მესამე ნაწილი
CLIL მეთოდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმ მისწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებაზე, რომლებიც სწავლა-სწავლებას არამშობლიურ ენაზე გადიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულ სიტუაციებსა და აქტივობებს, რომლებიც გამოსადეგი იქნება იმ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტატიაში მოცემული შინაარსის დატვირთვა ორგვარია: ერთი მხრივ, მასწავლებელს შეუძლია მეთოდი პირდაპირ ან მოდიფიცირებით დანერგოს საკლასო სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენოს ის ნიმუშად და შექმნას მსგავსი დავალებები სხვა საკითხებთან მიმართებით.
სასწავლო შინაარსი
თემა: დედამიწა
საკითხი: მაგნიტის თვისებების შესწავლა
გრძელვადიანი მიზნები
სამიზნე ცნება: სხეული
მკვიდრი წარმოდგენები
- ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, სხეულია;
- ყველა სხეული შედგება ერთი ან რამდენიმე მასალისგან/ნივთიერებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება თვისებებით: (სითბოს, სინათლის, მაგნიტურობის, დენის გატარების უნარით, აგრეგატული მდგომარეობით, ფერით, სუნით, გემოთი, წყალში ხსნადობით, და ა.შ.);
- სხეულები ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ფუნქცია აქვს;
- ადამიანის მიერ შექმნილი სხეულის დანიშნულებას მასში შემავალი მასალების/ნივთიერებების თვისებები განსაზღვრავს.
შედეგი 1: პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულების შემადგენელი ნივთიერებების/მასალების თვისებების აღწერა მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დასადგენად/გასაანალიზებლად
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:
სხეული – მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- მარტივ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ნივთიერებების მაგნიტური თვისებების აღწერა, მაგნიტის მნიშვნელობის გააზრება
საკითხზე – „მაგნიტის თვისებების შესწავლა“ დაფუძნებით მასწავლებელი ქმნის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ კომპლექსურ დავალებას, უთითებს, თუ რომელი პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ და აყალიბებს შეფასების კრიტერიუმებს მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე შემოთავაზებული დავალებები კი მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს კომპლექსური დავალების შესასრულებლად გასავლელ ეტაპებსა და ნაბიჯებში, რათა ააგოს საკუთარ მოსწავლეებზე მორგებული მატრიცა. მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ მაგნიტის თვისებების შესწავლა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, კვლევითა და აღმოჩენებით ხორციელდება!
ნიმუში 1. სამუშაო ფურცელი
სამუშაო მაგიდაზე გაქვს კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი).
-
მასწავლებელს: ენობრივი მხადაჭერის მიზნით სასურველია, თუ რესურსის ჩამონათვალთან ერთად ფოტომასალა და ლექსიკური ერთულების განმარტებაც იქნება დართული. რულეტი – დახვეული ბრტყელი სხეული
მუყაო – სქელი ქაღალდის სახეობა
მუყაოს რულეტი
- I-ს ფორმის მაგნიტი
- მაგნიტის რგოლები
გამოთქვი მოსაზრება, რა მოხდება, თუ მაგნიტებს ერთმანეთს მივუახლოებთ?
ენობრივი მხარდაჭერა!
მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენეთ ჩარჩოში მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი |
მე ვფიქრობ, რომ… ჩემი აზრით… ჩემი ვარაუდით…
მიმაჩნია, რომ… ჩემი ჰიპოთეზაა, რომ… მგონია… |
_________________________________________________________________________________________
ენობრივი მხარდაჭერა! მსგავსება – სხვადასხვა სხეულისთვის დამახასიათებელი ერთნაირი ნიშნები და თვისებები განსხვავება – სხვადასხვა სხეულისთვის დამახასიათებელი არაერთნაირი ნიშნები და თვისებები მიზიდვა – საკუთარი ძალით სხვა სხეულის მიახლოება განზიდვა – საკუთარი ძალით სხვა სხეულისგან დაშორება საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმებს ვუწოდებთ. |
ახლა ჩაატარე ექსპერიმენტი ინსტრუქციის მიხედვით და შეამოწმე შენი მოსაზრება:
- აიღე მუყაოს რულეტი;
- თავსა და ბოლოში ჩამოაცვი მაგნიტის რგოლები;
- შექმნილ ურიკას მიუახლოვე I-ს ფორმის მაგნიტი სხვადასხვა (S და N ) მხრიდან (პოლუსიდან);
- დააკვირდი მოვლენებს და უპასუხე კითხვებს:
- რა მოხდა, როდესაც ურიკას მიუახლოვე I-ს ფორმის მაგნიტი სხვადასხვა მხრიდან (S და N პოლუსიდან)?
- შეამჩნიე თუ არა მაგნიტის მხარეებს შორის რაიმე განსხვავება ან მსგავსება?
- რას ფიქრობ, მაგნიტის რა თვისება აღმოაჩინე?
|
დაწერე, კვლევის შედეგად რა დასკვნა გამოიტანე მაგნიტის შესახებ?
|
ენობრივი მხარდაჭერა!
მიიზიდა, მიიახლოვა; განიზიდა, დაიშორა; საპირისპირო, საწინააღმდეგო; მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვებს სინონიმებს ვუწოდებთ. |
მზის გარშემო ჩაწერე ის ფრაზები, რომლებსაც უკავშირებ მაგნიტს.
როგორ გამოიყენებდი მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?
|
ნიმუში 2. სამუშაო ფურცელი
სამუშაო მაგიდაზე გაქვთ კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი).
რესურსი:
ჯოხი, ძაფი, მაგნიტი, საშუალო ზომის კონტეინერი, წყალი და სხვადასხვა პატარა ზომის ნივთი: რკინისგან დამზადებული ნივთები, ლურსმნები, ჭიკარტები, ძაფის გორგალი, ხის პატარა კოვზი და სხვა.
|
თქვენი აზრით, კონტეინერში არსებული ნივთებიდან რომელს მიიზიდავს „ანკესზე“ დამაგრებული მაგნიტი?
ენობრივი მხარდაჭერა!
მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენეთ ჩარჩოში მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი |
მე ვფიქრობ, რომ… ჩემი აზრით… ჩემი ვარაუდით… მგონია… |
მოსაზრებები აღრიცხეთ ცხრილში X-ით.
სხეული | მაგნიტი იზიდავს | მაგნიტი არ იზიდავს | |
მასწავლებელს:
მეორე სვეტში ჩამოიწერება ყველა ის რესურსი, რომლებიც ხელთ აქვთ მოსწავლეებს.
|
|||
ენობრივი მხარდაჭერა!
კითხვითი სიტყვებია: რამდენი? – ვიგებთ რაოდენობას რომელი? – ვირჩევთ როგორი? – ვახასიათებთ სხეულს თვისებების მიხედვით |
თქვენი აზრით, როგორ საგნებს იზიდავს მაგნიტი?
|
შეამოწმეთ თქვენი ვარაუდი. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით!
- ჯოხზე დაამაგრეთ ძაფზე მიბმული მაგნიტი;
- წყლით სავსე კონტეინერიდან ჯგუფის თითოეულმა წევრმა „ანკესის” დახმარებით ამოიღეთ თითო სხეული;
- გადაამოწმეთ, ცხრილში თქვენ მიერ მონიშნული მონაცემი.
ენობრივი მხარდაჭერა!
შესწავლილი სიტყვების გამოყენებით შეადგინე 3 წინადადება:
ნიმუში: მაგნიტმა მიიზიდა ლურსმანი.
- ___________________________________________________________________________
- ___________________________________________________________________________
- ___________________________________________________________________________
რა აღმოაჩინე?
აღმოვაჩინე, რომ … |
რა დასკვნა გამოიტანე?
როგორ გამოიყენებდით მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?
სამუშაო ფურცლების მესამე და მეოთხე ნიმუშები იხილეთ მომდევნო სტატიაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა, ბუნებისმეტყველების სტანდარტი (17.09.22);
- მასალა შემუშავებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო პროექტის ESTA (Educating Science Teachers for All) მხარდაჭერით მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში, დატესტილია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან და სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებთან.