სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბავშვის განვითარების კრიზისული პერიოდები

ბავშვის განვითარება მარტივი, სწორხაზობრივი და ერთგვაროვანი პროცესი ნამდვილად არ არის და ამას ყველა მშობელი ამჩნევს. განვითარება დროში გაგრძელებული და ძალიან უჩვეულო პროცესია. ბავშვის ფსიქიკა სხვადასხვანაირია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ცვლილებები ბავშვში შეიძლება მიმდინარეობდეს ნელა, თანდათან, ან შეიძლება რომელიმე ეტაპზე მიმდინარეობდეს მკვეთრად, ნახტომისებურად. სწორედ ამიტომ განვითარებაში გამოიყოფა სტაბილური და კრიზისული პერიოდები. როგორც წესი, სტაბილური პერიოდები იცვლება კრიზისული პერიოდებით და პირიქით. სტაბილური პერიოდები ხასიათდება ახალი უნარ-ჩვევებისა და ახალი ცოდნის, გამოცდილების დაგროვებით. მაგ. ბავშვი სწავლობს სიარულს, მეტყველებას. სკოლის წინარე ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია საჭირო ინფორმაციის დამახსოვრება და ა.შ. ამ პერიოდებში ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ მათი შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გაჩნდება ახალწარმონაქმნი (მეტყველება, სიარულის უნარი, ნებისმიერი მეხსიერება და ა.შ.). მაგრამ, კრიზისულ პერიოდებში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ამ დროს ბავშვის განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ცვლილებები ადვილად, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. მშობლები საგონებელში არიან ჩავარდნილი. „რა მოხდა?“, „რატომ შეიცვალა?“, „რატომ გართულდა ასე ბავშვი?“, რა ემართება?“ – ეს ის ფრაზებია, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის კრიზისულ პერიოდში მყოფი ბავშვების მშობლებისგან.

 

კრიზისულ პერიოდებში მომხდარი ცვლილებები შეიძლება რევოლუციურ ცვლილებებს შევადაროთ. ისინი ძალიან მღელვარეა, იწყება უეცრად, მოულოდნელად და ასევე უეცრად მთავრდება, როცა მიღწეულია გარკვეული მიზნები. ბავშვის განვითარების კრიზისულ პერიოდებში მიმდინარე ცვლილებები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, როგორც ბავშვისთვის, ასევე უფროსისთვისაც და შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ უმტკივნეულოდაც. თუმცა, ამ კრიზისების გარეშე ადამიანის ნორმალური განვითარება შეუძლებელია. თუ ბავშვი კრიზისულ პერიოდს დროულად არ გაივლის, ის სრულფასოვნად ვერ განვითარდება. კრიზისები გარდამტეხი მომენტებია განვითარებაში და მეტ-ნაკლები სიმწვავით პრაქტიკულად ყველა ბავშვთან ფიქსირდება.

 

რამდენად შესაძლებელია კრიზისული პერიოდის დაწყების შემჩნევა? – კრიზისები იწყება და მთავრდება შეუმჩნევლად. მათი საზღვრები ბუნდოვანია. სიტუაციის გამწვავება, როგორც წესი, კონკრეტული პერიოდის შუა ნაწილში ხდება. გარშემომყოფი უფროსები ამას აღწერენ, როგორც „ძნელადაღსაზრდელობას“ –„ნორმალური იყო და არ ვიცი, რა მოუვიდა“. მართალია, ძირითადი ცვლილებები ბავშვში „შიგნით“ მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აისახება „გარე დონეზე“. ეს ის ეტაპებია, როცა გვეჩვენება, რომ ბავშვი განვითარებაში თითქოს უკან ბრუნდება. ის, რაც მას აქამდე უკვე ათვისებული ჰქონდა, უცებ ინგრევა, იშლება. ბავშვი განიცდის სირთულეებს გარშემომყოფებთან, წყვეტს იმით დაინტერესებას, რაც ადრე იზიდავდა. ყველაფერი, რაც ადრე ახარებდა, აღარ ახარებს, ღირებულებები მოულოდნელად იცვლება. მშობლისთვის გაუგებარია, რა მოუხერხოს ბავშვს, როგორ გააგრძელოს მასთან ურთიერთობა. ურთიერთობის ჩვეული ხერხები უეცრად კარგავს ზემოქმედების ძალას. ამასთან ერთად ჩნდება რაღაც ახალი, რაც ხშირად აშინებს მშობლებს, რადგან ბავშვის ასეთ გამოვლინებებთან საქმე ჯერ კიდევ არ ჰქონიათ, ისინი მათთვის უცხოა. კრიზისული პერიოდების მთელი სირთულე ის გახლავთ, რომ ამ დროს ჩნდება ახალი მოთხოვნილებები, მათი რეალიზების შესაძლებლობები კი ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს – უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები მათზე მზრუნველ უფროსებთან არანაირად არ შეესაბამება ახალ მოთხოვნილებებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისული და სტაბილური პერიოდები, როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლება, ბავშვებს და მშობლებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ. ამასთან, კარგი იქნება, თუ მშობელს ექნება სათანადო ინფორმაცია და ეცოდინება, რა ელოდება მას უახლოეს მომავალში, გარკვეული იქნება კრიზისული პერიოდების თავისებურებებში და ეცოდინება, როგორ მოიქცეს, რომ უმტკივნეულოდ, გართულებების გარეშე გაიაროს ეს პერიოდები ბავშვთან ერთად.

 

ბავშვის განვითარებაში დაბადებიდან ზრდასრულობამდე ძირითადად შემდეგი კრიზისული პერიოდები გამოიყოფა: ახალშობილობის, ერთი წლის, სამი წლის, 6-7 წლის, 13 და 17 წლის კრიზისი. მართალია, თითოეული კრიზისული პერიოდის დასახელებაში ფიგურირებს კონკრეტული ასაკი, მაგრამ ეს საზღვრები შედარებით პირობითია. თითოეულ ბავშვს განვითარების თავისი საკუთარი, ინდივიდუალური გზა აქვს გასავლელი, ამიტომ, ესა თუ ის კრიზისული პერიოდი შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ცოტა ადრე, ან ცოტა უფრო გვიან დაიწყოს.

 

ახალშობილობის კრიზისი – შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი დაბადებისთანავე უკვე კრიზისულ ვითარებაში ხვდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საშვილოსნოდან ის გადის დედის ორგანიზმის გარეთ არსებულ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს – პატარა უნდა შეეგუოს სუნთქვისა და კვების ახალ ტიპს, მისთვის უცხო და უჩვეულო პირობებს, სინათლეს, ბგერებს და ა.შ. იწყება ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც დაახლოებით 1-2 თვე გრძელდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია პატარა გარემოცული იყოს მაქსიმალური ზრუნვით, სითბოთი, ყურადღებით. ცხოვრების პირველი თვეები ყველაზე რთულია, როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის, მაგრამ როდესაც კრიზისი გადაივლის, აღმოჩნდება, რომ პატარა უკვე მეტად არის შეგუებული ცხოვრებასთან და იწყებს სოციალური კონტაქტების დამყარებას თავის უახლოეს გარემოცვასთან, პირველ რიგში დედასთან და მამასთან.

 

ერთი წლის კრიზისი – ამ პერიოდიდან ბავშვი ეუფლება სიარულსა და მეტყველებას, რისი წყალობითაც მისთვის ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი სივრცე კვლევისთვის – სიარულის უნარი შესაძლებლობას აძლევს პატარას, აიღოს საგნები, რომლებიც უფროსებს ეკუთვნით და ადრე მიუწვდომელი იყო. ამ პერიოდში, 1-2 წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს ნეგატივიზმი, რომელიც ხდება საპასუხო რეაქცია უფროსების მხრიდან სხვადასხვა შეზღუდვაზე. პატარა პირველად ეჯახება იმას, რომ „მინდა“ და „უნდა“ ხშირად შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ეს იწვევს მის უკმაყოფილებას. მოცემულ პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა აფექტურმა გამოხტომებმა და აგრესიამ. ბავშვი ტირის და ეცემა იატაკზე, ითხოვს რაღაცას და განაწყენებულია, თუ ვერ მიიღებს, შეიძლება ზრდასრულს ესროლოს სათამაშოები და ა.შ. ჩნდება პირველი მისწრაფება, ყველაფერი გააკეთოს დამოუკიდებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს პატარასთან ურთიერთობაში გამოვიჩინოთ მოთმინება, ტაქტი და სიბრძნე. გავითვალისწინოთ, რომ ყვირილი, დასჯა, ასევე ახირებების, ჭირვეულობის, ჯიუტობის საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვება ნაკლები სარგებლის მომტანია. ემოციური „აფეთქების“ დროს უმჯობესი იქნება ბავშვის ყურადღების სხვა მიმართულებით გადართვა (მაგ. ვუჩვენოთ რომელიმე ცხოველი, ფრინველი, ან მისთვის საყვარელი რაიმე სათამაშო შევთავაზოთ). შეგვიძლია „მოლაპარაკებასაც“ შევეცადოთ მასთან – თუ ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, ავუხსნათ, რატომ არის ეს შეუძლებელი. დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი უკვე საკმაოდ ადრეული პერიოდიდან უნდა წავახალისოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეწყვეტს მის გამოვლენას, მოგვიანებით კი უარს იტყვის უმარტივესი მოქმედებების შესრულებაზეც კი და ამას ახსნის იმით, რომ არ შეუძლია, არ იცის როგორ ჩაიცვას, როგორ ჭამოს დამოუკიდებლად და ა.შ.

 

 3 წლის კრიზისი – სამი წლის კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე რთული ასაკობრივი კრიზისია. ამ დროს ბავშვი ხდება „ძნელადაღსაზრდელი“. მასთან ხშირად ძალიან ძნელი ხდება საერთო ენის გამონახვა. ბავშვი მიისწრაფვის, ცდილობს საკუთარი თავი დაუპირისპიროს უფროსებს, უჩვენოს, რომ ის „დამოუკიდებელი“ ადამიანია, დედისგან განცალკევებული. ყველაზე ხშირად ამ დროს შეიძლება დავაფიქსიროთ შემდეგი გამოვლინებები:

 

  • ნეგატივიზმი – ბავშვის ყველა მოქმედება, ქცევა სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მას უფროსები სთავაზობენ. ბავშვი უარს ამბობს რაიმეს შესრულებაზე არა იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს ზრდასრულისგან მოდის;
  • თავნებობა – დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ამ პერიოდში ძლიერ არის გამოხატული. ხშირად ბავშვისგან შეიძლება მოვისმინოთ ფრაზა – „მე თვითონ“. ამასთან ის ძალიან განაწყენდება და შეიძლება აგრესიაც გამოავლინოს, თუ მას ამ დამოუკიდებლობას არ „მივანიჭებთ“;
  • ჭირვეულობა – ბავშვი უარყოფს ადრე დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, ოჯახში დადგენილი აღზრდის წესებსა და ნორმებს – უარს ამბობს დასაძინებლად დაწოლაზე, სეირნობაზე და ა.შ. უარს ამბობს ჩვეულ დროს რაღაც ჩვეული საქმის კეთებაზე, საბავშვო ბაღში სიარულზე და ა.შ.;
  • სიჯიუტე – თუ ბავშვმა რაიმე მოითხოვა, ის დაჟინებით შეეცდება, გაიტანოს თავისი სიტყვა. ამასთან, ის ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ნამდვილად უნდა, არამედ იმიტომ, რომ უფროსთან უკვე გამოხატა ეს სურვილი. ამ პერიოდში ბავშვში პირველად ვლინდება კრიტიკა უფროსის მიმართ, ვისი სიტყვები, ქცევა, ნება ადრე უპირობოდ იყო მიღებული;
  • „დესპოტიზმი“ – ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს ეჭვიანობა, აგრესია, ხშირად ჩავარდეს ისტერიკაში;
  • საპროტესტო ბუნტი – პატარა ადამიანის ქცევის პრაქტიკულად ყველა ასპექტი ატარებს საპროტესტო ხასიათს, ამასთან აშკარა მიზეზის გარეშე;
  • ფანტაზიორობა – ფანტაზიორობას და გამოგონილი ისტორიების თხრობას ამ ასაკის ბავშვი ხშირად სასჯელისგან თავის დასაცავად იყენებს, მაგ. „ვიღაც უცხო ბიჭი მოვიდა და იმან აიღო ყველა კანფეტი“; „ფანჯრიდან ვიღაცამ ბურთი შემოაგდო და ლარნაკი გატეხა“. ამას აცხადებს ბავშვი იმ დროს, როცა კანფეტიც თავად შეჭამა და ლარნაკიც შემთხვევით გაუტყდა ბურთით თამაშის დროს.

აღნიშნული კრიზისული გამოვლინებების ჩახშობის სურვილი შედეგს არ მოგვცემს. მასთან გამკლავებისათვის სასურველია, გამოვიჩინოთ მოთმინება და თუ ბავშვის მოთხოვნებისა და სურვილების შესრულება საზიანო და საფრთხის შემცველი არ იქნება მისი ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესებისთვის, მივცეთ პატარას არჩევანის თავისუფლება და გარკვეულ საზღვრებში დავუკმაყოფილოთ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილიც. ამასთან არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ისტერიკით მიაღწიოს სასურველ მიზანს, მიიღოს ის, რისთვისაც ისტერიკა მოაწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტერიკა გახდება ბუნებრივი ხერხი სასურველის მისაღებად.

6-7 წლის კრიზისი – ამ ასაკში ბავშვი მიისწრაფვის ახალი სოციალური კონტაქტებისკენ, იწყებს ორიენტირებას გარედან მიღებულ შეფასებაზე, იძენს ახალ სოციალურ სტატუსს – მოსწავლის სტატუსს. პატარა თანდათან კარგავს ბავშვურ უშუალობასა და გულუბრყვილობას. ახლა მისი გაგება გაცილებით რთულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ამ პერიოდში უცხო ადამიანების მხრიდან მიღებული შეფასება მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვისთვის თვითშეფასებისა და საკუთარ თავზე წარმოდგენის ფორმირებისთვის.

13 წლის კრიზისი – მოზარდობის კრიზისი წარმოადგეს მეორე ყველაზე აშკარა, რთულ და ბევრი რამით სამი წლის კრიზისის მსგავს კრიზისს. ის დაკავშირებულია ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლასთან – ეს არის ბავშვობიდან ზრდასრულობაში გარდამავალი პერიოდი და ხასიათდება შემდეგი გამოვლინებებით:

  • ემოციური არამდგრადობა, არასტაბილურობა – ეს უფრო მეტად ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მოზარდს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა, მისთვის ძნელია საკუთარი გრძნობებისა და ემოციების კონტროლი;
  • დიდობის გრძნობა – მოზარდი მიისწრაფვის, რომ გარშემომყოფების მიერ „დიდად“ აღიქმებოდეს. მას არ სურს ბავშვურად გამოიყურებოდეს და მიმართავდნენ, როგორც ბავშვს. თავისი ქცევით, ჩაცმის მანერითა და ა.შ. ის ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ უკვე ზრდასრულია;
  • დამოუკიდებლობისკენ, ემანსიპაციისკენ სწრაფვა – მოზარდი აქტიურად მიისწრაფვის, ცდილობს, მშობლებისგან განცალკევებას, ავლენს დამოუკიდებლობის მაქსიმუმს, გულმოდგინედ მალავს თავის პირად ცხოვრებას, განცდებს და ა.შ.;
  • კონფლიქტები მშობლებთან – მოზარდი თვლის, რომ მისი არ ესმით, მწვავედ რეაგირებს მშობლების მხრიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ნებისმიერ გამოვლენაზე, ასევე კრიტიკაზე მათი მხრიდან, აკრძალვებზე და ა.შ. ამას მივყავართ ხშირ კონფლიქტებამდე თაობათა შორის;
  • თანატოლებთან ურთიერთობისკენ მისწრაფება – თუ ადრე ბავშვი უფრო მეტად მიისწრაფოდა უფროსებთან ურთიერთობისკენ და ორიენტირებული იყო მათზე, ახლა თანატოლები და ოდნავ უფროსი ასაკის ბავშვები მისთვის ავტორიტეტები ხდებიან;
  • ინტერესი საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ – ჩნდება ინტერესი საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ემოციურ სფეროზე და საერთო ინტერესებზე.

ამ პერიოდში შეიძლება ასევე შევნიშნოთ ინტერესის გაძლიერება საკუთარი გარეგნობის მიმართ, იმიჯისა და ინტერესების ხშირი ცვლა, კომუნიკაციის სირთულე, სასწავლო მოტივაციის და აკადემიური მოსწრების დაქვეითება. მოზარდი ეძებს საკუთარ თავს ამ სამყაროში, ყველანაირად ცდილობს, მიისწრაფვის, გამოაცხადოს თავი ზრდასრულად, წარუდგეს გარშემომყოფებს როგორც ზრდასრული.

შეუძლებელია მშობელმა იმ დოზით მისცეს მოზარდს თავისუფლება, რა დოზითაც ის ითხოვს. თუმცა არც ის შეიძლება, რომ არ ვაღიაროთ მისი დამოუკიდებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სასურველია, მოვეპყროთ მას, როგორც თანასწორს, მოვუსმინოთ, გავუგოთ და გავხდეთ მისი მეგობარი.

17 წლის კრიზისი – ჩვიდმეტი წლის კრიზისი, როგორც წესი, აღმოცენდება ახალი ცხოვრების ზღურბლზე, სკოლის დამთავრებამდე. ამ დროს კრიზისული გამოვლინებები დაკავშირებულია მომავალ არჩევანზე პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან. მოზარდს უჩნდება ახალი ცხოვრების დაწყების შიში, იმატებს შფოთიანობის, ნევროზულობის დონე. აღნიშნული კრიზისის დროს მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა – მშობლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შვილის ცხოვრებაში, მაგრამ მიანიჭონ მას დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით მომავალი ცხოვრების გზის არჩევისას. ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მას თავდაჯერებულობის გაძლიერებაში მშობლებთან ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი კრიზისი გარდაუვალი მოვლენაა ბავშვის განვითარებაში. მისთვის ამ რთულ პერიოდებში საჭიროა გამოვიჩინოთ მოთმინება და ვეცადოთ მოზარდს მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. გავიხსენოთ საკუთარი თავი ამ ასაკში. ალბათ ჩვენც განგვიცდია რაღაც მსგავსი. შევიდეთ ბავშვის მდგომარეობაში და მასთან ერთად გავუმკლავდეთ კრიზისულ გამოვლინებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუძლეველი ასაკობრივი სირთულეები დიდი ალბათობით მომავალში ბავშვში ხასიათის ამა თუ იმ, ჩვენთვის არცთუ სასურველი თვისებების ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“