ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

საახალწლო ფიქრები

წლის შეჯამებას არ ვწერ ხოლმე და ყოველი დეკემბრის ბოლოს ფეისბუქპოსტებში ჩამოწიკწიკებული სიების წაკითხვაც მეზარება, მაგრამ ეს წელი გზაგასაყარია ჩემთვის – თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მომავალი წლიდან სრულიად სხვა ცხოვრება მექნება (და ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით – ამისი მჯერა). ჰოდა, მეც შევამაჯამებ ამ წელს, რატომაც არა:

მოვასწარი ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა, რამაც შეარყია ჩემი ისედაც შერყეული ჯანმრთელობა. დამრჩა კარგი, უსიამოვნო, შიშისმომგვრელი და სიხარულიანი მოგონებები, ასევე – ფოტო- და ვიდეომასალა. ჩემი საყვარელი კადრი მაინც ისაა, ადვენტის პირველ კვირას მე რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (უფრო სწორად, მის ძველ შენობასთან) ვიდექი, ცოტანი რომ ვიყავით და ანთებული ტელეფონის ფარნებით მომავალი ხალხი რუსთაველიდან რომ შემოგვეშველა. ეგ კადრი მახსოვს, ციმციმა სინათლეების შემოსვლის, და ლეგენდარული ბანერი, ლამის ყველა აქციაზე ნამყოფი: „არ გაჩერდება ხალხის მდინარე“.

მოვასწარი ახალი რომანის დაწერა, რომელიც, წესითა და რიგით, საფოსეული საშინელების ჟანრისაა, ცოტა სხეულებრივი საშინელების ელემენტებით. პირველი მკითხველები წიგნის კლუბის წევრები იყვნენ, რომელთა შორისაც ახლა უკვე ორი მწერალია (ჩემი ჩათვლით სამი, მაგრამ ჩემს თავს არ ვთვლი). მოეწონათ. რაც ჩაფიქრებული მქონდა, გამომსვლია. დაგვატრიგერაო, მითხრეს.

მოვასწარი, ღმერთმა იცის, რამდენი წიგნის წაკითხვა (ეს ფრაზა უნდა ბოლოვდებოდეს აღნავლებული ემოჯით, ცრემლი ორ ნაკადულად რომ მოსდის), რადგან პირველად ვიყავი ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში. ამას წინათ, კლუბის შეკრებაზე, ერთმა მწერალმა მკითხა, ისე, მაგ ამბავში რატომ გაეხვიეო.

რა ვიცი-მეთქი, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა, მენახა, რა იწერება, როგორ…

ააჰაააო, – და ეს ისე თქვა, მივხვდი, რომ არცთუ დამაჯერებელი არგუმენტი მოვუყვანე.

კი, პასუხისმგებლობის მეშინოდა. სანამ დავთანხმდებოდი, ვიფიქრე, ყველაფერი ავწონ-დავწონე. ბოლოს გადავწყვიტე: თუ დოქტორანტურაში სწავლა მინდა, ასეთ არაადამიანურ დატვირთვას უნდა შევეჩვიო.

შედეგი ის იყო, რომ ბოლოს კითხვისგან გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა (პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ ამას). ასევე, თვეებია, ვეღარაფერს ვკითხულობ (მიმთავრდება ეგ პერიოდი – შეწყვეტილ წიგნებს დავუბრუნდი სამი დღის წინ და მესიამოვნა).

იყო წიგნები, რომლებიც ობიექტურად არ ვარგოდა. იყო აგრეთვე ცნობილი ავტორების ხარვეზიანი წიგნები – ესენი განსაკუთრებული ყურადღებით წავიკითხე, თავიდან ბოლომდე, რასაკვირველია. რომელიმე ავტორს პრეტენზიით რომ მოეწერა, მოკლე სიაში რატომ არ მოხვდა ჩემი წიგნიო, სულ გვერდისა და აბზაცის მითითებით ჩამოვურაკრაკებდი, სად რა შეცდომა გაეპარა.

მაგრამ არავის მოუწერია (კიდევ კარგი).

ამ წელს კვლავინდებურად განვაგრძე ჩემი ნაცნობი ამერიკელი პროფესორის დახმარება და საზღვარგარეთის აკადემიურ წრეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზებისთვის ჩემი პატარა საქმე გავაკეთე.

ამ წელს გადავიბარე ეკლესიის საქმეც, მუსიკალური დირექტორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის. არ მინდოდა ლიდერული პოზიცია სამრევლოში, რაც შემეძლო, ფეხი ვითრიე და კარგი გაკვეთილიც ვისწავლე – ღმერთს სადაც უნდა, მაინც იქ დაგაყენებს. ამიტომ უმჯობესია, რეალობა დროულად მიიღო და როცა რაღაცას გთავაზობენ, დათანხმდე.

ვწერე აუარებელი იმეილი, სამოტივაციო წერილი და პირადი ესე.

განვაგრძე ფრანგულის სწავლა, ოღონდ ახლა უკვე მასწავლებელთან. მივხვდი, რომ ეს აქამდეც უნდა მექნა – ამდენს აღარ ვიწვალებდი.

გავიჩინე რამდენიმე ახალი გატაცება ან, უფრო ზუსტად, გავიხსენე ძველები: ვიყიდე ხიდი ვიოლინოსათვის, რამდენიმე კარგი კალამი, რადგან ხელით წერას დავუბრუნდი და კოლექციონერობის ვნებამაც ხელახლა შემომიტია. ვცადე ბედი კალიგრაფიაშიც. დარწმუნებული ვარ, კალიგრაფთა ასოციაციას არცერთ ვორკშოპზე არ ჰყოლია ჩემზე უსაშველოდ ჩანჩალა მოწაფე.

რაც შეეხება კულინარიულ თავგადასავლებს, ყველაფერი თავზე მეყარა და გოგრის სანელებლებიანი ლატე წელს არ დამილევია (ტრადიციულად, შემოდგომაზე ვსვამ ხოლმე. საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია, არ მახსოვს). სამაგიეროდ, გავსინჯე რამენი და დავმწუხრდი, რომ რამინი არ მქვია, თორემ ხომ გავხსნიდი სარამენეს სახელად „რამინის რამენს“. წიგნის კლუბის ხალხი მეუბნება, ეგ ისედაც შეგვიძლია – ძაან არ გაიგონ ახლა, რამინი გვქვია რომელიმეს თუ არაო. ალბათ, მართლები არიან.

დაბოლოს, მოვიგე ჰარვარდის Black Sea Lab-ის კონკურსი: ფოტოს მიხედვით ლექსი დავწერე, რომელიც, წესით, ციფრულ არქივში უნდა გადაეტანათ. ჯერ არ გადაუტანიათ და გამოქვეყნებას როდის აპირებენ, არ ვიცი.

მოკლედ, ძალიან დაკავებული წელი მქონდა, სტრესულიც კი. ორ ფესტივალზე ვიყავი (ბულგარეთსა და სომხეთში), კარგი დღეებიც იყო და შესანიშნავი მეგობრებიც შევიძინე, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე მაინც მძიმე გამოდგა.

ახალი წლის სიახლეებისა იყოს! ეგებ ამ წელმა მაინც მოგიტანოს სიკეთე, ჩემო ქვეყანავ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“