ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ინტეგრირებული შემოქმედებითი დავალება ,,სხეულთა მდგრადი წონასწორობის პრაქტიკული გააზრება“

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტია დისციპლინათშორისი ინტეგრაცია. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება წინამდებარე შემოქმედებითი დავალება, რომელშიც ფიზიკის თეორიული პრინციპები გაერთიანებულია ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურული დიზაინის ელემენტებთან. მოსწავლეები შექმნიან ტექნიკურად გამართული და ესთეტიკურად მიმზიდველი ნაგებობის მაკეტს.

მდგრადი წონასწორობის პირობების ხელოვნებასთან ინტეგრაცია საშუალებას მისცემს მოსწავლეს, სიღრმისეულად გააცნობიეროს სიმძიმის ცენტრის და საყრდენი ფართობის ცნებები; განივითაროს სივრცული აზროვნება და პროპორციათა აღქმის უნარები. მოზარდს ჩამოუყალიბდება შემოქმედებითი აზროვნება. გაითავისებს, რომ არქიტექტურაში ესთეტიკური, თამამი გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც დაცულია მექანიკური წონასწორობის კანონები – კონკრეტულად კი საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობის პირობა.

შემოქმედებითი დავალების პროდუქტს წარმოადგენს მოსწავლეთა ხელით შექმნილი სახლი მაკეტი, რომლის მდგრადობაც დაფუძნებული იქნება სტატიკის კანონებზე და ამასთანავე შეიქმნება ორიგინალური არქიტექტურული ნამუშევარი. მსგავსი პრაქტიკული საქმიანობა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიეროს, რომ სტრუქტურულ სიმტკიცესა და ვიზუალურ სრულყოფილებაზე მორგებული კონსტრუქციის შესაქმნელად აუცილებელია ფიზიკის კანონების მიზანმიმართული გამოყენება და მხატვრული ფორმების გათვალისწინება.

 

ინტერდისციპლინური ინტეგრირებული შემოქმედებითი

დავალება

 

სხეულთა მდგრადი წონასწორობის პრაქტიკული გააზრება

საგნები ფიზიკა/ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

კლასი

 

VIII
შემოქმედებითი დავალების იდეა სამყაროში მრავალი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თავისი უნიკალური ფორმებით აოცებს მნახველს – პიზის დახრილი კოშკი, სიდნეის ოპერის თეატრის ულამაზესი გუმბათები, უცნაური ფორმის ცათამბჯენები, რომლებიც მუდმივად განიცდიან რხევებს და მაინც მყარად დგანან.

ამ შენობათა სიმტკიცის საიდუმლო ფიზიკის კანონებით აიხსნება: სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეული აუცილებლად უნდა ხვდებოდეს საყრდენის ფართობის შიგნით. როცა ეს პირობა შესრულებულია, ნაგებობა სტაბილურად წონასწორობაშია.

მოცემულ შემოქმედებით დავალებაზე მუშაობისას თქვენ თავად გახდებით ინჟინრები და შექმნით საკუთარ „მერვე საოცრებას“ – ისეთ მაკეტს, რომელიც ერთი შეხედვით არარეალურად გამოიყურება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მდგრადობას.

ფიზიკის კანონების სწორი ინტერპრეტაციით და მიზანმიმართული გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისეთი მყარი კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების შექმნა, რომლებიც ვიზუალურად არარეალური ან პარადოქსული სტრუქტურის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

შემოქმედებითი დავალების პირობა წარმოიდგინე, რომ შენ ხარ არქიტექტორი, რომელსაც უნდა ააშენოს უცნაური, მაგრამ სტაბილური სახლი.
შენი კონსტრუქცია შეიძლება იყოს დახრილი, გადაგრეხილი, ნებისმიერი ფორმის – მთავარია, შეინარჩუნოს მდგრადობა. მაკეტის შექმნისას უნდა გაითვალისწინო ხელოვნების პრინციპები – ფორმა, ფერი, კომპოზიცია, ესთეტიკა, რათა ნაგებობა ერთდროულად მხატვრულად მიმზიდველიც იყოს და ფიზიკურად სტაბილურიც.

 

დავალება:

·         ააგე სახლის მოდელი – მასალად შეგიძლია გამოიყენო: მუყაო, ხის ჩხირები, პლასტილინი, ლეგო, ქაღალდი, ცარიელი ყუთები და სხვა;

·         შექმენი ნაგებობის მაკეტი (სახლი, კოშკი, ან სხვა მსგავსი ობიექტი), რომლის ფორმა გარეგნულად უჩვეულო ან თითქოს არამდგრადია, მაგრამ სტაბილურია სიმძიმის ცენტრის სწორი მდებარეობისა და საყრდენი ფართობის გათვალისწინებით.

 

 

·         ამ პროცესში შეგიძლია წარმოაჩინო შენი მხატვრული ხედვა – მოცულობის, სილუეტისა და ტექსტურის გამოყენებით, როგორც ეს დამახასიათებელია არქიტექტურული დიზაინისთვის.

 

მოცემული დავალება საშუალებას მოგცემს:

·         გააერთიანო თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და შემოქმედებითი მიდგომა;

·         გამოიყენო როგორც ფიზიკის პრინციპები, ისე სახვითი ხელოვნების ელემენტები – ფორმის არჩევა, ფერთა ჰარმონია, სივრცული განლაგება;

·         ნათლად დაინახო, რომ ფიზიკა არა მხოლოდ აღწერს სამყაროს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

 

შენს მაკეტში ხაზგასმით უნდა გამოჩნდეს:

·         სად მდებარეობს სიმძიმის ცენტრი;

·         ვიზუალურად აჩვენე სიმძიმის ცენტრზე გამავალი ვერტიკალური ხაზი (შეგიძლიათ გამოიყენო ძაფი პატარა ტვირთით);

·         ახსენი, რატომ არის შენი „ჯადოსნური“ შენობის მაკეტი მდგრადი?

·         შეგიძლია აღნიშნული ელემენტი ვიზუალურადაც წარმოაჩინო – მაგალითად, ფერისა და კომპოზიციური აქცენტების გამოყენებით მკაფიოდ მონიშნო საყრდენი ფართობი და მისი ფუნქციური მნიშვნელობა სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

 

იდეები სახლის დიზაინისთვის:

·         სახლი, რომელიც გადახრილია (როგორც პიზის კოშკი, მაგრამ არ ეცემა);

·         სახლი-ხე, სახლი-ფეხსაცმელი, სახლი-გიგანტური სოკო, სახლი-კუბიკი ერთ წვერზე მდგომი და სხვა.

 

გააკეთე პრეზენტაცია (Canva, PowerPoint, tinkercad) ან პოსტერის სახით, სადაც:

·         აღწერე, რატომ გადაწყვიტე ასეთი უცნაური დიზაინი?

·         განმარტე ფიზიკური ტერმინები: სიმძიმის ცენტრი, წონასწორობის პირობები, საყრდენი ფართობი;

·         წარმოაჩინე ექსპერიმენტი: რა მოხდება, თუ სიმძიმის ცენტრი საყრდენი ფართობის გარეთ გადავა, დახრილი სახლი მართლა დაიშლება?

·         შეგიძლია აჩვენო, როგორ გააერთიანე შენს მოდელში ფიზიკა და დიზაინი.

 

თემა

 

ფიზიკა

·         მექანიკური მოვლენები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         გარემო და ხელოვნება

 

სტანდარტთან კავშირი: ფიზიკა

ფიზ.საბ.1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;

ფიზ.საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ.საბ.5. ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება);

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.11. ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;

ფიზ.საბ.12. ფიზიკის სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

..საბ.1. ნამუშევრის შექმნა თვითგამოხატვისათვის, მიზნის შესაბამისად მრავალფეროვანი სტრატეგიების, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებისა და ხერხების, სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გააზრებულად და შემოქმედებითად გამოყენება;         

..საბ.2. ნამუშევრის შექმნისას თავად დასახოს და გადაჭრას შემოქმედებითი ამოცანა, მიზნის შესაბამისად შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, მასალა, ტექნიკა, მხატვრული სტილი;

..საბ.3. ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზი (მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა, დარგი, ჟანრი, ავტორი), ინტერპრეტაცია და შეფასება;

..საბ.4. სხვადასხვა ეპოქის, კულტურის და სტილის ნამუშევრების ამოცნობა და ერთმანეთთან შედარება ისტორიული, რელიგიური, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.

           

საკითხები/

 

 ქვესაკითხები

 

ფიზიკა

·         სხეულთა წონასწორობა, მარტივი მექანიზმები/მდგრადი წონასწორობის პირობები, სხეულის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა, ძალის მომენტი, ძალის მხარი;

·         წონასწორობის პირობების ექსპერიმენტული შესწავლა და პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ბუნებრივი და ადამიანის შექმნილი გარემო/განსხვავებული ხედვა, გარემო – ადამიანის ინტერესის ობიექტი, გარემოს ზეგავლენა ადამიანზე და ადამიანის ზეგავლენა გარემოზე, ხელოვნება ჩვენ გარშემო, ტექნიკური პროგრესის გავლენა ხელოვნებაზე.

 

სამიზნე ცნება/ქვეცნება

ფიზიკა

·         მატერია – გამოყენებული მასალის(ნივთიერების) – მუყაო, ხის ჩხირები, პლასტილინი და სხვ. თვისებები: მასა, სიმკვრივე, დრეკადობა;

·         ფიზიკური პროცესი წონასწორობის პროცესები: ბალანსი, გადახრა, დეფორმაცია;

·         ენერგია პოტენციური ენერგიის განაწილება კონსტრუქციაში და მისი მინიმუმისკენ სწრაფვა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მდგომარეობას (პოტენციური ორმო);

·         ძალა სიმძიმის ძალის, საყრდენის დეფორმაციის, ძალის მომენტის და ძალის მხარის გავლენა კონსტრუქციის მდგრადობაზე; სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეულის მდებარეობა საყრდენი ფართობის მიმართ.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         სახვითი ხელოვნების მხატვრულგამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) ფორმა: ბრტყელი და მოცულობითი (გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, უტრირებული, სტილიზებული და სხვ.); ფონისა და გამოსახულების ურთიერთმიმართება; კომპოზიციური განაწილება, წონასწორობა, სიმეტრია-ასიმეტრია, სტატიკა-დინამიკა, მასშტაბი, თანაფარდობა, პროპორცია/დისპროპორცია, ხედვის წერტილი, კოლორიტი;

·         სახვითი ხელოვნების ტექნიკა/ მოდელირება, კონსტრუირება;

·         სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები/არქიტექტურა, დიზაინი;

·         სხვადასხვა ეპოქისკულტურის, მიმდინარეობისსტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნებიმხატვრული მახასიათებლები/ ძველი ცივილიზაციები, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, აღორძინება, XVII-XIX საუკუნეები, მოდერნიზმი, თანამედროვე ხელოვნება და სხვ.

 

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები;

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

ფიზიკა

·         ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული სხეულის თვისებებს განსაზღვრავს შესაბამისი ნივთიერება (მატერია);

·         სხეულებს შორის ურთიერთქმედება განისაზღვრება ფიზიკური სიდიდითძალით;

·         ძალის მოქმედება განსაზღვრავს სხეულის მოძრაობის ცვლილებას ან/და მის დეფორმაციას;

·         შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებაზე და მოქმედების წერტილზე;

·         ფიზიკური პროცესი მოიცავს სხეულთა დინამიკას, წონასწორობას და სტაბილურობას, რომლებიც დამოკიდებულია მასათა ცენტრის განაწილებაზე, საყრდენ ფართობზე და გარემოს ფაქტორებზე;

·         ენერგია გამოიხატება ნაგებობის პოტენციურ მდგომარეობასა და რხევით მოძრაობაში, ხოლო ცვლილებები დაკავშირებულია ძალებისა და მასის ურთიერთკავშირთან;

·         საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობა მდგრადია, თუ მის სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეული საყრდენ ფართობში გადის. სხეულის წონასწორობა უფრო მდგრადია, რაც უფრო მეტია საყრდენი ფართობი;

·         სიმძიმის ცენტრის მდებარეობის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი მექანიზმის სრულყოფილი მუშაობისთვის;

·         ფიზიკის კანონების სწორად გამოყენება საშუალებას იძლევა, შეიქმნას სტაბილური, უსაფრთხო და ფუნქციური კონსტრუქციები, მიუხედავად მათი უჩვეულო ან თითქოს არარეალური ფორმისა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ნაგებობის ფორმის შექმნა ემყარება სივრცულ იერსახეს, პროპორციებსა და კომპოზიციას;

·         დიზაინში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფერთა შერწყმას, ტექსტურას და მასალის ესთეტიკურ ეფექტს;

·         სტრუქტურული სტაბილურობის და ვიზუალური იერსახის უზრუნველსაყოფად, კონსტრუქციის დიზაინი ემყარება როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ პარამეტრებს;

·         ხელოვნება განსაზღვრავს ს ფიზიკური პრინციპების ვიზუალურ წარმოდგენას, რათა მაკეტი ერთდროულად იყოს სტრუქტურულად გამძლე და მხატვრულად მომხიბვლელი.

შეფასების კრიტერიუმი მოსწავლეს შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით: ფიზიკა

·         იმსჯელოს, რა სახის ურთიერთქმედებები ხვდება განსახილველ მოვლენაში და როგორ აღიწერება ისინი;

·         გააანალიზოს, რას იწვევს სხეულზე/სისტემაზე მოქმედი ძალები და რაზეა დამოკიდებული ძალის მოქმედებით გამოწვეული შედეგები;

·         მიუხედავად უჩვეულო ფორმისა, შექმნას სტაბილური, ფიზიკურად მდგრადი კონსტრუქცია;

·         აღწეროს წარმოდგენილი მოდელი და ახსნას რა ფაქტორების გათვალისწინება გახდა აუცილებელი მყარი კონსტრუქციის შესაქმნელად;

·         განმარტოს, რატომ არის მნიშვნელოვანი სახლის ასაშენებლად სხეულთა წონასწორობის პირობის ცოდნა და სიმძიმის ცენტრის მდებარეობის განსაზღვრა;

·         ექსპერიმენტით აჩვენოს, როგორ განსაზღვრავს სიმძიმის ცენტრის გადაადგილება ნაგებობის სტაბილურობას.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ახსნას, როგორ აისახება ნაგებობის დიზაინში ფორმები, პროპორციები და ვიზუალური ელემენტები;

·         წარმოაჩინოს ფერთა კომბინაცია, ტექსტურა და მასალის ესთეტიკურობა;

·         გააანალიზოს, როგორ ინტეგრირდება შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ფიზიკის კანონებთან (მაკეტის სტაბილურობა, სიმძიმის ცენტრი);

·         ნაგებობის დიზაინში წარმოადგინოს ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა;

·         აჩვენოს ვიზუალური დინამიკა, ექსპერიმენტული ცვლილებები და ფორმების ინოვაციურობა;

·         პრეზენტაციაში ან პოსტერში წარმოადგინოს მაკეტის შექმნის დეტალები და შერჩეული დიზაინის დასაბუთება.

შემოქმედებითი დავალების განხორციელება

 

სავარაუდო აქტივობები:

 

·          შემოქმედებითი დავალების იდეის და პირობის გაცნობა;

·          სამუშაო გეგმის შედგენა;

·          მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფების შექმნა;

·          შესაბამისი თეორიული მასალის დამუშავება;

·          დავალებების გადანაწილება;

·          თითოეულ ჯგუფში შერჩეული ნაგებობის კონცეფციის შემუშავება;

·          საჭირო მასალების და ინსტრუმენტების შერჩევა (მუყაო, პლასტილინი, ლეგო, ხის ჩხირები, ქაღალდი და სხვა);

·          ჯგუფების მიერ ნაგებობის მაკეტის შექმნა, სადაც წარმოაჩენს:

 

Ø  ფიზიკური კანონების (სიმძიმის ცენტრი, საყრდენი ფართობი, ძალები) გათვალისწინებას;

Ø  სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას და მოდელზე ვერტიკალური ხაზს;

Ø  დიზაინის ესთეტიკური ელემენტებს (ფორმა, ფერი, ტექსტურა).

 

·         ექსპერიმენტი: შენობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სიმძიმის ცენტრის გადაადგილების გავლენის შესწავლა;

·         პრეზენტაციის ან პოსტერის მომზადება: (გამოყენებული ფიზიკური და ესთეტიკური პრინციპები, ექსპერიმენტული დაკვირვებები);

·         პროექტის შედეგების განხილვა, ფაქტობრივი ცოდნის, შემოქმედებითი ხედვის ანალიზი და შეფასება.

 

 სასარგებლო ბმულები  https://docs.google.com/presentation/d/1AlmMfPddwxz851NRoJq5r-4YMYtPyBjo/edit?usp=sharing&ouid=104960796935946628221&rtpof=true&sd=true

 

https://www.youtube.com/watch?v=55w2YJTyHw0

 

https://www.youtube.com/watch?v=tiVHYCwKHYM

 

https://www.youtube.com/watch?v=pZeHPQPDbSY

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_rovnovazna&l=en

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_hranol&l=en

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_stabilita&l=en

 

 

 

შეფასების რუბრიკა:

 

შეფასების კრიტერიუმები  დაბალი საშუალო

 

მაღალი
საგნობრივი მასალის ფლობა ფიზიკურ ცნებებს ხსნის ნაწილობრივ, შესაბამისი პრინციპები მაკეტში არ არის გათვალისწინებული. მაკეტში ფიზიკური პრინციპები სწორად არის გამოყენებული, ახსნა სრულად დასაბუთებული არ არის. მაკეტში ყველა საჭიროება არგუმენტირებულად არის გათვალისწინებული, შესაბამის განსაზღვრებებსა და კანონებს ხსნის სრულყოფილად.
კვლევის და პრობლემის გადაჭრის უნარები ნაწილობრივ ახდენს დაშვებული შეცდომების გამოვლენას, ვერ ახერხებს მათ გასწორებას. ნაწილობრივ ახერხებს დაშვებული შეცდომების ანალიზსა და მათ გასწორებას. აანალიზებს შეცდომებს, ასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, თავად პოულობს ოპტიმალურ გამოსავალს.
შემოქმედებითი და დიზაინერული უნარები (ხელოვნება) ვიზუალური მხარე სუსტი ან დაუმთავრებელია, ფორმები და ფერები ნაკლებად არის გააზრებული. დიზაინი ესთეტიკურია, მაგრამ სრულყოფილი არაა, კომპოზიციური გადაწყვეტები ნაწილობრივ არის გააზრებული. დაცულია ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტები, ფერთა ჰარმონია, კომპოზიციის სიზუსტე და მხატვრულობა.
პრაქტიკული/კონსტრუქციული უნარები მაკეტი ნაკლებად სტაბილურია, ტექნიკური შესრულება დაუზუსტებელია. კონსტრუქცია უმეტესად სტაბილურია, ტექნიკური მხარე საშუალოდ არის შესრულებული. სტაბილური, სუფთად შესრულებული, ტექნიკურად გამართული მაკეტი, მასალა ოპტიმალურადაა შერჩეული.
კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები პრეზენტაცია გაურკვეველი შინაარსითაა წარმოდგენილი, ხშირად ტერმინებს იყენებს არამიზნობრივად. პრეზენტაცია გასაგებია, თუმცა ნაწილობრივ აკლია სიზუსტე ან დეტალები. უმეტესად ტერმინებს იყენებს მიზნობრივად. მოკლე, მკაფიო, ზუსტი განმარტებები, ფიზიკური ახსნები და ექსპერიმენტი კარგად არის წარდგენილი. ტერმინებს იყენებს მიზნობრივად.
თანამშრომლობითი (გუნდური) მუშაობის უნარები თანამშრომლობა მინიმალურია, მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, კონფლიქტების მართვა არ ხდება.

 

ნაწილი გუნდის მუშაობას ორგანიზებულად ახერხებს, თუმცა შეთანხმება და კოორდინაცია ნაწილობრივია.

 

თანამშრომლობა ეფექტურია, ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული, ხდება გადაწყვეტილებების კოორდინაცია და შეთანხმება.
თვითშეფასების, რეფლექსიის უნარები რეფლექსია ზედაპირულია ან ფორმალური. ვერ აყალიბებს ხარვეზების აღმოფხვრის გზებს. ნაწილობრივ ასახელებს შეცდომებს და მეტ-ნაკლებად სახავს დაშვებული შეცდომების გამოსწორების გზებს. გააზრებულია ანალიზი, დასაბუთებულია თვითშეფასება, მიღებულ გამოცდილებაზე აქვს მკაფიო წარმოდგენა.

.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“