ცოტა ხნის წინ, ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ ნათაძის მემუარების მოძიება მთხოვა. წიგნი სტუდენტობის პერიოდში წავიკითხე, მეგონა, რომ ელექტრონული ვერსია მქონდა, შორეულ თაროზეც მეგულებოდა შესაბამისი ეგზემპლიარი. ვერც ფაილს მივაგენი, ვერც წიგნს. არ მინდოდა ინტერესით სავსე ადამიანისთვის იმედის გაცრუება, ამიტომ ფილოსოფოსის პუბლიკაციის ძიება დავიწყე.
წიგნს ბ-ნი ალეკო ალადაშვილის დახმარებით მივაკვლიე. რა ბედნიერებაა, რომ მისი მსგავსი იდეალისტები ჯერ კიდევ არსებობენ თანამედროვე, გულგრილ სამყაროში. ბ-ნი ალადაშვილი ყველაფერს იკლებს და წარმოუდგენელი შრომისა თუ უზარმაზარი ვალის ხარჯზე მაინც ამუშავებს პატარა, არაკომერციულ გამომცემლობას, რომელიც ფილოსოფიურ წიგნებს აქვეყნებს. თავდადებული გამომცემლის ძალისხმევის შედეგად სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს უამრავი ავტორის წაკითხვისა და გააზრების შესაძლებლობა ეძლევათ. შოპენჰაუერი და ჰეგელი, სპინოზა და ლაო ძი, დელიოზი და ბურდიე – ვის არ აღმოაჩენთ ფილოსოფიაზე შეყვარებული ადამიანის მიერ დამუშავებულ მოაზროვნეთა შორის.
ბ-ნ ალეკოსვე მოუმზადებია ნოდარ ნათაძის წიგნის ახალი, არაკომერციული, მეგობრებს შორის გასავრცელებელი გამოცემაც. გამიმართლა და ერთი ეგზემპლიარი ხელში ჩავიგდე. ცხადია, გულმა ვერ მომითმინა და სანამ წიგნს ქ-ნ თამარს გადავულოცავდი, ნაცნობ გვერდებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი.
ნოდარ ნათაძე უაღრესად მრავალმხრივი ადამიანი გახლდათ. სწავლობდა ლიტერატურას, ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას. გახლდათ გამორჩეული რუსთველოლოგი, ქართველი მოსწავლეები დღემდე ემადლიერებიან მას „ვეფხისტყაოსნის“ ქარაგმების ამოხსნისა და მოზარდთათვის მიწოდებისთვის. ბ-ნი ნოდარი პოლიგლოტიც იყო, თავისუფლად მუშაობდა რამდენიმე ევროპულ ენაზე.
მემუარების უმსხვილესი ტომი აღბეჭდილია ნათაძის მრავალფეროვანი ცოდნითა და ინტელექტით, საკითხთა მეცნიერული ხედვით. მიუხედავად მისი, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი და ხისტი იდეოლოგიური პოზიციებისა, წიგნს მაინც შენარჩუნებული აქვს მეტ-ნაკლებად აკადემიური და ანალიტიკური ელფერი.
რატომ შეიძლება იყოს საინტერესო სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებისთვის თუ მათი მოსწავლეებისთვის უზენაესი საბჭოს წევრის მოგონებები?
ცხადია, კითხვაზე პასუხად ათობით მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ მახასიათებელზე გავამახვილებ.
ჩემი კარადა სავსეა ბიოგრაფიული ლიტერატურით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვალდებული ვარ, რომ თანამედროვე საქართველოს, საქართველოს მეორე რესპუბლიკის შესახებ დაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ნაშრომი წავიკითხო. 80-90-იანი წლების მრავალ ფიგურასთან კვლევითი ინტერვიუების დროს პირადადაც მისაუბრია.
არც წიგნებში და არც ინტერვიუების გაშიფვრის დროს არ შემხვედრია აქტიური მოღვაწე, რომელიც ცდილობს გაანალიზოს „პერესტროიკის“ ეპოქის საქართველოს სოციალური სტრუქტურა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა მხოლოდ პირად ამბებს იხსენებს, საკუთარი შეცდომების გამართლებით, მოვლენების ხელახლა გადაწერით არის დაკავებული. მათთვის სრულიად უცნობია სოციოლოგიის ყველაზე მარტივი და ზოგადი წესებიც კი.
ბ-ნი ნოდარი მათგან რადიკალურად განსხვავდება და წიგნში „რაც ვიცი“ დაწვრილებით განიხილავს საქართველოს სოციალურ კომპოზიციას. ცხადია, ქართული რენესანსის მკვლევარი სოციალური მოვლენების შეფასებისას ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევებით არ ხელმძღვანელობს, მაგრამ, მგონი, უახლესი ისტორიითა და სამოქალაქო კულტურის გააზრებით დაინტერესებული პირებისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს მეცნიერის დაკვირვებები.
ჰეგელის მთარგმნელის აზრით, გასული საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის მიჯნაზე საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სოციალური ჯგუფი – ტიტულოვანი (ნომენკლატურული) ინტელიგენცია გახლდათ. ეს ჯგუფი სტალინურმა და პოსტ-სტალინურმა სახელმწიფომ სპეციალურად შექმნა, რათა მის წინაშე არსებული მეცნიერული, იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური ამოცანები გადაეწყვიტა, ხელისუფლების პრესტიჟზე ეზრუნა. ინტელიგენციის ნაწილს ნამდვილი, მაღალი რანგის მეცნიერები და ხელოვანები წარმოადგენდნენ. თუმცა, სოციალური ჯგუფი გაზავებული იყო „უნიჭოთა და ავანტიურისტთა მლიქვნელურ და მორჩილ მასაში“. კონფორმისტულ ძალას ყოველთვის ეშინოდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ახალი ხელისუფლება და მისი მიმდევარი, ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი მასა მას გაანადგურებდა, მასზე შურს იძიებდა. აქედან გამომდინარე, აპოლიტიკური ინტელიგენცია „პერესტროიკასაც“ და ანტიკომუნისტურ მოძრაობასაც განსაკუთრებული შიშით შეეგება.
„ნათაძის თეორიაში“ ყველაზე საინტერესო მაინც მეორე ჯგუფია. მას ავტორი არაფორმალურად პრივილეგირებულთა ფენას უწოდებს. ეს ფენა საკმაოდ ეკლექტური და მრავალფეროვანია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა კონგლომერატები ირიცხებიან.
ბ-ნი ნოდარი ბრწყინვალედ აღწერს უჩეულო სოციალურ ფენომენს: „მხედველობაში მყავს თბილისისა და სხვა ქალაქების ის ნაწილი, რომელიც ახალგაზრდობაში ერთგვარი არაფორმალური ელიტარულობის პრეტენზიით ცხოვრობს თავისი შედარებით მეტი „გამოსულობის“, თავისი „უბნური“ ან სხვა პრესტიჟის, თავისი შედარებით ფართო ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სხვა ანალოგიური მახასიათებლების საფუძველზე… იგი ჩვეულებრივ დიდი მადითა და ამ მადასთან შედარებით ნაკლები ქმედითუნარიანობით ხასიათდება ხოლმე, რაც ასაკის მატებასთან ერთად ნახევრად წესიერ საქმიანობაში ჩაბმის სტიმულად ექცევა ხოლმე“. ფილოსოფოსი ენამოსწრებულად მიგვანიშნებს „ძველი ბიჭების“, „ოქროს ახალგაზრდებისა“ და „ნაწილობრივ უსაქმურობაზე დამყარებულ ფულის მკეთებელთა“ ალიანსზე, რომლის წევრებს საერთო ბიოგრაფიული ფონი, „ჩაწყობა-დამოყვრების“ ქსელი და სხვებთან შედარებით უფრო დიდი სოციალური კაპიტალი აერთიანებთ. ამ ფენას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სოციალიზმისდროინდელი ქართული „ბურჟუაზია“, შეძლებულთა და (პოტენციურ) თაღლითთა ერთობა, რომელიც ცდილობს მთლად ბოლომდე არ გაიწყვიტოს „შუბლის ძარღვი“ და შეინარჩუნოს რაინდობის უმცირესი ნიშნები მაინც. ვინმეს ასე ზუსტად და ლაკონიურად დაუხასიათებია გასული საუკუნის საქართველოში მოქმედი ეს უცნაური ჯგუფი?
„სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი საზოგადოების მხოლოდ ნაკლოვან ელემენტებზე არ მოგვითხრობს. იგი გატაცებით წერს ე.წ. „ნამდვილი ელიტის“ თაობაზე, რომელსაც ამგვარად განმარტავს: „სულიერი და გონების არისტოკრატია“, მასში შედის ყველა გონიერი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ადამიანი ნებისმიერი ფენიდან, არ აქვს მნიშვნელობა იგი ფიზიკურ შრომას ეწევა თუ ინტელექტუალურს. ამ კალათაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, უპრივილეგიო და უორდენო მეცნიერები და ხელოვანები, მწერლები და ლიტერატორები, ადამიანები, რომლებიც ძირითადად ოფიციალურ ხელფასზე ცხოვრობდნენ. ავტორის აზრით, „სულიერი და გონების არისტოკრატია“ ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა „მრავალსვლიანი და უანგარო ჭადრაკისთვის“, „მრავალსვლიანი და მრავალროლიანი პოლიტიკისთვის“, რომელსაც საქართველოს ომებისგან და სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისგან გადარჩენა შეეძლო.
წიგნში „რაც ვიცი“ საზოგადოების 60% ფართო მასად არის მოხსენიებული. ფილოსოფოსის მტკიცებით, ეს იყო ეროვნულად და სოციალურად უკიდურესად დათრგუნული, შინაგანად დამცირებული, სირცხვილის გრძნობით გატანჯული მასა, რომელიც ეძებდა შანსს საბჭოთა ეპოქაში მიღებული ტრავმებისგან გამიჯვნისა, ლაქების ჩამორეცხვისა.
ნოდარ ნათაძე, როგორც ნამდვილი მოაზროვნე, თავადვე აყენებს ეჭვქვეშ საკუთარ თეორიას: „ეკონომიკურად ნაკლებად დიფერენცირებულ საზოგადოებაში, რომელშიც ვიყავით და დღესაც ვართ, ფენათა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთგამოყოფის ეკონომიკური და, საერთოდ, ობიექტური ხაზები იმდენად ღრმა არ არის, რომ თაობიდან თაობას გადაეცემოდეს და ე.წ. რეალური ჯგუფური ინტერესი შექმნას“. მაშასადამე, ავტორი თავადაც ხვდება, რომ მის მიერვე შემოთავაზებული დაყოფა ძალიან მყიფე და არამდგრადია, მაგრამ მაინც გვთავაზობს ხედვას, რომელიც თანამედროვეებს ქარიშხლიანი პერიოდის გააზრებაში დაგვეხმარება.
არ არის საკმარისი მხოლოდ ბრალდებებსა და ლიდერებზე მსჯელობა, თუ გვინდა რაიმე გავუგოთ ისტორიის ჩარხის ტრიალს, მაშინ წარსულში სოციალური ფენები და მათი ეკონომიკური ინტერესებიც უნდა აღმოვაჩინოთ.
ეს მიდგომა კი სკოლის ასაკიდანვე გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს.


