ჩვენში კი ნამდვილად არის ორენოვანი რესურსების დეფიციტი. ქვემოთ წარმოდგენილი რესურსი არაქართულენოვან სკოლებში ასო-ბგერა A-ს შესწავლა-განმტკიცებას ემსახურება. პატარა მოთხრობის მთავარი პერსონაჟებისა და მათ მიერ გამოყენებულ საგანთა სახელებიც ამიტომ იწყება აზერბაიჯანული ენის პირველ ასოზე. ეს სიტყვებია: Ana, Ata, Alma, Armut,Alisa, Ali, Anna. ძირითადად გასააზრებელი ცნებებია: „დედა“ – Ana, „მამა“ – Ata,, „მსხალი“ – Armut, „ვაშლი“ – Alma, ასევე – სამი საკუთარი სახელი: Alisa, Ali, Anna. ყურადღებაა გამახვილებული წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებზეც.

ტექსტი ორენოვანია და, ამასთანავე, მხედველობის ან აღქმის დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებას მორგებულიც.

ტექსტის აბზაცებს შორის დატოვებულ სივრცეში ბავშვებმა თავად უნდა დახატონ მთავარი პერსონაჟები, საგნები და, თუ შეუძლიათ, მოქმედებებიც.

 

ვაშლი, მსხალი და ბავშვები

Alma, armud və uşaqlar

მარიამ გოდუაძე

Mariam Goduadze

Ali və Annanın anası onlara alma gətirdi.

ალის და ანას დედამ ვაშლები მოუტანა.

 

 

Almalar qırmızı, sarı vəyaşıl idi.

ვაშლები იყო წითელი, ყვითელი და მწვანე.

 

 

Ali və Annanın atası da onlara meyvə gətirdi, amma armud.

ალის და ანას მამამაც მოუტანა ხილი, ოღონდ მსხლები.

 

 

Bəzi armudlar sarı, bəziləri qırmızı, bəziləri yaşıl idi.

ზოგი მსხალი იყო ყვითელი, წითლად შეფერილი, ზოგი  მსხალი იყო მწვანე.

 

 

Uşaqlar xoşbəxt idilər.

გაუხარდათ ბავშვებს.

— Armut!

— Alma! – dedilər.

  • — მსხალი!
  • — ვაშლი! — თქვეს მათ.

 

 

Meyvələri yuyub mavi güldana düzdülər.

მათ ხილი გარეცხეს და ცისფერ ლარნაკში ჩააწყვეს.

 

Ali qırmızı alma götürüb dişlədi.

ალიმ აიღო წითელი ვაშლი და ჩაკბიჩა.

  • Necə dadlıdır! Sağ ol, ana! – dedi.
  • რა გემრიელია! გმადლობ, დედა! — თქვა მან.

 

 

Anna sarı armud götürüb dişlədi.

ანამ აიღო ყვითელი მსხალი და ჩაკბიჩა.

 

 

 

 

  • Oh, bu necə şirin və yetişmiş! Sağ ol, ata! “Gəlin Alisanı da yedizdirək” dedi.
  • ალი, ესეც რა ტკბილი და მწიფეა! გმადლობ, მამა! ალისასაც ვაჭამოთ, — თქვა მან.

 

Valideynlər uşaqlara gülümsədi. Uşaqlar da gülümsəyərək qonşuları Alisi çağırdılar.

მშობლებმა ბავშვებს გაუღიმეს. ბავშვებმაც გაიღიმეს და მეზობელ ალისას დაუძახეს.

 

 

Alisa, Ali Anna, anavə ataindi birlikdə ləzzətli alma və armud yeyirdilər.

ალისა, ალი და ანა ახლა ერთად მიირთმევდნენ გემრიელ ვაშლებს და მსხლებს.

ყველა შესაძლებლობის ამოწურვა

0

დაწყებითი სკოლის ასაკში მათემატიკური აზროვნების განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ისეთი საინტერესო მიმართულების გაცნობას, როგორიცაა კომბინატორიკა. ეს სფერო მოსწავლეებს უვითარებს ლოგიკური მსჯელობის, პრობლემის გადაჭრისა და სისტემური მიდგომის უნარებს. სტატიაში გაგიზიარებთ პირველი კლასის პატარებისთვის ზედგამოჭრილ სახალისო და ეფექტურ აქტივობებს, რომელთა მიზანია, მარტივად გააცნოს მათ „გადანაცვლების“ ცნება და განუვითაროს სხვადასხვა შესაძლო თანმიმდევრობის აღმოჩენის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე აქტივობა უშუალოდ რიცხვებს არ ეხება, ის მტკიცე საფუძველს უყრის მომავალში რიცხვებსა და მათ კომბინაციებთან დაკავშირებული  ამოცანების გადაჭრის უნარს.

თემა: რიცხვები

  • ობიექტთა სიმრავლეში ობიექტების დათვლა და შესაბამისი რაოდენობის დასახელება; ჩაწერა;
  • რიცხვთა ჩამონათვალში კანონზომიერების შემჩნევა, აღწერა, შევსება/გაგრძელება;
  • რიგობითი რიცხვითი სახელების დასახელება და ჩაწერა (პირველი, მეორე, მესამე და ა.შ.).

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

  • რეალურ ცხოვრებაში საგნების, ობიექტების რაოდენობის წარმოდგენა შესაბამისი რიცხვით, მათ შორის სიმბოლოს გამოყენებით (მათ. მოდ., ლოგ.);
  • ობიექტთა, ასევე რიცხვთა მიმდევრობაში კანონზომიერების შემჩნევა, აღწერა, შევსება/გაგრძელება; საგნების განლაგების წარმოდგენა, შედარება, განვრცობა (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.).
სამიზნე ცნება:

 

მათემატიკური მოდელი:

რაოდენობა.  საგნების (პერსონაჟების) რაოდენობის განსაზღვრა და რიცხვთან დაკავშირება (1 ბაბუა, 1 შვილიშვილი, 1 ძაღლი).

რიცხვი. რიცხვების გამოყენება რაოდენობისა და რიგითობის აღსაწერად.

მიმართება. პერსონაჟებს შორის არსებული თანმიმდევრობა როგორც მათი ურთიერთგანლაგების გამოხატულება

 

 

კანონზომიერება:

თანმიმდევრობათა ამოცნობა და შექმნა

სისტემური ძიება როგორც კანონზომიერება (ყველა შესაძლო ვარიანტის მოძებნა)

 

ლოგიკა:

შესაძლო და შეუძლებელი ვარიანტების განსაზღვრა.  ყველა  თანმიმდევრობის განსაზღვრა და  დუბლიკატების გამორიცხვა,

მიზეზშედეგობრივი (არაპირდაპირი)კავშირების დამყარება: პერსონაჟების ადგილების შეცვლით გამოწვეული განსხვავებული თანმიმდევრობა.

მსჯელობის წარმოდგენა და დასაბუთება.

 

 

გაკვეთილის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ რაოდენობის დაკავშირებას რიცხვთან; ობიექტების (სამი საგნის) დაკავშირებას რიგობით სახელებთან, სხვადასხვა თანმიმდევრობით მათ დალაგებას თითოეული შესაძლო ვარიანტის წარმოსაჩენად. განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარები.

აქტივობა 1. მაიმუნი, დათუნია და ცხენი (4-5 წუთი)

გადანაცვლების ცნების პირველი, თვალსაჩინო გაცნობისთვის საკლასო ოთახში, ყველას დასანახად, მაგიდაზე, გარკვეული თანმიმდევრობით დავაწყვე სამი საყვარელი რბილი სათამაშო: მაიმუნი, დათუნია და ცხენი. ბავშვებს ვთხოვე, ყურადღებით შეეხედათ მათთვის და დაემახსოვრებინათ. შემდეგ სათამაშოების თანმიმდევრობა შევცვალე და დავსვი შემდეგი კითხვები: „რა შეიცვალა?“; „რა დარჩა უცვლელი?“. ეს სახალისო თამაში რამდენჯერმე გავიმეორე. პატარა დამკვირვებლებმა სწრაფად შენიშნეს, რომ ობიექტების თანმიმდევრობის შეცვლა არის გადანაცვლება.

 

აქტივობა 2. ბაბუა, შვილიშვილი და ძაღლი (ჯგუფური მუშაობა, 8-10 წუთი)

მოსწავლეებს მოვუყევი ასეთ ამბავს: ბაბუამ და შვილიშვილმა გადაწყვიტეს ტყეში სოკოს დასაკრეფად წასვლა და თან ერთგული ძაღლიც გაიყოლეს. ახლა წარმოვიდგინოთ, რა თანმიმდევრობით გაუყვებიან ისინი ტყის ბილიკს? შეიძლება, პირველი ბაბუა მიდიოდეს, შემდეგ – შვილიშვილი და ბოლოს – ძაღლი? ან იქნებ ძაღლი მიიჩქარის წინ? ხომ არ შეიძლება, შვილიშვილი იყოს მეორე ან მესამე? რამდენი განსხვავებული თანმიმდევრობის შექმნა შეგვიძლია მათი ადგილების შეცვლით? – ამ კითხვებზე პასუხს ბავშვები თავად მიაგნებენ შემდეგ აქტივობაში.

ამ აქტივობისთვის გამოვიყენე თვალსაჩინო მასალა: დაფაზე დავხატე სოკოებით სავსე ტყე და წინასწარ მოვამზადე სამი მთავარი გმირის (ბაბუა, შვილიშვილი, ძაღლი) ამსახველი ექვსი იდენტური ბარათი. ამბის დასაწყისში პერსონაჟები წარვადგინე თანმიმდევრობით: ბაბუა, შვილიშვილი და ძაღლი. ამით ბავშვებს სიტუაცია გავაცანი და იმავდროულად პირველი შესაძლო თანმიმდევრობაც ვაჩვენე დაფაზე.

ამის შემდეგ, ჯგუფებში მუშაობისას, თითოეულმა ჯგუფმა მიიღო სამივე პერსონაჟის თითო ბარათი და დავალება: მოეფიქრებინათ, როგორი თანმიმდევრობით შეეძლოთ განლაგება პერსონაჟებს ტყისკენ მიმავალ გზაზე. ჯგუფები რიგრიგობით წარმოადგენდნენ თავიანთ ვერსიებს, ხოლო მე, მათი ერთგული მეგზური, ვეხმარებოდი, რომ არცერთი შესაძლო ვარიანტი არ დარჩენილიყო გამოუყენებელი. ასე შეიქმნა ექვსი განსხვავებული ვერსია, რომლებიც თვალსაჩინოდ გაიკრა დაფაზე.

 

აქტივობა 3. (ორგანიზება საერთო საკლასო; 7-8 წთ)

დავუბრუნდით პირველი აქტივობის საყვარელ პერსონაჟებს. ისინი კვლავ ყველას დასანახად „დავსვი“ მაგიდაზე და ამჯერად მოსწავლეებს ვთხოვე, სიტყვიერად აღეწერათ თანმიმდევრობა: რა დგას პირველ ადგილზე? მეორეზე? დათუნია მერამდენეა? ეს პირველი თანმიმდევრობა ბავშვებმა დააფიქსირეს წინასწარ მომზადებულ ცხრილში (სათამაშოების სახელის პირველი ასოებით):

შემდეგ ვთხოვე მათ, თანმიმდევრობაში ერთი პატარა ცვლილება შეეტანათ – გადაეადგილებინათ რომელიმე სათამაშო. კვლავ დავსვი მსგავსი კითხვები და ახალი თანმიმდევრობა ბავშვებმა ცხრილში ჩაწერეს. ასე გაგრძელდა, სანამ ექვსივე შესაძლო თანმიმდევრობა არ აღიწერა. მოსწავლეებს ვთხოვე, კიდევ შეესრულებინათ გადაადგილება და ჩაეწერათ თანმიმდევრობა. „აბა, დააკვირდით, ასეთი განლაგება უკვე ხომ არ გვაქვს?“ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ თანმიმდევრობა განმეორდა. შემდეგ მცირე დისკუსია გავმართეთ, მეორე და მესამე აქტივობების შედეგების გათვალისწინებით მოსწავლეებმა იმსჯელეს სამი საგნის გადააგილებით მიღებული შესაძლო თანმიმდევრობების რაოდენობაზე.

აქტივობა 4. დამოუკიდებელი სავარჯიშო (ჯგუფური მუშაობა, 5 წუთი)

თითოეულ ჯგუფს დავურიგე წინასწარ მომზადებული სამუჯრიანი ცხრილები და სხვადასხვანახატიანი სტიკერები. მათ დაევალათ ამ ცხრილებში სამი განსხვავებული სტიკერის განთავსება და ამ გზით სამი განსხვავებული თანმიმდევრობის შექმნა, რა თქმა უნდა, ისე, რომ არცერთი განლაგება არ გამეორებულიყო.

აქტივობა 5. პრეზენტაცია (5 წუთი)

თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი შემოქმედებითი ვერსია და ახსნა, რატომ შეარჩია ეს თანმიმდევრობა. მათ მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.

 

 

აქტივობა 6. შეჯამება (3-4 წუთი)

ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვე, ყოველდღიური ცხოვრებიდან მოეყვანათ გადანაცვლების მაგალითები, მერე კი ერთად შევაჯამეთ გაკვეთილი და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ამ მნიშვნელოვანი კონცეფციის არსი.

 

ზემოთ აღწერილი მარტივი და სახალისო სავარჯიშოები ეფექტური აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის გადანაცვლების ფუნდამენტური ცნების გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობები უშუალოდ რიცხვებს არ ეხებოდა, ნათლად ჩანს, როგორ უკავშირდებოდა თითოეული მათგანი სამიზნე ცნებებს (მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა). ინდიკატორები ზუსტად ასახავს მოსალოდნელ შედეგებს თითოეული ცნების მიხედვით, რაც მტკიცე საფუძველს ქმნის მომავალი მათემატიკური ცნებების გასაგებად. მსგავსი აქტივობების რეგულარული გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა მათემატიკური აზროვნების ადრეულ განვითარებას და ეხმარება მათი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების პოტენციალის გამოვლენას. სახალისო და ინტერაქტიული სწავლება ქმნის დადებით განწყობას მათემატიკის მიმართ და ხანგრძლივ შედეგებს უზრუნველყოფს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის ინდიკატორებით

https://math.ge/kurikulumi/

  1. მათემატიკის გზამკვლევი, პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

https://math.ge/pirveli-klasi/

  1. ზურაბ ვახანია, დოდო ნაზირიშვილი, „მათემატიკის სწავლება I კლასში“, 2009

ჯადოსნური თილისმები წარსულიდან – ქართული მითოლოგიის სამყაროში

0

კიდევ ერთი სცენარი სასკოლო ღონისძიებისთვის

 

დამეთანხმებით, რომ ბავშვები გიჟდებიან მითოლოგიაზე, განსაკუთრებით კარგად კი ბერძნული მითოლოგია იციან და მოსწონთ. ქართულ მითოლოგიაზე მწირი ინფორმაცია აქვთ, ამირანით და დალით შემოიფარგლებიან. არადა მითები, ისევე როგორც ხალხური ზღაპრები, ჩვენი იდენტობის მთავარი წყაროა, ჩვენი არსებობის, ყოფნისა და ეროვნულობის განმაპირობებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს მეოთხე კლასთან პატარა სპექტაკლი დამედგა და პერსონაჟებად ქართული მითოლოგიის გმირები გამომეყვანა. ვფიქრობ, ბავშვებს მოეწონებათ, იხალისებენ კიდეც და ბევრსაც გაიგებენ ჩვენს ძალიან, ძალიან შორეულ წარსულზე.

 

სცენა მოწყობილია როგორც ძველი დარბაზული სახლი. სასურველია, ბორჯღალებითა და მზის სიმბოლოებით იყოს გაფორმებული. კერასთან სხედან პაპა და ბებია. იქვე თამაშობს მათი ორი შვილიშვილი: მზექალა და ხვთისო.

ოჯახს გარშემო უვლის თეთრებში ჩაცმული სამი გოგონა (კერის ანგელოზები) და უმღერის: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო“. გულზე დიდი მზეები ჰკიდიათ. (https://youtu.be/YnD6JewYjSc)

ხვთისო: რა ბნელი ღამეა, მთვარეც არ ჩანს, გარეთ გასვლა ახლა საშიშია…

მზექალა: ამბობენ, ამ დროს ჭინკები და დევები გამოდიან სანადიროდო.

ხვთისო: რას ამბობ, მზექალავ, ეგენი აღარ არსებობენ და საერთოდაც, მოგონილი მგონია.

მზექალა: ხვთისო! შენ გინდა თქვა, რომ პაპა გვატყუებდა?! ბებოს მოყოლილი ამბები მხოლოდ ზღაპრები იყო?!

ხვთისო: არ ვიცი, მგონი, მეშინია, რომ ნამდვილი არ აღმოჩნდეს…

პაპა (ჩაიცინებს): ბავშვებო, ბავშვებო, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, უხსოვარ დროს რა ამბები ტრიალებდა ჩვენთან.

ბებო: უნდა მოვუყვეთ, კაცო, ხომ უნდა გაიგონ უკვე, დიდები არიან, მგონი, უკვე დროა.

პაპა: ჰო, მეც ასე მგონია, დრო მოვიდა, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს.

ბავშვები (ერთხმად): რას ამბობთ! გვითხარით დროზე! რას გვიმალავთ!

პაპა: ახლა, სწორედ ახლა, იღება დროის კარიბჭე!

ბავშვები (გაოცებით): რაააააა?..

ბებო: როგორც უხსოვარი დროიდან შემორჩენილი ლეგენდა გვეუბნება, ყველაზე, ყველაზე ბნელ, უმთვარო ღამეს, როცა ძალიან ცივა და მკაცრი ქარი ქრის, ათასწლეულების შემდეგ, ბოროტებას ისევ მოუნდება დედამიწაზე დაბრუნება.

პაპა: ისევ შეებრძოლება სიკეთეს. სწორედ ამ დროს მთვარე გაწითლდება, თითქოს გველეშაპმა გადაყლაპაო, ჰოდა წარსულის გმირები, ღმერთები და ქალღმერთები ჩვენს დასახმარებლად გადმოლახავენ უამრავ წელსა და საუკუნეს…

ბებო: ამ დროს გაიღება წარსულის კარიბჭე, ოღონდ მზე-ლილეს უნდა შევთხოვოთ, დაგვეხმაროს და დაგვიცვას! თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ისტორია, ახალი ერა! თქვენ ხართ გმირების შთამომავლები, მათი საქმეების გამგრძელებლები! უნდა დაამარცხოთ სიბნელე და სინათლე მოჰფინოთ ქვეყნიერებას!

პაპა: მზად ხართ წარსულიდან საჩუქრების მისაღებად? მზად ხართ შორეული წარსულის გასაცნობად?

ბავშვები (ერთხმად): მზად ვართ!

მზექალა:

ლილევოდა, დიდება შენდა,

დიდება შენდა, ზეციერო!

ოქროსი გიდგას სრა-სასახლე,

გარს აკრავს ოქროს გალავანი,

გალავნის ძირას ირმებია,

ქიმ-ქონგურებზე – შევარდნები.

ხვთისო:

შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო,

რქები ადგათ – რქები ოქროსი,

იალაღებზე ბუღრაობენ,

ირყევიან დიდი ქედები.

ბებო:

ნებიერი შენი ვერძები

რქებით ერთმანეთს აწყდებიან,

მთათა იმსხვრევა ხერხემალი,

ქანაობენ მძიმე ბურჯები.

პაპა:

ლილევოდა, დიდება შენდა,

ბნელი ახლოს ვერ გეკარება,

ზღვასა და ხმელზე დაგიყრია

მოელვარე სამკაულები.

ლილევოდა, დიდება შენდა,

დიდება შენდა, ზეციერო!

 

სამი ანგელოზი ტრიალებ მათ გარშემო და ჩრჩულებ:  – მოდიან, მოდიან, იწყება, იწყება!

უცებ გრუხუნია, შეიძლება, ბოლიც ავარდეს, იღება პორტალი და იქიდან კოპალა გადმოხტება.

 

კოპალა: აქეთ დევებს ხომ არ ჩამოუვლიათ? რაღაც ხმა მომესმა! რაღაც ძალამ გადმომისროლა!

პაპა: ეს ხომ კოპალაა!

კოპალა: დიახ, კოპალა ვარ! პატარა ბიჭი ვიყავი, არაგვის ხეობაში ვცხოვრობდი. დევებმა მომიტაცეს და თავად გამზარდეს. უამრავი დამცირება და სისასტიკე ავიტანე მათგან! ხან წყალს მაზიდვინებდნენ, ხან შეშას, თავშიც მიბარტყუნებდნენ, მაგრამ ვითმენდი და ვიზრდებოდი. ერთხელაც გავიპარე. გადავიარე მთები, ტყეები და თიანეთში, იხინჭის ეკლესიაში მივედი ბერებთან. დილიდან საღამომდე ღმერთს ვევედრებოდი, იმდენი ძალა მოეცა ჩემთვის, რომ დევებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შემერჩინა. ღმერთმა იცოდა, ფშავ-ხევსურებს როგორ აწიოკებდნენ დევები, ჰოდა, ისმინა ჩემი ვედრება და დიდი ძალ-ღონე მომცა. ვიგრძენი ძალა, იფნის ხე ამოვგლიჯე ცალი ხელით. მაშინვე წავედი დევებთან საბრძოლველად. უამრავი ამაბავი გადამხდა თავს, ჩემი თილისმა ჩემი ლახტი იყო – რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.

სამი ანგელოზი გარს უვლის კოპალას.

პირველი ანგელოზი: კოპალას ნასროლი ქვა დევების ნასროლ ლოდებზე უფრო სწრაფად გაფრენილაო!

მეორე ანგელოზი: კოპალას ლახტით დევები სულ გაუწყვეტიაო!

მესამე ანგელოზი: კოპალას დევებისთვის ციხეგორა წაურთმევიაო!

კოპალა: საოცარი ღამეა! ჩემს ლახტს ახლა თქვენ დაგიტოვებთ, ვიცი, ჩვენი გვარისა ხართ, ახლა ჯერი თქვენზეა, ბოროტება უნდა დაამარცხოთ!

კოპალა ლახტს აძლევს ოჯახს. ოჯახი მადლობას ეუბნება და ცეცხლთან ეპატიჟებ.

ამასობაში ისევ საშინელი გრუხუნია, ისევ იღება პორტალი და  გადმოდის ქალღმერთი დალი.

ცეცხლის გარშემო ჩურჩულია: ეს ხომ დალია! დალია, დალი!

ანგელოზები ერთად შეჯგუფდებიან და გაკვირვებულები იყურებიან: დალი, დალი!

ქალღმერთი დალი: ოჰ, ჩემო საყვარელო ცხოველებო! ჩემო ოქროსრქიანო ირმებო! სად დამეკარგეთ, სად ხართ?!

ანგელოზები (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

პაპა, ბებია, შვილიშვილები, კოპალა (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

დალი: როდესაც დიდი გასაჭირი დაგადგეს,

მაშინ ჩემი სახელი ახსენე,

მხარში ამოგიდგები,

ჯიხვსა და არჩვს არ დაგიძვირებ!

უძველესი ქალღმერთი ვარ, სალ კლდეებში ვცხოვრობ, როცა მომინდება, ირმად ვიქცევი, როცა მომინდება – ჯიხვად. ერთი კლიდან მეორეზე გადავფრინდები და მონადირეებს ხელს მოვუმართავ, თუ მონადირეები პატივს მცემენ. ფრთებიც მაქვს! ყოველ ნაბიჯზე სახლის სიმაღლე ნახტომის გაკეთება შემიძლია! ჩემი ფრთის შეხება ჭრილობას ამრთელებს! თუ ვინმეს დავასაჩუქრებ, მისი ოჯახი კარგ ბედსა და იღბალს ეწევა, ოღონდ თუ გამაბრაზეს… ო, მოდი, ამაზე დღეს არაფერს ვიტყვი.

მზექალა: რა ლამაზი ხართ! რა ძლიერი!

დალი: მე შენ თილისმას გაჩუქებ. აი, გამომართვი. ეს ჯადოსნური ირემია, სულს შეუბერავ და მაშინვე შენთან გაჩნდება ჩემი ძალა, ბოროტებას ერთად დავამარცხებთ!

ხვთისო: დალ, ჩემო ქალღმერთო!

ბებო: გმადლობთ, ქალღმერთო!

ანგელოზები (გარს უვლიან და თმას ვარცხნიან, თან ღიღინებენ): ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!

დალს ცეცხლთან ეპატიჟებიან, ისიც ჩამოჯდება.

ამასობაში ისევ გრუხუნია, პორტალიდან იახსარი გადმოხტება.

ბებო: ეს ხომ იახსარია, იხსარ ღვთისშვილი!

იახსარი: იახსარი ვარ! ფშავის საყმოს, ქისტაურთა მფარველი ღვთისშვილი!

კოპალა (დაინახავს იახსარს, იცნობს და წამოხტება): იახსარ, ძმაო!

იახსარი: ძმაო კოპალა!

გადაეხვევიან ერთმანეთს, მოიკითხავენ. კოპალა უბრუნდება ადგილს.

იახსარი (აგრძელებს): დევებს, ქაჯებს, ეშმაკებსა და მაცილებს ვებრძოდი! ვიცავ ყველას, ვისაც შველა სჭირდება! ზეციური მოქალაქეც ვარ! დედამიწაზე სვეტის ან ჯვრის სახით ჩამოვდივარ! მორიგე ღმერთთან ადამიანების სათხოვარი მიმაქვს! მორიგე ღმერთმა მშვილდ-ისარი მიბოძა და დამლოცა. დევებს სადაც შევხვდები, მუსრს ვავლებ, ავიკეცავ ჩოხის კალთებს, დავტაცებ ხელს ქვას და ვესვრი! დევებს ეშინიათ, გამირბიან. სოფელ როშკას ზემოთ, აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ჩემგან გაქცეულმა უკანასკნელმა დევმა. მეც ჩავყევი, მაგრამ დევის სისხლმა ტბა შეკრა, მე ტბაში ჩავრჩი. ტბის პირი მხოლოდ მაშინ გაიხსნა, როცა მის ნაპირზე ოთხყურა და ოთხრქა ცხვარი მოიყვანეს. როგორც იქნა, ხმელეთზე ამოვედი, მტრედად ამოვფრინდი. მას შემდეგ ლიქოკის თავს, კარატის წვერზე ვსახლობ და ვიცავ ხალხსა.

ბებო, პაპა, შვილიშვილები, კოპალა, დალი (ერთხმად): დიდება იახსრის დროშას, ზარსა და საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს ავის გორს უფალმა ღმერთმა!

იახსარი: ბოროტებასთან ბრძოლაში ჩემი ქვა გამოგადგებათ!

ოჯახს ქვას სჩუქნის და თავად ცეცხლთან ჯდება.

გრუხუნია, პორტალიდან გადმოვა ბარბალე.

დალი: ბარბალე, მზის ქალღმერთო და გველეშაპის დამამარცხებელო! კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ეპოქაში!

ბარბალე: დალ! კოპალა! იახსარ! თქვენც აქ ყოფილხართ! პირდაპირ მზის სასახლედან მოვედი.

ანგელოზები გარს ევლებიან ბარბალეს.

პირველი ანგელოზი: მზის ოქროს სხივით მოსილი,

ცაში აგიზგიზდი, ბარბალე,

შენი ნათელი მოსავალი

მიწას აკურთხებს მარადვე.

 

მეორე ანგელოზი:

შენი ღიმილი – დღევანდელია,

შენი მზე – მარად ანათებს,

ხორბლის თავთავში ლოცვას ვხედავ,

ღვინოში – შენს ნაკვალევს.

 

მესამე ანგელოზი:

გზას დაგილოცავს მთვარე ღამით,

მზე დაგიკრავს ოქროს ზარს,

ღმერთთა შორის კვლავ გაბრწყინდი –

სიცოცხლე მოჰფინე მიწას დღესაც!

 

ბარბალე: ვმფარველობ: დედებს, ქალებს, საქონელს, მოსავალს… ვდგავარ მზისა და სინათლის მხარეს, ვებრძვი სიბნელეს, ბოროტებას. ვამარცხებ გველეშაპს, რომელსაც მზისა და მთვარის ჩაყლაპვა და დედამიწის ბნელში მოქცევა სურს! როდესაც გველეშაპი მთვარეს ყლაპავს, მთვარე სისხლისფერი ხდება, მაგრამ ამ დროს მე გველეშაპს ვანადგურებ და მთვარე გვიბრუნდება! ვანადგურებ მზის სსხივებით, მზის სხივები ხომ სიბნელეს ფანტავს. განსაკუთრებით სვანებს ვუყვარვარ, ასე მიმღერიან: „მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენია, ბარბარ დოლაშ!“ ხაჭაპურებს და ლობიანებს მიცხობენ დღესაც… მე მზე მოგიტანეთ, როდესაც დაგჭირდებათ, თქვით ჩემი სახელი, მზე აკაშკაშდება და სიბნელეს დაამარცხებს!

ბარბალე მზეს აძლევს ოჯახს და თავად კოცონთან ჯდება.

ისევ გრუხუნია. პორტალი იღება და გადმოდის მინდია – ხოგაის-მინდი.

ყველა (ერთხმად): მინდია, ხევსური მინდია, ბუნების მცველი!

მინდია: ყველა აქ შეკრებილხართ! შორიდან, ათასწლეულების მიღმიდან მოვდივარ. მესმის, რაზე ჩურჩულებს ბალახი და რაზე ტირიან ხეები… ქაჯეთის ტყვე ვიყავი, შემზარავი და საშინელი ქაჯების. მათთან ყოფნას სიკვდილი მერჩივნა, ამიტომ შევჭამე ქაჯების საკვები – გველის ხორცი.  სიკვდილის ნაცვლად კი უზარმაზარი ძალა მივიღე! ბუნების საიდუმლოება მესმის, მესმის მცენარეების, ფრინველების, ცხოველების ენა. ვიცი, რომელი მცენარე რას კურნავს და რა დაავადებას არჩენს.

„უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ

თავთვების ყელის წევასა,

ათი-ათასი ყოველ მხრივ

რომ დაიქუხებს ერთადა, –

ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,

მნახავენ თავის ღმერთადა: –

„არა, მე მომჭერ, მინდიავ,

ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!“

ყვავილი მოგიტანეთ, როგორც კი სიახლოვეს ბოროტებას იგრძნობს, მაშინვე შავდება, დააკვირდით, ის მნიშვნელოვანი მაცნეა!

მინდია სხვებთან ერთად ჯდება.

გრუხუნი. პორტალიდან გამოდის აშექალი.

ყველა ჩურჩულებს: – აშექალი მოვიდა, აშექალი!

აშექალი: რამ შეგაშინათ?! სამტროდ არ მოვუსლვარ, სამოყვროდ მოვედი. ქაჯავეთიდან მოვდივარ. ყველაფერი წინასწარ ვიცი, ყველას ბედს ვიგებ! სამ წელიწადს ხახმატის ჯვრის მეჯინიბე ვიყავი, ხახმატის გიორგის წითელი ცხენი ჰყავდა და შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ყველგან თან დაჰყვებოდა გიორგის. იმ ცხენს მე ვუვლიდი, სხვა ვერავინ ეკარებოდა და ვერც ვერავინ ხედავდა, მხოლოდ მე. როგორც კი წმინდა გიორგის ვინმე შველას სთხოვდა, მაშინვე ვაღებდი საჯინიბოს კარს, ცხენი ელვასავით გამოვარდებოდა და გიორგიც ისე სწრაფად მოევლებოდა ზურგზე, თვალს ვერ შეასწრებდი. ადამიანებს წინასწარ ვატყობინებ, რა ელით, საფრთხეს თავი რომ აარიდონ. აი, ამ სარკეს გიტოვებთ, თქვით: „სარკევ, სარკევ, აშექალის ხათრით, გვითხარ, რა გველის?“ სარკეშიც მაშინვე გამოჩნდება მომავალი! ოღონდ ტყუილად არ მოაცდინოთ, მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტება გააქტიურდება!

აშექალი სარკეს სჩუქნის ოჯახს და იქვე ჯდება. ანგელოზები გარშემო უვლიან.

ისევ გრუხუნია, ამჯერად პირქუში გამოჩნდება.

ყველა: პირქუშია, ნამდვილად პირქუში!

პირქუში: პირქუში ვარ! ხევსური მჭედალი! ადამიანობაში დავითი მერქვა, ნაწილიანიც ვიყავი. როცა მეძინა, ბეჭებს შუა შუქი ამომდიოდა და ირგვლივ ღვთაებრივ ნათელს აფრქვევდა. ერთ დღეს ჩემს გრდემლზე წარწერა გაჩნდა და ჩემი ბედი ამოვიკითხე. ვერაფრით ვერ ამოვშალე ეს ავის მომასწავებელი წარწერა, რომ წინასწარმეტყველება გამეუქმებინა. მაგრამ რადგან პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მორიგე ღმერთმა ხვთისშვილობა მიბოძა. ადამიანების მცველად ვიქეცი. დევები სოფლებს აწიოკებდნენ, ხალხს ხოცავდნენ. მათ წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი, ტყვედაც კი ჩავვარდი, მაგრამ კოპალამ მიხსნა (კოპალასთან მიდის და გადაეხვევა).

თქვენ კი ჩემ მიერ გამოჭედილ პატარა ჩაქუჩს გიტოვებთ, როცა დრო მოვა, ჩაიფიქრებთ და ჩაქუჩი უზარმაზარ იარაღად გადაიქცევა ბოროტების დასამარცხებლად.

პირქუში ჯდება. გრუხუნი. პორტალიდან ადგილის დედა გადმოდის.

ყველა გაინაბება. ანგელოზები ადგილის დედას გარს შემოერტყმებიან და ფერხულს უვლიან.

ადგილის დედა: ჩემო შვილებო! როგორ მიხარია თქვენი ერთად დანახვა! როგორც ჩანს, მოსულა ის დრო, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებოდით. ადგილის დედაც შემოგიერთდით! მე ყველა ქართველის მშვიდობიან ცხოვრებაზე ვზრუნავ. კალთის ქვეშ ვიფარებ ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს! ზოგჯერ ყვავილების მფარველსაც მეძახიან. ჩემს დღესასწაულზე სანთლებს ანთებენ, კვერებს აცხობენ, ცეკვავენ და მღერიან. ვპატრონობ ჩვენს მიწას. ჩემი ხალხი გულიან ქადებსაც მიცხობს. არ შეგეშინდეთ, მაგრამ ხანდახან გველად ქცევაც კი შემიძლია! სახლის საძირკველში ვიდებ ბინას და სახლის პატრონები ყოველ დილით რძეს მასმევენ! იციან, რომ არაფერს დავუშავებ, ამიტომ არ მერჩიან, პირიქით – ოჯახებისთვის ბედნიერება მომაქვს.

სანთელი მოგიტანეთ, უბრალო არ გეგონოთ, როგორც კი დაანთებთ, მაშინვე ისე აგიზგიზდება, ყველანაირ წყვდიადს გაფანტავს და ბოლოს მოუღებს!

ყველა მადლობას უხდის. ადგილის დედა კოცონთან ჯდება.

გრუხუნი.

„ნეტავ ახლა ვინ არის? ნეტავ ვინ? ნეტავ ვინ?“ – ისმის ჩურჩული.

პორტალიდან გამოდის ოჩოპინტრე. ისმის შეძახილი: „ნადირთ პატრონი!“

ოჩოპინტრე: ოჩოპინტრე ვარ, ნადირთ მწყემსი და ნადირთ მფარველი! როდესაც მონადირე ჩემს ტყეებში გამოჩნდება, მაშინვე შევძახებ: „აბა, გაიქეცით, მონადირე გეპარებათ!“ ქალღმერთ დალის ვეხმარები გარეული ცხოველებისა და ფრინველების მწყემსვაში, უხილავი ვარ, სანამ ასე მსურს, როდესაც მოვინდომებ, ხილული ვხდები. როდესაც უხილავი ვარ, პატარა ნაფეხურებს ვტოვებ. ხალხი პაწაწინა პერანგებს მჩუქნის და ხის კენწეროებზე კიდებს. ძალიან მიყვარს ცხოველები, თუ სადმე პაწაწინა ბელი ან მგლის ლეკვი ვიპოვე, რომელსაც მონადირემ დედა მოუკლა, ვზრდი და მერე ისევ ტყეს ვუბრუნებ. ფრინველებსაც მე ვეხმარები ბუდის აშენებაში. მონადირეები ხშირად მთხოვენ დახმარებას, თუმცა მათი დახმარება არ მიყვარს. ძველად, როდესაც ადამიანებს სხვა საჭმელი არ ჰქონდათ, ხელს ვუმართავდი, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, სულაც არ არის აუცილებელი ცხოველების სიკვდილი, რომ ადამიანებმა არ იშიმშილონ.

მე გიტოვებთ ამ მგლის ფიგურას. როცა დაგჭირდებით, ჩასჩურჩულეთ: „ოჩოპინტრე, გვჭირდები!“  – და ჩემი ერთგული თეთრი მგლები თქვენთან გაჩნდებიან!

ოჩოპინტრე ჯდება სხვებთან ერთად.

გრუხუნი. პორტალიდან გადმოდის კვირია.

ყველა: ხვთისშვილების წინამძღოლი მოვიდა, კვირია მოვიდა!

კვირია: დიახ, კვირია ვარ! უამრავი სახელი მაქვს: კვირიაე, კვირაე, კვირეე… მე ვარ ღმერთი, სამართალი მაბარია და სამართლიანობას ვამყარებ. მე შემთხოვენ ბედსა და იღბალს. მორიგე ღმერთთან ერთად ამინდსაც განვაგებ, ტაროსს. ასე მეხვეწებიან: „მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ“. მეც, როცა საჭიროა, წვიმა მომყავს, როცა საჭიროა – მზეს ვუხმობ. ხალხი ღვთის კარზე მოარულ ღვთაებასაც მიწოდებს, რადგან დამბადებლის ხშირი სტუმარი ვარ.

„პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,

მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,

მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,

მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია“.

მე ცისკრის ვარსკვლავსაც მეძახიან, ამიტომ ვარსკვლავი მოგიტანეთ. როგორც კი სიბნელე დაისადგურებს, ვარსკვლავს სული შეუბერეთ – მაშინვე მილიონ ვარსკვლავად იქცევა და აკიაფდება, სიბნელეს სინათლე დაამარცხებს!

კვირია ჯდება სხვებთან ერთად.

ისევ გრუხუნია. გადმოდის თორღვა.

ყველა: მამაცი თორღვა, ვაჟკაცი თორღვა!

თორღვა: სულ ვიბრძვი და ვებრძვი ბოროტებას! თორღვას მეძახიან, ხანდახან თორღვა ძაგანსაც. როგორც კი დავბადებულვარ, იქიდანვე მქონია ბეჭებზე გამოსახული მზე და მთვარე, ასევე ჯვარიც. მარჯვენა ხელი დაბადებიდანვე სისხლისფერი მქონია. ვებრძოდი ყველა მოძალადეს და ავსულს. ქვესკნელშიც კი ვიყავი, თეთრ ყორანს გამოვეკიდე, რომ ნატვრისთვალი წამერთმია. მყინვარის ნაპრალში ჩავვარდი. იქ ვეშაპმა ჯადოსნური ჯაჭვი მაჩუქა. ამ ჯაჭვის მფლობელს, ვერანაირი მახვილი ვეღარ მეკარებოდა! ჩემზე დაწერეს:

„ჯაჭვის პერანგი მის ტანზე გველის ქერეჭივით ჭვივოდა

და იცავდა მას ავი თვალისაგან,

მახვილისაგან,

და ხორციელი შიშისაგან…

პერანგი თორღვა ძაგანს ბეჭზე გამოსახულ თილისმებს უმალავდა:

მზე და მთვარე იყო თორღვას საიდუმლო ნიშნები

და ჯვარი, რომელიც ხერხემალზე ეხატა“.

ნატვრისთვალი მოგიტანეთ, გველს რომ წავართვი. ინატრებთ და ბოროტება ნისლივით გაიფანტება, ამოვა მზე და თავის სხივებში გაგვხვევს.

 

მუსიკა ირთვება, ყველა ნელ-ნელა დგება და ხელიხელჩაკიდებული, ერთად დგება. წინ მზექალა და ხვთისო გამოდიან:

მზექალა: მაშ, გადავრჩებით!

ხვთისო: ბოროტებას დავამარცხებთ. ჩვენი გმირები, ჩვენი წინაპრები ზურგს გაგვიმაგრებენ!

ბებია: წინასწარმეტყველება აცხადდება!

პაპა: კარიბჭე ღიაა, ყველა აქაა! სიკეთე იზეიმებს!

ბოლოს ყველა მღერის:

https://www.youtube.com/watch?v=EXb45BggC_I

https://youtu.be/4izt5l5bqqA

 

სურათხატოვანი აზროვნება

0

(წერილი მეორე, თეზისები და ჩანაწერები წიგნიდან „დისლექსიის ნიჭი“)

ვფიქრობ ნახატებით!

 

სურათხატოვანი აზროვნებისას კონცეპტუალიზებული ცალკეული სურათხატების რაოდენობა 32-მდეა. ვერბალური აზროვნებისას წამის განმავლობაში ადამიანს 2-5 აზრის „წარმოება“ ძალუძს. ეს იქნება კონცეპტუალიზებული ცალკეული სიტყვები.

სურათხატოვნად ფიქრისას ერთ კონცეფციაზე მოფიქრალს ამის გადმოსაცემად რამდენიმე ათეული ან შესაძლოა, ასეული სიტყვის გამოყენება დასჭირდება იმის დაახლოებითი სიზუსტის გადმოსაცემად, რაც მის აღქმაშია. ასეთი აზროვნების ტიპი მეტად ღრმა და მოცულობითია.

 

ვერბალური აზროვნება წინადადებებით იქმნება. სიტყვას სიტყვა მოსდევს, აზრად იკვრება, დასრულებული აზრი წინადადების ბოლომდე წარმოთქმისას იკვეთება.

ფიქრი, „წარმოებული“ სურათხატოვნად ერთგვარი „მატერიაა“, განსხვავებით ბგერების მეშვეობით წარმოებული სიტყვებისა და სიტყვებით შედგენილი წინადადებებისა, წერს დევისი წიგნში „დისლექსიის ნიჭი“.

 

ასეთი ტიპის აზროვნებისას ხშირად ერთვება შეგრძნებათა ორგანოები. ადამიანს „ესმის“ ის, რაზეც ფიქრობს, ის „უყურებს“ იმას, რაზეც ფიქრობ, შეგრძნებათა ორგანოები მეტ-ნაკლებად „ჩართულნი“ არიან აზროვნების პროცესში.

 

„გიჟია თუ რა!?“

საინტერესოა მაგალითი, რომელიც წიგნის ავტორს მოჰყავს – ლეონარდო და ვინჩიმ შეძლო წყალქვეშა ნავის კონცეპტუალიზება 300 წლით ადრე მის გამოგონებამდე, საფრენი აპარატის ვიზუალიზირება 400 წლით ადრე ძრავის გამოგონებამდე.

„თითქმის არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ლეონარდოს შეეძლო ცხადად წარმოედგინა აპარატით ფრენისას შეგრძნებები და წყალქვეშ მოგზაურობა ასეულობით წლით ადრე. მისი ფიქრი და წარმოსახვითი სურათხატები რეალური იყო მისთვის. ჩანახატებით მან სხვებისთვისაც შესაძლებელი გახადა ამის ნახვა. რა თქმა უნდა, მის თანამედროვეებში იქნებოდნენ ისეთები, ვინც სიგიჟედ მიიჩნევდა ასეთ ფიქრებს“.

 

სინამდვილეში კი ეს „სიგიჟე“ კი არა, ნიჭია. დისლექსიის მქონეს აქვს უნარი, სამგანზომილებიან მოძრავ ობიექტებად წარმოიდგინოს აზრობრივი ხატები.  წარმოდგენისას ობიექტი არაა სიბრტყეზე „დადებული“ რაღაც, ესაა „ხელშესახები“, რეალისტური რამ, რისი კვლევა-ძიება, დათვალიერება, შესწავლა მას შეუძლია გამოწვლილვით. მისი აზროვნების მანერა არაა შეზღუდული ვერბალური გამოხატულებებით.

 

ავტორი წიგნში გვთავაზობს დისლექსიური აღქმის, შეცნობის, სწავლების, შემეცნების თავისებურებებს.

 

როგორ ხორციელდება აღქმა-შეცნობის პროცესი?

დევისი, რომელიც თავადაა დისლექსიის მქონე, აღწერს დეტალურად:

 

  • ინდივიდი „ამოუცნობ სტიმულს“ ეჩეხება. ეს შეიძლება იყოს ობიექტი, სიმბოლო, ნებისმიერი რამ. ის, რომ სიახლე არ ჯდება არც ერთ არსებულ სქემაში, ის, რომ ინდივიდი ვერ ამოიცნობს სიახლეს, იწვევს ბუნდოვანების განცდას, შედეგად ვითარდება დეზორიენტაცია. დეზორიენტაცია აზრობრივი კვლევის სტიმულს „რთავს“ და ინდივიდი იწყებს სიახლის შეცნობას სხვადასხვა „ხედვის კუთხის“ გამოყენებით. ობიექტებთან მიმართებით ეს მეთოდი „ჭრის“, ენობრივ სისტემასთან შეჯახებისას კი წერილობითი ან ბგერობრივი სიმბოლოების გამოყენება ხდება კონცეფციის გადმოსაცემად, შესაბამისად, ეს „ენა“ და გამოხატვის ეს ფორმა რთული დასამუშავებელი რჩება.
  • შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია მეხსიერებას შემორჩეს დამახინჯებულად. შესაბამისად, ადამიანი დაუშვებს შეცდომებს მისი გადმოცემისას.
  • შეცდომები, თავის მხრივ, ემოციურ რეაქციათა ჯაჭვს წარმოშობს – არავის უყვარს შეცდომა. მშობელი ან მასწავლებელი აღნიშნავს შეცდომას, ეს ნეგატიური მომენტია, შეცდომის დამშვებიც განიცდის ამ ემოციის ნეგატიურ ზემოქმედებას.
  • შეცდომების თანმდევი ეს ჯაჭვი ფრუსტრაციას იწვევს. ფრუსტრაციის „შემოქმედი წრედი“ ასეთია: შეცდომა+ემოციური რეაქცია+ნეგატიური ნადები.
  • ამის თავიდან ასარიდებლად ინდივიდი ეძებს გადაწყვეტილებათა გზებს. ის ან ქმნის ამ გადაწყვეტილებებს, ან სესხულობს არსებული არსენალიდან. ეს გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, იქნება „საჩვენებელი სანახაობა“, როდესაც ადამიანი შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის „ერკვევა“ საკითხში. არსენალში არსებულთაგან ერთი რომელიმე ყოველთვის „გაჭრის“ ხოლმე და „დაეხმარება“ ინდივიდს ამ შთაბეჭდილების მოხდენაში. ეს იქნება კომპულსიური ქცევის ტიპი და ინდივიდი „ჩართავს“ ამ რეჟიმს ავტომატურად ყოველ ჯერზე, როცა საჭიროება გაჩნდება.
  • დასწავლის სირთულეებს წარმოშობს კომპულსიური გადაწყვეტილებების ერთობლიობა და სიმრავლე, რომლებსაც ინდივიდი იგროვებს და იყენებს. კომპულსიური გადაწყვეტები სინამდვილეში აზრობრივი „ყავარჯნებია“, მექანიკური დამახსოვრების მექანიზმები, ხერხები, რომლებსაც იყენებს ადამიანი. შემეცნების, გაგება-გააზრების უნარებთან არაფერი აქვს საერთო. ეს კომპულსიური გადაწყვეტები სწავლების პროცესის წარუმატებლობას განაპირობებს. მათი „დახმარებით“, მაგალითად, ინდივიდს შეუძლია დაისწავლოს კითხვა ისევე, როგორც თუთიყუშს ლაპარაკი – შინაარსის გაგების გარეშე. რამდენიმე მექანიზმისა და დამატებითი ხერხის ამუშავებით ინდივიდმა შესაძლოა გაშიფროს წაკითხული მასალის გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს არის გადამქანცველი, დამთრგუნველი.

 

 

დისლექსიის სიმპტომები ეს არის თვალხილული ნიშნები, გამოვლინება დეზორიენტაციისა. დეზორიენტირებისას მხედველობითი, სმენითი აღქმა, წონასწორობა, დროის მსვლელობა შეიძლება იყოს შეცვლილი, არაჯეროვანი. ასეთ დროს ადამიანი არ აღიქვამს რეალობას ისე, როგორც დანარჩენები. მაგალითად, ათჯერ სწრაფად რომ დატრიალდეთ და შემდეგ თვალები ერთ წერტილს მიაშტეროთ, გექნებათ განცდა, რომ სამყარო ტრიალებს. სინამდვილეში ეს ასე არ იქნება და სხვა ადამიანები არ დაგიდასტურებენ ამას.

მხედველობის მხრივ ასოების ან ციფრების ფორმაა შეცვლილი, ამოტრიალებული სარკისებური, მოძრავი.

კითხვისას დეზორიენტაციის სიმპტომია სტრიქონების გამოტოვება ან მათი კუმშვა-განვრცობის განცდა. პუნქტიაცია ასევე არ აღიქმება ჯეროვნად. მარცვლები შესაძლოა ან სრულად „გაქრეს“ ან გადასხვაფერდეს.

 

სმენითი მანკი ვლინდება გარკვეული ბგერების წარმოთქმის ან გაგონების შეუძლებლობაში, შესაძლოა, ითქმის ერთი მაგრამ ინდივიდს ესმის სულ სხვა. შესაძლოა, ადამიანის პოზა მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ისმენს, მაგრამ რეალურად მას არ ესმოდეს. ან ესმოდეს შორიდან, ახლოდან, გაუგებრად, ბუტბუტით…

კითხვისას დისლექსიის მქონეს ხშირად უვითარდება ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა. უძრავად ჯდომა შესაძლოა იყოს პრობლემური.

კალიგრაფია ან არ იკითხება ან რთულად იკითხება.

 

ნახსენები კომპულსიური გადაწყვეტების არასრული ჩამონათვალი:

  • გაზეპირება
  • სხვებზე დამოკიდებულება
  • სიტყვის შემადგენელი ყველა ასო-ბგერის ცალ-ცალკე გამოთქმით წარმოთქმა
  • სწავლისგან/დავალებების შესრულებისგან თავის არიდების ოსტატური მცდელობები
  • დიდი ძალისხმევისა და კონცენტრაციის დაძაბვის ფასად კითხვა ხმამაღლა, სწორად გახმოვანება წასაკითხისა
  • სხეულის უჩვეულო პოზა და მოძრაობები მეცადინეობისას ან საკლასო ოთახში გაკვეთილისას

 

გონების თვალი

„ჩემ მიერ 1980 წლის დეკემბერში გაკეთებული აღმოჩენა ერთი დაკვირვების შედეგია: შევამჩნიე, რომ შემოქმედებითი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენა და რეალიზება დისლექსიის თანმდევი სიმპტომების საუარესო გამოვლინებებს ემთხვეოდა. რაკი სიმპტომები არ იყო მუდმივი და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ძლიერდებოდა, ეჭვი შევიტანე იმაში, რომ დისლექსიის მიზეზი ტვინის დისფუნქცია ან სტრუქტურული დარღვევებია.

 

შემოქმედებითი საქმიანობის დროს ვიკვლევდი, როგორ იცვლებოდა ხედვის კუთხის ადგილმდებარეობა. ანუ „ის, რაც უყურებდა“ იყო აბსტრაჰირებული სურათხატებისგან, რომლებიც წარმოიშობოდა აზროვნებისას. ხედვის კუთხე შემეძლო შემეცვალა და ეს ცვლიდა დისლექსიის სიმპტომებს.

 

ამ დამკვირვებელი თვალისთვის ტერმინი არ მქონდა შემუშავებული. თავიდან ვიზუალური შეცნობის ეპიცენტრი დავარქვი (VAE – visio-awareness epicenter), შემდეგ კი გავამარტივე და გონების თვალი ვუწოდე…“

 

დევისი აღწერს საინტერესო და უცნაურ მოვლენას, მისივე დაკვირვებების შედეგად გაკეთებულ აღმოჩენას, რომელიც საფუძვლად უდევს მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. გონების თვალის (აზრობრივი პროცესის ეპიცენტრის) გადაადგილება დისლექსიის არმქონეთათვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ კვლევებისა და დისლექსიის მქონე ადამიანების გამოკითხვის შედეგად დევისი ასკვნის, რომ შეცნობის ეპიცენტრის გადაადგილება დისლექსიის მქონეთა უმრავლესობას შეუძლია.

 

გავიცხადოთ ხედვის აქტი – ჩვენ ვუყურებთ რაიმეს და ხედვის კუთხედ, ხედვის წერტილად კონკრეტულ წერტილს მივიჩნევთ. ვიხედებით თვალებით და შესაბამისად, ვერ ვხედავთ სახეს ( თუ სარკეში არ ვიცქირებით, რასაკვირველია, ან ფოტოს არ ვუყურებთ). ზუსტად ასევე გონების თვალსაც არ ძალუძს თვითაღქმა, ის ხედავს, აღიქვამს იმას, რაც მის მიღმაა.

 

ახლა დავაკვირდეთ აზრობრივ ხატს – წარმოსახვაში შევხედოთ რაიმეს ან წავიოცნებოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ თვალებით გარეთ კი არ ვიხედებით, არამედ გონების თვალით ვხედავთ „სანახაობას“.

 

გონების თვალსაც აქვს ადგილმდებარეობა, ხშირად კი – ადგილმდებარეობები. ეს არ არის ზებუნებრივი და მეტაფიზიკური განაცხადი. გაიხსენეთ – დისლექსიის მქონეთ შეუძლიათ აზრობრივი სურათხატების ფაქტობრივი რეალისტურობით აღქმა, დანახვა, შეგრძნებაც კი.

 

როდესაც დისლექსიის მქონე უყურებს ანბანის ასოს, დეზორიენტაციის შეგრძნებისას, წამის მეათედებში ის ხედავს ამ ასოს სხვადასხვა „ხედს“. ზედხედს, გვერდხედს, უკანა მხარეს. გონების თვალი, თითქოს, უტრიალებს ამ ასოს, თითქოს ეს სამგანზომილებიანი ობიექტია. ეს შეგვიძლია შევადაროთ ვერტმფრენის ფრენასაც, როდესაც ვერტმფრენი ცათამბჯენს უვლის გარშემო და ათვალიერებს მის რომელიმე სართულს.

 

ასეთი რთული და კომპლექსურია დეზორიენტაციის პროცესი.

 

გონების თვალი რეალურად არსებული რამაა? მართლაც ბრუნავს და ტრიალებს ასო-ბგერის ირგვლივ? დისლექსიის მქონეს სხეულის გარეთ, მის მიღმა აქვს ხოლმე ის? თუ ადამიანის ტვინი სტიმულებს გამოიმუშავებს, რომელთა მეშვეობითაც ეს ეფექტი იქმნება?

 

დევისის პასუხია – არ ვიცი. ჯერჯერობით არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ გონების თვალი არსებობს.

თუ დისლექსიის მქონემ შეძლო და დაისწავლა გონების თვალის ადგილმდებარეობის დარეგულირება, ეს დაეხმარება მას ორგანზომილებიანი სიზუსტით აღიქვას სიმბოლოები.

 

„თუ კარგად არ გესმით, რაზეა საუბარი თუ ეს არაბუნებრივად გეჩვენებათ, იმიტომ, რომ არ გაქვთ დისლექსია. დისლექსიის მქონეთა უმრავლესობისგან დასტური მაქვს ხოლმე – ეს სწორედ ისაა, რასაც თავად ვაკეთებ – მეუბნებიან ისინი“.

 

დისლექსიის მქონე უნდა მიეჩვიოს დეზორიენტაციის მართვას. ეს გონების თვალის ადგილმდებარეობის სწორი შერჩევით ხდება. თუ გონების თვალს (ხედვის კუთხეს) გადააადგილებთ კონკრეტულ ადგილზე, დეზორიენტაციის მდგომარეობა ქრება და გარემომცველი სამყაროც რეალისტურად აღიქმება. გონების თვალის სწორი ადგილმდებარეობა ინდივიდუალური მოცემულობაა. შესაძლოა, ის მდებარეობდეს თავს ზემოთ, მის უკან, სხეულის გასწვრივ. ადამიანი, რომელიც ორიენტაციის წერტილის ზუსტ განსაზღვრას შეძლებს და ხედვის კუთხესაც იქ განათავსებს, დისლექსიის თანმდევი სიმპტომების აღმოფხვრასაც დაისწავლის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...