შაბათი, ნოემბერი 1, 2025
1 ნოემბერი, შაბათი, 2025

ჩანაწერები მხატვრობაზე

0


*
არ მახსოვს, ხატვა რა ასაკში დავიწყე, თუმცა, რაც თავი მახსოვს, მგონი, სულ ვხატავდი. სკოლაში უფროსკლასელი ბიჭები “სიყვარულის ხის” დახატვას მთხოვდნენ ხოლმე, როცა ვინმე გოგოსთვის უნდოდათ ჩუქება, რაღაც გრაფიკული ნახატი მქონდა მაგ სახელწოდებით, თან ხე იყო და თან – ქალის და კაცის სახე, ხოდა, იქიდან ვიხატავდი. მეზობლებიც მთხოვდნენ პეიზაჟების ხატვას ან მოდიოდნენ და არჩევდნენ ჩემს ნახატს და მიჰქონდათ, ვჩუქნიდი. ზოგ მეზობელს, მგონი, დღესაც უკიდია სახლში. ერთხელ, “გაეროს ბავშვთა ფონდმა” გამოფენა-კონკურსი მოაწყო, იქ რომელიღაც საპრიზო ადგილზე გავედი და ბადმინტონი მაჩუქეს. მერე, თანდათან, ძერწვა-გამოქანდაკებაც დავიწყე. ხობისწყლის ნაპირების გაყოლებაზე არის ასეთი დანალექსი ქანი – მერგელი ჰქვია, ფერად მუქი ცისფერია. როცა ნესტიანია, პლასტელინივითაა, მერეც ნესტიან გარემოში უნდა იყოს, თორემ თუ გამოშრა, იბზარება და იფშვნება, ხოდა, ამ მერგელისგან ვძერწავდი ხოლმე რაღაცებს. ერთხელ ვაჟა-ფშაველას, ნატურალური ზომის, ბიუსტი გამოვძერწე და გარედან შევღებე, რომ გაეძლო. რამდენიმე წელი გაძლო კიდეც, მთელი სოფელი დადიოდა ამ ბიუსტის სანახავად. საიზოლაციო პენოპლასტისგანაც ვთლიდი პატარა სტატუეტებს, მსუბუქი და მარტივად დასამუშავებელია სამართებლით, ხოდა, ვთლიდი. დღესაც მაქვს სოფელში მაშინდელი რამდენიმე ფიგურა. როგორც შეუმდგარ მხატვარს და მოქანდაკეს, მიყვარს მხატვრობა და ქანდაკება.

*

დიდი მხატვარი, ისევე, როგორც დიდი პოეტი, არი ის, ვისაც აქვს მკვეთრი ხელწერა, დიდი მხატვარი და დიდი პოეტი უავტოროდ უნდა იცნო, ან უნდა იფიქრო, რომ ვინმე მისი მიმბაძველია. ისევე, როგორც საკუთარი მეტრული სისტემის ან, უბრალოდ, ინტონაციური ინდივიდუალიზმის მქონე პოეტის ერთი პატარა, უმნიშვნელო სტროფი და სტროფოიდი იძენს მნიშვნელობას ავტორის მთლიან, უნიტარულ შემოქმედებით სამყაროსთან მიმართებაში, ასევეა მხატვარიც – დიდი მხატვრის უმნიშვნელო ჩანახატიც ფასდაუდებელია, როგორც დიდი სამყაროს პატარა ფრაგმენტი. მიყვარს ბოტიჩელი, მონე, ვან გოგი, მოდილიანი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, მერაბ აბრამიშვილი და სხვები.

*

ლიტერატურა და კინო ჩემთვის უფრო გრძნობად-სენსუალური რეცეფციის წყაროა, სტატიკური ვიზუალური არტი კი (მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია) უფრო – სპირიტუალურ-სულიერი. კარგ ნახატს რომ ვუყურებ, მკერდში რაღაც მეღვრება, რაღაცით ვივსები, და ეს არ არის ფიგურალური ნათქვამი, არა, ეს სომატურად საგრძნობია.

*

მხატვრებზე გადაღებული უამრავი ბიოგრაფიული ფილმი მინახავს, მაგრამ საუკეთესოდ ესენი მიმაჩნია:

1. ალექსანდერ კორდას – 1936 წელს გადაღებული – “რემბრანდტი”, ჩარლზ ლოუტონით მთავარ როლში;

2. გიორგი შენგელაიას – 1969 წელს გადაღებული, “ფიროსმანი” – ავთო ვარაზით მთავარ როლში;

3. ედ ჰარისის – 2000 წელს გადაღებული – “პოლოკი”, თავისივე შესრულებით;

4. მაიკ ლის – 2014 წელს გადაღებული – “მისტერ ტერნერი”, ტიმოთი სპოლით მთავარ როლში.

ჩანაწერები კინოზე

0


*
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სტუდენტი გავხდი, ექსტერნად ჩავაბარე. მე სამხატვრო აკადმიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მშობლებმა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე მიკრეს თავი და იქ გავატარე სრულიად უინტერესო ოთხი წელიწადი. თანდათან მხატვრობის სურვილს კინორეჟისორობის სურვილი ჩაენაცვლა და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, თეატრალურში, კინოსარეჟისოროზე გადავწყვიტე ჩაბარება. გამოცდამდე, რამდენიმე თვე, კვირაში ერთხელ, ე. წ. კონსულტაციებზე უნდა გევლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალი ხელმძღვანელები კინოზე, ლიტერატურაზე და ათას სხვა რამეზე ესაუბრებოდა პოტენციურ ჯგუფს. ჩვენ რეზო ესაძესთან და ბაადურ წულაძესთან გავდიოდით ასეთ კონსულტაციებს. ბაადურიც ძალიან განათლებული კაცი იყო, მაგრამ, აი, რეზო იყო ფენომენი. მისი თითოეული გამოხედვა, ჟესტიკულაცია და ვერბალური აქტივობა არტი იყო (მისი ტელეინტერვიუებიც პერფორმანსებია), ხელოვნებით იყო სავსე ეს პატარა კაცი და ამ ხელოვნების უშურველ ემანირებას ახდენდა ირგვლივ… მანდ, მაშინ, ჯერ კიდევ პროტექციით ხდებოდა მიღება. მე ვერ ჩავაბარე, სამაგიროდ ერთმა გოგომ, რომელსაც “დიდი მწვანე ველი” გიორგი შენგელაიას ფილმი ეგონა (და კინოში, ზოგადად, ძალიან ცუდად ერკვეოდა), ჩააბარა, რადგან ერთი ცნობილი მსახიობის შვილიშვილი გახლდათ. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი.

*

კინო მასობრივი ხელოვნებააო, იტყვიან ხოლმე, თავის დროზე ლენინმაც კი შენიშნა კინოს უდიდესი პოტენციალი მასობრივი პროპაგანდისთვის. თუმცა ეს თეზა, როგორც წესი, დაბალი ხარისხის ფილმებზე ვრცელდება. საავტორო კინო, ცხადია, უკიდურესად კამერულია, ისევე, როგორც მაღალი ხარისხის ლიტერატურა. მეეჭვება, საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი უყურებდეს საავტორო კინოს, ვიდრე – წიგნს კითხულობს. ქართულ კინოსაიტებზე ქართულად გახმოვანებული საავტორო კინოს ნიმუშები არც ისე ბევრია, მაგრამ რაცაა, მათ კომენტარებში რაც ხდება, ეგეც ერთგვარი პროექციაა იმ ბანალური ჭეშმარიტებისა, რაზეც ვლაპარაკობ. ზოგი წრს, რომ ხუთი წუთი გაქაჩა მხოლოდ ყურება, იმდენად არ მოეწონა. ზოგი წერს, რომ შუამდე ძლივს მივიდა და მსგავსი იდიოტობა იშვიათად უნახავს და ა. შ. და ა. შ. , მაგალითად თეო ანგელოპულოსის ერთი ცნობილი შედევრის საკომენტარო ველში, ამერიკულ თრეშ-ბოევიკებზე გაზრდილი, ენდემური ჯიშის იმბეცილები თეო ანგელოპულოსს – მიზანსცენებს, ტონინო გუერას კი სცენარს უწუნებენ.

*

იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როცა რამდენიმე თვით ჩავიკეტე სახლში და ფილმების ყურება დავიწყე. დღეში იმდენ ფილმს ვუყურებდი, რამდენსაც ვასწრებდი, ზოგჯერ, შუაღამით, დაწყებულ ფილმს ვწყვეტდი და მეორე დღეს ვაგრძელებდი… მაშინ ვნახე მთელი ევროპული, აზიური და ამერიკული კინოკლასიკა ჩანასახიდან მოაქჟამომდე. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ თვეებს – ჩამოფარებული ფარდები, კომფორტული სავარძელი და უწყვეტი კინომაგია… იმ კომპიუტერის თხელი მონიტორი ახლაც მაქვს შენახული იმ დღეების არდავიწყების ნიშნად.

*

კინომ ორი გადამწყვეტი ტრანზიციული ეტაპი გაიარა:

1. უხმო კინოდან ხმოვანზე გადასვლა.

2. შავ-თეთრიდან ფერად კინოზე გადასვლა.

პირველმა, უფრო დრამატულმა ტრანზიციამ უხმო კინოს ბევრი დიდი რეჟისორის და მსახიობის კარიერა შეიწირა. მეორე ტრანზიციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა: ზოგმა დიდმა რეჟისორმა ფერად გამოსახულებასაც ადვილად აუღო ალღო, ზოგმა კი შავ-თეთრი ფილმების გადაღება გააგრძელა.

“ვისაც შავ-თეთრი ფილმი უყვარს, ის ცუდი ადამიანი ვერ იქნება!” – რაღაც ასეთი წერია აკა მორჩილაძის ერთ რომანში. ალბათ, არის ამ კონტროვერსიულ მტკიცებაში სიმართლის მარცვალი. შავ-თეთრი კინო ეს საოცრებაა: რაღაც რომანტიული, რაღაც მეტარეალისტური, რაღაც პროვიდენციალურიც კი… ფერადმა გამოსახულებამ რაც არ უნდა რეტინალური საოცრებები მოახდინოს მომავალში (უკვე ახდენს), ჩემი ჭკუით, შავ-თეთრი კინოს განუმეორებელ ესთეტიკას ვერასოდეს აჯობს.

*
როგორც პროზაშია (რომანს ვგულისხმობ), კინოშიც ასეა: დიდი რეჟისორები ორ ჯგუფად იყოფიან – არის დიდი რეჟისორი, რომლის ფილმებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ესთეტიკით და ენით და არის დიდი რეჟისორი, რომელმაც საკუთარი, მკვეთრად ინდივიდუალური კინოენა შექმნა. მე ამ უკანასკნელი ტიპის კინორეჟისორები მიყვარს. ამ ნიშნით ჩემი საყვარელი რეჟისორების სია ასეთია:

1. მიხეილ კალატოზიშვილი
2. რობერ ბრესონი
3. ჯონ კასავეტესი
4. ერიკ რომერი
5. ანდრეი ტარკოვსკი
6. საშა რეხვიაშვილი

რატომ ვეღარ ვიმეგობრებთ? ბიოლოგიური იზოლაცია      

0

 ძალიან სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლისთვის საუკეთესო დამხმარეცაა და საკმაოდ სერიოზული გამოწვევის მიზეზიც. თანამედროვე მოსწავლეებში ინტერესის ჩამოყალიბება კიდევ უფრო რთული. ისინი საკმაოდ პრაგმატულები, რეალისტები არიან. რასაც ვეუბნებით გადამოწმებადია და ისინიც არ აყოვნებენ. მასწავლებლის მიზანი ისეთი რესურსის მოფიქრება და შეთავაზება უნდა იყოს, რაც რეალობასთან არის ძალიან ახლოს. ჩემ მიერ თარგმნილი და ადაპტირებული რესურსი მიკროევოლუციის გამომწვევ მიზეზს, იზოლაციას ეხება. სამუშაო ფურცელი მოიცავს: 10 რეალურ მაგალითს, სადაც მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ იზოლაციის მექანიზმი, 5 ღია დაბოლოებიან შეკითხვას, რომლებიც უკავშირებენ სამ მთავარ ცნებას.  სახეობათა წარმოშობას, ადამიანის ქცევასა და გარემოს ცვლილებებს.

ევოლუცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. რაც უფრო დაბალგანვითარებულია ორგანიზმი, მით უფრო ცოტა დრო სჭირდება ახალი სახეობის ჩამოყალიბებას. სულ ახლახან გადავლილი კოვიდ-პანდემიისას წარმოქმნილი ახალ-ახალი შტამები თავისი უცნაური სახელებით, სწორედ რომ ევოლუციის მტკიცებულებას წარმოადგენდა.

მიკროევოლუციის შედეგად ახალი სახეობები ყალიბდება. ახალი სახეობების წარმოქმნა სხვადასხვა ფორმის იზოლაციის გზით ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, იზოლაციის მექანიზმი ბიოლოგიური ბარიერის წარმოქმნაა პოპულაციებს შორის, რასაც საბოლოოდ მივყავართ ახალი სახეობების ჩამოყალიბებამდე. იზოლაციის მრავალი მექანიზმი არსებობს, აქ მხოლოდ ქცევით, გეოგრაფიულ და დროით იზოლაციაზეა გამახვილებული ყურადღება.

  1. ქცევითი იზოლაცია -სახეობები ცხოვრობენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ განსხვავდებიან ქცევით, მაგალითად სიმღერით, ცეკვებით, ქიმიურლი სიგნალებით. ეს ხელს უშლით პოტენციური მეწყვილის ამოცნობაში. მაგალითად, ჩიტების ორმა პოპულაციამ დროთა განმავლობაში განსხვავებული სიმღერა დაიწყო, შესაბამისად შეწყვილებაც ვეღარ ხდებოდა, რადგან ,,სხვადასხვა ენაზე მღეროდნენ“. ბოლოს კი ორ ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ.
  2. გეოგრაფიული იზოლაცია – ფიზიკური ბარიერი (მთა, მდინარე, ოკეანე და სხვა) ზღუდავს პოპულაციის ინდივიდებს შორის კავშირს. დროთა განმავლობაში პოპულაციები იყოფიან და ევოლუციის შედეგად ახალ სახეობებად ყალიბდებიან. მაგალითად, მდინარემ შეიცვალა მიმართულება და მღრღნელების პოპულაცია ორად გაყო.
  3. იზოლაცია დროში- ეს არის რეპროდუქციული იზოლაციის ერთ-ერთი ფორმა. მაგალითად, მცენარეებში თუ მტვერი სხვადასხვა დროს მწიფდება, ჯვარედინი დამტვერვა შეუძლებელი გახდება და ახალი სახეობები ჩამოყალიბდება.

 

ინსტრუქცია: თითოეული მაგალითი ყურადღებით წაიკითხე. ყველა მათგანს მარჯვენა სვეტში მიუწერე იზოლაციის რომელ ფორმას აღწერს: ქცევით იზოლაციას, გეოგრაფიულ იზოლაციას თუ იზოლაციას დროში (რეპროდუქტიული იზოლაციის ერთ-ერთი სახეობა). ზოგიერთი შემთხვევა მოიცავს რამდენიმე მექანიზმს.

 

  მაგალითი იზოლაციის ფორმა
1. ერთსა და იმავე ტყეში ცხოვრობს კალიის ორი სახეობა, ერთი სახეობა მაღალ ხმას გამოსცემს, მეორე დაბალს. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრების ხმას პასუხობენ.  
2. პეპლების ერთი სახეობა აქტიურია მხოლოდ კაშკაშა მზიან დღეებში, მეორე კი მხოლოდ ღამე. ამის გამო ისინი გასანაყოფიერებლად ვერასდროს ხვდებიან ერთმანეთს.  
4.მდინარემ შეიცვალა მიმართულება და მღრღნელების პოპულაცია ორ ჯგუფად გაყო. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ზომაში გაიზარდნენ და საფარველი გაუმუქდათ, მეორესთან შედარებით. ამის მერე აღარ შეეძლოთ შეჯვარება.  
4. ერთსა და იმავე ტბაში ცხოვრობს ბაყაყების ორი სახეობა, ერთი მრავლდება ადრეულ გაზაფხულზე, მეორე-ზაფხულის ბოლოს. მათი ყიყინის ხმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.  
5. ფრინველების ორი სახეობა ცხოვრობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ერთი სახეობა მდედრის მისაზიდად იყენებს რთულ ცეკვას, მეორე კი სიმღერას. ერთი სახეობა ვერ ცნობს მეორის შეწყვილების სიგნალს.  
6. მთის ქედის წარმოიქმნა ირმების ორ პოპულაციას შორის. რამაც ხელი შეუშალა პოპულაციების წევრების შეხვედრას და შეწყვილებას. გზის გაყვანის შემდეგ ერთი ჯგუფის მდედრებმა ვეღარ ამოიცნეს მეორე ჯგუფის მამრების ხმა.  
7. ერთ მდელოზე ცხოვრობს ყვავილოვანი მცენარის ორი სახეობა, ერთი ყვავის ადრე გაზაფხულზე, როცა გრილი ამინდებია, მეორე კი გვიან ზაფხულზე, როცა ცხელა.  
8. ტბის დაშრობის შემდეგ გაჩნდა ორი გუბურა. ტბაში გავრცელებული თევზების ერთ-ერთი სახეობა ორ პოპულაციად დაიყო. პირველ გუბურაში მამრები მდედრს იზიდავდნენ ბუდეებით, მეორეში კი ფერით.  
9.  მამრი ციცინათელები მდედრის მისაზიდად სხვადასხვა სახის სინათლის სიგნალს იყენებენ. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრის გამოცემულ სინათლეს აღიქვამენ.  
10. მცენარეთა ერთი სახეობა მტვერს გამოყოფს მაისის დასაწყისში, მეორე, მსგავსი სახეობა ივნისის ბოლოს. ეს კი ხელს უშლის ჯვარედინ დამტვერვას.  

 

ანალიზი:

  1. როგორ ხდება გეოგრაფიული იზოლაციის შედეგად ორი, სრულიად განსხვავებული, სახეობის ჩამოყალიბება?
  2. ქცევითი იზოლაცია შეწყვილებას ხელს უშლის პოტენციური პარტნიორების ქცევაში განსხვავებულობის გამო. აღწერე სიტუაცია და მოიფიქრე მსგავსი მაგალითი.
  3. დროითი იზოლაციის დროს სახეობების შეწყვილების პერიოდები განსხვავებულია. რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება დროის იზოლაციაზე? შეიცვლება სახეობა თუ არა?
  4. რატომ ითვლება რეპროდუქციული იზოლაცია სახეობათა წარმოშობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად? როგორ უწყობს ის ხელს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებას?

 

  1. ფრინველების პოპულაცია ცხოვრობს კუნძულზე. რამდენიმე თაობის განმავლობაში ჩიტების გარკვეული ჯგუფი საკვების მოსაპოვებლად ტყის სიღრმეში შედიოდა, ნაწილი კი ღია მდელოზე ეძებდა საკვებს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფის ფრინველები მხოლოდ მისი ჯგუფის მამრების სიგნალებს პასუხობდნენ. იზოლაციის რომელმა ფორმამ იმოქმედა ამ სიტუაციაში? როგორ მოხდა ახალი სახეობების ჩამოყალიბება?

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/03/23/why-cant-we-be-friends-species-isolating-mechanisms/

ნუგზარ შატაიძის „ბუკინისტების საძმო“

0

მცირე პროზის ჟანრში რამდენიმე მწერალი გვყავს, რომელთა შემოქმედება ამოუწურავი სალარო და საუნჯეა სიბრძნისა, ჰუმანიზმისა და ემოციებისა. რევაზ ინანიშვილის შემდეგ ნუგზარ შატაიძეს დავასახელებდი ასეთ ავტორთა შორის. მისი სამყარო ავტორის საკვირველი სულის ცეცხლით გამთბარი, უკეთილესი და უმშობლიურესია. ყველა ფოტოდან მისი ფიქრიანი სახე გვიმზერს და ასეთივე ღრმა, გამაკეთილშობილებელი ფიქრისკენ უბიძგებს იგი თავის მკითხველს.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობა “ბუკინისტების საძმო” გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და ადამიანთა ყოფას ჩვეული სისადავით, გულწრფელობითა და მხატვრული ვირტუოზობით ასახავს. ვფიქრობ, ქართულ მწერლობაში არ ვართ განებივრებული პოლიტიკური მოვლენების მხატვრულად გარდასახვით. მწერალი მთავარ გმირად (ასევე მთხრობელად) საკუთარ თავს გვათავაზობს (პირველი პირით თხრობას ახლავს საოცარი სიწრფელე და ემოციურობა). ის, როგორც ისოტრიკოსი და ფილოსოფოსი,  აკვირდება საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ახლად მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველ წლებში განვითარებულ მოვლენებს. ყოველ აქტს, ყოველ ეპიზოდს მოთხრობის სიუჟეტში უღრმესი ქვეტექსტები აქვს, ყოველი პერსონაჟის ყოფა სიმპტომატურია და კინემატოგრაფიული სიზუსტით ასახავს ჩვენი უახლესი ისტორიის შავბნელ ეპოქას.

მთხრობელი თავის სახელს არ გვიმხელს, მაგრამ მწერალია, რომელსაც სამოქალაქო ომში სახლი დაეწვა და ოჯახის გადასარჩენად იბრძვის. მეგობარი მას ასე მიმართავს – “პისატელ”… ეს ყველაფრის ნგრევის, გაუფასურების, ღირებულებათა დევალვაციის ეპოქაა, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. აქ ჩვენ თვალწინ კვდება იძულებით მათხოვრად ქცეული, გათაღლითებული ქალი, რომელიც რუსთაველზე თავს იმკვდარუნებს, რომ ხალხს თავი შეაცოდოს და საარსებო სახსარი იშოვოს. ასევე თვალ-ყურს ვადევნებთ აფერისტი მაისაძის, ვალუტის გადამცვლელის, სიკვდილს, ადამიანისა, რომელმაც რყევებსა და შიშებს ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. თავად ავტორიც ნაინფარქტალი და გულგაგლეჯილი კაცია. ამ ველურ გარემოში თვითგადარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა სამწუხარო აუცილებლობა აღმოჩნდა.

აქ სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ გიშველის გულის შეტევისა დროს, რადგან ექიმები ამბობენ, რომ კრიმინალები აჩერებენ და მორფს ართმევენ, კლინიკაში ტკივილსაც კი ვერ დაუყუჩებენ პაციენტს, რადგან იქაც მოდიან ნარკომანები და მორფი მიაქვთ იარაღის ძალით.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტორი ცდილობს აჩვენოს სამოქალაქო ომისა და გაზრდილი კრიმინალის ფონზე, სრულიად ახალ რეალობაში ადამიანები როგორ ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციასა და თავის გადარჩენას. მაგალითად, “პისატელსა” და მის მეგობარ თენგოს, კინორეჟისორს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაუხსნიათ რუსთაველზე, მენაყინე გურგენიჩი ნაყინებს ყიდის, გოგონები, რომლებიც ადრე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდნენ და დისერტაციებს წერდნენ, ახლა მაღაზიის დახლში დგანან, პრაშუ-გოგიას შეჰყურებენ.  თარსმა ომარამ ბანკი გახსნა და კონკურენტი მევალუტეების ჩაძირვით ცდილობს საკუთარი ბიზნესის აწყობას. გორელმა ვანომ სარდაფში სასადილო გახსნა და გემრიელი ხაშითა და ხორციანი კერძებით კლიენტებს იზიდავს. სტალინის სიყვარულს ვერ მოეშვა და სასადილოს კედელზე მისი პორტრეტი გამოუფენია, რომელსაც შარიანი შეიარაღებული კლიენტები ჟაკანის ტყვიით ცხრილავენ. როზას სასადილოში კატელეტები და მომაკვდინებელი ტელეგრეიკის არაყი იყიდება. პირველი სამი ჭიქის დალევა ჯოჯოხეთია, მერე ტკბილდება და ადამიანს აზროვნებსა და სიცოცხლისუნარიანობას ართმევს.

აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს, ძლიერი სუსტს აწვება, ხან იარაღით ადგება, ხან თაღლითურად სძალავს, რისი წართმევაც შეიძლება. თარსი ომარას ბანკის დაცვა, პარაბელუმით შეიარაღებული ბიჭები, თავს ესხმიან მწერალსა და თენგოს და აიძულებენ, რომ მათთვის სასურველი დოლარის კურსი გამოფინონ. ამათ მიერ დაწესებულ კურსს თავზე გადაახევენ, მაგრამ სიტყვას როგორ შეუბრუნებ? შუბლს გაგიხვრეტენ!

ამდენი თაღლითისა და მოძალადის გარემოცვაში მწერლის ფაქიზი სული კვდება, იხრჩობა. აქ წესიერება და ჰუმანიზმი ძალიან, ძალიან იშვიათია. ორად ორი პერსონაჟია, რომლებიც ადამიანობისადმი რწმენას არ გვიკარგავენ. მათ შორის ერთ-ერთი ბორჩალოელი თათარი აბდულაა, რომელმაც მწერლის მიერ შეცდომით გადაყოლებული 40 დოლარი არ შეირჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და ფულიც დააბრუნა, თან გაოგნებულ მწერალსა და თენგოს ეს უთხრა: “ნა, დარაგიე, მნე ჩუჟიე დენგი ნე ნუჟნი”. აბდულამ ნამდვილად ჩაატარა ადამიანობის გაკვეთილი. მეორე იმედი კინორეჟისორი თენგოა, ვალუტის გაცვლაში პარტნიორი და უღალატო მეგობარი. მწერალს ყველა ეუბნებოდა, რომ ფულთან დაკავშირებული საერთო საქმე მეგობრობას აუცილებლად დაანგრევდა, მაგრამ ვერა, ამ ჯოჯოხეთშიც კი ამ ადამიანებმა სახე და მორალი შეინარჩუნეს. არადა, რა ძნელია… მხოლოდ წაგებაზე რომ მიდიხარ ხშირად და პურის ფულიც კი არ გრჩება… სახლამდე კილომეტრები ფეხით უნდა იარო, მეთერთმეტე სართულზე ნაინფარქტალი კაცი ულიფტოდ უნდა ახვიდე და ვინ იცის, კიდევ რამდენ რეკეტიორსა და მოძალადეს უნდა გაუძლო?

ყოველი დიალოგი და ყოველი სცენა 90-იანების ქართულ რეალობას კინოკადრებად აღადგენს, მაგალითად, აი, ეს: “ძველი, გაქუცული “მერსედესი”, ვინ იცის, სად არ ნავალი და ნაბღოტიალევი. მთელი აფხაზეთი ექნებათ იმით შემოვლილი. ახლა აქ დადიან, თბილისის ქუჩებში. ამ ორი კვირის წინ თარს ომარასთან ყოფილან, ნაგანის ტარი თავში ჩაურტყამთ და სამასი დოლარი წაუღიათ. მაისაძესთან და პრაშუ-გოგიასთან ვერ შედიან. იქ მაგარი კრიშა ჰყავთ – ირაკლი, ძველი კაგებეშნიკი. ჩვენ ჯერჯერობით ვფრთხილობთ, გამოჩნდებიან თუ არა, ეგრევე ვითესებით – ფულს უკანა ოთახის სეიფში ვინახავთ და როზას სასადილოში ავდივართ”.

შემზარავი და სახიფათოა  კრიმინალური გარემო, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის შემდეგ შეიქმნა. მწერალი გვიყვება:  “ომის მერე ქალაქში ბევრი საძმო გაჩნდა: “ვერის საძმო”, “კულინარები, “ნახალოვკელი ბიჭები”. ესენი “ბუკინისტები” არიან, “ბუკინისტების საძმო”. რუსთაველსა და მთაწმინდა-სოლოლაკს უყურებენ”. სწორედ “ბუკინისტების საძმო” ჩასაფრებია ვალუტის გამყიდველებს. მწერლისთვის ვალუტის გადაცვლა ისედაც ტანჯვა იყო. “გაჭირვებამ ბევრი რამ გვასწავლა, ბევრი რამ გაგვაგებინა. მე, მაგალითად, წინათ ფულის დათვლა არ ვიცოდი. წიგნის ჰონორარს რომ ავიღებდი, ცოლი მითვლიდა, ხელფასსაც, მაგრამ ვისწავლე. ახლა ვიცი, მაგრამ აღარც ჰონორარია და აღარც ხელფასი. ექვსასი კუპონი რა ხელფასია. არაფერი. ერთი პური – თან როგორი პური – არ იჭმევა”, – გვიმხელს მთხრობელი.

ამ რეალობაში ყველაზე დასანანი მწერლის ფაქიზი სულიერი სამყაროს მსხვრევაა. წერას აზრი არ აქვს, რადგან არავის არაფერი აინტერესებს, არაფერი გამოიცემა, ინტელექტუალური პროდუქტი უბრალოდ არ იყიდება, ყველა სხვა რაღაცით ვაჭრობს. მაგალითად, მწერლის მეგობარი კოტე, რომელიც ძალიან კარგად წერს, ახლა ელოდება, მეგობრის ძმა ბულგარეთიდან თმის საღებავების პარტიას როდის გამოუგზავნის, რომ მერე ლილოს ბაზრობაზე ბითუმად გაყიდოს, აღებული ფული დოლარზე გადაახურდავოს და ისევ ბულგარეთში გადააგზავნოს ახალი პარტიის შესაძენად.

მწერლის მონოლოგი ხელოვანის სულში მიმდინარე ბრძოლებს დიდი ტკივილითა და “გულიდან სისხლის წვეთებით” (გრანელი) გადმოსცემს: “არ ვიცი, რა მემართება, ხშირად, როცა ფულს ვითვლი, ჩემდა უნებურად თვალწინ დამიდგება ხოლმე ნაცნობი პეიზაჟი ან ადგილი, სადაც ადრე, ძალიან დიდი ხნის წინათ, ვარ ნამყოფი. აი, მაგალითად, რკონი. ჩალისფერი საყდარი. თაღოვანი ხიდი, ხიდის ქვეშ მდინარე. სუფთა, გამჭვირვალე წყალში მოჩანს დიდი, ლოპრმოდებული ქვები. ზოგჯერ აქა-იქ ცეცხლისფერი ლიფსიტაც გამოჩნდება, მზეზე გაიელვებს და მაშინვე გაქრება. მდორეებში მორევი შარშანდელ ფოთოლს ატრიალებს”. ამგვარი ხილვა ხომ ინსპირაციაა და როცა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი უნდა იჯდეს და წერდეს, ის იძულებულია, ჯოჯოხეთურ მარათონში იბრძოლოს ოჯახის გადასარჩენად. ის კარგად ამჩნევს, რომ მევალუტედ გადაქცეულ მწერალს ნაცნობები თავს არიდებენ. კვირაში ერთხელ თენგოს ძმაკაცი მანაგაძე შემოდის, სამ ბოთლ “ბუდვაიზერს” შემოუტანს მეგობრებს და ანუგეშებს. მწერალი არ ამტყუნებს ნაცნობებს, ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით რომ ჩაუვლიან, ესმის მათი, რადგან მასაც გაუჭირდებოდა მომაკვდავი ავადმყოფის მონახულება, უნდა დაჯდეს და ტყუილები ელაპარაკოს. ღმერთო, როგორი მწარეა ეს რეალობა! როზას არაყივით მკვლელი!

ამ მოთხრობის სტრიქონები სისხლიანი ცრემლებითა და ტკივილით იწერება. აი, კიდევ ერთი ამონარიდი, რომლის მიხედვითაც ქართველთა ყოფის შეულამაზებელი სურათი იკითხება: “ამერიკაში ყველაფერი ბევრია. ეს ბავშვობაშიც კი ვიცოდით, მაგრამ მაშინ ამერიკა შორს იყო, ახლა კი ახლოსაა. ძალიან ახლოს. სულ ერთი ხელის გაწვდენაზე. ამ სიახლოვემ ყველაფერი შეცვალა. ძველი ოცნება რეალობად იქცა, სამაგიეროდ, ცხოვრება დამძიმდა და აირია. ჩვენი კარის მეზობელი, ძია ანდრო, მეშვიდე სართულიდან გადმოხტა. ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის გივია გვასალიას ცოლი ამერიკაში ბეიბისიტერად წავიდა, ბიჭი “მხედრიონში” ჩაეწერა, თვითონ კი ნემსზე შეჯდა”. ეს ბიჭი, პაპუნა გვასალია, განარკომანებული და გაკრიმინალებული “მხედრიონელი”, მწერალს კი გამოადგა, რადგან როცა “ბუკინისტების საძმო” თავს დაესხა ვალუტის ჯიხურს, პაპუნამ მამამისის ძმაკაცი იცნო და ძარცვას გადაარჩინა ისედაც ფინანსურ კოლაფსში მყოფი ადამიანები.

ვფიქრობ, მოთხრობის მთავარი სათქმელი ის არის, რომ არ ვიყავით მზად დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს მშენებლობისა და თავდაცვისთვის. დინებას გავყევით სრულიად მოუმზადებლები და ისეთმა მორევებმა ჩაგვითრია, ბევრი შეეწირა ამ დინებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა. დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. ძალაუფლება კრიმინალების ხელში გადავიდა. მწერალი ისეთ ანალიზს აკეთებს, რომ ძნელია არ დაეთანხმო:  “ჰაიჰარაზე ომს ვერ მოიგებ. ომი ფაფის ჭამა გვეგონა და წავაგეთ. ჩვენს გენერლებსაც ეგრე ეგონათ, სამ დღეში გაგრას ჩაგაბარებთო და სოხუმი ჩააბარეს. რას იზამ, ძალა აღმართს ხნავს. დათვი რო მოგერევა, ბაბაია დაუძახეო. ნამეტანი დიდი დათვი იყო. ამათ კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გენერლის ლამპასები დაიკერა. ვითომ ის ლამპასები იყო მთავარი. ღმერთო, შეგცოდე და ამბობენ, რუკის კითხვაც კი არ იცოდნენო”.

ქვეყნის თავდაცვა ასეთ მდგომარეობაშია, ხოლო საფინანსო-ეკონომიკური სამსახურები მექრთამეებით არის სავსე. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები გარკვეული ლიცენზიის არქონის სანაცვლოდ უსირცხვილოდ იღებენ ვალუტით მოვაჭრეებისგან ქრთამად 50-50 დოლარს.

მაგრამ შატაიძე რის შატაიძეა, ამ საყოველთაო უიმედობისა და კრიზისების ჟამს თუ ადამიანებს იმედი და რწმენა არ გაუღვივა სულში? საამისოდ მწერალი 15 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, როცა თენგოსთან ერთად კინოსცენარის დასაწერად ქართლში, თავის სოფელში, წავიდა. მწერლის ბიძა ბოღოჭა განუმეორებელი და უკვდავი სახეა გულღია, სიყვარულით სავსე ქართველი გლეხისა. როცა გაიგებს, რომ ქალაქელები ესტუმრნენ სოფელს, არ ასვენებს მათ, ხან ბოცით ღვინო მოქვს, ხან ციკანს უკლავს, ხან სასაფლაოზე მიცვალებულთა ხსენების დღეს პურ-მარილით ხელდამშვენებული ეპატიჟება, ხან ჩაქაფული მოაქვს, ხან რა და ხან – რა, მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა გააფრთხილა, აქ სამუშაოდ ჩამოვედით და ეს ერთი კვირა არ მოგვეკაროო. ხან მისი 24 წლის ბიჭი, პატარ ბოღოჭა ეპატიჟებოდა სახლში და რომ არ მიჰყვებოდნენ, ცხელი ცრემლებით ტიროდა. ხან მეორე მეზობელი, რომელსაც “უბილეთოს” ეძახდნენ, ჭანჭურის არაყსა და მწიფე პამიდვრის მწნილზე ეძახდა ქალაქელებს.

გმირი ასე ხედავს სოფელს: “ჩავედით, ჩავიარეთ სოფელი, ჩუმად ვათვალიერებდით ორღობეს, გზის აქეთ-იქით ჩარიგებულ სახლებს, ეზოებს, ნაფუზრებში ჩადგმულ თივის ბულულებს, აქა-იქ ბოსტნებსაც. მაგონდებოდა აქ გატარებული ტკბილ-მწარე ბალღობა… დრო გაჩერებულიყო. ის შორეული წარსული აწმყოში ისე ჩაყინულიყო, როგორც პრეისტორიული კოღო ქარვაში. სწორედ რომ ქარვისფერი იყო ყველაფერი: სახლები, ეზოები, ნაფუზრები… ქარვისფერი იყო გორის ფხაზე წამომართული ციხეცა და მის ირგვლივ ჩარიგებული საფლავის ლოდებიც”…

ქარვისფერი საქართველო – ეს მეტაფორა სამშობლოს მშვენებას საოცარი ოსტატობით გადმოსცემს. თენგო თავის სოფელზე უყვებოდა და მისი ბებო-პაპის ამბები, მათი ჭირ-ვარამი ძალიან ჰგავდა მწერლისას. მათი მონათხრობი წვეთი წყალივით ჩამოჰგავდა ერთმანეთს. “განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ იქ, თენგოს თამარაშნის ბოლოზე ლიახვი მიქშუოდა, ავად მიაქანებდა მღვრიე ტალღებს, აქ კი მხოლოდ ეს იყო, ეს პატარა ნაკადული თავისი წიწკანებითა და ბოლოქანქალა ჩიტებით”. სიყვარულით გამთბარ სოფელში კაცებმა კინოსცენარი ვერ დაწერეს, მაგრამ რაც იქ ნახეს, ეს ქარვისფერკრამიტიანი სახლები, ბოღოჭა და მისი ბიჭი, უბილეთო და სხვები, ეს უკვე კინო იყო. სასცენაროდ იდეა არ აგონდებოდათ, მაგრამ სოფლელებმა თავიანთი ბუნებრიობით ინსპირაცია მისცეს.

ასეთი იყო 90-იანების რეალობა. დედაქალაქი გადასხვაფერდა და გადაგვარდა. მოთხრობის ფინალში მწერალი სინანულით შენიშნავს: “…მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა… ის უცანური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა თურმე მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმარივითღა თუ გაგახსენდება მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი, ან თუნდაც, ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ”.

ქალაქი, რომელიც თავის ძაღლებს დაამშევს, აბა, რა ქალაქია? მაგრამ ვის სცალია ძაღლებისთვის, როცა დამშეული და დაუცველი ადამიანები ხსნას ეძებენ ამ ჯოჯოხეთში?

მწერლობას შეუძლია ისტორიული სინამდვილე მომავალი თაობებისთვის დაუვიწყარი მხატვრული გარდასახვით გადმოსცეს, წარსული გააცოცხლოს. ეს ვრცელი მოთხრობა (მოცულობით დაახლოებით 45-გვერდიანი) 90-იანი წლების საქართველოს სარკეა. ამ სარკეში ყველა დავინახავთ საკუთარ თავს, ჩვენი ოჯახების მიერ გამოვლილ წამებას. ერთადერთი, რაც იმ შემზარავი 90-იანებიდან მანუგეშებს, ისაა, რომ ეს იყო ქართველი ხალხის მიერ ახალი რუსული იმპერიიდან თავის დასაღწევად გაღებული სისხლიან-ცრემლიანი საფასური. ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ თავისუფლება ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ჩვენ დღესაც ვსწავლობთ სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ შატაიძის მოთხრობაში დახატული სინამდვილე 2-3 ათწლეულით უკან დარჩა.

ცვლილებები დროში – ვირტუალური  მუზეუმი „ჩვენი საქართველოს“  გაკვეთილზე

0

 

საგან „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში დაწყებითი საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს, სხვა ცნებებთან ერთად, ქმნის ცნება – „დრო“ -ს   გააზრება, რომლის საფუძველზე მიიღება ის შედეგი, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ  ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფა თანამედროვეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა [ჩვენი საქართველოს განახლებული სტანდარტი, შედეგი (1)].

მიზნის მისაღწევად მასწავლებელს მრავალფეროვანი რესურსები გააჩნია, თუმცა გვინდა „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ მუზეუმების ექსპონატების როლზე ცნება „დროის“ გაცნობიერებაში და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფის განსხვავებულობის წარმოჩენაში.

რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას მასწავლებელმა, როდესაც „დროსთან“ მიმართებაში, როდესაც რესურსად იყენებს მუზეუმის ექსპონატებს? გთავაზობთ  სავარაუდო ნიმუშს „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან თემა „აჭარის“ მაგალითზე:

  • კლასი: V/ თემა:  „აჭარა“
  • პროექტი – გაკვთილი;
  • რესურსები: სახელმძღვანელო: „ჩვენი საქართველო“; ინტერნეტრესურსი: https://ajaramuseums.ge/  -ზე განთავსებული ვირტუალური ტურები  აჭარის მუზეუმებიდან და აქ განთავსებული ვიდეომასალების და სამუზეუმო კოლექციების მასალის დათვალიერება-გაცნობა, როგორიცაა, მიზნის შესაბამისად, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი; მემედ აბაშიძის სახელობის სახლ- მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი

https://ajaramuseums.ge/museums/brothers/brothers-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/khariton/khariton-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/chavchavadze/chavchavadze-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/arch/arch-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/religion/religion-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/art/art-virtual-tour

ასევე აჭარის  ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“

I ეტაპი:

  • „გონებრივი იერიში“ : „რა ვიცი საქართველოს რეგიონების შესახებ?“
  • ახალი მასალის ახსნა/მიმოხილვა: მასწავლებელი იყენებს სახელმძღვანელოს ტექსტსა და ფოტო-მასალას და ინტერნეტრესურსებზე (აჭარაში არსებულ სამუზემო        ექსპონატებზე) დაფუძნებულ პრეზენტაციას/ან მუზემუმების ვირტუალურ ექსპოზიციას და მიმოიხილავს აჭარის ტრადიციულ ყოფასა და კულტურას, რომელშიც გამოკვეთს, რომ:
  • აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა და ის საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა სახეს;
  • მისი გეოგრაფიული მდებარეობა (შავი ზღვისპირეთი, მთაგორიანი და მდიდარი ბუნება) ყოველთვის განსაზღვრავდა აქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების სტილს;
  • დღეს აჭარა ტურიზმის და თანამედროვე ურბანული  კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
  • მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე და ფოტომასალაზე და მიღებულ ინფორმაციას აკავშირებენ ერთმანეთთან.

II ეტაპი: აჭარის მუზეუმების https://ajaramuseums.ge/ ვირტუალური ტურის წარდგენა მოსწავლეებისთვის  და  მუშაობის გაგარძელება ჯგუფებში  ცნება „დრო“ -ს გაცნობიერებისთვის.

  • ამ მიზნით მოსწავლეები გამოკვეთენ:
  • რომელმა ექსპონატებმა მიიქცია მათი ყურადღება თემასთან მიმართებაში;
  • რა გავიგეთ აჭარის ჭარსულის შესახებ?
  • რა ენაზე საუბრობდნენ და წერდნენ აჭარაში? მათი მშობლიური ენა?
  • აჭარის მკვიდრთა რა სამეურნეო ჩვევებსა და კულტურაზე მიგვითითებენ მუზეუმის ექსპინატები?
  • როგორი ადათ-წესები და რიტუალები ჰქონდათ აჭარლებს წარსულში? (გამოიყენე სიტყვები: ეკლესია, ისლამური წეს-ჩვეულებები, სასულიერო ხასიათის დღესასწაულები..);
  • დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარის გამტკიცებისთვის მუშაობა ცხრილზე „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“:    „მუზეუმის ექსპონატებს დაარქი  სახელი და  განათავსე  ცხრილში  კონკრეტული ისტორიული ეპოქების შესაბამისად“.

 

ცხრილი –  „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“

  • მუშაობა დავალებაზე: ტრადიციული ყოფა და ცხოვრება აჭარაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მუზეუმის ექსპონატების მიხედვით. მსგავსება და განსხვავება“. მოსწავლეები სახელმძღვანელოს  ტექსტიდან და მოცემული დავალებიდან მიღებულ  შედეგებს ასახვენ  ცხრილში.

III ეტაპი – ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალოს“  https://georgianmuseums.ge/museum-category/historical-local-museums-ka/   (Borjgalo Ethnographic Museum) ექსპონატების ჩვენება მოსწავლეებისთვის, რომელიც ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის, რადგან გამორჩეულია იმით, რომ  აქ განთავსებულია მხარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მაკეტები,   ხალხური რეწვისა და ხეზე კვეთის ნიმუშები, აგრარული მეურნეობისა და ყოფისთვის შესაბამისი ნივთები, ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას. შრომითი პროცესები ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი და იარაღ-ინვენტარით და ერთგვარად „აცოცხლებენ“ ძველი აჭარის ხიბლს. მუზეუმი ფართო საშუალებას აძლევს მოსწავლეს, „თვალსაჩინოდ“ გაიაზროს ცნება „წარსული დრო“  https://www.infobatumi.ge/places/etnografiuli-muzeumi-borjgalo/

  • მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მუშაობენ მუზეუმის ფოტომასალაზე (იხ. ნიმუში აქვე), აღწერენ და ახასიათებენ მუზემის ექსპონატებს (იხ. მითითებული ლინკი) და პასუხობენ კითხვებზე, როგორიცაა:
  • წარსული ყოფის რომელ დეტალებს გამოყოფდი (გამოიყენე სიტყვები: მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, ხელოსნობა, მრეწველობა, ნადირობა, მეთევზეობა, თუთუნის კულტივირება..);
  • აჭარელი გლეხიკაცის რომელ კონკრეტულ საქმიანობას „აცოცხლებს“ მოცემული  სცენა?
  • რას ეფუძნებოდა აჭარელთა ყოფა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში?
  • როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული სოფლის საცხოვრებელი სივრცე?
  • ადგილობრივი ერთონგრაფიისთვის დამახასიათებელ კიდევ რომელ კომპონენტებს გამოყოფდი?
  • წარსულის რა განწყობილებას გიქმნით წარმოდგენილი სოფლის ყოფის სცენები: ხის სახლები, სამეურნეო ინვენტარი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ფიგურები?
  • რას გვიყვება ეს სურათი აჭარის ისტორიულ წარსულზე?
  • რით განსხვავდებოდა აჭარელთა წარსული ცხოვრება დღევანდელობისგან? რაზე იყო ის დაფუძნებული წინათ, რა შეიცვალა დღეს? (მაგალითად, წარსულში აჭარაში ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა   მთლიანად მიწას, ხელსაქმესა და საზოგადოებრივ ერთობას ეფუძნებოდა..);
  • და ა.შ.
  • ინფორმაციის შედარება უკვე ნასწავლ მასალასთან და ცხრილის – „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“ – შევსება ახალი ინფორმაციით.

 

ფოტო-მასალა  მუზეუმი „ბორჯღალოდან“:

IV ეტაპი – რეფლექსია / “თავისუფალი არჩევანის“ პრინციპით:

  • „ერთწუთიანი პასუხები“:
  • მუზეუმის ექსპონატების და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფოტო-მასალის საფუძველზე თანამედროვე აჭარის ეკონომიკისა და კულტურის რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფდით?
  • რით განსხვავდება  თანამედროვე ყოფა-ცხოვრება წარსულისგან?   (მაგალითად,  ბათუმი  საერთაშორისო ტურიზმისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცენტრია..);
  • რატომ არის ისტორიული მეხსიერება, წარსული და  ტრადიციები  საქართველოს  მხარეების  იდენტობის მნიშვნელოვანი  საფუძველი?

მუზეუმი  რეალურად არის ერთგვარი  „დროში ცვლილებების  მასწავლებელი“, რომელიც ერთ  სივრცეში  აერთიანებს   წარსულსა და დღევანდელობას, წარმოაჩენს  ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონის  იდენტობას, ქმნის ამ იდენტობის გააზრების  საფუძველს და რაც მთავარია, ეხმარება    მოსწავლეს  წარსულის მიმართ  ღირებულებითი დამოკიდებულების  ჩამოყალიბებაშიც.

 

სასწავლო ხასიათის დავალებები საქართველოს მხარეებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეების შესასწავლად

0

საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით, განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და კლიმატით ხასიათდება, რაც განაპირობებს ბუნებრივი საფრთხეების მრავალფეროვნებასაც. „ჩვენი საქართველოს“  განახლებული საგნობრივი სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა,     მოსწავლეებმა გამოკვეთონ და ახსნან  საქართველოს მხარეების/ტერიტორიული ერთეულისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები (ჩვ. საქ. (2) – 2;3). მათი ცოდნა და ანალიზის უნარი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია  არამარტო საგნობრივი კუთხით, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვისაც.

შესაბამისად, სასწავლო პროცესში აუცილებელია ისეთი დავალებების დაგეგმვა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე   გამოკვეთავს და ახსნის კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელ  საფრთხეებს. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს აღნიშნული მიზნის მიღწევაში?

პრაქტიკული და საგნობრივი უნარების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა  ბუნებრივი საფრთხეები (გეოლოგიური.. ეკოლოგიური) შეისწავლონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ კვლევითი, საკლასო და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით.  შესაძლო დავალებების   ტიპებია:

  • ინტეგრირებული (გეოგრაფია/ბუნება, საზოგადოება);
  • პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული;
  • შემოქმედებითი და
  • თანამშრომლობითი ხასიათის (ჯგუფური მუშაობა).

 მაგალითად:

  1. ინფორმაციული და ანალიტიკური ხასიათის დავალებები:
  • შევთავაზოთ მოსწავლეებს მონიშნონ საქართველოს ფიზიკურ რუკაზე მიწისძვრების, მეწყერების, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების კერების შესაძლო რეგიონები და იმსჯელონ, რატომ თვლიან ასე?
  • შეადარონ სხვადასხვა მხარეების ფიზიკური მახასიათებლები და იმსჯელონ, რომელ მხარეში უფრო ხშირია მეწყერის საშიშროება, სადაა წყალდიდობის უფრო დიდი საფრთხე (მაგალითად, რაჭაში მეწყერი, კახეთში – გვალვა..)და ა.შ. და იმსჯელონ, რატომ თვლიან ასე?
  1. კვლევითი/პროექტული დავალებები:
  • ჯგუფური მუშაობა (Case study): თითოეულმა ჯგუფმა მოაგროვოს ინფორმაცია ამა თუ იმ მხარეში (მაგალითად, აჭარა, კახეთი..) არსებულ საფრთხეებზე და მოამზადონ პრეზენტაცია. რესურსისთვის გამოიყენონ სახელმძღვანელოს ტექსტი და ინტერნეტრესურსები;
  • ინტერვიუ უფროს  თაობასთან:  ჯგუფის წევრებმა გამოიკვლიონ უფროსი თაობის გამოცდილება (საკუთარი ოჯახის და ა.შ. მაგალითზე), რა იციან სტიქიური უბედურებების შესახებ, ან რა ახსოვთ ამ საკითხზე, წყალდიდობაზე, მეწყერზე;
  • შექმნან „საფრთხის რუკას“ შექმნა – Google  Maps ან  ZeeMaps -ის საშუალებით, ან მოამზადონ პოსტერი, რომელზეც დაიტანენ ბუნებრივ  საფრთხეებს  კონკრეტულ მხარეებში.
  1. შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:
  • მოსწავლეებმა მოამზადონ ვიზუალური პოსტერები საფრთხეების მიზეზების და პრევენციის გზების შესახებ;
  • შექმნან პატარა მოთხრობები ან კომიქსები აღნიშნულ თემაზე;
  • მოამზადონ ვიდეო-რეპორტაჟები თავიანთ საცხოვრებელ გარემოში არსებული ბუნებრივი საფრთხის შესახებ;
  • დაწერონ სცენარები თემაზე – „როგორ მოვიქცევი“ (მიწისძვრის, ტყის ხანძრის ან ღვარცოფის… დროს?);
  • როლური თამაში – ვიდეო-რგოლის გადაღება – „მაშველი“, „ადგილობრივი ხელისუფლება“, „მოქალაქე“.

ასეთი დავალებები ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გაიაზრონ  საკუთარი მხარის ბუნებრივი საფრთხეები, ისწავლონ პრევენციისა და ადაპტაციის მნიშვნელობა  და გაიზარდონ პასუხისმგებლიან  მოქალაქეებად.

განვიხილოთ მაგალითი:

საგანი – „ჩვენი საქართველო“ /  კლასი: V-VI

თემა: „საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები”

დავალება:  საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეების რუკის შექმნა ZeeMaps-ის გამოყენებით.

მიზანი: მოსწავლეებმა გამოიკვეთონ და ახსნან საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები და მოამზადონ   ციფრული რუკა.

ZeeMaps საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელი ინსტრუმენტია ამ ტიპის რუკებისთვის. ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის ZeeMaps-ით რუკის შესაქმნელად:

  1. შედი საიტზე – https://www.zeemaps.com  (რეგისტრაცია სავალდებულო არაა, მაგრამ  რუკის შემდგომი რედაქტირება/შენახვისთვის ანგარიშის შექმნა სასარგებლოა);
  2. დააჭირე ღილაკს “Create a Free Map” და დაარქვი რუკას სახელი (მაგალითად,  „საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები“
  3. რუკის იმ მხარეში, სადაც საფრთხის დაფიქსირება გსურს, დააჭირე მარჯვენა ღილაკს ან “Add” Add Marker;
  4. გახსნილ ფანჯარაში დაამატე ინფორმაცია:
  • Title – საფრთხის სახელი (მაგ., „გვალვა კახეთში“, „მეწყერი რაჭაში“);
  • Description – დაიტანე მოკლე ტექსტი (როდის ხდება, რა ზიანი მოაქვს, რა არის საჭირო პრევენციისთვის);
  • შეგიძლია ატვირთო ფოტო/ლინკი/ვიდეო;
  • მონიშნე რუკის ფორმატი: რელიეფი ან თანამგზავრით;
    1. სხვადასხვა საფრთხეს მიანიჭე განსხვავებული ფერი, მაგალითად: წითელი – მიწისძვრა, ლურჯი – წყალდიდობა, ყვითელი – მეწყერი, მწვანე – ტყის ხანძარი, რათა  თვალსაჩინო იყოს საფრთხეები.  სურვილის შემთხვევაში მიაწერე  განმარტებები;
    1. რუკა შეგიძლია გაზიარო  „Share“ ღილაკით და შეგიძლია დააყენო, რომ მხოლოდ შენ რედაქტირებ, ან ჯგუფი ერთად ამატებთ ახალ მონაცემებს;
    2. წარადგინე  კლასში როგორც ციფრული პრეზენტაცია.

იხ. ნიმუში: https://www.zeemaps.com/view?group=6848645&x=45.988946&y=46.925463&z=13

 

ასევე შესაძლებელია სხვა ტიპის ვირტუალური რუკების გამოყენებაც, მაგალითად:

  • Google Earth/VR რუკები, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტული რეგიონების ნახვას 3D ფორმატში, რაც დაეხმარება მეწყერის, მდინარის ადიდების ან გვალვის ზონების ვიზუალიზაციაში;
  • Canva, Genially, Piktochart – აქ მოსწავლეები ქმნიან ისეთ ინფოგრაფიკას, სადაც ცალ-ცალკეა „აწყობილი“ მიზეზები, შედეგები და პრევენციული ღონისძიებები.ცალკეული რეგიონების შესწავლის პარალელურად მოსწავლეებს შეუძლიათ  შეავსონ ჩანაწერები ZeeMaps-ზე. ბოლოს მიიღება ერთი დიდი რუკა, სადაც საქართველოს ყველა მხარე თავისი დამახასიათებელი საფრთხეებით იქნება წარმოდგენილი.

შეფასების   რუბრიკა

რეფლექსია:

  • მასწავლებელი მიმოიხილავს შესრულებულ დავალებებს და გასცემს რეკომენდაციებს;
  • მოსწავლეებს სთხოვს, დაწერონ მოკლე რეფლექსია: „რა ვისწავლე, რა იყო ყველაზე საინტერესო, რას გამოვასწორებდი მომავალში“.

მსგავსი ტიპის დავალებები აერთიანებს კვლევით, ანალიტიკურ, შემოქმედებით და ჯგუფურ აქტივობებს, ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული,  სამოქალაქო და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში,   საშუალებას აძლევს გაიაზრონ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი საფრთხეები და მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, ხელს უწყობს  ჯგუფური თანამშრომლობის, პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რითაც  ხელს უწყობს სტანდარტის შედეგების მიღწევას, ცოდნისა და უნარის გაფართოებას  და  პედაგოგიური ამოცანების გადაწყვეტას

 

 

 

სამი ამბავი ტოლსტოის შესახებ

0

საქართველოს დედაქალაქს მომაჯადოებელი მიმზიდველობა აქვს. ვინ არ ყოფილა თბილისში?! ვის არ უცხოვრია ჩვენს ქალაქში?! გიგანტური მასშტაბის არაერთ გენიალურ პოლიტიკურ მოღვაწესა თუ ხელოვანს აკავშირებს უმნიშვნელოვანესი მოგონებები კავკასიის ცენტრთან.

თუ პლეხანოვიდან ვორონცოვისკენ ანუ აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნისკენ გაუყვებით გზას და ყურადღებით დააკვირდებით უძველეს, ულამაზეს სახლებზე გამოფენილ მემორიალურ დაფებს, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ უმშვენიერეს წარწერას, რომელიც გვაუწყებს, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში თბილისს ლევ ტოლსტოი სტუმრობდა. მართალია დიდი რომანისტი და ჰუმანისტი, შექსპირისა და თომას მანის რანგის ფიგურა დედაქალაქში ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ მას არასდროს შეუწყვეტია ურთიერთობა საქართველოსთან და ქართველებთან.

გავიხსენოთ სამი ამბავი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სისტემისა და ამ სისტემას დაქვემდებარებული სინოდის წინააღმდეგ მებრძოლ უზარმაზარ მოაზროვნეს ჩვენს ქვეყანასთან აკავშირებდა.

  1. თბილისის ევროპულ ნაწილში

„ომისა და მშვიდობის“ ავტორმა წერა, ლიტერატურული საქმიანობა კავკასიაში დაიწყო. 1850 წელს იგი თავის ჯარისკაც ძმას ჩვენს რეგიონში გამოჰყვა, რათა თავი დაეღწია არისტოკრატიულ წრეებში გამეფებული, მდიდრული ცხოვრების წესისგან და საკუთარ მომავალზე დაფიქრებულიყო. კავკასიაში თავისი ყოფნის გასახანგრძლივებლად, თავგადასავლების საძიებლად ახალგაზრდა ტოლსტოიმ სამხედრო რაზმში ჩაწერა გადაწყვიტა. იგი სამხედრო შენაერთის წევრი თბილისში ვიზიტის გარეშე ვერ გახდებოდა, ამიტომ 1851 წელს თბილისს გამოემგზავრა.

ქართველი კრიტიკოსი ვლადიმერ ასათიანი თავის სტატიაში დაწვრილებით აღწერს მწერლის თბილისში ყოფნის პერიოდს. ტოლსტოის თბილისი ნამდვილ ევროპულ ქალაქად მიუჩნევია. მისი ამგვარი განწყობა რამდენიმე ინსტიტუტმა განაპირობა. ჯერ ერთი, იგი ქალაქის განაპირას, გერმანულ დასახლებაში ცხოვრობდა. ყოველდღე სეირნობდა ქართველ გერმანელთა მიერ გაშენებულ ბაღ-ვენახებში, სტუმრობდა გერმანელთა მიერ დაფუძნებულ ბიბლიოთეკასა თუ სასწავლებელს. ჰქონდა გერმანული ენის უფასო პრაქტიკა, თვალს ადევნებდა „ტფილისელ ნემცთა“ ეკონომიკურ საქმიანობას.

მაშინდელ დედაქალაქში უცხოელი სტუმრისთვის კიდევ ორი ინტერნაციონალური მნიშვნელობის დაწესებულება მოქმედებდა – რუსულენოვანი თეატრი და იტალიური ოპერა. „ანა კარენინას“ შემოქმედი თეატრსაც და ოპერასაც ეწვეოდა ხოლმე. ცხოვრობდა იმპერიის უკიდურეს სამხრეთში, მაგრამ მაინც არ გრძნობდა თავს კულტურული პროცესებისგან გარიყულად. აღნიშნული გარემოება მწერალს თბილისის განსაკუთრებულობაში არწმუნებდა.

ცხადია, ახალგაზრდა რუსი გრაფი ქართულ არისტოკრატიასთანაც ურთიერთობდა. თბილისში ყოფნის დღეებში მან რამდენჯერმე დაჰყო ბაგრატიონებისა და ბარათაშვილების გარემოცვაში. ტოლსტოი უშუალოდ შეესწრო შამილის ძლევამოსილი თანამებრძოლის, ნაიბი ჰაჯი მურატის თბილისში ჩამოყვანის ფაქტს, მწერალი თვალყურს ადევნებდა ქალაქში მიმდინარე დისკუსიებს ჰაჯი მურატისა და ვორონცოვის მოლაპარაკებების შესახებ. ვლადიმერ ასათიანი ამტკიცებს, რომ „ცარსკოე სელოს“ ბატონმა თავისი მოთხრობისთვის „ჰაჯი მურატი“ მასალები სწორედ მეცხრამე საუკუნის შუა წლების თბილისში შეაგროვა.

თბილისის მიმართ ტოლსტოის დამოკიდებულებაზე შესანიშნავად მეტყველებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართველებთან შეხვედრის დროს მწერლის მიერ ნათქვამი სიტყვები. ილია ნაკაშიძე თავის ცნობილ პატარა წიგნში „როგორ გავიცანი ლეონ ტოლსტოი“ ასეთ ეპიზოდს აღწერს: „ყოველთვის გულწრფელი, ცხოველი სიყვარულით მოიგონებდა ლეონ ნიკოლოზის ძე კავკასიას და საკუთარ ცხოვრებას მთებში. იგი გამოუტყდა მეგობრებს, რომ ზოგჯერ ძალიან იტაცებს აქეთ წამოსვლის სურვილი. „სიცოცხლე ისე მოკლეა, – გვითხრა ლეონ ნიკოლოზის ძემ – რომ საეჭვოა, როდისმე კიდევ მომიხდეს ყოფნა თქვენს მშვენიერს სამშობლოში. მაგრამ როცა მეორედ დავიბადები, – დაუმატა მან და იუმორმა, ღიმმორეულმა აზრმა გააშუქა თავისი მხიარული სხივით სიცოცხლით სავსე ძვირფასი სახე მოხუცისა, – მე უთუოდ გამოვისეირნებ თქვენსკენ კავკასიაში … ველოსიპედით!“

  1. პროტესტანტების დასაცავად

ბევრს ჰგონია, რომ პროტესტანტიზმი მხოლოდ დასავლეთ ევროპული მოვლენაა. ისინი ცდებიან. ეკლესიის რეფორმაციის იდეა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთშიც არსებობდა.

XVIII საუკუნეში რუსეთის მართმადიდებელ ეკლესიას ზოგიერთი გუბერნიის გლეხობა აუჯანყდა. ისინი დაუპირისპირდნენ ხელისუფლების ნაწილად ქცეულ სამღვდელოებას, რომელიც მოსახლეობის დაბალი ფენების ჩაგვრასა და კლასობრივ ექსპლუატაციას არ ერიდებოდა. ჩაგრული გლეხობა რელიგიურ ნიადაგზე ორგანიზდა. პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი წერს: „მეჩვიდმეტე საუკუნიდან რუსეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი იმის თაობაზეც გაჩაღდა, ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ პატრიარქ ნიკონის კომისიისაგან ჩასწორებული? მორწმუნეთა ნაწილმა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე გადაიტანა, რომ ცხონების წყარო არის არა ბიბლიის ტექსტი, არამედ შინაარსი. სწორედ ეს პოზიცია განავითარეს ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირებულმა მამამთავრებმა და ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს“. ამგვარ გარემოში წარმოიქმნა „სულისთვის მებრძოლთა“, დუხობორთა მოძრაობა თანამედროვე უკრაინის აღმოსავლეთსა და რუსეთის სამხერთ-დასავლეთ ტერიტორიებზე.

ცხადია, სახელმწიფომ მახვილი აღმართა რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც „უარყოფდა საიდუმლოებებს, მარხვებს, რიტუალებსა და რელიგიის სხვა გარეგნულს ატრიბუტებს, სამღვდელოებასა და მის იერარქიულ სისტემას, ხატების, ჯვრების თაყვანისცემას, წმინდა მამების ავტორიტეტს და, რაც ყველაზე არსებითია, წერილს, წიგნს – ბიბლიას. ეს მოძღვრება და ტრადიცია მთლიანად დაფუძნებული იყო ცოცხალ, ზეპირ გადმოცემებზე – იმ გადმოცემებზე, რომლებიც წინაპრებმა მომავალ თაობას უანდერძეს, რომელიც შემონახულია დუხობორთა მეხსიერებაში. სწორედ ეს მეხსიერებაა საღვთო წიგნი, ე.წ. ცხოვრების წიგნი, რომელიც აღბეჭდილია არა ქაღალდზე, არამედ მორწმუნე დუხობორების გულსა და გონებაში“.

დუხობორებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ. თუმცა, მათ წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად დეპორტაციის მეთოდს იყენებდნენ. დუხობორთა ნაწილი რამდენჯერმე გადაასახლეს რუსეთის უკაცრიელ ტერიტორიებზე, ბოლოს კი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, სამხრეთ კავკასიის დაუსახლებელ, სასაზღვრო, უკიდურესად სახიფათო რეგიონებში გამოამგზავრეს.

ალბათ, ბევრს ნანახი გაქვთ დიდი თანამედროვე ქართველი ხელოვანის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია „დუხობორების მიწა“, რომელიც ნინოწმინდის რაიონში დღემდე შემორჩენილი რუსი პროტესტანტების ცხოვრებას აღწერს და მომავალ თაობას უნახავს ამ ტანჯული ხალხის გამორჩეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას.

ტოლსტოი ჯავახეთში მცხოვრების პროტესტანტების ქომაგი გახლდათ.

XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მცხოვრებმა დუხობორებმა დიდი ანტიცარისტული მოძრაობა წამოიწყეს. ისინი თავიანთი რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე მასობრივად ამბობდნენ უარს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მონაწილეობაზე, არ იხდიდნენ გადასახადებს მეფის ხაზინის სასარგებლოდ, არ ასრულებდნენ კანონთა ნაწილს. მთელს მსოფლიოში გახმაურდა საქართველოს დუხობორთა ერთი ცნობილი აქცია. სახელმწიფომ მათ საზღვრის დასაცავად და მოთარეშე ტომების გასანეიტრალებლად იარაღი დაურიგა. 1895 წელს დუხობორებმა საჯაროდ დაწვეს ხელისუფლების მიერ გადმოცემული შაშხანები და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ბუნებრივია, ათასობით დუხობორს თავს დაატყდა მთავრობის რეპრესიები.

გენიალური მწერალი თავისი თანამებრძოლების დახმარებით მუდმივ კავშირში იყო კავკასიელ დუხობორებთან. ცდილობდა მათთვის საზღვარგარეთის პასპორტების მოპოვებას, აფინანსებდა პროტესტანტთა ამერიკაში გამგზავრებას, თავისი ვაჟიც კი გამოგზავნა ბათუმში, რათა რეპრესირებულთა ერთი ჯგუფი ბათუმის პორტამდე მიეცილებინა. რაც მთავარია, დიდმა მოღვაწემ თავს მესამე, ბრწყინვალე რომანის – „აღდგომის“ ჰონორარი მთლიანად დუხობორთა სასარგებლოდ გადარიცხა. ნინოწმინდაში დუხობორთა პირველი სკოლა სწორედ ამ თანხის ნაწილით გაიხსნა.

  • ქართველი ტოლსტოელები

ტოლსტოიმ სახელმწიფოსთან და ოფიციალურ ეკლესიასთან მუდმივი ჭიდილის კვალდაკვალ, თავის ნაწარმოებებში წარმოჩენილი ღირებულებების საფუძველზე ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური, ეთიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება ჩამოაყალიბა. ტოლსტოელობა ერთგვარი ქრისტიანული ანარქიზმი გახლდათ. ის ქადაგებდა პატიებას, არაძალადობას, ბოროტისადმი წინააღმდეგობის გაწევას აგრესიული მოქმედებების გარეშე, ყველა ერის სიყვარულსა და თანასწორობას, ზნეობრივ თვითსრულყოფას. გმობდა სახელმწიფო სისტემას, დაუნდობლად აკრიტიკებდა სასამართლო და სამართალდამცავ უწყებებს, უსამართლო მართლმსაჯულებას, პენიტენციალური დაწესებულებებისა და კერძო საკუთრების არსებობას. ტოლსტოის მოძღვრება არსებითად პაციფისტური იყო და ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ომს, სამხედრო სამსახურში გაწვევას, არმიების არსებობას, იარაღის გავრცელებას. დიდი მწერლის მიმდევრები ქადაგებდნენ ვეგეტარიანელობას და მუდმივ მარხვას ვნებების დასათრგუნად. „თავისუფალი ქრისტიანები“ იონეს სახარების ტოლსტოის ინტერპრეტაციას ეფუძნებოდნენ.

მწერლის ეთიკურ-ფილოსოფიურ მოძღვრების დასაცავად ჩამოყალიბებულ მოძრაობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა საქართველოშიც. მაგალითად, ანა მარგველაშვილი თავის ფილმში „ინიციატივა არ ისჯება“ მოგვითხრობს თელაველი ტოლსტოელის – ივანე კოლელიშვილის შესახებ.

თელაველ ვეგანს განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული. მან უარი თქვა ევროპაში დარჩენაზე და კახეთში დაბრუნდა. ტოლსტოელმა მთელი თავისი ძალა და ენერგია სოფელ გულგულაში კომუნის დაარსებას შეალია. კოლელიშვილმა უარი თქვა თავის კერძო საკუთრებაზე, მიწაზე, ქონებაზე და გლეხებთან ერთად საერთო მეურნეობა „ერთობა და ძმობა“ დააფუძნა. კომუნის წესდება ტოლსტოის მოძღვრებას ეფუძნებოდა. მალე კავშირში 120 კომლი გაერთიანდა და გულგულა თელავის მაზრის ერთ-ერთ უმდიდრეს სოფლად იქცა, სადაც არ არსებობდა სიღარიბე და მოგება, სადაც დუღდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება და ინერგებოდა თანამედროვე ტექნოლოგიები. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის რუსეთი ტოლსტოელთა კომუნასაც მიადგა და მეურნეობა დაშალა. ივანე კოლელიშვილი კი ქვეყნიდან გააძევა. ტოლსტოელი მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ცხოვრობდა, ცოტა ხნით დაბრუნდა დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც და საბჭოთა საქართველოშიც, მაგრამ მცდელობის მიუხედავად „თავისუფალ ქრისტიანთა“ ანარქისტული მეურნეობის აღდგენა ვერ შეძლო.

რევოლუციამდელი საქართველო სავსე იყო ქართველი და რუსეთიდან დევნილი ტოლსტოელებით, მწერალს ილია ნაკაშიძის გარემოცვაში ყოველთვის ეგულებოდა ერთგული თანამებრძოლები

***

იმპერიალიზმის უდიდეს კრიტიკოსებს, ტოლსტოის მსგავს გრანდიოზულ ფიგურებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მცირე დრო მაინც უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი.

იუნიონი

0

ფეხბურთი მხოლოდ სპორტის რიგითი სახეობა არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ მას უდიდესი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზეც კი. ფეხბურთი ხშირად ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტი ხდება.

სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სპორტის თითქმის ყველა სახეობა დეგრადაციის გზას ადგას. ცხადია, ულამაზესი მატჩები კვლავ იმართება, მოედნებზე კვლავ ვხედავთ ელვარე ნიჭის მქონე ათლეტების ბრწყინვალე ასპარეზობას, მაგრამ საერთო გარემო ისეთი აღარ არის, როგორიც წარსულიდან გვახსოვს. არაერთი მკვლევარი პარალელს ავლებს თანამედროვე ფეხბურთსა და გლადიატორების ტურნირს შორის. კლუბები მსხვილი მონათმფლობელების მსგავსად ყიდულობენ და ყიდიან ფეხბურთელებს, ჯანმრთელობის განადგურებამდე ცდილობენ მათი ძალისა და ენერგიის ბოლომდე გამოწურვას, უკიდურესად დასუსტებულია ემოციური კავშირი გუნდსა და მოთამაშეს, მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის, რადგან ყველამ იცის, რომ პირველივე სარფიანი შემოთავაზებისას სპორტსმენი შეიძლება აორთქლდეს.

ფეხბურთის გადაგვარების ფენომენზე მსჯელობა ადვილია, ძნელია აღმოაჩინო პატარა ნაპერწკლები, რომლებიც უკიდურესად კომერციალიზებულ ეპოქაშიც კი ინარჩუნებენ ნამდვილი, სახალხო სპორტის სულისკვეთებას.

თუ ფეხბურთი გიყვართ და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვალს ადევნებდით სხვადასხვა ევროპული თასების გათამაშებას, აუცილებლად შეამჩნევდით საშუალო დონის, საკმაოდ მომხიბვლელ კლუბს – „იუნიონ ბერლინს“. მისი ევროპულ სარბიელზე გამოჩენა შეგვიძლია აბსოლუტურ სენსაციად მივიჩნიოთ, რადგან კლუბი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდა.

“იუნიონ ბერლინი“ 1966 წელს შეიქმნა, კლუბი აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის – კიოპენიკის გუნდი გახლდათ. „კიოპენიკელები“ თავიდანვე არაპრივილეგირებული, რიგითი მოქალაქეების საყვარელ სპორტულ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა კლუბის უკან რომელიმე დიდი სახელმწიფო დაწესებულება ან საწარმო იდგა. ბერლინისა და დრეზდენის „დინამოებს“ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აფინანსებდა, ლაიფციგის „ლოკომოტივს“ რკინიგზა უმაგრებდა ზურგს, როსტოკის „ჰანზას“ კომუნისტური გერმანიის აკვატორია, „უნიონის“ დაფინანსება კი ბერლინის უბრალო ქარხანას, კაბელებისა და საშუალოძაბვიანი აღჭურვილობის ინდუსტრიას დაევალა. ბუნებრივია, კაბელების საამქრო სპორტის მხარდაჭერის საქმეში კონკურენციას ვერ უწევდა ძლევამოსილ სამინისტროებსა და ეკონომიკის უმთავრეს სიმძლავრეებს. შესაბამისად, „უნიონი“ მხოლოდ ხალხის, საკუთარ უბანზე შეყვარებული ადამიანებისა და სისტემისგან დისტანცირებული გულშემატკივრების იმედად მყოფ ნაკრებად იქცა.

უკვე რამდენიმე ათწლეულია „იუნიონის“ ტრიბუნებზე ერთი და იგივე შინაარსის ტრანსფარანტი ფრიალებს: „მოთამაშეების ყიდვა შესაძლებელია, გულშემატკივრების არა!“. ლოზუნგი სრულყოფილად გამოხატავს გუნდის მთავარ პრინციპს. ძლიერი კლუბები ყოველთვის ახერხებდნენ კიოპენიკელთა გადაბირებას, ძარცვავდნენ შემადგენლობას საუკეთესო მოთამაშეებისგან, მაგრამ არცერთ სხვა გუნდს არ შეუძლია „უნიონის“ გულშემატკივართა გადაბირება, რომელთაც თავიანთი გუნდი არასდროს მიუტოვებიათ, რადგან მას ერთ დიდ ოჯახად მიიჩნევენ.

„უნიონის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი დისიდენტურ სუბკულტურად ჩამოყალიბდა. ისინი სპორტული არენის ტრიბუნიდან ცდილობდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დიქტატურასთან დაპირისპირებას. 1980-იან წლებში მხოლოდ არაპრივილეგირებული გუნდის სტადიონზე შეიძლება გაგეგოთ სიტყვები, რომელთა ხმამაღლა წარმოთქმაც კი საფრთხეს უქმნიდა ავტორთა თავისუფლებას. მხოლოდ „იუნიონელები“ ახერხებდნენ, რომ ათასში ერთხელ საჯარო სივრცეში ეყვირათ: „კედელი უნდა დაინგრეს“. ცხადია, ამგვარ ინციდენტებს ხანგრძლივი გამოძიება მოჰყვებოდა ხოლმე. უშიშროების აგენტები ყველგან ეძებდნენ გერმანიის გაერთიანების მომხრეთა კვალს, მაგრამ შეკავშირებულ ერთობაში ბზარის აღმოჩენა უჭირდათ.

„იუნიონ ბერლინის“ გულშემატკივართა ისტორია კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გმირობას ინახავს.

მოგეხსენებათ, „სოციალისტური ბანაკის“ რღვევა და გერმანიის გაერთიანება მარტივი მოვლენა არ ყოფილა. საერთო გერმანული სახელმწიფოს შექმნას მხოლოდ სიხარული არ მოჰყოლია. 1990-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანელებს უამრავ რაიმეზე უარის თქმა მოუწიათ, კაპიტალისტურ სისტემაში აღარავის სჭირდებოდა მათი პროფესია, ძველი საწარმოები, აღარ მოქმედებდა მათი სოციალური და ჯანდაცვის სისტემები, დაიწყო სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩაცვივდა. ის კაბელების ქარხანაც დაიხურა, რომელიც ფეხბურთელებს ინახავდა. 40 წლის განმავლობაში „სოციალიზმის“ პირობებში მცხოვრებ აღმოსავლეთ გერმანელებს ძალიან გაუჭირდათ ახალი წყობის მეთოდების ათვისება. შესაბამისად, „იუნიონი“ მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

2004 წელს კლუბმა სავალდებულო საბანკო შენატანიც კი ვერ მოაგროვა, რაც ფეხბურთელებს რეგიონალურ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მისცემდა. კიოპენიკელებს ვერ წარმოედგინათ შაბათ-კვირა საყვარელ სტადიონზე შეკრების გარეშე. მთელმა უბანმა უბედურად იგრძნო თავი, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრიათ. თუ გდრ-ში ვახერხებდით წინააღმდეგობის გაწევას, ახლაც შევძლებთ საყვარელი კლუბისთვის გაბრძოლებასო – ამბობდნენ ფანები. მათ მსოფლიოს სპორტის ისტორიაში უპრეცენდენტო კამპანია წამოიწყეს. ათასობით გულშემატკივარმა სისხლის ჩაბარების აქცია დაიწყო. სისხლის ჩაბარებისთვის მიღებულ კომპენსაციას კი „იუნიონის“ ფონდში რიცხავდნენ. კამპანიას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მთელს გერმანიაში, გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიებები, გერმანული ფეხბურთის გრანდი – „ბაიერნიც“ კი ჩავიდა ბერლინში და ამხანაგური მატჩის მთელი შემოსავალი მასპინძლებს დაუტოვა. შედეგად დედაქალაქელებმა რეგიონალურ ლიგაში გამოსვლისთვის აუცილებელი რეზერვი შეავსეს.

კიდევ ერთი საოცრება 2009 წელს მოხდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა გდრ-ის დროს, პროფკავშირებისა და საშუალო სიმძლავრის მქონე საწარმოს მიერ აშენებული პატარა სტადიონი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ექსპლუატაციის შემდეგ! პაიჭაძის სტადიონზე რომ ე.წ. „ქელეხის“ სკამები იყო შემორჩენილი, ზუსტად მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა Alte Försterei (მოედანი მოხუცი მეტყევის ქოხთან). არასტანდარტული სტადიონის გამო  „იუნიონი“ კვლავ ლიგის მიღმა უნდა აღმოჩენილიყო. გულშემატკივრებმა ამ შემთხვევაშიც დაიკაპიწეს სახელოები, ოღონდ ამჯერად სისხლი აღარ ჩაუბარებიათ. ბერლინელებმა ფიზიკურად, ნიჩბით ხელში იმუშავეს სტადიონის მშენებლობაზე და მუშახელის თანხა დაუზოგეს საყვარელ კლუბს. ბუნებრივია, თავდაუზოგავი შრომის ამ მაგალითმაც მოხიბლა ბევრი გერმანელი და ადმინისტრაციას ინვესტორის მოძიება აღარ გაუჭირდა.

დღეს „იუნიონ ბერლინი“ სტანდარტულ კლუბად ჩამოყალიბების გზას ადგას. მართალია გულშემატკივრები კვლავ შეუცვლელ როლს ასრულებენ კლუბის ცხოვრებაში, მაგრამ კომერციული ინტერესებიც უკვე საკმაოდ ღრმად შემოიჭრა სპორტული გაერთიანების ქსოვილში. მიუხედავად ამისა, „იუნიონელები“ კვლავ აოცებენ მთელს მსოფლიოს.

თუ ადამიანი დალაგებულია, რატომ უნდა მოუნდეს „იუნიონ ბერლინისა“ და „დარმშტადტის“ მატჩისთვის თვალის მიდევნება? მე მაინც მიჩნდება ასეთი უცნაური სურვილები ხოლმე. მოვკალათდი ტელევიზორთან, გოგრის მოხალული მარცვლები მოვიდგი გვერდით, მაგრამ გაოცებისგან ვერცერთი ლუკმა ვერ გადავყლაპე.

„იუნიონ ბერლინის“ მენეჯერის, ნენად ბელიჩას დისკვალიფიკაციის გამო გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა – ანე-ლუიზე ეტამ გამოიყვანა. ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც „ბუნდესლიგაში“ კაცთა გუნდს გაუძღვა. ეტამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაც დაწერა, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც იკისრა მამაკაცთა გუნდის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ის სუბკულტურასაც წარმოქმნის, სამოქალაქო თავდადების მაგალითებსაც ქმნის და ხანდახან ქალთა ემანსიპაციის მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მოწოდებებსაც უზიარებს დანარჩენ სამყაროს.

 

ისტორიული წყაროების სწავლება: უნარებიდან კომპეტენციამდე კონტექსტუალიზაციის გზით  

0

XXI საუკუნის განათლება და, მათ შორის, სასკოლო საისტორიო განათლებაც, პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკულ  აზროვნებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას.  ამ მიმართულებით აქტუალურია იმ მიდგომების გამოკვეთა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარების გამომუშავებას.

ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კომპონენტებია:

    • წყაროს იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია;
    • წყაროს ავტორის, დროისა და სივრცის დადგენა;
    • წყაროს სანდოობის შეფასება;
    • წყაროს შინაარსის ანალიზი და ინტერპრეტაცია;
    • წყაროს შედარება, სინთეზი და დასკვნების გამოტანა.

ისტორიულ  წყაროზე მუშაობის „უნარი” კომპლექსური კატეგორიაა და გულისხმობს ცოდნის, ქმედების /მოქმედების და  ანალიზის ერთობლიობას.  ასეთი კომპონენტური ხედვა საშუალებას იძლევა, წყაროზე მუშაობის უნარი წარმოვიდგინოთ როგორც დინამიკური, თანმიმდევრული პროცესი და არა მხოლოდ ერთჯერადი ქმედება.

ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარი ემყარება რამდენიმე თეორიულ საფუძველს ემყარება:

  • ჰერმენევტიკული მიდგომა – წყაროს გააზრება კონტექსტში, ტექსტსა და მნიშვნელობას შორის კავშირის დანახვა.
  • კონსტრუქტივისტული მიდგომა – მოსწავლე თავად ქმნის ისტორიულ ცოდნას წყაროს საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობს ცოდნის კონსტრუქციაში.
  • ისტორიული აზროვნების მოდელებზე ორიენტირება  (Wineburg და სხვ.) – უნარის განვითარება მოითხოვს დროის კონტექსტის გათვალისწინებას, სხვადასხვა წყაროს შორის ურთიერთშედარებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას.

როგორც ყველა სხვა უნარს, წყაროზე მუშაობის უნარსაც განვითარება ჭირდება. სასკოლო საისტორიო განათლება  ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპს გამოკვეთს, რომელიც ხაზს უსვამს თავად უნარის დინამიურ ხასიათსაც,  რადგან ის   მუდმივად იხვეწება და რთულდება:

  • დაწყებით საფეხურზე:  მოსწავლეები სწავლობენ წყაროს იდენტიფიცირებას და წყაროს წარმოშობის განსაზღვრას. ისინი არ კითხულობენ ტექსტს როგორც „მშრალ ინფორმაციას“ და პირველ რიგში კითხულობენ: ვინ არის ავტორი? როდის დაწერა? რა იყო მისი მიზანი? (ანუ  აღიქვამენ წყაროს).
  • მაგალითად: მოსწავლეები კითხულობენ შუა საუკუნეების მეფის ქრონიკას და მეფესთან დაპირისპირებული ფეოდალის წერილს. ამ ორი წყაროს შედარებით ისინი სწავლობენ, რომ ერთი და იგივე მოვლენის აღწერა რეალურად ავტორის პოზიციაზეა დამოკიდებული ანუ სწავლობენ წყაროს აღქმას;
  • საშუალო საფეხურზე: ვითარდება წყაროს კრიტიკული კითხვა და სანდოობის შეფასება. ამ დროს, წყაროების შედარებისას, მოსწავლეები სწავლობენ, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი წყარო არასდროს არ არის საკმარისი. ისინი ადარებენ სხვადასხვა წყაროს ერთმანეთს და ეძებენ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
  • მაგალითად: მოსწავლეები ადარებენ, თუ როგორ აღწერს ერთსა და იგივე მოვლენას გაზეთი, ფოტომასალა  თუ პირადი დღიური, შემდეგ კი მსჯელობენ იმაზე, თუ რომელი ინფორმაცია ემთხვევა ერთმანეთს, რომელია მსგავსი? სად ჩანს სუბიექტური ინტერპრეტაცია? ყურადღებას აქცევენ  არა მხოლოდ შინაარსს, არამედ ავტორის სიტყვებს, ტონს და სტილსაც კი და ა.შ.
  • საშუალო საფეხურზე: წყაროს კონტექსტუალიზაცია, შედარებითი ანალიზი და საკუთარი კვლევის წარმოება.

ფაქტობრივად, ისტორიული კონტექსტი ეხება კონკრეტული მოსავლენის ან პერიოდის   თანმხლებ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოებებს და ისტორიულ ფონს. კონტექსტი ეხმარება მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიგონ და გაიაზრონ, გაანალიზონ და შეაფასონ ისტორიული მოვლენები და ფაქტები. კონტექსტუალიზაციისას წყაროს გაანალიზება ხდება იმ  ისტორიულ კონტექსტთან მიმართებაში (Contextualization – გარემოსა და დროის გათვალისწინება), რომელშიც ის შეიქმნა (Sam Wineburg, Historical Thinking and Other Unnatural Acts, 2001).  ამ დროს მოსწავლე კონკრეტულ წყაროს არ კითხულობს „ამოჭრილად“, არამედ ცდილობს „გაიგოს“  ის „იმ  ეპოქაში, ისტორიულ გარემოსა და პირობებში“, როდესაც  დაიწერა.

 ნიმუშები

 პირველადი წყაროს კონტექსტუალიზაცია:

ა) თუ მოსწავლეს დავავალებთ, წაიკითხოს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მისი გაცნობიერებისათვის მას დაჭირდება მთლიანად პირველი მსოფლიო ომის შედეგების,   საერთაშორისო ურთიერთობების  და რუსეთში მიმდინარე რევოლუციების მნიშვენლობის გაცნობიერებაც  ანუ საკითხის მთლიანი კონტექსტის გაგება/გააზრება. თუ  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან  („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება“)  მოსწავლე მხოლოდ სიტყვებს წაიკითხავს, ის მიიღებს ინფორმაციას 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ანუ აღიქვამს დეკლარაციას როგორც  ფაქტს, მაგრამ კონტექსტუალიზაციისას ის  შეისწავლის:

  • რა ხდებოდა იმ დროს საერთაშორისო არენაზე (პირველი მსოფლიო ომის დასასრული);
  • როგორი იყო კავკასიაში პოლიტიკური ვითარება (ამიერკავკასიის სეიმის დაშლა);
  • რა პროცესები მიმდინარეობდა რუსეთში (ოქტომბრის რევოლუცია, ბოლშევიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია) და სხვ.
  • და ამ გზით ის აღმოაჩენს დამოუკიდებლობის აქტის სულ სხვა მნიშვნელობას:  1918 წლის 26 მაისის დეკლარაცია არ იყო უბრალოდ „დეკლარაცია“ როგორც ასეთი, არამედ ეს იყო გადაუდებელი რეაგირება რთულ საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.

 ბ) პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცის დღიურის ანალიზისას ისტორიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ომის ისტორიული კონტექსტი, ასევე ჯარისკაცის პირადი გამოცდილება და მიკერძოებები და ა.შ.

          გ) წყაროს ტექსტის გამოკვლევისას, მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლების მომდევნო პერიოდის ისტორიის შესწავლისას (პირობითად, XX საუკუნის 20-30-იანი წლები), მოსწავლეები:

  • ჯერ ერთმანეთს ადარებენ საბჭოთა პერიოდის წყაროებს, მაგალითად, პოსტერებს;
  • შემდეგ იმავე საკითხზე ემიგრანტის მოგონებებს;
  • ამის შემდეგ კი ცდილობენ იპოვონ პასუხი, რომელ წყაროში უფრო მეტადაა გამოკვეთილი იდეოლოგია და სად უფრო მეტად იგრძნობა სახელმწიფოს მხრიდან წნეხი.

ეორადი წყაროს კონტექსტუალიზაცი (მეორადი წყაროს კონტექსტუალიზაცია ნიშნავს ამ წყაროს დაწერის დროის, ავტორის პიროვნების და ეპოქის ვითარების  ახსნას რატომ წერს ავტორი ასე და არა სხვაგვარად, რა გავლენას ახდენს   გარემოება (პოლიტიკური თუ კერძო ინტერესები)  ავტორის ხედვაზე და აშ.):   

  • ჯვაროსნული ომების ისტორიული ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, რომელ ეპოქაში და რა ინტელექტუალურ-პოლიტიკურ გარემოში დაიწერა ნაშრომი. მაგალითად:
  • მიზანი – საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ჯვაროსნულ  ომების მიზნად   წარმოჩენილი იყო     „ფეოდალურ  აგრესია “ და ექსპანსიონიზმი,  თანამედროვე დასავლური ისტორიოგრაფია კი  ჯვაროსნულ  ომებს წარმოაჩენდა როგორც მრავალმხრივ  ფენომენს (რელიგიური ენთუზიაზმი, ეკონომიკური ფაქტორები, კულტურული კონტაქტები);
  • მთავარი აქცენტებ – საბჭოთა ისტორიოგრაფია აქცენტს აკეთებდა ეკონომიკურ  მოტივებზე,  ფეოდალების ექსპანსიაზე, კოლონიალიზმზე; დასავლურ ისტრიოგრაფია ორიენტირებული იყო რელიგიური მოტივების,   ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთობის წინ წამოწევაზე;
  • ეპოქის ასახვა – საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში უფრო მეტად ყურადღება ეთმობოდა მარქსისტულ  ინტერპრეტაციაზე, კლასობრივ  ბრძოლასა და ფეოდალურ  ექსპანსიაზე, დასავლურ ისტორიოგრაფიაში – ჩანს განსხვავებული მიდგომა, როგორიცაა მულტიპერსპექტიულობა (ევროპელი, მუსლიმი და ბიზანტიელი ავტორების ხედვის გათვალისწინება).

კონტექსტუალიზაცია გვაშორებს „ტექსტის ზედაპირულ“ წაკითხვას, გვასწავლის მის „შიგნით“ და „გარშემო“ არსებულ პირობებში ჩაღრმავებას და  ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ  წინსვლასა და საგნობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

კონტექსტუალიზაცია ააქტიურებს კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებელ მსჯელობას და ანალიზის უნარს, რაც მოსწავლეს საზოგადოებასთან ურთიერთობაში აუცილებლად ჭირდება. ამ გზით იზრდება მოსწავლეთა საგნობრივი კომპეტენცია, მას გამოუმუშავდება უნარი, მიაგნოს სანდო ინფორმაციას, დაადგინოს სანდოობის ხარისხი  და შეიძინოს ის გამოცდილება, რომელთა საფუძველზეც გაუმკლავდება თანამედროვე ინფორმაციული გარემოს გამოწვევებს.

 

კონცეპტუალიზაცია  და კონტექსტუალიზაცია – საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევის მნიშვნელოვანი  პირობა   

0

სასკოლო საისტორიო პრაქტიკაში იმ კომპონენტების განსაზღვრა, რომლებიც ქმნიან კომპლექსურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ისტორიული მასალის გააზრებისთვის ანუ წყაროებთან მუშაობის უნარ კონცეპტუალიზაცია, უმნიშნელოვანესი საკითხია. ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს:

  • შეიძინოს ფაქტობრივი ცოდნა;
  • გაიაზროს წყაროების მნიშვნელობა ისტორიულ კონტექსტში;
  • აღიქვას ავტორის პოზიცია და დაინახოს ისტორიული მოვლენების მიზეზ–შედეგობრივი კავშირები.

აღნიშნული შედეგის მიღწევის პრაქტიკული ნაბიჯებია: 

  1. ისტორიის სწავლების პროცესის გააქტიურება და ისტორიის სწავლების  უნარის ინტეგრაცია, რომელიც პრაქტიკულ საგაკვეთილო პროცესში გამოიხატება ისეთი აქტივობების შესრულებით, როგორიცაა, მაგალითად:
  • ქრონიკის ანალიზი, ფოტომასალის ინტერპრეტაცია, ზეპირი ისტორიების კრიტიკული კითხვა და ა.შ.
  • მოსწავლეებისათვის შემოქმედებითი და პროექტული დავალებების შეთავაზება, რომელიც საკითხის მიმართ ინტეგრირებულ  მიდგომას მოითხოვს. აქტივობის პროცესში, წყაროებზე მუშაობისას,  ისინი მოხადენენ ინფორმაციის ინტერპრეტაციას და, ამავდროულად,  შექმნიან/მოამზადებენ  ახალ ნარატივსაც, მაგალითად:
  • „ისტორიული ახალი ამბების რეპორტაჟი“ იმ ეპოქიდან, რომელი ეპოქის წყაროებსაც სწავლობენ (XI საუკუნის შესწავლისას ოშკის ტაძრის მშენებლობის შესახებ „მოამბის“ სიუჟეტის მომზადება და ა.შ.).
  1. სამოქალაქო კომპეტენციების უნარების ჩამოყალიბება ისეთი აქტივობებით, როგორიცაა, მაგალითად:
  • სანდო ინფორმაციის გაცნობიერება;
  • დეზინფორმაციის ამოცნობა
  • და, ზოგადად, მედიაწიგნიერების უნარებზე მუშაობა.
  1. კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის სანდოობის შეფასებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება (ისტორიული კონტექსტის ფართოდ გაგება/გაცნობიერება)
  2. და სხვ.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული  ორი ცნება – წყაროს კონტექსტუალიზაცია და ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია – ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული.

  1. წყაროს კონტექსტუალიზაცია ესაა უნარი, რომლის დროსაც წყარო განიხილება არა იზოლირებულად, არამედ იმ ისტორიულ პირობებში, სადაც ის შეიქმნა:
  • ვინ დაწერა?
  • როდის და რა ვითარებაში?
  • რა მიზანი ჰქონდა ავტორს?
  • რა იყო იმ დროის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული რეალობა?

კონტექსტუალიზაციით   გამოირიცხება „ტექსტის ზედაპირული“ წაკითხვა  და მოსწავლე უღრმავდება მის  „შიგნით“ და „გარშემო“ არსებულ პირობებს.

  1. ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია  –  აქ იგულისხმება არა უბრალოდ წყაროების გამოყენება, არამედ განსაზღვრული მეთოდური ჩარჩოს ჩამოყალიბება, რასაც ეწოდება   „წყაროსთან მუშაობა“  და მისი შემადგენელი კომპონენტების გამოყენება.

 პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ ისტორიული წყაროების შესწავლის უნარს მთლიანად ვხედავთ როგორც კონცეპტს, მაშინ წყაროს კონტექსტუალიზაცია   ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაციის პროცესის საკვანძო კომპონენტია, მისი „გულია“, რამდენადაც  ისტორიული წყაროსთან მუშაობა ნიშნავს არა მხოლოდ ტექსტის წაკითხვას, არამედ მის იგვლივ არსებულ დროსა და სივრცეში ორიენტირებას, „წყაროს ამბის დროსა და სივრცეში მოთავსებას. კონტექსტუალიზაცია გვიჩვენებს, რომ „წყაროს კრიტიკული გამოყენება“ შეუძლებელია მის  შექმნის ისტორიულ გარემოს გათვალისწინების გარეშე.

 

ცხრილი –  „კონტექსტუალიზაცია“  და    კონცეპტუალიზაცია“ (Wineburg-ის მიხედვით)

 

 

ასპექტი წყარო ისტორიული წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია
          კონტექსტუალიზაცია წყაროს ისტორიული კონტექსტის დადგენა: ვინ შექმნა, როდის, რატომ და რა ვითარებაში? ერთიანი მეთოდური ჩარჩოს შექმნა, თუ რას ნიშნავს „წყაროსთან მუშაობა“ და რა კომპონენტებს მოიცავს იგი
აქცენტი კონკრეტული წყაროს ანალიზი უნარების სისტემური წარმოდგენა
მიზანი წყაროს   გაგება /“წაკითხვა“  და მისი მნიშვნელობის მიგნება ისტორიული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება და ორგანიზება
შედეგი წყაროს ინტერპრეტაცია   დროისა და სივრცის კონტექსტში უნარების მოდელი, რომელიც აერთიანებს სორსინგს, კონტექსტუალიზაციას, კორუბორაციას, ინტერპრეტაციას
ურთიერთკავშირი წყაროზე მუშაობა და მისი კონტექსტუალიზაცია ერთ-ერთი უნარია, „ქვეუნარია“  – ისტორიულ წყაროებთან მუშაობის   ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ჩარჩოა,  რომელიც ამ „ქვეუნარებს“  ერთ სისტემაში აერთიანებს
დასკვნა კონტექსტუალიზაცია  ამ სისტემის ფუნდამენტური ნაწილი.  კონცეპტუალიზაცია არის სისტემის შექმნა,

 

ურთიერთქმედება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე წყაროს აღქმა შეუძლებელია კონტექსტუალიზაციის გარეშე კონცეპტუალიზაცია იქნება ფორმალური, ის დაკარგავს აზრს, რადგან წყაროს კრიტიკული გამოყენება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია

ფაქტობრივად:

  • კონტექსტუალიზაცია არის უნარი, წყაროს „დამუშავების“ ტექნიკა;
  • კონცეპტუალიზაცია არის ჩარჩო, თუ როგორ ვაზროვნებთ წყაროებთან მუშაობისას.

შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალიზაცია ერთ სისტემაში აერთიანებს კონტექსტუალიზაციას და სხვა ქვეუნარებს, რის პრაქტიკულ  გამოხატვასაც ეწოდება  ისტორიული აზროვნება და ასე აისახება კიდეც ისტორიული აზროვნების მოდელებში .თანამედროვე საისტორიო განათლებაში ისტორიული აზროვნების მოდელებიდან  აქტიურად გამოიყენება   Sam Wineburg-ის (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი) მიერ შემოთავაზებული მიდგომა, რომელიც   გვაჩვენებს, რომ ისტორიკოსის აზროვნება მხოლოდ ფაქტების ცოდნა კი არა, წყაროებთან მუშაობის სპეციფიკური სტრატეგიებია და ამ მიზნით გამოკვეთს ოთხ მთავარ ორიენტირს: ისტორიული წყაროს  წარმოშობისა და დაწერის მიზეზების გარკვევა (Sourcing), კონტექსტუალიზაცია  (Contextualization – გარემოსა და დროის გათვალისწინება), დადასტურება (Corroboration) – წყაროების შედარება და დაზუსტება; წყაროს  სიღრმისეული ანალიზი (Close Reading) – „გაჩერებებით“  ნაბიჯ-ნაბიჯ კითხვა) (Wineburg, S. (2001). *Historical thinking and other unnatural acts: Charting the future of teaching the past*. Philadelphia, PA: Temple University Press. summary PDF – https://cdn.bookey.app/files/pdf/book/en/historical-thinking-and-other-unnatural-acts.pdf)

ისტორიულ წყაროების შესწავლასთან დაკავშირებული უნარი  კომპლექსური და მრავალმხრივია. მისი კონცეპტუალიზაცია საშუალებას იძლევა, ისტორიის სწავლება გადაიქცეს აქტიურ და შემოქმედებით პროცესად, რომლის საფუძველზეც  მოსწავლე  არა მხოლოდ გაიგებს წარსულს, არამედ თავად იქნება ისტორიის შემეცნების აქტიური მონაწილე.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...