ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

დაბადების რიგითობის გავლენა ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევდა, რომ ხშირად ერთ ოჯახში ძალიან განსხვავებული ბავშვები იზრდებიან. ამასთან, განსხვავებული არა მხოლოდ და არა იმდენად გარეგნულად, არამედ ხასიათით, აზროვნების თავისებურებებით, ურთიერთობის მანერებით. ერთი შეხედვით ეს შეიძლება საკმაოდ უცნაურ მოვლენადაც კი მოგვეჩვენოს. მათ ხომ ერთი და იგივე მშობლები ჰყავთ, აქვთ ერთნაირი გარემო, ერთნაირი აღზრდა, ღვიძლი და-ძმანი არიან და ერთსა და იმავე პირობებში იზრდებიან. თუმცა, რატომღაც ერთი ბავშვი გამოირჩევა უზომო პასუხისმგებლობის გრძნობით, მეორე – უდარდელობით, უზრუნველობით, მესამე – საკუთარ თავში ჩაკეტილობით, ინტრავერტობით. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ დაბადების რიგითობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის თვისებები უყალიბდებათ სხვადასხვა ოჯახში გაზრდილ ბავშვებს. ასე რომ, სხვადასხვა მშობლების უფროს, საშუალო და დედისერთა ბავშვებს შეიძლება ერთნაირი პიროვნული თავისებურებები და ხასიათის ერთნაირი თვისებები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ჩნდება გონივრული კითხვა – „რატომ ხდება ასე“?; „რასთან არის დაკავშირებული მსგავსი განსხვავებები“?

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ერთ ოჯახში დაბადება სრულიადაც არ ნიშნავს ზუსტად ერთსა და იმავე გარემოში და მშობლების ზუსტად ერთნაირი მიდგომის პირობებში გაზრდას. ძალიან ძნელი და ალბათ შეუძლებელიც კი იქნება ერთ ოჯახში დაბადებული ორი ისეთი ბავშვის პოვნა, რომლებიც ზუსტად ერთნაირ ოჯახურ გარემოში, ოჯახურ ვითარებაში გაიზრდებოდნენ. ისევე როგორც გაგვიჭირდება ერთ ოჯახში მყოფი ორი ისეთი ბავშვის მოძებნა, რომლებსაც მშობლები ზუსტად ერთნაირად მიუდგებოდნენ. მართალია ნებისმიერი მშობლისთვის ყველა შვილი ძვირფასი და საყვარელია, მაგრამ როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ისინი განსხვავებულად რეაგირებენ პირველ, მეორე ან მესამე შვილზე, ბიჭებსა და გოგონებზე, აქტიურ და პასიურ ბავშვებზე. ხშირად შეიმჩნევა განსხვავებული დამოკიდებულება განსაკუთრებული ნიჭის მქონე და ჩვეულებრივი, ამ უნარს მოკლებული ბავშვების მიმართ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თითოეული ბავშვის დაბადებასთან ერთად ოჯახში ატმოსფერო იცვლება, რამდენადაც იცვლებიან თავად მშობლები. პირველი შვილის აღზრდისას ისინი იღებენ სერიოზულ გამოცდილებას და ხშირად ეცვლებათ დამოკიდებულება აღზრდის იმ მეთოდების, ხერხების მიმართ, რომლებსაც მეორე შვილის აღზრდისას გამოიყენებენ. თითოეული ბავშვის დაბადება თავისებურ გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, და თუ ეს ასე არ ხდება, ახალი წევრი, ადრე თუ გვიან, თავს უცხოდ, გარიყულად გრძნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ხასიათზე, მისი პიროვნების ფორმირებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ ოჯახში მისი „პოზიცია“, ანუ და-ძმების არსებობა ან არარსებობა და დაბადების რიგითობა. როგორ მოქმედებს დაბადების თანმიმდევრობა ბავშვის პიროვნული თვისებების, მისი ხასიათის ფორმირებაზე. შეიძლება თუ არა უფროსი ბავშვის ხასიათი ძმის ან დის დაბადებასთან, ოჯახში შემოსვლასთან ერთად შეიცვალოს და რა სირთულეებს აწყდებიან ოჯახში ერთადერთი ბავშვები.

 დაბადების რიგის, სქესისა და ასაკობრივი განსხვავების მიხედვით ბავშვები გარკვეული მახასიათებლებით გამოირჩევიან:

პირველი შვილის მდგომარეობა ოჯახში განსაკუთრებულია (ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ის ერთადერთი ბავშვია ოჯახში), ის სამყაროს ცენტრია მშობლებისთვის. იღებს რა ახლობლებისაგან უსაზღვრო სიყვარულს და მზრუნველობას, ის ტკბება თავისი უსაფრთხო, მშვიდი და უზრუნველი არსებობით. ამასთან ერთად, მშობლები სწორედ პირველ შვილთან იყენებენ, ცდიან სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ აღზრდის სტრატეგიებს, ხერხებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ემოციური არასტაბილურობა. პირველი შვილები ხშირად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. ცალკეულ შემთხვევებში ეს გრძნობა შესაძლოა გადაჭარბებულიც კი იყოს და შფოთვამდე მიიყვანოს ბავშვი. მათ ხასიათში შეიძლება აღმოვაჩინოთ ასევე წესების დაცვის მიდრეკილება. ჩვეულებრივ ისინი კარგად სწავლობენ, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მაღალი ინტელექტით, არამედ ამბიციით, პირველობის სურვილით და წარმატების მიღწევის ძლიერი მოტივაციით. მეორე ბავშვის გამოჩენა ოჯახში რადიკალურად ცვლის სიტუაციას პირველი შვილისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს ფაქტი მასში შოკს და გაოცებას იწვევს. თუ განსხვავება ბავშვებს შორის 5-6 წელზე ნაკლებია, სტრესის გავლენა ბევრად უფრო ძლიერდება. ამ მომენტში ბავშვის ყველა გრძნობა დაიყვანება იმ აზრამდე, რომ მისი ადგილი მშობლების გულსა და აზრებში ვიღაც სხვამ დაიკავა, მან კი დაკარგა თავისი შეუზღუდავი ძალაუფლება მათზე. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ პირველი შვილები მიდრეკილნი არიან პერფექციონიზმისკენ, რომლის მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ოჯახში მეორე ბავშვის შემოსვლის შემდეგ უგულებელყოფისა და მშობლის სიყვარულის დაკარგვის განცდაში – „მე გავხდები უკეთესი იმისათვის, რომ დავიბრუნო მშობლების სიყვარული“ – იღებს ქვეცნობიერ გადაწყვეტილებას პირველი შვილი.

 იმისათვის, რომ პირველ ბავშვს გავუადვილოთ უფროსი შვილის როლზე გადასვლა, საჭიროა გავითვალისწინოთ ცალკეული რჩევები:

  • შევუქმნათ ბავშვს პირადი სივრცე, თუნდაც ცალკე კუთხე, თარო კარადაში, ან ყუთი „საიდუმლოებებისათვის“;
  • უზრუნველვყოთ ტაქტილური კონტაქტი – მოვეხვიოთ, ჩავეხუტოთ ბავშვს;
  • უარი ვთქვათ ნოტაციებზე და ურთიერთობისას ისეთი ფრაზის გამოყენებაზე, როგორიცაა: „შენ ხომ უფროსი ხარ!“. ბავშვი თავად არ ირჩევს უფროსის როლს და შესაბამისად ნებისმიერი პრეტენზია მის მიმართ უაზრო და სასტიკიც კია;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი გრძნობები და ისაუბროს ღიად. ნეგატიური ემოციების (უკმაყოფილება, ბრაზი, იმედგაცრუება) გამოხატვის აკრძალვა არაფერს კარგს არ მოგვიტანს და მოგვიანებით შეგვახსენებს თავს ქცევითი და ფსიქოსომატური გამოვლინებებით;
  • არ უნდა დავივიწყოთ, რომ როდესაც ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, პირველი ისევ ბავშვად რჩება, რომელსაც კვლავ ესაჭიროება მშობლების ყურადღება, გულისხმიერება და სიყვარული.

როგორ ყალიბდება მეორე ბავშვის პიროვნებამეორე ბავშვისთვის უცნობია, უცხოა საყოველთაო თაყვანისცემის ის სიტუაცია, რომელსაც მისტირის, რომელზეც ნაღვლობს მისი უფროსი ძმა ან და. სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ის შემოდის იმ გარემოში, სადაც ზრდასრულები უზიარებენ, უყოფენ ყურადღებას მას და უფროს შვილს. როგორც წესი, მეორე ბავშვის განვითარების ტემპს ხშირად უფროსი ბავშვი განსაზღვრავს. ამის წყალობით ისინი შეიძლება უფრო სწრაფადაც კი განვითარდნენ, ვიდრე უფროსი ბავშვი. გარდა ამისა, მეორე ბავშვი ხშირად ამბიციურობითაც გამოირჩევა. ის ამოცანად ისახავს არა მხოლოდ არ ჩამორჩეს, არამედ აჯობოს კიდეც უფროს ძმას ან დას. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებენ მეორე შვილებს. უმცროსებს კი ხშირად თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უფროსებზე გადააქვთ. ამასთან, მათ აქვთ მიდრეკილება ეშმაკობითა და მანიპულაციებით მიაღწიონ თავისას. ორ შვილს შორის უმცროსი ხშირად უფრო საკუთარ თავზეა ორიენტირებული, ვიდრე სხვებზე, არ ისწრაფვის, არ ცდილობს იყოს გარშემომყოფთა მოლოდინების შესაბამისი. მეორე ბავშვები უფრო კომუნიკაბელური, უზრუნველი და ემოციურად სტაბილური არიან.

განვითარების რა სიტუაციაში ხვდება შუათანა, საშუალო ბავშვი – მეორე, მაგრამ არა ბოლო ბავშვი ოჯახში ერთდროულად უფროსიც არის და უმცროსიც. ამიტომ, შეიძლება გამოავლინოს, როგორც ერთის, ისე მეორის თვისებები. იმისათვის, რომ შეამჩნიონ, ყურადღების მიღმა არ დარჩეს და დაიკავოს საკუთარი ადგილი ოჯახში, მან შეიძლება ითამაშოს, როგორც „დიდის“, ასევე „პატარის“ როლი სიტუაციიდან, ვითარებიდან გამომდინარე. შუათანა ბავშვმა შეიძლება საკუთარ თავს დაუსახოს უზომოდ მაღალი მიზნები, რაც ფაქტობრივად ზრდის წარუმატებლობის ალბათობას. შუათანა ბავშვის მდგომარეობას ოჯახში ართულებს ის ფაქტი, რომ ოჯახის მთელი ყურადღება მიპყრობილია უფროსისკენ – ის ხომ პირველი ხდება მოსწავლე, ან უმცროსისკენ, რადგან ის ყველაზე უმწეოა. შუათანა ბავშვი, თუ ის ერთადერთი გოგონა ან ერთადერთი ბიჭი არ არის ტრიადაში, შეიძლება განიცდიდეს მოჩვენებითი „არასრულფასოვნების“ გრძნობას, ფიქრობდეს, რომ „ის არავინაა“ და შეეცადოს მიიპყროს ყურადღება „ცუდი“ ქცევით, აკვიატებული ჩვევებით. პირველი შვილისგან განსხვავებით, რომელიც შინაგან განცდებშია ჩაფლული, შუათანა ბავშვი უფრო ხშირად ორიენტირებულია სოციუმზე და გახსნილია სამყაროს მიმართ. მათ შესანიშნავად შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმება სხვებთან, რამდენადაც ხშირად შუამავლის როლს თამაშობენ და-ძმას შორის.

ხასიათის რა თვისებები შეიძლება ჩამოუყალიბდეს ყველაზე პატარა ბავშვს სამ ან მეტშვილიან ოჯახში – მისი ინდივიდუალურობის გაგების გასაღები ის არის, რომ ის ხვდება ჩამოყალიბებულ, დადგენილ სისტემაში. ოჯახში შემოდის იმ დროს, როცა მშობლებს უკვე აქვთ დიდი გამოცდილება ბავშვების აღზრდის საქმეში და არ შფოთავენ, არ ნერვიულობენ უმნიშვნელო პრობლემების გამო. შედეგად მესამე ბავშვი ხშირად უფრო მშვიდი, მხიარული და ხალისიანი იზრდება. ოჯახში ორ ბავშვს შორისაც კი უმცროსი ბავშვი ჩვეულებრივ უფრო მოღიმარი და ემოციურად სტაბილურია. უმცროსი ბავშვის მდგომარეობა უნიკალურია იმით, რომ ის არასოდეს განიცდის „ძალაუფლების“ დაკარგვის შოკს და როგორც ოჯახის „რჩეული“, ფავორიტი ხშირად გარემოცულია არა მხოლოდ მშობლების, არამედ უფროსი და-ძმის ზრუნვითა და ყურადღებით. ჩვეულებრივ უმცროსებს ოჯახში ნაკლები მოვალეობები აქვთ და მათი მიღწევების მიმართ მშობლები ნაკლებად მომთხოვნი არიან. ამიტომ, შეიძლება მათთან დაფიქსირდეს შინაგანი დისციპლინის არარსებობა და იმის განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ უმცროს ბავშვს, გაუმკლავდეს სირთულეებს და ზრდასრულობაშიც „პატარად“ არ დარჩეს, ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ თვითმომსახურების უნარ-ჩვევები და თვალ-ყური ვადევნოთ, რომ ოჯახის სხვა წევრები არ შეეცადონ მის ნაცვლად ყველაფრის გაკეთებას.

როგორ ყალიბდება დედისერთა ბავშვის პიროვნება – დედისერთა ბავშვის პოზიცია უნიკალურია, რადგან მას არ უწევს და-ძმებთან კონკურენცია. პირველი შვილის მსგავსად, დედისერთა ბავშვები ოჯახში იღებენ დიდ ყურადღებას მშობლების მხრიდან, მაგრამ მათგან განსხვავებით, ეს ყურადღება შემდგომში მომდევნო ბავშვებზე არ გადადის. თუმცა, დედის მზრუნველობის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის გამო, ასეთი ბავშვები სხვებისგანაც ასეთსავე მზრუნველობასა და დაცვას მოელიან. შესაბამისად, ისინი შეიძლება ეგოცენტრულები და ასევე სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ. დედისერთა ბავშვი ხშირად მოკლებულია განვითარებისათვის აუცილებელ თავისუფლებას – უმცირესი სირთულის შემთხვევაში, დახმარების შეთავაზებით, უფროსები მაშინვე მის გვერდით ჩნდებიან.

დედისერთა ბავშვის აღზრდისას:

  • მნიშვნელოვანია მოვუხსნათ მას მომატებული მოლოდინების, მოთხოვნების ტვირთი და უარი ვთქვათ პერფექციონისტულ ტენდენციებზე;
  • მასთან ურთიერთობისა და საუბრის დროს დავივიწყოთ ფრაზა – „შენ ვერ გაამართლე ჩემი მოლოდინები, მე უფრო მეტს მოველოდი შენგან“!;
  • ვიზრუნოთ, რომ მის მეგობრებს შორის იყვნენ არა მხოლოდ მისი თანატოლები, არამედ მასზე უმცროსი ბავშვებიც, რომლებთანაც ის თავს დიდად, ჭკვიანად, ძლიერად და მზრუნველად იგრძნობს.

როგორც ვხედავთ, თითოეული ბავშვი იბადება გარკვეულ პირობებში, რაც გავლენას ახდენს მის ემოციებზე, ქცევაზე და ხასიათის თვისებებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვებს, რომელთა შორის განსხვავება ხუთ წელზე მეტია, ძირითადად აქვთ, როგორც ერთადერთი, დედისერთა ბავშვის თვისებები, ასევე მათი დაბადების რიგის თანდაყოლილი თვისებებიც. მაგრამ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენი შვილი ჰყავს, ნებისმიერი მშობელი უნდა ცდილობდეს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას, მისთვის სათანადო ყურადღების დათმობას და იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“