ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

საშობაო ტრადიციები და რიტუალები

შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული. შობასთან დაკავშირებულია მრავალი ტრადიცია და სიმბოლური რიტუალი.

რატომ ელოდა ხალხი ცაზე ვარსკვლავის გამოჩენას?

 იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ,  როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა.

ღმერთმა,  გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ეს ამბავი მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით აუწყა, რომელიც ბეთლემში გაჩერდა და შობის წმინდა ადგილი მიანიშნა.

 

რატომ დაარქვეს ყვავილს ,,შობის ვარსკვლავი’’?

 

,,შობის ვარსკვლავი” – ასე უწოდეს ადამიანებმა მშვენიერ მცენარეს, რომელიც ზამთარში ყვავილობს და ყველას ხიბლავს. შობის ვარსკვლავს მეორე სახელიც აქვს – პუანსეტია. ის მართლაც ძალიან ლამაზი მცენარეა. მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ველურად იზრდება. მისი ყვავილობა შობა-ახალი წლის დღეებს ემთხვევა. ფოთლები ვარსკვლავის ფორმისაა და ზემოდან თუ დავხედავთ, პუანსეტია ვარსკვლავივით კაშკაშებს. ბევრს ჰგონია, რომ ეს მისი ყვავილებია, მაგრამ არა – ეს ფოთლებია, რომელიც დეკემბერში იწყებს გაწითლებას.

რადგან წითელი ფერი დღესასწაულთან ასოცირდება, პუანსეტია შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ამიტომ დაარქვეს მას ,,შობის ვარსკვლავი”.

 

რატომ ვაცხობთ საშობაო ორცხობილას?

 

 

იცოდით, რომ საშობაო ნამცხვარი პირველად თურმე  მწყემსებმა გააკეთეს?

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მწყემსები პურს აცხობდნენ. მათ გაიგეს, რომ იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა.  ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. მწყემსები მაშინვე იესოს სანახავად წავიდნენ და გამოსაცხობად ჩადებული პური დაავიწყდათ.

როცა უკან ბრუნდებოდნენ, პური გაახსენდათ. იფიქრეს, რომ  დამწვარი დახვდებოდათ. როცა კარავთან მივიდნენ, გაოცდნენ: კარვიდან სასიამოვნო სუნი მოდიოდა. პური ძალიან შებრაწულიყო, მაგრამ გემრიელი სუნი ჰქონდა. გასინჯეს და მოეწონათ.

 

პური დიდი იყო. მწყემსებმა ის პატარა ნაწილებად დაყვეს, რომ ხალხისთვის მიეცათ.

იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა, ამიტომ პურს საშობაო პური დაარქვეს.

ამის შემდეგ ხალხი ყოველ წელს აცხობს საშობაო ნამცხვარს, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს: ზოგი ვარსკვლავს ჰგავს, ზოგი – ნაძვის ხეს, ზოგს გულის ფორმა აქვს. ბავშვების საყვარელი საშობაო  ორცხობილა ჯანჯაფილით მზადდება.

ყველა ფიქრობს რომ საშობაო ნამცხვარი განსაკუთრებით გემრიელია.

 

რატომ ვანთებთ შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს?

  ფანჯრებში სანთლების დანთების ძველი ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ. შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის, მიიღოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ვთხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.

 

რატომ აცხობენ შობას გურულ ღვეზელს?

 

გურული ღვეზელი ტრადიციული, სარიტუალო გულსართიანი პურია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შობის დღესასწაულს უკავშირდება. როგორც ეთნოლოგები ამბობენ, გურული ღვეზელის ცხობის ისტორია წინაქრისტიანულ ხანაში იწყება.

საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს – ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა.

საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა.

გურიაში ღვეზელები სხვა დროსაც ცხვებოდა, მაგრამ მთავარი ტრადიცია მაინც შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა.

 

რას ნიშნავს ,,ალილოს’’ ტრადიცია?

 

 საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

საუკუნეების განმავლობაში მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს მოსახლეობას. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ალი­ლო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლა კუ­თხე­ში თა­ვი­სე­ბუ­რად ას­რუ­ლებ­დნენ.

სიმ­ღე­რას სა­ფუძ­ვლად უდევს წარ­მარ­თუ­ლი ჰან­გი და ,,ალი­ლო,’’ რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ერ­ქვა (ალი­ლუ­იას­გან)… ,,ოცდახუთსა ამ თვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო’’.

ყო­ვე­ლი შო­ბის ღა­მეს, ვარ­სკვლა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მწყემ­სე­ბად გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ალი­ლოს გა­ლო­ბით, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლის კარმი­და­მოს მო­ივ­ლიდ­ნენ და  ღვთის სა­დი­დე­ბელს, ,,ალი­ლოს’’ უგალობდნენ.

იე­სოს შო­ბის მაც­ნე­ებს უხ­ვად აჯილ­დო­ებ­დნენ და ამ დღეს მო­წყა­ლე­ბაც უხ­ვად გა­ი­ცე­მო­და.

დღეს ალილოს დღესასწაული ყოველწლიურად შობის ღამისთევის შემდეგ აღინიშნება. სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეებს უამრავი ადამიანი სწირავს შესაწირს, რომელსაც დღის ბოლოს მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფრებში ანაწილებენ.

განსაკუთრებული სიხარულით ალილოს მსვლელობაში ბავშვები ერთვებიან.

 

 

გამოყენებული ვებგვერდები:

 

https://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/shoba.htm

https://kvirispalitra.ge/article/127476-shobis-varskvlavis-saidumlo/

http://reading.ge/ka/books-by-level/146-sashobao-namtskhvari

https://georgia.travel/ka

https://www.ambebi.ge/article/120096-ra-aris-alilo-da-rogor-agnishnavdnen-mas-kartvelebi/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“