არჩევიდან რამდენიმე თვეში ჟურნალისტებმა რომის მოქმედი პაპის გემოვნების გამორკვევა დაიწყეს და მილიარდიანი ეკლესიის მეთაურს მისი საყვარელი ფილმების ჩამოთვლა სთხოვეს. ვიფიქრე, რომ რელიგიური ლიდერი რომელიმე მოსაწყენ, ძალიან სერიოზულ და რთულ ნაწარმოებს დაასახელებდა, შემდეგ კი ნამუშევარს სახარების რომელიმე თავთან დააკავშირებდა. არასწორად შემიფასებია პონტიფექსის განწყობები, ისიც ადამიანი ყოფილა, თანაც ძალიან ლაღი და მხიარული. ამ პირდაპირი და ხისტი დასკვნის გამოტანის უფლებას ლეო XIV-ს პასუხი მაძლევს. რობერტ ფრენსის პრევომ უსაყვარლეს ფილმად რობერტ უაიზის „მუსიკის ჰანგები“ დაასახელა. ვინც არ უნდა ახსენოს ეს შედევრი გული მინათდება და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული მილიონობით ბავშვის სიხარულით აღბეჭდილი ემოცია წარმომიდგება თვალწინ.
რამდენი ბრწყინვალე მომენტი გამოარჩევს „მუსიკის ჰანგებს“?!
ჯერ ერთი, ვინმე თუ მკითხავს, როგორ გამოიყურება ანგელოზი, აუცილებლად ვუპასუხებ, რომ მას ჯული ენდრიუსის სახე აქვს. კეთილი, გამბედავი, გულწრფელი, სამართლიანი, მხიარული და ლამაზი ქალი, რომელიც გასამხედროებულ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს მუსიკის ჰანგების საშუალებით ბედნიერებისა და თავისუფლების შეგრძნებას უბრუნებს; ფერია, რომელსაც შეუძლია უბრალო ფარდები შვიდი და-ძმის ღიმილისა და შვების საფუძვლად აქციოს, დედა, რომელიც ოჯახისთვის და ქვეყნისთვის ბოროტებას უპირისპირდება და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს – მეტი რა ღირსებით უნდა იყოს შემკული არაამქვეყნიური არსება?!
ჯული ენდრიუსის გარდა ფილმში ყოველთვის აღმაფრთოვანებდა პატარა, ალპებისპირა სახელმწიფოს არაჩვეულებრივი მომხიბვლელობა. მახსოვს, პირველად რომ აღმოვჩნდი ზალცბურგში და პირველად რომ დავინახე ევროპის მთავარი თოვლიანი მთაგრეხილი, ჩემს თავს გულში ჩუმად ვუმეორებდი, რომ ერთ-ერთი პირველი ნატვრა ამიხდა, რადგან ტელეეკრანზე აღმოჩენილი და გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი უმშვენიერესი ციხე-სიმაგრეები, თოვლიანი მწვერვალებისა და მწვანე მდელოების ერთიანობა, მთები და ტყეები ჩემი თვალითაც ვნახე. არაფერი გადაუჭარბებიათ რობერტ უაიზსა და ტედ მაკკორდს, ზალცბურგი და ალპები იმაზე გაცილებით უფრო თვალწარმტაცია, ვიდრე ამის გადმოცემა ხელოვანებმა „მუსიკის ჰანგებში“ შეძლეს.
თუმცა, ამ ფილმის მთავარი ეპიზოდი, რომელიც დღემდე ჟრუანტელს მგვრის ერთ გამორჩეულ, სრულიად განსაკუთრებულ ყვავილსა და მის შესახებ დაწერილ სიმღერას უკავშირდება.
ნაცისტები უკვე შემოჭრილნი არიან ავსტრიაში, მათ დაიპყრეს და მიიერთეს ალპებში მდებარე პატარა რესპუბლიკა. ხაკისფერპიჯაკიანები მალევე მიადგნენ ახლად გაბედნიერებულ ბარონ ფონ ტრაპს, რომელიც თავის შვიდ შვილთან და ახალ მეუღლესთან ერთად ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს არაადამიანურ დიქტატურას და როგორც უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი არ ჩადგეს „მესამე რაიხის“ სამსახურში. ქვეყნიდან გაქცევის წინ კაპიტანი ფონ ტრაპი, ჯული ენდრიუსის პერსონაჟთან და საერთოდ მთელ ოჯახთან ერთად ზალცბურგის ფესტივალის უზარმაზარ არენაზე მიზანმიმართულად ასრულებს უმარტივეს და გენიალურ სიმღერას „Edelweiß“.
სიმღერა მთებში, ალპურ ზონებში, დიდ სიმაღლეზე მოყვავილე ბალახს, ედელვაისს ეძღვნება. ტექსტი ყურადღებას ამახვილებს ყვავილის სიქათქათეზე, სინათლეზე, სასწაულებრივ შესაძლებლობაზე (ყინულს ჭრის და მაინც ყვავის), მისამღერში კი ავტორი მწვერვალებზე ვარსკვლავივით მოციმციმე მცენარეს თავისი პატარა ქვეყნის მფარველობას შესთხოვს.
ზალცბურგის ფესტივალის მონაწილეები და მაყურებლები თავიდან გაოგნებული უყურებენ ამღერებულ კაპიტანს, შემდეგ გარინდებულნი უსმენენ გულში ჩამწვდომ ლექსსა და მელოდიას, ბოლოს კი ამფითეატრში ტაში იქუხებს.
პატარაობისას ბოლომდე ვერ ვხვდებოდი ამ სცენის შინაარსის მნიშვნელობას, მაგრამ ემოციურად ზუსტად ვგრძნობდი, თუ რაღაც მნიშვნელოვან და ამაღელვებელ, გადამწყვეტ აკორდთან მქონდა საქმე.
დღეს კი დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო „ედელვაისზე“.
უპირველეს ყოვლისა, ალპური ყვავილი იშვიათობისა და განსაკუთრებულობის სიმბოლოა. ნაცისტები ავსტრიელებს ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გერმანელებად მიიჩნევდნენ და აღიზიანებდათ ოფიციალური ვენის პოზიცია, რომელიც რაიხისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ იხრებოდა. ნაცისტურ პრესაში ფართოდ გაშლილი იყო ფრონტი, რომელიც მიზნად ისახავდა ავსტრიელთა უნიკალურობის ყველა ნიშნის წაშლას. ამერიკული მიუზიკლის ავტორებმა აღნიშნული გარემოება შენიშნეს და ედელვაისი, როგორც ეროვნულ ნიშნად ქცეული ყვავილი, ავსტრიელთა თვითმყოფადობის გამოხატულებად დასახეს.
წარმოიდგინეთ, ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა ელდელვაისის სულ მცირე თაიგულის მოპოვებასაც კი… ბიჭს ალპების საფეხმავლო ბილიკები უნდა გაევლო, უფსკრულები უნდა გადაელახა, ცასთან ახლოს მდებარე მდელოებამდე უნდა მიეღწია, რათა ყვავილი მოეკრიფა და შეყვარებულისათვის მიეტანა, ამიტომ ედელვაისი შუა საუკუნეების დროინდელ თქმულებებში თავდადების, თავგანწირული ძალისხმევისა და გულადობის სიმბოლო გახლდათ. ბარონი ფონ ტრაპი თავისი სიმღერით თითქოს მიანიშნებს ნაცისტებს, რომ ავსტრიელები თავდადებული ხალხი არიან, რომელთაც შეუძლიათ ბევრს გაუძლონ და დიდი შრომისა თუ ტანჯვის ფასად ბოლოს მაინც მიაღწიონ თავიანთ მიზანს. კაპიტანი თავის ხალხს უწინასწარმეტყველებს, რომ წინ დიდი განსაცდელი ელით, რომელსაც ედელვაისთან ხელახალი შეხვედრის რწმენით მაინც უნდა გაუძლონ.
ედელვაისი ჩვენი ენძელას ნათესავია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ორივე მცენარეს თოვლში, ყინვაში, ყინულის ქვეშ შეუძლია სიცოცხლის მოპოვება და საშინელ ბუნებრივ პირობებთან ბრძოლა. ედელვაისი წინააღმდეგობის სიმბოლოა და ავსტრიელთა ერთი ნაწილი მართლაც აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, რათა სამშობლო ნაცისტების ბატონობისგან გაეთავისუფლებინათ.
ერთი სიტყვით, ტრაპების ოჯახმა „ედელვაისის“ შესრულებით პროტესტი და წინააღმდეგობაც გამოხატა, ხალხს თავიანთი სამშობლოს განსაკუთრებულობაც შეახსენა და დაპყრობილ ქვეყანას იმედიც გაუნაწილა. რაც მთავარია, ზალცბურგის ფესტივალზე ყველამ იგრძნო, რომ ავსტრია დამოუკიდებელი ქვეყანაა და არა გერმანიის ნაწილი, „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“.
საბავშვო მიუზიკლში, ზღაპრული შინაარსის ნაწარმოებში, საყვარელ სიმღერაშიც კი შეიძლება ასეთი საგულისხმო პოლიტიკური ნიშნებისა და გზავნილების მოჩხრეკა. ალბათ, ამიტომ ეგონა, არც თუ ისე განათლებულ და ნაკითხ პრეზიდენტ რეიგანს „ედელვაისი“ ავსტრიის ეროვნული ჰიმნი.
რამ გამახსენა „ედელვაისი“ და მის ტექსტში თავმოყრილი ღირებულებები?
ბოლო ხუთი წელია ინტენსიურად ვაკვირდები და ერთგვარად ვმონაწილეობ კიდეც სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაღაროში მდებარე შაბათ-კვირის სკოლის მუშაობაში.
გასული სემესტრის განმავლობაში სოლომონ დოდაშვილის ცენტრის უმცროსკურსელები უცნაურად ერთობოდნენ. მაგალითად, ერთხელ კონკრეტულ კვირას „კატის კვირა“ უწოდეს. ჯერ ხალხურ და საბავშვო ლექსებში დაიწყეს კატების ძებნა, შემდეგ კატა პერსონაჟთა ბუნებისა და ფუნქციის შესახებ მსჯელობდნენ, კვირის მიწურულს კატების შესახებ დაწერილი სიმღერები მოამზადეს და შეასრულეს, შიგადაშიგ ეზოში მცხოვრები კატების ნირს აკვირდებოდნენ და აღწერდნენ, ხატვის გაკვეთილზე კატებით ააჭრელეს სახატავი რვეულები თუ მუყაოს ფურცლები…
თუ ყველაფერი კარგად იქნა, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დროის მოკლე მონაკვეთი „ედელვაისის კვირად“ გამოცხადდეს. სამოქალაქო განათლების, ბოტანიკის, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებს შევკრებ და ამ უმშვენიერესი ყვავილის მრავალსახოვნების შესახებ მოვუყვები ჩვენს მოსწავლეებს.


