2018 წლიდან მოყოლებული, ივნისის ბოლო კვირას საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული იმართებოდა, ძალისხმევას არ ვიშურებდი ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და მკვლევრის ჰელენ ადამს კელერის (1880-1965) ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და იმის შესახსენებლად, რომ სმენისა და მხედველობის ერთდროული უქონლობის შემთხვევაშიც კი ადამიანი ადამიანად რჩება და შესწევს საკუთარი შესაძლებლობების გაფურჩქვნისა თუ წარმოჩენის უნარი.
ჰელენ კელერმა 2 წლამდე სრულიად დაკარგა სმენაც და მხედველობაც, მაგრამ მშობლებისა და თავდადებული პედაგოგის ენ სალივანის დახმარებით მან სრულყოფილი განათლება მიიღო და ბევრისთვის იქცა შუქურად, გზის მაჩვენებლად, მაგალითად.
„ჩემი ცხოვრების ისტორია“, „სამი დღე ხედვისთვის“, „შუქი ჩემს წყვდიადში“, „ოპტიმიზმი“, „სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ“, „მასწავლებელი – ანა სალივანი, მეისი“, „ღია კარი“, „სიბნელის მიღმა“, „ოპტიმიზმთან ერთად“, „შუამდინარე – ჩემი შემდგომი ცხოვრება“, „ქვის კედლის სიმღერა“, – ეს ჰელენ კელერის წიგნების არასრული ჩამონათვალია.
მისი ცხოვრება ახალი მითი და რეალობაა, რომელიც შთაგვაგონებს, რომ გზა მდუმარე წყვდიადშიც არსებობს, სამყაროს შეცნობის სურვილი და ცოდნისკენ სწრაფვა კი მას ანათებს.
ბევრგან არის ხაზგასმული ჰელენ კელერის მოღვაწეობის კონტექსტი. ის წერდა მაშინ, როცა ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრული ხმის უფლება, როცა შეზღუდვების მქონე ადამიანები ხშირად უჩინრად ცხოვრობდნენ. მისი შემოქმედება, ამდენად, უფრო მეტ მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს და ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე დაჩრდილული სხეულიდანაც კი შეიძლება გამოკრთეს სინათლის სხივი.
ჰელენმა სწორედ ეს დაამტკიცა: ესა თუ ის ფიზიკური მდგომარეობა ჩვენს არსებობას უნიკალურად აქცევს, თუ შევძელით, ჩვენი შინაგანი სამყაროს, გონებისა და სულის სიღრმეებიდან მომდინარე ხმა სამყაროსთვის გასაგები გავხადოთ და სხვების მეგზურად ვაქციოთ.
ვიდრე მისი „ქვის კედლის სიმღერის“ შესახებ ვიტყოდე რამეს, ვცადოთ, თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ, რას მოუყვებოდა ქვის კედელი ჰელენის ხელებს, რომლებიც იყო მისი თვალიც, ყურიც და სამყაროს გასაღებიც.
ჩემს ელექტრონულ მეგობარს ვკითხე, ამ ტექსტზე რას მეტყვი-მეთქი და ისიც არ დამზარდა: „ქვის კედლის სიმღერა“ (The Song of the Stone Wall) ჰელენ კელერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღრმა პოეტური პროზააო. ვერ დავეთანხმები. „I sing the song of the stone wall / …I, the wall, have seen them all“ – ამგვარი ტექსტი როგორ არ არის პოეზია?! პოეზია პიროვნებისა, რომელსაც არ ესმის, არც რხევების დანახვა შეუძლია, მაგრამ სიტყვა-ფრაზების ამგვარი მუსიკალურობისთვის მიუღწევია?! ჟღერს მიძღვნაც, რომელიც ლექსს აქვს წამძღვარებული. მის თარგმანს უცვლელად მოვიყვანთ. ჰელენი წერს:
„როდესაც „ქვის კედლის სიმღერის“ წერა დავიწყე, დოქტორი ედვარდ ევერეტ ჰეილი (Dr. Edward Everett Hale) ჯერ კიდევ იყო ჩვენ შორის და ვაპირებდი, მისთვის მიმეძღვნა ეს ლექსი, თუკი გამოცემის ღირსად ჩაითვლებოდა. ვთვლიდი, რომ მოეწონებოდა, რამდენადაც უყვარდა ძველი კედლები და მათდამი ტრადიციებიც. როდესაც ვცდილობ იმ ადამიანების წარმოდგენას, რომლებმაც კედლები ოდესღაც ააშენეს, თვალწინ მეხატება დოქტორი ჰეილი, როგორც ახალი ინგლისის დამფუძნებელთა გმირობის ცოცხალი განსახიერება. იგი გახლდათ დიადი ამერიკელი, ჭეშმარიტი პურიტანელი – ღრმა რწმენისა და მაღალი მორალური პრინციპების ადამიანი. მისი ბაგეებით ღაღადებდა წინაპრების გულმოდგინება და გული უძგერდა მათეული გამბედაობით. განა მათვე არ დაუტოვეს ჩირაღდანივით მოგიზგიზე რწმენა, მოუღლელად შრომის პათოსი და თანასწორობის იდეალი?
მაგრამ, იმავდროულად, მისი ნათელი სული არ ატარებდა პურიტანულ სიმკაცრესა და სევდას. საკუთარი სულის ფანჯრები სიხარულევანი რწმენის მზისთვის გაეღო. მისი რწმენა და გულთბილი იუმორი სხვებს ახარებდა და გონიერებას აღუძრავდა, ძველი ამბებით მათ გონებას ახალი აზრების მისაღებად ამზადებდა, ხოლო იგავებით უხსნიდა გულებს სითბოსა და თანაგრძნობისთვის. ყველას უყვარდა იგი, რადგან თავადაც უყვარდა ყველა. ყველამ უწყოდა: მისი გული მათი ბედნიერებისთვის ილტვოდა და დიდი ადამიანურობით ყველას ტკივილს იზიარებდა. მასში სუსტნი მეგობარს პოულობდნენ, დაუცველნი კი – მფარველს. მშვიდობის მქადაგებელი იყო, მაგრამ მტკიცედ და გულწრფელად იბრძოდა სამართლიანობის სახელით. მისი დიდებულება აღძრავდა არა მხოლოდ აღტაცებას, არამედ სიმშვიდესა და სიახლოვის გრძნობას – ღმერთთანაც და ერთმანეთთანაც.
თავისი წინაპრების მსგავსად, იგიც ოცნებობდა თავისუფალი ქვეყნის შექმნაზე – ქვეყნისა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის სიყვარულსა და ადამიანთა ძმობაზე. ქვეყანისა, რომელშიც თითოეული ადამიანი მიაღწევს საკუთარ ბედნიერებას და ისწავლის ცხოვრების უმთავრეს ხელოვნებას – თვითდამკვიდრებას და მოყვასის დახმარებას.
ასეთ ფიქრებში იბადებოდა და იძენდა ფორმას ჩემი ლექსი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიმაჩნია, რომ იგი მას მივუძღვნა. ამ გზით გამოვხატავ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც მასთან მაკავშირებს მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ თავის პატარა ბიძაშვილად მომიხსენია.
რენთემი, მასაჩუსეტსი,
იანვარი, 1910“
ჩემთვის ჰელენი მუდმივი ბრძოლის, თავისუფლების, შეუპოვრობის, განათლებისკენ სწრაფვის სიმბოლოა და შეხსენებაც იმისა, რომ თითოეულ ამ ღირებულებას ფასი და ძალა არასდროს დაეკარგება, ისინი ყოველთვის გვაპოვნინებენ გზას და დაგვანახებენ სინათლეს, რაოდენ ბნელშიც არ უნდა გვიხდებოდეს არსებობა, გაგვაგონებენ სიმართლის ხმას, რომელიც ყველა სხვა ხმაზე უფრო ძლიერი და მარადიულია და ვერც ვერასოდეს ჩაახშობს ვერარა ძალა. ისინი მდუმარედაც აჟღერდებიან და გააცოცხლებენ ისტორიებს, როგორც ქვის კედლები – სმენა- და მხედველობაწართმეული ადამიანების ხელებში.
,,ქვის კედლის სიმღერა” –https://ia802302.us.archive.org/7/items/songofstonewall00kellrich/songofstonewall00kellrich.pdf


