*
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სტუდენტი გავხდი. ექსტერნად ჩავაბარე. სამხატვრო აკადემიაში მინდოდა სწავლა, მაგრამ მშობლებმა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე მიკრეს თავი და იქ სრულიად უინტერესო ოთხი წელიწადი გავატარე. მხატვრობის სურვილი თანდათან კინორეჟისორობის სურვილმა შეცვალა და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, თეატრალურში, კინოსარეჟისოროზე გადავწყვიტე ჩაბარება. გამოცდამდე რამდენიმე თვე, კვირაში ერთხელ, ე. წ. კონსულტაციებზე უნდა გევლო, სადაც მომავალი ხელმძღვანელები კინოზე, ლიტერატურასა და ათას სხვა რამეზე ესაუბრებოდნენ პოტენციურ სტუდენტებს. ჩვენ რეზო ესაძესა და ბაადურ წულაძესთან გავდიოდით ასეთ კონსულტაციებს. ბაადურიც ძალიან განათლებული კაცი გახლდათ, მაგრამ რეზო ფენომენი იყო. მისი თითოეული გამოხედვა, ჟესტი თუ ვერბალური აქტივობა არტს წარმოადგენდა (მისი ტელეინტერვიუებიც პერფორმანსებია). ხელოვნებით იყო სავსე ეს პატარა კაცი და ამ ხელოვნებას უშურველად გასცემდა. მაშინ თეატრალურში ჯერ კიდევ პროტექციით იღებდნენ. მე ვერ ჩავირიცხე. სამაგიროდ, ჩაირიცხა გოგო, რომელსაც „დიდი მწვანე ველი“ გიორგი შენგელაიას ფილმი ეგონა, რადგან ერთი ცნობილი მსახიობის შვილიშვილი გახლდათ. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი.
*
კინო მასობრივი ხელოვნებააო, იტყვიან ხოლმე. თავის დროზე ლენინმაც კი შეამჩნია მისი უდიდესი პოტენციალი მასობრივი პროპაგანდისთვის. თუმცა ეს თეზა, როგორც წესი, დაბალი ხარისხის ფილმებზე ვრცელდება. საავტორო კინო, ცხადია, უკიდურესად კამერულია, ისევე როგორც მაღალი ხარისხის ლიტერატურა. მეეჭვება, საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი უყურებდეს საავტორო კინოს, ვიდრე წიგნს კითხულობს. ქართულ კინოსაიტებზე ქართულად გახმოვანებული საავტორო კინოს ნიმუში არც ისე ბევრია და ის, რაც მათ კომენტარებში ხდება, ერთგვარი პროექციაა იმ ბანალური ჭეშმარიტებისა, რაზეც ვლაპარაკობ. ზოგი წერს, რომ მხოლოდ ხუთი წუთი გაუძლო, ზოგი – რომ მსგავსი სისულელე იშვიათად უნახავს და ა. შ. და ა. შ. მაგალითად, თეო ანგელოპულოსის ერთი შედევრის საკომენტარო ველში ამერიკულ თრეშ-ბოევიკებზე გაზრდილი ენდემური ჯიშის იმბეცილები ბერძენ რეჟისორს – მიზანსცენებს, ტონინო გუერას კი სცენარს უწუნებენ.
*
იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი დრო, როცა რამდენიმე თვით ჩავიკეტე სახლში და ფილმების ყურება დავიწყე. დღეში იმდენ ფილმს ვუყურებდი, რამდენსაც ვასწრებდი. ზოგჯერ დაწყებულ ფილმს შუაღამისას ვწყვეტდი და მეორე დღეს ვაგრძელებდი. მაშინ ვნახე მთელი ევროპული, აზიური და ამერიკული კინოკლასიკა ჩანასახიდან მოაქჟამომდე. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ თვეებს – ჩამოფარებული ფარდები, კომფორტული სავარძელი და უწყვეტი კინომაგია… კომპიუტერის თხელი მონიტორი ახლაც მაქვს შენახული იმ დღეების არდავიწყების ნიშნად.
*
კინომ ორი გადამწყვეტი ტრანზიციული ეტაპი გაიარა:
- უხმოდან ხმოვანზე გადასვლა;
- შავ-თეთრიდან ფერადზე გადასვლა.
პირველმა, უფრო დრამატულმა ტრანზიციამ უხმო კინოს ბევრი დიდი რეჟისორისა და მსახიობის კარიერა შეიწირა. მეორემ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა: ზოგმა დიდმა რეჟისორმა ფერად გამოსახულებასაც ადვილად აუღო ალღო, ზოგმა კი შავ-თეთრი ფილმების გადაღება გააგრძელა.
„ვისაც შავ-თეთრი ფილმი უყვარს, ის ცუდი ადამიანი ვერ იქნება“, – რაღაც ასეთი წერია აკა მორჩილაძის ერთ რომანში. ალბათ, არის ამ კონტროვერსიულ მტკიცებაში სიმართლის მარცვალი. შავ-თეთრი კინო საოცრებაა: რაღაც რომანტიკული, რაღაც მეტარეალისტური, რაღაც პროვიდენციულიც კი… ფერადმა გამოსახულებამ რაც უნდა რეტინული საოცრებები მოახდინოს მომავალში (უკვე ახდენს), ჩემი ჭკუით, შავ-თეთრი კინოს განუმეორებელ ესთეტიკას ვერასოდეს აჯობს.
*
როგორც პროზაშია (რომანს ვგულისხმობ), კინოშიც ასეა: დიდი რეჟისორები ორ ჯგუფად იყოფიან – არის დიდი რეჟისორი, რომლის ფილმებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ესთეტიკით და ენით და არის დიდი რეჟისორი, რომელმაც საკუთარი, მკვეთრად ინდივიდუალური კინოენა შექმნა. მე მეორე ტიპის რეჟისორები მიყვარს. ამ ნიშნით ჩემი საყვარელი რეჟისორების სია ასეთია:
- მიხეილ კალატოზიშვილი
- რობერ ბრესონი
- ჯონ კასავეტესი
- ერიკ რომერი
- ანდრეი ტარკოვსკი
- საშა რეხვიაშვილი


