ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
30 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

მოლეკულურ კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლებების სწავლებისას

0

როგორ ვახდენთ ფიზიკის გაკვეთილზე ძირითადი ამოცანის დაზუსტებას, განზოგადებას და გადაწყვეტას.  

მოლეკულურ – კინეტიკური თეორია (მ კ თ), თერმოდინამიკა,  სითბური  მოვლენები ფიზიკის ის განყოფილებებია, რომელთა  ცოდნა  აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის.

სტატი ვრცლად

მოლეკულურ კინეტიკური თეორია

ზაფხულის ხვატში წასაკითხი წიგნები

0

საზაფხულო წიგნების რამდენიმე შესანიშნავი სია ვნახე. თუ თქვენ ჯერ არ მოგიკრავთ თვალი, გირჩევთ, გამომცემლობების სიებს ჩახედოთ. თუმცა ყველა ამ სიას აქვს ერთი ნაკლი: წლევანდელი ზაფხულის აუტანლად მაღალ ტემპერატურას არცერთი არ ითვალისწინებს. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს ხარვეზი გამოვასწორო და ჩემი სია შეგიდგინეთ.

ჩემი აზრით, საზაფხულო წიგნები იყოფა ორ კატეგორიად: წიგნები, რომლებშიც ცხელა და წიგნები, რომლებშიც გრილა. პირველი იმისთვის, რომ თქვენზე უარეს დღეში ჩავარდნილმა პერსონაჟმა შვება მოგგვაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ ალტერნატიულ რეალობაში მაინც ისუნთქოთ თავისუფლად.

მაშ, ასე:

წიგნები, რომლებშიც ცხელა:

  1. ჯ.მ. კუტზეე, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“ – ეს წიგნი წლების წინ მაქვს წაკითხული. სიუჟეტი კარგად არ მახსოვს, მხოლოდ სიცხე და მაიკლ კეი – ეს შავკანიანი კაცი, მარტო შრომობს (გოგრას თესავს), ოფლი წურწურით ჩამოსდის და რომელსაც, რამდენიმე დღის უჭმელს, შიმშილს რძე დაუცხრობს. კიდევ ის მახსოვს, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს. დედა ვერ დადის, მაიკლი საკაცეზე დაწვენილს ხელით ატარებს. ამ გზის აღწერა, დედა-შვილი რომ ერთად გაივლის, წიგნის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია.
  2. ფერნანდა მელჩორი, „პარადაისი“, – ბოლო დროის ლიტერატურული აღმოჩენებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძაფრი ტექსტია ჩემთვის. მისი თემა სისასტიკეა, სისასტიკე, რომელიც არაფრიდან გამომდინარეობს და არც არაფერს ისახავს მიზნად. ეს ორი არასრულწლოვანის გულუბრყვილო ჩანაფიქრია, რომელიც მათდა უნებურად საშინელი ტრაგედიით მთავრდება. ამ ერთი ციცქნა წიგნის სტრუქტურა ცალკე იმსახურებს ყურადღებასა და აღფრთოვანებას – კითხვისას აუცილებლად დააკვირდით ამბავი ამბავს როგორ ებმის და როგორაა თხრობა გაშლილი დროში.
  3. ფრანსუაზ საგანი, „სალამი, სევდავ!“ – როგორც მახსოვს, აქ ზაფხული, ზღვა, პლაჟი და პირველი სიყვარულია. სხვა რა უნდა საზაფხულო საკითხავს? თან წინა ორი ტექსტის მერე რამე მსუბუქი და ლაღი დაგჭირდებათ. ფრანსუაზ საგანი, ამ მხრივ, იდეალურია.
  4. უილიამ ფოლკნერი, „სული რომ ამომდიოდა“ – მაგრამ თუ ამოსუნთქვა არ გინდათ და პირიქით, გინდათ, ბოლომდე ამოგხდეთ სული, ფოლკნერის ეს რომანი (და, თუ სამართლიანი ვიქნებით, სხვებიც), საამისოდ ზედგამოჭრილია. ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს ლიტერატურაა, ლიტერატურაში კი ადამიანის დამარხვაც შეიძლება ძალიან, ძალიან დიდ პრობლემად იქცეს…

წიგნები, რომლებშიც გრილა:

  1. უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“, – რამდენი ხანია, ამ წიგნთან მიბრუნება მინდა! წიგნთან, რომელმაც დაასრულა დეტექტივი, როგორც ჟანრი. გვიანი შემოდგომის სუსხიანი დღეებია, შუა საუკუნეების მონასტერი, ციხე-სიმაგრე და ქვის კედლები. დილაბინდზე ლოცვა იწყება, გაყინულ ტაძარში ბერებს თვალები ელულებათ, ამავდროულად, კი ვიღაც უმოწყალოდ ხოცავს საძმოს წევრებს, სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით.

თუ ისტორია და თეოლოგია გიტაცებთ, ეს წიგნი თქვენთვის ორმაგად სასიამოვნო წასაკითხი იქნება. მაგრამ, მეეჭვება, გიტაცებდეთ. საერთოდ, ვისაც ვურჩიე, პირველ ას გვერდს ვერავინ გასცდა. ჰოდა, თქვენ იცით და თქვენმა ქალობამ (კაცობამ)!

  1. ზაირა არსენიშვილი, „ვა, სოფელო…“ – ზამთარია, მიმქრალ ბუხართან, ნესტიან სარდაფში, ჭუჭყში, მიცვალებული ასვენია, ორი ქალი კი ღამეს უთევს: ბებია და შვილიშვილი. კუბო გამთენიისას მოაქვთ. მიცვალებულის ჩასვენებაც ერთი წვალებაა მთელი ღამის უძინარი და უჭმელი შვილიშვილისთვის, მაგრამ ბებიას ვერ ეწინააღმდეგება. სანამ გარეთ თოვლი დევს, ბებია უამბობს შვილიშვილს მძიმე წარსულის ამბავს: საბჭოთა რეპრესიები, დასმენები, დაპატიმრებები, სიყვარული, სიძულვილი, შური… რომანს თუ წერ, ქარგაც ასეთი უნდა!
  2. ლეილა ბეროშვილი, „ცაზე მთვარე მიცურავდა“ – ამ მოთხრობებშიც გვარიანად თოვს, წვიმს და ქუხს, საერთოდ, ზამთრისპირის ტექსტებია, ზამთრისპირული ამბებით, რომლებშიც დედა ერთს გახედავს თავის პატარა ბიჭს და გაიფიქრებს: „რა ვქენი ეს, რამ გამაჩენინა ეს მამაძაღლიშვილიო“ („მარიამი“), პატარა გოგო კი თავის სიკვდილს წარმოიდგენს და თავი ეცოდება („ევა“). აქვეა „ლილიც“ – სიყვარულზე დაწერილი მოთხრობებიდან სულ რამდენიმეა, არასდროს რომ არ გავიწყდება და „ლილი“ უთუოდ მათ შორისაა.

დამატებითი რჩევა:

საგრილობლად პოეზიაც კარგია. გირჩევთ ანდრეა გიბსონს. სულ ახლახან გარდაიცვალა და თუ მის ინტერვიუებსაც მოუსმენთ, მიხვდებით, რამხელა დანაკლისია მისი გარდაცვალება, მხოლოდ ლიტერატურისთვის კი არა, ცხოვრებისთვისაც…

სიცილია

0

სტუდენტებს ვკითხე, რა სმენოდათ სიცილიის შესახებ. უმრავლესობამ ერთადერთი სიტყვა მითხრა:

– მაფია…

დიახ, მაფია სიცილიაზე ჩაისახა და განვითარდა. კიდევ რამე მითხარით-მეთქი. სხვა ვერაფერი თქვეს.

აი, მაგალითად, არქიმედე მშობლიურ ქალაქ სირაკუზას ამობურცული სარკეებით იცავდა, იცოდით?

„სიცილიური თავდაცვა“? ჭადრაკში არ არის? დიახ, არაბების მრავალხნიანი ბატონობის გავლენით, შუა საუკუნეებში სიცილია ჭადრაკის ცენტრი იყო.

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე სიცილია ერთი დიდი კუნძულია. გასაგებია, რომ დღეს იტალიის ნაწილია. მანამდე, სიცილიის დასაკუთრება სცადა ყველამ, მაგ. ვიკინგებმა. აი, სად სიცილია და სად დანია, მაგრამ არ დაეზარათ.

ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ბერძნები კუნძულს სამკუთხედის ფორმის გამო „სამკუთხედს-ტრინაკრიუმს“ ეძახდნენ. ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია. ზოგჯერ კუნძულს „სიროკო“-საჰარის ქარი სტუმრობს. ადრე სიცილიაზე ბევრი ტყე ყოფილა, მერე რომაელებსა და სხვა კოლონიზატორებს აუჩეხიათ, რათა სასოფლო სამეურნეო მიწებად გადაეკეთებინათ.

კუნძულის 80% ბორცვები და მთებია, რომელთა უმაღლეს წერტილად ვულკანი „ეტნა“ ითვლება. ეს კუნძული ისტორიული მონაცემებით 200-ზე მეტჯერ ამოფრქვეულა. დღესაც აქტიურია და მისი სიმაღლე სულ იცვლება. ძველბერძნულ მითებში ნაყოფიერების ქალღმერთი პერსეფონე ჰეპესტოსმა სიცილიაზე მოიტაცა და მიწისქვეშა სამყაროში წაიყვანა.

ეტნა ჰეფესტოსის სამჭედლოს ჩიბუხია. პერსეფონე ყოველ წელს ბრუნდება მიწაზე და თან ბუნების გამოღვიძება მოაქვს. ბერძნებმა კუნძულზე ყოფნისას მონეტის გამოშვება დაიწყეს, ეს იყო მედუზას თავი, საიდანაც სამი მორბენალი ფეხი გამოდიოდა. ეს ფეხები სამკუთხედ კუნძულს და ბუნების მუდმივ მოძრაობას ასახავდნენ. ეს სიმბოლო დღესაც ამშვენებს სიცილიის დროშას.

წეღანაც ვახსენე, მათემატიკის ფუძემდებელი არქიმედე სიცილიელი გახლდათ. დაიბადა და გარდაიცვალა სირაკუზაზე – სიცილიის მთავარ ქალაქში. ეს ბერძნების ერთ-ერთი მთავარი ქალაქიც იყო მისინას შემდეგ. ჩვ. წ.ა. მესამე საუკუნეში, არქიმედეს დროს, სირაკუზა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ბერძნულ ქალაქად ითვლებოდა. გასაგებია, რომ ბერძნები კოლონიზატორები იყვნენ, მოვიდნენ, დაიპყრეს და იპარპაშეს. თუმცა, თეატრები, ტაძრები, წყალგაყვანილობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მოწყობილი. აი, სიმშვიდე არ ჰქონიათ. ბერძნული ქალაქი სახელმწიფოები მუდმივ ომში იყვნენ კართაგენლებთან.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“ – გსმენიათ, არა? ეს კატონ უფროსი გუგუნებდა რომის სენატში. ჰოდა, მანამდე იბუბუნა, სანამ მესამე პუნიკური ომი არ წამოიწყო. პუნიკური ომები (ძვ. წ. 264-ძვ.წ. 146) რომსა და კართაგენს შორის მძვინვარებდა. რომაელები კართაგენლებს პუნებს უწოდებდნენ, აქედან მოდის ეს სიტყვაც „პუნიკური“.

პირველი პუნიკური ომი კი სწორედ სიცილიის დასაპყრობად გაიმართა. მეორე პუნიკური ომის დროს რომაელებმა სირაკუზას ალყა შემოარტყეს. არქიმედე მშობლიური ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა. შექმნა სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის უზარმაზარი კაუჭი, რომელიც დიდ ზამბარებზე ტრიალებდა – „არქიმედეს ბრჭყალი“. ეს მოწყობილობა მტრის გემებს იღებდა წყლიდან და შორს მოისროდა ხოლმე. ლეგენდის თანახმად, მან ასევე შექმნა უზარმაზარი ამობურცული სარკე (სარკეები), რომლებიც მზის სხივებს ირეკლავდნენ და მტრის ხომალდების აფრებს ცეცხლის ალში ხვევდნენ. სხვები ამბობენ – რა სარკეებიო, კაცო, „ბერძნულ ცეცხლს“ უშენდნენ სირაკუზადანო.

სირაკუზა მაინც აიღეს. 78 წლის არქიმედე თავის სახლში მორიგ ნახაზზე მუშაობდა, როცა მასთან რომაელი ჯარისკაცი შეიჭრა. არქიმედემ დაუყვირა: „Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავდა, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს. ჯარისკაცმა ან ვერ გაიგო, რა უთხრეს, ან ნეტა ერთი შენო, იფიქრა და ადგილზე განგმირა არქიმედე.

სიცილია პირველი რომაული პროვინცია იყო. იგი შემდეგი 600 წლის განმავლობაში რომს ამარაგებდა მარცვლით, ზეთის ხილითა და ღვინით. რომაელების პატრონობა სიცილიაზე იქ არაბების მისვლით დასრულდა. არაბებს იმ დროისთვის ჩრდილოეთ აფრიკა უკვე დამორჩილებული ჰქონდათ.

826 წელს ვინმე ევფიმიუსმა, რომელიც სიცილიაზე ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა, ერთი მონაზონი შეიყვარა. მანამდე ცოლი მოკლა და ეს მონაზონი აიძულა, მისი ახალი ცოლი გამხდარიყო. იმდროინდელმა იმპერატორმა მიხეილ მეორემ რომ ეს შეიტყო, გაბრაზდა, ქორწინება ბათილად ცნო და ევფიმიუსს ცხვირი მოაჭრა. ესეც აფრიკაში გაიქცა, იქ არაბებს ამბავი მიუტანა. იმათაც რა ენაღვლებოდათ, საბაბი ნახეს და სიცილიისკენ დაიძრნენ. 902 წელს მთელი სიცილია არაბების ხელში გადავიდა. პალერმო კი სიცილიური ემირატის დედაქალაქი გახდა. ევროპამ შაქარი მანამდე ვერ გაიცნო, სანამ კოლუბმმა ამერიკა არ აღმოაჩინა. აი, სიცილიაზე კი ძველი დროიდან იცოდნენ შაქარი.

მეთერთმეტე საუკუნეში, სიცილია არაბებს ნორმანდიელებმა წაართვეს. ამავე დროს, ბიზანტიელებს იტალიის სამხრეთი მოსტაცეს. წარმოიქმნა სამეფო – სიცილია, რომელიც 12-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი ევროპული სახელმწიფო გახდა. სიცილიის მეფე ფლობდა აფრიკის ნაწილს და იტალიური „ჩექმის“ ნახევარს. ანჟუს მეფე კარლოს პირველმა სცადა სიცილიის მეფის დაჩაგვრა, მაგრამ არ გამოუვიდა, აჯანყებამ ჩაახშო მისი მცდელობა.

ზემოთ დავწერე სიცილია მარცვლეული კულტურების სერიოზული მწარმოებელი გახდა-მეთქი. ალბათ, აქედან არის იმის გავლენაც, რომ შემდეგ ამ მარცვლეულიდან ბლომად პასტა დაამზადეს.

წარმოვიდგინოთ, რომ პასტის (იგივე მაკარონის) სალათას გეახლებით. შემადგენლობა – მაკარონი, მაიონეზი, ძმარი, ბოსტნეული, მდოგვი. ფაქტობრივად ნარევი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შედგება ბევრი კომპონენტისგან, სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს თავის ქიმიურ თვისებებსა და შედგენილობას.

ასეთივე ნარევის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტალახი, სადაც წყალი და მიწაა შერეული, მაგრამ თითოეულს თავისი შემადგენლობა შენარჩუნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიწის რაღაც კომპონენტები შეიძლება წყალში გაიხსნას.

ან, მაგ. გოგირდსა და რკინას თუ უბრალოდ ერთმანეთში შევურევთ, მხოლოდ ნარევს მივიღებთ.

და თუ გავაცხელებთ, უკვე ახალო ნაერთი წარმოიქმნება.

აი, მაკარონის სალათა კი ნარევების ნარევი გამოდის, რადგან მაგ. მაიონეზი და მდოგვი, თავად წარმოადგენენ ნარევებს. ე.ი. სამი ტიპის ნარევი შეიძლება გამოვყოთ ამ სალათაში – ხსნარი, კოლოიდი და სუსპენზია. სუსპენზიის მაგალითად მდოგვი მოვიყვანოთ, რადგან ძირითად ფაზაში შეინიშნება მსხვილი შემადგენელი ნაწილაკები – მდოგვის მარცვლები, წიწაკა, სანელებლები, ძმარი და წყალი. ხსნარის შემადგენელი ნაწილაკები მცირე ზომისაა და ფაქტობრივად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მაგ. ძმარი არის ხსნარი, სადაც ძმარმჟავას მოლეკულები შერეულია წყლის მოლეკულებთან. მოლეკულების თვისება არ არის შეცვლილი, უბრალოდ ერთიანად არიან ერთმანეთში გადანაწილებულნი. მარილის წყალხსნარი, ასევე ჭეშმარიტი ხსნარის მაგალითია. კოლოიდები ხსნარებსა და სუსპენზიას შორის შუალედურ ადგილზეა. მაიონეზს დავამზადებთ, თუ ავიღებთ ზეთს, წყალს (და ესენი ერთმანეთს ვერ შეერევიან), თუმცა ემულგატორის მეშვეობით მათი გაერთიანება შეიძლება. მაიონეზის შემთხვევაში ეს ლეციტინია, რომელსაც კვერცხი შეიცავს. ათქვეფილი ნაღები, თმის ლაქი, ქაფპლასტი, ჟელე ასევე კოლოიდები არიან. ახლა, თუ სალათაში შემავალ ბოსტნეულს ჩავშლით ნაწილებად, უამრავი ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება გამოგვივა, რომლებსაც ამ კერძში თავისი პირვანდელი თვისება და შედგენილობა აქვთ შენარჩუნებული. მაგ. აქ იქნება რთული ნახშირწყლები, ცილა ფერმენტები, ვიტამინები და წყალი.

ქიმიურად უკვე ეს ნივთიერებები ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განაგრძობენ გარდაქმნას.

და… თუ თქვენ მეტყვით, რომ ასეთი სალათა მაიონეზის გამო არაჯანსაღია ან კიდევ შეიძლებოდა სხვა ინგრედიენტების დამატება….

მე გიპასუხებთ:

„Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავს, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს.

ოღონდ, არქიმედესავით არ მომკლათ, თქვენი ჭირიმე…

როგორ შევაფასოთ ზეპირმეტყველება ანუ „Speaking“, როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი

0

ცოდნის შეჯამება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას, გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. ამ პროცესის დახვეწა – შეფასების სისტემის ვერიფიკაცია-ვალიდაციის ნაწილია. ის ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელი დავალების კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი მიანიჭეს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ უცხო ენის საგნობრივი ჯგუფისათვის მეტად აქტუალურ თემას, რომელიც ეხება ზეპირმეტყველების (Speaking-ის) კომპეტენციის შეფასებას მოსწავლეთა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მიმოვიხილავთ, განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კათედრაზე, მასწავლებლისა და კათედრის ხელმძღვანელის – სალომე ორმოცაძის მიერ და წარმოადგენს კარგ ნიმუშს სკოლაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების, მასზე ეფექტურად რეაგირების, ინტერვენციების დაგეგმვისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ის წარმოადგენს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ფოკუსირებული თვითშეფასების ფარგლებში შეფასების სანდოობისა და ვალიდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული მასშტაბური კვლევების ნაწილს. ასევე უკვე წარმატებული პრაქტიკა შეიძლება მაგალითის მიმცემი გახდეს სხვა ანალოგიური საჭიროების მქონე სკოლისთვის.

ზოგადი პრობლემის მიმოხილვამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხო ენაში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზეპირმეტყველების კომპეტენციის მნიშვნელობა ენის შესწავლაში დიდია. ის წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს მექანიზმს და მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გრამატიკისა და ლექსიკის მიმართულებით, არამედ წარმოთქმას, ინტონაციას, ტემპს, რეაქციას საუბრისას და სხვ. მაგალითად, British Council-ის კვლევების მიხედვით ინგლისისა და შოტლანდიის ზოგიერთ სკოლაში უცხო ენას ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ენის საკმარისი ცოდნა ან გავლილი არ აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ასევე ბევრ მასწავლებელს არ აქვს სათანადო მეტყველების უნარები, რაც ამცირებს მათ თავდაჯერებულობას და აფერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ამ პირობებში მასწავლებლები ხშირად გადადიან გრამატიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელზე, რაც ზღუდავს მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზეპირმეტყველების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ენის სწავლებისას პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბარიერები, რომლებიც უკავშირდება ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს (ენის შფოთვა და ნაკლები თავდაჯერება), ლინგვისტურ სირთულეებს (ლექსიკის სიმცირე და გრამატიკული სისუსტე), პრობლემებს გამოთქმასა და ინტონაციასთან დაკავშირებით და პრაქტიკის ნაკლებობას. პრაქტიკის ნაკლებობა მაინც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოიყოს, რადგან ის წარმოადგენს გასაღებს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ლინგვისტურ სირთულეებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად მიმართავენ დიალოგების, დებატებისა და სხვა ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს აიძულებს აზრი ჩამოაყალიბონ უცხო ენაზე.

მსგავსი საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს მასწავლებლებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს. ამას ამყარებდა სადირექტორო და დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები და მშობელთა უკუკავშირი. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ინგლისურ ენაში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა, სხვადასხვა თემაზე აზრის ჩამოყალიბება და სწორი გამოთქმის/ინტონაციის გამოყენება. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა კვლევა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შემაჯამებელი დავალების ნაწილში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას, რადგან სკოლა შეფასების მეორე მოდელის მიხედვით მუშაობს.

კვლევაში პრობლემის შესწავლისას გამოყენებულ იქნა გამოკითხვა მოსწავლეებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი დავალების დროს ზეპირმეტყველების კომპეტნეციის შეფასება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მრავალრიცხოვანი მოსწავლეების პირობებში ერთი მასწავლებელი ერთ საგაკვეთილო დროში ვერ ახერხებდა მსგავსი ტიპის შემაჯამებლის ეფექტურად წარმართვას. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან შემაჯამებელზე ზეპირი კომუნიკაცია შეფასების სანდოობასაც აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველა ზემოაღნიშნული რისკის დაზღვევის მიზნით, სკოლამ დაგეგმა ინტერვენცია, რაც გულისხმობდა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების პრინციპით – სკოლამ შეიძინა გარკვეული რაოდენობის ყურსასმენი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეს შეეძლო მოესმინა შეკითხვა, ჩაეწერა პასუხი და აეტვირთა შესაბამის პლატფორმაზე.

ინვენტარის შეძენის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე ორმოცაძემ დაიწყო შესაბამისი პლატფორმის მოძიება. განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტი, ისეთები, როგორებიცაა: Sanako Lab 100 პროფესიონალი და მრავალმხრივი ფუნქციონალით, Robotel Smart Class, Flipgrid და სხვა. მთავარ მოთხოვნას, რომ ეს პლატფორმები ყოფილიყო საკლასო სივრცეში კომფორტულად გამოსაყენებელი, ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ზოგი მათგანი იყო ნაკლებად ავტომატიზებული და უფრო მეტად ხელით მუშაობას საჭიროებდა. საბოლოოდ შეირჩა ონლაინპლატფორმა – Vocaroo, რომელსაც აქვს ფუნქცია, ჩაიწეროს მოსაუბრის ხმა, მოახდინოს მისი გაზიარება ლინკით და ჩამოიტვირთოს ჩანაწერი. აღნიშნული პროგრამა ჩაშენდა Google forms-ში. ამავე form-ში ჩაშენდა აუდიოფაილის ლინკი, რომელიც ატვირთული იყო დრაივზე. ასეთი ფორმით წარმოდგენილი დავალება ტექნიკურად მოსახერხებელი იყო, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებისათვის, ისე აუდიოფაილებთან წვდომისათვის.

სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 კლასი, რომელზეც მომდინარეობდა კვლევა. კლასი წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენციებით. მასწავლებელმა კარგად მოამზადა კლასი, მისცა რა მათ დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოეყენებინათ რესურსი.

პლატფორმის მომზადების შემდეგ პედაგოგმა შეარჩია ტესტის შინაარსი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ცოდნის ჯამურად შეფასება მე-4 თემატური ერთეულის (Unit) ფარგლებში. შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ე.ს.გ.-ის მოთხოვნები და თემატიკა, განსაზღვრული კონკრეტული კლასის საგნობრივი სტანდარტით. ტესტის ამოცანები მომზადდა ისე, რომ მოსწავლეს არ სჭირდებოდა მხოლოდ ტექსტიდან მექანიკურად გადმოტანილი ცოდნა. კითხვები დაეფუძნა ცნებებს (concept-based learning), რაც ითვალისწინებდა შესწავლილი თემის ღრმა გაგებას და არა ზედაპირულ რეპროდუქციას. ასევე შემუშავდა შეფასების რუბრიკა უშუალოდ ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებისათვის.

უშუალოდ შემაჯამებლის პროცესი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: მოსწავლეს პირადი ინფორმაცია შეჰქონდა Google Forms-ში, კითხულობდა ჩაშენებულ ფაილს, ისმენდა მოსასმენ მასალას და გადადიოდა Vocaroo-ს პლატფორმაზე. შემდგომ ამისა, წერდა კონკრეტული კითხვის პასუხს აუდიოფაილად (საუბრობდა კონკრეტული შეკითხვის პასუხზე), აკოპირებდა კითხვის ლინკს და ავსებდა ისევ Google Forms-ის შესაბამის ველში. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მას სჭირდება მაუსის მხოლოდ სამჯერ დაწკაპუნება ფაილის მოსმენის შემდეგ – პროგრამის გახსნა, პასუხის ლინკის დაკოპირება და Google Forms-ში ჩასმა.

ინტერვენციის შემდეგ გაანალიზდა მიღებული შედეგები. მსგავსი მეთოდით ზეპირმეტყველების კომპეტენციის შემოწმებას ტრადიციულისგან განსხვავებით დიდი უპირატესობა აქვს დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით – ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია თუნდაც 100 მოსწავლის ჩაწერა. მასწავლებელს კი საშუალება აქვს მოუსმინოს ჩანაწერს ნებისმიერ დროს. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი მასწავლებლის მხრიდან შეფასებაში ჩარევის რისკი (მაგ. წახმარება, სიტყვის შეხსენება და ა.შ.). მოსწავლეს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ჩანაწერს და გამოიყენოს თვითშეფასებისათვის – გააუმჯობესოს შედეგები და იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ლინგვისტურ ხარისხზე. რისკების ნაწილში იდენტიფიცირდა შებოჭილობა, ტექნიკური პრობლემები და ინტერაქციის ნაკლებობა რეალურ გარემოში. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა შემაჯამებელი ვერ ჩატარდება მსგავსი მეთოდით, თუმცა ზეპირმეტყველების უნარის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ცალსახაა.

მომავალი წლისთვის სკოლა გეგმავს პლატფორმის გამარტივების მიმართულებით მეტ მუშაობას და სავარჯიშო ჩანაწერების ეტაპის დამატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მოტივაცია, რაც არამხოლოდ თეორიულ მხარდაჭერაში, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებშიც გამოიხატა (პლატფორმის მოძიება და შერჩევა). რაც შეეხება მოსწავლეთა უკუკავშირს, სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი შეფასებებიდან:

„ჩემი აზრით, სახალისო იყო, ძალიან კარგი საშუალება იყო ინგლისურის საუბრის დონის გასაზრდელად. ყურსასმენების პრობლემა არ მქონია, არ ისმოდა გარედან ხმა, მხოლოდ მცირე ბუტბუტი“;

„მე მომეწონა პროცესი. სასიამოვნო იყო რაღაც ახლის გამოცდა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო, ვიდრე მხოლოდ რაღაც ტესტის წერა. უფრო კარგად შეუძლია მასწავლებელს, გაიგოს ბავშვის ცოდნა, რადგან აქ გადაწერა და რამე ეგეთი რაღაც არ შეგიძლია“;

„ჩემი აზრით, უცხო ენაში ყველაზე მთავარი ბარიერი საუბარია. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი აქტივობა იყო. ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ რადგან პირველია და სატესტო, მომავალში გამოსწორდება“.

შენიშვნა: ფოტოს გამოქვეყნების სტანდარტი დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

„ეს მე ვარ“, ანუ ნამდვილისა და ყალბის გარჩევის უნარი ციფრულ ეპოქაში

0

ერთ ზღაპარში პერსონაჟი თავის დაკარგულ დას ეძებს. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის და მიაგნებს კოშკს, სადაც მისი და ჰყავს ავსულს გამოკეტილი. ანტაგონისტი უამრავ ურთულეს დავალებას აძლევს, ოღონდ კი ტყვე არ გაათავისუფლოს. მთავარი გმირი ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ჯადოქარი მას ოთახში შეიყვანს, სადაც და დახვდება, მაგრამ ეს ბოლო ამოცანა ყველაზე რთული აღმოჩნდება: დასთან ერთად ოთახში უამრავი გოგონაა, მასავით ჩაცმული და მისი მსგავსი. ბიჭს უწევს, ამ უამრავი ერთნაირიდან თავისი და ამოარჩიოს, სხვაგვარად მარცხისთვის არის განწირული. აქ იწყება ამბავი: ყველა ერთნაირად იქცევა, ერთი მიატრიალებს თავს – დანარჩენებიც მიტრიალდებიან, ერთი გაიხედავს – სხვებიც მას ბაძავენ… პროტაგონისტი საგონებელშია. მაგრამ, აი, ხდება რაღაც განსხვავებული, ბიჭი ამჩნევს, რომ ყველანი ჰაერში ასოების მოხაზვას იწყებენ, მაგრამ მხოლოდ ერთი წერს: „ეს მე ვარ“. დანარჩენები უბრალოდ იმეორებენ მის ქცევას და გაურკვევლად, უმისამართოდ ამოძრავებენ ხელებს. ეს გახდება გამარჯვების მომტანი – ყმაწვილი ათას ერთნაირ არსებაში ამოიცნობს დას და ბოროტის კლანჭებიდან დაიხსნის, ყალბისა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი დაეხმარება, სიკვდილს გადაარჩინოს ყველაზე ძვირფასი.

ასეა ჩვენს სინამდვილეშიც – ხშირად გვიწევს ცრუსა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც უმეტესად სულაც არ არის ადვილი.

ეს ზღაპარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჩვენს დროში – ინფორმაციის ეპოქაში, როცა ყალბთა შორის ჭეშმარიტის ამორჩევა ხშირად გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

დღეს, როცა ყველა ადამიანს (და არა მხოლოდ ადამიანს – ხელოვნურ ინტელექტსაც) შეუძლია ინფორმაციის გავრცელება, ყოველდღიურად ვაწყდებით ზღაპარში აღწერილი სცენის ციფრულ ანარეკლს. სოციალური ქსელები, ახალი ამბების ვებგვერდები, ვიდეოპლატფორმები – ყველა ივსება ერთნაირი შინაარსით, იმეორებს ერთმანეთს ვიზუალურადაც, ტექსტითაც და აზრობრივადაც.

პრობლემა ის არის, რომ ამ ნაკადში ჭეშმარიტი ინფორმაცია (ზღაპრისეული ნამდვილი და) ადვილად შეიძლება ჩაიკარგოს იმიტაციებს შორის, რომლებიც ან განზრახ გვატყუებს, ან, უბრალოდ – გაუაზრებლად იმეორებს.

დეზინფორმაცია და მითები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიზუალურად და ემოციურად „დამაჯერებლადაა“  შეფუთული, ხშირად იმარჯვებს. სოციალური მედიის ალგორითმები უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც მარტივად ვრცელდება, რაც ძლიერ ემოციებს აღძრავს. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ჭეშმარიტება.

ზღაპრის მსგავსად, ყველაფერი „ერთნაირი“, არცთუ იშვიათად, ცარიელი იმიტაციაა. მხოლოდ დაკვირვება, განსჯა და კითხვების დასმა შეიძლება დაგვეხმაროს ნამდვილის ამოცნობაში.

და მაინც, როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“?

ზღაპრის გმირის გამარჯვება ეფუძნება არა ჯადოქრობას, არამედ ყურადღებას: მან დაკვირვებულობის წყალობით შეამჩნია ის, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა: მხოლოდ ერთი არსება არ იმეორებდა ქმედებას მექანიკურად, არამედ ქმნიდა აზრს – „ეს მე ვარ“.

ასევეა რეალურ ცხოვრებაშიც. საწუხაროდ, ამ პრობლემას ხშირად ვხვდებით ჩვენს მოსწავლეებთანაც, რომლებსაც, გამოუცდელობის გამო, უფრო მეტად უჭირთ სიყალბესთან გამკლავება.

დღეს, ციფრულ ეპოქაში, ჩვენც ვდგავართ ოთახში, რომელიც სავსეა ასობით „ინფორმაციული ტყუპისცალით“. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს: ათეულობით სტატია ერთ თემაზე; ფოტოები, რომლებიც განსხვავებულ კონტექსტში მეორდება; ვიდეოები, რომლებიც ემოციებს აღძრავს, მაგრამ არასწორად წარმოგვიდგენს სინამდვილეს…

ამ ყველაფერში რთულია ნამდვილის ამორჩევა. ყველა იმეორებს, ეს მე ვარო, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ატარებს შინაარსს. ისევე, როგორც ზღაპარში, ყალბისა და ნამდვილის გარჩევის უნარი გადამწყვეტია გადარჩენისთვის.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ „ოთახში“ სწორად ორიენტირებაში?

ვასწავლოთ დაკვირვება სიღრმისეულზე და არა მხოლოდ ფორმაზე: ვასწავლოთ, რომ ინფორმაციის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა ის, როგორ გამოიყურება, არამედ რას ამბობს და რატომ ამბობს.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა იმეორებს მოძრაობას, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის შინაარსს – წერს: „ეს მე ვარ“.

ვასწავლოთ მუშაობა წყაროზე – ვინ ჰყვება ამბავს? ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაასრულონ კითხვა: „საიდან მოდის ეს ინფორმაცია და რატომ მითხრეს ეს?“

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა ერთნაირი ჩანს, მაგრამ ნამდვილობის მოწმობა მხოლოდ ერთს აქვს – მისი მოქმედება არა მექანიკური, არამედ შეგნებული, გააზრებულია.

ვასწავლოთ ფაქტების გადამოწმება – სოციალურ მედიაში გავრცელებული ამბების გადამოწმება მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა იქცეს ჩვეულ პრაქტიკად.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყმაწვილი არ შეაცდინა მასობრივმა ქცევამ, დაკვირვებით გაარჩია ნამდვილი იმიტაციისგან.

ვასწავლოთ ემოციური გავლენის შეფასება – სტატიის ან პოსტის შეფასებისას ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა: რატომ მემართება ასე? ცდილობს თუ არა ინფორმაცია, ჩემზე ემოციურად იმოქმედოს და არა მცოდნე ადამიანად მაქციოს?

გავიხსენოთ: ზღაპარში მხოლოდ ერთი გოგონა გადმოსცემს მესიჯს, დანარჩენები ცდილობენ, ცრუ რეაქციებით მიიზიდონ ბიჭი.

ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული კითხვების დასმა ინფორმაციის შესამოწმებლად: ვინ ავრცელებს ინფორმაციას? (წყაროს შეფასება) არსებობს თუ არა მტკიცებულება? (შინაარსის ღირებულება). ემოციურ გავლენას ახდენს წაკითხული? (მანიპულაციის გამოვლენა) შეგვიძლია თუ არა გადამოწმება? (ფაქტების დადასტურება) როგორ ემსგავსება ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს? (შედარებითი ანალიზი)

ზღაპრის გმირი მხოლოდ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვით არ აღწევს მიზანს – ის სიღრმისეული დაკვირვებით, კრიტიკული ანალიზით, აზრის წაკითხვით იპოვის ძვირფასს და გაიმარჯვებს.

იგივე გვმართებს დღესაც – ბავშვსაც, ზრდასრულსაც, მასწავლებელსაც.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დააკვირდნენ და ამოიცნონ, როცა ყველა ამბობს: „ეს მე ვარ“.

შეგნებული კითხვა, დამოუკიდებელი ფიქრი და ფაქტების გამორჩევა არის ის გზა, რომელიც არა მარტო ინტერნეტში, არამედ ცხოვრებაში გვეხმარება „ნამდვილისა“ და „ყალბის“ გარჩევაში.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ასეულობით „ინფორმაციული ხმა“ ერთდროულად გვეძახის, ჭეშმარიტების ამოცნობა ხშირად ზღაპრულ გმირად გვაქცევს. ჩვენ, ამ პატარა ბიჭივით, ვდგავართ ოთახში, სადაც ყველას ერთი სახე აქვს, ყველა ერთნაირად იქცევა, ყველა ამბობს: „მე ვარ“. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ამჟღავნებს თავს და იმსახურებს ნდობას.

ჩვენი – მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების – მისიაა, ვასწავლოთ მომავალ თაობას იმის დანახვა, რაც ზედაპირზე არ ტივტივებს. ვასწავლოთ მათ, რომ კრიტიკული აზროვნება თავისუფლების გზაა.

იმისთვის, რომ ბავშვმა ამოიცნოს, ვინ ამბობს: „ეს მე ვარ“, – უნდა შეეძლოს კითხვა, დაკვირვება, გაჩერება და ფიქრი.

მთავარი გმირივით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ ყალბისა და ნამდვილის გარჩევა. როცა ყველა ამბობს: „მე ვარ“, მხოლოდ დაკვირვებულ გონებას შეუძლია, ამოიცნოს ის ერთი, ვინც აზრს წერს ჰაერში. და თუ ამას ბავშვებსაც ვასწავლით, ისინი არ დაიკარგებიან ინფორმაციის ზღაპრულ, მაგრამ ხშირად დამაბნეველ ლაბირინთში – მათ ეცოდინებათ, როგორ იპოვონ ჭეშმარიტება მაშინაც კი, როცა ის ყველაზე ჩუმად ხმიანობს.

როცა მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულით – რა უნდა ასწავლოს თანამედროვე სკოლამ ციფრული ეპოქის თაობას?

0

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში, ერთ-ერთ კლასში, ახალი მოსწავლე გადმოვიდა. კლასთან შეგუება და ადაპტაცია მარტივი არ არის. გაკვეთილის დაწყებამდე ერთმანეთის გაცნობას დავუთმეთ დრო. ახალ გადმოსულმა ჩამოთვალა მისი ინტერესების სფერო, რა ჟანრის მუსიკას უსმენს, რომელ უნარებს ფლობს კარგად და ა.შ. ბოლოს დაამატა მას მე უკვე ჩემი შემოსავალი მაქვს – დროფშიფინგით (Dropshipping) ვარ დაკავებული და სკოლაში ძირითადად სოციალიზაციის მიზნით დავდივარო…

ეს ტერმინი პირველად მაშინ გავიგე. მისი მნიშვნელობა კი ზუსტად არ ვიცოდი. ცხადია, მოსწავლეს ვკითხე – თუ რას ნიშნავდა ეს ტერმინი და ვთხოვე უფრო ვრცლად ესაუბრა საკუთარ საქმიანობაზე. აღმოჩნდა რომ კლასში თითქმის ყველამ იცოდა ტერმინის მნიშვნელობა და სხვებიც მიმართავდნენ ამ გზით თანხის გამომუშავებას… მომდევნო გაკვეთილისთვის უკვე მომზადებული მივედი, რადგან ზედმიწევნით შევისწავლე დროფშიფინგის პრინციპი. ძიების პროცესში, აღმოვაჩინე ათობით ქართულენოვანი Tiktok და Instagram გვერდები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დროფშიფინგის შესწავლას სთავაზობენ.

რა არის დროფშიფინგი?

ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე ციფრულ ეპოქის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებენ. ჩემი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს დროფშიფინგი (dropshipping). ეს არის ონლაინ კომერციის მოდელი, სადაც გამყიდველს არ უწევს პროდუქციის მარაგის ფიზიკურად შენახვა, მოვლა, შეფუთვა და ა.შ.

მოდით განვიხილოთ, ჩემი მოსწავლის საქმიანობის მიხედვით. პირობითად მარიამს აქვს კაბინეტები ისეთ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა: Amazon, Ebay, AliExspres და ა.შ ეძებს პროდუქტს სააქციო ფასით, გადააქვს სხვა პლატფორმაზე და ყიდის ფასნამატით. მყიდველი, პროდუქტის შეძენისას უთითებს საკუთარ საკონტაქტო მონაცემებს. შემდეგ, გამყიდველი თვითონ იძენს იმ პლატფორმაზე ნივთს, სადაც იყიდებოდა ფასდაკლებით. შეძენის მომენტში, გამყიდველს აწვდის იმ მყიდველი მონაცემებს, რომელმაც გამოხატა ინტერესი. ამ ბიზნესის არსი სიმარტივეშია: დროფშიფინგით დაკავებული პირი მოქმედებს როგორც შუამავალი, რომელიც აკავშირებს მომხმარებელსა და პროდუქტის მომწოდებელს. მისი შემოსავალი კი არის ფასთა სხვაობა.

დროფშიფინგი განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, მათ შორის 15-17 წლის მოზარდებისთვის. ამ ასაკში, როდესაც მომავალი პროფესიის არჩევა აქტუალური ხდება, ციფრული ვაჭრობა მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი საქმე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერი და მონდომება. რაც მთავარია, დროფშიფინგი არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციებს, რის გამოც მოზარდებისთვის ის ნაკლებად სარისკო და საზიანოა. მათ შეუძლიათ საკუთარი ონლაინ მაღაზია ნულიდან ააწყონ და ვაჭრობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. მთავარია ახალგაზრდებმა არ შეიქმნან არარეალური მოლოდინები ამ საქმიანობით გამდიდრების თაობაზე.

დროფშიფინგი, როგორც დამატებითი შემოსავლის გზა, მოზარდებს სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარს უვითარებს, რაც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. მაგალითისათვის:

  1. ისინი სწავლობენ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორ უნდა დაგეგმონ ბიუჯეტი, გათვალონ მოგება და მართონ ფინანსები. ეს მათ უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას და პასუხისმგებლობის გრძნობას;
  2. წარმატებული დროფშიფინგისთვის აუცილებელია სოციალური მედიის, რეკლამისა და კონტენტის შექმნის ცოდნა. მოზარდები პრაქტიკულად სწავლობენ, როგორ გაუწიონ რეკლამა პროდუქტს, მოიზიდონ მომხმარებლები და შექმნან საინტერესო ვიზუალური მასალა;
  3. ისინი სწავლობენ მომწოდებლებთან ურთიერთობას, პრობლემების მოგვარებასა და მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს უკანასკნელი ეხმარება უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში.

ზემოთ, ჩემს მიერ აღწერილი შემთხვევა არის ერთი მაგალითი. აღნიშნულის გარდა საკლასო ოთახებში (განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე) წააწყდებით მოსწავლეებს, რომლებიც მუშაობენ ფიზიკურად ბარ-რესტორნებში, ავტოფარეხებში, მობილური ტელეფონების სახელოსნოებში, სხვადასხვა სახის ბაზრობებზე… ასევე ბავშვებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, ან ჩართულნი არიან საოჯახო შინამეურნეობებში.  ამ დროს იბადება კითხვები იმის შესახებ თუ კიდევ რა უნდა ასწავლოს ასეთ ბავშვებს თანამედროვე სკოლამ? კიდევ რომელი უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს? როგორ გახდეს საგანმანათლებლო სივრცე მათთვის მიმზიდველი და საინტერესო? როგორ მოამზადოს სხვა სახის გამოწვევებისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი.

ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ პირველ რიგში, სკოლებმა სასწავლო პროგრამაში უნდა დაამატონ მეტი პრაქტიკული გაკვეთილი მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ (მითუმეტეს რიგ ქვეყნებში უკვე განიხილავენ drop-shipping-ს, როგორც მეწარმეობის და ბიზნეს უნარების განვითარების შესაძლებლობას) თეორიის პარალელურად, შესაძლებელია მცირე პროექტების განხორციელება, რაც მოზარდებს რეალურ გამოცდილებას მისცემს.

მეორე, სკოლებმა უნდა შექმნან მხარდამჭერი გარემო, სადაც მოსწავლეებს არ შეეშინდებათ საკუთარი იდეების გაზიარების და მარცხის. ჩვენ მასწავლებლებმა უნდა წაახალისოთ და მოზარდებს ვასწავლოთ შეცდომებზე სწავლა. ამით შევძლებთ, რომ დავანახოთ ხშირად წარმატების გზა მარცხზე გადის.

როცა მოზარდები ადრეულ ასაკში იწყებენ ფულის გამომუშავებას და გრძნობენ ერთგვარ ფინანსურ დამოუკიდებლობას, მათ შეიძლება მოტივაცია დაეკარგოთ ფორმალური განათლების მიმართ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს „ცრუ რეალიზებულობის“ შეგრძნება. ამ დროს, მოზარდები ხშირად თვლიან, რომ მათ უკვე იციან ყველაფერი, რაც წარმატებისთვის სჭირდებათ, რადგან მათმა შრომამ მყისიერი ფინანსური შედეგი გამოიღო. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ რისკებს შეიცავს. არსებობს ცნობისმოყვარეობის დაკარგვის, მათი ეგოცენტრულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისა და სოციალური უნარების დაქვეითების რისკები.

მსგავსი დეტალები ყურადსაღებია იმდენად რამდენადაც ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, განსხვავებით თუნდაც 10 წლის წინანდელი სამყაროსგან და ამ თაობის ახალგაზრდებს მეტად აქვთ ციფრული უნარები, აზროვნებენ პრაგმატულად და არიან მეტად პროდუქტიულები. მე როგორც მასწავლებელმა უნდა შევძლო ავუწყო ფეხი და გავყვე მისივე ინტერესის სფეროში და ამაში უნდა დამეხმაროს განათლების სისტემა თავისი მოქნილობით.  და ბოლოს, ნუ შევუშლით ახალგაზრდებს ხელს, ჰქონდეთ იდეები, ესწრაფოდნენ სიახლეებს და ახალ გამოცდილებებს. ერთ სფეროში თითქოსდა უუნარო ადამიანმა, შესაძლოა სხვა სფეროში წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწიოს. ამის არაერთი ნათელი მაგალითი გვაქვს მეწარმეობასა და ბიზნესში.

სისტემა, რომელიც დგას ტყუილზე – თავის მოტყუება ქართულად

0

 

საქართველოში ზოგადი განათლება უფასოა. განათლების მიღების უფლებით სარგებლობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების რეზიდენტებიც.

უფასო (გადასახადების გადამხდელების ხარჯზე)  სავალდებულო განათლება მოიაზრებს დაწყებით და საბაზო საფეხურებს. მოსწავლის სურვილისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების არსებობის შემთხვევაში, მას შეუძლია სწავლა უფასოდ გააგრძელოს საშუალო (უკვე XI-XII კლასი) საფეხურზეც.

სინამდვილეში საქართველოში განათლება სულაც არ არის „უფასო“. პირიქით, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მშობლები ორმაგი დაბეგვრის პრინციპის (შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს ორჯერ უწევს გადასახადის გადახდა) ექვემდებარებიან. მკითხველი იკითხავს რა შუაშია ორმაგი დაბეგვრაო?

ახლავე მოგახსენებთ.

თავის მოტყუება N1

მშობლების გარკვეული რაოდენობა სკოლის მიღმა მომზადების სერვისით პირველი კლასიდანვე სარგებლობს. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება რეპეტიტორის სერვისით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობა და პარალელურად კი მათ მიერ გაწეული ხარჯი.

საქართველოს მოქალაქეები (და აქ კანონიერად მყოფი სხვა პირები) იხდიან სხვადასხვა სახის გადასახადს, რომლითაც ივსება სახელმწიფოს ბიუჯეტი. გამოდის, რომ მშობლების, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულში, ლაგოდეხში, ჩხოროწყუში, ჩოხატაურში და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში, მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება საჯარო სკოლები. ამავდროულად, მათ უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება შვილების მოსამზადებლად.

სოციალური ქსელები სარკეა. ის საკუთარ თავს (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ განათლების სისტემას) იდეალურად გვიჩვენებს. დიდ ქალაქებში ათასობით მოსამზადებელი ცენტრი ფუნქციონირებს. მათ შესახებ რეკლამებს ყოველწამიერად ვაწყდებით Facebook, Tiktok თუ Instagram პლატფორმებზე. რაც მთავარია, მათი სერვისი იწყება დაწყებითი საფეხურებიდან… ცენტრების გარდა, მოსწავლეების მომზადებით დაკავებულები არიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები სახლში მომზადების (მათ შორის ბინაზე მისვლის) პრინციპით.

რატომ უნდა სჭირდებოდეს პირობითად მეორე კლასელ ელენეს ან/და მეხუთე კლასელ ფამილს მსგავსი ტიპის მომზადება? ამ კითხვას უნდა სვამდეს მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა და სისტემის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელ უწყებების (უშუალოდ სკოლა იქნება თუ განათლების სამინისტრო) წინაშე.

აბიტურიენტების მომზადებას საქართველოში უკვე სერიოზული ფინანსური მომზადება სჭირდება. ანუ გამოდის, რომ რასაც ბავშვი უთმობს 12 წელს ის არ არის საკმარისი, ეფექტური, შეიძლება რელევანტურიც კი და მის ოჯახს კიდევ უწევს ფინანსების გამოყოფა საერთო ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებლად.

თავის მოტყუება N2

ახლახან შესული ცვლილებებით ბაკალავრიატის პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა. ინიციატივის ავტორები, ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ 2005 წელს მომხდარი ამბით ამართლებენ. მათი თქმით, მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღო ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება პროგრამებიდან…

სკოლებში ქართული ენა პირველი კლასიდანვე ისწავლება. საბაზო საფეხურზე ემატება გრამატიკის გაკვეთილებიც. მოსწავლე ქართულს სკოლაში სწავლის ბოლო თვის ჩათვლით აგრძელებს. ამას ემატება რეპეტიტორთან მომზადებაც.

უნდობლობა თუ სხვა რამ?

ჩემთვის ძალიან საინტერესოა როგორ შეხვდნენ ფილოლოგები ამ გადაწყვეტილებას. ხომ არ იგრძნეს რაიმე ტიპის დისკომფორტი ან სისტემის მხრიდან მათდამი უნდობლობა? ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს, მაგრამ ამ ცვლილებამ ცხადყო, რომ სახელმწიფომ გარკვეულ დონეზე აღიარა სასკოლო განათლების (ამ შემთხვევაში ქართული ენის 12 წლიანი სწავლების) არაეფექტურობა და უნივერსიტეტებს დაავალდებულა 12 წლიანი ხარვეზის გამოსწორება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში (პირველ კურსზე) ან გადადგა პოპულისტური ნაბიჯი. აბა როგორ წარმოსადგენია თორმეტი წლის განმავლობაში ვერ მიღწეული მიზნის ერთ აკადემიურ სასწავლო წელში გამოსწორება?

თავის მოტყუება N3

განათლების სისტემა თავისა და სხვების მოტყუებას მაგისტრატურის საფეხურზეც აგრძელებს. სტუდენტს, რომელმაც ახლახან დაასრულა 3 ან 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, მანამდე 12 წელი ისწავლა სკოლაში, ისევ სჭირდება მომზადება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად. ამ შემთხვევაში, ხშირად უკვე აპლიკანტებს უკვე გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და საკუთარ თავებს მომზადებისთვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფენ.

 

ქართული საგანმანათლებლო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად უფასოა, ფაქტობრივად ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს მაღალი ხარისხის კი არა, თუნდაც საშუალო ხარისხის, საკმარისი ცოდნა, რომელიც მოსწავლეებს დამატებითი მომზადების გარეშეც მოამზადებს მომდევნო ეტაპისთვის. როგორც ვნახეთ სისტემის არაეფექტურობა ყველაზე მეტად ვლინდება სამ ძირითად ასპექტში (დამეთანხმებით, რომ ამ სტატიის მიღმა კიდევ უამრავი სერიოზული პრობლემა თუ ხარვეზია):

  • თუ სკოლა ეფექტურად ფუნქციონირებდა, მოსწავლეებს არ დასჭირდებოდათ დამატებითი ფინანსური ხარჯები. რეპეტიტორების ინსტიტუტი პირდაპირი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედი სკოლები, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფენ საჭირო დონის განათლებას. ეს ნიშნავს, რომ მშობლები ორჯერ იხდიან: ერთხელ გადასახადებით, მეორედ კი რეპეტიტორის მომსახურებისთვის.
  • ბაკალავრიატში ქართული ენის სავალდებულო სწავლების დაბრუნება ნამდვილად დამაფიქრებელია. ეს ცვლილება პირდაპირ უნდობლობას უცხადებს სასკოლო განათლებას. ფაქტი, რომ 12 წლის მანძილზე ნასწავლი საგანი კვლავ საჭიროებს უნივერსიტეტის დონეზე გამოსწორებას, ცხადყოფს სისტემის სისუსტეს და არაეფექტურობას.
  • პრობლემა გრძელდება სამაგისტრო საფეხურზეც, სადაც ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტს კვლავ სჭირდება დამატებითი მომზადება გამოცდის ჩასაბარებლად.

საბოლოო ჯამში, განათლება, რომელიც „უფასო“ უნდა იყოს, რეალურად მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცევა ოჯახებისთვის, რაც თავისთავად დიდი წინააღმდეგობაა ქვეყნისა თუ ოჯახების განვითარებისთვის. ამაზე ხმამაღალი საუბარი კი არ ისმის პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსებში.

 

 

რეპეტიტორობის ინსტიტუტზე დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ:

რეპეტიტორობის ჩრდილქვეშ – რა გვიჯდება მშობლებს კერძო მასწავლებლები? – mastsavlebeli.ge

რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორებთან?

ყოველ მეოთხე აბიტურიენტს რეპეტიტორი ჰყავს

ჩანაწერები მხატვრობაზე

0


*
არ მახსოვს, ხატვა რა ასაკში დავიწყე, თუმცა, რაც თავი მახსოვს, მგონი, სულ ვხატავდი. სკოლაში უფროსკლასელი ბიჭები “სიყვარულის ხის” დახატვას მთხოვდნენ ხოლმე, როცა ვინმე გოგოსთვის უნდოდათ ჩუქება, რაღაც გრაფიკული ნახატი მქონდა მაგ სახელწოდებით, თან ხე იყო და თან – ქალის და კაცის სახე, ხოდა, იქიდან ვიხატავდი. მეზობლებიც მთხოვდნენ პეიზაჟების ხატვას ან მოდიოდნენ და არჩევდნენ ჩემს ნახატს და მიჰქონდათ, ვჩუქნიდი. ზოგ მეზობელს, მგონი, დღესაც უკიდია სახლში. ერთხელ, “გაეროს ბავშვთა ფონდმა” გამოფენა-კონკურსი მოაწყო, იქ რომელიღაც საპრიზო ადგილზე გავედი და ბადმინტონი მაჩუქეს. მერე, თანდათან, ძერწვა-გამოქანდაკებაც დავიწყე. ხობისწყლის ნაპირების გაყოლებაზე არის ასეთი დანალექსი ქანი – მერგელი ჰქვია, ფერად მუქი ცისფერია. როცა ნესტიანია, პლასტელინივითაა, მერეც ნესტიან გარემოში უნდა იყოს, თორემ თუ გამოშრა, იბზარება და იფშვნება, ხოდა, ამ მერგელისგან ვძერწავდი ხოლმე რაღაცებს. ერთხელ ვაჟა-ფშაველას, ნატურალური ზომის, ბიუსტი გამოვძერწე და გარედან შევღებე, რომ გაეძლო. რამდენიმე წელი გაძლო კიდეც, მთელი სოფელი დადიოდა ამ ბიუსტის სანახავად. საიზოლაციო პენოპლასტისგანაც ვთლიდი პატარა სტატუეტებს, მსუბუქი და მარტივად დასამუშავებელია სამართებლით, ხოდა, ვთლიდი. დღესაც მაქვს სოფელში მაშინდელი რამდენიმე ფიგურა. როგორც შეუმდგარ მხატვარს და მოქანდაკეს, მიყვარს მხატვრობა და ქანდაკება.

*

დიდი მხატვარი, ისევე, როგორც დიდი პოეტი, არი ის, ვისაც აქვს მკვეთრი ხელწერა, დიდი მხატვარი და დიდი პოეტი უავტოროდ უნდა იცნო, ან უნდა იფიქრო, რომ ვინმე მისი მიმბაძველია. ისევე, როგორც საკუთარი მეტრული სისტემის ან, უბრალოდ, ინტონაციური ინდივიდუალიზმის მქონე პოეტის ერთი პატარა, უმნიშვნელო სტროფი და სტროფოიდი იძენს მნიშვნელობას ავტორის მთლიან, უნიტარულ შემოქმედებით სამყაროსთან მიმართებაში, ასევეა მხატვარიც – დიდი მხატვრის უმნიშვნელო ჩანახატიც ფასდაუდებელია, როგორც დიდი სამყაროს პატარა ფრაგმენტი. მიყვარს ბოტიჩელი, მონე, ვან გოგი, მოდილიანი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, მერაბ აბრამიშვილი და სხვები.

*

ლიტერატურა და კინო ჩემთვის უფრო გრძნობად-სენსუალური რეცეფციის წყაროა, სტატიკური ვიზუალური არტი კი (მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია) უფრო – სპირიტუალურ-სულიერი. კარგ ნახატს რომ ვუყურებ, მკერდში რაღაც მეღვრება, რაღაცით ვივსები, და ეს არ არის ფიგურალური ნათქვამი, არა, ეს სომატურად საგრძნობია.

*

მხატვრებზე გადაღებული უამრავი ბიოგრაფიული ფილმი მინახავს, მაგრამ საუკეთესოდ ესენი მიმაჩნია:

1. ალექსანდერ კორდას – 1936 წელს გადაღებული – “რემბრანდტი”, ჩარლზ ლოუტონით მთავარ როლში;

2. გიორგი შენგელაიას – 1969 წელს გადაღებული, “ფიროსმანი” – ავთო ვარაზით მთავარ როლში;

3. ედ ჰარისის – 2000 წელს გადაღებული – “პოლოკი”, თავისივე შესრულებით;

4. მაიკ ლის – 2014 წელს გადაღებული – “მისტერ ტერნერი”, ტიმოთი სპოლით მთავარ როლში.

ჩანაწერები კინოზე

0


*
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სტუდენტი გავხდი, ექსტერნად ჩავაბარე. მე სამხატვრო აკადმიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მშობლებმა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე მიკრეს თავი და იქ გავატარე სრულიად უინტერესო ოთხი წელიწადი. თანდათან მხატვრობის სურვილს კინორეჟისორობის სურვილი ჩაენაცვლა და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, თეატრალურში, კინოსარეჟისოროზე გადავწყვიტე ჩაბარება. გამოცდამდე, რამდენიმე თვე, კვირაში ერთხელ, ე. წ. კონსულტაციებზე უნდა გევლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალი ხელმძღვანელები კინოზე, ლიტერატურაზე და ათას სხვა რამეზე ესაუბრებოდა პოტენციურ ჯგუფს. ჩვენ რეზო ესაძესთან და ბაადურ წულაძესთან გავდიოდით ასეთ კონსულტაციებს. ბაადურიც ძალიან განათლებული კაცი იყო, მაგრამ, აი, რეზო იყო ფენომენი. მისი თითოეული გამოხედვა, ჟესტიკულაცია და ვერბალური აქტივობა არტი იყო (მისი ტელეინტერვიუებიც პერფორმანსებია), ხელოვნებით იყო სავსე ეს პატარა კაცი და ამ ხელოვნების უშურველ ემანირებას ახდენდა ირგვლივ… მანდ, მაშინ, ჯერ კიდევ პროტექციით ხდებოდა მიღება. მე ვერ ჩავაბარე, სამაგიროდ ერთმა გოგომ, რომელსაც “დიდი მწვანე ველი” გიორგი შენგელაიას ფილმი ეგონა (და კინოში, ზოგადად, ძალიან ცუდად ერკვეოდა), ჩააბარა, რადგან ერთი ცნობილი მსახიობის შვილიშვილი გახლდათ. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი.

*

კინო მასობრივი ხელოვნებააო, იტყვიან ხოლმე, თავის დროზე ლენინმაც კი შენიშნა კინოს უდიდესი პოტენციალი მასობრივი პროპაგანდისთვის. თუმცა ეს თეზა, როგორც წესი, დაბალი ხარისხის ფილმებზე ვრცელდება. საავტორო კინო, ცხადია, უკიდურესად კამერულია, ისევე, როგორც მაღალი ხარისხის ლიტერატურა. მეეჭვება, საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი უყურებდეს საავტორო კინოს, ვიდრე – წიგნს კითხულობს. ქართულ კინოსაიტებზე ქართულად გახმოვანებული საავტორო კინოს ნიმუშები არც ისე ბევრია, მაგრამ რაცაა, მათ კომენტარებში რაც ხდება, ეგეც ერთგვარი პროექციაა იმ ბანალური ჭეშმარიტებისა, რაზეც ვლაპარაკობ. ზოგი წრს, რომ ხუთი წუთი გაქაჩა მხოლოდ ყურება, იმდენად არ მოეწონა. ზოგი წერს, რომ შუამდე ძლივს მივიდა და მსგავსი იდიოტობა იშვიათად უნახავს და ა. შ. და ა. შ. , მაგალითად თეო ანგელოპულოსის ერთი ცნობილი შედევრის საკომენტარო ველში, ამერიკულ თრეშ-ბოევიკებზე გაზრდილი, ენდემური ჯიშის იმბეცილები თეო ანგელოპულოსს – მიზანსცენებს, ტონინო გუერას კი სცენარს უწუნებენ.

*

იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როცა რამდენიმე თვით ჩავიკეტე სახლში და ფილმების ყურება დავიწყე. დღეში იმდენ ფილმს ვუყურებდი, რამდენსაც ვასწრებდი, ზოგჯერ, შუაღამით, დაწყებულ ფილმს ვწყვეტდი და მეორე დღეს ვაგრძელებდი… მაშინ ვნახე მთელი ევროპული, აზიური და ამერიკული კინოკლასიკა ჩანასახიდან მოაქჟამომდე. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ თვეებს – ჩამოფარებული ფარდები, კომფორტული სავარძელი და უწყვეტი კინომაგია… იმ კომპიუტერის თხელი მონიტორი ახლაც მაქვს შენახული იმ დღეების არდავიწყების ნიშნად.

*

კინომ ორი გადამწყვეტი ტრანზიციული ეტაპი გაიარა:

1. უხმო კინოდან ხმოვანზე გადასვლა.

2. შავ-თეთრიდან ფერად კინოზე გადასვლა.

პირველმა, უფრო დრამატულმა ტრანზიციამ უხმო კინოს ბევრი დიდი რეჟისორის და მსახიობის კარიერა შეიწირა. მეორე ტრანზიციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა: ზოგმა დიდმა რეჟისორმა ფერად გამოსახულებასაც ადვილად აუღო ალღო, ზოგმა კი შავ-თეთრი ფილმების გადაღება გააგრძელა.

“ვისაც შავ-თეთრი ფილმი უყვარს, ის ცუდი ადამიანი ვერ იქნება!” – რაღაც ასეთი წერია აკა მორჩილაძის ერთ რომანში. ალბათ, არის ამ კონტროვერსიულ მტკიცებაში სიმართლის მარცვალი. შავ-თეთრი კინო ეს საოცრებაა: რაღაც რომანტიული, რაღაც მეტარეალისტური, რაღაც პროვიდენციალურიც კი… ფერადმა გამოსახულებამ რაც არ უნდა რეტინალური საოცრებები მოახდინოს მომავალში (უკვე ახდენს), ჩემი ჭკუით, შავ-თეთრი კინოს განუმეორებელ ესთეტიკას ვერასოდეს აჯობს.

*
როგორც პროზაშია (რომანს ვგულისხმობ), კინოშიც ასეა: დიდი რეჟისორები ორ ჯგუფად იყოფიან – არის დიდი რეჟისორი, რომლის ფილმებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ესთეტიკით და ენით და არის დიდი რეჟისორი, რომელმაც საკუთარი, მკვეთრად ინდივიდუალური კინოენა შექმნა. მე ამ უკანასკნელი ტიპის კინორეჟისორები მიყვარს. ამ ნიშნით ჩემი საყვარელი რეჟისორების სია ასეთია:

1. მიხეილ კალატოზიშვილი
2. რობერ ბრესონი
3. ჯონ კასავეტესი
4. ერიკ რომერი
5. ანდრეი ტარკოვსკი
6. საშა რეხვიაშვილი

რატომ ვეღარ ვიმეგობრებთ? ბიოლოგიური იზოლაცია      

0

 ძალიან სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლისთვის საუკეთესო დამხმარეცაა და საკმაოდ სერიოზული გამოწვევის მიზეზიც. თანამედროვე მოსწავლეებში ინტერესის ჩამოყალიბება კიდევ უფრო რთული. ისინი საკმაოდ პრაგმატულები, რეალისტები არიან. რასაც ვეუბნებით გადამოწმებადია და ისინიც არ აყოვნებენ. მასწავლებლის მიზანი ისეთი რესურსის მოფიქრება და შეთავაზება უნდა იყოს, რაც რეალობასთან არის ძალიან ახლოს. ჩემ მიერ თარგმნილი და ადაპტირებული რესურსი მიკროევოლუციის გამომწვევ მიზეზს, იზოლაციას ეხება. სამუშაო ფურცელი მოიცავს: 10 რეალურ მაგალითს, სადაც მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ იზოლაციის მექანიზმი, 5 ღია დაბოლოებიან შეკითხვას, რომლებიც უკავშირებენ სამ მთავარ ცნებას.  სახეობათა წარმოშობას, ადამიანის ქცევასა და გარემოს ცვლილებებს.

ევოლუცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. რაც უფრო დაბალგანვითარებულია ორგანიზმი, მით უფრო ცოტა დრო სჭირდება ახალი სახეობის ჩამოყალიბებას. სულ ახლახან გადავლილი კოვიდ-პანდემიისას წარმოქმნილი ახალ-ახალი შტამები თავისი უცნაური სახელებით, სწორედ რომ ევოლუციის მტკიცებულებას წარმოადგენდა.

მიკროევოლუციის შედეგად ახალი სახეობები ყალიბდება. ახალი სახეობების წარმოქმნა სხვადასხვა ფორმის იზოლაციის გზით ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, იზოლაციის მექანიზმი ბიოლოგიური ბარიერის წარმოქმნაა პოპულაციებს შორის, რასაც საბოლოოდ მივყავართ ახალი სახეობების ჩამოყალიბებამდე. იზოლაციის მრავალი მექანიზმი არსებობს, აქ მხოლოდ ქცევით, გეოგრაფიულ და დროით იზოლაციაზეა გამახვილებული ყურადღება.

  1. ქცევითი იზოლაცია -სახეობები ცხოვრობენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ განსხვავდებიან ქცევით, მაგალითად სიმღერით, ცეკვებით, ქიმიურლი სიგნალებით. ეს ხელს უშლით პოტენციური მეწყვილის ამოცნობაში. მაგალითად, ჩიტების ორმა პოპულაციამ დროთა განმავლობაში განსხვავებული სიმღერა დაიწყო, შესაბამისად შეწყვილებაც ვეღარ ხდებოდა, რადგან ,,სხვადასხვა ენაზე მღეროდნენ“. ბოლოს კი ორ ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ.
  2. გეოგრაფიული იზოლაცია – ფიზიკური ბარიერი (მთა, მდინარე, ოკეანე და სხვა) ზღუდავს პოპულაციის ინდივიდებს შორის კავშირს. დროთა განმავლობაში პოპულაციები იყოფიან და ევოლუციის შედეგად ახალ სახეობებად ყალიბდებიან. მაგალითად, მდინარემ შეიცვალა მიმართულება და მღრღნელების პოპულაცია ორად გაყო.
  3. იზოლაცია დროში- ეს არის რეპროდუქციული იზოლაციის ერთ-ერთი ფორმა. მაგალითად, მცენარეებში თუ მტვერი სხვადასხვა დროს მწიფდება, ჯვარედინი დამტვერვა შეუძლებელი გახდება და ახალი სახეობები ჩამოყალიბდება.

 

ინსტრუქცია: თითოეული მაგალითი ყურადღებით წაიკითხე. ყველა მათგანს მარჯვენა სვეტში მიუწერე იზოლაციის რომელ ფორმას აღწერს: ქცევით იზოლაციას, გეოგრაფიულ იზოლაციას თუ იზოლაციას დროში (რეპროდუქტიული იზოლაციის ერთ-ერთი სახეობა). ზოგიერთი შემთხვევა მოიცავს რამდენიმე მექანიზმს.

 

  მაგალითი იზოლაციის ფორმა
1. ერთსა და იმავე ტყეში ცხოვრობს კალიის ორი სახეობა, ერთი სახეობა მაღალ ხმას გამოსცემს, მეორე დაბალს. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრების ხმას პასუხობენ.  
2. პეპლების ერთი სახეობა აქტიურია მხოლოდ კაშკაშა მზიან დღეებში, მეორე კი მხოლოდ ღამე. ამის გამო ისინი გასანაყოფიერებლად ვერასდროს ხვდებიან ერთმანეთს.  
4.მდინარემ შეიცვალა მიმართულება და მღრღნელების პოპულაცია ორ ჯგუფად გაყო. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ზომაში გაიზარდნენ და საფარველი გაუმუქდათ, მეორესთან შედარებით. ამის მერე აღარ შეეძლოთ შეჯვარება.  
4. ერთსა და იმავე ტბაში ცხოვრობს ბაყაყების ორი სახეობა, ერთი მრავლდება ადრეულ გაზაფხულზე, მეორე-ზაფხულის ბოლოს. მათი ყიყინის ხმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.  
5. ფრინველების ორი სახეობა ცხოვრობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ერთი სახეობა მდედრის მისაზიდად იყენებს რთულ ცეკვას, მეორე კი სიმღერას. ერთი სახეობა ვერ ცნობს მეორის შეწყვილების სიგნალს.  
6. მთის ქედის წარმოიქმნა ირმების ორ პოპულაციას შორის. რამაც ხელი შეუშალა პოპულაციების წევრების შეხვედრას და შეწყვილებას. გზის გაყვანის შემდეგ ერთი ჯგუფის მდედრებმა ვეღარ ამოიცნეს მეორე ჯგუფის მამრების ხმა.  
7. ერთ მდელოზე ცხოვრობს ყვავილოვანი მცენარის ორი სახეობა, ერთი ყვავის ადრე გაზაფხულზე, როცა გრილი ამინდებია, მეორე კი გვიან ზაფხულზე, როცა ცხელა.  
8. ტბის დაშრობის შემდეგ გაჩნდა ორი გუბურა. ტბაში გავრცელებული თევზების ერთ-ერთი სახეობა ორ პოპულაციად დაიყო. პირველ გუბურაში მამრები მდედრს იზიდავდნენ ბუდეებით, მეორეში კი ფერით.  
9.  მამრი ციცინათელები მდედრის მისაზიდად სხვადასხვა სახის სინათლის სიგნალს იყენებენ. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრის გამოცემულ სინათლეს აღიქვამენ.  
10. მცენარეთა ერთი სახეობა მტვერს გამოყოფს მაისის დასაწყისში, მეორე, მსგავსი სახეობა ივნისის ბოლოს. ეს კი ხელს უშლის ჯვარედინ დამტვერვას.  

 

ანალიზი:

  1. როგორ ხდება გეოგრაფიული იზოლაციის შედეგად ორი, სრულიად განსხვავებული, სახეობის ჩამოყალიბება?
  2. ქცევითი იზოლაცია შეწყვილებას ხელს უშლის პოტენციური პარტნიორების ქცევაში განსხვავებულობის გამო. აღწერე სიტუაცია და მოიფიქრე მსგავსი მაგალითი.
  3. დროითი იზოლაციის დროს სახეობების შეწყვილების პერიოდები განსხვავებულია. რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება დროის იზოლაციაზე? შეიცვლება სახეობა თუ არა?
  4. რატომ ითვლება რეპროდუქციული იზოლაცია სახეობათა წარმოშობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად? როგორ უწყობს ის ხელს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებას?

 

  1. ფრინველების პოპულაცია ცხოვრობს კუნძულზე. რამდენიმე თაობის განმავლობაში ჩიტების გარკვეული ჯგუფი საკვების მოსაპოვებლად ტყის სიღრმეში შედიოდა, ნაწილი კი ღია მდელოზე ეძებდა საკვებს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფის ფრინველები მხოლოდ მისი ჯგუფის მამრების სიგნალებს პასუხობდნენ. იზოლაციის რომელმა ფორმამ იმოქმედა ამ სიტუაციაში? როგორ მოხდა ახალი სახეობების ჩამოყალიბება?

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/03/23/why-cant-we-be-friends-species-isolating-mechanisms/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...