სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ყირიმელი თათრები თანამედროვე უკრაინაში

უკრაინა ეთნიკური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი და უნიკალური სახელმწიფოა. ქვეყანაში, გარდა სლავური წარმოშობის ხალხებისა, სრულიად გამორჩეული, მცირერიცხოვანი ერებიც ცხოვრობენ. მათი აღმოჩენა მსოფლიოს სხვა კუთხეებში ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად, უკრაინაში ავტოქტონურ მოსახლეობად მიიჩნევენ ყარაიტებს. ყარაიტები თიურქულენოვან[1] ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთა რელიგია თანახის სპეციფიკურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. უკრაინული კანონმდებლობა აღიარებს კიდევ ერთი თიურქულენოვანი ებრაული ეთნიკური ჯგუფის – კრიმჩაკების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას. კრიმჩაკები, ყარაიტებისგან განსხვავებით, თალმუდური იუდაიზმის მიმდევრები არიან. უკრაინის ეთნიკური ლანდშაფტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და უმნიშვნელოვანეს ელემენტად ყირიმელ თათრებს მიიჩნევენ. ისინი დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

 

ვინ არიან ყირიმელი თათრები?

ყირიმელი თათრების წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მეცნიერები მათ რამდენიმე მსხვილი ეთნიკური ჯგუფის ურთიერთზეგავლენისა და შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ერად მიიჩნევენ. ყირიმელი თათრების წინაპრებად მონღოლებს, ხაზარებს, პაჭანიკებს, ცენტრალური აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულ თიურქულ ტომებს, ჰუნებსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა დროს მცხოვრებ დანარჩენ ხალხებსაც (ბერძნები, გენუელები) ასახელებენ.

აღნიშნული ეთნიკური ჯგუფის ფორმირებას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ყირიმის სახანოს ჩამოყალიბებამ. სახანო მეთხუთმეტე საუკუნეში, ოქროს ურდოს რღვევის შედეგად დაფუძნდა, მის წარმოქმნას მხარს უჭერდა ლიეტუვის დიდი სამთავრო. ლიეტუველები აღმოსავლეთის ხალხებთან ბუფერული ზონის შექმნას ესწრაფოდნენ.

მეთექვსმეტე საუკუნის უკანასკნელი წლებში ყირიმის სახანო ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ოსმალეთის სულთნის გავლენა ნახევარკუნძულზე ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა. ყირიმის სახანოს ზოგიერთი მეთაური სხვადასხვა ეპოქაში სტამბოლისგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა და რეგიონში დამოუკიდებელი, საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა. მაშასადამე, ზოგიერთ ეპოქაში ყირიმის სახანო ოსმალეთისგან სრული ავტონომიის შენარჩუნებასაც ახერხებდა, თანამშრომლობდა ევროპულ სამეფოებთან, პრობლემებს უქმნიდა რუსეთის სახელმწიფოს, ავრცელებდა თავის გავლენას მომიჯნავე ტერიტორიებზე.

რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე მხოლოდ ორი რუსულ-თურქული ომის შემდეგ, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს მკვიდრდება. ქართველთა მსგავსად, ყირიმელი თათრებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა 1783 წელი, როდესაც ნახევარკუნძული ეკატერინე მეორემ თავისი სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა.

მრავალსაუკუნოვანი ავტონომიური ცხოვრების განმავლობაში ყირიმელმა თათრებმა შეძლეს თავიანთი საკუთარი ენის განმტკიცება, უნიკალური კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბება, სუნიტური ისლამის გავრცელება თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად უკრაინაში 300 000-მდე ყირიმელი თათარი ცხოვრობს.

რამადანის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში მყოფ მუსლიმ ჯარისკაცებთან შეხვედრა გადაწყვიტა. მან მონაწილეობა მიიღო იფთარში. იფთარი მუსლიმების ვახშამია, რომლითაც მუჰამედის მიმდევრები რამადანის ყოველდღიურ მარხვას ასრულებენ. მუსლიმები იფთარზე ხშირად მასპინძლობენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც, რათა ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყონ ხელი. ამავე გზით მუსლიმები ხშირად ცდილობენ, უბრალოდ გვერდით დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც საჭმელი არ აქვთ. ვახშამზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მუსლიმი უკრაინელების თავდადებული ბრძოლის მნიშვნელობას და აღნიშნა: „დღეს ჩვენ ახალ ტრადიციას ვუდებთ სათავეს, ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება ოფიციალური იფთარი, რომელსაც პრეზიდენტი უმასპინძლებს. ამით ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ უკრაინა პატივს სცემს და ამაყობს თითოეული მოქალაქით, თითოეული ეთნიკური ჯგუფით… ჩვენ გვწამს იმის, ვინც სიცოცხლე და თავისუფლება მოგვცა, და გვჯერა, მოვა დრო და იგი გამარჯვებასაც გვიწყალობებს“.

ცხადია, იფთარს უამრავი ყირიმელი თათარი ესწრებოდა. ყირიმელი თათრების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ნახევარკუნძულის ანექსიის დღიდანვე სამართლიანობის მხარეს ყოფნა ამჯობინა. ბევრი თავიდანვე ჩაეწერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში.

თანამედროვე უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში რამდენიმე ყირიმელი თათარი მიიჩნევა ანგარიშგასაწევ ფიგურად.

იფთარის მაგიდასთან საპატიო ადგილი ეკავა ლეგენდარულ მუსტაფა ჯემილევს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეიძლება ახსოვთ მისი სახელი. იგი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსლიმური წარმოშობის დისიდენტი გახლდათ. ჯემილევი კრემლმა შვიდჯერ დააპატიმრა, საერთო ჯამში მას 15 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული მკაცრი რეჟიმის კოლონიებში. ყირიმელი დისიდენტის ერთ-ერთი სასამართლო პროცესი თავის მოგონებებში აღწერილი აქვს ანდრეი სახაროვს. მაშინ მთელი მსოფლიო შეაშფოთა საბჭოთა პენიტენციალური სამსახურის საქციელმა, ციხის ბადრაგებმა ჯემილევს შიმშილობის გამოცხადების უფლება არ მისცეს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა კაცს იძლებით კვებავდნენ ზონდის საშუალებით.

ჯემილევმა მშობლიურ მხარეში დაბრუნება 90-იანი წლების დასაწყისში მოახერხა. მის სახელს უკავშირდება ყირიმელ თათართა ყრილობის – ყურულთაის მოწვევა და ყრილობაზე ყირიმელ თათართა მეჯლისის არჩევა. 1991-2013 წლებში ჯემილევი მეჯლისის თავმჯდომარე გახლდათ. დისიდენტობის პერიოდში, ყირიმის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ყოფნის დროს, ის ხშირად ლაპარაკობდა მისი ხალხისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნის მნიშვნელობაზე, მაგრამ 90-იან წლებში უკრაინელ სახელმწიფო მოღვაწედ და უკრაინის შემადგენლობაში ყირიმელ თათართა ნაციონალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდამჭერად იქცა. მეჯლისმა არაფრისდიდებით არ აღიარა ყირიმის ანექსიის შედეგები, ჯემილევი 2014 წლიდან დღემდე თავისი ხალხის სახელით გმობს ნახევარკუნძულის დაპყრობას. საბჭოთა რუსეთის შემდეგ, უკვე ახალმა რუსეთმა მტრად და ექსტრემისტად გამოაცხადა ყირიმელ თათართა სინდისად წოდებული 80 წლის კაცი.

ისლამურ საზოგადოებასთან ზელენსკის შეხვედრას ორი გავლენიანი ქალი ესწრებოდა.

ემინე ჯაფაროვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სახელი ყირიმის ანექსიის დროს გაითქვა. ახალგაზრდა ყირიმელი თათარი 2010-იანი წლების განმავლობაში ნახევარკუნძულის დაპყრობის საკითხის გაშუქებაზე მუშაობდა. საერთაშორისო მედიასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის დროს იგი რამდენიმე ენაზე დაწვრილებით აღწერდა მშობლიური მხარის დაპყრობის ისტორიას და მსოფლიოს თავისი ერის ანტიიმპერიულ პოზიციებს უზიარებდა.

ყირიმელ თათრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებთ ჩვენს თანამემამულეებთან, მაჰმადიან მესხებთან. მესხების მსგავსად, ისინიც სტალინური დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ. ათობით ათასი ყირიმელი ძალის გამოყენებით გადაასახლეს ცენტრალურ აზიაში. მათ უკან დაბრუნება მხოლოდ 1990 წლის ივლისიდან შეძლეს. მრავალწლიანი გადასახლების მიუხედავად, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში მცხოვრებ ყირიმელ თათრებს იდენტობა არ დაუკარგავთ და მუდამ იბრძოდნენ უკან დაბრუნების უფლების მოსაპოვებლად.

2022 წლიდან ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობს სამარყანდში დაბადებული და 90-იან წლებში რეპატრირებული პოლიტიკოსი – თამილა თამაშევა. იგი ყირიმთან მიმართებით უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რუსული საოკუპაციო ძალების შემოჭრამდე პრეზიდენტის უმაღლესი წარმომადგენლობის ოფისი ქალაქ ხერსონში მუშაობდა.

უკრაინის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მხოლოდ სლავური წარმოშობის ხალხები არ იბრძვიან. რუსულ იმპერიალიზმს მონდომებით უწევენ წინააღმდეგობას საბჭოთა რეპრესიებს გადარჩენილი ყირიმელი თათრებიც, მუსლიმები, რომელთა შესახებ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის.

 

[1] და არა თურქულენოვანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“