სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ლეხ ვალენსა მრავალი წლის შემდეგ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მედიაში საყურადღებო ვიდეომიმართვა გავრცელდა. კადრებში უცნაური გარეგნობის კაცი გამოჩნდა. ჩემს ერთ მეგობარს მიმართვის ავტორი მსხვილი, დაგრეხილი ულვაშების გამო პენსიაზე გასული ბაიკერიც კი ეგონა. ვარაუდი მალევე დავაყენეთ ეჭვქვეშ, რადგან ხანში შესული მამაკაცის უკან, კედელზე, „საიდუმლო სერობის“ რეპროდუქცია, იოანე-პავლე მეორის პორტრეტი და ცხენის ფოტო შევამჩნიეთ. რატომღაც მივიჩნიეთ, რომ თავმოყვარე მოტომრბოლელი ამგვარი აქსესუარებით არ შეამკობდა თავის ინტერიერს. ცხადია, მაშინვე მივხვდით, ვისი ხმა გვესმოდა ტელევიზორიდან, როდესაც გამომსვლელის მაისურსა და მის გვერდით აღმართულ დროშას დავაკვირდით. მოხუცს გულზე პოლონურად ეწერა სიტყვა „კონსტიტუცია“ (ამგვარი მაისურებით პოლონელი ნაციონალისტების მოწინააღმდეგე დემოკრატები გამოდიან ხოლმე ქუჩაში), დროშა კი თეთრ-წითელი გახლდათ. მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთადერთ პოლონელს იცნობენ, რომელიც, ასაკის მიუხედავად, არ წყვეტს ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის ნობელის პრემიის ლაურეატის, გათავისუფლებული პოლონეთის პირველი პრეზიდენტისა და პროფკავშირელის – ლეხ ვალენსას სახელი. ეკრანიდან სწორედ ის გველაპარაკებოდა.

გდანსკის გემთმშენებელი ქარხნის ყოფილმა ელექტრიკოსმა თავისი მიმართვა მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით დაიწყო. არც პრეზიდენტის სავარძელში, არც ავტომექანიკოსად მუშაობის პერიოდში – მას არასდროს დაუკარგავს ადამიანური სახე და ყოველთვის ერთი და იმავე თვისებებით გამოირჩეოდა.

„ძმებო უკრაინელებო, არ ვიცი, კიდევ გახსოვართ თუ არა, მე – ლეხ ვალენსა მოგესალმებით და უდიდესი თხოვნით მოგმართავთ. იყო დრო, როდესაც პოლონეთს ურთულესი ამოცანა უნდა გადაეწყვიტა და საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებულიყო; და ჩვენ ეს გამოგვივიდა, ჩვენ ეს შევძელით! დღეს კი ბედი თქვენ წინაშე აყენებს უფრო რთულ და მნიშვნელოვან ამოცანას. აქედან გამომდინარე, მე თქვენ გთხოვთ, რომ დაიცვათ მსოფლიო… ევროპისა და მთელი სამყაროს მომავალი თქვენზეა დამოკიდებული… მე როგორც რევოლუციონერი გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა ამ ბრძოლაში მხარი დაგიჭიროთ“, – ასეთი გახლდათ ვალენსას სათქმელი.

გერმანელი ოკუპანტების მიერ ნაწამები კაცის ოჯახში დაბადებული ლიდერი თავისი სიტყვის ერთგული აღმოჩნდა. 80 წლის ყოფილი პრეზიდენტი ომის დაწყების დღიდან შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ევროპისა და ამერიკის ქალაქებს ეწვიოს და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ადამიანებს საყოველთაო მობილიზებისკენ მოუწოდოს. მართალია, პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, ის რძისა და ლუდის აბაზანების მოყვარულ გადმონაშთად წარმოაჩინოს, მაგრამ ფაქტები სხვა გარემოებაზე მეტყველებს.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად სამი ძირითადი საკითხის წინ წამოწევისთვის იბრძვის.

ლეხ ვალენსა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის იდეით არ შემოიფარგლონ. პოლონელი ლიდერი ამტკიცებს, რომ აუცილებელია მსჯელობის დაწყება რუსი ხალხისა და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები სხვა ერების ჩაგვრის თაობაზე. მას მიაჩნია, რომ ყველაფერი ჩეჩენი ხალხის განადგურების მცდელობით დაიწყო. ვალენსას აზრით, დასავლეთს ჩრდილოეთკავკასიელი ხალხის მოსპობის მცდელობაზე თვალი რომ არ დაეხუჭა, დღეს ევროპის შუაგულში ცეცხლი არ იქნებოდა გაჩაღებული.

პარალელურად ყოფილი პროფკავშირელი პრომეთეიზმის პოლონური იდეის გაცოცხლებასაც ცდილობს. ამ იდეის მიხედვით, რუსეთი ხალხთა საპყრობილეა და პოლონელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დატყვევებული ერების გასათავისუფლებლად. შესაბამისად, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ევროპელებს მოუწოდებს, დაიწყონ ფიქრი არა მხოლოდ კავკასიელი ხალხების უფლებების დაცვაზე, არამედ ვოლგისპირელი და ურალის რეგიონში მცხოვრები საზოგადოებების გადასარჩენადაც, რომლებსაც ასიმილაცია ემუქრება. „სოლიდარობის“ დამფუძნებელი ევროპულ აუდიტორიებში შეკრებილ მოქალაქეებს ეუბნება, რომ აუცილებელია შეუძლებლის მოთხოვნა, რათა შესაძლებელს მივაღწიოთ.

ლეხ ვალენსას არ სჯერა, რომ რუსეთი ოდესმე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია ურჩხულად ქცეულ ქვეყანაში დამცავი მექანიზმების შექმნაზე ზრუნვა. თავის საერთაშორისო გამოსვლებში ის ხშირად მიანიშნებს საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის მნიშვნელობაზე. მისი რწმენით, მთელმა დანარჩენმა სამყარომ იმას მაინც უნდა მიაღწიოს, რომ რუსეთში პრეზიდენტები ორი საკონსტიტუციო ვადის ამოწურვის შემდეგ იცვლებოდნენ. ამგვარი ცვლილება დააზღვევდა ქვეყანას ძალაუფლების აბსოლუტური, შეუზღუდავი უზურპაციისგან.

მოკლედ, ყოფილი რევოლუციონერი კრემლის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, რომლის მიზანია რუსეთის შიგნით რევოლუციის ნაპერწკლის გაღვივება.

ცხადია, ვალენსას ბრძოლის კიდევ ერთი მიზანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფაა. მიჩიგანშიც და პარიზშიც, ბერლინშიც და ჰიუსტონშიც ექსპრეზიდენტი ყველას მოუწოდებს, შეაგროვონ ჰუმანიტარული დახმარება ომით დაზარალებულთა მხარდასაჭერად და დაიწყონ კაპიტალის დაგროვება ომის შემდგომი უკრაინის აღდგენის პროექტებისთვის.

დღეს ვალენსას არც დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს, არც ფინანსურ-მატერიალური რესურსებით შეუძლია დასახული ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ მის სიტყვას აქვს ფასი, რასაც უშურველად იყენებს რუსული იმპერიალიზმის დასამარცხებლად დასავლური საზოგადოების დარაზმვისათვის. მის მსგავს აქტიურობას რომ იჩენდნენ სხვა ყოფილი ლიდერები, შესაძლოა, დღეს ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“