კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

კლასის საკითხავი წიგნი

0
Young people read books in library. Students study in school, college or university. Vector flat illustration of men and women sitting on stack of big books and reading

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მეოთხე წელია დავნერგე კლასის საკითხავი წიგნის კითხვის ტრადიცია. მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, თითოეული კლასისთვის ვარჩევ ერთ წიგნს, რომელსაც სემესტრის განმავლობაში ვკითხულობთ. ჩემი დაკვირვებით, ერთი წიგნის კითხვამ სასწავლო პროცესს სასიკეთო ცვლილებები შესძინა და გადავწყვიტე, გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა.

არჩევანი

კლასისთვის საკითხავ წიგნს დაკვირვებით ვარჩევ. ჯერ თავად ვკითხულობ, ვაკვირდები წიგნის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს, ვეცნობი რეცენზიებს და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვცდილობ, ბავშვებს თანამედროვე თუ კლასიკური ქართული და უცხოური საბავშვო რომანები მონაცვლეობით შევთავაზო.  შერჩევისას წიგნის საინტერესო სიუჟეტი, თემატიკა და მხატვრული ენაა გადამწყვეტი. ასევე, ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძენენ.

წიგნის შეძენა

ერთ-ერთი სირთულე კლასისთვის წიგნების შეძენას უკავშირდება. ვითვალისწინებ იმას, რომ ყველა მოსწავლის მშობელმა შეიძლება ვერ გამოძებნოს წიგნისთვის საჭირო თანხა ან დრო. ამიტომ, ზოგჯერ რამდენიმე მოსწავლისთვის წიგნებს თავად ვყიდულობ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და კლასის დამრიგებლის მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე მშობლებს ვაცნობ წასაკითხი წიგნის ირგვლივ დასახულ მიზნებსა და კლასის საკითხავი წიგნის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრები. შემდეგ, მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ერთად ან ცალ-ცალკე ყიდულობენ წიგნებს. აქტიურად ვთანამშრომლობ გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას, კეთილი ნებით ფასდაკლებით ვსარგებლობთ. „სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიებშიც მთელი კლასისთვის წიგნების ყიდვისას შესაძლებელია 10 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

კიდევ ერთი ეფექტური გზაა ერთმანეთისთვის წიგნების თხოვების პრაქტიკის დანერგვა, მაგალითად, სემესტრის დასაწყისში ერთმა მეექვსე კლასმა მეორე მეექვსე კლასს, მშობლების ნებართვით, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ათხოვა. ამგვარად ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ამასთანავე, ერთი წიგნი კიდევ უფრო მეტ ბავშვს აერთიანებს. წიგნის ყდაზე დატოვებული სახელისა და გვარის მიხედვით ერთმანეთს ეცნობიან, აკვირდებიან გახაზულ სიტყვებს, მონიშნულ ეპიზოდებს. ამ ამბავთან დაკავშირებით მკითხველთა კლუბში სახალისო დამთხვევა აღმოვაჩინეთ. მეექვსეკლასელი ნიკა საუბრობდა წიგნზე „თევზი ხეზე“. წიგნის მეპატრონის სახელისა და გვარის ამოკითხვა ვთხოვე და  ნიკას გვერდით იჯდა ნინი – გოგო, რომლის წიგნსაც ნიკა კითხულობდა.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

წიგნის შეძენის შემდეგ, კითხვის დაწყებამდე, მოსწავლეებს ვთხოვ სათაურისა და ყდის მიხედვით ვარაუდების გამოთქმას. განწყობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კლასის საკითხავი წიგნის მიხედვით შეთავაზებულ დავალებებს ზოგჯერ ცალკე რვეულში წერენ. კითხვისას ხშირად ვუბრუნდებით მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვარაუდები რაც უფრო აცდენილია რეალობას, მით უფრო ახალისებთ საკუთარი მიუხვედრელობა.

როდის და როგორ ვკითხულობთ კლასის საკითხავ წიგნს?

საერთო წიგნზე საუბრისა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი. წასაკითხად რამდენიმე თავს ვაძლევ და წინა დღეს მეც ხელახლა ვკითხულობ. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდს ვთავაზობ. ხშირად გაკვეთილის თემატიკას წიგნში ასახული მოვლენები მკარნახობს, მაგალითად, თამარ გეგეშიძის რომანში „სული-ჩიტი“ ერთ-ერთ თავს ჰქვია „ეზო“. ამ თავის კითხვისას დამებადა იდეა მოსწავლეებთან ერთად ჩემი ბავშვობის უბანში ფეხტური მომეწყო და ჩანაფიქრი იმავე დღეს ავასრულეთ. მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, გავიცანით ჩემი კლასელის დედა, გზად შემოგვხვდნენ ჩემი მასწავლებლები, მეგობრები, მათი მშობლები, ნამცხვრების საყიდლად მაღაზიაში შესულებს კი ჩემი კლასელის და გაგვეცნო, ფეხტური ჩემი ბავშვობის სახლში დავასრულეთ.

ამ ბოლო დროს აქტიურად ვიყენებ ჩაღრმავებული კითხვის მეთოდს, ვხაზავთ სქემას და ერთ თავს სამჯერ, სხვადასხვა მიზნით, ვკითხულობთ, კერძოდ, პირველი წაკითხვისას ვაკვირდებით მოქმედების დროს, ადგილსა და პერსონაჟებს, ცხრილის პირველ გრაფაში დეტალურად ვინიშნავთ ყველაფერს, მეორე წაკითხვისას უცხო, ლამაზ, საინტერესო სიტყვებს, წინადადებებს, ციტატებს, მხატვრულ ხერხებს ვიწერთ, მესამედ კი მთავარი აზრის შესახებ გამოვთქვამთ მოსაზრებებსა და პარალელს ვავლებთ ცხოვრებასთან, მულტფილმებთან, წიგნებთან, ფილმებთან, ანიმეებთან…

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მეშვიდეკლასელებმა ერთმანეთისთვის წაიკითხეს, კერძოდ, გამოვიყენეთ მეთოდი „წაიკითხე ჩემი წიგნი“. კითხვისას პატარა ბარათებზე წერდნენ კითხვებს, შთაბეჭდილებებს და ყოველდღიურად ცვლიდნენ. კვირაში ერთხელ კი კლასის წინაშე პრეზენტაციას წარადგენდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ, რომელი შეკითხვა მოეწონათ, რაზე დაფიქრდნენ, რა სიახლე აღმოაჩინეს თანაკლასელში.

ასევე, ვიყენებთ მარკირებული კითხვის სტრატეგიას, ვდგამთ მინისპექტაკლებს, ვმართავთ ჩრდილების თეატრს, ვწერთ თავისუფალ თემებს, კომენტარებს, პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, პირად წერილებს ვუგზავნით მწერლებს, პარალელურკლასელებს, ვამზადებთ დიორამებს…

ხშირად წიგნის კითხვაში ჩართულები არიან მშობლები, პაპები, უფროსი და-ძმები.

წაკითხულის შესაჯამებლად ვაწყობთ ლიტერატურულ კაფეს.

რომელი წიგნები წავიკითხეთ:

  1. ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“;
  2. ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“;
  3. არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და „ცისფერი ირემი“;
  4. ანა-კატერინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“და „დედა, მამა და რვა ბავშვი“;
  5. ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“;
  6. ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“;
  7. მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“;
  8. თამარ გეგეშიძის „საშლელები“;
  9. დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“;
  10. ტორესა მოსის „ორდროშობანა“;
  11. ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ და „ამბავი ლილე იროელისა“.

კლასის საკითხავი წიგნი მოსწავლეებს:

  • აერთიანებს;
  • წიგნიერების დონეს უმაღლებს;
  • შემეცნებით სამყაროს უფართოებს;
  • ლექსიკურ მარაგს უმდიდრებს;
  • კითხვისადმი ინტერესს უღვივებს;

 

ამასთანავე, ერთი წიგნის კითხვა:

 

  • საერთო ღირებულებებს ამკვიდრებს;
  • სასკოლო კულტურას ახალ სიცოცხლეს სძენს;
  • თავგადასავლებს გვაჩუქებს;
  • კითხვას პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მერვეკლასელებს ვთხოვე, პატარა ბარათებზე დაეწერათ ფიქრები კლასის საკითხავი წიგნის შესახებ:

„ჩემი აზრით, საერთო წიგნების კითხვა იყო შესანიშნავი იდეა. ყოველ წიგნს თავისი ატმოსფერო აქვს. ასეთი რამის გამო ვამაყობ, რომ ამ კლასში ვსწავლობ“.

„ჩემი აზრით, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ვიძენთ ახალ სიტყვებს“.

„ჩვენი კლასისთვის ეს ლიტერატურა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თვალსაწიერს ხსნის და გვახალისებს. მოკლედ, ეს ისაა, რაც საჭიროა!“

„ეს წიგნები გვაერთიანებს. ბევრ აქტივობას ვაკეთებთ ერთად და მოგონებებს ვაგროვებთ“.

„ჩემი აზრით, როცა ერთად ვკითხულობთ, უფრო გვიყვარდება კითხვა და ერთმანეთს ვუახლოვდებით“.

„ჩემი აზრით, იმიტომაა საჭირო კლასის საკითხავი წიგნის კითხვა, რომ ვიღებთ უფრო მეტ ცოდნას, კლასელები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხალისს გვმატებს“.

„კლასის საკითხავი წიგნი გვაერთიანებს“.

“კლასის საკითხავი წიგნი სტიმულს გვაძლევს, ვიკითხოთ ბევრი წიგნი“.

„თითქოს წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, მაქსიმალურად იშიფრება, და უფრო მეტ რამეს ვიგებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნები კლასელებს გვაახლოებს, მაგალითად, მე და ნინის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონმა“ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. კლასის საკითხავი წიგნები რომ არ გვქონდეს, ცოტა უხალისო იქნებოდა სკოლა“.

„კლასის საკითხავი წიგნი თითქოს ყველას გვაერთიანებს. ყველა ერთ წიგნზე რომ ლაპარაკობს, ერთნაირად ვაზროვნებთ მაგ დროს“.

„ერთად წაკითხული წიგნები რომ არ შემოეტანა მასწავლებელს, საერთოდ არ დავიწყებდით კითხვას და უინტერესოები ვიქნებოდით“.

„ეს წიგნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ურთიერთობები იწყება. ბევრ პრობლემებს ვიგებთ ცხოვრების შესახებ და ამ ყველაფერს ვიაზრებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნი ჩვენს ფიქრებს აერთიანებს, სიცილით სიყვარულისკენ მივყავართ. იმ ბავშვებსაც გვაერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და მასწავლებლებიც ვერაფერს შვრებიან“.

 

როგორც ვხედავთ, მოსწავლეების დამოუკიდებელი ჩანაწერების მთავარი გზავნილები ერთმანეთთან იკვეთება და მათ მიერ გამოხატული კმაყოფილება ახალი ძალებით მავსებს.

 

კლასის საკითხავი წიგნები ბავშვების ჩანთების მუდმივი ბინადარია. ისეთ დღეებშიც დაატარებენ, როცა არ ვავალებ. ხატავენ ყდაზე, აფორმებენ ინდივიდუალურად და საკლასო ოთახში ყოფნისას მერხებზე მრავლისმეტყველად დადებული წიგნები ყვავილებს ჰგვანან. სახლში საკუთარ სივრცეში უჩენენ ბინას და თაროზე ჩამწკრივებული წიგნის ყუები ათას თავგადასავალს ჰყვებიან, მაგალითად, როგორ იცეკვეს ძველ თბილისში მერვეკლასელებმა ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით დადგმული პანტომიმა და ღვთისშვილებად და ქაჯებად გადაქცეულმა გოგო-ბიჭებმა გამვლელ-გამომვლელების ყურადღებაც მიიპყრეს. სკოლამდე მოსასვლელი გზაც თითოეულ წიგნს თავისებური აქვს – გამომცემლობიდან ზოგჯერ ავტობუსით, ზოგჯერ კი ტაქსით „მგზავრობენ“.

ერთხელ განათლების სამინისტროდან საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩასაწერად სკოლაში გვესტუმრნენ. საკლასო ოთახში სანამ ოპერატორი აპარატურას მართავდა, ერთ-ერთი მამაკაცი კედლის პოსტერზე დატანილი უცხო სიტყვებით დაინტერესდა. რამდენიმეს შესახებ ვისაუბრეთ და მეორე დღეს ბავშვებს ვუამბობდი, როცა მათთვის უთენია პოსტერს ვამზადებდი და ჩემი სამი წლის გოგონას ფლომასტერებით ვწერდი ასპიტს, გირგედსა თუ თითბერს, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ სიტყვების ირგვლივ განათლების სამინისტროდან მოსულ სტუმართან დიალოგს გავმართავდი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხშირად დასმული შეკითხვა,თუ როგორ ვუთავსებ ერთმანეთს ვრცელტანიანი წიგნის წაკითხვასა და საპროგრამო მასალას. ჩემი გამოცდილებით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმძღვანელოს ტექსტები და კლასის საკითხავი წიგნი ერთმანეთს ბუნებრივად ებმის, სხვადასხვა განწყობა შემოაქვს სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი შედეგის მომტანია. მოსწავლეები, რომლებსაც გაწაფული კითხვა უჭირთ ან აქტიური მკითხველისთვის საჭირო ნებისყოფა არ აქვთ, ხშირად კლასის საკითხავ წიგნს სრულად ვერ კითხულობენ. ასეთ დროს მშობლებს ვთხოვ დახმარებას, თუმცა, საბაზო საფეხურზე მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩაბმა ჭირს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხანს თითოეულ კლასს ხმამაღლა ვუკითხავ კლასის საკითხავ წიგნს და ამ გამოცდილების შესახებ სხვა სტატიაში გიამბობთ.

 

 

 

 

 

 

სინათლის სწორი ალგებრა

0

***

გამარჯობა,

გამვლელი ხარ თუ ვინმეს ხვდები გალაკტიონის ძეგლთან?

აბა, კარგად დააკვირდი, ჯიბეები თუ აქვს ჩემს ახალ პალტოს. არა, იმას კი არ ვჩივი, ხელები სად წავიღო-მეთქი, მაგრამ თაბახის ფურცლების, ღია ბარათების, კინოთეატრის ძველი ბილეთების, კოჭის ძაფით შეკერილი ბოლოკნოტების და ფანქრების ტარება მიყვარდა თან. ყველაფერს ვინიშნავდი, ყველგან ვწერდი და იმიტომ, ქუჩაშიც, ძამიკო, აბა!

თუ არ ვწერდი, თავს არითმეტიკული ამოცანებით ვირთობდი. გამოვიდოდი აივანზე, ხელში წამზომიან საათს მოვიმარჯვებდი და ავტომანქანებს ვითვლიდი. გასულ საუკუნეში ყოველ ათ წუთში 160 ავტო ჩაივლიდა ჩემს სახლთან, რაც საათში 960 მანქანას უდრიდა. ცოტა გგონია თუ ბევრი? თუ არ დაგეზარება, დამშვიდობების მერე პირი გამზირისკენ იბრუნე და გამოიცანი, რას გვეკითხება ამ საუკუნის ამოცანა.

ანგარიში თუ გეზარება, მაშინ შენთვის უფრო რთული შეკითხვა მაქვს. მას შემდეგ, რაც ჩემს ნაცნობ ხეებს ახალმა სახლებმა სიმაღლეში გაასწრეს და შავი ვეშაპებივით გადაეფარნენ, ამ ქუჩაზე ქარი აღარ სჩანს, მაგრამ ჩუმი შრიალი მაინც სულ მესმის… ჰოდა, მიპასუხე – რა ამოძრავებს კიპარისის ტანს?

სანამ გზას გაუყვები, ერთი სელფი გადავიღოთ. მართალია, ფოტოგრაფიებში მე ყოველთვის კარგად გამოვდივარ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – სინათლის სწორი ალგებრა უნდა იცოდე. სიზმარი-ფოტოც ბევრი მინახავს, სადაც ყოველთვის ცენტრში ვიყავი. ჩვენი სელფიც სწორედ ასეთი გამოვა. ნუღარ დაელოდები უკეთეს მომენტს, როდის ჩამომიჯდება ჩიტი წვერზე. გადაიღე და მსოფლიო რეზონანსისთვის თუ ინსტაგრამზეც გამოფენ, არ დაგავიწყდეს, მიაწერო:

 

გაუმარჯოს მეფეს ქართველი პოეტებისას!

 

***

გაგიმარჯოს, გალაკტიონ!

ოლია დარბაისელივით კისელზე წამოვედი და სახლის გზას ვეღარ ვაგნებ. ვიღაცას ეგონება, დახლებზე ჩამოლაგებულ ათასგვარ სანოვაგეს მუშტრის თვალით ვაკვირდები. სინამდვილეში ფიქრის ფურცელს შევყურებ, გაწყვეტილ ფრაზებს ვაკოწიწებ, საიქეთო და სააქეთო ზმნისწინებით ამბის ალაგს ვნიშნავ, გათამაშებისთვის შემოსაზღვრულ სივრცეს სიტყვებით ვნაღმავ, შორისდებულებს ამოსათქმელად ვამზადებ და  მწკრივებს შორის ნიშანს ვეძებ, ღირს თუ არა მოყოლა… მოუქნელად მოარულს ნაღდი მყიდველის მხრის გაკვრა მაფხიზლებს, სალაროს ურიგოდ ვტოვებ და ხელცარიელი ისეთი ნაბიჯით გამოვდივარ მაღაზიიდან, თითქოს ნავაჭრით დატვირთული ვიყო.

მე ჩემი ტვირთი მაქვს. ძველი ჩანთის დიდ-პატარა ჯიბეები სავსეა ძველი ბილეთებით, ბარათებით, ქვითრებით, სანიშნეებით, ფურცლებით, რომლებზეც გაკრული ხელით პიანინოს ამწყობის, სანტექნიკოსის, მკერავის, მეზობლის, ვეტერინარის ტელეფონის ნომრები მიწერია. ყვითელ ფურცლებს შორის განსაკუთრებით ერთსიტყვიანი სამახსოვროები მიყვარს, მაგალითად, სოლეიროლია. უკვე ლექსია, მაგრამ ვიცით, რომ ყველა გალაკტიონი ვერ იქნება. ამიტომ რითმას არ ვეძებ, მხოლოდ მცენარეს ჭინჭრისებრთა ოჯახიდან, ძველ ჩაიდანში ჩასარგავად.

არ დავიზარე, პირი გამზირისკენ ვიბრუნე და წამზომი ჩავრთე. თუ სწორად დავთვალე და არა დემონიური არევ-დარევით, ათ წუთში 450 ავტომ ჩაიარა, რაც საათში 27 000 მანქანას უდრის. ამ ქუჩის ხეებისა და სახლების თანაფარდობის ამბავს კი ჩემზე უკეთ ცისანა გაბუნია გეტყვის, ღიმილიანი ქალი შავი ნაწნავითა და გახამებული თეთრი პერანგით, მოპირდაპირე სახლიდან. საფიქრალზე გამოსულს ხანდახან ძეგლთან შემომხვდება ხოლმე და ძალიანაც რომ ეჩქარებოდეს, მაინც გამომძახებს, დედა ხომ კარგად არისო.

აი, სამახსოვრო სელფის გადასაღებად სმარტფონიც მოვიმარჯვე, მაგრამ თვალი გამექცა. ველობილიკზე ლამაზი წყვილ მოჰქრის სკუტერით. გზას რომ არ ასცდნენ, საჭეს ოთხი ხელით ეჭიდებიან და ერთმანეთს თავდავიწყებით კოცნიან. როგორც ჩანს, ისინი არ ელოდებიან უკეთეს მომენტს და ჩვენც ნუღარ ვინატრებთ ვაკის პარკიდან შაშვის მოფრენას. ეკრანის ცენტრს ნაზად ვეხები და სიზმარი-ფოტოც მზადაა!

მაშ, გაუმარჯოს მეფეს ქართველი პოეტებისას!

 

 

 

 

დაბადების რიგითობის გავლენა ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში

0

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევდა, რომ ხშირად ერთ ოჯახში ძალიან განსხვავებული ბავშვები იზრდებიან. ამასთან, განსხვავებული არა მხოლოდ და არა იმდენად გარეგნულად, არამედ ხასიათით, აზროვნების თავისებურებებით, ურთიერთობის მანერებით. ერთი შეხედვით ეს შეიძლება საკმაოდ უცნაურ მოვლენადაც კი მოგვეჩვენოს. მათ ხომ ერთი და იგივე მშობლები ჰყავთ, აქვთ ერთნაირი გარემო, ერთნაირი აღზრდა, ღვიძლი და-ძმანი არიან და ერთსა და იმავე პირობებში იზრდებიან. თუმცა, რატომღაც ერთი ბავშვი გამოირჩევა უზომო პასუხისმგებლობის გრძნობით, მეორე – უდარდელობით, უზრუნველობით, მესამე – საკუთარ თავში ჩაკეტილობით, ინტრავერტობით. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ დაბადების რიგითობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის თვისებები უყალიბდებათ სხვადასხვა ოჯახში გაზრდილ ბავშვებს. ასე რომ, სხვადასხვა მშობლების უფროს, საშუალო და დედისერთა ბავშვებს შეიძლება ერთნაირი პიროვნული თავისებურებები და ხასიათის ერთნაირი თვისებები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ჩნდება გონივრული კითხვა – „რატომ ხდება ასე“?; „რასთან არის დაკავშირებული მსგავსი განსხვავებები“?

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ერთ ოჯახში დაბადება სრულიადაც არ ნიშნავს ზუსტად ერთსა და იმავე გარემოში და მშობლების ზუსტად ერთნაირი მიდგომის პირობებში გაზრდას. ძალიან ძნელი და ალბათ შეუძლებელიც კი იქნება ერთ ოჯახში დაბადებული ორი ისეთი ბავშვის პოვნა, რომლებიც ზუსტად ერთნაირ ოჯახურ გარემოში, ოჯახურ ვითარებაში გაიზრდებოდნენ. ისევე როგორც გაგვიჭირდება ერთ ოჯახში მყოფი ორი ისეთი ბავშვის მოძებნა, რომლებსაც მშობლები ზუსტად ერთნაირად მიუდგებოდნენ. მართალია ნებისმიერი მშობლისთვის ყველა შვილი ძვირფასი და საყვარელია, მაგრამ როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ისინი განსხვავებულად რეაგირებენ პირველ, მეორე ან მესამე შვილზე, ბიჭებსა და გოგონებზე, აქტიურ და პასიურ ბავშვებზე. ხშირად შეიმჩნევა განსხვავებული დამოკიდებულება განსაკუთრებული ნიჭის მქონე და ჩვეულებრივი, ამ უნარს მოკლებული ბავშვების მიმართ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თითოეული ბავშვის დაბადებასთან ერთად ოჯახში ატმოსფერო იცვლება, რამდენადაც იცვლებიან თავად მშობლები. პირველი შვილის აღზრდისას ისინი იღებენ სერიოზულ გამოცდილებას და ხშირად ეცვლებათ დამოკიდებულება აღზრდის იმ მეთოდების, ხერხების მიმართ, რომლებსაც მეორე შვილის აღზრდისას გამოიყენებენ. თითოეული ბავშვის დაბადება თავისებურ გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, და თუ ეს ასე არ ხდება, ახალი წევრი, ადრე თუ გვიან, თავს უცხოდ, გარიყულად გრძნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ხასიათზე, მისი პიროვნების ფორმირებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ ოჯახში მისი „პოზიცია“, ანუ და-ძმების არსებობა ან არარსებობა და დაბადების რიგითობა. როგორ მოქმედებს დაბადების თანმიმდევრობა ბავშვის პიროვნული თვისებების, მისი ხასიათის ფორმირებაზე. შეიძლება თუ არა უფროსი ბავშვის ხასიათი ძმის ან დის დაბადებასთან, ოჯახში შემოსვლასთან ერთად შეიცვალოს და რა სირთულეებს აწყდებიან ოჯახში ერთადერთი ბავშვები.

 დაბადების რიგის, სქესისა და ასაკობრივი განსხვავების მიხედვით ბავშვები გარკვეული მახასიათებლებით გამოირჩევიან:

პირველი შვილის მდგომარეობა ოჯახში განსაკუთრებულია (ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ის ერთადერთი ბავშვია ოჯახში), ის სამყაროს ცენტრია მშობლებისთვის. იღებს რა ახლობლებისაგან უსაზღვრო სიყვარულს და მზრუნველობას, ის ტკბება თავისი უსაფრთხო, მშვიდი და უზრუნველი არსებობით. ამასთან ერთად, მშობლები სწორედ პირველ შვილთან იყენებენ, ცდიან სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ აღზრდის სტრატეგიებს, ხერხებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ემოციური არასტაბილურობა. პირველი შვილები ხშირად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. ცალკეულ შემთხვევებში ეს გრძნობა შესაძლოა გადაჭარბებულიც კი იყოს და შფოთვამდე მიიყვანოს ბავშვი. მათ ხასიათში შეიძლება აღმოვაჩინოთ ასევე წესების დაცვის მიდრეკილება. ჩვეულებრივ ისინი კარგად სწავლობენ, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მაღალი ინტელექტით, არამედ ამბიციით, პირველობის სურვილით და წარმატების მიღწევის ძლიერი მოტივაციით. მეორე ბავშვის გამოჩენა ოჯახში რადიკალურად ცვლის სიტუაციას პირველი შვილისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს ფაქტი მასში შოკს და გაოცებას იწვევს. თუ განსხვავება ბავშვებს შორის 5-6 წელზე ნაკლებია, სტრესის გავლენა ბევრად უფრო ძლიერდება. ამ მომენტში ბავშვის ყველა გრძნობა დაიყვანება იმ აზრამდე, რომ მისი ადგილი მშობლების გულსა და აზრებში ვიღაც სხვამ დაიკავა, მან კი დაკარგა თავისი შეუზღუდავი ძალაუფლება მათზე. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ პირველი შვილები მიდრეკილნი არიან პერფექციონიზმისკენ, რომლის მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ოჯახში მეორე ბავშვის შემოსვლის შემდეგ უგულებელყოფისა და მშობლის სიყვარულის დაკარგვის განცდაში – „მე გავხდები უკეთესი იმისათვის, რომ დავიბრუნო მშობლების სიყვარული“ – იღებს ქვეცნობიერ გადაწყვეტილებას პირველი შვილი.

 იმისათვის, რომ პირველ ბავშვს გავუადვილოთ უფროსი შვილის როლზე გადასვლა, საჭიროა გავითვალისწინოთ ცალკეული რჩევები:

  • შევუქმნათ ბავშვს პირადი სივრცე, თუნდაც ცალკე კუთხე, თარო კარადაში, ან ყუთი „საიდუმლოებებისათვის“;
  • უზრუნველვყოთ ტაქტილური კონტაქტი – მოვეხვიოთ, ჩავეხუტოთ ბავშვს;
  • უარი ვთქვათ ნოტაციებზე და ურთიერთობისას ისეთი ფრაზის გამოყენებაზე, როგორიცაა: „შენ ხომ უფროსი ხარ!“. ბავშვი თავად არ ირჩევს უფროსის როლს და შესაბამისად ნებისმიერი პრეტენზია მის მიმართ უაზრო და სასტიკიც კია;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი გრძნობები და ისაუბროს ღიად. ნეგატიური ემოციების (უკმაყოფილება, ბრაზი, იმედგაცრუება) გამოხატვის აკრძალვა არაფერს კარგს არ მოგვიტანს და მოგვიანებით შეგვახსენებს თავს ქცევითი და ფსიქოსომატური გამოვლინებებით;
  • არ უნდა დავივიწყოთ, რომ როდესაც ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, პირველი ისევ ბავშვად რჩება, რომელსაც კვლავ ესაჭიროება მშობლების ყურადღება, გულისხმიერება და სიყვარული.

როგორ ყალიბდება მეორე ბავშვის პიროვნებამეორე ბავშვისთვის უცნობია, უცხოა საყოველთაო თაყვანისცემის ის სიტუაცია, რომელსაც მისტირის, რომელზეც ნაღვლობს მისი უფროსი ძმა ან და. სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ის შემოდის იმ გარემოში, სადაც ზრდასრულები უზიარებენ, უყოფენ ყურადღებას მას და უფროს შვილს. როგორც წესი, მეორე ბავშვის განვითარების ტემპს ხშირად უფროსი ბავშვი განსაზღვრავს. ამის წყალობით ისინი შეიძლება უფრო სწრაფადაც კი განვითარდნენ, ვიდრე უფროსი ბავშვი. გარდა ამისა, მეორე ბავშვი ხშირად ამბიციურობითაც გამოირჩევა. ის ამოცანად ისახავს არა მხოლოდ არ ჩამორჩეს, არამედ აჯობოს კიდეც უფროს ძმას ან დას. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებენ მეორე შვილებს. უმცროსებს კი ხშირად თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უფროსებზე გადააქვთ. ამასთან, მათ აქვთ მიდრეკილება ეშმაკობითა და მანიპულაციებით მიაღწიონ თავისას. ორ შვილს შორის უმცროსი ხშირად უფრო საკუთარ თავზეა ორიენტირებული, ვიდრე სხვებზე, არ ისწრაფვის, არ ცდილობს იყოს გარშემომყოფთა მოლოდინების შესაბამისი. მეორე ბავშვები უფრო კომუნიკაბელური, უზრუნველი და ემოციურად სტაბილური არიან.

განვითარების რა სიტუაციაში ხვდება შუათანა, საშუალო ბავშვი – მეორე, მაგრამ არა ბოლო ბავშვი ოჯახში ერთდროულად უფროსიც არის და უმცროსიც. ამიტომ, შეიძლება გამოავლინოს, როგორც ერთის, ისე მეორის თვისებები. იმისათვის, რომ შეამჩნიონ, ყურადღების მიღმა არ დარჩეს და დაიკავოს საკუთარი ადგილი ოჯახში, მან შეიძლება ითამაშოს, როგორც „დიდის“, ასევე „პატარის“ როლი სიტუაციიდან, ვითარებიდან გამომდინარე. შუათანა ბავშვმა შეიძლება საკუთარ თავს დაუსახოს უზომოდ მაღალი მიზნები, რაც ფაქტობრივად ზრდის წარუმატებლობის ალბათობას. შუათანა ბავშვის მდგომარეობას ოჯახში ართულებს ის ფაქტი, რომ ოჯახის მთელი ყურადღება მიპყრობილია უფროსისკენ – ის ხომ პირველი ხდება მოსწავლე, ან უმცროსისკენ, რადგან ის ყველაზე უმწეოა. შუათანა ბავშვი, თუ ის ერთადერთი გოგონა ან ერთადერთი ბიჭი არ არის ტრიადაში, შეიძლება განიცდიდეს მოჩვენებითი „არასრულფასოვნების“ გრძნობას, ფიქრობდეს, რომ „ის არავინაა“ და შეეცადოს მიიპყროს ყურადღება „ცუდი“ ქცევით, აკვიატებული ჩვევებით. პირველი შვილისგან განსხვავებით, რომელიც შინაგან განცდებშია ჩაფლული, შუათანა ბავშვი უფრო ხშირად ორიენტირებულია სოციუმზე და გახსნილია სამყაროს მიმართ. მათ შესანიშნავად შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმება სხვებთან, რამდენადაც ხშირად შუამავლის როლს თამაშობენ და-ძმას შორის.

ხასიათის რა თვისებები შეიძლება ჩამოუყალიბდეს ყველაზე პატარა ბავშვს სამ ან მეტშვილიან ოჯახში – მისი ინდივიდუალურობის გაგების გასაღები ის არის, რომ ის ხვდება ჩამოყალიბებულ, დადგენილ სისტემაში. ოჯახში შემოდის იმ დროს, როცა მშობლებს უკვე აქვთ დიდი გამოცდილება ბავშვების აღზრდის საქმეში და არ შფოთავენ, არ ნერვიულობენ უმნიშვნელო პრობლემების გამო. შედეგად მესამე ბავშვი ხშირად უფრო მშვიდი, მხიარული და ხალისიანი იზრდება. ოჯახში ორ ბავშვს შორისაც კი უმცროსი ბავშვი ჩვეულებრივ უფრო მოღიმარი და ემოციურად სტაბილურია. უმცროსი ბავშვის მდგომარეობა უნიკალურია იმით, რომ ის არასოდეს განიცდის „ძალაუფლების“ დაკარგვის შოკს და როგორც ოჯახის „რჩეული“, ფავორიტი ხშირად გარემოცულია არა მხოლოდ მშობლების, არამედ უფროსი და-ძმის ზრუნვითა და ყურადღებით. ჩვეულებრივ უმცროსებს ოჯახში ნაკლები მოვალეობები აქვთ და მათი მიღწევების მიმართ მშობლები ნაკლებად მომთხოვნი არიან. ამიტომ, შეიძლება მათთან დაფიქსირდეს შინაგანი დისციპლინის არარსებობა და იმის განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ უმცროს ბავშვს, გაუმკლავდეს სირთულეებს და ზრდასრულობაშიც „პატარად“ არ დარჩეს, ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ თვითმომსახურების უნარ-ჩვევები და თვალ-ყური ვადევნოთ, რომ ოჯახის სხვა წევრები არ შეეცადონ მის ნაცვლად ყველაფრის გაკეთებას.

როგორ ყალიბდება დედისერთა ბავშვის პიროვნება – დედისერთა ბავშვის პოზიცია უნიკალურია, რადგან მას არ უწევს და-ძმებთან კონკურენცია. პირველი შვილის მსგავსად, დედისერთა ბავშვები ოჯახში იღებენ დიდ ყურადღებას მშობლების მხრიდან, მაგრამ მათგან განსხვავებით, ეს ყურადღება შემდგომში მომდევნო ბავშვებზე არ გადადის. თუმცა, დედის მზრუნველობის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის გამო, ასეთი ბავშვები სხვებისგანაც ასეთსავე მზრუნველობასა და დაცვას მოელიან. შესაბამისად, ისინი შეიძლება ეგოცენტრულები და ასევე სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ. დედისერთა ბავშვი ხშირად მოკლებულია განვითარებისათვის აუცილებელ თავისუფლებას – უმცირესი სირთულის შემთხვევაში, დახმარების შეთავაზებით, უფროსები მაშინვე მის გვერდით ჩნდებიან.

დედისერთა ბავშვის აღზრდისას:

  • მნიშვნელოვანია მოვუხსნათ მას მომატებული მოლოდინების, მოთხოვნების ტვირთი და უარი ვთქვათ პერფექციონისტულ ტენდენციებზე;
  • მასთან ურთიერთობისა და საუბრის დროს დავივიწყოთ ფრაზა – „შენ ვერ გაამართლე ჩემი მოლოდინები, მე უფრო მეტს მოველოდი შენგან“!;
  • ვიზრუნოთ, რომ მის მეგობრებს შორის იყვნენ არა მხოლოდ მისი თანატოლები, არამედ მასზე უმცროსი ბავშვებიც, რომლებთანაც ის თავს დიდად, ჭკვიანად, ძლიერად და მზრუნველად იგრძნობს.

როგორც ვხედავთ, თითოეული ბავშვი იბადება გარკვეულ პირობებში, რაც გავლენას ახდენს მის ემოციებზე, ქცევაზე და ხასიათის თვისებებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვებს, რომელთა შორის განსხვავება ხუთ წელზე მეტია, ძირითადად აქვთ, როგორც ერთადერთი, დედისერთა ბავშვის თვისებები, ასევე მათი დაბადების რიგის თანდაყოლილი თვისებებიც. მაგრამ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენი შვილი ჰყავს, ნებისმიერი მშობელი უნდა ცდილობდეს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას, მისთვის სათანადო ყურადღების დათმობას და იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის.

 

 

 

 

 

„ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია…“

0

დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძეზე ვწერ, ხელოვნების ამ კორიფეზე, საამაყო ადამიანზე, მოღვაწეზე არა მარტო მხატვრობის, არამედ ხელოვნების ისტორიისა თუ თეორიის, ქართული ისტორიოგრაფიის, კინემატოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად ამ გენიალური შემოქმედის ღვაწლს…

დავით კაკაბაძე ის შემოქმედი იყო, რომელშიც სრულყოფილად გამოვლინდა არა მარტო ეროვნული, არამედ თანამედროვე კულტურის სულიც, ხელოვნების მწვერვალებს რომ იპყრობს. იგი იყო შენაკადი ლიტერატურისა და ხელოვნების იმ მძლავრი დინებისა, რომელიც მე-20 საუკუნის ათიანი წლების შუახანებიდან მოყოლებული იგრძნობოდა, გამოიკვეთა რა საქართველოს მძიმე საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეების მნიშვნელობა თვითდამკვიდრებისათვის. მხატვრობაში ესენი იყვნენ: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, გრიგოლ მესხი, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი. ისინი იყვნენ არა მარტო შემოქმედნი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი ადამიანებიც. ამ დროს იხსნება მხატვრების მიერ უნიკალურად მოხატული, ქართველ ლიტერატორთა თავშეყრის ადგილი „ქომერიონიც“. 1919 წელს გამართულ გამოფენაზე კი დავით კაკაბაძის შემოქმედებამაც გაიბრწყინა, გაამჟღავნა მხატვრის რჩეულობა. ამავე წელს დავით კაკაბაძე ლადო გუდიაშვილთან ერთად ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა პარიზში.

დავით კაკაბაძე ფართო ინტერესებისა და პროფილის შემოქმედი იყო. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხების შესწავლა-დამუშავებას. სწავლობდა კიდეც ფილოლოგიის ფაკულტეტზე პეტერბურგში, სადაც მას დიდ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფი ივანე ჯავახიშვილი, ზრუნავდა მის მატერიალურ კეთილდღეობაზეც. ივანე ჯავახიშვილის დავალებით მხატვარი ხელნაწერთა და კედლის მხატვრობის ასლებს ასრულებდა და მუშაობდა გამოკვლევაზე ქართული ორნამენტის შესახებ. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობის ნაყოფიერ წლებში გამოჩნდა დავით კაკაბაძის შემოქმედების ფართო დიაპაზონი, რომელმაც ის ქართველ ხელოვანთა შორის სრულიად გამორჩეულ მოვლენად აქცია.

1918 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისაა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარი „იმერეთი-დედაჩემი“, როგორც სიმბოლო დედისა და სამშობლოს ერთიანობისა. ამ ნახატში მხატვრულ ძიებათა მთელი მრავალფეროვნებაა: აქაა რეალიზმიც, პირობითობაც უკანა პლანისა (ტონთა მონაცვლეობა პლანებისა და მათი გამაერთიანებელი, კოლორიტის განმაპირობებელი ღრმა მწვანე ფერი), სივრცის პრობლემაც, რომელზეც მხატვარი აქცენტს აკეთებდა მთელი თავისი შემოქმედებით. იშვიათი ემოციურობაა აქ, დედის ფიგურის ლაკონიურობა და იმერეთის პეიზაჟის დეკორატიული მოზაიკურობა, თითქოს ათასჯერ ნანახიც და სწორედ დავით კაკაბაძისეული განუმეორებლობით ნაგრძნობიც. აქედან დაიწყო კაკაბაძის ცნობილი ციკლი, იმერეთისადმი მიძღვნილი, სიბრტყითი გადაწყვეტებითაც და საოცარი სივრცობრივი შთაბეჭდილებებითაც. როგორც ვთქვით, 1919 წელს დავით კაკაბაძე უკვე პარიზს მიემგზავრება, სადაც ის 1927 წლამდე ცხოვრობს. პარიზი, იმდროინდელი საყოველთაო კულტურული ურთიერთობების უკვე აღიარებული ცენტრი, დიდი სკოლა აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის. გამოიკვეთა მათი ინტერესები და მიზანი, ჩამოუყალიბდათ პროგრამა. დავით კაკაბაძე, ავანგარდისტული მიმართულებით გატაცებული, ქმნის გასაოცარ, მომხიბვლელ აბსტრაქტულ კომბინაციებს, მუშაობს ხელოვნების ისტორიის დარგში (მეცადინეობს ლუვრის ხელოვნებათმცოდნეობის ერთიან კურსებზე), აყალიბებს თანამედროვე ხელოვნების საკუთარ თეორიულ კონცეფციას (აქვეყნებს წიგნებს ქართულ ენაზე: „პარიზი“, „ხელოვნება და სივრცე“), მუშაობს კინემატოგრაფიაში სტერეოეფექტის შეტანაზე (მან მიაგნო საკუთარ სტერეოკინოს საიდუმლოებას, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის, ამერიკის, ბელგიის, დანიის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის საპატენტო ბიუროების მიერ). აღიარებაც მოვიდა. 1921 წელს დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე ლიკორნის გალერეაში „ქართველ მხატვართა გამოფენას“ აწყობენ. პარიზის პრესა კი ასე ეხმაურება სხვადასხვა გამოფენაზე გამოტანილ დავით კაკაბაძის ნახატებს: „წადით, ნახეთ ბატონ კაკაბაძის მხატვრობა… ბატონი კაკაბაძე გვავსებს რაღაც აზრით, ეს არ არის შაბლონური მხატვრობა…“. დავით კაკაბაძის ნახატები გაიგზავნა თანამედროვე ხელოვნების სანიმუშო გამოფენაზე ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში (1926 წ.) და გამოიფინება ჰანს არპის, ჟორჟ ბრაკის, მაქს ერნსტის, ვასილი კანდინსკის, პაბლო პიკასოსა და ჯინო სევერინის ნაწარმოებთა გვერდით, ანუ მე-20 საუკუნის მხატვრობის ამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შორის.

პარიზში დავით კაკაბაძეს მატერიალური პრობლემები, გაჭირვებაც ჰქონდა და იმ ადამიანთა შორის, ვინც მას მხარში ამოუდგა და ამხნევებდა, იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც მასში ხელოვნების ისტორიის შესწავლის სურვილს აღვივებდა: „განაგრძე ისე მუყაითად, როგორც დაიწყე შესწავლა“, – წერდა ის დავით კაკაბაძეს. მხატვრის ეპისტოლარული მემკვიდრეობა კი იშვიათ მასალას იძლევა მისი ნიკო მართან, ილია ზდანევიჩთან, ტიციან ტაბიძესა და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ურთიერთობის შესახებ.

დავით კაკაბაძე ჩამოდის რევოლუციური იდეებით მცხოვრებ საქართველოში, ე.წ. „პროლეტარული“ ხელოვნებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობებით სავსე პროცესით. 1928 წელს დავით კაკაბაძე აწყობს გამოფენას, ერთგვარ ანგარიშს მისი უცხოეთში გატარებული წლებისა. და შედეგი?! „წმინდა ესთეტიზმად“ მონათლული მისი მხატვრობა კრიტიკისა და შეტევის წნეხის ქვეშ მოექცა იმდროინდელ პრესაში, რამაც მხატვარს დაათმობინა პოზიციები, რომლებსაც იგი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა აბსტრაქტული ტილოები მის შემოქმედებაში აღარ შექმნილა. ხოლო ეს გამოფენა დარჩა ერთადერთ პერსონალურ გამოფენად მის სიცოცხლეში.

დავით კაკაბაძის მხატვრობით აღტაცებულია კოტე მარჯანიშვილი და მას თანამშრომლობას სთავაზობს. ტოლერის სპექტაკლით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ დავით კაკაბაძე ქუთაისის თეატრით იწყებს ქართულ თეატრში მუშაობას, სადაც მან არა ერთი და ორი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა დროთა განმავლობაში.

1931 წელს კი დავით კაკაბაძემ დაასრულა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ (ამას წინ უძღოდა დიდი სამუშაო სცენარის დამუშავებისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ფოტოგრაფირება). ესეც კიდევ ერთი ასპექტი ამ დიდი შემოქმედის ნიჭიერების უნივერსალიზმისა…

დავით კაკაბაძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივად: კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა მოხსენებებით, წლების განმავლობაში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შემდგომ პრორექტორიც. თუმცა ორმოციანი წლების ბოლოს შემოქმედებითმა კონიუნქტურამ მისი შემოქმედება „ფორმალიზმის“ ტყვეობის ქვეშ მყოფად გამოაცხადა და 1948-49 სასწავლო წლიდან იგი გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან, რადგან „ვერ უზრუნველჰყო სტუდენტების სოციალისტური რეალიზმის მეთოდის საფუძველზე აღზრდა“. ასე რომ, ავტორიტარული რეჟიმის ხელოვნების დოგმატიზმმა, მხატვრული შემოქმედების დაუფასებლობამ „მოკლა“ დავით კაკაბაძის შემოქმედებითი აქტიურობა, დაამსხვრია მისი მხატვრული პოზიცია, ორგანული პრინციპები, რომლებსაც ათობით წლის განმავლობაში თეორიულად ასაბუთებდა. მისმა შემოქმედებამ დაკარგა ინდივიდუალიზმი მხატვრისა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი კონცეფცია სახვითი ხელოვნების განვითარებისა.

დავით კაკაბაძე ეკუთვნოდა იმ ხელოვანებს, რომლებმაც იციან სამყაროს საიდუმლო: „მხატვრული მხედველობა იმით გამოირჩევა ჩვეულებრივი მხედველობისგან, რომ პირველის საშუალებით ჩვენ ვაღწევთ ფორმის შინაგან მხარეს და ვხედავთ არათუ მარტო ფორმის გარეგნულ თვისებებს, არამედ ვცნობთ მის შინაგან თვისებებსაც. მხატვრული მხედველობის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით ბუნებას, და, ამავე დროს, ხელოვნების არსსაც. მისი საშუალებით ჩვენ ბუნების საიდუმლოების კარს ვხსნით, რომლის იქით მუდმივი სიცოცხლის წყარო იწყება“ (დავით კაკაბაძის ციტატაა). მას, ასეთი დიდი ერუდიციისა და დაკვირვების წყალობით, ჰქონდა შეხედულებათა სისტემა ფორმისა და შინაარსის, მხატვრული ნაწარმოების იდეის, სიუჟეტის ფერწერის ტექნიკის შესახებ. იგი ამბობდა, რომ ქართული ხელოვნება ძალიან ვიწრო ფარგლებში მოამწყვდიეს, აღარ ვიცნობდით მოწინავე მიღწევების წყაროს, ამიტომ ვეღარ განვიცდიდით თანამედროვეობის შინაარსს და დაკნინდა ორიგინალური აზროვნებაც.

ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დავით კაკაბაძე იწყებს ქართული ორნამენტის გენეზისის პრობლემებზე მუშაობას და ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვს გამოქვეყნებული გამოკვლევა „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები“, ხოლო შემდგომ „ბექა ოპიზარი“. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა და ადგილზე ეცნობოდა ძეგლებს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დავალებით შესრულებული ჰქონდა ძველი მინიატიურებისა და ფრესკების ასლები. მის არქივში დაცულია ასობით ფოტოგრაფია ქართული არქიტექტურის ძეგლებისა, რომელთა შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა მისი ფილმი „საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1951 წელს გადაიღო). სამწუხაროდ, ფილმი არ შემოგვრჩენია. იმ დროისთვის ხომ ეს პირველი ცდა იყო ქართული არქიტექტურული ძეგლების ასეთი მოცულობითი დემონსტრირებისა და იყო ნიმუში დავით კაკაბაძის დიდი პატრიოტიზმისა და მშობლიური კულტურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.

დავით კაკაბაძე იყო მოაზროვნე მხატვარი, რომლის როლი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დარგში დღემდე დაუფასებელია. მან პოეტურ განზოგადებამდე აამაღლა საკუთარი შემოქმედება, მისი განუმეორებელი, ქართული სული. ლადო გუდიაშვილი მის ავანგარდისტულ ნამუშევრებზეც ამბობდა, რომ „დაკვირვებულ თვალს კარგად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ეს სურათები არ ჰგვანან ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით, მე, მაგალითად, მათშიც ვგრძნობ საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერს, კოლორიტს“. სწორედ საკუთარი ქვეყანა იყო დავით კაკაბაძის, ამ გენიალური შემოქმედის, ნამოღვაწარის მასულდგმულებელი და დაუტოვა კიდეც მას უმდიდრესი განძი – საკუთარი ტილოები. ეს კი მისი წინასწარმეტყველებაა: „ჩემი სურათების მოქმედება მუდმივად იქნება ისტორიაში, მოქმედებით, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, კეთილშობილებით, სიმამაცით, გამბედაობით, ჩემი სურათები შემატებს ადამიანებს აზროვნებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, გამბედაობას“.

ეს იყო ადამიანი უნივერსუმი, რომელიც არც ეპოქამ დააფასა, არც კაცმა. მისმა სრულიად უნიკალურმა ნიჭმა შეწყვიტა განვითარება ზემოთქმულ გარემოებათა გამო, რადგან ის დრო არ „სუნთქავდა“, არც თანამედროვეობას უშვებდა საკუთარი, მასობრივი ხელოვნების „გაყინულ“ დოგმატებთან, არც ინდივიდუალიზმს სწყალობდა შემოქმედებაში. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა.

დრომ ვითომ ამ მხრივ პროგრესი მოიტანა?! „კარგი თუ გამოგვერია“, არ დავკორტნით ხოლმე ისევ? ხელის შემშველებელიც აღარავინაა, რადგან თითქოს კეთილდღეობის „მშიერმუცელა მონებად“ და გადარჩენის ინსტინქტით ატანილებად იქცნენ ადამიანები. წმინდას, ნაღდსა და ღირებულს უჭირს, თუ უჭირს დღეს!

ჩვენ გარდა, ვინაა ამაში დამნაშავე? რასაკვირველია, არავინ, რადგან ღმერთი ისევ უხვად „გვაბერტყავს“ ნიჭსა და შემოქმედებითობას.

საკუთარ სულებშია საძებარი ყველა ძნელბედობის მიზეზი, სუბიექტური იქნება ის თუ ობიექტური.

სიყვარული, ანუ საძირკველი ნებისმიერი ზნეობრივი დოქტრინისა, დავკარგეთ. ესაა მოკლედ ყველა ჩვენი უბედურების სათავეც: ღვთისა, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული…

 

 

 

 

მკითხველთა კლუბი  – უკეთესი მომავალისათვის

0

კითხვას,  წიგნის და მოზარდის ერთმანეთთან დაკავშირების საოცარი ძალა აქვს.  კითხვა საოცარ ეფექტს ახდენს მენტალურ შესაძლებლობებზე, განწყობასა და გრძნობებზე, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. აღნიშნული ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულია კითხვის მოცულობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად  ბევრს კითხულობს ბავშვი. ამავე დროს კითხვის მნიშვნელობა მხოლოდ მოცემული მასალის რაოდენობით, ტექსტის
გააზრებით, ან ლექსიკური მარაგის გამდიდრებით არ შემოიფარგლება. წიგნის კითხვისას, მათ შორის მხატვრული ლიტერატურის წაკითხვისას, მყარდება ემოციური კავშირი ამბავთან, მთავარ გმირებთან, მდიდრდება ადამიანური ღირებულებები, რადგან ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“.

ამიტომ სიხარულით შევხვდით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის N1 საჯარო სკოლაში  მკითხველთა კლუბის შექმნას.

წიგნის კლუბები ეხმარება ბავშვებს,  იკითხონ მათთვის საინტერესო, ასაკისთვის შესაფერისი, ადეკვატური სირთულის წიგნები;  საშუალებას აძლევს  აირჩიონ წასაკითხი მასალა, რაც საგრძნობლად აღვივებს კითხვის მოტივაციას; ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ მოლოდინებს, შთაბეჭდილებებს, აზრებსა და გრძნობებს; ხშირად იკითხონ მკაცრად სტრუქტურირებული სამეცადინო რუტინებისგან გათავისუფლებულ, ნახევრად ფორმალურ გარემოში. შედეგად მოსწავლეები სიღრმისეულად იაზრებენ წაკითხულს, აკეთებენ რეფლექსიას და მსჯელობენ; სწავლობენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას; უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, ინტერპრეტაციის, ანალიზის, დისკუსიის, წერის,  შემოქმედებითი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უნარები.

პროექტში მონაწილეობდნენ:  VI კლასის მოსწავლეები.​ საწყის ეტაპზე  შედგა პროექტის განხორციელების  გეგმაც, რომელიც ითვალისწინებდა:

  • მოსწავლეთაგამოკითხვას/ინტერესისგამოკვეთას;
  • მკთხველთაჯგუფებისშექმნას;
  • რესურსებისშერჩევასდაინტერიერისმოწყობას(დღიურებიინდივიდუალურიჩანაწერებისთვის, ვიზუალურისქემებიდაგრაფიკულიორგანიზატორები, გამოხმაურებისბარათებიდასხვ);
  •  ლიტერატურისშერჩევასდა წიგნით სარგებლობისწესებისგაცნობას; წიგნისკითხვას (კლასი იყოფოდა პერიოდულადმკითხველთაჯგუფებადხდებოდა წიგნის წაკითხვა-განხილვა დადისკუსია. როგორცწესი, ამპროცესისდასასრულს,მოსწავლეთაჯგუფებიამზადებდნენპრეზენტაციასმათმიერდამუშავებულიწიგნისშესახებ);
  • წაკითხულისგააზრებასსხვადასხვასტრატეგიებსგამოყენებით;
  • მოდელირებასმასწავლებლისმიერხმამაღალიფიქრისმეშვეობით;
  • მოსწავლეების ჩართვასმასწავლებლისმიერწარმართულდისკუსიაშიდა წიგნისშესახებსაუბარში;
  • მოსწავლისმიერწიგნებისგანხილვასდისკუსიისწარმართვას; დასკვნებისშეჯამებას;
  • რეფლექსიას;
  • შეჯამებას.

გადაწყდაწიგნის მიხედვით  მაკეტების, პლაკატების, კოლაჟების, დიორამების გაკეთება და  მიღებული ნამუშევრების პრეზენტაცია.

კლუბის  სლოგანი გახდა: „ადამიანებს სიკეთე, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა აერთიანებთ“. ამ დევიზის ფარგლებში კლუბში წაიკითხეს: ნოდარ დუმბაძის  “ჰელადოსი”; ანა ლაშხელი-ონიანის „აკვანი“ ; ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“.

ნოდარ დუმბაძის – “ჰელადოსში“ ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. ეს ხომ აქტუალური თემაა სკოლის მოსწავლეებისათვის. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მათთვის სამაგალითო გახდა ის რომ პერსონაჟების პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში ისინი არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს. გარდა ამისა კარგი აქცენტები გავაკეთეთ იმ არაჩვეულებრივ წინადადებაზე – ,,სამშობლო უფრო ღრმადაა“…მოსწავლეებმა იმსჯელეს მოზარდებს შორის დამოკიდებულებებზე, მათ შინაგან ღირებულებებზე, სამშობლოს ძლიერ თავგანწირულ სიყვარულზე…

ანა ონიანის ,,აკვანი“-ზღვა ემოციებით აღსავსე ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი მოთხრობაა. სადაც იგრძნობა მოხუცი პაპა-ბებიის დიდი სიყვარული შვილიშვილის მიმართ. მოთხრობაში გაზგასმულია ახალგაზრდა თაობის უარყოფითი, დამოკიდებულება მოხუცების მიმართ, რაც ძლიერ გულისტკივილი იწვევს მათში. მოსწავლეებმა იმსჯელეს ასაკოვან ადამიანებთან ღირებულებით დამოკიდებულებაზე…თუმცა ნაწარმოებში ჩანს მომაკვდავი პერსონაჟის დიდი სინანული და თვითგვემა ჩადენილი არასწორი ქმედების გამო. ფინალი გულისამაჩუყებელია როდესაც გოგონა მეუღლის სახლში, შემთხვევით აღმოაჩენს ერთ დროს თავისთვის განკუთვნილ, პაპის უძვირფასეს საჩუქარს-აკვანს და ცრემლმორეული დაუწყებს კოცნას.

ონჯალი რაუფის – “გმირი ღამის ავტობუსში მთავარი გმირი ჰექტორი გამოირჩევა აგრესიულობით. იგი მუდმივად ძლადობდა თანაკლასელებზე, მასწავლებლებზე, მოხუცებულ უსახლკარო ადამიანზეც კი,-თუმცა, ამას დიდად არ დარდობდა. თავისი ქმედებებით ამაყობდა კიდეც. ნაწარმოების დასაწყისში მსჯელობისას, ძნელი იყო მოგვეძებნა პერსონაჟის დადებითი მხარე, რადგან ის მართლაც მოძალადე იყო. თუმცა ისე განვითარდა მოვლენები რომ მის სულშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები და სიკეთისკენ შემოტრიალება. საბოლოდ მოძალადე და აბეზარი ბიჭი უშიშარ გმირად, სიკეთის მკეთებელ ადამიანად გადაიქცა. მოსწავლეები ნაწარმოებთან მიმართებაში მსჯელობდნენ, რომ არ არსებობს ღვთისგან შექმნილი ადამიანი, რომელშიც თუნდაც ფარულად სიკეთის მადლი არ ღვიოდეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველას შეუძლია უკეთესი ადამიანი გახდეს, თუ ამას მთელი გულით მოინდომებს.

 

კითხვის პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ვკითხულობდით ყველგან –  ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში. მოსწავლეები მსჯელობდნენ პერსონაჟების თვისებების შესახებ გამოთქვამდნენ ვარაუდებს, ავსებდნენ წიგნის საათს, იწერდნენ მოთხრობიდან მნიშვნელოვან დასამახსოვრებელ ეპიზოდებს. ავსებდნენ სქემებს, როგორი იყო პერსონაჟი მანამდე და შემდეგ. გამოჰყოფდნენ პერსონაჟის თვისებებს სწერდნენ პატარა ბარათებზე, მსჯელობდნენ კარგი თვისება იყო, თუ ცუდი და განათავსებდნენ სპეციალურ დაფაზე (იხ. სურ.1,2,3,4).

 

https://drive.google.com/file/d/1C75O32PBVs37ogF87Z8m7z5StJfx6QNv/view?usp=drive_link

სურ.1

სურ,2

სურ.3

https://drive.google.com/file/d/1HIbPt2T3OnF2x91BRs17i4Fy7cqqz47i/view?usp=sharing

https://drive.google.com/file/d/1feSISwLGl5J-qXUDAm-9NrKklZQAghtd/view?usp=drive_link

https://drive.google.com/file/d/1zlFFyRsrnq-8oEIivyIHby_IpM_pAFLa/view?usp=drive_link

https://drive.google.com/file/d/1TxnZHo9tz4GkItzjSml9beE0ZY38BGqG/view?usp=drive_link

https://drive.google.com/file/d/1sgr5MPJRQ85GxlsgUm6gkhOELbI0kJbO/view?usp=drive_link

https://drive.google.com/file/d/18KjRNIPaDkhL7A_Vqm3Q93IhGUmB2tKj/view?usp=drive_link

პროექტის ფარგებში დამზადდა მკითხველთა კლუბის პლაკატი. წაკითხული ტექსტების საფუძველზე შეიქმნა: დიორამები, მაკეტი, პლაკატი, შეავსეს სააზროვნო რუკები.(წიგნის საათი) ასოციაციური ნახატები, კომიქსები:

https://drive.google.com/file/d/1Tw0wUt6j7fhdSd56HKmNIaE9drqrrEDn/view?usp=drive_link

https://scratch.mit.edu/projects/850743067/fullscreen

შედეგად გაუმჯობესდა ზოგადწიგნერებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, დაიხვეწა და გამოიკვეთა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის პრაქტიკული შედეგები; მივიღეთ გაწაფული მკითხველები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ზოგადი კომპეტენციებით; დამზადდა დიორამები, კომიქსები,  ნახატები; მოეწყო   გამოფენები და  პრეზენტაციები.  სხვადასვხა ტიპის ლიტერატურის გაცნობით მოსწავლეებს შეუყვარდათ კითხვის პროცესი. მოხდა მათი წიგნთან დამეგობრება.

USAID-ის  საბაზისო პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სკოლის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო პროექტების განხორციელებას, მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბებას. ამაღლდა მკითხველ მოსწავლეთა მოტივაცია და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო.

 

მორისი

0

მორის ფოცხიშვილის სახელი, ცხადია, ბავშვობიდან ვიცოდი, სკოლაში, მგონი, მისი რამდენიმე ლექსი ვისწავლეთ. დიდ, წითელ ანთოლოგიაშიც წავიკითხე მისი ლექსები, ოღონდ ცალკე კრებულის წაკითხვა არასოდეს მნდომებია. სამაგიეროდ, სულ ვკითხულობდი მის მიერ შედგენილ შესანიშნავ კრებულ-ანთოლოგიას „დედავ, დედაშვილობასა”, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, დედაზე დაწერილ უამრავ ლექსს აერთიანებს. მე მქონდა 1989 წლის გამოცემა, ალბათ ყველაზე სრული კრებული. ამ წიგნს მთარგმნელი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადგენდა, ავსებდა და ხვეწდა. თვითონვე წერს წინასიტყვაობაში, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პოეტი გამომეხმაურა და მიგზავნიდნენ და მიგზავნიან დედაზე დაწერილ ლექსებს, ზოგს კი თვითონვე მივაკვლიეო. იმასაც აღიარებს, თავს უფლება მივეცი, თავისუფლად მოვკიდებოდი სათარგმნელ მასალასო. ისიც შეგვიძლია, დავამატოთ, რომ ცხადია, ამ ლექსების უმეტესობა ბინარული თარგმანი არაა (ეს წარმოუდგენელიცაა), მათი ნაწილი, ალბათ, – რუსულიდან, ნაწილი კი პწკარედების მიხედვითაა თარგმნილი, მაგრამ მორის ფოცხიშვილმა ის მოახერხა, რომ ეს ლექსები სუნთქავენ, ჭარბად ავლენენ ვიტალურ მაჩვენებლებს და ექსპრესიას, და ეს მხოლოდ თემატიკის დამსახურება არაა, მთარგმნელმა ენერგეტიკის გადმოტანა ნამდვილად მოახერხა. მთარგმნელების მთავარი პრობლემა ხომ ესაა – მეტწილად ვერ ხერხდება ორიგინალის ემოციურ-ენერგეტიკული მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე მაინც გადმოტანა ლინგვისტურ ეკვივალენტში. ვიღებთ უბრალო ინფორმაციულ ტექსტს, რომლიდანაც მთლიანად ემისირებულია ყველა ის მახასიათებელი, რომლებიც პოეზიას პოეზიად აქცევს. შეიძლება, ეს თარგმანები კონგენიალური სულაც არაა (თანაც იმ დროისთვის პრევალენტური და სტანდარტად აღიარებული რიტმულ-ინტონაციური (ვერლიბრის შემთხვევაში) და მეტრული (კონვენციური ლექსის შემთხვევაში) სქემების რეპრეზენტირებაა), მაგრამ პოეზიის გემოვნებიანი მკითხველი მათი სრული უმეტესობისგან ჭეშმარიტ ესთეტიკურ ტკბობას რომ იღებს, უდავოა. თანაც თუ ჩაუფიქრდები, რამხელა შრომაა ჩადებული ამ 500-გვერდიანი კრებულის შედგენასა და თარგმნაში (სხვადასხვა ლინგვისტურ წიაღში ნაშობი პოეტური ტექსტების თარგმნას რამხელა ენერგია და ნერვები დასჭირდებოდა), შეუძლებელია, დიდი პატივისცემა და მადლიერების გრძნობა არ გაგიჩნდეს მთარგმნელის მიმართ.

რაც შეეხება მორის ფოცხიშვილის პოეზიას: მისი თაობის საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში მას, როგორც წესი, არ იხსენიებენ. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, მისი „გაჰიტებული” (თავის დროზე) ლექსებია, რომლებსაც დღესაც დებენ ხოლმე სოციალურ ქსელებში ვიღაცები. ცხადია, ეს ლექსები ცუდი სულაც არაა, მაგრამ ცოტაა საიმისოდ, რომ საუკეთესოებში დაგასახელონ. მორის ფოცხიშვილთან კოლაბორაციით ქართველმა კომპოზიტორებმა არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნეს. ანუ მისი „გაჰიტებული” ლექსები მშვენიერი სასიმღერო ტექსტებია, მაგრამ საკამათოა, ულმობელ დროსთან ჭიდილში რამდენად მედეგები იქნებიან. მორის ფოცხიშვილის პოეტური ფიგურა სწორედ ამ ლექსებით არის ვუალირებული, სინამდვილეში კი ის გაცილებით საინტერესო პოეტია. მას აქვს სრულიად ბრწყინვალე ვერლიბრები და მინიმალისტური ლექსები (საინტერესო გრაფიკულ ლექსებსაც წერდა). არ ვამბობ, რომ მისი კონვენციური ლექსები ცუდია, უბრალოდ ისინი ეპოქის საერთო პოეტიკური კონიუნქტურის ტიპური პირმშონი არიან, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ფოცხიშვილის კონვენციები მეტრულად გაცილებით მრავალფეროვანია. თავისუფალ და მინიმალისტურ ლექსებში კი მან იმ ძაფს ჩაავლო, რომელიც მას მომავლის მკითხველთან გააბმევინებდა ინტერაქციულ კავშირს. მის კონვენციებში თუ ლაღი და დარდიმანდი, ტიპური პოეტი ჩანს, მის თავისუფალ ლექსებში და მინიმალისტურებში ონტოლოგიურ საფიქრალში ღრმად ჩაძირულ და მედიტაციური თვითჩაღრმავების მოყვარულ პოეტს ვხედავთ. თუ მისი, რითმებით დაწერილი, პატრიოტული ლექსები ოდენ სადღეგრძელოდ ისმის, თავისუფალი ლექსის ფორმით ამ თემატიკას სრულიად ორიგინალურ რაკურსებს უძებნის ხოლმე:

„საგამოფენო დარბაზებში
ამაოდ ეძებ
უკეთეს სურათს,
ვიდრე შენი
საქართველოა.

სამშობლო ალბათ
ერთადერთი ხატია ქვეყნად
და მისი ასლის გადაღებას
ვერავინ შეძლებს”. („ორიგინალი უასლოდ“)

ზოგჯერ მისი პოეტური განსჯა ესეისტიკას უახლოვდება:

„საქართველოს მომავალი
მისივე წარსულისა და აწმყოს
ნამრავლის ტოლია!

წარსული მოცემულია,
აწმყო მოსაძებნია,
მომავალი მოსაპოვებელია!

პასუხი
იპოვეთ საკუთარ გულში,
თუკი ამ გულში ის სისხლი ჩქეფს,
ბარიკადებზე რომ იღვრება
ბიბლიური დროიდან დღემდე“. („მამაშვილური თეორემა და ისტორიული გზა მისი დამტკიცებისა“).

სხვა მახასიათებლებთან ერთად, ამ „პოეტური ესეიზმითაც“ (რომელიც მის ეპოქაში იქნებ, მავანს ლექსადაც არ ჩაეთვალა), იგი ჩვენი თანამედროვე პოეტია, ოღონდ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ მას შემდეგ, რაც იმ ფარდას გადავწევთ, რომელიც მის დანახვაში გვიშლის ხელს.

ბავშვების პლანეტა

0

ალბათ მარტო არ ვარ. ალბათ სხვებსაც აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც სულის მოსაბრუნებლად დადიან – იმ ჰაერს ჩასასუნთქად, რომლის მსგავსიც სხვაგან არ ეგულებათ. ზამთარია, ზაფხულია, დღეების უაზრობა თუ მომავლის დანახვის შეუძლებლობა ნახევრად ჩაბნელებული დარბაზისკენ მიმავალ ქუჩაზე მაყენებს. ჩემი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზეა. კარს ყოველთვის სიხარულით ვაღებ ხოლმე – სიჩუმისას, სხვადასხვა თვალით დანახული სილამაზისას.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ორ-სამ სტუმარზე მეტი იშვიათად მინახავს, სრულ სიცარიელეში, გამქრალ დროში კი ხშირად აღმოვჩენილვარ. გამჩენია განცდა, რომ ყველაფერი, რასაც მზერა სწვდება, ცოცხალია, გრძნეულის ხელით სულჩადგმულია იმ სამყაროში, რომელსაც თავისი წეს-კანონები აქვს და რომლიდან გამოღწევაც, უკან დასაბრუნებელი ხიდის გადმოვლაც უფრო და უფრო ძნელი ხდება.

შარშან ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენაზე მისულს წამოსვლის აუცილებლობა ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა. თითქოს ტერფები იატაკს მისწებებოდა – წამიერად გამოფხიზლებული, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ანტანას სუტკუსის ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტით გამოუსწორებელ დანაშაულს არ ჩავიდენდი. მაშინ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს – პატარა ოთახისკენ, სადაც ფოტოალბომებით სავსე თაროებია. გადმოიღე და ათვალიერე, სანამ სურათების ერთმანეთისგან გარჩევის უნარს არ დაკარგავ.

ახლა ახირებად ანტანას სუტკუსის ალბომის თვალიერება მაქვს. მისი გვარი რამდენიმეს აწერია, მაგრამ ჩემი რჩეული „ბავშვებია“ – გერმანულ გამომცემლობაში, „შტაიდლში“ მომზადებული და 2021 წელს გამოცემული. ჩემი ბავშვობის მიწაზე ფეხის დადგმა და ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა სხვას არავის მოუხერხებია, რუკიდან გამქრალი ქვეყნის, საბჭოთა კავშირის არცერთ ფოტომემატიანეს. მერე რა, რომ სხვადასხვა ათწლეულებში გადაღებულ ფოტოებზე ვხედავ საკუთარ თავს, მერე რა, რომ ეს გოგოები და ბიჭები ჩემი თანატოლები არ არიან.

„როდესაც ანტანას სუტკუსი ლიტველ ბავშვებს გვაჩვენებს, მათში ყველა იმ ბავშვს ხედავს, ვინც კი ამ სამყაროში ცხოვრობს, – წერს წიგნის შემდგენელი ტომას შირმბიოკი, – მისი თვალთახედვით, ისინი საკუთარ პლანეტაზე ცხოვრობენ – ისეთ ადგილას, რომელსაც უფროსები ვერაფერს გაუგებენ და ვერც იქ მოხვდებიან ოდესმე. ბავშვთა სამყარო მთელი სისავსით აწვდის მას ადამიანურ ემოციებს, მეტიც, ეს ემოციები ბავშვებში უფრო გულწრფელია, ძალდაუტანებელია, ვიდრე უფროსებში“. ფოტოალბომის თვალიერებისას ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე რწმუნდები.

თავად ფოტოგრაფს კი უთქვამს: „ბავშვებს საკუთარი სამყარო აქვთ – თავისი კანონებით, წესებით, ბედნიერებითა და მწუხარებით. მასში მოხვედრა თუ გინდა, უნდა იგრძნო, რომ შენც ბავშვი ხარ. უფროსები და ბავშვები – სხვადასხვა ისტორიებია“. შეძლო და ამ სამყაროს გზა-შარაზე დაუღლელად იარა, ალღომ კი ერთხელაც არ უმტყუნა – მისი გადაღებული გოგოები და ბიჭები რაღაც ისეთს ჰყვებიან, რასაც მხოლოდ გრძნეულს მოუყვებოდნენ, საზღვრების გაქრობის მცოდნესა და ერთდროულად ორ ადგილას ყოფნაში დახელოვნებულს.

არც ანტანას სუტკუსის ბიოგრაფიაზე, არც საბჭოთა სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ. ამ ყველაფრის შეტყობა სულ მცირე ძალისხმევის ფასადაც კი შეიძლება. პატარა წერილში ადგილს ვერ ვპოულობ თუნდაც ერთ ფოტოს აღსაწერად, მაგალითად, 1964 წელს საბავშვო სიმღერის ფესტივალზე გადაღებული ბაფთიანი გოგოს დაძაბული სახის საჩვენებლად. მაინც რა ჩანს ამ სახეზე – შიში? შიშნარევი ცნობისმოყვარეობა? თუ იმ ადამიანის რთულად სახელდასარქმევი განცდა, ვისაც იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ორიოდე მბრწყინავ წერტილს მაინც ხედავს?

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი. ანტანას სუტკუსის „ბავშვები“. სხვა ალბომებიც, რომლებზე წერისასაც მთავარის მოხელთებას მაინც ვერ მოვახერხებდი.

წადით, ჩაისუნთქეთ ის ჰაერი.

” ჩვენ ამ საღამოს წაგვიყვანენ“

0

„საქართველო სამოცდაათი წელი იყო ნაწილი სახელმწიფოსი, სადაც არაფერი ისე უნაკლოდ არ მუშაობდა, როგორც სადამსჯელო მანქანა, რომლის სამსახურში უამრავი ადამიანი იდგა. დღეს ბევრს ვლაპარაკობთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის მანძილზე არ გამქრალა, არ აორთქლებულა, იაფფასიანი პატრიოტიზმით და პოპულიზმით შენიღბული ყოველდღიურად გვახსენებს თავს, რადგან ის „მანქანა“ არამარტო ხვრეტდა და კლავდა, არამედ რყვნიდა კიდეც ადამიანებს, აზროვნების ნაცვლად ქცევის მზა მოდელებს სთავაზობდა, აჩვევდა დიდ
ტყუილთან თანაცხოვრებას, ანდაც, სულაც,  ამ ტყუილის სამსახურს.“ ვკითხულობ არჩილ ქიქოძის სეშანიშნავ წიგნ-ალბომში, რომელიც მწერალთა სახლში სულ ახლახანსგახსნილი რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ფარგლებში გამოიცა.ისრტორიის მაწავლებელ, მაია ქველაძესთან ერთად,   ამ მუზეუმში ვიზიტისას ბევრ ემოციასთან ერთად ჩემს მოსწავლეებთან არჩილ ქიქოძის ეს წიგნიც წავიღე, დავიწყეთ სულმოუთქმელი კითხვა. რეპრესირებულთა მტკივნეულ, მაგრამ მისტიკით სავსე ლაბირინთებში გზების კვევამ, პროექტის იდეა გააჩინა.

ისტორიის მასწავლებელთან ერთად დავგეგმე პროექტი, რომელსაც ყველაზე ახალგაზრდა რეპრესირებული პოეტი ქალის, მარი აბრამიშვილის ლექსის სათაური „ ჩვენ ამ საღამოს წაგვიყვანენ“-დავარქვით. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც  ეპოქის დეტალურ მიმოხილვასთან ერთად, წარმოადგენდნენ ცალკეული მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების  დევნის, დახვრეტისა და გადასახლების დეტალებს.

მოვამზადეთ სტენდი, რომელზეც ფოტო-სურათებთან ერთად,  განთავსდა არქივებში მოძიებული დახვრეტის, მწერალთა კავშირიდან გარიცხვის ოქმები, უკანასკნელი წერილები და ა.შ.

წყაროებში „ქექვის“ საინტერესო პროცესმა  ერთ ჯადოსნურ ამბამდე მიგვიყვანა. ერთ-ერთ წყაროში, სადაც რეპრესირებულ მწერალ, ლადო ბალიაურზე ვეცნობოდით ინფორმაციას, ამოვიკითხეთ რომ ლადო ბალიაური, წითელი მონსტრის მესვეურთა მისამართით ბოლო, განწირული სულისკვეთებით გახსნილი ცეცხლის, ყაზახეთში გაქცევის, იქ ტრაგიკული სიკვდილის, რეაბილიტაციისა თუ მისი შვილისთვის არგაცემული გადმოსვენების უფლების შემდეგ, მალვით, მაინც მიუბარებიათ იმ მიწას, რომლის თავისუფლებისთვის ბრძოლასაც შეეწირა. საფლავი კი, თურმე,  არც მეტი არც ნაკლები სწორედ იმ სოფელში მდებარეობს სადაც ჩვენი სკოლა- შუაფხოში. ჩვენც ავუყევით სკოლის უკან მდებარე მთას, იმ მთას რომლის წვერზეც იახსრის სალოცავია, მთის შუაწელს რომ მივაღწიეთ, სწორედ იქ წავაწყდით ძველ, აბალახებულ, მარტომდგომ საფლავს, მთის მწავნე ბალახიდან ლოდზე ამოკვეთილი წარწერა-ლადო ბალიაური, მოსჩანდა. სანამ  აღმოჩენილით გახარების ბურუსიდან გამოვიდოდი, ბავშვებს უკვე დაეწყოთ შიშველი ხელებით, ძვირფასი საფლავის სარევალასგან გასუფთავება. გასუფთავებულ საფლავზე მთის ყვავილები დავალაგეთ, სიმბოლური მემორიალური დაფაც დავამაგრეთ  და პირობაც დავდეთ, რომ ყოველთვის ვიზრუნებდით იმ ადამიანის საფლავზე, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის ზრუნვას შეეწირა.

 ამ პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდა საგანთაშორისი  კავშირის დამყარება, მოსწავლეებმა შეძლეს და ერთ საგანში მიღებული ცოდნა და გამოცდილება  გამოიყენეს განსხვავებულ სიტუაციასა და შინარსობრივ კონტექსტში.

განივითარეს  ისეთი პრიორიტეტული გამჭოლი ღირებულებები როგორიცაა სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საკუთარი ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ გახდნენ ბევრად უფრო ემპათიურები.

                                      მარიამ კვაჭაძე

                  პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ მასწავლებელი

ყირიმელი თათრები თანამედროვე უკრაინაში

0

უკრაინა ეთნიკური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი და უნიკალური სახელმწიფოა. ქვეყანაში, გარდა სლავური წარმოშობის ხალხებისა, სრულიად გამორჩეული, მცირერიცხოვანი ერებიც ცხოვრობენ. მათი აღმოჩენა მსოფლიოს სხვა კუთხეებში ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად, უკრაინაში ავტოქტონურ მოსახლეობად მიიჩნევენ ყარაიტებს. ყარაიტები თიურქულენოვან[1] ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთა რელიგია თანახის სპეციფიკურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. უკრაინული კანონმდებლობა აღიარებს კიდევ ერთი თიურქულენოვანი ებრაული ეთნიკური ჯგუფის – კრიმჩაკების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას. კრიმჩაკები, ყარაიტებისგან განსხვავებით, თალმუდური იუდაიზმის მიმდევრები არიან. უკრაინის ეთნიკური ლანდშაფტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და უმნიშვნელოვანეს ელემენტად ყირიმელ თათრებს მიიჩნევენ. ისინი დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

 

ვინ არიან ყირიმელი თათრები?

ყირიმელი თათრების წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მეცნიერები მათ რამდენიმე მსხვილი ეთნიკური ჯგუფის ურთიერთზეგავლენისა და შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ერად მიიჩნევენ. ყირიმელი თათრების წინაპრებად მონღოლებს, ხაზარებს, პაჭანიკებს, ცენტრალური აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულ თიურქულ ტომებს, ჰუნებსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა დროს მცხოვრებ დანარჩენ ხალხებსაც (ბერძნები, გენუელები) ასახელებენ.

აღნიშნული ეთნიკური ჯგუფის ფორმირებას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ყირიმის სახანოს ჩამოყალიბებამ. სახანო მეთხუთმეტე საუკუნეში, ოქროს ურდოს რღვევის შედეგად დაფუძნდა, მის წარმოქმნას მხარს უჭერდა ლიეტუვის დიდი სამთავრო. ლიეტუველები აღმოსავლეთის ხალხებთან ბუფერული ზონის შექმნას ესწრაფოდნენ.

მეთექვსმეტე საუკუნის უკანასკნელი წლებში ყირიმის სახანო ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ოსმალეთის სულთნის გავლენა ნახევარკუნძულზე ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა. ყირიმის სახანოს ზოგიერთი მეთაური სხვადასხვა ეპოქაში სტამბოლისგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა და რეგიონში დამოუკიდებელი, საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა. მაშასადამე, ზოგიერთ ეპოქაში ყირიმის სახანო ოსმალეთისგან სრული ავტონომიის შენარჩუნებასაც ახერხებდა, თანამშრომლობდა ევროპულ სამეფოებთან, პრობლემებს უქმნიდა რუსეთის სახელმწიფოს, ავრცელებდა თავის გავლენას მომიჯნავე ტერიტორიებზე.

რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე მხოლოდ ორი რუსულ-თურქული ომის შემდეგ, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს მკვიდრდება. ქართველთა მსგავსად, ყირიმელი თათრებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა 1783 წელი, როდესაც ნახევარკუნძული ეკატერინე მეორემ თავისი სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა.

მრავალსაუკუნოვანი ავტონომიური ცხოვრების განმავლობაში ყირიმელმა თათრებმა შეძლეს თავიანთი საკუთარი ენის განმტკიცება, უნიკალური კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბება, სუნიტური ისლამის გავრცელება თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად უკრაინაში 300 000-მდე ყირიმელი თათარი ცხოვრობს.

რამადანის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში მყოფ მუსლიმ ჯარისკაცებთან შეხვედრა გადაწყვიტა. მან მონაწილეობა მიიღო იფთარში. იფთარი მუსლიმების ვახშამია, რომლითაც მუჰამედის მიმდევრები რამადანის ყოველდღიურ მარხვას ასრულებენ. მუსლიმები იფთარზე ხშირად მასპინძლობენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც, რათა ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყონ ხელი. ამავე გზით მუსლიმები ხშირად ცდილობენ, უბრალოდ გვერდით დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც საჭმელი არ აქვთ. ვახშამზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მუსლიმი უკრაინელების თავდადებული ბრძოლის მნიშვნელობას და აღნიშნა: „დღეს ჩვენ ახალ ტრადიციას ვუდებთ სათავეს, ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება ოფიციალური იფთარი, რომელსაც პრეზიდენტი უმასპინძლებს. ამით ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ უკრაინა პატივს სცემს და ამაყობს თითოეული მოქალაქით, თითოეული ეთნიკური ჯგუფით… ჩვენ გვწამს იმის, ვინც სიცოცხლე და თავისუფლება მოგვცა, და გვჯერა, მოვა დრო და იგი გამარჯვებასაც გვიწყალობებს“.

ცხადია, იფთარს უამრავი ყირიმელი თათარი ესწრებოდა. ყირიმელი თათრების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ნახევარკუნძულის ანექსიის დღიდანვე სამართლიანობის მხარეს ყოფნა ამჯობინა. ბევრი თავიდანვე ჩაეწერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში.

თანამედროვე უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში რამდენიმე ყირიმელი თათარი მიიჩნევა ანგარიშგასაწევ ფიგურად.

იფთარის მაგიდასთან საპატიო ადგილი ეკავა ლეგენდარულ მუსტაფა ჯემილევს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეიძლება ახსოვთ მისი სახელი. იგი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსლიმური წარმოშობის დისიდენტი გახლდათ. ჯემილევი კრემლმა შვიდჯერ დააპატიმრა, საერთო ჯამში მას 15 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული მკაცრი რეჟიმის კოლონიებში. ყირიმელი დისიდენტის ერთ-ერთი სასამართლო პროცესი თავის მოგონებებში აღწერილი აქვს ანდრეი სახაროვს. მაშინ მთელი მსოფლიო შეაშფოთა საბჭოთა პენიტენციალური სამსახურის საქციელმა, ციხის ბადრაგებმა ჯემილევს შიმშილობის გამოცხადების უფლება არ მისცეს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა კაცს იძლებით კვებავდნენ ზონდის საშუალებით.

ჯემილევმა მშობლიურ მხარეში დაბრუნება 90-იანი წლების დასაწყისში მოახერხა. მის სახელს უკავშირდება ყირიმელ თათართა ყრილობის – ყურულთაის მოწვევა და ყრილობაზე ყირიმელ თათართა მეჯლისის არჩევა. 1991-2013 წლებში ჯემილევი მეჯლისის თავმჯდომარე გახლდათ. დისიდენტობის პერიოდში, ყირიმის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ყოფნის დროს, ის ხშირად ლაპარაკობდა მისი ხალხისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნის მნიშვნელობაზე, მაგრამ 90-იან წლებში უკრაინელ სახელმწიფო მოღვაწედ და უკრაინის შემადგენლობაში ყირიმელ თათართა ნაციონალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდამჭერად იქცა. მეჯლისმა არაფრისდიდებით არ აღიარა ყირიმის ანექსიის შედეგები, ჯემილევი 2014 წლიდან დღემდე თავისი ხალხის სახელით გმობს ნახევარკუნძულის დაპყრობას. საბჭოთა რუსეთის შემდეგ, უკვე ახალმა რუსეთმა მტრად და ექსტრემისტად გამოაცხადა ყირიმელ თათართა სინდისად წოდებული 80 წლის კაცი.

ისლამურ საზოგადოებასთან ზელენსკის შეხვედრას ორი გავლენიანი ქალი ესწრებოდა.

ემინე ჯაფაროვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სახელი ყირიმის ანექსიის დროს გაითქვა. ახალგაზრდა ყირიმელი თათარი 2010-იანი წლების განმავლობაში ნახევარკუნძულის დაპყრობის საკითხის გაშუქებაზე მუშაობდა. საერთაშორისო მედიასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის დროს იგი რამდენიმე ენაზე დაწვრილებით აღწერდა მშობლიური მხარის დაპყრობის ისტორიას და მსოფლიოს თავისი ერის ანტიიმპერიულ პოზიციებს უზიარებდა.

ყირიმელ თათრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებთ ჩვენს თანამემამულეებთან, მაჰმადიან მესხებთან. მესხების მსგავსად, ისინიც სტალინური დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ. ათობით ათასი ყირიმელი ძალის გამოყენებით გადაასახლეს ცენტრალურ აზიაში. მათ უკან დაბრუნება მხოლოდ 1990 წლის ივლისიდან შეძლეს. მრავალწლიანი გადასახლების მიუხედავად, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში მცხოვრებ ყირიმელ თათრებს იდენტობა არ დაუკარგავთ და მუდამ იბრძოდნენ უკან დაბრუნების უფლების მოსაპოვებლად.

2022 წლიდან ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობს სამარყანდში დაბადებული და 90-იან წლებში რეპატრირებული პოლიტიკოსი – თამილა თამაშევა. იგი ყირიმთან მიმართებით უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რუსული საოკუპაციო ძალების შემოჭრამდე პრეზიდენტის უმაღლესი წარმომადგენლობის ოფისი ქალაქ ხერსონში მუშაობდა.

უკრაინის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მხოლოდ სლავური წარმოშობის ხალხები არ იბრძვიან. რუსულ იმპერიალიზმს მონდომებით უწევენ წინააღმდეგობას საბჭოთა რეპრესიებს გადარჩენილი ყირიმელი თათრებიც, მუსლიმები, რომელთა შესახებ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის.

 

[1] და არა თურქულენოვანი

გურული ფირალები – კომპლექსური დავალება

0

ამჯერად  კომპლექსური დავალების მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ,   უამრავი ინფორმაცია და რესურსია  მიწოდებული მასწავლებლებისთვის, დაიწყო და ახლაც გრძელდება ვებინარები კომპლექსური დავალებების აგების და განხორციელების შესახებ,   წინა სტატიაშიც გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები.   თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ კომპლექსურ დავალებების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე რომ კიდევ ბევრი საუბარი იქნება საჭირო ამაში უკვე ნახსენები ვებინარებიც მარწმუნებს. მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე  უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა, რითაც თვალნათელს გავხდით, რა საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რა ტიპის რესურსებს ვიყენებთ ამა თუ იმ კლასში, რა აქტივობებითა და სტრატეგიებს მივმართავთ კომპლექსური დავალებების განხორციელებისას.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთი კომპლექსური დავალების პრაქტიკული განხორციელების ეტაპებს.

ამ კომპლექსურ დავალებას თავისი პატარა ისტორიაც აქვს. ჯერ კიდევ 2021 წელს, როგორც ,,ახალი სკოლის“ მოდელის ქოუჩი, ,,ჩვენი საქართველოს“ გურიის მატრიცაზე ვმუშაობდი გეოგრაფიის და სამოქალაქოს ქოუჩებთან ერთად. მოგეხსენებათ, საგანი ,,ჩვენი საქართველო“ სწორედაც ამ სამი საგნის ინტეგრაციას წარმოადგენს სწავლების დაწყებით საფეხურზე. ქოუჩებმა ცნებები ,,საგნობრივი“ მიმართულებით გავინაწილეთ და შევუდექით მატრიცის წერას. მართალია ეს დაყოფა გარკვეულწილად პირობითია, თუმცა ,,ჩვენი საქართველოს“ საგნობრივი ცნებები შეიძლება  დავყოთ ,,ისტორიულ“, ,,სამოქალაქო განათლების“ და ,,გეოგრაფიულ“ ცნებებად. ცნებები ,,დრო“ და ,,საზოგადოება“  ისტორიისკენ იხრება, ,,მეურნეობა“ და ,,სივრცე“ გეოგრაფიული მიმართულებისაა,  ,,სახელმწიფო“ და ,,მრავალფეროვნება“ კი თითქოს სამოქალაქო განათლებისკენ მიიწევს. როგორც ხვდებით, მე ცნებები ,,დრო“ და ,,საზოგადოება“ ,,მერგო“.

რაც შეეხება კომპლექსური დავალების საკითხის შერჩევას, ფირალობაზე კომპლექსურის დაწერის ინსპირაცია ,,ჩვენი საქართველოს“ გზამკვლევმა მომცა, სადაც ,,ფირალობა გურიაში“ კომპლექსური დავალების ერთ-ერთ საკითხად მაგალითის სახით იყო მოცემული. ჰოდა, მეც ვიფიქრე, რატომაც არა მეთქი. მით უმეტეს რომ ლეგენდებით და რეალური ამბებით გაჯერებული ფირალობის დროინდელი ისტორიები მართლაც რომ საოცარია, იმავდროულად ტრაგიკული და ჰეროიკული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები საუკუნეების წინ არ ხდებოდა, თითქმის მივიწყებულია და  გურიაშიც იშვიათად თუ ვინმე ახსენებს.

ჩემი აზრით  ამას  თავისი  მიზეზები  აქვს და ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი,  ფირალებს თავის დროსაც განსხვავებულად აფასებდნენ, ამ თავზეხელაღებულ ადამიანებს პატივსაც სცემდნენ, შიშნარევადაც უყვარდათ და გულწრფელადაც, მაგრამ მტერიც ბევრი ჰყავდათ, ხალხის ერთი ნაწილი ყაჩაღებად, თავიანთი სოფლების ამრევებად თვლიდა, მათზე გამწარებული მთავრობა ხალხს რომ ემტერებოდა, ამაზეც ფირალებს სთხოვდნენ პასუხს. მოკლედ, სულ მთლად გმირები ხალხის თვალში არც თავის დროზე იყვნენ.  მეორე მიზეზი ალბათ ისაა, რომ ფირალობა, ისევე როგორც საქართველოს ისტორიის  ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კომუნისტური მმართველობის დროს   ისტორიის ,,აკრძალულ ფურცლებზე“ მოხვდა. შედეგად ეს დაუჯერებელი ისტორიები თითქოს  მიივიწყეს.  ალბათ ასეთი კითხვაც დაისმის, რამდენად ღირს ამ სისხლიანი მოვლენების გაცოცხლება მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისო, როგორ შეძლებენ ბავშვები ამ მოვლენის გაგებას, შეძლებენ თუ არა  ჩასწვდნენ ამ ტრაგიკული მოვლენის არსს. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ღირს, იმ ფორმით და იმ კუთხით, რომლითაც ამ ასაკის ბავშვებისთვის იქნებოდა მისაღები.

როგორც საგნობრივმა ქოუჩმა ეს  კომპლექსური დავალება რამდენიმე  სკოლის მასწავლებელთან თანამშრომლობის რეჟიმშიც განვახორციელე, მათთან ერთად შევიმუშავეთ თითოეული გაკვეთილისთვის აქტივობები და სტრატეგიები, რესურსები თავიდანვე ფრთხილად მქონდა შერჩეული, რომ ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო. საბოლოოდ რამდენიმე მცირე ზომის ტექსტი და ერთი 20 წუთიანი ვიდეო რესურსი შევარჩიე.

საგანი – „ჩვენი საქართველო“

კლასი – VI

თემა : გურია

საკითხი : ფირალობა გურიაში

ცნებები : დრო / საზოგადოება

ქვეცნებები : საზოგადოებრივი მოძრაობა, სოციალური პრობლემები, ეგზეკუცია

საფეხურის შედეგები : 1, 2, 8, 9, 12

კომპლექსური დავალება

ფირალობა წარსულში გურიაში გავრცელებული ტრაგიკული მოვლენა იყო.

ჩვეულებრივი გურული გლეხების ტყეში გახიზვნას და ყაჩაღობას  თავისი

მიზეზები  ჰქონდა და   თავის დროზე ძალიან მძიმე შედეგებიც მოჰყვა. გაეცანით

ინფორმაციებს ფირალობის შესახებ და დაწერეთ სტატია, რომელშიც გადმოსცემ ამ

ისტორიული მოვლენის შენეულ ანალიზს.

სტატიაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • საიდან ვიცით ფირალობის შესახებ? ( დრო მ.წ. 3);
  • როდის იყო გავრცელებული ფირალობა გურიაში, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მოვლენა? ( დრო მ.წ. 2);
  • როგორი დამოკიდებულება იყო ფირალობის მიმართ ადრე ? როგორ შეიძლება

შეფასდეს ეს მოვლენა დღეს ? ( დრო მ.წ. 1) ;

  • რატომ სარგებლობდნენ ფირალები საზოგადოების თანადგომით? ( საზ. მ. წ. 1,3)
  • როგორ შესაბამისობაში იყო ფირალობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან და ღირებულებებთან? ( საზ. მ. წ. 2)

 

საკვანძო შეკითხვა – როგორ  გადმოვცე სტატიის საშუალებით გურიაში ფირალობის  გამომწვევი მიზეზები და შედეგები ?

 

მეორე ეტაპის ძირითადი აქტივობები

 

აქტივობა 1

გონებრივი იერიში – ფირალების შესახებ ასოციაციური რუკის შედგენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსწავლეების არსებული ცოდნა ძირითადად მწირი იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები იხსენებდნენ, რომ ფირალები ყაჩაღები იყვნენ. იყო არარელევანტური პასუხებიც.

აქტივობა 2

რესურსი 1  – ვიდეო რესურსი ( რა დაგამახსოვრდათ?)

მოსწავლეებს ვაჩვენეთ ფილმის პირველი ნახევარი. მათ წინასწარ ვთხოვეთ, რომ დაემახსოვრებინათ ( თავიანთვის მოენიშნათ ) საინტერესო მომენტები / ინფორმაციები / ფაქტები, რომლებსაც ფილმის ჩვენების შემდეგ განვიხილავდით, გავაკეთებდით პირველად დასკვნებს, რომლებიც სტატიაში გამოგვადგებოდა.  ფილმის პირველი ნახევრის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა   გაიხსენეს  მათთვის საინტერესო ფაქტები და ისაუბრეს მათ შესახებ.

აქტივობა 3

რესურსი 2  –  ფირალობა და პირველი გურული ფირალები

მოსწავლეებს ვთხოვეთ  წაეკითხათ რესურსი, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში განვიხილეთ.

კითხვები

           ვინ იყვნენ პირველი გურული ფირალები?

           რომელი მწერალი იცნობდა კარგად ფირალების ცხოვრებას?

           რომელ გაზეთში აქვეყნებდა ეს მწერალი  წერილებს ფირალობის თემაზე?

           როგორ უყურებდა ადგილობრივი საზოგადოება ფირალობას?

           რა იყო საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიზეზი?

           რა შეხედულება შეგექმნა შენ?

აქტივობა  4

რესურსი 3 – ფირალობის გამომწვევი მიზეზები

მოსწავლეებმა  წაიკითხეს ტექსტი და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ფირალობის გამომწვევ მიზეზებზე, შევადგინეთ პრობლემების რუკა.

ძირითადი კითხვა

 

           რა აიძულებდა გურულ გლეხებს / აზნაურებს ტყეში გახიზვნას?

 

აქტივობა 5

რესურსი 1  – ვიდეო რესურსი ( რა დაგამახსოვრდათ?)

მოსწავლეებმა ნახეს ფილმის მეორე ნაწილი იმავე პრინციპით, რომ დაიმახსოვრებდნენ და ფილმის შემდეგ ისაუბრებდნენ მნიშვნელოვან ფაქტებზე / ამბებზე / მოვლენებზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება დავაფიქსირეთ დაფაზე.

 

აქტივობა  6 – ილუსტრაციები

ეს დავალება მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით მივეცით.  მოსწავლეებს ვთხოვეთ კარგად დაფიქრებულიყვნენ უკვე მოსმენილ და წაკითხულ ინფორმაციებზე, ამოერჩიათ ერთი დასამახსოვრებელი ამბავი / მომენტი, რომელსაც გადმოსცემდნენ ილუსტრაციების სახით, ილუსტრაციები მოსწავლეებს სიტყვიერადაც უნდა აღეწერათ.

 

აქტივობა 7

რესურსი 3 – ფირალობის, ფირალების და გურულების მიმართ დამოკიდებულება

 

მოსწავლეებმა წაიკითხეს  რესურსი, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო ფირალების მიმართ იმდროინდელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე და დისკუსიის რეჟიმში, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მოსწავლეებს ყურადღება გავამახვილებინეთ სტერეოტიპული აზროვნების უარყოფით მხარეებზე. ამ შემთხვევაში საუბარია მაშინდელ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებაზე  გურულების მოძალადეობრივ ხასიათის თაობაზე.

 

სადისკუსიო კითხვა

           რატომ  თანაუგრძნობდა ადგილობრივი საზოგადოების უმეტესობა ფირალებს?

 

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ იკვეთებოდა ეპოქის სულისკვეთება, რაც გამოიხატებოდა მთავრობის ძალადობრივ პოლიტიკაში ხალხის მიმართ. ასეთ  ფონზეც ფირალობა იკვეთებოდა, როგორც საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ასევე ძალადობრივი   ხასიათის პროტესტის ფორმა. შესაბამისად ლოგიკურ ახსნას პოულობდა საზოგადოების უმეტესობის სიმპათია ფირალების მიმართ, თუმცა განხილვებში იკვეთებოდა ის გარემოებებიც, რაც საზოგადოების ერთ ნაწილს ფირალების მიმართ ნეგატიურად განაწყობდა (მაგ;  ეგზეკუციები სოფლებში ფირალების მომრავლების გამო).

 

აქტივობა  8

შემოქმედებითი წერა

მოსწავლეებს გავუნაწილეთ  ქვემოთ დასახელებული პერსონაჟების როლები, ვთხოვეთ     თავი წარმოედგინათ ამ პერსონაჟად და დაეწერათ მცირე მონოლოგი პერსონაჟის თვალთახედვის კუთხიდან. მონოლოგში პერსონაჟები რასაკვირველია  ისაუბრებდნენ ფირალებზე და ფირალობაზე :

გამოგონილი პერსონაჟები

,,ფირალი“;

,,გურული თავადი“;

,,რუსი ჩინოვნიკი“;

,,გურული გლეხი“

მოსწავლეებმა ამ დავალებას ურიგოდ არ გაართვეს თავი, ისინი მშვენივრად შევიდნენ წარმოსახვითი პერსონაჟების როლებში და ხშირ შემთხვევაში გურული იუმორითაც გადმოსცემდნენ თავიანთ სათქმელს.

 

აქტივობა  9

დისკუსია –

ვინ იყვნენ გურული ფირალები _ მოძალადეები თუ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლები?  ( კავშირი დღევანდელობასთან – სოციალური სიდუხჭირე და კრიმინალი)

 

კომპლექსური დავალების ძირითადი აქტივობები დისკუსიით დავასრულეთ. მოსწავლეებისთვის არ გვითქვამს, რომ მათ აუცილებლად აერჩიათ პოზიცია და შემდეგ ამ პოზიციიდან ესაუბრათ. მათ საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება იმგვარად როგორც  სურდათ, თუმცა ვთხოვეთ, საუბრისას თავიანთი მოსაზრებების კონკრეტული მაგალითებით გამყარება, რაც  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაში დაეხმარებოდა. ამასთანავე მოსწავლეებს ვთხოვდით ფირალობა თანამედროვე კონტექსტითაც განეხილათ.  მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ თანამედროვეობასთან კავშირების დამყარება, მათ საკმაოდ იოლად ამოიცნეს საერთო ნიშნები ( მაგ;  სიღარიბე საზოგადოების საკმაოდ დიდ ფენაში ), აგრეთვე განსხვავებები ( მაგ; შიდა და გარე ემიგრაციაში წასვლა ძალადობრივი მოქმედებების ნაცვლად ).

 

ძირითადი კითხვები

 

           რომელი არგუმენტები გამოდგება ამა თუ იმ პოზიციის დასაცავად?

           როგორ შეიძლება პარალელების გავლება  დღევანდელობასთან?

 

დასასრულს, მასწავლებლებს რასაკვირველია შეუძლია გამოიყენონ როგორც  ეს კონკრეტული კომპლექსური დავალება, მოახდინონ მისი მოდიფიცირება,  ამასთანავე სხვა კომპლექსურ დავალებებში გამოიყენონ განხილული კომპლექსური დავალების ესა თუ ის აქტივობა და სტრატეგია.

 

 

 

რესურსების ფაილი – გურული ფირალები.docx

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...