ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ინტელექტუალური დღიური „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველისთვის

„ვეფხისტყაოსნის მკითხველს რთული დაბრკოლება ეღობება, რომლის გადალახვაც არც ისე იოლი საქმეა“ – გვაფრთხილებს ვიქტორ ნოზაძე, კოლოსალური ნაშრომების ავტორი, თავის „უწყებულებაში მკითხველისთვის“.

ამ წინასიტყვაობას ის „ფერთამეტყველებას“ ურთავს.

 

„არ მესმის ამდენი ტირილი. არც ასეთი ჩაციკვლა ვინმეზე“ – გულწრფელად მიზიარებს მოსწავლე თავის მოსაზრებას ტარიელზე.

 

მერე ერთად ვიწყებთ იმ „ბარიერების მარკირებას“, რომლებიც ხელს უშლის თანამედროვე მკითხველს, სრულად შეიგრძნოს, გაიგოს, აღიქვას, გაითავისოს გენიალური ეპოსის ხიბლი.

ჩვენი სია ასე გამოიყურება:

1.ენობრივი ბარიერი

ლექსიკური მნიშვნელობების გარდა სირთულეს ცნებებისა და სიტყვების ფილოსოფიური, სიმბოლური, მეტაფორული მნიშვნელობით გამოყენება ქმნის. ერთია, რომ სიტყვა დღეს აღარ გვესმის, განმარტებისთვის ლექსიკონს უნდა მივმართოთ, შევიტყოთ ლექსიკური მნიშვნელობა. მეორეა, რომ გასაგები და დღესაც აქტიური სიტყვები ხშირად დამატებითი, გადატანითი მნიშვნელობებითაა გამოყენებული და კონტექსტის მიხედვით ისინი სულ სხვადასხვა რამეს შეიძლება აღნიშნავდეს. მართალია, ქრონოლოგიურად რუსთველის ენას ჩვენ ახალს ვუწოდებთ, მაგრამ 21-ე საუკუნის მკითხველისთვის ენა მაინც რთული გასაგებია.

2.ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია, ასტროლოგია

რუსთველი რომ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო, მისი ტექსტიდან აშკარად ვლინდება. ხშირად ავტორი იმოწმებს კიდეც გარდასულ დროთა მოაზროვნეებს, ფილოსოფოსებს, ხშირად – ალუზიის საბურველში მოსავს სათქმელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფილოსოფიური, რელიგიური, თეოლოგიური და ასტროლოგიური ცოდნის გარეშე რთულდება ხოლმე მონაკვეთების გაგება. დეტალური ანალიზი ფილოლოგიური მიმართულებისთვისაა განკუთვნიილი. ეს გარკვეულ სიმშვიდეს გვგვრის.

ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, მკითხველები, სიუჟეტს გავყვეთ…ვწყვეტთ მე და მოსწავლე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გზაგასაყარზე შევყოვნდეთ, სქოლიოებსა და საძიებო სისტემებს მივმართოთ. გზის გასაგრძელებლად საჭირო და მნიშვნელოვანი გზამკვლევები შევიმუშაოთ. ეს საკმარისია.

3.ჟანრული სპეციფიკა

ეპიკური ტექსტების დიდებულება, პათოსი, ჟანრითა და ეპოქით განსაზღვრული შინაარსობრივი, იდეური, კულტურული ასპექტები ასევე რთული აღსაქმელია, თუ საჭირო ცოდნა არ გვაქვს ამ მიმართულებით.

რა არის სარაინდო ეპოსი? საერო ლიტერატურის ეს მიმართულება როგორ ჩამოყალიბდა და რა პირობებში ვითარდებოდა? როგორი ეპიკური ტექსტები იწერებოდა უწინ და რა კანონზომიერებების შემჩნევაა შესაძლებელი? ეს ყველაფერი საჭირო საცოდინარია. დროის დათმობა სჭირდება. კვლევა-ძიება.

4.ისტორიული კონტექსტი

ისტორიის ცოდნა აუცილებელია ლეგიტიმური ინტერპრეტაციისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ ხანა, ეს დალოცვილი, მადლით აღსავსე, მართლაც სადიდებელი ქართულ ისტორიულ ცხოვრებაში, თავისი კულტურით უზადოდ გადაჯაჭვულია მსოფლიო კულტურასთან, რომელსაც იგი სავსებით შეიწურავდა შეგნებულად და გაგებულად“ – წერს ნოზაძე იმავე ნაშრომში. ისტორიული კონტექსტის კვლევის გარეშე ის სოციალური, ეთიკურ-მორალური, პოლიტიკური, მსოფლხემდველობრივი სისტემა, რომელშიც პოემის გმირები მოქმედებენ, ბუნდოვანი რჩება და ტექსტის სრულფასოვნად გააზრება რთულდება, რადგან გააზრება, თავისთავად, ეპოქალური ღირებულებების აღქმასაც გულისხმობს.

  1. მხატვრული ენა და ეპოქის ესთეტიკა

პოემაში გამოყენებული მხატვრული საშუალებების ანალიზი ეპოქის ესთეტიკის გათვალისწინების გარეშე ფუჭი გარჯა იქნება. თუ ტირილს მივიღებთ, როგორც მხოლოდ ფიზიოლოგიურ და ემოციურ პასუხს მომხდარზე, დიაგნოზი „მტირალა“ გარანტირებული აქვთ გმირებს (მეტადრე მამაკაც გმირებს). მაგრამ თუ გვეცოდინება, რა მიზეზით, რა კონტექსში, რა მიზნით იყენებენ ეპოსში ამა თუ იმ მხატვრულ საშუალებას, რა არის ჰიპერბოლა და რა დანიშნუელბა აქვს მას, გაგება და გააზრებაც აღარ გაგვიჭირდება. რევაზ სირაძე „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიაში“ მიუთითებს, რომ როცა  „არაა სათანადოდ გათვალისწინებული შუასაუკუნეობრივი ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნების თავისებურებანი“, დღევანდელი „თვალსაზრისი“ მიეწერება ავტორს და თავს იჩენს უზუსტობანი.

ვიქტორ ნოზაძის გაფრთხილება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გაგება არ არის იოლი საქმე, არ უნდა აღვიქვათ  მკითხველის დაფრთხობის მცდელობად. ვაქციოთ ეს სიფრთხილე გამოწვევად ან… მიწვევად ინტელექტუალურ თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად.

ამისთვის დაუზარელი შრომა და ინტელექტულური გარჯაა საჭირო, მაგრამ შედეგი ამად ღირს:

გაუგებარი ცნებების, სიტყვების და მათი ფილოსოფიურ-მეტაფორული შინაარსის კვლევა ლექსიკონების მეშვეობით გვეხმარება დავინახოთ, როგორ გარდაიქმნება ჩვეულებრივი სიტყვა განსაკუთრებული, საგანგებო მნიშვნელობის აღმნიშვნელად. „სიტყვა ცოცხალი არსებაა, იგი იბადება, იზრდება და კვდება – მას აზრი ეცვლება ან იგი უხმარი ხდება. ამიტომ „ვეფხისტყაოსნის“ განკითხვისთვის აუცილებელია მის სიტყვათა გაგება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თვით ამ სიტყვათა შესწავლით. საჭიროა თითოეული სიტყვის გამოშიგვნა, სინათლეზე გადმოშლა და ცხადად მისი დანახვა. ყოველ სიტყვას განსაზღვრულ ხანაში თავისი დედა-აზრი აქვს, თავისი შინა-აზრი და შინა-არსი“…ვიქტორ ნოზაძის ამგვარი მიდგომა შთამაგონებელია. მეცნიერი, ფაქტობრივად, კვლევის მზა რეცეპტს გვთავაზობს. ეს „რეცეპტი“ სტრატეგიად შეგვიძლია ვაქციოთ.

წერილში სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ასეთს (მოარგეთ თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკას)

სიმბოლოების დეკოდირება: როდესაც ტექსტში ასტროლოგიურ ან თეოლოგიურ ალუზიებს შეხვდებით, აღვიქვათ ისინი არა როგორც „სიტყვიერი დეკორაცია“, არამედ როგორც ავტორის მცდელობა, ადამიანის ბედი კოსმოსურ წესრიგს დაუკავშიროს. შევეცადოთ, ამოვიცნოთ დაფარული მნიშვნელობები, გავშიფროთ – რა იგულისხმება?

ემპათია ეპოქალური განსხვავებულობის მიმართ: ტარიელის ცრემლი ან რაინდული პათოსი დღევანდელი თვალსაზრისით არ უნდა განვსაჯოთ. გვახსოვდეს, რომ  ჟანრული სპეციფიკა პერსონაჟის განვითარების განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. გმირები გარკვეული კოდექსით ხელმძღვანელობენ. რუსთველს ეს „კოდექსი“ პროლოგში დეტალურად აქვს ახნსილი და განმარტებული. ყველა გაუგებარ სიტუაციაში მოვმართოთ პროლოგს. ვნახოთ – როგორ დეფინიციას გვაწვდის მოაზროვნე, რა სააზროვნო კონტექსტს ქმნის და შევეცადოთ,  ამაზე დაყრდნობით ინტერპრეტირებას.

როდესაც თანამედროვე მკითხველი წყვეტს ტექსტის „თვალიერებას“ ან „მოსასწრებად კითხვას“ და იწყებს მის სიღრმისეულ გააზრებას, პოემა მის თვალწინ ცოცხლდება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ღირებულებას.

აქვე გთავაზობთ პრაქტიკული აქტივობის სქემატურ მონახაზსაც, იქნებ ვინმეს გამოადგეს:

ვეფხისტყაოსნისმკითხველის ინტელექტუალური დღიური

თავი/ეპიზოდი: _________________________________________________ თარიღი: _________________

  1. ენობრივი ლაბორატორია (ბარიერი №1)

ჩამოწერეთ 3-5 სიტყვა, რომელთა მნიშვნელობაც დღეს შეცვლილია ან გაუგებარია.

  • სიტყვა ტექსტში: (სოფელი ან კუბო)
  • ლექსიკური განმარტება: (***)
  • კონტექსტური მნიშვნელობა: რას ცვლის ეს გაგება მთლიან სტროფში?
  1. სიმბოლოების დეკოდირება (ბარიერი №2)

იპოვეთ ეპიზოდში მეტაფორა, რომელიც ასტროლოგიას ან ფილოსოფიას უკავშირდება.

  • ციტატა: _______________________________________________________
  • ჩემი ვერსია: რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ეს ელემენტი (მზე, მთვარე, მზიანი ღამე)?
  1. ისტორიული რეკონსტრუქცია (ბარიერი №4)

გააანალიზეთ პერსონაჟის ქცევა იმდროინდელი ეთიკის ჭრილში.

  • პერსონაჟის მოქმედება: (მაგალითად, როსტევან მეფის ზურგსუკან შექმნილი ტანდემი და „ორთა შეთქმულება“, თინათინის „გა-მეფ-ება“, მამაკაცების გადამეტებული ემოციური გამოვლინებები, სრული მორჩილება ქალთა ინიციატივების მიმართ…)
  • რატომ მივიჩნევთ ამას უცნაურად დღეს? _________________________
  • ისტორიული ახსნა: რატომ ითვლებოდა ეს ქმედება რაინდულად ან მართებულად მე-12 საუკუნეში?
  1. ფილოსოფიური პარალელი

იპოვეთ აფორიზმი, რომელიც გადმოსცემს ავტორის მსოფლმხედველობას.

  • აფორიზმი: ____________________________________________________
  • როგორ გვესმის ეს სიბრძნე დღეს

რჩევა: დღიურის წარმოებისას ნუ ეცდებით მთელი პოემის ერთბაშად ათვისებას. აირჩიეთ ერთი საკვანძო ეპიზოდი და გამოიყენეთ ეს სტრუქტურა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“