2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში ერთ-ერთ კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. კლასთან ადაპტაცია ადვილი არ არის. გაკვეთილის დაწყებამდე დრო ერთმანეთის გაცნობას დავუთმეთ. ახალგადმოსულმა ჩამოთვალა თავისი ინტერესები: რა ჟანრის მუსიკას უსმენს, რომელ უნარებს ფლობს კარგად და ა.შ. ბოლოს დაამატა: მას, მე უკვე ჩემი შემოსავალი მაქვს – დროფშიფინგით (Dropshipping) ვარ დაკავებული და სკოლაში ძირითადად სოციალიზაციის მიზნით დავდივარო.
ეს ტერმინი პირველად მაშინ გავიგე, მისი მნიშვნელობა კი ზუსტად არ ვიცოდი. ცხადია, მოსწავლეს ვკითხე, რას ნიშნავდა დროფშიფინგი და ვთხოვე, უფრო ვრცლად ესაუბრა თავისი საქმიანობის შესახებ. აღმოჩნდა რომ კლასში თითქმის ყველამ იცოდა ტერმინის მნიშვნელობა და სხვებიც ცდილობდნენ ამ გზით თანხის გამომუშავებას.
მომდევნო გაკვეთილზე უკვე მომზადებული მივედი, რადგან ზედმიწევნით შევისწავლე დროფშიფინგის პრინციპი. ძიების პროცესში Tiktok-სა და Instagram-ზე აღმოვაჩინე ათობით ქართულენოვანი გვერდი, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დროფშიფინგის შესწავლას სთავაზობენ.
რა არის დროფშიფინგი?
ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებენ. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს დროფშიფინგი. ეს არის ონლაინ კომერციის მოდელი, სადაც გამყიდველს არ უწევს პროდუქციის მარაგის ფიზიკურად შენახვა, მოვლა, შეფუთვა და ა.შ. მოდი, განვიხილოთ ეს მოდელი ჩემი მოსწავლის მაგალითზე. პირობითად, მარიამს აქვს კაბინეტები ისეთ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon, Ebay, AliExspres და ა.შ., ეძებს პროდუქტს სააქციო ფასად, გადააქვს სხვა პლატფორმაზე და ყიდის ფასნამატით. მყიდველი პროდუქტის შეძენისას უთითებს საკუთარ საკონტაქტო მონაცემებს. შემდეგ დროფშიფერი თვითონვე იძენს იმ პლატფორმაზე ნივთს, სადაც ფასდაკლებით იყიდებოდა და გამყიდველს აწვდის იმ მყიდველის მონაცემებს, რომელმაც ინტერესი გამოხატა. ამ ბიზნესის არსი სიმარტივეშია: დროფშიფინგით დაკავებული პირი მოქმედებს როგორც შუამავალი, რომელიც აკავშირებს მომხმარებელსა და პროდუქტის მომწოდებელს, მისი შემოსავალი კი ფასთა სხვაობაა.
დროფშიფინგი განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, მათ შორის – 15-17 წლის მოზარდებისთვის. ამ ასაკში, როდესაც მომავალი პროფესიის არჩევა აქტუალური ხდება, ციფრული ვაჭრობა მათ შესაძლებლობას აძლევს, ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი საქმე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერი და მონდომება. რაც მთავარია, დროფშიფინგი არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციას, რის გამოც მოზარდებისთვის ის ნაკლებად სარისკო და საზიანოა. მათ შეუძლიათ, საკუთარი ონლაინ მაღაზია ნულიდან ააწყონ და ვაჭრობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. მთავარია, ახალგაზრდებმა არ შეიქმნან არარეალური მოლოდინი ამ საქმიანობით გამდიდრების თაობაზე.
დროფშიფინგი როგორც დამატებითი შემოსავლის მიღების გზა მოზარდებს უვითარებს მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. მაგალითად:
* ისინი სწავლობენ, როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორ დაგეგმონ ბიუჯეტი, გათვალონ მოგება და მართონ ფინანსები. ეს მათ უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას და პასუხისმგებლობის გრძნობას.
* წარმატებული დროფშიფინგისთვის აუცილებელია სოციალური მედიის, რეკლამისა და კონტენტის შექმნის ცოდნა. მოზარდები პრაქტიკულად სწავლობენ, როგორ გაუწიონ რეკლამა პროდუქტს, მოიზიდონ მომხმარებლები და შექმნან საინტერესო ვიზუალური მასალა.
* ისინი სწავლობენ მომწოდებლებთან ურთიერთობას, პრობლემების მოგვარებასა და მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს უკანასკნელი მათ ხელს უწყობს უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში.
ჩემ მიერ აღწერილი შემთხვევა ერთი მაგალითია. ხშირად შეხვდებით სკოლის (განსაკუთრებით – საშუალო საფეხურის) მოსწავლეებს, რომლებიც ფიზიკურად მუშაობენ: ბარ-რესტორნებში, ავტოფარეხებში, მობილური ტელეფონების სახელოსნოებში, ბაზრობებზე; ასევე ბავშვებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი ან ჩართულნი არიან საოჯახო შინამეურნეობებში. ამ დროს იბადება კითხვები: კიდევ რა უნდა ასწავლოს ასეთ ბავშვებს თანამედროვე სკოლამ? კიდევ რომელი უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს? როგორ გახადოს საგანმანათლებლო სივრცე მათთვის მიმზიდველი და საინტერესო? როგორ მოამზადოს სხვა სახის გამოწვევებისთვის?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი.
ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, სკოლებმა სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანონ მეტი პრაქტიკული გაკვეთილი მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ (მით უმეტეს, მრავალ ქვეყანაში უკვე განიხილავენ დროფშიფინგს როგორც მეწარმეობისა და ბიზნესუნარების განვითარების შესაძლებლობას). თეორიის პარალელურად, შესაძლებელია მცირე პროექტების განხორციელება, რაც მოზარდებს რეალურ გამოცდილებას მისცემს.
მეორე: სკოლებმა უნდა შექმნან მხარდამჭერი გარემო, სადაც მოსწავლეებს არ შეეშინდებათ საკუთარი იდეების გაზიარებისა და მარცხის. ჩვენ, მასწავლებლებმა, უნდა წავახალისოთ მოზარდები და ვასწავლოთ შეცდომებზე სწავლა, რათა დაინახონ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად მარცხზე გადის.
როცა მოზარდები ადრეულ ასაკში იწყებენ ფულის გამომუშავებას და გრძნობენ ერთგვარ ფინანსურ დამოუკიდებლობას, მათ შესაძლოა დაეკარგოთ ინტერესი ფორმალური განათლების მიმართ და გაუჩნდეთ „ცრუ რეალიზებულობის“ შეგრძნება. ასეთ მოზარდებს მიაჩნიათ, რომ უკვე იციან ყველაფერი, რაც წარმატებისთვის სჭირდებათ, რადგან მათმა შრომამ მყისიერი ფინანსური შედეგი გამოიღო, ეს კი სარისკოა: შესაძლოა, ეგოცენტრულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და სოციალური უნარები დაუქვეითდეთ.
მსგავსი დეტალები ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება თუნდაც 10 წლის წინანდელი სამყაროსგან. ამ თაობის ახალგაზრდებს მეტად აქვთ განვითარებული ციფრული უნარები, უფრო პრაგმატულად აზროვნებენ და მეტად პროდუქტიულები არიან. მე როგორც მასწავლებელმა უნდა შევძლო, მათ ფეხი ავუწყო და მათივე ინტერესის სფეროში გავყვე, ამაში კი უნდა დამეხმაროს განათლების სისტემა თავისი მოქნილობით.
დაბოლოს, ნუ დავუშლით ახალგაზრდებს, ჰქონდეთ იდეები, ესწრაფოდნენ სიახლეებს და ახალ გამოცდილებას. ერთ სფეროში თითქოსდა უუნარო ადამიანმა შესაძლოა სხვა სფეროში წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწიოს. მეწარმეობასა და ბიზნესში ამის არაერთი ნათელი მაგალითი გვაქვს.


