კვირა, ნოემბერი 2, 2025
2 ნოემბერი, კვირა, 2025

რას გვითხრობენ ატენის ბჭის ირმები

0

 

მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ატენის სიონის ბჭის თაღში წყაროსდაწაფებული ირმები სამუდამოდ ჩასახლებულან. ოსტატმა  ყველაფერი გენიალურად გათვალა. მან მე-5 საუკუნის ტაძრის  რელიეფები  და ტაძრის ფასადი ირმების შეფერილობას შეუხამა და მათთვის ბუნებრივი გარემო შექმნა, პირველქმნილი სამოთხესავით მკვიდრი და მშვენიერი.

სურ.1

                  კარიბჭის ფოტოს აუდიოაღწერა: ფოტო თარაზულია/ჰორიზონტალური. მის ცენტრში, დაბლა, კარის ერთი ფრთა ღიაა. მას ორივე მხარეს, მთელ სიმაღლეზე აუყვება მრჩობლძელოვანი ორი ქვის სვეტი, რომელთა ჩუქურთმოვანი ქუდები შეერთებულია კამარით. მარცხენა სვეტი, მათი ქუდები და კამარის ქვები მოწითალო ქვისაა და დაზიანებულია. კამარის ქვეშ, კარის თავზე წარმოდგენილია ბარელიეფი, რომელიც, მარჯვენა სვეტის მსგავსად, სპილოსძვლისფერია.

როგორც ცნობილია, ძველი აღმოსავლეთის სატაძრო ხუროთმოზღვრებაში ბჭე ღვთაებრივ საყოფელს, ზეცას წარმოადგენდა. ასეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა პორტალს, თაღის თვალს, კანკელის კარს და სხვა. ნინო აბაკელიას თქმით, კარი ღვთის კარად იწოდებოდა. პორტალი კი ღვთის ჩენის ადგილად მიიჩნეოდა[1].  მკვლევარი ხახულის შესასვლელის წარწერას მოგვაგონებს და მას იმთავითვე დავითის 117-ე და 118-ე ფსალმუნებს უკავშირებს — ,, ესე არს კარი უფლისა, მხოლოდ მართალნი შევლენ შიგ!“ ღვთის კარს კი აიგივებს სამოთხის კართან, რომელთანაც მისვლა ძნელია, შესვლაც მარტვილთათვისაა შესაძლებელი.

„ სამოთხის სიმბოლიკა აქცენტირდება მცენარეული და ცხოველური ორნამენტის სიმრავლით შესასვლელებზე (კარი, სარკმელი). ცხოველები თუ მცენარეები ეკლესიის ექსტერიერებზე წარმოადგენენ პირობით, ალეგორიულ ფიგურებს, რომლებიც, ნათელია, გამოსახულნი არიან ერთადერთი მიზნით  — გახსნან ღვთაებრივი მიზნები და განსაზღვრონ წესები, რომელიც უნდა დაიცვას ქრისტიანმა“ [2], — აღნიშნავს  მკვლევარი.

მაშ ასე, კარგად დავაკვირდეთ ქვემოთწარმოდგენილი ბარელიეფის ალეგორიას:

                        სურ.2.

               ბარელიეფის ფოტოს აუდიოაღწერა: ცენტრში შემორკალული დიდი წრეა, რომელიც სამ თანა-რიგად განთავსებული, პატარა წრეებითაა ამოვსებული, წრეები  დეკორირებულია. აქეთ-იქიდან, წრის რკალებში პირები ჩაუდევთ თავდახრილ ირმებს. ისინი ისე დგანან, თითქოს მთელი წრე  უჭირავთ თავით და ცასაპყრობილი რქებით. ბარელიეფის ქვედა  და ნაწილი დაზიანებულია, ზედა პირი ოდნავ ირიბია და კამარამდე მუქი შეფერილობის, ნახევრადწრიული, სამი სხვადასხვა ზომის, პატარა ქვითაა ამოვსებული.

ეს სცენა რას უნდა ნიშნავდეს-თქო, რომელიმე იქ ოდესმე მოღვაწე ბერ-მონაზონს რომ ჰკითხოთ[3], აუცილებლად გიპასუხებთ, 41-ე ფსალმუნის გამოძახილია, ირმებს ყველაზე მეტად სწყურდებათ მას შემდეგ, რაც გველებს ყლაპავენ. ამ დროს ბლომად წყალი რომ არ დალიონ, დაიღუპებიან. გველი ასოცირებულია ცოდვის ჭამასთან, წყალი კი — ზეციურ კურნებასთან, პატერიკში არსებული აბბა პიმენის განმარტება დიდ გავლენას იქონიებდა აღმოსავლეთის ეკლესიის იკონოგრაფიაზეო.

არადა, ამასწინდელ სტატიაში[4] გალაკტიონის  და რუსთაველის  ტექსტების გააზრებისთვის  იოვანე ბერაის მიერ 973-976 წლებში გადაწერილ შატბერდის კრებულში წარმოდგენილ  სახისმეტყველებით კომენტარს დავეყრდენით — ამონარიდს  წმინდა ბასილი ებისკოპოსის, კესარიელის წიგნთაგან, „რომელი იწოდების მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ“.  ღირსი პიმენ დიდი კი მე-4-მე-5 საუკუნეებში მოღვაწე მამაა[5].

  უნდა ითქვას,  ბოლნისის სიონის რელიეფთა იმ ნაწილს, რომლებზეც ირმებია გამოსახული, გიორგი ჩუბინაშვილიც დავითის 41-ე ფსალმუნს უკავშირებს.[6] ტექსტიც აქვეა:

                                     ,ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!  
სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?  
იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.
რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.  
უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა გარდამჴდეს.  
დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.

 

 

სხვათა შორის, საინტერესოა მოყვანილ ტექსტში წყალთან დაკავშირებული  ქართულენოვანი  ცნებები, როგორიცაა:  წყაროთა წყალი, იორდანე, ღელვა (წყურვილიც, წყალობაც), რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება, რადგან ისინიც სიმბოლურ შინაარსებს ატარებენ და შინაარსობრივად უახლოვდებიან ატენის ბჭის „წყაროთა წყლის“ ბარელიეფს, რომელზეც ტურბულენტობაა გამოსახული. საყურადღებოა ისიც, რომ  ზოგიერთ მკვლევარს თავად „ატენის“ ცნებაც ჰიდრონიმად მიუჩნევია და მისდამი გამოკვლევებიც მიუძღვნიათ[7]. ამ თემებზე კი სხვა წერილებში ვისაუბრებთ.

 

[1] ნინო აბაკელია, მარადიულობასთან ზიარების მოტივი ქართულ ტრადიციაში, 2007. http://saunje.ge/index.php?id=1328&lang=-ka

[2]

[3] ჩვენ იღუმენ მიქაელს დავეკითხეთ.

[4] მარიამ გოდუაძე, ირმისა, ამბავი ირმების თავისუფლებისა, https://mastsavlebeli.ge/?p=44542

[5] https://en.wikipedia.org/wiki/Poemen

[6] https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/fsalmunni/fsalmunni-41.htm

[7] თ. მესხი, ბერძნული ელემენტი ატენის ხეობის ტოპონიმიკაში და ატენის სიონი, თბ., 2010; ბონდო არველაძე, ახალი ნაშრომი ატენის სიონის შესახებ, გულანი N 13, ახალციხე, 2013.

 

პირველი დღე სკოლაში

0

 

პირველი კლასი და სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელია. უდიდესია პირველი მასწავლებლის როლი, რომელმაც უნდა შექმნას პოზიტიური და კეთილგანწყობილი სოციალური გარემო, რათა ეს დღე იყოს სახალისო, საინტერესო, სტრესისგან თავისუფალი და დაუვიწყარი.

გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად 6-7 წლის პირველკლასელებისთვისაა შექმნილი. მასწავლებელი სურვილისამებრ შეარჩევს.

გაცნობითი თამაში: „სახელის ბურთი“

ბავშვები დგებიან წრეში. თითოეული ამბობს თავის სახელს და ერთ სიტყვას, რომელიც მას ახასიათებს (მაგ., „მე ვარ ანა, მიყვარს ძაღლი“) და ბურთს გადაუგდებს ამხანაგს. ეს თამაში მოსწავლეებს ეხმარება სახელების დამახსოვრებასა და თავდაჯერებულობის უნარის განვითარებაში.

„ჩემი საყვარელი…“ ნახატი

ბავშვებს სთხოვეთ, დახატონ თავიანთი საყვარელი ცხოველი ან სათამაშო, გაუზიარონ თანატოლებს და მოკლე აღწერილობა გააკეთონ, რა დახატეს და რატომ უყვართ.

ეს აქტივობა ეხმარება მასწავლებელს, გაიგოს ბავშვების ინტერესები და განავითაროს მათი შემოქმედებითი უნარები.

პოსტერი „ხელის ანაბეჭდის ხე“

მასწავლებლის დახმარებით, თითოეული ბავშვი ათავსებს თავისი ხელის ანაბეჭდს ფერად ქაღალდზე, დიდ პლაკატზე, სადაც ხეა გამოსახული. ანაბეჭდებზე მასწავლებელი წერს ბავშვების სახელებს.  აქტივობა ქმნის განცდას, რომ თითოეული ბავშვი კლასის ნაწილია, ამავდროულად, პოსტერი ამშვენებს საკლასო სივრცეს.

მუსიკალური თამაში: „გაყინე“

ჩართეთ მხიარული მუსიკა, ბავშვები ცეკვავენ, ხოლო მუსიკის გაჩერებისას „იყინებიან“.

ეს აქტივობა ეხმარება მათ ენერგიის გათავისუფლებაში და ატმოსფეროს ხალისიანს ხდის.

„ჩემი სკოლის ჩანთა“

ბავშვებს სთხოვეთ, მოკლედ გაუზიარონ თანაკლასელებს, რა ნივთი მოიტანეს სკოლაში (ფანქარი, რვეული, სათამაშო) და რა დანიშნულება აქვს ამ ნივთს. შეიძლება, ასევე ისაუბრონ, რომელი მათგანი მოსწონთ ყველაზე მეტად და რატომ.

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 

 

 

მოთხრობის წაკითხვა

წაიკითხეთ პატარა მოთხრობა/ზღაპარი ფერადი წიგნიდან სკოლის ან მეგობრობის შესახებ შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ ან მოყვნენ, რა მოეწონათ ყველაზე მეტად.

ეს აქტივობები ქმნის თბილ, მისაღებ გარემოს, ეხმარება ბავშვებს ერთმანეთთან დაკავშირებაში და სკოლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას უყალიბებს.

 

რჩევები დამწყებ მასწავლებლებს:

  • აქტივობები წარმართეთ მოკლე და მარტივი ინსტრუქციებით, რადგან პირველკლასელებს ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია აქვთ.
  • გამოიყენეთ ფერადი, ვიზუალური მასალები (სურათები, სტიკერები).
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მორცხვ ან შეშფოთებულ ბავშვებს, წაახალისეთ ისინი.

სელფი – Google Arts & Culture

0

გაინტერესებთ, რომელი მუზეუმის პორტრეტი გგავთ ყველაზე მეტად?

აპლიკაცია Google Art Selfie-ს შეუძლია,  თქვენი ფოტო ათასობით ონლაინ ხელოვნების ნიმუშს შეუსაბამოს. ზოგჯერ შედეგები საკმაოდ მსგავსია, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის სახალისო და საინტერესოა.

ამისათვის რამდენიმე მარტივი ოპერაციის შესრულებაა საჭირო:

  1. ჩამოტვირთეთ უფასო Google Arts & Culture აპლიკაცია Google Play-დან ან App Store-დან

https://play.google.com/store/apps/details?id=com.google.android.apps.cultural&hl=en

https://apps.apple.com/us/app/google-arts-culture/id1050970557

 

  1. Art Selfie-ს საპოვნელად გადაახვიეთ მთავარ ეკრანზე ქვემოთ, შემდეგ შეეხეთ „დაწყებას“
  2. სელფის ძებნის ფანჯარაში კვლავ შეეხეთ ღილაკს „დაწყება“.
  3. მოთხოვნის შემთხვევაში, Google Arts & Culture-ს მიეცით სურათების გადაღებისა და ვიდეოს ჩაწერის ნებართვა.
  4. კამერა თქვენს სახესთან გაასწორეთ და შეეხეთ გადაღების ღილაკს.
  5. გადაახვიეთ შედეგებში, რათა იპოვოთ პროფესიონალური პორტრეტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს პროფილს
  6. თუ რომელიმე შედეგით არ ხართ კმაყოფილი, შეეხეთ „გადაღებას“

 

Google Arts & Culture-ის ეს ფუნქცია, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, მსოფლიოს ადამიანებს დაეხმარა, ხელოვნების ისტორიაში ეპოვათ თავიანთი ,,ორეულები’’.

ახლა კი გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და  ოცდახუთზე მეტი მრავალფეროვანი სტილის დახმარებით აპლიკაცია Art Selfie 2  გთავაზობთ, გადაიღოთ სელფი დამოუკიდებლად ან მეგობრებთან ერთად  და აირჩიოთ სტილი, შემდეგ კი ნახოთ, თუ როგორ ქმნის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი სტილიზებულ გამოსახულებას თქვენი სახის გარშემო, შეუფერხებლად აერთიანებს თქვენს სელფს არჩეულ სცენარში, გარდაქმნის თქვენს ავტოპორტრეტს თქვენი მახასიათებლების შერწყმით,    ცნობილ ნახატად ან ისტორიულ მოვლენად.

 

 

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ქმნის თქვენს უნიკალურ, პერსონალიზებულ იმიჯს  ახალ კონტექსტში.

აპლიკაცია სურათის გენერირებისას გთავაზობთ ფაქტობრივ ინფორმაციას არჩეული სტილის ან ისტორიული კონტექსტის შესახებ, რაც მას საგანმანათლებლო გამოცდილებად აქცევს.

შეგიძლიათ, შეაბიჯოთ კადრში ხელოვნებით შთაგონებული სტილით, იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის სტილის გამოყენებით, იმოგზაუროთ დროში ისტორიული სტილის დახმარებით.

თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ მკვლევარი, რომელიც ადის ევერესტზე, იყოთ მუზა მონეს ნახატში ან რომაელი გლადიატორი.

Art Selfie 2 უბრალოდ გასაზიარებელი სელფებს არ ქმნის. ის ასევე კულტურული სწავლების კარიბჭეა. თითოეული სტილი თქვენი სურათის გენერირებისას აქტუალურ ფაქტებს გაწვდით და მას შემდეგ, რაც თქვენს სელფს გარდაქმნის, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მასთან დაკავშირებული ისტორიები, არტეფაქტები და სხვა.

შედეგების ეკრანზე დააწკაპუნეთ „დამატებითი ინფორმაციისთვის“, რათა გაეცნოთ მხატვრულ მოძრაობებს, ისტორიულ პერიოდებს ან შორეულ ადგილებს, რომლებმაც თქვენი ახალი იმიჯი შექმნეს.

ხელოვნების მოყვარული იქნებით, ისტორიკოსი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე, Art Selfie 2-ში ყველასთვის არის რაღაც უნიკალური და ძალიან საინტერესო.

შეგიძლიათ, დღესვე დაიწყოთ თქვენი შემოქმედებითი იდეების განხორციელება,

შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

გამოყენებული რესურსი:

https://artsandculture.google.com/camera/selfie

 

 

 

 

 

   ფაზლის ერთი დეტალისთვის

0

                     

ხევსურეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებული რეგიონი, საბჭოთა ხელისუფლების თვალში თანდათან გადაიქცა იდეოლოგიურად „საშიშ“ ზონად. რეგიონის მოსახლეობა არ გამოირჩეოდა საბჭოთა წესრიგისადმი ლოიალურობით – პირიქით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული. შესაბამისად, ხევსურეთი მიიჩნეოდა არასანდო რეგიონად, რომელიც საჭიროებდა განსაკუთრებული მეთოდებით „გადამუშავებას“, რისთვისაც საბჭოთა რეჟიმი იყენებდა იდეოლოგიური, პოლიტიკურ-სტრატეგიული და რეპრესიული აპარატის სინთეზს.

 

ხევსურთა „მოთვინიერების“ პროცესში პროპაგანდას გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონოდა. ამისთვის, ერთი მაგალითიც საკმარისი იქნება.

1932 წელს ბოლშევიკი ეთნოლოგი და ლიტერატორი ალექსი ყამარაული (მოგვიანებით, 1937-იანი წლების რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლი) გამოსცემს წიგნს „ხევსურეთი“, რომელიც ხევსურეთის ექსპედიციის შედეგებს მიმოიხილავს და ზოგადად, ხევსურეთის ყოფაზე, ადათებზე უამბობს მკითხველს. როგორც ჩანს, ალექსი ყამარაულს სიტუაციის წინასწარი მოკვლევა, შესწავლა დაევალა. სხვათა შორის, ამ კუთხით მუშაობა წლების მანძილზე აქტიურად მიმდინარეობდა ხევსურეთში, გარკვეულწილად, ხევსურეთის შესწავლის ამბავს მოგვითხობს მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელოც“, რომელიც პირველად სწორედ ოცდაათიან წლებში გამოქვეყნდა.

ასეთი „მოკვლევებისთვის“ „ჩანერგვა“ გადასასახლებელ თუ მოსათვინიერებელ  კოლექტივებში ნაცადი პრაქტიკა იყო. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მაჰმადიან ქართველთა სოფლებში მთელი წელი იყვნენ ჩასახლებული სხვადასხვა „სპეციალისტები“, რომლებმაც აღრაცხეს და შეადგინეს გადასააახლებელთა სიები. ასეთი „მომკვლევი“ არაერთი ჰყავდა ხევსურეთს, ივანე ლიქოკელის თქმით, ბარისახოში „დასასვენებელი სახლიც“ აშენდა ამ სპეციალური მისიით მივლენილი ადამიანებისთვის.

ალექსი ყამარაულის წიგნში მრავლადაა პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ხევსურეთის უკეთეს მომავალს ბოლშევიზმსა და კოლექტივიზაციაში ხედავს, თვალსაჩინოა რამდენიმე ლექსი, რომელიც კრებულს ერთვის, მაგალითად, ასეთი: ( ავტორი: ალექსანდრე გომიაშვილი)

 

ილევა, ჰქრება უკანასკნელ ბინდი ღამისა

არის მთების სხვლა, სად ქალაქის ცეცხლი დაინთა

სად გუგუნია ხევისა და ნიაღვარისა

ციხეებიდან, კოშკებიდან, ჩარდახებიდან

სხვა ჟრიამული განახლებულ მთა-გორებს მისდევს

და მთები იგი – ხევის ნაღმის ხმებიდან

მთები მიიწევს ინდუსტრიის ქალაქებისკენ.

 

ამ კრებულში ასეთი ტექსტი ბევრია, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო და საინტერესო, თავად წიგნის ავტორის, ალექსანდრე ყამარაულის ლექსია, რომელიც ყველაზე ცნობილი და მთავარი ქართული პატრიოტული ლექსის, ქართული თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი სიმბოლოს, რაფიელ ერისთავის ლექსის „სამშობლო ხევსურისა“ გადაკეთებულ ვერსიას წარმოადგენს:

 

სამშობლო ხევსურისა

მიბაძვა

 

სადაც აღმზარდეს, მასწავლეს , გადამავიწყეს ისარი

დავტოვე მღვდელი, ხატები სამრეკლის კარის ფიცარი

ფარხმალი წიგნით ევცვალე, ჩემი სამშობლო ის არი

არ გავცვლი საწერ-კალამსა, ხანჯალზე, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა, ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა

მე რაად მინდა შავი კლდე თოვლიან ყინულიანი

ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერით გადმოჰქუხს ბროლი წყლიანი

თუ გვეგონება ბუნება, დევიან ეშმაკიანი

და არ იქნების დიაციც თანასწორუფლებიანი

არ გავცვლი საწერ-კალამსა, ხანჯალზე, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა, ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა.

ყველა ჩაგრული სიბნელით, დღეს სწავლისაკენ იხარის

გაცვდა დროება ქაჯების, ხატის მსახურის, მკითხავის

ძველისა მოგონებაზე  ახალი მეტად მიხარის

არ გავცვლი საწერ-კალამსა  ხანჯალზე, შვილდისარზედა

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა

ძველად თავს ადგა ხევსურსა მ#ამელი უთვალავია

მღვდელ-დეკანოზნი მაცდურნი, პრისტავი-მოურავია

ჩაკვროდენ სალსა კლდეებსა, საქმე ეჭირათ ავია

განდევნა რევოლუციამ, დღე დააყენა შავია.

არ გავცვლი საწერ-კალამსა, ხანჯალზე შვილდისარზედა

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან აბჯარზე, ფარზედა

საბჭოთა ხელისუფლება არ გაიცვლების სხვაზედა

თავისუფლება მონობის, მირჩევნის ორსავ თვალზედა

პროლეტარების სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.

 

გადამღერებული „სამშობლო ხევსურისა“ კლასიკური ტექსტის ტიპური იდეოლოგიური მიტაცებაა: ორიგინალში ხევსური გმირობისა და თავისუფლების სიმბოლოა, ხოლო საბჭოთა ვერსიაში ეს სიმბოლოები „სიბნელედ“ და ჩამორჩენილობად არის წარმოჩენილი. ხანჯლისა და ხატის უარყოფა, განათლებისა და საბჭოთა ხელისუფლების განდიდებით შეცვლილი, ლექსს პოეტურ ღირებულებას ართმევს და აგიტაციურ ლოზუნგად აქცევს. აქ ეროვნული სულიერი მემკვიდრეობა გამოიყენება არა როგორც კულტურული თვითმყოფადობის გამოხატულება, არამედ როგორც პარტიული იდეოლოგიის  იარაღი, რაც მკაფიოდ აჩვენებს, როგორ შეიძლება ლიტერატურა პოლიტიკური ძალაუფლების ინტერესს მოერგოს.

პროპაგანდა „გადასაკეთებლად“, იდეოლოგიური მიტაცებისთვის ნებისმიერ ტექსტს არ ირჩევს, მისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი, ცენტრალური წერტილები, ის  შეგნებულად იღებს ეროვნული კულტურის ტექსტებს, აშორებს მათ ნამდვილ მნიშვნელობას და ახვევს თავზე „ახალ“ შინაარსს, რათა ხალხისთვის ნაცნობი სიმბოლოები ხელისუფლების იდეოლოგიისათვის მოერგო.

 

დასასრულს, ერთი პაწია დეტალი ავტორის პიროვნებასთან დაკავშირებით:

ყამარაული ალექსი იაკობის ძე (1885)

  • დაბადების თარიღი:1885 წ.
  • სახელის ვერსიები:ყამარაული ალექსანდრე იაკობის ძე
  • დაბადების ადგილი:საქართველო, ყაზბეგის რაიონი, სოფ. კარკუჩა
  • ეროვნება:ქართველი
  • განათლება:უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა:საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სამტრესტის კიევის განყოფილების მმართველი
  • პარტიულობა:სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; გაირიცხა 1937წ. დაპატიმრების გამო.
  • ბრალად ედება:რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, სადაც გადაიბირა კუხალეიშვილმა კ/რ მავნებლური სამუშაოს ჩასატარებლად საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სამტრესტის კიევის განყოფილებაში. სხვებთან.
  • გამსამართლებელი ორგანო:შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შაპირო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი:58-10

(წყარო: სტალინური სიები საქართველოდან)

 

ჰეკლბერიფინიდან ჰაკლბერიფინამდე

0

,,ჰაკლბერი ფინის თაგვდასავალი’’ არის ამბავი ბიჭზე, ჩემი თაობა და კიდევ ძველი, ჰეკლბერით რომ იცნობდა. ახლა როგორც ამბობენ, გამართული ეგრე უფროა. სულ მცირე, გარეკანს დავხედოთ, რა რანგის მთარგმნელები ჰყავს ამ გამოცემას და ვენდოთ.

მაგრამ ჩემთვის ჰეკლბერია. ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’ – ამ განცდით. თორემ კი არ ვჯიუტობ. პირიქით. აგერ აქაც, აწი, ჰაკით მოვისხენიებ. და რადგან ბარათაშვილი ვახსენეთ, იქ, ოკეანის გაღმა მარკ ტვენის უცნაური მოგზაური, სწორუპოვარ ,,მერანს” ახორციელებს თითქოს – ,,ნუ დამიტიროს ჩემმა სატრფომა.. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში”.

კი, ასეა, რადგან ახალი ადამიანის დაბადების და თავისებური თავისუფლების საგალობელია ჰაკის მოგზაურობა. სხვა ეპოქის ოდესია. ამერიკული. გზის ამბავი, შუაში მყოფი ჰომეროსის (წასვლა და დაბრუნება) და კორტასარის (საცობი) მოდელებს შორის. წასვლა და არასდროს დაბრუნება უკან. სადაც ხარ, იქვე რომ შობ საკუთარ სახლს. რადგან ძველი სახლი, მამითურთ, მდინარემ წაიღო. აკი, ჯიმიმ თქვა, ის კაცი, პირქვე რომ იწვა, ჰაკლბერის მამა იყოო. ლოთი კაცი. გამოუსწორებელი. გამოუსწორებელი, როგორც წარსული. წარსულს წყალი თუ წაიღებს მხოლოდ. წარღვნის ალუზიაა ის წყალდიდობა. ახალი სამყაროს შობა და ძველის გაუქმება.

მანამდე ჰაკი დამოუკიდებლობას ყიდულობს ისეთი გაუგებარი გარიგებით, თანამედროვე დამწყები ბანკირიც კი უჩივლებდა და მოსამართლე პატიმრობას მიუსჯიდა. მაგრამ ეგრეა – დამოუკიდებლობა ყველაფერი ღირს, რაც ანგარიშზე გაქვს. მით უფრო, ისეთი, ჰაკიმ რომ მოინდომა.

ამ დამოუკიდებლობის წყალობით ჰაკლბერიმ იმოგზაურა ყველგან – აქ დროსაც ვგულისხმობ და სივრცესაც. წარსულშიც, ამწყოშიც და მომავალშიც. მეფე და ჰერცოგი, გოთიკური ინგლისი, ლინჩის წესის ამერიკა და სხვა მრავალი და მრავალგვარი ყოფა ხვდებოდა მისისიპის ნაპირებზე და ბოლოს მისი მეგობარი ტომიც გამოჩნდა.

ისე, ამ საქმის მცოდნე დამკვირვებლები, გნებავთ ენობრივი და გნებავთ თვისობრივი პლასტებით, ტომის და ჰაკის თავგადასავლებს დიდად ასხვავებენ და ალბათ ასეცაა. ტომი ევროპული თავგადასავალი უფროა, ჰაკი – ამერიკული.

რაც შეეხება სახლიდან გაქცევას და უკან არ მიხედვას, მგონი, ჰაკი ჰეილის ,,უსამშობლო კაცი’’ არ არის, თუ მაინდამაინც, მელვილის ,,მობი დიკთან’’ არის ახლოს. შორი-ახლოს.

ბევრი ხლართია. ბევრი ინტერტექსტი. და პირველი შრე კი შემტყუებელი, სასეირო ამბები.

წიგნი ყველა თაობისთვის და ამ თაობათა შორის ყველა გემოვნებისთვის, თუ ახირებული ვინმე არ გამოჩნდა.

მაგრამ ჰაკიზე ახირებული, აბა ვინ უნდა იყოს? ვერავინ. არავინ.

 

ზურაბ კიკნაძის უპირატესობა

0

თუ ვინმეს ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძის ნახვა უნდოდა, უნდა ენახა ის უნივერსიტეტთან, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. მდგარი მრავალთა შორის და მსგავსი მრავალთა. მაგრამ ერთია; თუ იცოდი ვინ იყო, ეს მსგავსება ქრებოდა და იდგა კაცი, რომელიც არ იდგა. რადგან იმ კაცს იქაურობის არაფერი ეცხო – იმაზე შორს იყურებოდა, ვიდრე ნებისმიერ ავტობუსს შეუძლია წასვლა, ნებისმიერ მანქანას და მატარებელს. იყურებოდა შორს და უკან. უკან – შუამდინარეთში.

ხშირად დავკვირვებივარ ამ სცენას – მე მისი მოსწავლე და გვიან – მეგობარი. იდგა ხნიერი კაცი, ხელზე მსხვილი ბეჭდით, ჯიბეში ფურცლებით და მგონი რომ – სავარცხლით, პიჯაკით რუხით, ან ბაცი რუხით და ოდნავი შეხტომით, ვიფქრობ, ფიქრებისგან გამორკვევის ან ფიქრებში გარკვევის დროს.

სამი წლის წინ, ზურაბ კიკნაძეს სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. ქურუმის გარეგნობის კაცი ისე დასახლდა, როგორც ქურუმს ეკადრება – შორს ხალხისგან და ახლოს საკუთარ თავთან.

“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა”.

მითხრა სალმის გამივრად.

მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – ,,მეტანოია!’’ აქ, მარტომყოფი, ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორედ, სჯობს რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. ,,მეტანოია!” – ეს მითხრა გამოსამშვიდობებლად, როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – ,,მეტანოია!”.

,,ამარგი’’ არის მეტანოია. ადამიანად ყოფნის გააზრება და მონანიება. ოღონდ მონანიება და არა სინანული. თუმცა ამასაც წერს: ,,მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად’’.

იწყება ტექსტი ისე, როგორც გენიოსს შეშვენის. ყველა წინადადება თითო რომანია. Pro domo sua.  ავტობიოგრაფია შვიდი წინადადებით. ველოსიპედი. ტვირთი და მტვირთველი. ორი სიზმარი. ერთი გამოცდა. მეორე ვიღაცის ლოდინი სახლში. ამას რომ ვკითხულობდი, უცებ შერიფის ფინალური მონოლოგი გამახსენდა კოენების ფილმიდან ,,მოხუცების ადგილი აქ არ არის’’. და საერთოდ, იმათი ფილმი და ზურაბის წიგნი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს – ცოტა ირონიული ჭიდილი სიკვდილის და სიცოცხლის – ,,დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა’’.

მგონი მოცულობით დიდ წიგნებს დღეს აღარ კითხულობენ და ბევრსაც კარგავენ. მაგრამ ,,ამარგის’’ წაუკითხველობა ბევრზე უფრო ბევრს დაგაკარგვინებთ. მაგიური წიგნია, უწუნო და ზუსტი, გამოთლილი და გათვლილი წინადადებით, სუნთქვისდამხშობი სიღრმით და სივცრით, სუნთქვისმომნიჭებლით.

რადგან კინო ვახსენეთ, ჰგავს ცოტათი ,,ამარკორდსაც’’ – ერთდროულად ფრაგმენტულია, თითქოს უსიუჟეტო და ამავდროულად – მთლიანი.

,,გზა ყველაფერია. გზა უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე მისაღწევი ადგილი’’.  მისაღწევი ადგილი, საბოლოო და გარდაუვალი –  სიკვდილია. ამიტომაც აროს არჩევანი სიცოცხლე. ოღონდ სიცოცხლე, რომელსაც ალუდა ირჩევს. ალუდა, როგორც მთავარი ქართული პერსონაჟი ავთანდილთან ერთად, ჯერაც შორი და მიუღწეველი.

 

ფიქრის და წერის კაცი იყო. დიდი კაცი. ალბათ ლაპარაკისაც, მაგრამ ბევრი ამ ლაპარაკს ვერ იგებდა. ეს ლაპარაკი რომ გაგეგო, ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძე უნდა გენეხა, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. აწი ვეღარ ნახავთ და თუ მაინცდამაინც მოგინდათ – ,,ამარგი’’ წაიკითხეთ.

 

ეილერის ფორმულა კვლევითი მეთოდით

0

ეს სტატია აღწერს, თუ როგორ შეიძლება მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მარტივი კანონზომიერების – ეილერის ფორმულის სწავლება მე-6 კლასელებისთვის კვლევითი მეთოდების გამოყენებით. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს პასიური მსმენელებიდან აქტიურ აღმომჩენებად აქცევს. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, ჰიპოთეზების გამოთქმას, მათ გადამოწმებას და დასკვნების გაკეთებას. რის შედეგადაც, სივრცული ფიგურების სტრუქტურა მათთვის გაცილებით გასაგები და მყარი ხდება.

თემატური ბლოკი

გეომეტრია და სივრცის აღქმა
თემა: ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურები
საკითხი: სივრცული ფიგურები; ეილერის ფორმულა

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი

  • გეომეტრიული ფიგურების მოდელირება (კუბი, პირამიდა, პრიზმა… )
  • წვეროების, წახნაგების და სიბრტყეების რაოდენობის აღწერა
  • სიმბოლოების გამოყენება მოდელის გამოსახატად (V – წვეროები, E – წიბოები, F – წახნაგები)
  • მონაცემების შეგროვება და წარმოდგენა (ცხრილი, სქემა, დიაგრამა)

 კანონზომიერება

  • მონაცემებში მუდმივი კავშირის ძიება (V − E + F = ?)
  • მაგალითებზე დაკვირვება და ჰიპოთეზის ფორმულირება
  • მიღებული ჰიპოთეზის გამოცდა სხვა მაგალითებზე
  • გამონაკლისების აღმოჩენა და ახსნა

 ლოგიკა

  • დასკვნების გამოტანა დაკვირვებული მონაცემებიდან
  • არგუმენტების წარდგენა, რატომ მუშაობს ფორმულა
  • „თუ… მაშინ…“ ტიპის მსჯელობა (თუ წვეროების რაოდენობა იცვლება, მაშინ რა მოხდება ფორმულაში?)

მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლე შეძლებს სივრცული ფიგურების ელემენტებს შორის რაოდენობრივი დამოკიდებულების (ეილერის ფორმულის) გამოყენებას.

გაკვეთილის მსვლელობა

I აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება და პრობლემის დასმა

გაკვეთილი  მარტივი სივრცული ფიგურების (კუბი, პირამიდა, პრიზმა) განხილვით დავიწყე. მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ფიგურების ძირითადი ელემენტები: წვეროები (V), წიბოები (E) და წახნაგები (F).
შემდეგ მათი გამოწვევის მიზნით ვუთხარი, რომ ამ სამ რაოდენობას შორის ყველა მრავალწახნაგისთვის არსებობს საოცარი, უცვლელი კავშირი და მათ ერთად უნდა აღმოაჩინონ ეს კანონზომიერება.

II აქტივობა: კვლევის პროცესი და მონაცემების შეგროვება

მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი სხვადასხვა ფიგურის მოდელი (მაგ.: კუბი, მართკუთხა პრიზმა, სამკუთხა პრიზმა, ოთხკუთხა პირამიდა, სამკუთხა პირამიდა).
ჯგუფებმა დაითვლეს თავიანთი ფიგურის ელემენტები და მონაცემები ცხრილში შეიყვანეს
ამ პროცესში მე, როგორც დამკვირვებელი და ფასილიტატორი, საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი, მაგრამ მზა პასუხებს არ ვაძლევდი.

ჯგიფი 1

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
ხუთკუთხა პრიზმა
ოთკუთხა  პირამიდა

 

ჯგუფი2

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
მართკუთხა პარალელეპიპედი
სამკუთხა პირამიდა

 

ჯგუფი3

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
ექვსკუთხა პირამიდა
კუბი

 

ჯგუფი 4

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
სამკუთხა პრიზმა
ხუთკუთხა პირამიდა

III აქტივობა – ჰიპოთეზის ჩამოყალიბება და ფორმულის აღმოჩენა

როდესაც ყველა ჯგუფმა დაასრულა ცხრილის შევსება, მოსწავლეებმა გააზიარეს ნამუშევრები და საერთო მონაცემები დაფაზე გადაიტანეს. შემდეგ დავსვი მიმართულ კითხვები:

  • „რა კავშირს ხედავთ V, E და F შორის?“
  • „სცადეთ სხვადასხვა არითმეტიკული მოქმედებები და ნახეთ, თუ რომელი მუშაობს ყველა მაგალითში, რომ მიიღოთ ერთი და იგივე რიცხვი ყველა ფიგურისთვის.“

როცა მოსწავლეებს გაუჭირდათ, კიდევ უფრო დავუკონკრეტე კითხვები?

  • „აბა წვეროებისა და წახნაგების რაოდენობათა ჯამი შეადარეთ წიბოების რაოდენობას, რას ამჩნვთ?“

ერთობლივი მსჯელობის შედეგად მოსწავლეებმა აღმოაჩენეს, რომ ყოველთვის V − E + F = 2. ამ ეტაპზე მათ გავაცანი, რომ ეს ცნობილია როგორც ეილერის ფორმულა და მოკლედ ვესაუბრე ლეონარდ ეილერზე, მის ეპოქასა და აღმოჩენაზე.

IV აქტივობა: ცოდნის განმტკიცება და განზოგადება

ფორმულის აღმოჩენის შემდეგ, მოსწავლეებმა ის ახალი ფიგურებისთვის (მაგალითად, ოქტაედრი) შეამოწმეს. შემდეგ მივეცი საპირისპირო ამოცანები, მაგალითად: „თუ ფიგურას აქვს 10 წვერო და 15 წიბო, რამდენი წახნაგი ექნება?“

V აქტივობა: გაკვეთილის შეჯამება

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე დღევანდელი მასალა. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მათ ეს „მაძიებლის თამაში“ კანონზომიერების აღმოჩენაში. მოსწავლეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს როგორც სირთულეები, ისე “სასიხარულო მომენტები“, როდესაც ფორმულა „დაიჭირეს“.

ამ აქტივობით დავრწმუნდი, რომ მათ ფორმულა კი არ დაიმახსოვრეს, არამედ ნამდვილად გაიგეს მისი არსი.

გაკვეთილი აქტიური და სახალისო გამოვიდა. კვლევითი მეთოდით მოსწავლეები არ იღებენ მხოლოდ მზა ინფორმაციას, ისინი თავად „ბადებენ“ მას, რაც ზრდის მოტივაციას და ამყარებს ცოდნას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თავიდანვე არ გაამჟღავნოს ფორმულა, არამედ მოსწავლეებს მისცეს აღმოჩენის შანსი.

კვლევითი სწავლება არა მხოლოდ ეილერის ფორმულის გაგებას ამარტივებს, არამედ ავითარებს პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს, ეს კი მათემატიკური წიგნიერების საფუძველია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/
  4. http://mathinschool.com/page/961.html

 

მათემატიკის გაკვეთილი საკლასო ოთახის საზღვრებს მიღმა

0

მოსწავლეს ზოგჯერ საკლასო მაგიდიდან წამოდგომა და გარემოს შეცვლა სჭირდება, რომ სწავლის პროცესში ინტერესით ჩაერთოს. ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა წერამ აჩვენა, რომ კლასს პროცენტების გამოთვლა უჭირდა. ამოცანების უმეტესობაში მოსწავლეები ზერელე გამოთვლებს აკეთებდნენ და ვერ იყენებდნენ პროცენტის ძირითად პრინციპებს, რამაც მოსალოდნელზე დაბალი შედეგები გამოიწვია.

ამიტომ, გადავწყვიტე, თემის განმტკიცება უფრო ინტერაქტიული გზით — მეთოდით „მათემატიკა კედლებზე“ — გამემყარებინა. ამ მიდგომისას ამოცანები და დავალებები ბეჭდური QR კოდების სახით სკოლის სხვადასხვა ადგილას მაგრდება – კედლებზე, კარებზე, ფანჯრის ჩარჩოზე ან დერეფანში. QR კოდების გამოყენება ამ აქტივობას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის, რადგან ტექნოლოგიური ელემენტი მოსწავლეებს ააქტიურებს, სწრაფად აწვდის მათ ამოცანებს და სწავლის პროცესს თამაშის ელემენტს მატებს.

გიზიარებთ ჩემს მიერ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილის მოკლე გეგმას

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: პროცენტი

საკითხთა კლასტერი:

  • რიცხვის პროცენტის პოვნა
  • ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია
  • რაოდენობის პროცენტით გაზრდა ან შემცირება
  • პროცენტული ცვლილება
  • ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხნსა პროცენტის მეშვეობით.

 

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი:

 

კანონზომიერება:

 

ლოგიკა:

 

პროცენტის, პროპორციებისა და განტოლებების გამოყენება რეალური ცხოვრებისეული ამოცანების (მაგალითად, ფასდაკლების) ამოსახსნელად.

 

კავშირის დადგენა პროცენტული ცვლილებების სხვადასხვა ფორმებს შორის (მაგალითად, რიცხვის 10%-ით გაზრდა იგივეა, რაც მისი 1.1-ზე გამრავლება)

 

უცნობი სიდიდეების (მაგალითად, საწყისი ფასის) პოვნის გზების დასაბუთება და მათზე მსჯელობა.

 

 

შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს: (სტანდარტის მიხედვით) რიცხვების წარმოდეგნა სხვადასხვა ფორმით ( მათ. საბ.: 3, 5, 6, 7, 9, 11)

გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა (მათ.საბ.8,9,10).

გაკვეთილის მომზადება და დაგეგმვა

რესურსები:

  • 8–12 QR კოდი ამოცანებით (შექმნილია უფასო ონლაინ გენერატორით, მაგალითად: qr-code-generator.com ან goqr.me)
  • სმარტფონები ან ტაბლეტები მოსწავლეებისთვის (ჯგუფებში ერთი მოწყობილობა საკმარისია)
  • კალმები/ფანქრები და სამუშაო ფურცლები პასუხების ჩასაწერად
  • წებოვანი ლენტი ან სხვა საშუალება QR კოდების დასამაგრებლად

 

გაკვეთილის დაწყებამდე მოვამზადე და დავგეგმე შემდეგი ეტაპები:

  1. მასალის შექმნა: მოვამზადე 8-12 სხვადასხვა სირთულის ამოცანა: მარტივი (პირდაპირი გამოთვლა), საშუალო (რამდენიმე ნაბიჯი) და რთული (უკუამოცანები ან ტექსტური ამოცანები). თითოეული ამოცანა QR კოდის სახით შევინახე და გამოვიყენე ფერადი ქაღალდები QR კოდების გასაფორმებლად, რომ უფრო თვალშისაცემი ყოფილიყო.
  2. ლოკაციების შერჩევა: QR კოდები სკოლის სხვადასხვა ადგილას — კედლებზე, კარებზე და დერეფანში გავაკარი. რთული ამოცანები ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას განვათავსე, რათა მოსწავლეებისთვის ძებნის ელემენტი შემემატებინა.
  1. გაკვეთილის სტრუქტურა: სკოლაში გაკვეთილის დროს დერეფნის გამოყენება რთულია, რადგან შეიძლება სხვა კლასებს ხელი შეუშალოს. სკოლის დერეფნის შეზღუდული გამოყენების გათვალისწინებით, გაკვეთილის სტრუქტურა ასე დავგეგმე:
    • პირველი 10 წუთი: კლასში თამაშის წესების ახსნა-განმარტება და ინსტრუქტაჟი.
    • შემდეგი 15-20 წუთი: „მათემატიკური ნადირობა“ დერეფანში.
    • ბოლო 10-15 წუთი: კლასში დაბრუნება და ამოცანების საერთო განხილვა.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. თამაშის წესები

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ჯგუფებად დავყავი და თამაშის წესები გავაცანი: „თქვენ უნდა იმუშაოთ გუნდებად. იმოძრავეთ ლოკაციიდან ლოკაციაზე, დაასკანერეთ კოდი, ამოხსენით ამოცანა და პასუხი ჩაწერეთ სამუშაო ფურცელზე. დროის ამოწურვის შემდეგ, პასუხებს კლასში წარმოადგენთ. თითოეული სწორი პასუხი ქულას მოგიტანთ, რომლის რაოდენობაც ამოცანის სირთულეზეა დამოკიდებული. ქულების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.“

აქტივობა 2. „მათემატიკური ნადირობა“ დერეფანში

მოსწავლეები ინსტრუქციის მიხედვით იწყებენ ამოცანებზე მუშაობას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამოცანა (სულ 8-12 ლოკაცია), რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული. ( როგორ შექმნათ QR კოდი, იხილეთ  აქ )

ლოკაცია # ამოცანის პირობა QR კოდი.

(ყოველ ამოცანას შეესაბამება QR კოდი

რომ მოსწავლეებმა ადგილზე სკანირებით იხილონ.)

 

ლოკაცია 1: მაღაზიაში 15%-იანი ფასდაკლებაა.  რა ეღირება 80 ლარის საქონელი ფასდაკლებით?
ლოკაცია 2: კონცერტზე 500 ბილეთიდან გაიყიდა 320. ბილეთების რა პროცენტია გაყიდული?
ლოკაცია 3: ფასდაკლების შემდეგ ფეხსაცმლის ფასი გახდა 68 ლარი. რამდენი იყო მისი საწყისი ფასი, თუ ფასდაკლება იყო 15%?


აქტივობა 3. ამოცანების განხილვა და შედეგების შეჯამება

გაკვეთილის ბოლო 10-15 წუთი ეთმობა ამოცანების მთელ კლასთან ერთად გარჩევას, პასუხების შემოწმებას  და მოსწავლეებისათვის შესაბამისი ქულების მინიჭებას

ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ  შეძლეს ამოცანების სწორად ამოხსნა , განუვითარდათ გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. ამ მიდგომით მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, კმაყოფილი დავრჩი,  მოსწავლეთა მიღწევები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სწავლის ახალმა, არატრადიციულმა ფორმამ თავისი მიზანი სრულად შეასრულა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  3. https://www.youtube.com/watch?v=EvUyrc_rZuI

 

ოქროთი დაფარული კაცი-El Hombre Dorado

0

2021 წლის სექტემბერში ჩემი სახლი გაქურდეს. საკმაოდ რთული კარებები და საკეტები იყო, ამიტომ ვფიქრობ შესაძლოა ორი ღამეც კი ტეხავდნენ და შემდეგ შიგნით წყნარად დაფათურობდნენ. მეზობლებიდან ვერავინ ვერაფერი  გაიგო ან არ გაიგო, არ ვიცი…

მე ის ვიცი, რომ  სოფლიდან ჩამოსული, როდესაც გადატრიალებულ სახლში შევედი ნამდვილი შოკი დამემართა. არაა, თუ ვინმეს გონია, რომ ვიტირე, იმედებს გაგიცრუებთ, მე აღარ ვტირივარ. უბრალოდ, თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

ვინ იყვნენ? არ ვიცი, ვერც შესაბამისმა ორგანომ დაადგინა ვინაობა. არადა, კარგი იქნებოდა, რადგან მაშინ, უბანში თურმე კიდევ სხვა 9 ბინა გაუძარცვავთ. ჰოდა, ერთი ჯგუფის ხელწერა იქნებოდა.

რა წაიღეს? ალბათ გაინტერესებთ ხომ? დიდი ვერაფერი, ვერცხლის ნივთები…არადა, ოქროს ეძებდნენ. ვერ იპოვეს! რატომ? დედამ  ოქროს ნივთების დიდი ნაწილი თავისი რვა წლის ობლად დარჩენილი გოგოს კარგ ქალად აღზრდას მოანდომა, დარჩენილი ნაწილი კი, ამ ქალმა თავისი არაჩვეულებრივად კარგი და მზრუნველი  დედის ავად ყოფნისას გაიტანა გარეთ, რათა ყველა გადასხმა და პროცედურა დროულად და კარგად გაეკეთებინა.

გასაგებად დავწერე, ხომ? ვინც ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ზედა აბზაცი განმეორებით გადაიკითხოთ.

ცხადია, ჩემს სახლში შემოსულები „მუტრუკები“ იყვნენ. ცუდად არ ჩამითვალოთ, ვაჟას პერიფრაზს ვაკეთებ, რომელმაც თქვა, რომ „ყველა მუტრუკის დედა ვირიაო. ჰო, აბა სხვანაირად სხვის სახლში მძრომიალე მუტრუკი შვილი როგორ უნდა გაზარდო?“

ამ წერილში კი 500 წლის წინ მომხდარ ამბავზე და მაშინდელ მუტრუკებზე მინდა მოგითხროთ. ბაჰამის კუნძულებზე წყლით მოსული კოლუმბის გადმოჯდომიდან დაახლოებით 40 წელი იყო გასული. ამ დროის მანძილზე ამერიკული კონტინენტის სიღრმეში ერთი თეთრი ადამიანიც კი არ შესულა. თუმცა, ესპანელები კარიბის კუნძულებსა და მიმდებარე ადგილებში მყარად დაფუძნდნენ. ინგლისელი მეკობრეები ამ ადგილებს „ესპანურ ტერიტორიებს“ უწოდებდნენ. აქ გასაძარცვი უკვე აღარაფერი იყო, თავად ესპანელებს ძლივს გაჰქონდათ თავი. უთვალავი ოქრო  ოცნებებშიღა ელანდებოდათ.  კიდევ ლეგენდები დადიოდა სახელმწიფოზე, რომელიც მაღალი მთების ქედზე იყო გადაჭიმული. მისი მმართველი წელიწადში ერთხელ მთელ სხეულს  ოქროსფერი ცვილით იფარავდა და ზედ ნაღდი ოქროს ფხვნილს იყრიდა. ისე ბრწყინავდა, როგორც ოქროს ქანდაკება. სარიტუალო ჰიმნების  თანხლებით თავის ქვეშევრდომებთან ერთად ტბასთან მიდიოდა, ჯდებოდა ასევე ოქროთი დატვირთულ ნავში, მიცურავდა ტბის შუაგულში და იქ მთელ ძვირფასეულობას წყალში ყრიდა, თავადაც წყალში ხტებოდა, რომ ოქრო ჩამოერეცხა. ეს იყო ძღვენი ღმერთებისადმი.

თავად კი   ოქროთი დაფარული კაცი-El Hombre Dorado გახლდათ.

ჰოდა, ევროპელების ოცნება ამ ოქროს კაცის სიმდიდრის დასაკუთრება და „ელდორადოს“ მოძებნა იყო.

ზოგჯერ, როცა ადამიანები ქუჩაში მისამერთს მეკითხებიან, ვპასუხობ და მერე ვნანობ ხოლმე. ვფიქრობ,  ნეტა ჩემთვის არ დაეჯერებინათ-თქო… არა, ზოგადად ადგილმდებარეობაში კარგად ვერკვევი, მაგრამ თუ უცებ ფიქრებით მიმავალს გამაჩერებ და მისამართს მკითხავ, შეიძლება დავიბნე  და…

ჰოდა, სიმართლე გითხრათ, სულ მეფიქრება, სად არის ახლა ის ხალხი, მე რომ გზა ვასწავლე….

ეს იმიტომ დავწერე, რომ  იმ შორეულ დროსაც ევროპელები ადგილობრივებს ეკითხებოდნენ გზას და მიმართულებას. ესენიც ჟესტებით და რაღაც გაუგებარი ენით უხსნიდნენ. გასაკვირია, მაგრამ ევროპელების უმრავლესობა დანიშნულების ადგილამდე მიდიოდა.  თუმცა, „ელდორადო“ რატომღაც ვერავინ  იპოვა.

1513 წელს ვასკო დე ბალბოამ სულ წყევლა-კრულვით გადაკვეთა პანამა. ჰო, მაშინ არხი არ იყო და გაწვალდა კაცი.  მოპირდაპირე მხარეს წნარი ოკეანე აღმოაჩინა.  უწოდა ამ მიწებს პერუ და გზა განაგრძო. მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი სიკვდილით დასაჯეს. ამიტომ, მისი საქმე ვინმე ფრანცისკო პისარომ გააგრძელა და ინკების იმპერია აღმოაჩინა. ბევრი არ უფიქრია, ინკების ბელადი ტყვედ აიყვანა და 24 ტონა ოქრო მოითხოვა. ჩამოუარეს ტაძრებს,  გადაადნეს ყველა ოქროს ქანდაკება თუ თილისმა და ოქროს ფირფიტებით დატვირთული გემები ესპანეთს გაუყენეს.

ასეთი სიმდიდრის ნახვით ევროპა გაგიჟდა. კიდევ უფრო ღრმად დაიჯერეს „ელდორადოს“ არსებობა. ჰო, აბა? თუ ინკებს ამდენი ოქრო ქონდათ, იქ ზემოთ მთებში რაღა იქნებოდა?

იმ დროს ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოს კარლოს პირველი მართავდა. ომებით და დარდიმანდობით მოახერხა და   ვალები დაიდო, ვერ გადაიხადა და კოლონიალისტობის უფლებების ჩამორიგება დაიწყო. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ოფიციალურ უფლებას აძლევდა, ახალ მიწებზე ოქრო მოეძებნათ. მაგ. გერმანული ბანკირების სახლის „ველზერის“, აბსურდულად დიდი თანხა ქონდა ვალად. ჰოდა, გერმანელმა ბანკირებმა სამხრეთ ამერიკის ათვისების უფლება მიიღეს. სულაც არ აღრფთოვანებულან, მაგრამ სულ არარაობას…თან იფიქრეს მარგალიტების იმპორტს მოვკიდებთ ხელს და გუაიაკის ცვილსაც ხელს გამოვაყოლებთო. ეს უკანასკნელი „უწესო“ საქციელით გამოწვეული დაავადებების წამლად ითვლებიოდა. ეს „უწესო“ დაავადებებიც ახალი მიწებიდან შემოიტანეს, სხვათა შორის.

ბანკირებმა ვენესუელაში სამასი კაცი გაგზავნეს და დაიწყეს იქაურობის აოხრება. ასე იწყება გერმანელი კონკისკადორების ამბავი. ვენესუელის პირველი გუბერნატორი ამბროსიო ეჰინგერ ფონ ალფინგერი გახდა. ცუდი ადამიანი იყოო წერენ, ქალაქი მარაკაება დაარსაო და ცეცხლით და მახვილით დაიწყო ოქროს ამოღებაო. მიმდებარე ჯუნგლებიდან 300 კილოგრამი ოქრო ამოუღია. ყველა ტომს წაეჩხუბა და შესაბამისად ცუდად დაასრულა საქმე-1533 წელს რაღაც შხამში ამოვლებული ისარი ესროლეს და მუდმივ დასვენებაში გაუშვეს.

თუმცა, სიკვდილამდე მოისმინა ლეგენდა ოქროს კაცზე და ორი ექსპედიცია გაუშვა კონტინენტის  სიღრმეში.  ვერაფერი იპოვა.

ამასობაში, სცენაზე გამოჩნდა ნიკოლაუს ფედერმანი. ვითომ ალფინგერის თანაშემწე იყო, სინამდვილაში კი მისი მეთვალყურე. „ელდორადოს“ იდეით ისე აინთო, რომ პოსტი მიატოვა და შეკრებილი ხალხით თავად დაადგა საძიებო გზას. სამი წელი იარა აღმა-დაღმა, რა აღარ გადალახა, ჭაობები და გაუვალი ჯუნგლები. ბოლოს საკმაოდ შეთხელებული ჯგუფით (დაიხოცა ხალხიც და ცხენებიც) მთებში რაღაც მოკრიალებულ პლატოზე გავიდა, ის ის იყო გაიხარა, „ელდორადო“ ვიპოვეო და … ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. თან ეს არანაირი „ელდორადო“ არ იყო, „სანტა მარტა“ იყო, ვაჰ!

გამოდის, „ელდორადო“ კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ყოფილიყო. ახალ ჯგუფს, გონსალო ჰიმენეს დე კესადუ ჩაუდგა სათავეში.

არა, აი რა უნდოდათ? ვის ოქროს ეძებდნენ?

კესადუმ გადაწყვიტა უაზროდ კი არ ევლო, არამედ გეგმით ემოქმედა. ამიტომ, მთის მდინარე „მაგდალენას“ გასწვრივ, ზემოთ მოგზაურობა გადაწყვიტა. მის ჯგუფში 620 ქვემავალი და 85 მხედარი შედიოდა (ვაჟასეულად, ამდენი სხვის ოქროზე მონადირე მუტრუკი).  მთელი ამბები გადახდათ, დაწყებული ადგილობრივი ინდოელების შხამიანი ისრებით, გაგრძელებული ჯუნგლების ყველა მტაცებლით, მწერით თუ ქვეწარმავლით. ვინც გადარჩა, ჯუნგლების სირღმეში ფედერმანის ჯგუფის ცოცხლად დარჩენილ, მაგრამ გაველურებულ წევრებს გადაეყარა და ყველა ერთად კვლავ „ელდორადოს“ საძებნელად გაეშურა.

1537 წელს ჯგუფის 167 ცოცხალ-მკვდარი წევრი  მთების წვერში არსებულ ზეგანზე გავიდა. აქ დახვდათ სიმწვანე, ტბა და ბეჯითად დამუშავებული მიწები. ეჭვი არ იყო, „ელდორადო“ იპოვეს! სინამდვილეში ეს „ჩიბჩა მუისკების“ ქვეყანა იყო. მათ ენაზე „მუისკა“ ადამიანს ნიშნავდა. ეს ხალხი საუკუნეები ცხოვრობდა ამ მიწაზე, მიწათმოქმედებით, ასევე მარილის, სპილენძის და ზურმუხტების მოპოვებით იყო დაკავებული. სხვათა შორის, კარტოფილი ესპანელებმა პირველად აქ ნახეს.

რელიგიური ხალხი იყო და მათი წინამძღოლები (რამდენიმე ქალაქად ერთიანდებოდნენ და თითოეულს თავისი მმართველი ყავდა) ტბა გუატავიტაში მართლაც ასრულებდნენ სარიტუალო გასვლებს. ოქროც ქონდათ, ოღონდ მცირე რაოდენობით, არ ქონდათ თვითნაბადი ოქრო…

 

თვითნაბადი ოქრო მინარევის სახით შეიცავს ვერცხლს (5-15%), სპილენძს, რკინას და სხვა ელემენტებს. ოქროს შემცველ მადნებს წინასწარი დამუშავება-დაწილადება და გამდიდრება სჭირდებათ. პირველადი პროცესების შედეგად გამოყოფილ ოქროს ამდიდრებენ ამალგამირების, ციანირების და სხვა მეთოდებით. ოქროს შემცველი მასალის ციანიდთა ხსნარებით დამუშავებით (ჟანგბადის თანაობისას) ოქრო მასში იხსნება და ხსნარში გადადის. ეს მეთოდი ქართველმა მეცნიერმა პეტრე ბაგრატიონმა 1843 წელს შეიმუშავა.

4Au + 8 KCN + 2 H2O +O2= 4K[Au(CN)2] +4KOH

მიღებული ოქროს შემცველი ციანიდური ხსნარისგან თავისუფალ ოქროს თუთიით გამოყოფენ.

2K[Au(CN)2]+Zn=2Au+K2[Zn(CN)4]

ამგვარად მიღებული მეტალური ოქროს ღრუბლოვან მასას გოგირდმჟავათი და წყლით ჩარეცხავენ, გააშრობენ და ოქროს ზოდებად შეადნობენ. ოქრო ბუნებით არააქტიური მეტალია. ჰაერში გახურებისას ცვლილებას არ განიცდის. ცალკე აღებული მჟავები ოქროზე არ მოქმედებს, არ იხსნება გამხსნელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჟანგბადი და ჰალოგენებიც კი მშრალ ატმოსფეროში მასზე თითქმის არ მოქმედებენ. მეტალური ოქრო და მისი ნაერთები არატოქსიკურია. ამ თვისებების გამო მას „კეთილშობილ მეტალს” უწოდებენ. ოქროს ორი რიგის ნაერთებია ცნობილი. მათ +1და +3 ჟანგვის ხარისხი შეესაბამება. შედარებით მდგრადი ის ნაერთებია, სადაც ჟანგვის რიცხვი +3-ის ტოლია.

ოქროს მინის, ფაიფურის ან მეტალების ზედაპირის დასაფარავადაც იყენებენ. მისი შენადნობი პლატინასთან ქიმიურად მდგრადი აპარატურის შესაქმნელად გამოიყენება. კოლოიდური ოქრო მედიცინაში იხმარება ანტისეპტიკურ საშუალებად.

შენადნობებში ოქროს შემცველობას სინჯით (პრომილე) გამოსახავენ. საიუველირო ნაწარმში ოქროს სპილენძსა და ვერცხლს ურევენ. სინჯი 583 ნიშნავს, რომ მასში 58,3% ოქროა, დანარჩენი 41,7% – სპილენძი ან ვერცხლი. ე.წ. ბაჯაღლო ოქროს სინჯი კი 96-ია.

ევროპელებმა „ოქროთი დაფარული კაცის“ ქალაქს  მიაკვლიეს, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. თუმცა, სხვის ოქროზე ნადირობა ერთგვარ სენად იქცა და „სხვა ელდორადოს“ საძებრად  სულ უფრო და უფრო შორს ცდილობდნენ წაწევას. ამაში ერთგვარი დადებითი მხარეც იყო, რადგან ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ. მაგ. ფრანცისკო დე ორელიანმა მდინარე ამაზონი აღმოაჩინა. სერ უოლტერ რეილმა ორჯერ იმოგზაუროა მდინარე „ორინოკოს“ გასწვრივ, ვერაფერი იპოვა, მაგრამ საინტერესო წიგნი დაწერა.

მოგვიანებით „ელდორადოს“ ინტერესი დაცხრა, თუმცა ზოგჯერ ასე თუ ისე, მაინც გაიელვებდა. მაგ. ვოლტერმა თავის სატირულ რომანში „კანდიდი“, ელდორადო უტოპიურ ქვეყანად წარმოაჩინა. კიდევ უფრო მოგვიანებით, „ელდორადოს“ ინდიანა ჯონსიც დაეძებს, კაზინოების სახელადაც იყენებენ და საოჯახო ტექნიკის ფირმასაც არქმევენ.

ის შორეული დასახლება კი დღეს კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტაა და ოქროს კარგი მუზეუმი აქვთ.

 

 

ბიოლოგია კრიმინალისტიკაში

0

   ,,რაც მეტია მეცნიერება კრიმინალისტიკაში, მით მეტად აღესრულება სამართლიანობა“ – ეს სიტყვები ფრანგ კრიმინოლოგს, ედმონ ლოკარს (Edmond Locard) ეკუთვნის.

კრიმინალისტიკის განვითარებას ხელი შეუწყო ბიოლოგიისა და ქიმიის კვლევის ახალი მეთოდების შექმნამ და ძველის გაუმჯობესებამ.

ჩვენი მოსწავლეების პირველი შეკითხვა საგნის სწავლებისას არის ,,რაში გამომადგება?“. ეს წერილი კრიმინალისტიკითა და არქოლოგიით  დაინტერესებულ მოსწავლეებს დაარწმუნებს ბიოლოგიის შესწავლის მნიშვნელობაში. მასწავლებელს დაეხმარება მოცემული სავარჯიშოებით აამაღლოს მოტივაცია, ჩართულობა. დავალების შესრულებისას მოსწავლე არის მკვლევარი, მონაცემების შემგროვებელი.

რესურსის გამოყენება შესაძლებელია მერვე და მეთერთმეტე კლასებში, თუმცა რადგან საშუალო საფეხურზე ისინი ემოციურად უფრო გაწონასწორებულები არიან, მე მისი გამოყენება მეთერთმეტე კლასელებთან ვარჩიე. სსსმ მოსწავლე ჩართული იყო ჩონჩხის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებაში. დავალების ადაპტირება არ დამჭირდა, პერსონაჟების სახელებიც უცვლელად დავტოვე.

ქეისზე მუშაობა იწყება მასწავლებლის მცირე მიმოხილვით, კრიმინალისტიკის შესახებ. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას რაში შეიძლება იყენებდეს კრიმინალისტი ბიოლოგიას. კრიმინალისტების გარდა ასე მუშაობენ პალეონტოლოგები, არქეოლოგები.

მასწავლებელი ჯგუფებად ჰყოფს კლასს. თუ დრო საკმარისია ყველა ჯგუფი (ოთხი ჯგუფი)  მუშააობს მთლიან დავალებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ მოსწავლეებს შევახსენოთ რომ ისტორია არ აღწერს რეალობას. პერსონაჟებიც მოგონილია, თუმცა რეალურ სიტუაციაშიც ასე მუშაობენ კრიმინალისტები. იმ დროს როცა ამ დავალებაზე ვმუშაობდით ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო მოსწავლეებისთვის.

ვრცლად

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...