შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს !

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი mascavlebeli.ge და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

კულონის კანონი და ცოდნის კატეგორიები

0

სწავლა-სწავლება შედგება ცოდნის სამი კატეგორიისგან. ესენია: დეკლარაციული, პირობისეული და პროცედურული. ნებისმიერი სახის დავალება ეს იქნება კომპლექსური, კვლევითი სამუშაო თუ ნებისმიერი სხვა სახის დავალებაზე მუშაობის პროცესი სამივე კატეგორიის ცოდნაზე უნდა იყოს გათვლილი.

შემოგთავაზებთ კულონის კანონისთვის შექმნილ შემაჯამებელ კვლევით სამუშაოს, რომელშიც დეტალურად მაქვს ჩაშლილი სამივე კატეგორია.

კვლევითი სამუშაოსთვის ვიყენებ კოლორადოს ვირტუალურ ლაბორატორიას https://phet.colorado.edu/sims/html/coulombs-law/latest/coulombs-law_all.html?locale=ka.

მოსწავლეებს ამ სამუშაოს ვთავაზობ სამ ეტაპად. პირველი სწორედ დეკლარაციული ცოდნის შეფასებაა., ამისათვის მოსწავლეებს თეორიული ცოდნის შესაფასებლად ვაძლევ კითხვარს.

დეკლარაციული ცოდნა გულისხმობს თეორიის, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას – რა ვიცი?


დეკლარაციული ცოდნა და კულონის კანონის თეორიული ნაწილი

1 1. ჩაწერეთ კულონის კანონი.

2. რა ერთეულებში იზომება მუხტი.

 

 
2 დაასახელეთ კულონის კანონში შემავალი ფიზიკური სიდიდეები.

 

 
3 რა არის k და რის ტოლია k-ს რიცხვითი მნიშვნელობა?

 

 
4 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა მუხტების გაზრდით?

 

 
5 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა მუხტებს შორის მანძილის გაზრდით?

 

 
6 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ძალა, თუ მუხტებს ვაკუუმიდან სხვა გარემოში გადავიტანთ?  
7 1.     რა არის e?

2.     რა არის e0?

3.     გამოსახეთ k.

 

 

 

 

დეკლარაციული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა, პროცედურული კი – დინამიკური. პროცედურული ცოდნა იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას და პასუხობს კითხვას: როგორ შევასრულო მოცემული დავალება?

ამისთვის ზემოთ მოწოდებული ლინკის საშუალებით მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ კვლევითი სამუშაო.

პროცედურული ცოდნა და ვირტუალური ლაბორატორია

ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ცვალეთ მანძილი და შეავსეთ ცხრილი:

 

q1 პირველი მუხტი q2 მეორე მუხტი მუხტებს შორის მანძილი ურთიერთქმედების ძალა F
1 მკ 1მკ 10 სმ  
1 მკ 1მკ 8 სმ  
1 მკ 1მკ 6 სმ  
1 მკ 1მკ 4 სმ  
1 მკ 1მკ 2სმ  

 

გამოიტანეთ დასკვნა, როგორ იცვლება ძალა?

ჩაატარეთ იგივე ცდა. ცვალეთ პირველი მუხტის სიდიდე ისე, რომ მანძილი და მეორე მუხტი არ შეცვალოთ და შეავსეთ შემდეგი ცხრილი:

 

q1 პირველი მუხტი q2 მეორე მუხტი მუხტებს შორის მანძილი ურთიერთქმედების

ძალა F

 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  

 

გამოიტანეთ დასკვნა, როგორ იცვლება ძალა?

პირობისეული ცოდნა გულისხმობს ზუსტად პირობების ამოცნობას და სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პასუხობს კითხვებს: სად და როგორ, გამოვიყენო მიღებული ცოდნა?

მოსწავლეებს ვთავაზობ დამატებით კითხვებს.

პირობისეული ცოდნა და დამატებითი კითხვები

1 როგორ შეიცვლება q და 5q მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ მათ შევახებთ ერთმანეთს და იმავე მანძილზე დავაშორებთ?

 

 
2 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ ერთ-ერთ მუხტს გავზრდით 4-ჯერ, ხოლო მეორე მუხტს შევამცირებთ ორჯერ? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 

 
3 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ძალა, თუ ორივე მუხტს გავზრდით სამჯერ და მათ შორის მანძილს შევამცირებთ სამჯერ? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 
4 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ ვაკუუმიდან გადავიტანთ ნავთში? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 
5 როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ორი წერტილოვანი მუხტის ვაკუუმიდან ნავთში გადატანის შემდეგ ურთიერთქმედების ძალა იგივე დარჩეს?

 

 

 

სამივე ტიპის ცოდნა – დეკლარაციული (თეორია, ფაქტები, განმარტებები, ფორმულები), პროცედურული (ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც ცოდნის გადამუშავებაში გვეხმარება) და პირობისეული (კავშირი ყოველდღიურობასთან და შეძენილი ცოდნის გამოყენება) – ეხმარება მოსწავლეს, სიღრმისეულად გაიაზროს ესა თუ ის საკითხი. ამ კვლევითი სამუშაოს შეფასების საფუძველზე სასურველია, შევქმნათ შეფასების რუბრიკა.

 

სასექტემბრო ჩანაწერები

0

პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.

 

მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.

 

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.

  • რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?
  • ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
  • ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.
  • თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – „ერთიანი არ არსებობს“ – თქმას ვაპირებდი.
  • რეიზა? – მკითხა ორივემ.
  • არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
  • მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
  • ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
  • მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.

 

ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათად დარჩენა გადაწყვიტა.

 

  • სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.
  • ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.
  • მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.
  • იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია, წახვიდე!

 

მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა.

 

ერთმა გურულმა კაცმა მკითხა ამასწინ: აბა, თუ იცი, რა საერთო აქვს ელექტროენერგიას და აქოურ ღვინოს, ადესასო? მე ცოტა მაგიურ რეალიზმისკენ წავედი და, კაცმა რომ თქვას, არც ის ასცდა. მოკლედ, მიყვება: ოთხმოცდაათიანების მიწურულია. ჩოხატაურში არიან. ცდიან ახალ მუშაკებს. ერთი ახალგაზრდა კაცი ძალიან დაიბნა და ვერაფერს პასუხობს. გამომცდელს შეეცოდა და ბოლოს კითხა; „კარგი, დენი რა არის შენი სიტყვებით მითხარი და შეგეშვებიო“. პასუხი იყო ამგვარი: „დენი, არის იმფერი რამე რომე, აი – ფერი არ აქვს, სუნი არ აქვს, გემო არ აქვს და ხელს თუ მოკიდებ, უცებ მოგკლავს“. გამომცდელმა, ასევე გურულმა, ოღონდ ოზურგეთიდან, ჰომერულად გაიცინა თურმე და უთხრა: „მაგი, დენი კი არა – აგერ – დაადო ხელი მეორე გამომცდელს – ოთარიეს ადესაა – ფერი არც იმას არ აქვს, არც გემო, არც სუნი და თუ დალევ, ქი მოგკლავს იმ მინუტშიო“. ეგ არის გურია, ღიმილით სიკვდილის და საოცრებათა გაჩვეულებრივების მხარე.

 

 

კულტურათა ურთიერთგაზიარება

0

ევროპელი მოხალისეების ჩართულობით

ხშირად გვესმის ფრაზა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. მე თუ მკითხავთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულობა არის ნამდვილი, ევროპული მრავალფეროვნება. ჩვენ მხოლოდ ევროპულ საზოგადოებასთან თანაცხოვრების გამოცდილება, კულტურულ-მენტალური და ინსტიტუციური ინტეგრაცია (დემოკრატიის გაძლიერება) გვაკლია.

მოსწავლეები ხშირად ხდებიან ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მითების მსხვერპლი. საფრთხეები განსაკუთრებით მაღალია ისეთ მოწყვლად რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა, ქვემო ქართლი და მარნეული. საქართველოში გავრცელებული ნარატივების უმეტესობა მიმართულია ევროპული (დასავლური) ცხოვრების დამახინჯებულად წარმოჩენისკენ; ისეთი წარმოდგენის შექმნისკენ, თითქოსდა ევროპა გარყვნილების ბუდეა, და უცხოს ელემენტის შემოტანისკენ.

როგორ მივიტანოთ მოსწავლეებამდე ინფორმაცია ევროპული ცხოვრების სიკეთეების შესახებ? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, ცხადია, თეორიულ სწავლებას უკავშირდება, თუმცა მისი ეფექტი ნანახისა და დაცდილის გარეშე ნაკლებია. ამიტომ პრაქტიკული მიდგომა უზომოდ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, გამოვყოფდი ევროპაში მოგზაურობას, სწავლას და მოკლევადიან თუ გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობას. თუმცა ეს ჯერ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რჩება კიდევ ერთი გზა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსული ევროპელი ახალგაზრდების მოწვევასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას უკავშირდება. ამ წერილში, სწორედ მეორე მიმართულებით გავაზიარებ გამოცდილებას.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია აფინანსებს ორ დიდ პროგრამას „ერაზმუს+“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსს.

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 18-30 წლის ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოხალისეობრივად იმუშაონ მიმღებ ორგანიზაციებში. მოხალისეობრივი პროგრამები შეიძლება იყოს 2-კვირიანი (მოკლევადიანი) და შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე (გრძელვადიანი). მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან ჯიბის ფულით, კვებითა და ღამის გასათევით. ასევე უნაზღაურდებათ ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს. მათი უმეტესობა არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს.

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების მიმღებ ქართულ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა ქართველები ევროპისთვის“ და „ალტერნატიული განათლების აკადემია“ თანამშრომლობით დავგეგმეთ ევროპელი და ქართველი მოხალისეების ვიზიტები მარნეულის N2 საჯარო სკოლაში.

ვიზიტები მიზნად ისახავდა:

  • მოხალისეობის კულტურის ზრდას;
  • კულტურების ურთიერთგაზიარებას;
  • სტერეოტიპების დამსხვრევას;
  • ენობრივ-ლინგვისტური კომპეტენციების ზრდას;
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდას;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

მაისი-ივნისის თვეში სკოლის ბაზაზე ვუმასპინძლეთ: პოლონელ, ფინელ და ესტონელ მოხალისეებს. სამივე ჯგუფმა თითქმის მთელი დღე სკოლაში გაატარა.

პოლონელი მოხალისეების ჯგუფი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურა, ათი ყველაზე გამოყენებადი სიტყვა/ფრაზა და ტრადიციული ცეკვის ილეთები. შემდეგ უკვე პოლონელებმა ისაუბრეს მათ ისტორიაზე, რეგიონებზე, მოხალისეობის კულტურაზე და ა.შ.

ფინელი მოხალისეების პროგრამა დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს, თუ რა ადგილი უკავია ფინური განათლების მოდელში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტს. შემდეგ მოსწავლეებს ასწავლეს წყლის გაფილტვრა ველურ პირობებში, ეკომეგობრული ენერგიის წარმოება ბიონარჩენების გამოყენებით და ა.შ. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება, თუ როგორ ახერხებს ფინეთი მდგრადი განვითარების მიზნების ყველა დონეზე მიღწევას.

მესამე ვიზიტი სკოლის დასრულების შემდეგ დაიგეგმა. ამჯერად, ესტონელი და ქართველი მოხალისეები გვსტუმრობდნენ. მოხალისეების მიერ მომზადებული აქტივობები ორიენტირებული იყო სტერეოტიპების აღმოჩენასა და მათ დამსხვრევაზე. მონაწილეთა ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია იმის აღმოჩენამ, რომ ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტური მითებია გავრცელებული.

სამივე ღონისძიება ემოციური გამოდგა. საკუთარი თვალით ვუყურებდი მულტიკულტურული გარემოს შექმნის პროცესს. ძირითადი სამუშაო ენა იყო ინგლისური, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებებმა ენობრივი კომპეტენციებიც გაზარდა. შეხვედრების ბოლოს ვიტოვებდით დროს არაფორმალური საუბრებისთვის. სტუმრები აგემოვნებდნენ ტრადიციულ ტკბილეულსა და ჩაის.

რატომ დაალაგეს საკლასო ოთახი?

ნებისმიერ აქტივობას აქვს პირდაპირი და სწრაფადმოქმედი ეფექტი. მოხალისეების პირველი (პოლონელების) ჯგუფის მასპინძლობის დროს გაგვიწვიმდა და აქტივობების ნაწილის საკლასო ოთახში ჩატარება მოგვიწია. მალე ისევ გამოიდარა და ისევ ეზოში გავედით. ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა გამგზავრებამდე 10 წუთით დარჩენა ითხოვეს. ამ დროის განმავლობაში მთლიანად დაასუფთავეს ოთახი, მოაწესრიგეს სკამები და მერხები და გადაყარეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ დატოვებული ნარჩენებიც კი. ვიქნები გულწრფელი და ვაღიარებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ამის მიღწევა ძალიან მიჭირს. მათი საქციელი აღმოჩნდა გარდამტეხი, რადგან სულ იხსენებენ ამ ფაქტს და მიანიშნებენ ერთმანეთს თუ როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარემოს მოწესრიგებაზე.

მოსწავლეებთან გულწრფელი საუბარი და რეფლექსია, მათი დამოკიდებულების, კმაყოფილება-უკმაყოფილების გაგების კარგი გზაა. აქტივობების შემდეგ, მოხალისეებს პატარა კითხვარი შევთავაზე, რომელიც მოიცავდა როგორც დახურულ, ასევე ღია კითხვებს.

  1. რით იყო გამორჩეული ევროპელ მოხალისეებთან ჩატარებული აქტივობები?
  2. რომელი სტერეოტიპების დამსხვრევაში დაგეხმარათ პოლონელებთან, ფინელებთან და ესტონელებთან ჩატარებული შეხვედრები?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივი შეხვედრების ჩატარება?

წარმოგიდგენთ კვლევის დროს გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს:

  • შეხვედრებმა გააძლიერა ჩვენი ემპათია და მიმღებლობა;
  • გვასწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობა, რასაც წიგნებიდან ვერ ვისწავლით;
  • გავეცანით ერთმანეთის კულტურას;
  • აქტივობები მოგვცა მრავალფეროვნების შეგრძნების საშუალება;
  • მოხალისეები ძალიან უშუალონი და ადამიანურნი იყვნენ.

აქვე გიზიარებთ ორ ვრცელ კომენტარს:

„ჩვენთან საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ აუცილებლად უნდა მიჰყვე სისტემას – ჯერ დაამთავრო სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ დაიწყო მუშაობა და მხოლოდ მერე შეგიძლია იმოგზაურო და აკეთო ის, რაც მოგწონს. ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის იყვნენ თითქმის ჩემი თანატოლებიც, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემი სტერეოტიპი ერთ დღეში დაიმსხვრა“.

„იმის გამო, რომ ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა მეგობრებისგან საკუთარი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონა, როცა გაგვიზიარეს, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოგზაურობა და თან ვაკეთოთ სასარგებლო საქმე“.

კითხვარის შედეგებმა, ზოგადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთობლივ აქტივობებს აქვს მყისიერი შედეგი. უცხოობის შიშის დასაძლევად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ სკოლაში საინტერესო სტუმრების მოწვევას.

ვრცლად ევროპის მოხალისეობის კორპუსის შესახებ იხილეთ აქ: https://youth.europa.eu/solidarity_en

რამდენიმე აქტივობა ფიზიკური აღზრდის საგანში

0

დაწყებითი კლასების მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი საგანი ფიზიკური აღზრდაა. სპორტს კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა. ვცდილობ, ეს დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გამოვიყენო. მოსწავლეებს თავისუფლებას ვაძლევ, თავად შემომთავაზონ, რისი გაკეთება სურთ. ხშირად მოაქვთ თამაშები, რომლებსაც გაკვეთილის მიზანს შევუსაბამებ ხოლმე.

გადავწყვიტე, სემესტრის ბოლოს გაგვემართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მხიარულიც იქნებოდა და საინტერესოც.

საკლასო ოთახი სივრცეებად დავყავი და თამაშები ამ სივრცეებში გავანაწილე. თითოეულ თამაშს თავისი პირობები და წესები ჰქონდა. მოსწავლეები მათში მონაწილეობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებად და გუნდურად.

თამაში N1 – ჩააქრე სანთლები (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

მაგიდაზე სანთლები იყო ანთებული. სანთლების გვერდით ეწყო ნივთები (ფანქარი, თმის სამაგრი, საშლელი…). მოსწავლეს სულის შებერვით უნდა ჩაექრო სანთელი, რისთვისაც პრიზად მიიღებდა იმ ნივთს, რომელიც ამ სანთლის გვერდით იდო. პრიზები ბავშვებისთვის დიდ მოტივაციად იქცა და მათ მხიარულად შეასრულეს დავალება.

 

თამაში N2 – გააგორე კამათელი (გუნდური)

ფ.ა.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.

  • აცნობიერებს და იცავს გუნდური თამაშის წესებს.

 

მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და მაგნიტი. მოსწავლეები მორიგეობით აგორებდნენ კამათელს. რა ციფრიც ამოუვიდოდათ კამათელზე, იმდენით გადაანაცვლებდნენ მაგნიტს ფურცლებზე. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი დაასრულებდა ფერადი ფურცლების შევსებას.

 

თამაში N3 – გადახტი ჩქარა! (გუნდური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • იცავს წონასწორობას ხტომის დროს.

 

თუ არ გაქვთ სპორტული ინვენტარი, მაგალითად, სახტომი ტომრები, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სავაჭრო ცენტრებში პროდუქტის ჩასაწყობი მყარი ჩანთები. მოსწავლეები ნაწილდებიან გუნდებში. ორი მოსწავლე დგება ტომარაში და ცდილობს, პირველი მივიდეს ფინიშამდე. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის მონაწილეების პირველები მორჩებიან თამაშს.

 

თამაში N4 – ფილტვების ვარჯიში! (წყვილებში)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

ამ თამაშისთვის საჭიროა პატარა ფერადი ბუშტები. მოსწავლეები დავაწყვილე და დავურიგე ბუშტები. მათ უნდა გაებერათ ბუშტი მანამდე, სანამ არ გასკდებოდა. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი გახეთქავდა ბუშტს.

 

თამაში N5 – გადალახე ბარიერი (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სირბილის დროს შეუძლია გადალახოს მასწავლებლის მიერ შექმნილი სხვადასხვა წინაღობა.

 

საკლასო ოთახი მაგიდის, სკამის, ზურგჩანთებისგან შექმნილი ბარიერებით სივრცეებად დავყავით. მოსწავლეს ეს ბარიერები უნდა გადაელახა და ერთი წერტილიდან მეორემდე მისულიყო. მაგალითად, გამძვრალიყო მაგიდის ქვეშ, გადახტომოდა სკამს, გარს შემოევლო ზურგჩანთებისთვის და ა.შ. გამარჯვებული იყო ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებდა დავალების შესრულებას.

 

თამაში N6 – ნატვრის თვალი (ჯგუფური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სხვადასხვა ზომის ბურთებს ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში და იჭერს ორი ხელით.

 

მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად, რომლებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე ჯგუფს მივეცი ბურთი (ნატვრისთვალი). მონაწილეები ვერ ხედავდნენ, ვინ როგორ იდგა მათ ზურგს უკან. მათ ისე უნდა გადაეწოდებინათ ზურგს უკან მდგომისთვის ბურთი, რომ ის დაბლა არ დავარდნილიყო. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და სწორად შეასრულებდა დავალებას.

 

ვფიქრობ, ეს თამაშები გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს გახდის და საგნის შეჯამების დროს უკეთესად წარმოაჩენს სემესტრის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

პირველი „საბა“

0

ყველაფერი დაიწყო ზარით:

  • გამარჯობა, „დღის კოდიდან“ გირეკავთ. სიუჟეტებს ვაკეთებთ თანამედროვე ქართველ მწერლებზე და გვინდა, ერთ-ერთი თქვენ იყოთ.

„დღის კოდის“ რედაქტორი მაშინ უკვე მყავდა ფეისბუქზე, როგორც ჩემი მკითხველი. ვიცოდი, რომ „აკუმი“ მოსწონდა. ამიტომ ეჭვი არ გამჩენია – ვიფიქრე, პროდიუსერს ელაპარაკა და ისიც დასთანხმდა-მეთქი. მეც, ჟურნალისტს, რომელიც ნატად გამეცნო, თანხმობა ვუთხარი.

მერე კიდევ რამდენიმე ზარი იყო: ჯერ მითხრეს, „პროსპეროში“ მოდი საღამოსო. ცოტა ხანში მთხოვეს, იქნებ დილით ადრე მოხვიდე, ყავის აპარატი ხმაურობს და ჩვენი გულისთვის კაფეს ვერ დაკეტავენო.

მე ერთი კი ვთქვი, რა ოინია, უცებ რატი ამაღლობელი დაგვადგეს შუა გადაღებისას და ჯიბიდან „საბა“ ამოიღოს-მეთქი, მაგრამ ეს ხუმრობა იყო და მეც და დედაჩემმაც მხოლოდ გავიცინეთ.

გათენდა დილა. ჩავიცვი და წავედი. ათზე უკვე „პროსპეროს“ ეზოში უნდა ვყოფილიყავი.

მეტროდან რომ ამოვედი და „მაკდონალდსს“ გამოვცდი, ისევ ნატას ზარი იყო, შემოსვლის კადრი უნდა გადავიღოთ და „პროსპეროს“ როცა მოუახლოვდები, დაგვირეკეო.

ამ დროისთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. ვიცოდი, რომ როცა სიუჟეტს აკეთებენ, კადრებს ცალკე იღებენ. ამიტომ ეჭვი არც ამჯერად გამჩენია.

მივუახლოვდი „პროსპეროს“ ეზოს და დავურეკე. ნატა გამოვიდა. სკამზე ჩამოვსხედით.

კითხვები გამოვაგზავნე, მიიღეო.

არა, მაგრამ არა უშავს – ასე წინასწარ კითხვები ჩემთან ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ შეუთანხმებია და ყველაფერი მაინც მშვენივრად მიდის-მეთქი, – ვუთხარი.

მაინც გავიაროთო.

და გავიარეთ: წიგნთან პირველი შეხება, როგორ დავიწყე წერა, „აკუმი“… ყველაფერი არც მახსოვს, მაგრამ კაი ხანს კი ვისაუბრეთ.

მერე ნატა ადგა და, ახლა მე შევალ და გამოგძახებთ და შენც შემოდი ეზოშიო.

მეც მათ მითითებას დაველოდე, ეზოში შევედი და…

მერე რაც იყო, უკვე ნანახი გაქვთ.

დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მე ნატა ბოლო წუთამდე ჟურნალისტი მეგონა და მეგონა, რომ მართლა ვიღებდით სიუჟეტს და რატიმ და „საბას“ ხალხმა დრო იხელთეს და თავზე დაგვადგნენ.

მერე ნატამ ქაღალდის პაკეტში ჩამიდო „საბა“, არავინ დაინახოსო – დაჯილდოებამდე არ უნდა გამემხილა, რომ მე გადმომეცა. კადრების მონტაჟს კი ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა.

წამოვედი.

ვდგავარ მეტროს ვაგონში და სულელივით ვიკრიჭები – რა იცის ამ ხალხმა, ქაღალდის პაკეტში, ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო რომ მიდევს.

მოვედი შინ.

დედა სახლში არ დამხვდა. ჩემი ძმა და მამაჩემი თავიანთი ოთახებიდან მუშაობდნენ. მამაჩემი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. მოკლედ, ვერცერთს ვერ შევუღებდი კარს.

უცებ ვიგრძენი, რომ აუტანლად მტკივა ქუსლის უკანა მხარე, ისე მტკივა, ლამის ვიტირო.

რა მექნა, „საბა“ ფეხსაცმელების კარადაზე შემოვდე, ჩემს ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე გავიხადე.

იქ რაც დამხვდა, უკვე საშინელებათა ჟანრის ამბავი იყო: მთელი ტერფი გამსისხლიანებოდა.

გული გამისკდა. ახლაღა გამახსენდა, რომ დილით უკვე მწიწკნიდა გაღიზიანებული კანი, მაგრამ სიჩქარეში ყურადღება არ მივაქციე. სახლამდე კი, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი, და თითქმის ვირბინე. სხვა განცდებში ვიყავი, ტკივილი არ მახსოვდა. ახლაღა დამატყდა თავს ერთბაშად.

გინება-ფურთხებით მოვიწმინდე სისხლი, ვაი-ვაგლახით ვიპოვე ანტისეპტიკური მალამო. ჭრილობა დავიმუშავე და გამწარებულმა დედაჩემს დავურეკე, სადა ხარ-მეთქი.

კარტოფილს ვყიდულობო.

რა დროს ეგაა-მეთქი, დაყარე ეგ ყველაფერი და ახლავე მოდი სახლში!

ის მიხვდა, რომ რაღაც კარგი მოხდა და, მოვდივარ, მოვდივარო.

ამასობაში, ჩემი ძმა გამოვიდა. პირველს მას ვახარე ახალი ამბავი და მერე იმწამსვე მამაჩემთან შევიჭერი სამუშაო კაბინეტში. მამაჩემმა, თავის მხრივ, კიდევ დაურეკა დედას, ამდენხანს სად ხარო.

როცა დედა მოვიდა, გადაწყდა, რომ „საბას“ მიღების ამბავი მთელ ჩემს სანათესავოს უნდა გაეგო – აბა, მართლა ხომ არ დავმალავდით?..

მშობლობა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობაა

0

ფრაგმენტები წიგნიდან „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“

 „ეს წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არმედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარ თავში გარკვევა და ცხოვრების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გაცნობა. ყველა ასეთ ადამიანს ეს ნაშრომი აუცილებლად დაეხმარება“, – ასე იწყება ამერიკაში მოღვაწე ინდური წარმოშობის კლინიკური ფსიქოლოგისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სპეციალისტის შეფალი ცაბარის წიგნი, რომელიც „გაცნობიერებულ მშობლობას“ ეხება და პირობითად ასეთი სათაური აქვს: „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“.

ავტორი აფრთხილებს მკითხველს: „ნუ იჩქარებთ და ნუ უსაყვედურებთ მშობლებს, რომ ცხოვრება აგირიეს. ნურავის განიკითხავთ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერასდროს გაიგებთ, როგორ მოიქცეოდით თავად მათ ადგილას. მთავარია, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდეთ და თავისუფლად გააგრძელოთ ცხოვრება“.

ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად წარმოიშობა ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება და პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან გადადიან. ისე გამოდის, რომ ჩვენი შვილები გამუდმებით ბეწვის ხიდზე დადიან. საკმარისია მშობლების ერთი წინდაუხედავი, მოუქნელი რეაქცია და ბავშვი იფიქრებს, რომ ის გარიყეს, უგულებელყვეს, რის გამოც თავს უბედურად იგრძნობს. ზუსტად ასევე, ერთმა სწორად შერჩეულმა სიტყვამაც კი შეიძლება პატარას ბედნიერება აგრძნობინოს და ფრთები შეასხას. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, უფროსები ირჩევენ, შეაქონ თუ დასაჯონ შვილები, უფლება მისცენ პატარებს, ლაღები და თავისუფლები გაიზარდონ თუ საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ უბიძგონ, პიროვნულ ზრდაში დაეხმარონ თუ ერთ ადგილას გაყინონ და განვითარებაში ხელი შეუშალონ.

წარმატება, სწორი, მართებული ქცევა, გარემომცველი სოციუმის აზრი – ეს ყველაფერი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილებისთვის პრაქტიკულად უმნიშვნელოა. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, ისინი არ შფოთავენ შესაძლო შედეგებზე, არ ითვალისწინებენ სავარაუდო რისკებს, ამიტომ მათთვის ცხოვრება უბრალოდ სიხარულის და ბედნიერების მომტანია. უფროსები ისე ექცევიან პატარებს, როგორც საკუთარ მინი-ასლებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვებს განსხვავებული ემოციური სპექტრი და განცდები აქვთ, რომ მათი იმედები, ოცნებები, სურვილები, შეხედულებები სრულიადაც არ ემთხვევა ზრდასრული ადამიანების განცდებსა და შეხედულებებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ გვერდით არიან არა მინი-ასლები, არამედ ახალი პიროვნებები, რომლებიც უფროსების საკუთარებას არ წარმოადგენენ, ამიტომ არ უნდა ეცადონ შვილების ინდივიდუალობის ჩახშობას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ აღზრდის დროს შვილების საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებენ, მაგრამ არასდროს ცდილობენ, შვილების თვალით შეხედონ ცხოვრებას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შფოთვისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების მაპროვოცირებელი გახდეს.

ნებისმიერ მშობელს აქვს საკუთარი ღირებულებათა სისტემა, შეხედულებები და წარმოდგენა ნორმალური, საზოგადოებრივად მიღებული ქცევების შესახებ. თუ, მაგალითად, მშობელი საკუთარ საქმიანობაში წარმატებულია, მას მიაჩნია, რომ მისი შვილიც მის კვალს უნდა გაჰყვეს. მაგრამ პირიქითაც ხდება: მშობლებს, რომლებსაც სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდათ, ეშინიათ, რომ ბავშვსაც ცუდი ნიშნები ექნება და აიძულებენ შვილებს, წიგნებს თავი დააკლან. შთამომავლებისთვის საუკეთესოს სურვილი ხშირად ავიწყებს უფროსებს, ჰკითხონ შვილებს, რა სურთ და შეეცადონ, აღიარონ მათი გადაწყვეტილების მართებულობა, რათა შემდგომი ზრდასრული ცხოვრება საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატარონ.

ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ სამყაროში, სადაც პასუხი მეტია, ვიდრე შეკითხვა. ნებისმიერ მოზარდს საკუთარი მისია, გნებავთ, კარმა აქვს. ბავშვები და მოზარდები ინტუიციურად გრძნობენ, რა ტიპის საქმიანობაა მათთვის უკეთესი, მშობლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ შვილებს, რათა მათ წარმატებით შეძლონ თავიანთი მისიის რეალიზება.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: მშობლების გარკვეულ ნაწილს უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან უფროსები საკუთარ თავს არ უსმენენ და არ იცნობენ. ჰოდა, როდესაც მშობელი მუდმივად დისჰარმონიაშია საკუთარ პიროვნებასთან, შვილიც ვერ ახერხებს, საყრდენი მის შიგნით მოძებნოს. მოზარდი გაუცხოებული, დათრგუნული და გარიყულია. სამყაროსთან ჰარმონიულ კონტაქტში ყოფნა მთავარი გასაღებია გაცნობიერებული მშობლობისთვის.

მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ სხვა პიროვნებასთან (თუნდაც ის საკუთარი შვილი ან მშობელი იყოს) ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როცა ადამიანი ენდობა და კარგად იცნობს საკუთარ პიროვნებას. რაც უფრო მეტად მიუგდებთ ყურს საკუთარი ეგოს ხმას, მით უფრო თავისუფალი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები იქნება თქვენს ოჯახში. გაცნობიერებული ურთიერთობებისკენ გზა ეგოცენტრიზმის დაძლევაზე გადის.

ბავშვები ალალი, კეთილგანწყობილი, გულღია ადამიანები არიან, რომელთა აღქმები გარკვეულ დრომდე თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპისგან, ამიტომ ისინი საუკეთესო პარტნიორები არიან, რადგან მათთან ურთიერთობა უფროსებისთვის არის შანსი, იყვნენ თვითმყოფადები. სამწუხაროდ, ზრდასრულები ზოგჯერ უგულებელყოფენ ესოდენ მნიშვნელოვან შანსს და პატარებთან კონტროლის პოზიციიდან ურთიერთობენ. შვილებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო მშობლები ძალაუნებურად დგებიან მაკონტროლებლის როლში. თუ უფროსები მოახერხებენ, თავი დააღწიონ აღზრდის შესახებ პრიმიტიულ, ტრადიციულ წარმოდგენებს, ისინი დაინახავენ უზარმაზარ პოტენციალს, რაც შვილებთან ურთიერთობას მათთვის სასიამოვნო სიურპრიზებით აავსებს.

„გაცნობიერებული მშობლობა“, რის შესახებაც შეფალი ცაბარი უყვება მკითხველს, სულაც არ გულისხმობს რაღაც ღვთიურ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭს. ის პიროვნების განვითარების პროცესში ვითარდება. ცხოვრებისადმი გაცნობიერებული მიდგომა გულისხმობს საკუთარ ქცევებში გაუცნობიერებელი მომენტების შემჩნევას, რაც შემდგომ გაცნობიერებულ ქმედებებში გადავა.

აქვე მინდა, მშობლებს ავუხსნა, – განაგრძობს ფსიქოლოგი, – რომ როდესაც გაცნობიერებულ მშობლობაზე ვსაუბრობ და ამ გზაზე ბავშვები მიმაჩნია მშობლების მეგზურებად, არ ვგულისხმობ მათ დომინირებას უფროსებზე. ბავშვებს პატივისცემით და გულწრფელობით უნდა მოეპყრონ უფროსები, მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ. მაგრამ ისეთი რამ, როგორიც არის დისციპლინა, არ უნდა უგულებელყონ. უფროსები მხოლოდ ძიძები კი არ არიან, არამედ აღმზრდელები, წესების დამამკვიდრებლები.

მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა ასწავლონ პატარებს ემოციების გამოხატვა, კულტურის ელემენტები და სხვა სოციალურად მისაღები ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გაცნობიერებული მშობლობა“ აღზრდის ყველა ასპექტს მოიცავს, იმისთვის, რომ ბავშვი ისეთ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელთანაც მშობელი ჭკუის დამრიგებლის პოზიციიდან არ ისაუბრებს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პარტნიორული, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების უგულებელყოფა. როდესაც მშობლები მუდმივად მორალისტის პოზიციიდან არ ურთიერთობენ შვილებთან, ბავშვებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ემოციურად ჩამოყალიბებულ პიროვებებად გაიზარდონ.

როდესაც უფროსები მშობლობას აღიქვამენ როგორც სულიერი ზრდის შესაძლებლობას, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ის აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობებშია დავანებული. თუ უფროსები მიხვდებიან, რომ მათი ვაჟი ან გოგონა მათივე განვითარებისთვის საუკეთესო ადამიანები არიან, მაშინ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღონ ერთმანეთთან ურთიერთობისგან. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ძირითადი მოვალეობაა, შვილები კარგად აღზარდონ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ისიც კი არ შეუძლია, განსაზღვროს, პირველ რიგში რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, აღზრდის პროცესი პროდუქტიული გახდეს. ანუ მშობლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ეწყობა შვილებთან ურთიერთობა. საკუთარი და მათი ქცევის ანალიზისას უფროსები მუდმივად განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რათა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ გვერდით საინტერესო, გულღია ადამიანები არიან. პატარებს ყველაზე მეტად გულწრფელობა სჭირდებათ. მშობლების შეხედულებები, შეფასებები და კონტროლი მეორეხარისხოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში. უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის გარეშეც გულწრფელობა უბრალოდ შეუძლებელია.

„როგორ გავატარე ზაფხული“

0

 „საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის!“

 მოდით ვაღიაროთ, ვის არ უყვარს ზაფხული, როცა თითქმის სულ თავისუფალი ხარ? ზოგი ჩვენგანი სოფელში ახელს თვალებს, ზოგს ტალღების ხმა ჩაესმის დაძინებისას, ან იქნებ ორივე – მონაცვლეობით. მე თუ მკითხავთ, არც თბილისში გატარებული ზაფხულის დღეები იყო ურიგო – გამორთული მაღვიძარათი, დილა-საღამოს გამოხსნილი აივნის კარითა და იმ სერიალის ყურებით, რომელსაც თერთმეტი სეზონი აქვს (სეზონში თორმეტი სერიით) და ცხადია, სემესტრის მიმდინარეობისას მას ვერაფრით ვერ ჩავრთავდი. არც წიგნები ყოფილა ნაკლები, აივანზე რომ დაგვრჩა და მზისგან ყდა გაუხუნდა, არც საკუთარ ცხელ სამზარეულოში მომზადებული ვანილის ნაყინგარეული ცივი ყავა. ახალი ბოსტნეულის სალათასაც სულ სხვანაირი გემო აქვს ხოლმე, მით უმეტეს, როცა იცი, დესერტად ჩაშაქრული საზამთრო გელის. ბოლოს და ბოლოს ცაში ელვის გაკლაკვნასა და ნანატრი წვიმის წვეთების გამოჩენას მაინც ხომ არაფერი შეედრება?! რასაკვირველია, აგვისტოში. ზაფხული, ხომ ყველაზე მეტად მაინც ცხელი აგვისტოა, რომელშიც სულს ვღაფავთ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობთ, როდის გავაო. ბოლო დღეებში კი სევდა გვიპყრობს. ზაფხულის ბუნება ასეთია: ყველაზე სწრაფად გადის, თან ყველაზე ნელა. მის ფასს კი ძირითადად სწორედ ბოლო დღეებში ვხვდებით ხოლმე.

მასწავლებლებისთვის ბოლო დღეების ათვლა სხვანაირად იწყება. ოდესმე მარკეტში შესულებს თქვენთვის ყვითელ სააქციო ბანერს მოუჭრია თვალი? რა თქმა უნდა, ასეთ ბანერებზე ხშირად წერია, რომ ფასდაკლებაა ზეთზე, ყავაზე, ორცხობილებზე… მაგრამ ისეთი ბანერი თუ შემოგხვედრიათ, რომელსაც აწერია: რვეული 0.85 თეთრი, კალამი 0.60 თეთრი, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, საშლელები, მარკერები, სახატავი რვეულები…. სია უსასრულოა. უსასრულოა წამიც – ამ ყველაფრის დანახვით გამოწვეული. ერთდროულად ბევრი ემოცია ახლავს თან. იცი, რომ ე.ი მალე „welcome back to school” მეილიც შემოფრინდება ელფოსტაზე, პირველ დღეს რას ჩავიცვამ? ბავშვებისთვის რა აქტივობები მოვიფიქრო პირველ კვირას? ნეტა რომელიმე მათგანი ხომ არ გადასულა? ალბათ ახლებიც დაგვემატნენ. იმ პატარებს რას ვეტყვი, ვისი მასწავლებელიც ვიცი, რომ აღარ ვიქნები, მაგრამ მათ ჯერ არ იციან? ნეტა ყველა გაკვეთილი მიყოლებით არ მქონდეს… ამ ფიქრებში კალათი ნელ-ნელა ივსება იმ პროდუქტით, რომლისთვისაც მარკეტში ჩახვედი და სალაროსთან მისული კიდევ ერთხელ აპარებ თვალს აქციაში გამოტანილი სასკოლო ნივთებისკენ. ეგ არის! ზაფხული ოფიციალურად დამთავრდა! მალე ნაყინიც ამოსკუპდება საყიდლების სიიდან და საზამთროთი დატვირთული უზარმაზარი მანქანებიც გაქრებიან ეზოებიდან.

ერთი სასწავლო წლის ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა უკუკავშირის წერილები დამიწერეს. მაფასებდნენ, როგორც დამრიგებელს და როგორც ინგლისურის მასწავლებელს. ერთ-ერთი გოგონას წერილში თვალი მომჭრა რამდენიმე წინადადებამ, რომლის მიხედვითაც საუკეთესო მასწი თუნდაც მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მათ „როგორ გავატარე ზაფხული“ არ მივეცი დასაწერად. თავად ამასთან დაკავშირებით დრამის დადგმაზე არასდროს მიფიქრია. მსგავსი რამ მოსწავლეობისას თითქმის ყოველ წელს მიწერია, თუმცა ჩემთვის ამის წერა ერთგვარი რეფლექსია უფრო იყო – მშრალი წინადადებების ამოსროლა, რომ იმ დღეს მდინარეში ვიბანავე და სხვა დღეს – ტბაში, რომ ეზოში სოკო ვიპოვე, მაგრამ არ ვიცოდი შხამიანი იყო თუ არა და ა.შ. მოკლედ მთელ ზაფხულს ნახევარ გვერდში ვატევდი. ყველაფერი ზედაპირულად, არაფერი დამაჯერებელი ან ემოციური, მხოლოდ ფაქტების აღწერა. ამ ყველაფერზე სწორედ მაშინ დავფიქრდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს მოსწავლეზე გაუცნობიერებლად მომიხდენია კარგი შთაბეჭდილება იმით, რომ „როგორ გავატარე ზაფხული“ არ ვაწერინე. ახალბედა დამრიგებლისთვის მშვენიერი დასაწყისია.

იმის თქმა მინდოდა, რომ მარკეტებში რვეულებისა და კალმების დანახვისთანავე მასწავლებლის ტვინში ავტოპილოტი აქტიურდება, რომელიც დივანზე ზარმაცად წოლისა და თერთმეტსეზონიანი სერიალის ყურებისას ტელეფონში გამუდმებით ეძებს და ინიშნავს ახალ იდეებს პირველი დღისა თუ კვირის აქტივობებთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ დამღლელი და შფოთვით სავსე, ამავდროულად, სასიამოვნო პროცესია. სულ ფიქრობ, ეს მოეწონებათო და მერე იმდენს ფიქრობ, ვიდრე იდეა ფორმას არ იცვლის და იმაზე ფიქრს არ იწყებ, რომ სულაც არ მოეწონებათ. სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, რადგან რეალურად ყველაფერი „როგორ გავატარე ზაფხულია“, ოღონდ ნაწილებად და არამხოლოდ წერით დავალებებად დაშლილი. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ „როგორ გავატარე ზაფხულით“ თქვენ უნდა შეიტყოთ ბავშვების საუკეთესო, სევდიან და რუტინულ მომენტებზე, იმაზეც, თუ რამდენი მოიმატეს სიმაღლეში, რამდენი კბილი მოიცვალეს და ზაფხულის გამოცდილებების მიხედვით, რომელია მათი საყვარელი ფერი ახლა. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა შეიტყოთ, თუ ნახეს რომელიმე ისეთი ადგილი, ცხოველი ან ფრინველი, რაც აქამდე არ უნახავთ, რა შეცვალა ამან მათ წარმოდგენებში. აუცილებელი ამოცანაა, როგორმე გაარკვიოთ, რა შეიცვალა სამი თვის განმავლობაში მათ მიზნებში, შეხედულებებსა და გემოვნებაში. არც ახალგაცნობილი ფილმისა თუ წიგნების პერსონაჟები დაივიწყოთ და არც მათი „ქრაშები“, ცხადია, თუ გაგიმხილეს. რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რაც შეიძლება მეტი შეიტყვეთ მათ ემოციებზე, რადგან სწორედ ეს ემოციები იქნებიან თქვენი მეგზურნი მომდევნო არდადეგებამდე. წერეთ, ხატეთ, ძერწეთ, გამოჭერით, ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაატარეს ზაფხული ისე, რომ ეს სიტყვები არ ახსენოთ. ამ ყველაფრის ჩაქსოვა ნებისმიერ დავალებაში შეიძლება.

ჰო, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებს თქვენი ზაფხულის თავგადასავლებიც უნდა მოუყვეთ, მათ ეს განსაკუთრებით უყვართ.

 ცამეტის მადლი

0

ელგუჯა თავბერიძის დოკუმენტური რომანის „ცამეტი წელი“ შესახებ

გაუმართლა ქუთაისს – იშვიათად ასახულა ლიტერატურაში რომელიმე ქალაქი ისე მძლავრად და შთამბეჭდავად, როგორც ის. იქნებ ამის მიზეზი ისაა, რომ თვით ქუთაისის სულია სიტყვასთან, მწერლობასთან წილნაყარი და ამ სულმა შეჰყარა მის წიაღში ამდენი მწერალი, ერთმანეთზე უფრო ნაღდი და ამ სულის შეცნობის მოშურნე?.. ვინ იცის! ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვაც იმ საკრალურ კითხვათა შორის მოვიაზროთ, ხვამლის ხორკლიანი ზურგიდან თეთრი ხიდის ქვეშ მოგრუხუნე რიონამდე რომ გაკიდებულა ამ ნატიფი და რაღაცნაირად იდუმალი ქალაქის თავზე – საკრალური და კვიმატი კითხვები, როგორც მისივე მფარველი ანგელოზები…

ელგუჯა თავბერიძე სწორედ ასეთი მწერალია – ქუთაისის საიდუმლო იცის. შესაბამისად, როგორც ყველა საიდუმლოს მცველი რაინდი, ისიც დიდი პასუხისმგებლობითა და დელიკატურობით ეკიდება საქმეს – თავის მიერ შექმნილ მხატვრულ-დოკუმენტურ ქსოვილში ქუთაისის არამხოლოდ პანო, არამედ სული იშლება. ეს ერთი შეხედვით თვალით უხილავი არსი, სინამდვილეში ყველა დეტალსა და მოვლენაში, რაც მთავარია – ადამიანებში გამოვლენილი.

„ცამეტი წელი – ქუთაისური თეატრის ხარაზოვული ოდისეა“ – ასე ჰქვია ელგუჯა თავბერიძის მხატვრულ-დოკუმენტურ რომან/მონოგრაფიას, რომელიც ქუთაისის თეატრალური ცხოვრების ერთ მეტად საინტერესო ეპიზოდს ეძღვნება – ქუთაისელი ვაჭრის კონსტანტინე ხარაზოვის დროინდელ ეპოპეას.

ამ დრომ ცამეტ წელიწადს გასტანა, ეს კი საგულისხმო ნიშანია მწერლისთვის, ქრონოსის ძარღვზე ააგოს მონუმენტური საგა თეატრისა, რომელშიც არათუ ცალკეული ადამიანების მოღვაწეობა, არამედ მთელი ქალაქის იერიც აირეკლა.

თან, ცამეტი რატომღაც საფრთხისშემცველ რიცხვად მიიჩნევა (იქნებ სწორედ ამიტომაც ეტანებიან მას პოეტები? „ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა…“ და ასე შემდეგ), ელგუჯა თავბერიძეც, მკითხველისადმი მიძღვნილ წინასიტყვას ასე იწყებს:

„ბევრისთვის ცამეტი თარსი რიცხვია, ცამეტი წელიც იმავე ასოციაციას ბადებს ზოგიერთებში. ამიტომ ქრონიკის სათაურს დახედავენ თუ არა, იტყვიან, რათა ცამეტი? მონიშნულ ცამეტწლეულში ქუთაისის თეატრში რა მოხდა ისეთი, გაბმულ თხრობად რომ გამოდგება?..“.

ხოლო ვიდრე ამ კითხვას, მონოგრაფიაზე დაყრდნობით, ჩვენც ვუპასუხებდეთ, ისევ ცამეტის სიმბოლიკას დავუბრუნდები და თავშივე ვიტყვი, რომ მწერალს შემთხვევით სულაც არ შეურჩევია თხრობის ქრონოსად ცამეტი, ის ამ რიცხვის ენერგიით, უპირველესად, რომანის არსს მუხტავს – მიუხედავად თეატრალური ეპოპეის ფეიერვერკული აღწერისა, მაინც გაუნელებლად იგრძნობა ერთგვარი დაძაბულობა, გრიგალისწინა სიგრილე – ავანსცენაზე გამოსული თეატრის მიღმა რაღაც უფრო ღრმა და ფატალურ, ზოგადქართულ სატკივარს რომ მალავს.

„თეატრი ხელოვნების ტაძარია, სამოძღვრო ამბიონი და არა უბრალო გასართობი, საფუნდრუკო რამ. სცენა არის ეროვნული სარკე, რომელიც უშიშრად და უტყუარად უნდა გვისახავდეს ჩვენი ცხოვრების ავ-კარგს, რომ სანახაობით მოხიბლული, მშვენიერებისკენ სიყვარულით მივისწრაფოდეთ და უშვერებას ზიზღით გავურბოდეთ“, – ეს აკაკი წერეთლის სიტყვებია. ზოგადად, მე-19 საუკუნის 60-იანელთა ერთ-ერთი დიდი საზრუნავი ქართული პროფესიული თეატრის განვითარება იყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ავანგარდში თეატრიც მოიაზრებოდა, როგორც პირუთვნელი სიმართლის, საზოგადოების სულიერი განვითარების, ენის გაჯანსაღების საუკეთესო ასპარეზი. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ილია ჭავჭავაძემ. ამაზე წერდა და ამისთვის იბრძოდა აკაკი წერეთელიც, რომელიც ელგუჯა თავბერიძის მონოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი გმირიცაა. აკაკის კვალი რეფრენივით მიჰყვება მთელ ტექსტს – მკითხველი ეცნობა ქუთაისის თეატრში მისი მოღვაწეობის ყველა ეპიზოდს, მის ზრუნვას, წუხილს, მის კრიტიკულ შეფასებებს…

საერთოდ, ამ რომანში ზედმიწევნით დეტალურად და სახიერადაა აღდგენილი მთელი ეს ცამეტწლიანი თეატრალური რეტროსპექტივა – ხარაზოვის მიერ 1879 წელს ქალაქის ცენტრში თეატრის აგებით დაწყებული და 1892 წელს, სამსახიობო დასის ხელმძღვანელის მიერ თეატრის ბულვარში აგებულ პავილიონში გადატანით დამთავრებული.

ამ მრავალპლანიანი მოზაიკური სურათის აღდგენაში კი მწერალს იმდროინდელი პრესა, მოგონებები და სხვადასხვა წყარო ეხმარება. გამორჩეულია გაზეთ „დროების“ კორესპონდენციები – ფსევდონიმიანი თუ ნამდვილი გვარ-სახელების ავტორობით შექმნილი სტატიები და რეცენზიები, რომლებიც უნიკალურ მასალას იძლევა. საგულისხმო წყაროა „ივერიაც“, ჟურნალი „თეატრიც“, გაზეთი „შრომაც“. შეიძლება ითქვას, რომ ამ „თეატრალურ“ მონოგრაფიაში პრესას ქოროს ადგილი უჭირავს – ქალაქისა და არტისტების ხმათა ფონზე, სცენის უხილავი კუთხიდან მუდმივად გაისმის ბეჭდური მედიის ფხიზელი და ღონიერი ხმა – ქოროს ხმა, რეპლიკისა და კომენტარის აქცენტებით.

უპირველესი, რაც ამ პერიოდიკიდან ცხადი ხდება, არის ის, თუ რამხელა მოვლენად ქცეულა ქუთაისში თეატრის დაარსება. შენობის აგებას ფეხდაფეხ მოჰყვა სამსახიობო დასის ჩამოყალიბება (ქუთაისში მას ტრუპპასაც უწოდებდნენ და ავტორიც, ზოგჯერ ამ სახელითაც მოიხსენიებს); ისედაც არტისტულ, კარნავალური არსით დამუხტულ, ზღვა ემოციისა და ელეგანტური იუმორის ქალაქში თეატრის შექმნა მართლაც საშური და მნიშვნელოვანი საქმე უნდა ყოფილიყო.

თუმცა, როგორც დრამატურგიის წესია – პიესაში მთავარია კონფლიქტი. ელგუჯა თავბერიძის მონოგრაფიაც თეატრალური დრამატურგიის პრინციპზეა აგებული – კონფლიქტი კი გახლავთ, ერთი მხრივ, თეატრის, როგორც შენობის, სივრცის, მეორე მხრივ – ამ სივრცე/ნაგებობაში ადამიანის/არტისტის როლი და შესაძლებლობები.

ოდნავ ზედაპირულად და ცოტაოდენი მხატვრულობით რომ ვთქვათ, ესაა წიგნი ნიღბების თლაზე – ცამეტი წლის განმავლობაში ნაჩორკნი, გააზრებული და შესისხლხორცებული ნიღბების ოდისეა, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს ნამდვილი თეატრი უნდა შექმნას.

„ჩვენში მამულებს გადამთიელებს აჩეჩებენ, როლებს ისაკუთრებენ“ – წერს ელგუჯა თავბერიძე. იშვიათი ფრაზაა – მთელი ჩვენი ტრაგიკული არსით დამუხტული. როლების დასაკუთრება კი კაი ვიცით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ამდენმა სცენისმოყვარემ ფეხი პროფესიულ სცენაზე შედგა, იქ კი ნამდვილად გაუჭირდათ.

ლაზათიანი იუმორით, ლაღი სარკაზმითაა აღწერილი სცენები ქუთაისის თეატრის ცხოვრებიდან; ელგუჯა თავბერიძე მხატვრული ოსტატობით აღადგენს იმ კურიოზულ და ხშირად სავალალო სცენებს, თუ როგორ წარმოადგენდნენ ამა თუ იმ პიესას ქუთაისელი მსახიობები. მაგალითად, „მზის დაბნელება საქართველოშიც“ იკმარებდა – მკითხველის წინაშე იხატება კომიკური სურათი აბსოლუტურად ჩაბნელებული სცენიდან (მზის დაბნელება პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს), გაუგებარი შეძახილებით, სტვენითა და ცხოველური ყიჟინით ერთმანეთში არეული და კისრისტეხვამდე აქეთ-იქით მორბენალი მსახიობებით, შეწუხებული და ზოგჯერ დარბაზიდან გაპარული მაყურებლებით…

ერთ დღეს კი, აკაკი წერეთელი დაწერს პიესას „რეპეტიცია“ და როგორც ელგუჯა თავბერიძე იტყვის – „შიგნეულს ამოუტრიალებს“ იმდროინდელ თეატრალურ ყოფას. თვითონ აკაკი ამ პიესას ხუმრობას ეძახდა. მასში მსახიობთა შორის არსებული კინკლაობები და დაუსრულებელი კონფლიქტები იყო ასახული. ამ კონფლიქტში ჩართულნი იყვნენ, ცხადია – რეჟისორი, რეკვიზიტორი და სხვანი. თეატრის საკითხების შეფასებისას აკაკი მოურიდებლად მკაცრი და სარკასტული იყო. ეს იმიტომ, რომ თეატრს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და როგორც მისი აზრი ზემოთაც მოვიხმეთ, ერისა და ქვეყნის სარკედ მიაჩნდა. „საზოგადო საქმეებში ხშირად ავი კარგისგან ვერ გაურჩევიათ, ქართულ სცენასაც ამდაგვარი უთავბოლობა სჭირსო“ – ამბობდა. მას პრესაც უბამდა მხარს, აქტიურად აშუქებდა და ობიექტურადაც აფასებდა. ყოველ შემთხვევაში, ელგუჯა თავბერიძის მონათხრობიდან ასე ირკვევა.

მართალია, მთელი მონოგრაფია აკაკი წერეთლის შუქ-ჩრდილებითაა აღბეჭდილი, მაგრამ მთავარი გმირი, თეატრთან ერთად, მაინც სხვა ჰყავს – ეს მსახიობი, რეჟისორი და ზოგჯერ დრამატურგიც – კოტე მესხია. სხვაგვარად არც შეიძლებოდა – ხარაზოვული თეატრის ეს ცამეტწლიანი ეპოსი სწორედ კოტე მესხის აქტიურ, მრავალპლანიან მოღვაწეობას უკავშირდება, მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს თუ განსახიერებულ როლებს, მის მიერ გაწეულ უზარმაზარ შრომას სამსახიობო დასის შექმნისათვის; კოტე მესხმა განათლება უცხოეთში მიიღო, ფრანგი კომიკოსი მსახიობის – კოკლენის მოწაფეც გახლდათ (ერთ-ერთ თავში „მე პარიზი მელოდა“ ის ოჯახური სცენაა აღწერილი, სადაც კოტე მესხი თავის დას, ანას დიდი გატაცებით და მოშურნეობით უყვება ამ კოკლენზე – ცეცხლი დაანთო სცენაზე, ათი ხმა მაინც გამოიცვალაო). ეს ცოდნა კოტე მესხმა მთლიანად ქუთაისის თეატრს მიუძღვნა.

ისიც საგულისხმოა, რომ თეატრი არამხოლოდ კოტეს, არამედ მთელი მისი ოჯახის მოწოდება და უმთავრესი ვნება იყო. წიგნში არაჩვეულებრივი ეპიზოდებია აღწერილი კოტესა და მისი დების – ანასა და ეფემიას თეატრალური ცხოვრებისა; ეფემიას ახდენილი ოცნება – სცენაზე შედგომა და როლის გათამაშება, უფროსი ძმის – სერგეი მესხის გულშემატკივრობა ნიღბებმორგებული და-ძმებისა და კიდევ ბევრი სხვა აქცენტი, რომლებიც კოტე მესხის ოჯახის ღვაწლს კიდევ უფრო გამოკვეთს.

ყურადღების მიღმა არავინ დატოვა ელგუჯა თავბერიძემ – „სცენაზე“ გამოიყვანა ყველა, ვინც ქმნის თეატრს. ხოლო მათ შორის, იმ დროებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სუფლიორი. ალბათ, ამ წერილის მკითხველს არც იმის წარმოდგენა გაუჭირდება, თუ როგორი ელვარე ტონებით ხატავს ავტორი ამ ერთობ მხიარულ და რაღაცით არქეტიპულ აქტორებს – ქუთაისის თეატრის სუფლიორებს. მაგალითად, კირილე – ეს ბრწყინვალე პერსონაჟი, რომელთანაც აკაკის მოსვლია უთანხმოება ერთი ფრიად საჩოთირო ამბის გამო. ამ კირილეს, შუა სპექტაკლის დროს, ისე მოსწონებია ვასო აბაშიძის მიერ შესრულებული ხლესტაკოვის პლასტიკა, რომ სულ დავიწყებია სუფლიორი რომ იყო, გამოვარდნილა შუა სცენაზე და აუტეხავს ტაშის გრიალი!.. ჰოდა, როგორ შეიძლებოდა ამ კურიოზის ჩაკარგვა ისტორიის პარტიტურებში? არც ჩაიკარგა – ელგუჯა თავბერიძემ ამოზიდა და პატიოსანი თვალივით მიუსვა დანარჩენებს ამ თეატრალურ მოზაიკაში.

არამხოლოდ ადამიანები, მოვლენები და რეკვიზიტებიც ცოცხლდებიან ხარაზოვული თეატრის ოდისეაში. სუფლიორის ტაში ვახსენეთ და, სწორედ ამ მოვლენას – ტაშს ცალკე თავიც კი ეძღვნება („შეუწყვეტელი ტაში“), ტაშის ექოები რეფრენებად გაისმის წიგნში. ქუთაისში ტაშიც სხვაგვარია – რაღაცნაირად არაორდინალური, დაუოკებელი, სხვა კარნავალის ნაწილი.

ტაშიც სხვანაირია და მაყურებელიც და, მაყურებელსაც თავის წილ პატივს მიაგებს ელგუჯა თავბერიძე. ტექსტშიც სულ იგრძნობა მაყურებლის ენერგია – ზოგჯერ მეჩხრად მოსული, ცოტაოდენ გაუგებრობაში ჩავარდნილი – თავიდან თეატრს შეუჩვეველი, მერე და მერე, მსახიობებთან ერთად გაზრდილი, შეფასებებში დახვეწილი, სულ უფრო მზარდი რაოდენობით. მაყურებელს ქალაქის ელფერი შემოაქვს „გარედან“ და ახლა თეატრი იქცევა „ამოტრიალებულ ქალაქად“, მასში ისახება თავისი ქცევით თუ ენით, ნიღბით თუ უნიღბოდ.

სწორედ ეს მაყურებელი „განათავსა“ რომანის დასაწყისშივე, მწერალმა წარმოსახვით პარტერსა და ლოჟაში, სადაც იმდროინდელი წესით, თითო ლამპა ეკიდა, ამავე წესით გამოიყვანა ჟღალჩოხიანი, თეთრყაბალახშემოხვეული ივანე ნაჭყებია, რომელმაც ჩამოუარა პატრუქებს და ჩაუწია, დარბაზი რომ ჩაებნელებინა. ამ თეატრალურ სიბნელეში კი პირველი ლამპა ახლა უკვე თავად ელგუჯა თავბერიძემ აანთო. იდეალური პროლოგი შექმნა. ხსოვნისა და შთაბეჭდილებების ეს შუქი წიგნის ბოლომდე, ანუ ივანე ნაჭყებიას მიერ პატრუქების აწევამდე იკაშკაშებს, მერე კი მკითხველის გულში გადაინაცვლებს.

ჩვენც, დრამატურგიის პრინციპს მივბაძოთ და ეს შესანიშნავი პროლოგი ამ წერილის ეპილოგად ვაქციოთ, დასასრულში დასაწყისი ჩავღვაროთ, როგორც მარადმედინი ცხოვრების აზრი, საუკუნეთა და უსასრულო ცამეტწლეულთა ფერხულში ჩაყოლილი მთავარი აზრი სიცოცხლის უწყვეტობისა, თამაშისა და შემოქმედების მარადიული დღესასწაულისა…

ხარაზოვის თეატრის ცამეტწლიანი ოდისეაც დიდ აზრს იტევს – ის იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც შენობის აგება და სამსახიობო დასის შექმნა. ის საზოგადოების გზა-კვალს ირეკლავს, იმპერიის ბურუსებში ჩათვლემილი და სიცოცხლის მუხტებ-ატროფირებული საზოგადოების გზას დიდი და ფატალური სარკისაკენ – თეატრისაკენ. ამ სარკეში გამკრთალი დარდისა და სიხარულის ნამსხვრევები, ადამიანური ისტორიები, ხშირად ფრაგმენტული და დანაწევრებული, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი სულით და ერთი სუნთქვით შეკრული საიდუმლო – თეატრის მაგიური ძალა – ეს ყველაფერი ქალაქიცაა და ქვეყანაცაა და სამყაროცაა, ეს ყველაფერი მართლა დიდი ოდისეაა, მავანისთვის თარსი და კვიმატი ცამეტის წყალობად მქცეველი, ისევე როგორც ყოველი კონფლიქტიდან/კრიზისიდან ამოზრდილი თავდაპირველი, ცხოველი და უშრეტი ძალა განახლებისა.

შემთხვევითი კი არაფერია – არც ის, რომ ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. და მით უფრო არც ის, რომ ეს ამბავი ქუთაისელი მწერლის რომანში გაცოცხლდა.

 

ვიზუალური ინსტრუმენტი პლაკატი მათემატიკის გაკვეთილებისთვის

0

მათემატიკის გაკვეთილებზე პლაკატები, როგორც თვალსაჩინო მასალა, მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ვიზუალურ აღქმაში, საკითხის მეტად ინტერაქციულ მიწოდებასა და უკეთ გააზრებაში. პლაკატების გამოყენება აადვილებს სწავლის პროცესს. უმეტეს შემთხვევაში, მათემატიკის პლაკატები საკლასო ოთახისთვის, როგორც წესი, შეიცავს სხვადასხვა ფორმულას, თეორემასა და კანონს. პლაკატები თუ მოსწავლეების მონაწილეობითაა შედგენილი, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა- სწავლების პროცესში, ვიდრე უბრალოდ პლაკატი.

დეკლარაციული ცოდნა, რომელიც არის ფაქტობრივი და კონცეპტუალური ცოდნა, როგორიცაა მათემატიკური წესები, თეორემები, ფორმულები, დამოკიდებულებები საზომ ერთეულებს შორის და სხვა, მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლებაში. მისი დახმარებით მოსწავლემ უნდა შეძლოს პროცედურული და პირობისეული ცოდნის შეძენა/გააქტიურება. წესებისა და ფორმულების მარტივად გააზრებისა და დამახსოვრების უამრავი სტრატეგია არსებობს, შესაბამისად, მოსწავლეთა რეგულარული გამოკითხვაც მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა ფაქტობრივი ცოდნა გრძელვადიან მეხსიერებაში უნდა „ჩასვან“, რომ შეძლონ მისი სხვა ცოდნასთან დაკავშირება მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით.

მინდა, გაგიზიაროთ თემის „ბრტყელი გეომეტრიული ფიგურა“ ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი პლაკატები, სადაც თვალსაჩინოა გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის კავშირების დამყარება და შემოქმედებითად გამოსახვა, რადგან უფერო, მოსაწყენი, დაფაზე დაწერილი მათემატიკის ფორმულები ვერ მიიპყრობს ყურადღებას, არ არის საინტერესო და ინფორმაციული.

ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები მე-8 კლასში ბევრ განსაზღვრებას, თეორემასა და ფორმულას მოიცავს, მისი ცოდნა მნიშვნელოვანია პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ მარტივად დამახსოვრებისათვის ჩემს მოსწავლეებთან პლაკატების შექმნის სტრატეგია გამოვიყენე, როგორც დეკლარაციული ცოდნის საუკეთესო ორგანიზატორი. პლაკატებს მოსწავლეები ქმნიან, „პლაკატის შექმნის მახასიათებლების“ გათვალისწინებით, ხოლო დიზაინის არჩევაში სრული თავისუფლება აქვთ.

მოსწავლეებს ვთავაზობ პლაკატები შექმნან CANVA.COM-ში.

canva.com ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პლაკატების შექმნა. მასში მუშაობა ძალიან მარტივია როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით. პირველ რიგში რეგისტრირდები, ირჩევ ენას, შემდეგ ირჩევ პლაკატის დიზაინს, რომლის უამრავი შაბლონია განთავსებული Canva-ში ჩანაწერების გასაკეთებლად. ქმნი პროდუქტს. იგი არის შესანიშნავი საშუალება მასალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად. აუმჯობესებს სწავლის პროცესს, სახალისოს ხდის მას.

https://www.youtube.com/watch?v=L-HRt8oNdJA ესაა ინსტრუქცია, როგორ უნდა შექმნა სასურველი დიზაინის პლაკატი და გუნდი ვირტუალური თანამშრომლობისა და უკუკავშირებისათვის.

საკლასო ოთახისთვის საგანმანათლებლო პოსტერის მახასიათებლები.

პოსტერი უნდა იყოს:

 

·         ლაკონიური, მაგრამ ინფორმაციული.

როგორც წესი, პოსტერი არ უნდა მოიცავდეს ბევრ ტექსტს. უკეთესი ვიზუალიზაციისთვის გამოიყენეთ ინფოგრაფიკა, გრაფიკები და სხვადასხვა ცხრილი, ასევე სურათები.

·         სიმარტივე.

პლაკატის ენა უნდა იყოს მარტივი და გასაგები. ტერმინები უნდა იყოს სწორი.

·         უნდა მიიპყროს ყურადღება.

პლაკატი უნდა იყოს ნათელი და შესაბამისი შრიფტის, ისე, რომ ბოლო მერხზე მყოფმა მოსწავლეებმაც შეძლონ მის დანახვა.

·         უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკს

·         მასალა ლოგიკურად უნდა იყოს დალაგებული.

პლაკატზე საკითხის შესახებ ყველა ინფორმაცია თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს და არ უნდა შეიცავდეს შეცდომებს.

 

 

 

შექმნის პროცესი საინტერესო იყო – მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიდნენ ონლაინსივრცეში, თანამშრომლობდნენ და ერთმანეთს აძლევდნენ უკუკავშირს, პლაკატის შინაარსის, მათემატიკური ტერმინებისა და სიმბოლოების სწორად გამოყენებაზე. ერთი და იგივე პლაკატი ბევრჯერ ჩასწორდა და მიიღო საბოლოო ფორმა. ეს პროცესი მოსწავლეებისათვის სასარგებლოა, რადგან ავითარებს უკუკავშირის კულტურას (მე, როგორც მასწავლებელი, თვალ-ყურს ვადევნებდი, როგორ არიან მოსწავლეები ჩართულნი პროცესში), თანამშრომლობის საფუძველზე კი იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს მისი შინაარსის დამახსოვრებას. გარდა ამისა, შექმნილი პლაკატები ამოიბეჭდა და გავაკარით საკლასო ოთახში, როგორც თვალსაჩინო პლაკატები სხვადასხვა ფიგურების თვისებებისა. თვალსაჩინოება კი ცნობილია, რომ ხელს უწყობს მასალის უკეთ აღქმას, გაგებასა და დამახსოვრებას.

წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლეების ზოგიერთ ნამუშევარს

თემა: ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

სამიზნე ცნება/ქვეცნება:

მათემატიკური მოდელი: პარალელოგრამი, მართკუთხედი, რომბი, კვადრატი, ტრაპეცია, შუახაზი

კანონზომიერება: ფიგურის ელემენტებს შორის კავშირების დამყარება

ლოგიკა: მსჯელობა დასაბუთება. ოთხკუთხედების კლასიფიკაცია

მოსწავლეებს მოეწონათ canva.com-ის „სასწავლო გარემოთი“ სარგებლობა, სადაც თავისუფლად გამოხატეს თავიანთი იდეები და მოსაზრებები. შეძლეს სასურველი დიზაინის პლაკატების შექმნა და მონაწილეობა საკლასო დისკუსიაში, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ შეიძინონ/შეინარჩუნონ ცოდნა და გამოიყენონ იგი შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. პლაკატები ასევე უზრუნველყოფს მასწავლებლების მხარდაჭერას რესურსებით, რომლებიც უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების გასაუმჯობესებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-8 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/ ;

https://math.ge/standarti-damkhmare-resursebi/.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...