ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი პირველი

მოსწავლეთა მშობლებს უდიდესი გავლენა აქვთ სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაზე. ხშირად ბავშვები ოჯახის წევრთა ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს თავისდა უნებურად დაისწავლიან და შემდეგ სკოლის გარემოშიც ნაცნობი სქემებით მოქმედებენ. სკოლა არასოდეს არის თავისუფალი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და მიმდინარე მოვლენების გავლენისგან. მეტიც, სკოლაში მცირე მასშტაბით მეორდება ის, რაც სკოლის კედლებს გარეთ ხდება.

კლასის დამრიგებელი ის ადამიანია, ვისგანაც ოჯახი და სახელმწიფო ელიან, რომ დაეხმარება მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. თუმცა ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. საჭიროა დამრიგებლისა და ოჯახის მჭიდრო თანაშრომლობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს, თანასწორობას, ღიაობას, ურთიერთპატივისცემასა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება.

მოსწავლეთა მშობლები საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცხოვრების წესის, რელიგიური შეხედულებების, შემოსავლის, მსოფლმხედველობის, დასაქმების სფეროს, სოციალური სტატუსისა და სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით. თითოეულ კლასში დაახლოებით 20-25 მშობელი იყრის თავს. საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მშობლების როგორი ჯგუფი შეიკვრება ამა თუ იმ კლასში.

მშობლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ან შეუშალონ დამრიგებელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არსებობს თეორიული და პრაქტიკული ასპექტების მთელი რიგი, რომლის გამოყენებითაც დამრიგებელი ეფექტიანად იმუშავებს კლასის მშობლებთან. გაწეული ძალისხმევა მას თავისი მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

სტატიების ეს ციკლი დამრიგებლების დასახმარებლად შეიქმნა. თითოეულ ნაწილში სადამრიგებლო კლასის მშობლებთან თანამშრომლობის განსხვავებული ასპექტები იქნება მიმოხილული.

 

1. დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა

დამრიგებლის ამოცანა მშობლების ერთ გუნდად შეკვრა და ფასილიტაცია უნდა გახდეს. ერთმანეთის მოსმენა, აზრის გაზიარება, ერთობლივი მსჯელობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საერთო მიზანსა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება დამრიგებლის საქმეა. ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისიდან კომუნიკაციის გამართვით მიიღწევა.

დამრიგებლისა და კლასის მოსწავლეთა მშობლების პირველი კრება საერთო მიზანსა და წესებზე შეთანხმებას უნდა დაეთმოს. მასწავლებელმა მშობლებს უნდა გააცნოს:

  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • სკოლისა და დამრიგებლობის არსი;
  • სკოლაში მოქმედი წესები, რომლებსაც იცავს ყველა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის სხვა თანამშრომლების შესახებ (ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი, სპეც. მასწავლებელი, ასისტენტი და სხვ.);
  • დამრიგებელმა მშობლებს სკოლის შესახებ ადეკვატური მოლოდინები უნდა შეუქმნას, რადგან სკოლა საზოგადოების ანარეკლია. ყველაფერი, რაც გარემოში ხდება, სკოლაზეც აისახება. შესაბამისად, შესაძლოა არც სკოლაში იყოს იდეალური მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებაზეც ერთად უნდა იზრუნონ.
  • დამრიგებელმა უნდა გააცნოს მშობლებს თანამშრომლობის გეგმა ან ჩაატაროს გამოკითხვა კომუნიკაციის სასურველი ფორმების შესახებ;
  • გაუზიაროს, რას და როგორი გზებით ელის მშობლებისგან;
  • პირველი კრების ბოლოს სასურველია, დამრიგებელმა მშობლებს სთხოვოს კითხვარის შევსება, რომლის მეშვეობითაც ისინი ბავშვის შესახებ საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ პედაგოგს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს უკეთ გააცნობს მოსწავლეს და ინდივიდუალური მიდგომის შემუშავებას გაუადვილებს.

ასეთი შინაარსის კრება მშობლებსა და დამრიგებელს საერთო მიზნის დასახვასა და ურთიერთობის წესებზე შეთანხმებაში დაეხმარება.

 

ყოველი მომდევნო მშობელთა კრების შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ დამრიგებელმა კარგი ფასილიტაცია გასწიოს:

  • ყველა მშობელს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
  • დამრიგებელმა დააწესოს რეგლამენტი;
  • კრებაზე მშობლების დაპირისპირების შემთხვევაში დამრიგებელი იყოს ნეიტრალური, არ შეუწყოს ხელი კონფლიქტის გაღრმავებას;
  • დამრიგებელმა არასოდეს ჩაატაროს მშობელთა კრება, თუ ადგილი აქვს ჯგუფის მიერ ინდივიდთან დაპირისპირებას;
  • დასასრულ, დამრიგებელმა შეაჯამოს დისკუსიის შედეგები. თუ კრება ისეთ საკითხზეა, რომელზეც, შესაძლოა, რომელიმე მშობელს აზრის ღიად გამოთქმა მორიდებოდა, სასურველია, მასწავლებელს მზად ჰქონდეს ანონიმური კითხვარი, რომელსაც კრების დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ;
  • ხოლო სულ ბოლოს კრების მოკლე შინაარსი იმ მშობლებს გაუგზავნოს, ვინც ადგილზე მისვლა ვერ შეძლო.

დამრიგებლისა და მშობლების დაახლოებას მშობელთა კრებაზე მეტად ხელს უწყობს არაფორმალური შეხვედრები. ისინი შეიძლება შედგეს, როგორც სკოლაში, ისე ღია სივრცეში ან სახლის პირობებში. არაფორმალური შეხვედრა აქტუალური საკითხის ირგვლივ ეწყობა. მაგალითად, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ერთნაირად საინტერესოა აღზრდისა და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები. ასეთ შეხვედრებზე ნაკლები წესი მოქმედებს, მშობლებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს, ხოლო მარცხი გადაიაზრონ და გააანალიზონ. ასეთ შეხვედრებს უხდება ყავა, ჩაი, მცირე სასუსნავი. შესაძლოა, განსახილველ საკითხზე ფილმის ჩვენება და მისი განხილვაც მოეწყოს. არაფორმალური ხასიათის შეხვედრები მშობლებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და ბავშვების მიმართ დადებითად განაწყობს, რაც კლასში ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

სასურველია, დამრიგებელს წესად ჰქონდეს, რომ თვეში ერთხელ მაინც მშობელს ელ. ფოსტით ან სატელეფონი გზავნილით შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. მასწავლებლის დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით საკმარისია, ამ მესიჯში მხოლოდ საგნების დასახელება და ბავშვის ქულები ეწეროს. ამას, დიდი ალბათობით, მშობლების მხრივ მარტივი უკუკავშირი მოჰყვება. მართალია, ელ. ჟურნალის საშუალებით მშობლებს შვილის შეფასებისთვის თვალის დევნება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი მოკლე მესიჯით მშობლებთან რუტინული კონტაქტი მოსწავლის ოჯახსა და სკოლას შორის გადებული კიდევ ერთი პატარა ხიდია.

ეს მარტივი აქტივობები დამრიგებელს მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. უფრო ვრცლად იმის შესახებ, როგორ შეიძლება კლასის მშობლებისგან მეგობრული გუნდის შეკვრა, იხილეთ სტატიის მეორე ნაწილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“