შეხვედრა პირველი – მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების “ შესწავლისას მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძალადობის სცენები: მათთვის თითქოს იკვრება და მჭიდროვდება მოძალადისა და ძალადობის მსხვერპლის ( ჯაყოსა და თეიმურაზის) სიცოცხლის წრებრუნვა. ისინი თითქოს ერთი მთლიანის ნაწილად ქცეულან. სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც იბადება ნაწარმოების კითხვა- განხილვისას. მოსწავლისათვის მძიმედ აღსაქმელია მარგოზე ძალადობის პირველი , ე. წ. ურმის სცენა, რომელიც სწორედ ფსიქოლოგთაგან „სტოკჰოლმის სინდრომად“ აღიარებულ სამ ეტაპს უკავშირდება: ძალადობას ადამიანი ჯერ წინააღმდეგობას უწევს, შემდეგ ეგუება, ხოლო ბოლოს სიამოვნებს.
ნაწარმოებში ქალზე ძალადობის მძიმე სცენებია აღწერილი:
„მუშაობაში ჯაყომ სხვებზე უფრო მეტად თავის ცოლს დაადგა თვალი – უენოს, მორჩილსა და დაშინებულ ნინას, რომელიც უხილავ მიზეზით აითვალისწუნა და შეიძულა. ისედაც გატეხილსა და მილეულ დედაკაცს ხევისთავთა ამოსვლის დღიდან ტვირთი ერთი ორად აჰკიდა და მუდამ, თითქო განგებ სცდილობდა, რომ ის უნჯი დედაკაცი, უპატრონო და ჭინჭველასავით ფუსფუსა, მარგოს თვალში გაელახნა და დაემცირებინა.
ჯაყოს საქონელიც ბლომად ჰყავდა და დავაჟკაცებული ნათესავებიც, მაგრამ წისქვილისთვის თითქო განგებ არავის იმეტებდა: კოდიან საფქვავს თავის ცოლს აჰკიდებდა და დასჭყივლებდა:
– აბა, თახრაშუ!
ის ორფეხა პირუტყვიც წელში სამად მოიკაკვებოდა და, თავჩაღუნული, სანამ წისქვილში ჩალასლასდებოდა, დაღლილ ცხენივით ორი საათი მაინც ჰხვნეშოდა და ოფლში იწურებოდა.“…
ასევე ექცევა მარგოსაც, თეიმურაზისა და ივანეს საუბარში ირკვევა, რომ:
„- რათ მ… მმოსტყუვდა მარგო?
– იმათ მოსტყუვდა, რომ ჯაყო პირველად მშველელ რაინდად მოეჩვენა. ძლიერი კაციაო. შემინახავსო, მფარველობას გამიწევსო. ეხლა კი…
– ეხლა კი?
– რაღა დაგიმალო: ეხლა ჯაყომ მარგოც საქონლად გადააქცია. ისე ამუშავებს, როგორც წინანდელ ცოლებს ამუშავებდა.
– რას ამბობ, ივანე?!
– ეგ კიდევ არაფერი, ზურგზე საფქვავსაც აჰკიდებს ხოლმე და წისქვილში ჰგზავნის.
– ღმერთო დ… დდიდებულო! ეს რა მ… მმესმის?! – ამოიხრიალა თეიმურაზმა.
– მეტსაც გეტყვი: ზოგჯერ სცემს კიდევაც.“
ძალადობის რამდენიმე ხერხი არსებობს: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯაყოსაგან ქალის დამცირების ერთი ხერხი: იგი საფქვავს აჰკიდებს ქალს და წისქვილისაკენ აგზავნის მძიმე ტვირთის ქვეშ გათელილსა და მოკაკვულს- ამ დროს საკიდარი ცხოველიც ბლომად ჰყავს და სამუშაო ძალად ქცეული ნათესავებიც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა მიზანი ამოძრავებს ამ „იდეის“ მქონე მოძალადეს? პასუხიც თითქოს გასაგებია: ქალმა ტავი ბედნიერად არ უნდა იგრძნოს, მან წელგამართულმა, ლაღმა არ უნდა იაროს, მზესა და ცას არ უნდა შეხედოს, მაგრამ რატომ, როცა ის ჯაყოსაგან ისედაც დაჩაგრულ-გათელილია? რას უკავშირდება მოძალადის ამგვარი სურვილი?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვუსმინეთ ფსიქოლოგს. ბავშვებისაგან დასმულ კითხვას მან კითხვითვე უპასუხა და მოითხოვა დაეხასიათებინათ ხევისთავთა სახლში პირველად მოსული ჯაყო:
„ ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა“… ჯაყომ პირველად ხევისთავთა სახლში ნახა ჩანგალიცა და ცხვირსახოციც…
ჯაყოს უპატრონობა უდედობის განცდას უკავშირდება. გარკვეულ ასაკამდე დედა ბავშვისთვის არის არა პიროვნება, არამედ საკვები ( პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ემოციური საყრდენი), მისი დამცველი, თავშესაფარი -ამგვარი თავშესაფარი ჯაყოს არ ჰქონია, მას უდედობის განცდა კარგის არსებობის განცდას უკარგავს. მარგოს-ქალის, მარგალიტის გასრესა ნიშნავს იმას, რომ კარგი არ არსებობს და იგი გასათელია. ქალთან სექსიც მისი ძალის დემონსტრირება და მისი დამცირების , მასზე დომინანტობის სურვილია.
-რატომ ყალიბდება ჯაყო მოძალადედ? იმიტომ, რომ არსებობს თეიმურაზი?
ამის გასაგებად საჭიროა იმ ეპიზოდის გააზრება, რომელშიც თეიმურაზი ერთადერთხელ უპირისპირდება ჯაყოს- ეს სიტყვიერი დუელია, რომელშიც მარგო უმწეო ჯაყოს მხარეს დაიჭერს:
„ -სანამ ეს ქვეყანა გადატრიალდებოდა, ჩემი გულკეთილობით და დაუდევრობით ისარგებლე და გასუქდი.
– ჯაყო მუშაობით გასუქდი.
– მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვსდუმდი, რადგან ნაჭარბევად კეთილი გული მქონდა.
– ვითომ ამიტომ? – თავისთვის ჩაიღიმა მარგომ.
– მაშ რ…რრატომ, – გაიკვირვა თეიმურაზმა. – სთქვი, რატომ ვსდუმდი?
– იქნება იმიტომ სდუმდი, რომ ნებისყოფა და გამბედაობა არა გყოფნიდა.
თეიმურაზი ჩაფიქრდა, მერმე თავი ჩაიქნია და სთქვა:
– მ…მართალი ბრძანეთ, ქალბატონო, სუსტი ნებისყოფა, გაუბედაობა და გულკეთილობა ერთი და იგივე ყოფილა. სამივენი ტოლნი ყოფილან. ეგრე იყოს. სულ ერთია, ახ…ხხია ჩემზე! რაც მაშინ დავთესე, დღეს მოვიმკე, მაშ ასე, ჯაყო, ჩემის გულკეთილობით ან ჩემის ბეჩაობით ისარგებლე და ჩემს მამულზე გაკეთდი, მერმე, როცა ქვეყანა აირია დანარჩენებსაც ხელი დაჰრიე და ისიც კი მიითვისე, რაც არ გერგებოდა.
– ეგეც რევალციამ მოგცა ჯაყოსა!
– ჯაყო, დაანებე თავი რევოლჲუციას! თქვენ ერთმანერთს არც კი იცნობთ. რევოლჲუცია შენთვის მღვრიე წყალია, ხელსაყრელი ნიღაბია. მეწველი ფურია. შენ კი, შენ რევოლჲუციის მუნი ხარ, მისი წურბელა ხარ, მისი ტკიპი, მისი ბაღლინჯო და ტილი!
ჯაყომ დაიღრინა:
– გაჩუმდებოდე, თორემა! ტილიცა ხარ და ბაღლინჯოცა!
ჯაყოს თეიმურაზის ნათქვამის ნახევარიც არ ესმის. თვალებს ბუღასავით ატრიალებს, მარგოს შესცქერის და მისგან მოელის დახმარებას.
მარგომ ერთხელ კიდევ გასწია წასასვლელად და წაიბუტბუტა.
– არ მესმის, რა გაროშვინებს ამოდენა სისულელეს!
– მომითმინეთ, ქ…ქალბატონო, მომითმინეთ!..
თეიმურაზი ერთი წუთით ჩაფიქრდა. მერმე შუბლი მოისრისა, ტუჩებზე მწარე ღიმილი დაიგრიხა და მორჩილებით დაეთანხმა:
– მართალია მეთევზე, რომელმაც მღვრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც მგელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. განგებას ერთისთვის ბადე მიუცია, მეორისთვის კი ბასრი კბილები. კისრებიც მოუტეხნიათ თევზებსაც და ცხვრებსაც! თვითონვე იტირონ თავიანთი უგუნურება და უღონობა! ქვეყანას იმათთვის არა სცალიან. ის თავისთვის ტრიალებს და შეჭმულ ბატკნებს და თევზებს არც ამჩნევს და არცა სთვლის.
– მაშ, მაშა! სადა გცალიან ღმერთს ბატკნებისათვის და თევზებისათვის!
– სრული ჭეშმარიტებაა, ჯაყო! ღმერთს სუსტებისთვის არ სცალიან. ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის სცდილობს და მხოლოდ მათთვის ჰზრუნავს.
– მაშ, მაშა! მართალი ხარ, ბრინკა, მართალი!
– მაგრამ… ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის “ვიღაცა” ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს.
– ურმითა?
– ჰო, ჯაყო, ურმით დასდევს, დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი “ვიღაც” იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო!
მარგომ გესლიანად ჩაიღიმა.
– ესეც ახალი სარწმუნოება! ბატკნების და თევზების სარწმუნოება! შენ კი მათი ღმერთის წინასწარმეტყველად მოგვევლინე არა?
თეიმურაზი მათრახნაკრავ კვიცივით ატორტმანდა.
– რას იკრიჭებით, ქალბატონო фალუს?!
– უჰ! – ოდნავ შეჰკივლა გველნაკბენმა მარგომ და ორივე ხელი პირსახეზე აიფარა.
თეიმურაზმა ლაგამი აიწყვიტა, თითქოს ადუღებულმა ქვაბმა ხუფი აიგლიჯაო:
– თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მაგოდენა გესლს ანთხევთ, მადამ фალუს?! ბატკნების და თევზების რელიგია მაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ და მასხარადაც ამიგდეთ?! თქვენი ერთადერთი ღმერთი ფალუსია, თქვენ მხოლოდ მასზე უნდა ილოცოთ, იზრუნოთ და იმსჯელოთ. თქვენ კი ბატკნებისა და თევზების ღმერთს ურცხვად ჰგმობთ და საქვეყნოდ გამოგაქვთ თქვენი სასირცხო. იცოდეთ ამიერიდან, ქალბატონო фალუს, რომ მე… მე ღირსეულ მოპირდაპირედ მიმაჩნია თქვენი ღმერთი ჯაყო, მაგრამ თქვენისთანა გოშიას.. რომელმაც… რომელიც… ოოჰ, ღმერთო დიდებულო!“..
როცა სიკეთე – თეიმურაზი – უქმია, ძალადობა – ჯაყო – ძალას იკრებს, ის ეუფლება იმას, რაც არასოდეს ჰქონია – ამ გზაზე არ შეიძლება გყავდეს ვინმე, ვინც იმედს გაგიცრუებს, ამიტომ არ შეიძლება გქონდეს მადლიერების, თანაგრძნობისა და შებრალების უნარი. ჯაყოს სამყარო არ იცვლება, უბრალოდ, ის ფქრობს, რომ ან თვითონ უნდა იყოს, ან თეიმურაზი. ამიტომ ის, ვისაც წაართვი, ბოლომდე უნდა გაითელოს! ძალით წართმეულის მფლობელს, გარდა დაკარგვის სიშისა, ბრაზიც ეუფლება. ეს ბრაზი ბოღმაა იმისა, რაც არასოდეს ჰქონია, რაც არასოდეს მისი არ ყოფილა. თეიმურაზს კი არჩევანი არასოდეს ჰქონია- ის ვერც ხევისთავთა მემკვიდრედ იქცა, ვერც ახალ ხევისთავთა წინაპრად, ვერც საზოგადო მოღვაწედ- მისი სულიერი სიბერწე არაფროფაა, ხოლო არაფრისაგან არაფერი არ გამოდის. სიკეთე, რომელიც ბოროტებას ვერ უპირისპირდება, სიკეთედ ვერ ჩაითვლება, ამიტომ მისი „მსხვერპლობა“ არჩევანი არ არის (ვაჟა-ფშაველა, „ჩემი ვედრება“), ის მდგომარეობაა. ამის გასააზრებლად ერთი განსაკუთრებული ეპიზოდიც გვახსენდება:
მარგოსა და თეიმურაზის დიალოგი:
„- მარგო, რატტტომ პასუხს არ მაძლევ? ისეთი რა დ…დდავაშავე, რომ ორი სიტყვაც არ მაღირსე?
მარგო ოდნავ წატორტმანდა და ბოძს მიეყუდა. მერმე უცებ მოტრიალდა და ბრაზნარევი ცრემლით ამოიკვნესა:
– იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მართლა ღირსი არა ხარ… ღირსი არა ხარ მეთქი… საკუთარი თავის აგეთი დამცირება ამპარტავნობაზე უარესია… უარესია მეთქი! შენზე ცუდმედიდი სატანაც არ იქნება… შენ… შენის თავმდაბლობით შენი თავიც დაიღუპე და მეც გამაუბედურე.“
თეიმურაზის მდგომარეობა არ არის პატრონობისა და პასუხისმგებლობის მდგომარეობა – ის თავისი უსუსურობით თითქოს საკუთარ განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს: ის უცოდველი კაცია, რომელიც ჭიასაც ფეხს არ დაადგამს.


