სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

   დაწუნებული ბიჭი

 „ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!“

რეალურად რა სურდა სარიდანს, როცა ფარსადანს ინდოეთის გაერთიანების გეგმა შესთავაზა, ნათელი არ არის. როგორც ტარიელი ჰყვება, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მეფეს თავად ასე  უთქვამს, მინდა: „სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“. ასე კი უთქვამს, მაგრამ  სამეფო კარის „ჭრელად“ საუბრები ცალსახად  სარწმუნო არაა.  იქნებ სარიდანს გაერთიანებული ინდოეთის ამირბარობა ხიბლავდა, ანდა იქნებ, რადგან ფარსადანს შვილი არ ჰყავდა, სულაც გაერთიანებული ინდოეთის მეფობა სურდა თავისი მემკვიდრისთვის…

ვამბობთ, მემკვიდრისთვისო, თუმცა ზუსტად ისიც არ ვიცით, ამ დროს დაბადებული იყო თუ არა სარიდანის ვაჟი.  თვითონ ტარიელი ასე ეუბნება ავთანდილს: „ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა“. თუ ტარიელი ამირბარის ძედ გაჩნდა, ის ინდოეთის მეფეთა შეთანხმების შემდეგ დაბადებულა. რადგან არ ვიცით, ელოდა თუ არა სარიდანი შვილს  შეთანხმებამდე,  ამიტომ ვერც იმას ვიტყვით,  ეს შეთანხმება სარიდანის მხრიდან უანგარო და გულწრფელი იყო თუ წინასწარ კარგად დაგეგმილი.

რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ამირბარის ვაჟის არსებობა ფარსადანისთვის გარკვეულ ეტაპზე ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა. მეფის უშვილობა, როგორც ჩანს, მთელ ინდოეთს სერიოზულად აშფოთებდა, განსაკუთრებით – ლაშქარს: „ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა“.

შეშფოთებული ინდოეთის დასამშვიდებლად ფარსადანმა პრაგმატული გამოსავალი იპოვა – ტარიელი მემკვიდრედ გამოაცხადა: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

ასე შემთხვევით ეწია ტარიელი ბედს, ინდოეთის შვიდი სამეფოდან ერთ-ერთის ნაცვლად, იგი გაერთიანებული ინდოეთის სრულუფლებიანი მემკვიდრე გახდა. ბიჭი, რომელიც ხუთი წლისა უკვე ლომებს ხოცავდა,  რაც არ უნდა მომხდარიყო შემდეგ, ვერასდროს დაივიწყებდა, რომ ოდესღაც ინდოეთის მეფედ იზრდებოდა. აკი ეუბნება კიდეც ავთანდილს: „საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად…“

ექვსიოდე წელიც და ტარიელის ბედი ნესტან-დარეჯანის ბედისწერას გადაეჭდობა. მეფის ასულის დაბადებას მყისვე არ შეუცვლია ტახტის მემკვიდრის მდგომარეობა.  როგორც ტარიელი ავთანდილს ეუბნება: „ვუყვარდი და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა“.

ერთად იზრდებოდნენ შვილი და შვილობილი. როცა მათი გზები გაიყარა, ნესტან-დარეჯანი შვიდი წლისა უნდა ყოფილიყო, ხოლო ტარიელი – ცამეტისა. ეს განშორება, როგორც ჩანს, სულისშემძვრელ მოგონებად შემორჩა ბიჭის მეხსიერებას, რაკი ამბობს: „მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი“.

ცამეტი წლის ბიჭი და შვიდი წლის გოგო… ისინი    წლების შემდეგ კვლავ შეხვდებიან, თუმცა ჩანს,  რომ ერთმანეთი ერთი წუთითაც არ დავიწყებიათ.  არა თუ არ დავიწყებიათ, პირიქით, ნესტანი პირველივე წერილში შესაშური სითამამით სწერს ტარიელს: „შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია…“

„წინასცა“…  ნეტავ როდის, როცა შვიდი წლისა იყო?

რა თქმა უნდა, მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ტარიელსა და ნესტანს ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მათი პირველი შეხვედრა დროებითი განშორების შემდეგ, უბრალოდ დიადი წამი აღმოჩნდა,  არაცნობიერის აფეთქების წამი,  ვულკანის ამოფრქვევის წამი.

ტარიელი ამ დროს უკვე დაწუნებული ბიჭია…

ტარიელი პირველად მაშინ დაიწუნეს, როცა  ცამეტი წლისა იყო. არც თუ პატარა ბიჭი ამ დაწუნების გემოს, სავარაუდოდ, კარგად იგრძნობდა. თუ რა იყო  დაწუნების მიზეზი, თავად ტარიელი ამას ასე უხსნის ავთანდილს: „მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწრთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს…“ნესტან-დარეჯანს შეატყვეს, რომ მეფობას შეძლებდა და მე მამასთან დამაბრუნესო.

თითქოს არც საყვედური ჩანს ამ სიტყვებში, არც გულისწყრომა, არც შურისძიების სურვილი. თითქოს არ ისმის ხმა დაწუნებული ბიჭისა. ტარიელმა ღირსეულად დაიხია უკან.

იქნებ იმიტომაც, რომ ყველაფერი  იმისთვის ემეტებოდა, ვისთან დაშორებასაც ვერ გაძლებს „გული ალმასი, წრთობილი“.

მეფობისთვის დაწუნებული ბიჭი მართალია ვეღარ ხვდება ბავშვობის მეგობარს, თუმცა კვლავ აგრძელებს მეფესთან ახლო ურთიერთობას და ისე, რომ ფეხი არ შეუდგამს ნესტანის კოშკში, მაინც ყველაფერი იცის იქაურობის შესახებ.

ჩანს, რომ ნესტანმაც ასევე ყველაფერი იცის ტარიელის შესახებ, რაკი პირველივე წერილში სწერს: „მინდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია“.

თხუთმეტი წლის ტარიელი მოულოდნელად ობლდება. ერთი წელი სიბნელეში ზის და გლოვობს მამის გარდაცვალებას. ერთი წლის შემდეგ შავს იხდის და მამის ადგილს იკავებს – ამირბარის თანამდებობაზე ინიშნება. ტარიელის მეფობაზე საუბარი დასრულებულია. ამ თემას აღარავინ ახსენებს. თუმც არის ვიღაც, ვინც, ტარიელისაგან განსხვავებით, წარსულის დავიწყებას არ აპირებს…

ნესტანზე საუბრისას ასეთი რამ უთხრა ტარიელმა ავთანდილს: „იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა…“ დიახ, ომია ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ტარიელს და თუ როგორი ბრძოლა შეუძლია მას, ეს არაბეთში თავისი თვალით ნახა ავთანდილმა. როცა ტარიელი თავის თავგადასავალს უყვება ავთანდილს, რაღაც ფაქტების დასამოწმებლად (მაგალითად, თავისი გამორჩეული სილამაზისა – „ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა“ ან „მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა – ჟამი დილისა“)  დროდადრო ასმათს მოიხმობს  და თან იმასაც  ეუბნება, თუ რამე გადავაჭარბო, მამხილე ხოლმეო: „ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა!“

თუ სადმე მოწმე არ სჭირდება ტარიელს, ეს მისი უებრო მეომრობის ამბავია.   ხატაეთის ომის ლამის ფანტასტიკური  ეპიზოდებიც კი გადაუჭარბებელი სიმართლეა ავთანდილისათვის და არა თუ რამე აეჭვებს, არამედ შემდეგ, როცა თვითონ მოუწევს მეკობრეებთან ბრძოლა,  ცდილობს  რაღაც-რაღაცებში მიჰბაძოს კიდეც ტარიელს. ტარიელის მონათხრობი: „კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“, ერთი ერთში გაიმეორა ავთანდილმა მეკობრეებთან შებრძოლების დროს: „ერთმანეთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა“.

ომია ის, რაშიც ავთანდილი სიამოვნებით დაემოწაფება ტარიელს.

ავთანდილზე ადრე ნესტან-დარეჯანი მიხვდა, თუ სად, რომელ ასპარეზზე შეეძლო თავის გამოჩენა მის მიჯნურს. ამიტომაც გადაწყვიტა მამამისისთვის დაენახვებინა, რომ ინდოეთის სამხედრო ძლიერებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი სწორედ დაწუნებული ბიჭი იყო და მის გარეშე ნესტან-დარეჯანის გამეფება აზრს დაკარგავდა.

ხომ მეტისმეტად უცნაურია, რომ ტარიელის ხატაეთში საბრძოლველად წასვლის წინ არსად გამოჩენილა ფარსადანი. მეფე თითქოს გამქრალია ინდოეთიდან. მისმა ამირბარმა ისე გააჩაღა მიწერ-მოწერა რამაზ მეფესთან, ისე შეკრიბა ინდოეთის ლაშქარი და ისე გაემართა საომრად ხატაეთში, თითქოს მეგობრებთან ერთად სანადიროდ ან საბურთაოდ წასულიყო. და ეს გააკეთა სულ რამდენიმე ხნის წინ მძიმედ ნაავადმყოფარმა და ძლივს გადარჩენილმა კაცმა, რომელსაც მეფე ლამის თავისი ხელით  ბულიონს ასმევდა.

აშკარაა, ფარსადანი რაღაცას განაბული ელოდება. თუ დაწუნებული ბიჭი  ხატაეთში კისერს წაიტეხს, იქნებ კარგიც აღმოჩნდეს მისთვის; თუ გამარჯვებული დაბრუნდება,  იქნებ უკვე  ამისთვისაც აქვს მოფიქრებული რაიმე.

ნესტან-დარეჯანმა სწორად გათვალა – ტარიელი გამარჯვებული დაბრუნდა და არა მხოლოდ უბრალოდ გამარჯვებული – საპატიო ტყვეები და უამრავი ალაფი ჩამოიყვან-ჩამოიტანა. ინდოელები აღტაცებით ხვდებიან თავიანთ ამირბარს და, სავარაუდოდ, ფარსადანს კარგად ესმის, ინდოეთის ქუჩებში როგორ გაიძახიან ისინი: „ტარიელ! ტარიელ! ტარიელ!“. ესმის და ღიზიანდება… ტარიელის რეიტინგმა აშკარად გადააჭარბა მეფისას.

თავად ტარიელი ასე იხსენებს ამ  მისთვის თურმე საბედისწერო ტრიუმფს: „ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი… ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, – მართლად არს, არ კატაბანი“.

„არ კატაბანი“ – არ ვიტყუებიო…

გვჯერა,  რომ მართლაც არ იტყუება და გულს გვიკლავს ტარიელის ბავშვური მიამიტობა. რუსთაველმაც ხომ კარგად იცის, რომ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი კაცი ამავდროულად ყველაზე დაუცველი, გულწრფელი, ალალი კაცია მის პოემაში, იცის და ამიტომაც გვთხოვს: „მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ-შეშრობილი“.

მეტი რაღა უნდა გააკეთოს ერთმა ადამიანმა, რომ ხალხთან ერთად მეფემაც აღიაროს მისი გამორჩეულობა. ამისთვის გაისარჯა ნესტან-დარეჯანი და ეგონა, გაამართლა კიდეც მისმა გეგმამ. ამიტომაცა არიან მეცხრე ცაზე  ის და ტარიელი გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე. პირისპირ მსხდარნი თავიანთ ბედნიერებას ისე ასხივებენ, რომ ლამის ყველამ შეიტყოს მათი გრძნობების შესახებ.

სანამ მიჯნურები სიყვარულითა და წარმატებით თვრებიან, ფარსადანი  თავისი გეგმის განსახორციელებლად ემზადება და ამ გეგმაში დედოფალსაც  მნიშვნელოვანი როლი ექნება.

რამდენადაც პომპეზურიც იყო ხატაელებთან გამარჯვების აღსანიშნავი დარბაზობა, იმდენად ვერაგი და მუხანათური იქნება ზეიმიდან მეორე დღეს  მეფის კარზე დილაუთენია გამართული  მცირერიცხოვანი თათბირი.

„რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა“ არის ალბათ „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე სასტიკი და ცინიკური ეპიზოდი.

ინდოეთი ასეთი ქვეყანაა – აქ დაწუნებული ბიჭი საკუთარ თავსაც რომ გადაახტეს, მაინც ვერაფერს მიაღწევს, მას ყოველ ჯერზე დაიწუნებენ, რადგან მეფის სამომავლო გეგმებში მისი ადგილი ან ძალიან მოკრძალებულია, ან იქნებ საერთოდაც არ არის. აქ არავინ იტყვის ისე, როგორც არაბეთში უთხრა როსტევანმა ავთანდილს: „თუ არ გაწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე“. თან ის ამბავი  ომში კი არა, ნადირობაში გამარჯვებას ეხებოდა.

სამეფო კარის თათბირზე კი ერთმანეთთან თვალებით მოსაუბრე მეფე-დედოფალი ორიოდე დიდებულთან ერთად ამას ასმენინებს ტარიელს: დავბერდით, დავჩაჩანაკდით, ჩვენი ქალისთვის ქმარი გვინდა, რომელიც სამეფოს უპატრონებს, რომ მტრებმა არ აგვაწიოკონო.

არ მოესმა.

ამას ასმენინებენ ტარიელს, რომელმაც ორიოდე დღის წინ ინდოეთის აბუჩად ამგდები ხატაეთის მეფე, რომელიც ფარსადანის შესახებ ასე ამბობდა: „ვინ არის თქვენი ხელმწიფე?  ჩვენ ზედა რა პატრონია?“, სასტიკად დაამარცხა, დატყვევებული ლამის ყურით ჩამოუყვანა ფარსადანს, გადაუხდელი ხარაჯა ასმაგად ამოიღო  და საკუთარი გმირობისა და ინდოეთის ლაშქრის უძლეველობის ამბავი მთელ ქვეყანას მოჰფინა. აქ კი მეფე და დედოფალი, თითქოს ამნეზია დამართნიათო,  გულსაკლავად მოთქვამენ: „არ ამოვწყდეთ, მტერთა  ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“. არ დაგვავიწყდეს, ეს ის დედოფალია, რომელმაც წინა დღეს გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე ტარიელი მადლიერების ნიშნად ისე მაგრად ჩაკოცნა,  რომ ლოყა დაულურჯა და თან ასე უთხრა: „ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება!“ – რომელი მტერი გაგიბედავს აწი შებმასო.

ფაქტობრივად, ტარიელს აგრძნობინეს, შენი ტრიუმფი დაივიწყე, არაფერს ნიშნავს,  შენზე უკეთესებიც არსებობენ და ასეთი ხვარაზმშას ძეაო. მარტო დედოფლის სიტყვების ქვეტექსტი  რად ღირს: „მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“ – სხვა რომელიო…

არავინ თქვას ახლა, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის ამბავი არ იცოდნენ და ასე იმიტომ ამბობდნენო ან ტარიელს შვილივით უყურებდნენო.    სულ მალე გამოჩნდება, რომ ყველაფერი კარგად იცოდნენ და ტარიელს წვეულებაზეც პირისპირ იმიტომ დაუსვეს თავიანთი ქალი, რომ  ვარაუდი ფაქტებით დაედასტურებინათ. ისიც ხომ კარგად გვახსოვს, ხვარაზმშას ძის მოკვლის შემდეგ როგორ ყვიროდა ფარსადანი: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგია: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან“.

ტარიელი, წინა ღამით ვარსკვლავებს რომ ეთამაშებოდა და მეცხრე ცაზე იყო, მეფე-დედოფალმა ისე დაანარცხა ძირს, რომ გულდამწვარი ამბობს: „ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა“.

მეტი რაღა უნდა ექნათ – სული ამოჰხადეს.

ნუთუ ახლა მაინც არაფერს იზამს დაწუნებული ბიჭი? ნუთუ კვლავ უსიტყვოდ შეურიგდება თავის ბედს და არაფერს შეიმჩნევს, ნუთუ კვლავ ათას მიზეზს მოიგონებს: „ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა“  და გაჩუმდება, თუ ახლა მაინც იბრძოლებს საკუთარი სიყვარულისა და ღირსების დასაცავად…

„მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი“, ბედს შერიგებულივით ამბობს იგი და ჩანს, არაფრის გაკეთებასაც არ აპირებს,  თუმცა როგორ არ აპირებს – საბურთაოდ მიდის და  შემდეგ დაღლილ-დაქანცული საწოლ ოთახში იმისთვის ბრუნდება, რომ ცრემლები ღვაროს და შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე იფიქროს.

ჩვენი არ იყოს, ნესტან-დარეჯანიც მთელი დღე მის რეაქციას ელოდებოდა და როცა მიხვდა, ტარიელი არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, თავისთან იხმო. სწორედ მაშინ დაინახა ტარიელმა, რომ   ქალი კი არა, თურმე ვეფხვი უყვარდა.

ასე ქუშად იჯდა და ელვას ჰგავდა თინათინიც, როცა ავთანდილისთვის დიდი დავალების მიცემას აპირებდა. „ვეფხი პირ-გამეხებულიც“ ელვათა მკრთომელია, ისიც დიდი დავალების მისაცემად ემზადება, მოქმედების გეგმა მასაც დეტალურად აქვს გაწერილი და დაწუნებულ ბიჭთან ერთად  ახალ შეთქმულებას გეგმავს.

როცა ნესტან-დარეჯანის დიდი ძალისხმევითა და ტარიელის მრავალგზის შეჯანჯღარებით ეს გეგმა როგორც იქნა განხორციელდა, ფარსადანი კარგად მიხვდა, რომ ამ გეგმის  მომფიქრებელ-დამგეგმავი ამირბარი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ის წარმოიდგინა, რომ მისი თავხედი ქალიშვილი ხატაეთში ომის წამოწყების შემდეგ (რაც, ამ გეგმისაგან განსხვავებით, ფარსადანისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა) ასეთ ავანტიურაზე წავიდოდა. ამიტომაც სრულიად უსამართლოდ ყველაფერი ნესტან-დარეჯანის გამზრდელ მამიდას, დავარს, დააბრალა და მოკვლით დაემუქრა. ეს მუქარა გაცხარებულ გულზე ნათქვამი არ იყო – დამ იცოდა, რომ ძმა სიტყვას შეასრულებდა და  ამიტომაც დაასწრო, თავადაც სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო – ნესტანი ჯერ კარგად დაალურჯა და შემდეგ ინდოეთიდან გადაკარგა, თვითონ კი თავი მოიკლა. ეს გადაწყვეტილება ფუნჯის ბოლო მონასმი აღმოჩნდა  ინდოეთის სასტიკი ავტოპორტრეტისა, ისეთისა, ყველასგან ყბადაღებულ ქაჯეთშიც რომ არ დაესიზმრებოდათ.

ინდოეთში უკვე სუნთქვაც შეუძლებელი გახდა და სატრფოს მძებნელი ტარიელიც იქიდან  გადაიხვეწა.

ორიოდე სიტყვით იქნებ  იმის შესახებაც ვთქვათ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ნესტან-დარეჯანს  ასე კატეგორიულად  არ სურდა  ხვარაზმშას ძეზე გათხოვება.

იმიტომ, რომ ტარიელი უყვარდაო, იტყვის ბევრი.

რა თქმა უნდა, უყვარდა, მაგრამ იქნებ სხვა საფანელიც აქვს ინდოეთის მეფის ასულის ზრახვებს.

ნესტანმა უკვე იცის, რომ ხვარაზმშას ძეზე დაქორწინების შემდეგ   ინდოეთის მეფე, ანუ „პატრონი“, თავად ვერ იქნება. როგორც ჩანს, ნესტანის ყურამდე სიტყვა-სიტყვით მივიდა  საბედისწერო თათბირზე  მამამისის მიერ  ნათქვამი: „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ“. ყველაფერი დღესავით ნათელია – ინდოეთის ტახტზე არა ნესტანი, არამედ ნესტანის ქმარი უნდა დაჯდეს, ქვეყნის მომავალ პატრონადაც – „სახედ“ – სწორედ ის მოიაზრება. მეფის სიტყვა სწორად გაიგო  ნესტანმა და ტარიელთან შეხვედრისას განრისხებული და გაღიზიანებული ამიტომაც ამბობს: „ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა…“

„ეგრეც მე მაქვს პატრონობა…“ , ანუ ქვეყნის პატრონი მაინც მე ვიქნებიო, იმუქრება, თუმცა მთლად დარწმუნებულიც არ ჩანს თავის ნათქვამში, რადგან შემდეგ, უკვე დამშვიდებული,  ამასაც ამბობს: „მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ!“

არადა, გვეგონა, რომ ტარიელი სწორედ იმიტომ დაიწუნეს, რომ ნესტან-დარეჯანს უპირებდნენ გამეფებას. აკი ასე თქვა ტარიელმა: „მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწრთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს…“

რა შეიცვალა ამის შემდეგ?

იქნებ ფარსადანი მიხვდა, რომ ნესტან-დარეჯანი სამეფოს მართვას ვერ შეძლებდა… ანდა იქნებ ფარსადანს, რომელსაც ასე გვაცნობს ტარიელი – „უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი“ – ახლა  ინდოეთისათვის ხვარაზმელთა სამეფოს შემოერთებაც მოუნდა და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ორი გაერთიანებული სახელმწიფოს კეისრად ნესტანის ქმარს დასვამდნენ…

ფაქტია, ინდოეთში იმის გაკეთებას არ აპირებენ, რაც არაბეთში უკვე გააკეთა როსტევანმა, როცა მეფედ თავისი ქალიშვილი დასვა და  მეზობელ ქვეყნებში სასიძოების ძებნა არ დაუწყია. იქნებ ინდოეთში ის არ იციან, რაც – არაბეთში, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“.

ნესტანს შანსიც აღარ რჩება გამეფებისა და ამიტომაც აგულიანებს  დაწუნებულ ბიჭს, რომ მან კატეგორიულად  მოითხოვოს ინდოეთის მეფობა, რათა მერე ქვეყანა ერთად მართონ: „მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.

ნესტანმა ზუსტად არ იცის,  რა უფლებები ექნება ხვარაზმშას ძის ცოლობის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იცის, რა განუსაზღვრელი გავლენა ექნება ინდოეთში ტარიელის მეფობის შემთხვევაში.

არც ტარიელს დავიწყებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნესტანს არ გაამეფებდნენ, ინდოეთის ტახტი მას  ეკუთვნოდა   და სატრფოს საყვედურს, რატომ არ დაუშალე მეფეს იმ ყმის ჩემს საქმროდ გამოცხადებაო, ასე უპასუხა: „მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა“.

მაგრამ, ბედის უკუღმართობით, დაწუნებულმა ბიჭმა არა მარტო მეფის ტახტი, არამედ ერთდროულად ყველაფერი დაკარგა: სატრფო, სამშობლო, ბოლომდე ერთგული ორასიოდე მეომარი და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთის რწმენა და საკუთარი თავის იმედი. მის გვერდით მხოლოდ ასმათი დარჩა. ერთი ასმათი ამ ყველაფრის საპირწონე როგორ იქნებოდა,  თუმცა ხავსად მაინც გამოადგებოდა წყალწაღებულს.

კარგია, რომ ზოგჯერ ინდოეთში  ასმათებიც იბადებიან, რადგან სანამ  ასმათები იქნებიან,   ინდოეთის გადარჩენის შანსიც იარსებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი