ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი მეორე

კლასის მშობლებისგან მხარდამჭერი გუნდის შექმნა

სერიის პირველ სტატიაში კლასის დამრიგებლისა და მოსწავლეთა მშობლების შინაარსიანი ურთიერთობის ძირითადი ასპექტები განვიხილეთ, მეორეში კი მშობლების ერთობისგან გუნდის შეკვრისთვის საჭირო საკითხები  მიმოვიხილოთ.

მშობლების კარგად გაცნობას და მათგან გუნდის შექმნას დამრიგებლის დრო და ენერგია სჭირდება. შემთხვევითი პრინციპით გაერთიანებული სხვადასხვა ასაკის, შეხედულებების, შეძლების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის მქონე ზრდასრულთა ერთ გუნდად გაერთიანება ადვილი არ არის, მაგრამ მათი ერთიანობით უზარმაზარი სარგებლის მიღება შეიძლება როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლისა და სრულიად სკოლისთვის.

ურთიერთობის დასაწყისში დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც უნდა გაიცნოს. თითოეულს თავისი თვისებები ექნება, ზოგი – აქტიური, ზოგი კი პასიური ადამიანი აღმოჩნდება. ზოგი შეიძლება თამამი იყოს, ზოგი – გაუბედავი. ამ სითამამეს თუ გაუბედაობას თავისი მიზეზები ექნება. იქნებიან მშობლები, რომლებიც ლიდერობას მოინდომებენ. იქნებიან „იდეების გენერატორი“ მშობლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დიასახლისები. დიდია ალბათობა, კლასში ემიგრანტი მშობელიც იყოს, შესაბამისად, დამრიგებელს მოსწავლის ბებიასთან ან სხვა ახლო ნათესავთანაც მოუხდება ურთიერთობა (თითოეულ ჯგუფთან ურთიერთობის შესახებ იხილეთ მასალები: პრივილეგიების მაძიებელ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=42629; პასიურ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=39228; აქტიურ მშობლებთან ურთიერთობა – https://mastsavlebeli.ge/?p=39134 )

ეს მრავალფეროვნება, ერთი მხრივ სირთულეებს წარმოშობს, მეორე მხრივ კი შესაძლებლობებს. კლასის მშობლები ერთი დიდი ჯგუფია, რომლისგან გუნდის შექმნაც დიდწილად დამრიგებლის პროფესიულ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.

პირველი და უმთავრესი, რაზეც პედაგოგი და მშობლები უნდა შეთანხმდნენ, საერთო ფასეულობებია: ზრუნვა ბავშვებსა და ერთმანეთზე, თავისუფალი აზროვნება და ერთმანეთის გათვალისწინება. ამ სამი მთავარი ღირებულების გარშემო გაერთიანება ჰარმონიული თანამშრომლობის საწინდარია.

ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდში, კლასის მშობლებსაც სხვადასხვა როლი შეიძლება ჰქონდეთ. როლების ხელოვნურად დაკისრება შედეგს არ გამოიღებს. მნიშვნელოვანია, თავად მშობლებმა გამოთქვან აზრი, ვის რა ძლიერი მხარე აქვს და რა შეუძლია სხვადასხვა სახის აქტივობის დროს. ერთს შესაძლოა ორგანიზება გამოსდიოდეს, მეორეს – მომზადება, კერვა, ცხობა, მესამეს ბევრი ნაცნობი ჰყავდეს და საინტერესო ადამიანების მოწვევა შეეძლოს და ა.შ. დამრიგებლის ამოცანა მშობლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და შემდეგ ისეთი აქტივობების დაგეგმვაა, რომელთა განხორციელებაც მოცემული რესურსებით შეიძლება და რომლებიც ბავშვებს სჭირდებათ და აინტერესებთ.

თითოეული მშობელი კლასის ნაწილად უნდა გრძნობდეს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხედავდნენ საერთო საქმეში ერთმანეთის შეტანილ წვლილს. თითოეულის გარჯა ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს. ეს მშობლებს მეტ სტიმულს მისცემს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ არა მხოლოდ თავიანთი შვილების კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი კლასის სასარგებლოდ.

გუნდის ლიდერობა დამრიგებელმა უნდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას, რომ რომელიმე მშობელმა სხვებზე უპირატესობა მოიპოვოს. მასწავლებლის ხელშეწყობით ყველამ ისე უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მეტიც, სხვა მშობლის გარჯასაც ისევე აფასებდნენ, როგორც თავიანთი ძალისხმევა ეამაყებათ. ამის მისაღწევად კი დამრიგებელს არასოდეს უნდა დაავიწყდეს მშობლების შექება და წახალისება მათი მოხალისეობრივი შრომისთვის. მასწავლებელი მშობლებისთვის ავტორიტეტია. ის, თუ როგორი რეაქცია ექნება დამრიგებელს, დიდწილად განსაზღვრავს მშობლების სამომავლო ქცევას.

მშობლების გუნდს დამრიგებლისგან  პერიოდული ინსტრუქტაჟიც დასჭირდება. იმის გააზრება, ვინ აერთიანებთ, რა ეტაპები გაიარეს ერთად, რა გამოუვიდათ და რა – არა,  მნიშვნელოვანია. გუნდურობა ერთმანეთის მოტივირებას, მხარში დგომას, მხარდაჭერას გულისხმობს. დამრიგებლის მონდომებით და მშობლების ერთსულოვნებით ბავშვების კეთილდღეობისთვის ზრუნვა სასიამოვნო და შედეგიანია.

მესამე სტატიაში განვიხილავთ პრობლემას, როდესაც კლასში დესტრუქციული მშობელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“