სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სინათლის სწორი ალგებრა

***

გამარჯობა,

გამვლელი ხარ თუ ვინმეს ხვდები გალაკტიონის ძეგლთან?

აბა, კარგად დააკვირდი, ჯიბეები თუ აქვს ჩემს ახალ პალტოს. არა, იმას კი არ ვჩივი, ხელები სად წავიღო-მეთქი, მაგრამ თაბახის ფურცლების, ღია ბარათების, კინოთეატრის ძველი ბილეთების, კოჭის ძაფით შეკერილი ბოლოკნოტების და ფანქრების ტარება მიყვარდა თან. ყველაფერს ვინიშნავდი, ყველგან ვწერდი და იმიტომ, ქუჩაშიც, ძამიკო, აბა!

თუ არ ვწერდი, თავს არითმეტიკული ამოცანებით ვირთობდი. გამოვიდოდი აივანზე, ხელში წამზომიან საათს მოვიმარჯვებდი და ავტომანქანებს ვითვლიდი. გასულ საუკუნეში ყოველ ათ წუთში 160 ავტო ჩაივლიდა ჩემს სახლთან, რაც საათში 960 მანქანას უდრიდა. ცოტა გგონია თუ ბევრი? თუ არ დაგეზარება, დამშვიდობების მერე პირი გამზირისკენ იბრუნე და გამოიცანი, რას გვეკითხება ამ საუკუნის ამოცანა.

ანგარიში თუ გეზარება, მაშინ შენთვის უფრო რთული შეკითხვა მაქვს. მას შემდეგ, რაც ჩემს ნაცნობ ხეებს ახალმა სახლებმა სიმაღლეში გაასწრეს და შავი ვეშაპებივით გადაეფარნენ, ამ ქუჩაზე ქარი აღარ სჩანს, მაგრამ ჩუმი შრიალი მაინც სულ მესმის… ჰოდა, მიპასუხე – რა ამოძრავებს კიპარისის ტანს?

სანამ გზას გაუყვები, ერთი სელფი გადავიღოთ. მართალია, ფოტოგრაფიებში მე ყოველთვის კარგად გამოვდივარ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – სინათლის სწორი ალგებრა უნდა იცოდე. სიზმარი-ფოტოც ბევრი მინახავს, სადაც ყოველთვის ცენტრში ვიყავი. ჩვენი სელფიც სწორედ ასეთი გამოვა. ნუღარ დაელოდები უკეთეს მომენტს, როდის ჩამომიჯდება ჩიტი წვერზე. გადაიღე და მსოფლიო რეზონანსისთვის თუ ინსტაგრამზეც გამოფენ, არ დაგავიწყდეს, მიაწერო:

 

გაუმარჯოს მეფეს ქართველი პოეტებისას!

 

***

გაგიმარჯოს, გალაკტიონ!

ოლია დარბაისელივით კისელზე წამოვედი და სახლის გზას ვეღარ ვაგნებ. ვიღაცას ეგონება, დახლებზე ჩამოლაგებულ ათასგვარ სანოვაგეს მუშტრის თვალით ვაკვირდები. სინამდვილეში ფიქრის ფურცელს შევყურებ, გაწყვეტილ ფრაზებს ვაკოწიწებ, საიქეთო და სააქეთო ზმნისწინებით ამბის ალაგს ვნიშნავ, გათამაშებისთვის შემოსაზღვრულ სივრცეს სიტყვებით ვნაღმავ, შორისდებულებს ამოსათქმელად ვამზადებ და  მწკრივებს შორის ნიშანს ვეძებ, ღირს თუ არა მოყოლა… მოუქნელად მოარულს ნაღდი მყიდველის მხრის გაკვრა მაფხიზლებს, სალაროს ურიგოდ ვტოვებ და ხელცარიელი ისეთი ნაბიჯით გამოვდივარ მაღაზიიდან, თითქოს ნავაჭრით დატვირთული ვიყო.

მე ჩემი ტვირთი მაქვს. ძველი ჩანთის დიდ-პატარა ჯიბეები სავსეა ძველი ბილეთებით, ბარათებით, ქვითრებით, სანიშნეებით, ფურცლებით, რომლებზეც გაკრული ხელით პიანინოს ამწყობის, სანტექნიკოსის, მკერავის, მეზობლის, ვეტერინარის ტელეფონის ნომრები მიწერია. ყვითელ ფურცლებს შორის განსაკუთრებით ერთსიტყვიანი სამახსოვროები მიყვარს, მაგალითად, სოლეიროლია. უკვე ლექსია, მაგრამ ვიცით, რომ ყველა გალაკტიონი ვერ იქნება. ამიტომ რითმას არ ვეძებ, მხოლოდ მცენარეს ჭინჭრისებრთა ოჯახიდან, ძველ ჩაიდანში ჩასარგავად.

არ დავიზარე, პირი გამზირისკენ ვიბრუნე და წამზომი ჩავრთე. თუ სწორად დავთვალე და არა დემონიური არევ-დარევით, ათ წუთში 450 ავტომ ჩაიარა, რაც საათში 27 000 მანქანას უდრის. ამ ქუჩის ხეებისა და სახლების თანაფარდობის ამბავს კი ჩემზე უკეთ ცისანა გაბუნია გეტყვის, ღიმილიანი ქალი შავი ნაწნავითა და გახამებული თეთრი პერანგით, მოპირდაპირე სახლიდან. საფიქრალზე გამოსულს ხანდახან ძეგლთან შემომხვდება ხოლმე და ძალიანაც რომ ეჩქარებოდეს, მაინც გამომძახებს, დედა ხომ კარგად არისო.

აი, სამახსოვრო სელფის გადასაღებად სმარტფონიც მოვიმარჯვე, მაგრამ თვალი გამექცა. ველობილიკზე ლამაზი წყვილ მოჰქრის სკუტერით. გზას რომ არ ასცდნენ, საჭეს ოთხი ხელით ეჭიდებიან და ერთმანეთს თავდავიწყებით კოცნიან. როგორც ჩანს, ისინი არ ელოდებიან უკეთეს მომენტს და ჩვენც ნუღარ ვინატრებთ ვაკის პარკიდან შაშვის მოფრენას. ეკრანის ცენტრს ნაზად ვეხები და სიზმარი-ფოტოც მზადაა!

მაშ, გაუმარჯოს მეფეს ქართველი პოეტებისას!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“