სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ყავაზე მხოლოდ კარგს დავწერ…

ყავა, რომ მიყვარს ადრეც არაერთხელ დამიწერია. დღეში სულ სამ ჭიქას ვსვამ. წლების წინ სტატიაში დავწერე, ბალზაკის 33 ჭიქასთან შედარებით, აბა სამი ჭიქა რა მოსატანია-მეთქი და მაშინვე კომენტარი მაახლეს – არ იღელვოთ, ბალზაკმაც ალბათ სამი ჭიქიდან დაიწყოო… ჰმ, დრო გავიდა, მაგრამ რაოდენობა იგივე დარჩა. თუმცა, მისი სიყვარული სტაბილურად მაქვს.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი კვლევა იდება ამ სასმელზე (https://scholar.google.com/scholar?q=research+article+regarding+caffeine&hl=en&as_sdt=0&as_vis=1&oi=scholart). დღეში 3-4 ფინჯანი ყავა თურმე ალცჰაიმერის დაავადებასაც ებრძვის და ღვიძლისთვისაც კარგია (ამ უკანასკნელისთვის რაოდენობის შემცირება გვმართებს, ასე ორამდე).

თუმცა, ერთნი რომ აქებენ, სხვები აქცენტს მის უარყოფით თვისებებზე აკეთებენ და ეს სრულიად ბუნებრივია. აქამდეც ასე ხდებოდა და ისტორიას მისი აკრძალვის მცდელობებიც აქვს შემონახული. თუმცა, მე ყავა მიყვარს და…

დიახ, ყავაზე მხოლოდ კარგს დავწერ.

სწორედ ამიტომ, ამას წინათ თურქულ მაღაზიაში თურქული ყავის შესაძენად წავედი. Osmanli kahve, ანუ ოსმანურ ყავას წამოვავლე ხელი და სახლში როგორი იმედგაცრუებული აღმოვჩნდი, როცა ხელში რძეშერეული თურქული ყავა შემრჩა.

დავიჯერო, ეს ოსმანები ვითომ ძალიან გულზე მჯიღს ირტყამდნენ და რძიან ყავას სვამდნენ?

ადამიანმა ყავა უხსოვარი დროიდან აღმოაჩინა. ის ძირითადად აფრიკიდან მოდის. ეთიოპიაში დღემდე ველური ჯიშების ყველაზე დიდი მრავალფეროვნებაა. სხვა ადგილებში, სადაც ყავა ხარობს, მათი მრავაფეროვნება ნაკლებია. ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილებში ყავის ნერგები ხელოვნურად იქნა შემოტანილი.

ლეგენდა ყავაზე ეთიოპელ მწყემს ბიჭ კალდის უკავშირდება. ბიჭი ერთ დღეს მონასტერში შევარდა და ბერებს აღმოჩენის შესახებ ამცნო. მისმა თხებმა ბუჩქებიდან რაღაც წითელი ნაყოფი ჭამეს და ისე გამხიარულდნენ, ენერგიით აღივსნენ და გადაირივნენ, რომ ცეკვა-თამაში დაიწყეს. კალდიმაც გასინჯა ეს ნაყოფი, ისიც ენერგიით აღივსო და სწორედ ამის შესახებ ახარა ბერებს. ბერებმა ცხოვრებაში პირველად იხილეს კოფეინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი და მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკის ნახელავი იყო. ამიტომ, საეჭვო მარცვლები დასაწვავად ცეცხლში ჩაყარეს. ხვდებით, ხომ რა არომატიც დატრიალდებოდა. ზუსტად ამ სურნელის გამო ბერებმა ნაყოფის დაწვა-განადგურება გადაიფიქრეს და ახლა წყალში ჩაყარეს ცეცხლის ჩასაქრობად. კიდევ ერთი საოცრება მოხდა. ახლა ამ წყალმა მიიღო სურნელი და ყველანი გემოს გასასინჯად მიიტყუა, რის შემდეგაც, ერთად დაიწყეს ცეკვა. ამ ამბავში მართალი მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თხებს მართლაც იყენებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ესა თუ ის მარცვლეული ან კენკრა საკვებად ვარგისი იყო თუ არა არა. თხებიც ხალისით სინჯავდნენ ყველაფერს. დანარჩენი ამბავი გამოგონილი უნდა იყოს.

სავარაუდოდ, ადამიანები მხოლოდ ყავის მარცვლებს ღეჭავდნენ. ასეთი პრაქტიკაც ყოფილა, რომ მარცვლებს ფქვავდნენ და მათგან ერთგვარ ენერგეტიკულ წასახემსებლებს აკეთებდნენ. დალევა გვიან მოიფიქრეს.

მე-15-ე საუკუნის ბოლოს იემენის საზღვაო სადგურ მოკაში ვაჭრების მიერ შეტანილი ყავის უწყვეტი ნაკადი მოედინებოდა. სწორედ მოკა იქცა ყავის იმპორტის ცენტრად. თავად ყავას კი „არაბიკა“ დაარქვეს.

დღეისათვის ყავას, რომელსაც „მოკო“ ეწოდება და შოკოლადი ემატება ერთი საინტერესო ისტორიიდან იღებს სათავეს. იემენურ ყავას ოდნავი შოკოლადის გემო ყოველთვის დაჰკრავდა. თუმცა, შოკოლადი არასდროს დაუმატებიათ. შოკოლადი ამერიკიდან იტალიაში მე-17-ე საუკუნეში შეიტანეს და ტურინში რძესთან ერთად დაიწყეს მისი ჩამატება ყავაში. მეოცე საუკუნეში კი ასეთ შოკოლადიან და რძიან ყავას „მოკო“ უწოდეს.

მუსლიმანი სუფისტები ყავის პირველი ენთუზიასტები გახდნენ. ღამის თენება და შეკრებები უყვარდათ, ამიტომაც ყავა მათ უცვლელ სასმელად იქცა. მოხეტიალე დერვიშებმა კი უცბად მოახერხეს ყავის გავრცელება მთელ ისლამურ სამყაროში. მე-16 საუკუნის დასაწყისში ყავას უკვე ეგვიპტეში, ჩრდილო აფრიკასა და სხვა ქვეყნებში იცნობდნენ. მორწმუნე მუსლიმანების გულებშიც იოლად დაიმკვიდრა ადგილი. ალკოჰოლი რელიგიით იკრძალებოდა. ყავა კი მშვენიერი სასმელი გახლდათ, რათა ადამიანები ერთად შეკრებილიყვნენ და ამ მთის თუ იმ ბარის ამბები ეთქვათ ერთმანეთისთვის. იმ დროს ყავას ზუსტად იმ მეთოდით ამზადებდნენ, როგორი მომზადებული ყავაც დღემდე მიყვარს, ანუ ე.წ. თურქულად, „ჯეზვეში“. ბევრი ადამიანი ყავის დასაგემოვნებლად სპეციალურად მოწყობილ ყავის დასალევ ადგილებში – ყავახანაში დადიოდა. ასეთი ყავახანები ძირითადად უნივერსიტეტებთან (მედრესეებთან) ახლოს იხსნებოდა და პოლიტიკურ-ფილოსოფიური დისკუსიების ადგილი ხდებოდა. მავანს ეს არ მოსწონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ყავა ხალხს აღაგზნებდა და თავში მმართველების დამხობის აზრებს უჩენდა. ამიტომ, იყო ყავის აკრძალვის მცდელობებიც. ერთი ასეთი ამბავი 1511 წელს მექაში მომხდარა. სწორედ აქ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ყავას და ადამიანის ცნობიერების გადამგვარებელი სასმელი უწოდა. თავად სიტყვა ყავა არაბული „ქაჰვასგან“ მოდიოდა, რაც ღვინოს ნიშნავდა. ამ სიტყვით აღნიშნავდნენ რაიმე „ბნელ“ სასმელს, სწორედ ისეთს, ტვინს, რომ აგიბნევს. ამიტომ, ყავა აკრძალეს. თუმცა, ამ აკრძალვამ დიდხანს ვერ გასტანა.

თუ ყავის მსმელი ბრძანდებით, მიხვდებით, როგორი რთულია მასზე უარის თქმა. სწორედ ამიტომ, ყავის მსმელებმაც ბარიკადები ააგეს და ცხოვრებაში ყავის დაბრუნება ითხოვეს. ყავას ეკონომიკაზეც ჰქონდა გავლენა, რადგან ვენეციელი ვაჭრები მას დიდი ოდენობით ყიდულობდნენ თურქეთის პორტებში. ასე რომ, ყავისთვის თავის დანებება ვერ გამოვიდოდა.

რა ხდებოდა ევროპაში? პირველად ყავა იტალიიდან, კერძოდ ვენეციიდან გავრცელდა. კათოლიკური ეკლესია ამ სასმელში ასევე ეშმაკს ხედავდა, რომლითაც „ურჯულოები“ ქრისტიანების შეცდენას ცდილობდნენ. 1600 წელს პაპ კლიმენტი მერვეს ეპისკოპოსებმა თხოვნითაც კი მიმართეს – მოგვაშორე ბოლო-ბოლო ეს ყავაო. თუმცა, კლიმენტის ყავა მოსწონებია და კი არ აუკრძალავს, პირიქით, გზა დაულოცავს, სვით ხალხო და ცოტა გამოფხილდითო.

ევროპაში გასაყიდ ყავას მუსლიმანურ ქვეყნებში საგულდაგულოდ ხალავდნენ. დიახ, ყავა სხვა ქვეყნებში მხოლოდ მოხალული უნდა გასულიყო, რათა ევროპაში ყავის მარცვალს არ გაეხარა. ყავის მარცვლების მოხალვასთან დაკავშირებით ადამიანების აზრი ორად იყოფა. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ რაც უფრო მოხალულია, უფრო მეტი კოფეინია გააქტიურებული და უფრო მეტი სიმაგრე აქვს ყავას. მეორენი პირიქით ამტკიცებენ, რომ მოხალვა და ტემპერატურა კოფეინს შლის. ამიტომ, უფრო მაგარი ნაკლებად მოხალული ყავაა. სინამდვილეში, მოხალვა კოფეინზე ვერ ასწრებს ზემოქმედებას. აქ მთავარი ყავის ჯიშია, ზოგიერთი უფრო მეტს შეიცავს, ზოგი ნაკლებს. მეტად მოხალული ყავა კი სიმაგრის შთაბეჭდილებას იმიტომ ტოვებს, რომ მარცვალი მაქსიმალურად გამომშრალია და შიგნით არსებული კოფეინის კონცენტრაცია გაზრდილია. შეიძლება ამიტომაც, ევროპელებმა ყავის მოხარშვის ტრადიციულ ხერხს მისი ფილტრაცია ამჯობინეს. თუმცა, მე ისევ ის ძველი თურქული სტილით მომზადებული უფრო მიზიდავს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იყო დრო ევროპაში, ყავას წამლად აღიქვავდნენ. ყავა მელანქოლიას კურნავდა, კიდევ საჭმლის მონელებაში ეხმარებოდა ადამიანებს. ასევე კურნავდა, პოდაგრას, ყვავილსა და ალკოჰოლიზმს… ჰო, ნუ იცინით, ასე ეგონათ, ვაჰ.

აფთიაქებში მაშინდელი გადამყიდველები ყავას ცეცხლის ფასს ადებდნენ. მერე და მერე უკვე სიამოვნებისთვის დაიწყეს დალევა. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ევროპელებმა ოსმალებს ნედლი ყავის მარცვლები მოჰპარეს და ყავის ფასიც დავარდა. პირველი ყავის ბუჩქები ჯერ ამსტერდამის სათბურებში გაახარეს, შემდეგ კი ჰოლანდიის კოლონიების ტერიტორიაზე – იავაზე. სწორედ აქედან დაიწყო ყავამ ევროპაში მასობრივი გავრცელება და ყველაზე ხელმისაწვდომ სასმელად გადაიქცა.

თუ სკოლაში ქიმიის კლუბი გაქვთ, ოსმანურ და შუა საუკუნეების ევროპას შეგიძლიათ მიბაძოთ და ყავა შეიტანოთ შიგნით. არა, მოსწავლეებს ნუ შესთავაზებთ, თავად მიირთვით, მათ კი ექსპერიმენტი გააკეთებინეთ.

 

ცდა #1

კოფეინის სუბლიმაცია მაგნიუმის ოქსიდთან ერთად.

 

კოლბაში მოათავსეთ დაფქული ყავა და MgO პროპორციით 1:1. მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში და კოლბას თავზე საათის მინა დაახურეთ. გააცხელეთ 9-10 წუთის განმავლობაში. მოხდება კოფეინის სუბლიმაცია და მინის შიდა ზედაპირი მისი ნემსისებური კრისტალებით დაიფარება.

 

ცდა #2

თვისებითი რეაქცია კოფეინზე

 

წინა ცდის დროს გამოყოფილი კოფეინის ნემსისებრი ფორმის კრისტალები ქიმიურ ჭიქაში მოაგროვეთ და დაამატეთ რამდენიმე წვეთი აზოტმჟავა. უნდა წარმოიქმნას ყვითელი ფერის ტეტრამეთილალოქსანტინი. ახლა ერთი-ორი წვეთი 25%-იანი ამიაკი დავამატოთ. ამონიუმის პურპურატის წარმოქმნის გამო, ყვითელი შეფერილობა წითელში გადავა. თუ მართლაც ასეთი შედეგი მიიღეთ პირველ ცდაზე მართლაც კოფეინი მიგვიღია და ეგ არის.

 

ჰო, მართლა, Osmanli kahve-ისგან ექსპერიმენტი არ გააკეთოთ. რძე აქვს შერეული და ეჭვი მეპარება კოფეინი ჰქონდეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“