საანბანო პერიოდის გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში
გაკვეთილის მიზანი: ფ ასო-ბგერის შესწავლა (ცნობა და დაწერა, მთლიანი სიტყვების ცნობა, ლექსიკური მარაგის (ძაფი, ფაფა, სუფრა…) გამდიდრება, გაწაფული კითხვის უნარის გავარჯიშება
მოსწავლეები შეძლებენ ახალი ასო-ბგერის ამოცნობასა და დაწერას, ამ ასოს შემცველი სიტყვების დეკოდირებასა და ცნობას, ახალი ლექსიკური ერთეულების ამოცნობას, მცირე ტექსტის წაკითხვას.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები ცნობენ ქართული ანბანის ასოთა გარკვეულ რაოდენობას და შეუძლიათ მათი გამოყენებით შედგენილი სიტყვებისა და წინადადებების დეკოდირება; შეუძლიათ ხშირად შემხვედრი სიტყვების ცნობა (დეკოდირების გარეშე წაკითხვა); გამომუშავებული აქვთ გაწაფული კითხვის საწყისი უნარები.
სასწავლო პერიოდი: სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეხუთე-მეექვსე თვე
გამოსაყენებელი რესურსი: პოსტერი „სოფო და ფეფო“, ტექსტი „ფისო ფეფო“, სიტყვის ბარათები, სამუშაო ფურცლები
გაკვეთილის ქარგა:
- წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება
- საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)
- სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები
- წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა
- წიგნის სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა
- ტექსტში ასო „ფ“-ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება
- ფ ასოს წერაში გავარჯიშება
- სიტყვის ბარათებით ვარჯიში
- დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა
- პოსტერის „ფეფოს სუფრა“ დამზადება და პრეზენტაცია
- გაკვეთილის შეჯამება
აქტივობა 1. წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის თემას, საკვანძო სიტყვებს.
აქტივობის საჭროების დასაბუთება: ილუსტრაციაზე დაკვირვება აღძრავს მოტივაციასა და ინტერესს, აადვილებს საჭირო ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ილუსტრაციას (დანართი 1) და წარმართავს ინტერაქციის მოდელირებას. სვამს შეკითხვას, უპასუხებს და ხელს ადებს დასახელებულ საგანს.
– ეს ვინ არის? ეს არის გოგო. რა ჰქვია ამ გოგოს? სოფო. ვინ არის ეს? ეს არის სოფო. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ეს არის სოფო.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა იმეორებენ წინადადებას. ამის შემდეგ ინტერაქცია წარიმართება კატაზე:
– ეს რა არის? ეს არის ფისო…
– კატა, მასწავლებელო!..
– დიახ, ეს არის კატა… კატა=ფისო… ეს არის ფისო… რა ჰქვია ამ ფისოს? ფისოს ჰქვია ფეფე. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ფისოს ჰქვია ფეფე… გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე.
– გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე.
მასწავლებელი ხელს ადებს საგანს (თავდაპირველად – გოგოსა და ფისოს ილუსტრაციას, შემდეგ – სხვა საგნებსაც), ხმამაღლა ასახელებს და სთხოვს მოსწავლეებს, ხმამაღლა გაიმეორონ მასთან ერთად. შემდეგ შეცდომით ასახელებს საგანს, მოსწავლეებმა კი უნდა ამოიცნონ შეცდომა და საგანი სწორად დაასახელონ.
ამ მიდგომით დასახელდება და გავარჯიშდება შემდეგი საგნების აღმნიშვნელი სიტყვები: სოფო, ფისო ფეფე, ფუმფულა კუდი, შარფი, ცისფერი ძაფი, ყავისფერი ძაფი, ვარდისფერი ძაფი.
აქტივობა 2. საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმახსოვრებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
აქტივობის საჭროების დასაბუთება: ნაცნობი სიტყვები აადვილებს დეკოდირების პროცესს და ხელს უწყობს მთლიანი სიტყვების ცნობას.
მასწავლებელი მიმართავს სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომას და იძლევა შემდეგი სახის მითითებებს:
– თუ ეს არის სოფო, ადექით ფეხზე (თან ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ხელით ანიშნებს მოსწავლეებს, რომ ადგნენ)… თუ ეს არის ფისო, დასხედით (ხელს ადებს ფისოს ილუსტრაციას და თან ხელით ანიშნებს დასხდომას).
ამავე სტრატეგიას მასწავლებელი იმეორებს შეცდომით, ანუ ინსტრუქციის მიცემისას ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ასახელებს ფისოს. ამ დროს, რასაკვირველია, მოსწავლეებმა არ უნდა შეასრულონ ინსტრუქცია.
ამის შემდეგ მასწავლებელი ამატებს სიტყვებს: შარფი, ფუმფულა კუდი, და იმავე პრინციპით ავარჯიშებს ბავშვებს, ოღონდ უკვე ამ სიტყვების გამოყენებით. ბოლოს კიდევ დაამატებს სიტყვებს. შესაბამისად, სრული ფიზიკური რეაქციის აქტივობამ შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:
– თუ ეს არის გოგო, ბიჭები ადექით ფეხზე… თუ ეს არის ფისო, გოგონები ადექით ფეხზე… თუ ამ ფისოს ჰქვია ფეფე, ასწიეთ ხელები… თუ ეს არის ვარდისფერი ძაფი, დაუკარით ტაში…
ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც რთავს. მოსწავლეთა შერჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ინფორმაციას მიიღებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის (მოსწავლეთა ინტერაქციაზე დაკვირვება) გამოყენებით:
– თუ ეს არის ფეფე, ნარინე, მოდი ჩემთან!.. თუ ეს არის ფუმფულა კუდი, ჰუსეინ, ადექი ფეხზე…
სასარგებლოა ამ პროცესში მოსწავლეების კიდევ უფრო გააქტიურება. მასწავლებელი შეარჩევს მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლის როლს შეასრულებს: ხელს დაადებს საგანს, დაასახელებს და სხვა მოსწავლეები გაიმეორებენ; მერე შეცდომით დაასახელებს საგანს და მოსწავლეებმა უნდა გაუსწორონ. მოსწავლეთა შერჩევა დაეყრდნობა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა მოსწავლეს აქვს ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მასწავლებელმა არც სხვები უნდა გააწბილოს, მორცხვი მოსწავლეები კი მეტი წახალისებით უნდა გაააქტიუროს.
მეთოდიკური წიაღსვლა: ამ მიდგომით, გამოყენებული ფრაზების შინაარსი მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ მოქმედებებით: ადექით ფეხზე, გამოდი დაფასთან, დაუკარით ტაში, ასწიეთ ხელები. ვინაიდან სრული ფიზიკური რეაქციის მეთოდის გამოყენებით მასწავლებლები მუშაობენ როგორც საანბანო, ისე წინასაანბანო პერიოდშიც, ეს ფრაზები მოსწავლეებს უკვე კარგად ექნებათ დასწავლილი და მოქმედების ჩვენების გარეშეც ამოიცნობენ დასწავლილ ფრაზებს. აქ ძალიან სასარგებლოა ახალი ფრაზით გამდიდრებაც, მაგალითად, ვაჩვენოთ და გავაკეთებინოთ: თავზე დაიდეთ ხელი, დააბაკუნეთ ფეხი… მოსწავლეთა მოტივირების მიზნით შესაძლოა, მასწავლებელმა გაამრავალფეროვნოს აქტივობა, მაგალითად, ფურცლებით დაფაროს პოსტერზე დამახსოვრებული საგნები და ისე ამოაცნობინოს ბავშვებს.
აქტივობა 3. სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოახერხებენ ზეპირ სიტყვებში ბგერა „ფ“-ს ზუსტ იდენტიფიცირებას.
აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გამოკვეთონ ზეპირ სიტყვაში კონკრეტული ბგერა (ამ შემთხვევაში – „ფ“), რათა ის ადვილად დაუკავშირონ მის ვიზუალურ გამოსახულებას – ასოს.
მასწავლებელი კიდევ ერთხელ ადებს ხელს საგნებს და ასახელებს სიტყვებს, ჯერ – მითლიანად, შემდეგ – დამარცვლით. მოსწავლეები იმეორებენ დამარცვლილ სიტყვებს.
– სოფო, სო-ფო; ფეფე, ფე-ფე; შარფი, შარ-ფი; ძაფი, ძა-ფი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა…
შემდეგ კიდევ დამარცვლის სიტყვებს, თან ითვლის მარცვლებს:
– სოფო, სო-ფო, 2 მარცვალი; ფეფე, ფე-ფე, 2 მარცვალი; შარფი, შარ-ფი, 2 მარცვალი; ძაფი, ძა-ფი, 2 მარცვალი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა, 3 მარცვალი.
მარცვლების თვლის დროს მასწავლებელი ხელის თითებსაც იყენებს.
ამის შემდეგ მასწავლებელი ბგერა-ბგერა ამბობს თითოეულ სიტყვას, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, წარმოთქვან მთლიანი სიტყვა და მიუთითონ ილუსტრაციაზე. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც გაიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან.
ამ უნარის განსამტკიცებლადაც მასწავლებელი უფრო მეტად ააქტიურებს მოსწავლეებს – გაიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან/პოსტერთან და ახლა მოსწავლე დაასახელებს ბგერა-ბგერა სიტყვებს, ხოლო თანაკლასელები გაიმეორებენ.
ამის შემდეგ მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, ამოიცნონ ბგერა ფ-ს ადგილი თითოეულ სიტყვაში:
– ფისო, ფი-სო, ფ-ი-ს-ო… რომელი ბგერაა აქ „ფ“?
– პირველი…
– ძაფი, ძა-ფი, ძ-ა-ფ-ი… აქ რომელია „ფ“?
– მესამე…
ბგერებით მანიპულაციების დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ბგერათა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი ილუსტრირებული ბარათებიც (დანართი 2).
მეთოდიკური წიაღსვლა: ფონოლოგიური კომპეტენციის (ამ შემთხვევაში – ბგერებად დაშლა) გამომუშავებასთან ერთად, აქცენტი მუდმივად უნდა დაისმოდეს ბგერების სწორად აღქმასა და წარმოთქმაზე ანუ ფონეტიკურ კომპეტენციაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის მიერ თითოეული სიტყვის ხაზგასმით და სწორად წარმოთქმას და „საჭირბოროტო“ ბგერებზე ყურადღების გამახვილებას. მით უმეტეს, ამ გაკვეთილზე სამიზნე ბგერა სწორედ ასეთი სირთულის ბგერაა.
აქტივობა 4. წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა
აქტივობის მიზანი: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები გაააქტიურებენ ლექსიკურ ერთეულებს, მოემზადებიან ტექსტის წაკითხვა-გააზრებისთვის.
აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ. ამისთვის კი ილუსტრაციების გამოყენება ძალიან სასარგებლოა. გარდა ამისა, ეს აქტივობა იწვევს მოსწავლეთა მოტივირებასა და ინტერესს წასაკითხი ტექსტის მიმართ. ამასთან, მოსწავლეები, ფაქტობრივად, ზეპირად გაივარჯიშებენ წინადადებებს, რომლებსაც შემდეგ წაიკითხავენ.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ათვალიერებს წიგნის ილუსტრაციებს (თუ წიგნები არ აქვთ, უნდა გამოიყენონ მე-3 დანართის ამობეჭდილი ვერსია) და მოკლედ აღწერს მათ. აღწერა წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში – მოსწავლეები უპასუხებენ ილუსტრაციების მიხედვით დასმულ მასწავლებლის კითხვებს. ამ დროს მოსწავლეები, ფაქტობრივად, იმავე წინადადებებს ამბობენ, რომლებსაც ამის შემდეგ ერთობლივად წაიკითხავენ.
აქტივობა 5. წიგნის (ტექსტის) სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ ტექსტს.
აქტივობის საჭიროება: ტექსტის წაკითხვა ამ გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამისთვის სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა ყველაზე მძლავრი დამხმარე საშუალებაა.
მასწავლებელი ხელის გაყოლებით ხმამაღლა კითხულობს დაფაზე გაკრულ ტექსტს (უნდა დამზადდეს მე-3 დანართის მიხედვით). მოსწავლეები აკვირდებიან და ყურადღებით უსმენენ.
ამის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს ტექსტის ერთობლივი წაკითხვის ვარიაციებს:
- მასწავლებელი ხმამაღლა და ხელის გაყოლებით კითხულობს თითოეულ წინადადებას, ხოლო მოსწავლეები იმეორებენ;
- მასწავლებელი და მოსწავლეები ხმამაღლა ერთად კითხულობენ ტექსტს, რომელსაც მასწავლებელი ხელს აყოლებს.
- მასწავლებლები და მოსწავლეთა ნაწილი (ბიჭები, გოგოები, შარვლიანები, შავთვალები…) ერთად კითხულობენ ტექსტს, რომელსაც მასწავლებელი ხელს აყოლებს;
- მასწავლებელი ხელს აყოლებს ტექსტს, მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ერთად.
აქტივობა 6. ტექსტში ასო „ფ“-ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმახსოვრებენ ასო „ფ“-ს.
აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დასწავლა ამ გაკვეთილების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამასთან, ასოების შემოხაზვა-გახაზვა მოსწავლეებს წერისთვისაც ამზადებს.
მასწავლებელი კიდევ ერთხელ უთითებს დიდ ქაღალდზე ან დაფაზე დაწერილ ტექსტზე და თითოეულ სიტყვაზე, რომელშიც არის „ფ“. შემდეგ ერთ „ფ“-ს გაუსვამს ხაზს და მოსწავლეებს სთხოვს, იპოვონ შემდეგი „ფ“. ამისთვის ის მოსწავლეებს დაფასთან გაიძახებს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირებით (სააფთიაქო ქსელში გავრცელებული ყელში ჩასახედად გამოსაყენებელი ქაღალდშემოკრული თხელი ხის ფირფიტები), რომლებზეც წერია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი. ამ ჩხირებს მასწავლებელი უყენებს მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევისთვის, რათა ყველა მოსწავლე მოლოდინის რეჟიმში იყოს ამა თუ იმ აქტივობისას).
გახაზვის შემდეგ შეიძლება შევთავაზოთ ამავე ასოების შემოხაზვაც, გაფერადებაც. ეს დამოკიდებული იქნება კლასში მოსწავლეთა რაოდენობასა და მათ საჭიროებებზე.
აქტივობა 7. ფ ასოს წერაში გავარჯიშება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები სწორად დაწერენ ახალ ასოს.
აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დაწერა გაკვეთილის (გაკვეთილების) ერთ-ერთი მიზანია. ამასთან, წერა ხელს უწყობს კითხვასაც (რაც უფრო დააკვირდება ადამიანი ასოს წერის პროცესში, მით უკეთ ამოიცნობს მას კითხვისას) და პირიქით.
მასწავლებელი ახალი ასოს დაწერის სხვადასხვა აქტივობას მიმართავს:
- დაფაზე დაწერს დიდ ასო „ფ“-ს შემოაყოლებს თითს იმ მიმართულებით, როგორც იწერება ასო (ამ დროს მასწავლებელმა შეიძლება ხმამაღლა გაახმიანოს თავისი ქმედება: ვიწყებთ აქედან, მოვამრგვალებთ, შემდეგ კიდევ მოვამრგვალებთ და ბოლოს კიდევ მოვამრგვალებთ);
- დაფაზე გაკრულ დიდ „ფ“-ზე მოსწავლეები შემოატარებენ თითს სათანადო მიმართულებით. მასწავლებელმა ამ დროსაც შეიძლება გამოიყენოს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირები ან ის მოსწავლეები მიიწვიოს დაფასთან, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ;
- მოსწავლეებისკენ ზურგით მდგარი ხელაწეული მასწავლებელი ჰაერში მოხაზავს „ფ“-ს, ხოლო მოსწავლეები გაიმეორებენ;
- მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 4), რომელზეც აფერადებენ ასოს, ამოწერენ რამდენიმე „ფ“-ს, სიტყვას… ილუსტრაციების მიხედვით ჩაწერენ საჭირო სიტყვას.
აქტივობა 8. სიტყვის ბარათებით ვარჯიში
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ/ამოიცნობენ საკვანძო სიტყვებს.
აქტივობის საჭიროება: მთლიანი სიტყვების ცნობა ეხმარება მოსწავლეს ტექსტის წაკითხვაში, შექმნაში.
მასწავლებელი მოსწავლეებს ავარჯიშებს სიტყვების (დანართი 5) ამოკითხვაში. ამ მიზნით იგი:
- აჩვენებს ბავშვებს სიტყვის ბარათებს, კითხულობს ხმამაღლა სწორად, ბავშვები იმეორებენ წაკითხულ სიტყვას;
- აჩვენებს სიტყვის ბარათს და ხმამაღლა ამბობს ამ სიტყვის პირველ მარცვალს, მოსწავლეები კი ასრულებენ სიტყვას;
- შეცდომით კითხულობს ნაჩვენებ ბარათს, მოსწავლეებმა კი სწორად უნდა წაიკითხონ;
- აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, ბარათები მიაკრან შესაბამის ილუსტრაციას.
აქტივობა 9. დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაჭრილ წინადადებებს გააერთიანებენ ტექსტად.
აქტივობის საჭიროება: წინადადებების/სიტყვების აწყობა მოსწავლეებს ეხმარება, ერთი მხრივ, ტექსტის შედგენაში, მეორე მხრივ კი ამ ტექსტის ამოკითხვაში. ეს აქტივობა ერთგვარად ვარჯიშია კითხვაშიც და წერაშიც.
მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლების (დანართი 6) გამოყენებით, რომლებზეც უნდა დააკრან ამოჭრილი სიტყვები და შეადგინონ მცირე ტექსტი მოდელის მიხედვით.
აქტივობა 10. პოსტერის „ფეფოს სუფრა“ დამზადება და ნამუშევრების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დავალების შესრულებისას გამოიყენებენ ახალნასწავლ ასოს წერისა და კითხვის კონტექსტში.
აქტივობის საჭიროება: ათვისებული უნარის (ახალი ასოს ცნობა და დაწერა) დავალების შესასრულებლად პრაქტიკული გამოყენება უზრუნველყოფს ამ უნარის სიცოცხლისუნარიანობას.
მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 7) წყვილებში ან მცირე ჯგუფებში. მათი მიზანია, „გაშალონ“ ფისო ფეფოს სუფრა. ამისთვის სახელები უნდა დააწერონ სამუშაო ფურცელზე შეთავაზებულ საგნებს, ამოჭრან და „სუფრაზე“ დააწებონ.
მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს და აძლევს პოზიტიურ უკუკავშირს (ყოჩაღ! ძალიან კარგი ნამუშევარია! მიხარია თქვენი სიყოჩაღე! – და სხვ.)
მოსწავლეები წარმოადგენენ უკვე შევსებულ სამუშაო ფურცლებს. ასახელებენ, რა დააწყვეს (რძე, ფაფა) და რა არა (ძაფი, დაფა) ფისო ფეფოს „სუფრაზე“.
აქტივობა 11. გაკვეთილების შეჯამება
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს (დღეს ჩვენ ვისწავლეთ ახალი ასო „ფ“, ამისთვის წავიკითხეთ, აი, ეს ტექსტი, მოვძებნეთ მასში ახალი ასო, ვივარჯიშეთ სიტყვების ცნობაში, დავწერეთ ახალი ასო, ავაწყვეთ წინადადებები და „გავაწყვეთ“ ფისო ფეფოს „სუფრა“), შეფასების ფურცლის მიხედვით (დანართი 8) აძლევს საერთო უკუკავშირს მოსწავლეებს, მადლობას უხდის და ემშვიდობება მათ.
დანართი 1. გამხსნელი ილუსტრაცია
წიგნის ონლაინბმული: http://kargiskola.ge/anbani/fiso%20fefo.pdf
დანართი 2. ბგერათა რაოდენობის მიხედვით დასაჭრელი სიტყვის ბარათები:
ს-ო-ფ-ო, ფ-ე-ფ-ო, ძ-ა-ფ-ი, შ-ა-რ-ფ-ი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
დანართი 3. ტექსტი ,,ფისო ფეფო”
დანართი 4. ფ-ს პოსტერი
![]() |
![]() |
დანართი 5. სიტყვის ბარათები
| სოფო |
| ფეფო |
| ძაფი |
| შარფი |
| ფუმფულა |
| სუფრა |
| ფაფა |
დანართი 6. სამუშაო ფურცელი ტექსტის/სიტყვების ასაწყობად
| სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს. – – – – – – – – – – – – – – – – – – – -. – – – – – – – – – – – – – -.
|
| სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები
სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
|
| სოფო ფეფოს ეფერება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – !..
|
| სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები
სოფო ფეფოს ეფერება:
|
| ს ო ფ ო _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
|
| ასოებად დასაჭრელი სიტყვები
ს ო ფ ო ფ ი ს ო ფ ე ფ ო ძ ა ფ ი ფ უ მ ფ უ ლ ა
|
დანართი 7. სამუშაო ფურცელი „ფეფოს სუფრა“
ჩაწერე: რძე, ძაფი, ფაფა, დაფა. ამოჭერი ორი და დააწებე ფეფოს სუფრაზე.
დანართი 8. შეფასების ფურცელი




















