მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება და ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მასწავლებლები მუდმივი ძიების პროცესში არიან და საინტერესო მიგნებებიც აქვთ პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მიდგომას წარმოადგენს მოსწავლის მოტივაციაზე მუშაობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მათი ინტერესის გაღვივება და მათი შემოქმედებითი სამუშაოს წარმართვა, რომლის რომლის დროსაც ისინი ცოდნასაც აიმაღლებენ და მრავალმხრივი უნარებიც განუვითარდებათ.
ასეთი მიზნების შემთხვევაში მიღწევის მნიშვნელოვან ფორმატად მიიჩნევა მოსწავლეთა კონფერენციები. თავისი სტრუქტურით, მიზნებითა და ჩართულობის ფორმით სასკოლო კონფერენცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა კონფერენციებისგან.
მოსწავლეთა კონფერენციის შედარება სხვა ტიპის სასკოლო აქტივობებთან:
ფორმატი | მთავარი მახასიათებელი | კონფერენციისგან განმასხვავებელი ნიშანი |
გაკვეთილი | სასწავლო მიზანი და წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურა | ძირითადად მართულია მასწავლებლის მიერ და მოსწავლე ნაკლებადაა დამოუკიდებელი |
ოლიმპიადა | საგნობრივი ცოდნის შემოწმება ტესტირების სახით | ნაკლებად არის შემოქმედებითი და კვლევითი მხარეც მწირი აქვს |
პრეზენტაცია | მოკლე გამოსვლა კონკრეტულ თემაზე | შეიძლება იყოს ერთჯერადი, ზედაპირული, მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებული |
პროექტის პრეზენტაცია | შედეგზე ორიენტირებული ნამუშევარი | არ არის აუცილებელი, იყოს საჯარო და ნაკლებად არის ფოკუსირებული კვლევაზე. |
მოსწავლეთა კონფერენციის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:
1. შესრულებული სამუშაოს ფართოდ გამოკვეთილი კვლევითი და ანალიტიკური ხასიათი: მოსწავლეები კონფერენციაზე წარადგენენ მათ მიერ / ან ჯგუფურად ჩატარებული კვლევებს, მიღწევებსა და შედეგებს, ხოლო ნამუშევრები ძირითადად აქცენტირებულია მოპოვებული ინფორმაციის გააზრებასა და განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე;
- მოსწავლე არამარტო ჩართულია კონფერენციის მომზადებასა და მსვლელობაში, არამედ აქტიური პრეზენტატორიცაა, თავად წარადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე, რაც ავითარებს მის მეტყველებას, არგუმენტირებულობას, თავდაჯერებულობასა და საჯარო გამოსვლებისათვის საჭირო უნარებს იძენს;
- კონფერენციისას მოსწავლეები იღებენ მრავალმხრივ შეფასებას როგორც მასწავლებლების მხრიდან, ასევე ერთმანეთისგანაც. ესაა სივრცე ფართო ურთიერთშეფასებისა და კრიტიკული მეგობრისთვის, თანაც ამ დროს ფასდება თავად პროცესიც და არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი;
- მოსწავლეთა კონფერენციები ძირითად მულტიდისციპლინურია და აერთიანებს რამდენიმე საგანს (მაგალითად, ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფიზიკას, სპორტს, ხელოვნებასა და ა.შ. რაც იშვიათია სტანდარტულ გაკვეთილებზე;
- ასეთ კონფერენციებზე მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარები განსაკუთრებით ვითარდება და იზრდება: მოსწავლეებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოიყენონ ციფრული რესურსები, ანიმაციები, ხელნაწერები და სხვა მსგავსი ინტერაქციული ფორმები და ვიზუალიზაციის საშუალებები.
გთავაზობთ იტალიურ სკოლაში განხორციელებულ, წიგნიერებასა და ღირებულებით განათლებაზე ორიენტირებულ, მოსწავლეთა კონფერენციის ანგარიშს, სახელწოდებით „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“, რომელიც გახლდათ სკოლის პროექტის, „წიგნიერება და ღირებულებების“ ნაწილი.
კონფერენციის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება, ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება (სკოლის ყველა საფეხურისთვის) და ამ კონტექსტში ტაო-კლარჯეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივება (V-XII კლ.). მოსწავლეები იმუშავებენ ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე წიგნიერებისა და ღირებულებების კონტექსტში, უკეთ გაიაზრებენ საკუთარ იდენტობას და აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებასაც.
რადგან თანამედროვე მოსწავლეებს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია აქვთ, მათთვის წიგნიერებისა და ღირებულებების განვითარება ისტორიულ კონტექსტში (სულიერება, იდენტობა, კულტურა) გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, საკითხის ამ კუთხით წინ წამოწევა, ერთგვარად მამოტივირებელიც აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
პროექტს ინტერდისციპლინური ხასიათი ჰქონდა და მასში ჩართული იყო სკოლის თითქმის ყველა კათედრა და კლასი, აქტიურად იმუშავეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა:
- გამოიყენეს ნარატიულ მასალასთან მუშაობის მეთოდები (ისტორიული კვლევის, სახარებისეულ იგავებზე დაფუძნებული ტექსტებისა და ლიტერატურული ნაშრომების დასამუშავებლად);
- განახორციელეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები: შექმნეს ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნები; დაამზადეს 3 D მაკეტები (ისტორიული რუკის და პარხლის ტაძრის), პოსტერები; გააცოცხლეს ძველი ხალხური სპორტული თამაშები და სცენაზე ააჟღერეს ტრადიციული მუსიკალური საკრავები;
- გამართეს დისკუსია და ფილმის განხილვა: პროექტის ფარგლებში VII-XI კლასებში განხორციელდა პროექტი „გრიგოლ ხანძთელი და ჩვენი წილი მემკვიდრეობა“. სამუშაო გეგმის შესაბამისად, საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთობლივად გამართეს დისკუსია – „რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა?!“, რომლის დროსაც გამოხატეს საკუთარი აზრები ღირებულებებსა და ეროვნულ თვითშეგნებაზე;
- მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად, მასწავლებლის ფასილიტაციითა და მასთან თანამშრომლობით.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევითი და სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის ნამუშევრები:
- ინტერაქტიური რუკა ტაო–კლარჯეთის შესასწავლად ZeeMaps პლატფორმაზე (უცხო ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით) (სურ. 1):
- რუკაზე მონიშნულია ისტორიული ტაძრები, მონასტრები და კულტურული ძეგლები. რუკაზე თითოეული წერტილი შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული ძეგლის შესახებ სხვადასხვა ენაზე: ქართულად, იტალიურად, ინგლისურად, გერმანულად. რესურსი საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს – მოსწავლეს, მასწავლებელს, მნახველს – ერთი ბმულით მოინახულოს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით;
- შეიქმნა რუკის აუდიოგიდიც გერმანულ ენაზე:
ZeeMaps ინტერაქტიური რუკის ლინკი:
https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14
სურ. 1.
- პრეზენტაციები და ვიდეო-ვლოგები, თუ როგორ მუშაობდნენ ამ პროექტზე (იხ. სურათი 2).
- ელექტრონული წიგნი „ჯავახეთის კრების ქრონიკა“ და ხელნაკეთი წიგნი – „უფლის იგავები“ – ეს საინტერესო ნამუშევრები აერთიანებს ინტერაქციულ ელემენტებს, რაც ხელს უწყობს მულტიმოდალურ წიგნიერებას (სურ.3).
ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნის ლინკები:
https://online.fliphtml5.com/hrfzq/wsbo/#p=1
https://drive.google.com/drive/u/1/folders/1ZIMI_4uakHg7jF0_cTIqkm3Ic7z_OzDB
-
- 3 D მაკეტი:
- მათემატიკისა და ისტორიის ინტეგრირებით შექმნილი საქართველოს რუკის 3D მაკეტი, რომელზეც გამოკვეთილია თბილისი-ტაო-კლარჯეთის მარშრუტი და დამონტაჟებულია მოძრავი ტრანსპორტი (რომელიც შეიქმნა სკოლის Stem პროექტის ფარგლებში) (სურ.4):
https://drive.google.com/file/d/1aBcKRO_9H0uGuH_IEG6V2CuHnjGEEEhn/view?usp=drive_link
5. ისტორიული ძეგლის – მაკეტის შექმნა ხელოვნების მიმართულებით (სურ.5):
https://drive.google.com/drive/folders/1XzPs3fJKs-RTRxm04hlfZwYQD87AzWYt?usp=drive_link
მოსწავლეთა კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“ წიგნიერების რეალური გამოყენების მაგალითად იქცა.
შედეგები:
- კონფერენციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებზე ორიენტირებულ სწავლებას, კვლევითი უნარების გააქტიურებას, ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატში გააზრებასა და გადამუშავებას და, შესაბამისად, მულტიმოდალურ სწავლებას;
- აჩვენა, როგორ შეიძლება ტრადიციული თემები გაცოცხლდეს თანამედროვე ფორმით;
- გააერთიანა წარსული, აწმყო და მომავალი; წიგნიერება და ღირებულება ერთი საერთო მიზნისკენ მიმართა – გახდეს მოსწავლე ღირსეული მემკვიდრეობის შემნახველი.
დასასრულ, აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
კონფერენციის მასალები:
https://online.fliphtml5.com/pbcis/ggtq/#p=1
შეიძლება ითქვას, რომ კონფერენცია გადაიქცა ინტერდისციპლინური განათლებისა და მულტიმოდალური სწავლების პრაქტიკულ სივრცედ.